სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

აპრილი

    მიხეილ დარახველიძე: „გასულ კვირაში თვით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, ჯერჯერობით ნატოს გაფართოება არ იგეგმება და თვენს თავს მიხედეთ, რუსეთთან საერთო ენა გამონახეთო... სახელისუფლებო ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის კი არ უთქვამს, რაც თქვა, არამედ თქვა ის, რაც არ უთქვამს, ანუ საქართველო სულ მალე მიიღებს სამოქმედო გეგმას (მაპს) და ნანატრი ევროპის კარსაც შეაღებს. პარლამენტარ თინა ხიდაშელის ინტერპრეტაციითაც, პრეზიდენტ ობამას ნათქვამი არ ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა, ჩვენ კი ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე უნდა ვიაროთ და ოკუპანტ რუსეთს ჩავეხუტოთ. ერთი შეხედვით, ამ კონტექსტში ბურჯანაძის მოხსენიება ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მისეულ ვერსიას, ანუ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებათა დაწყების აუცილებლობას თუ გავიხსენებთ, ყველაფერი ნათელი გახდება. მერე რა, რომ ბურჯანაძე და ბევრი სხვაც ჩახუტებაზე კი არა, დიალოგის დაწყებაზე ლაპარაკობენ − დიდი პოლიტიკა ხომ ძალიან ხშირად წვრილმან ვნებებს და შიდა დაპირისპირებებს ეწირება. ნაცმოძრაობის იდეოლოგთა ერთსულოვანი აზრით, ობამას პირით ლაპარაკობს მთელი დასავლური სამყარო, რომელმაც კარგად დაინახა, როგორ გადაუხვია საქართველომ აღთქმული მიზნისკენ მიმავალ გზას. მეტიც, ეს არის დასავლეთის პასუხი სააკაშვილისთვის უმძიმესი ბრალდებების წაყენებასა და პროკურატურაში დასაკითხად დაბარებაზე... გასულ კვირაში თბილისის კინოს სახლში შეკრებილ ევრაზიული არჩევანის მომხრე პუბლიკას ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების წარმომადგენლები ისე დაუპირისპირდნენ, არგუმენტებით არც დაინტერესებულან. რამდენიმე დღეში იგივე სცენარი გათამაშდა მთავარ პროკურატურასთან, სადაც ერთმანეთს ექსპრეზიდენტის დაკითხვის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები დაეტაკნენ. ორივე შემთხვევაში აუცილებელი გახდა პოლიციის ჩარევა“ („საქ. რესპ.“ 1 აპრილი, 2014).TK

    რაულ ჩილაჩავა(პროფესორი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი): „სავარაუდოდ, კრემლი აღარ გააგრძელებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე იარაღის ჟღარუნს და შეეცდება, „სამშვიდობო წინადადებების“ ფასად ყირიმი უმტკივნეულოდ შემოიმტკიცოს. გარდა ამისა, შეთავაზებათა მორიგ პაკეტში უკრაინის ხელისუფლებისთვის მას უსათუოდ ექნება რამდენიმე ისეთი, შედარებით რბილი ულტიმატუმი, რომლებზეც გარემოებათა გამო თანხმობას მიიღებს. ვფიქრობ, პუტინისთვის ეს სრულიად საკმარისია. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან ერთხელ კიდევ მოუსინჯა კბილი მსოფლიოს და დარწმუნდა, რომ მასთან თავხედობა სავსებით შესაძლებელია... სწორედ თვითშენახვის ინსტიქტი, რომელიც ყველა მტაცებელს ახასიათებს, არც პუტინისთვისაა უცხო, მიმაჩნია იმ მუხრუჭად, რომელსაც შეუძლია რუსული დივიზიები უკრაინის მისადგომებთან შეაჩეროს. ეს არ იქნება დამარცხებულის უკანდახევა, რადგან კრემლის მბრძანებელმა ერთდროულად რამდენიმე მიზანს უკვე მიაღწია: უმსხვერპლოდ დაიბრუნა, როგორც რუსეთის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, ისტორიულად კუთვნილი ყირიმი; აჩვენა მსოფლიოს ლიდერებს, რომ მათი არ ეშინია და ძალუძს, დამოუკიდებლად გადაჭრას საკუთარი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები; უკრაინა, ისევე როგორც ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მისი ერთპიროვნული გავლენის სფეროა და იქ სხვების დომინირებას არ დაუშვებს; ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით გამოიწვევს ნახევარი უკრაინის ანექსიას მაინც, რასაც ევროპაში არნახული დესტაბილიზაცია და სრულიად არაპროგნოზირებადი მოვლენები მოჰყვება; დაამსხვრია მითი საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ვალდებულებათა გარანტიების შესახებ და ცინიკურად მიგვანიშნა, რომ ისინი არის ფარატინა ქაღალდები, რომლებსაც ომის რეალური საფრთხის წინაშე არანაირი დამცველი მექანიზმები არა აქვთ; სანამ თვითონ რუსეთის პრეზიდენტია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ნატოს წევრები ვერ გავხდებით. შეგვიძლია ევროკავშირისკენ ვისწრაფოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ალიანსში წევრობის იმედს დავემშვიდობოთ! თუ ეს ვარაუდები სწორია, მთელ მსოფლიოს მოუწევს საერთაშორისო ურთიერთობათა საფუძვლების ტოტალურად გადახედვა, ხოლო ჩვენ, როგორც მეორე თუ მესამე ლიგის მოთამაშეებს, მათი შედეგების არა მარტო მიღება, არამედ სავსებით გაზიარებაც, რადგან სამწუხაროდ, ამ ცისქვეშეთში დამოუკიდებლად არაფერს ვწყვეტთ“ („საქ. რესპ.“ 1 აპრილი, 2014).TK

    თამარ ბეგიაშვილი(არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“): „სააკაშვილი მსოფლიო დონის ლიდერია, იგი ამჟამად ჩართულია გლობალურ პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პუტინის პოლიტიკის განხორციელებას. ივნისში იგეგმება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ეს ფაქტი პირდაპირ ხელს შეუშლის ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანიაა. ამიტომ მას, როგორც რეფორმატორ პრეზიდენტს, სოლიდარობას ვუცხადებთ“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    გია გაბრიჭიძე: „გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები თბილისში „მაიდანს“ ამზადებენ და რომ ეს სერიოზული მზადებაა. ამზადებენ სამი კატეგორიის ძალას: პირველი, ესაა სტუდენტები, რომელთანაც მუშაობს „თავისუფალი ზონა“ და მისი ფილიალები, ტარდება ტრენინგები, მიდის ამ სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. მეორე, ესაა ფენა სტუდენტებისა და სპორტსმენებისა, რომლებიც ულტრანაციონალური და რადიკალური ლოზუნგებით გამოვლენ, და, მესამე, ეს არის მაღალი დონის სპორტსმენები, რომლებსაც ამზადებენ კონკრეტულ სპორტულ დარბაზებში. ეს საკმაოდ კარგად დაფინანსებული მზადებაა... „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი-2“-ისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მობილიზების გარდა, არაერთი საინფორმაციო საიტი გახსნა, რომლებიც სწორედ იმ მიმართულებით მუშაობენ, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა აგორდეს. „რუსთავი-2“ ძირითადად საშუალო და უფროსი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ხოლო საინფორმაციო საიტებს ძირითადად ახალგაზრდები ეცნობიან. სწორედ ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის სამიზნე... მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტივობა უცხოურ ტელევიზიებში, მისი რევანშისტული განცხადებები სხვადასხვა ბეჭდურ მედიაში საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, საკმარისი არ არის. მაგალითისთვის მოვიყვან მის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას, რომელშიც ხოსე მანუელ ბაროზო, ფაქტობრივად საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პოტენციურ ქმედებაში ამხილა. „ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, როგორც კი შენი მთავრობა შენ დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი გაჩერდესო. ამიტომ, უნდა გესმოდეს, რა არის შენი როლი, თუ მზად ხარ, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით შეაჩერო სვლა ევროპისკენ, შენ შეგიძლია დარჩე საქართველოში და მაშინ აღმოჩნდები ციხეში და ჩვენც დავიბანთ ხელებს და საქართველოს პრაქტიკულად გადავაბარებთ პუტინს. ასე გამოუვიდა, ამ სიტყვებით არ უთქვამს. თუ არადა დროებით იქნებ გამოერიდო, რათა არ აცდუნო, რათა ეს გეგმა განახორციელონო“. უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს ეს განცხადება? რას ნიშნავს ფრაზა: ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი გაჩერდეს. არის თუ არა ეს მუქარა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ? რას აკეთებს ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რატომ არ უგზავნის ოფიციალურ შეკითხვას ევროკავშირის პრეზიდენტს? და საერთოდ გვჭირდება, თუ არა ისეთ კავშირში გაწევრება, რომლის ხელმძღვანელიც თუნდაც ყოფილ პრეზიდენტს კანონის დარღვევისკენ, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევისკენ მოუწოდებს? გვინდა თუ არა ისეთ კავშირში გაწევრება, რომლის პრეზიდენტიც პიდაპირ ემუქრება ე.წ. „პარტნიორ სახელმწიფოს?“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    დავით მხეიძე: „აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, უკრაინა და საქართველო არ მიდიან ნატოსკენ და საერთოდაც, ნატოს შემდგომი გაფართოვება არ იგეგმებაო!...სულ ტყუილები ყოფილა ჯერ „მაპი“ და შემდეგ მაპზე უკეთესი „ნატოს ასპირანტობა“, უელსის ნატოს სამიტის იმედიც, სადაც თუ სამეცნიერო ტერმინებს მივყვებით, ასპირანტობას ალბათ „ნატოს დოქტორობა“ უნდა მოჰყოლოდა და ახლა დოქტორობით გააგრძელებდნენ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაბოლებას. ერთადერთი ადეკვატური კომენტარი პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა − დროა, ილუზიებში ცხოვრებას თავი ვანებოთ და ხალხს სიმართლე ვუთხრათო... გიგა ბოკერიამ პირდაპირ დაარტყა − ჩემთვის, ობამას განცხადებაზე მეტად შემაშფოთებელი ღარიბაშვილის კომენტარი იყო, რადგან აშკარად ეტყობოდა სიხარული მომხდარის გამოო... ყველაზე შორს მაინც პარლამენტის პირველი ლედი, თინიკო ხიდაშელი წავიდა − მეო, ვუსამძიმრებ იმათ, ვისაც ობამას განცხადების შემდეგ გაუხარდა, არიქა, საქართველოში ნატო და დასავლეთი დამთავრდა, დასავლეთი ახლა იწყება და ივნისში საქართველო ოფიციალურად გახდება ევროპაო... ღარიბაშვილის მოულოდნელი განცხადება − ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალის და კაცის ერთობის აღიარება და ამ დეფინიციის კონსტიტუციაში ასახვის წინადადება, ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვას ნიშნავს საქართველოში და, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იგულისხმება ლგბტ-პედერასტობის პროპაგანდის, გეიპარადების აკრძალვაც. სწორედ ამ სიბინძურის პერმანენტულმა მოლოდინმა ბოლო 2-3 წელიწადია, ყველა ნორმალურ ქართველსაც და არაქართველსაც ლამის შეგვაძულა მშვენიერი თბილისური მაისიც და ცისარტყელას ფერებიც... პრემიერის ექსპრომტმა არანაკლები შოკი გამოიწვია ქართველი ლიბერასტების ბანაკში, ვიდრე ობამას „აღიარებამ“, რისი დასტურიც ასო-იდენტობის მიერ მეორე დღესვე გამართული საპროტესტო აქცია იყო კანცელარიასთან. სადაც, საბედნიეროდ კონტრ, ანუ, ერთსქესიანი ქორწინებების საწინააღმდეგო აქციაც გაიმართა! საკვირველი სხვა რამ გახლავთ − რატომ არსად ჩანდა იქ და ზოგადად არსად ჩანს ჯერჯერობით ჩვენი სამღვდელოება? რას ელოდებიან, 17 მაისს? რა, სხვა დღეებში არ უნდა გამოხატონ პროტესტი იდენტობის გველის წიწილების მიმართ და მხოლოდ 17 მაისს უნდა ირბინონ „ტაბურეტებით“? იქნებ მათი დუმილი საპატრიარქოში შტეფან ფულეს ამასწინანდელი თავხედური ვიზიტის ბრალიც არის? რაც, ჩემის აზრით, მისი უწმინდესობის შეურაცხყოფაც იყო, რისგანაც ასევე ვერ დაიცვა ჩვენი პატრიარქი სამღვდელოებამ... ერთი რამ ცხადია − ირაკლი ღარიბაშვილს მთელი საზოგადოების, ერის და ბერის გვერდში დგომა სჭირდება, რათა პრემიერის ინიციატივა არ დარჩეს მხოლოდ კეთილ, მაგრამ განუხორციელებულ სურვილად („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    თენგიზ ჩხიკვაძე(ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცე“): „ალ მოსტაფას სახელობის სასწავლებლის მთავარი დანიშნულებაა საქართველოს ახალგაზრდებს საშუალება მისცეს მიიღონ ისლამის სათანადო სწავლა-განათლება, რათა შემდგომში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცეთ სწავლა უფასოდ გააგრძელონ ირანში, ხსენებულ უნივერსიტეტში, სადაც სწავლის პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო საერთო საცხოვრებლითა და კვებით... ისინი მიზნად ისახავენ კონტიგენტის გაფართოებას და ფილიალების შექმნასაც, ასე ვთქვათ, „უწყინარი თეოლოგების“ მომზადებას. სასწავლების პედაგოგები არც მალავენ და ომახიანადაც აცხადებენ, რომ ირანში ხსენებულ უნივერსიტეტში უმაღლეს რელიგიურ-თეოლოგიური ცოდნით შეიარაღებული პირები განკუთვნილი არიან იმისთვის, რომ სამშობლოში (საქართველოში) დაკავდნენ არა მარტო რელიგიური (ისლამური) პედაგოგიური საქმიანობით, არამედ ქვემო ქართლში სახელისუფლო სტრუქტურებში მაღალი რანგის თანამდებობებზე... უნივერსიტეტის მესვეურები არც იმას გამორიცხავენ, რომ ქვემო ქართლში თავიანთი უფლებების გაფართოების მიზნით შეიქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანიც ქვემო ქართლისთვის ავტონომიის მინიჭება იქნება... არსებულ წარმომადგენლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან არ აქვს მიღებული ავტორიზაცია და არც აკრდიტაცია. არ არის დარეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში და, შესაბამისად, არ ირიცხება, როგორც გადამხდელი პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. აქედან გამომდინარე ზემოხსენებული სასწავლებელი წლებია არაკანონიერად ფუნქციონირებს... ხსენებულ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს ირანის მოქალაქე, ვინმე დაუდ გაშამი. მისი წინამორბედი გახლდათ ასევე ირანის მოქალაქე მუხამედ რეზა ქალან თარიბაი... საჭიროდ ჩავთვალეთ შევხვედროდით „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ იმ დროს მოქმედ და ამჟამად „გადაყენებულ“ შეიხს ვაგიფ აკფეროვს. მან აღნიშნა, რომ ამგვარი ინსტიტუტის არსებობის შესახებ არაფერი სმენია... ამას გარდა, მან დასძინა, რომ აზერბაიჯანში ალ მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობა კანონით აკრძალულია. თუ რა მიზეზით, ეს არ დაუკონკრეტებია. წარმომადგენლობის პედაგოგებმა საუბრისას განგვიცხადეს, რომ წარმომადგენლობასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვთ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხსენებული უნივერსიტეტებიდან მივიღეთ წერილობითი პასუხები, რომლებშიც არ დასტურდება ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებისა და თანამშრომლობის არსებობა. ჩვენ დავადგინეთ (რაზედაც გაგვაჩნია წერილობითი დამადასტურებელი დოკუმენტი − მემორანდუმის ასლი), რომ ირანის ისლამური სახელმწიფოს ალ მოსტაფას სახელობის უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენლობას 2011 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული აქვს ფართო ხასიათის მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის გათვალისწინებით ირანში 2012 წლის ოქტომბერში ირანის მხარის დაფინანსებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, გამოიცა ორტომიანი კრებული. როგორც მემორანდუმზე საქართველოს სახელით ხელმომწერმა პირმა − საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ განგვიცხადა, კონფერენციას ირანში ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები... მემორანდუმის ყოველ ფურცელზე აღბეჭდილია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბეჭედი, იმავე მემორანდუმის არც ერთ ფურცელზე არ არის დასმული საქართველოში ირანის ისლამური სახელმწიფოს ალ მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის და არც წარმომადგენლობის ბეჭედი. აღსანიშნავია, რომ ამ მემორანდუმზე ხელის მომწერ ქართულ მხარეს, რომელსაც აქვს თავისი იურიდიული სამსახური, რომლის ვიზის გარეშეც ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა არ უნდა მომხდარიყო, „გამოეპარა“ ის, რომ მემორანდუმი გაფორმდა ერთ იურიდიულ პირთან და მასზე ხელს აწერს მეორე იურიდიული პირის ხელმძღვანელი“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    თეა მოსია: „საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „ფიფლმეტრების“, ანუ ტელეარხების რეიტინგების მზომი საშუალების შესახებ. ოჯახებში ნებაყოფლობით დამონტაჟებული მოწყობილობა ტელევიზორის ყურების პროცესში ამოიცნობს სატელევიზიო სიხშირეებს და ამ მონაცემებს სერვერს გადასცემს. ანუ ამის მიხედვით დგინდება რა დროს, რომელი არხია ყველაზე მეტად „ყურებადი“. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში რეიტინგების სათავეში „რუსთავი-2“ იმყოფებოდა. შესაბამისად, ყველაზე ძვირად ფასობს ამ არხზე რეკლამის განთავსება. სახელმწიფომ შემთხვევითი შერჩევის გზით, ფინანსური აუდიტის ჩატარება მოითხოვა „თი-ვი-ემ-არ-ჯორჯიაში“, ანუ იმ კომპანიაში, რომელიც ამ „ფიფლმეტრების“ დამონტაჟების პროცესს კურირებს. ინვენტარიზაციის კვალდაკვალ აუდიტორებმა იმ ოჯახების პერსონალური მონაცემები მოითხოვეს, სადაც ეს მოწყობილობებია დაყენებული, რაზეც მკაცრი უარი მიიღეს. კომპანია ამის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს და სასამართლოშიც უჩივლეს... როგორც „რუსთავი-2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს: „სახელმწიფოს სურს, გამოიყენოს სიები იმისთვის, რომ შემდეგში თავად მართოს რეიტინგები და სათავეში მოაქციოს სახელისუფლებო არხები“. მეტიც, როგორც ამბობს, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერიოზული კარტელური შეთანხმება ხდება ქართულ ტელესივრცეში, სადაც „რუსთავი-2“-ის გარდა ყველა ტელემედიამაუწყებლობა მონაწილეობს... ამ თეზისს იზიარებს „ვი-თი-ემ-არ-ჯორჯიაც“, თუმცა, ამის პარალელურად ავრცელებს განცხადებას, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული: „კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება როგორც კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ასევე მის დამკვეთებთან (სატელევიზიო და სარეკლამო კომპანიებთან), არ გაახმაუროს კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ მესამე პირზე, ხოლო მსგავსი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეცვალოს კვლევაში მონაწილე ოჯახები“. მართალია კომპანია ამბობს, რომ ამას სჭირდება გარკვეული დრო და ამასთანავე ფულადი რესურსი, თუმცა იმით აპელირება, რომ ამ სიებს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს, იმთავითვე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მათი მისამართი გასაჯაროების შემდეგ მაინც უნდა შეიცვალოს...შემოსავლების სამსახურსა და „ვი-თი-ემ-არ-ჯორჯიას“ შორის დავა სასამართლოში გრძელდება“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა... საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო დონეზე აღიარების მიზნით სააგენტოში დაინერგა ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. 2014 წლის მარტის თვეში ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობები (CMC) ტემპერატურის სფეროში, რაც უზრუნველყოფს აღნიშნულ სფეროში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ გაცემული დაკალიბრების და გაზომვების სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარებას („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    ბექა დანელია: „ბელორუსული ინტერნეტ-გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა. მიზეზები არ სახელდება, პრობლემის გადაჭრის გზებიც ჯერჯერობით ბუნდოვანია. ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება. „ბოლო წლებში თაროებზე უხვად შეხვდებოდით რამდენიმე ათეული კომპანიის მიერ წარმოებულ „ქინძმარაულს“, „ახაშენსა“ და „ხვანჭკარას“, რომლებიც ბელორუსებმა ძლიერ შეიყვარეს. ნატურალური ქართული ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ იაფ ღვინოებზე გაცილებით ძვირი ღირდა. გასული წლის ბოლოდან მაღაზიები საქართველოდან პროდუქციას უკვე ვეღარ იღებენ“, − წერს ბელორუსული გამოცემა“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    გია გაბრიჭიძე: „ძალიან საინტერესოა, იციან თუ არა პატარა მიშებმა ეს სტატისტიკა, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილი დემოკრატიის მაჩვენებელია: 2013 წ. ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა; 2013 წ. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ე.წ. ბეტანკურის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს; 2013 წ. ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა საპატიმრო სასჯელისა, ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა; 1999 წ. პრეზიდენტობისას დაკითხვაზე დაიბარეს საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. საქმე ეხებოდა მისი პარიზის მერობისას ქრთამის აღებას; 2013 წ. კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კლოდ გეანი... 2013 წ. სალონიკის ყოფილ მერს ვასილის პაპაგეორგოპულოსს, ორ თანაშემწესთან ერთად, 18 მლნ-ს გაფლანგვისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს; 2013 წ. კორუფციის ბრალდებით 8-წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 520 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა საბერძნეთის თავდაცვის ექსმინისტრს აკის ცოხაძოპულუსს; 2013 წ. კორუფციული სკანდალი მოხდა ისრაელში: დააპატიმრეს იეჰუდის მერი იოსი ბენ დავიდი. მასთან ერთად დააპატიმრეს მუნიციპალიტეტის ხუთი თანამშრომელი; 2012 წ. კორუფციული სკანდალის გამო დააკავეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას მერი ზორან ჯანკოვიჩი; 2004 წელს თეთრ სახლში დაკითხეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი, საქმე ეხებოდა სახელმწიფო დანაშაულს − ერთ-ერთი საიდუმლო სამსახურის აგენტის შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას; 2010 წელს კალიფორნიაში კორუფციისა და ხაზინის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, ასევე ამომრჩეველთა მოტყუებისთვის, კორუფციის ბრალდებით ქალაქის მერი და 7 მაღალჩინოსანი დააკავეს; დეტროიტის მერს დემოკრატიული პარტიიდან კილპატრიკს, კორუფციისა და სხვა სახის დანაშაულებისთვის 28 წელი მიუსაჯეს; კორუფციის ბრალდებითაა გასამართლებელი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის 48 მერი; მრავალჯერ დაიკითხა კლინტონი მონიკა ლევინსკის გამო; დაიკითხა და გადადგა რიჩარდ ნიქსონი უკანონო მოსმენების გამო“ („საქ. რესპ.“ 2 აპრილი, 2014).TK

    მიხეილ დარახველიძე: „2014 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა... ამავე დღეს ფაზისის აკადემიაში შეიკრიბნენ მისი ნამდვილი წევრები და პირველი პრეზიდენტის ნიჭისა და დამსახურების პატივისმცემელი საპატიო სტუმრები (იგორ კვესელავა, რეზო მიშველაძე, ნოდარ ჭითანავა, ბაკურ გულუა, სოსო სიგუა, ვაჟა ეგრისელი...) ისინი მხურვალე ოვაციებით შეხვდენენ აკადემიის პრეზიდენტის ნუგზარ ნადარაიას განცხადებას ზვიად გამსახურდიას წმინდანად შერაცხვის შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი მიმართვის თაობაზე... თავს უფლებას მივცემ, შეგახსენოთ, რომ მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის წმინდანად შესარაცხად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რვაასი წელი დასჭირდა. ამით, დიდი დავით მეფის სახელს არაფერი დაკლებია. მაპატიეთ, მაგრამ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ისტორიიდან წმინდანად შერაცხული პრეზიდენტების სახელები არ მახსენდება. მოდი, დავინდოთ ზვიად გამსახურდია, ნუ გავხდით თანამედროვეებისა და შთამომავლობის საქილიკოდ. მომავალი თვითონ დაარქმევს სახელს მის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ისევე, როგორც დაარქვა თავისი სახელი ცხოვრებას დავით აღმაშენებლისა, დემეტრე თავდადებულისა, გიორგი ბრწყინვალისა, ქეთევან დედოფლისა, მღვდელი თევდორესი“ („საქ. რესპ.“ 8 აპრილი, 2014).TK

    მეუფე თეოდორე: „ბზის ტოტებით მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ამდენად, ხშირად ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა. უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა. უმჯობესია, სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიაში და მთელი წელი მორწმუნეს შესაძლებლობა ექნება მოუაროს და მცენარე გაახაროს“ („საქ. რესპ.“ 8 აპრილი, 2014).TK

    ხათუნა გოგალაძე (გარემოს დაცვის მინისტრი): „კოლხური ბზა ენდემური სახეობაა და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს წარმოადგენს. იგი არის დასავლეთ საქართველოს ტყეების დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება ისჯება. კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, ხოლო, თუ ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს , პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან“ („საქ. რესპ.“ 8 აპრილი, 2014).TK