სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: „ბოროტმა ძალამ იმსხვერპლა გამორჩეული შვილი ჩვენი ქვეყნისა. საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის ბრძოლას შეეწირა გიორგი ჭანტურია... იგი ყოველთვის ახლოს იდგა ეკლესიასთან და საქართველოს მორწმუნე მართლმადიდებლის თვალით აღიქვამდა... ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ მისი ნეშტი სამუდამო განსასვენებელს წმინდა გიორგის სავანეში, ქაშვეთის ეზოში პოვებს... ეკლესია სასტიკად გმობს მომხდარ ტერორისტულ აქტს... ბოროტმოქმედებმა ვერაგული საშინელი ცოდვა ჩაიდინეს, რისთვისაც ღვთისგან აუცილებლად დაისჯებიან... უფალმა დალოცოს და აცხოვნოს გიორგის უკვდავი სული და დაამკვიდროს იგი სავანესა მართალთასა, სადაც ჩვენი დიდებული წინაპარნი განისვენებენ“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადება: „1994 წლის 3 დეკემბერს მხეცურად მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი გიორგი ჭანტურია.. ჭანტურია დაუფარავად ებრძოდა და ამხელდა ხელისუფლების უმაღლეს ეშალონებში მოკალათებული რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის ძირგამომთხრელ საქმიანობას... ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოითხოვს: 1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობებიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი იგორ გიორგაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაძე... 2. გაუქმდეს კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო კომისია და დაჩქარდეს ამავე სახელწოდების კომისიის შექმნა... 3. გაუქმდეს „მხედრიონის“ ბაზაზე დაფუძნებული მოქმედი მაშველთა კორპუსი... 4. უნდობლობა გამოეცხადოს და დათხოვილ იქნას მინისტრთა კაბინეტი“. („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
რევაზ ტომარაძე: „გიორგი ჭანტურიას ეკლიან გზაზე მოუხდა სიარული ჭაბუკობიდანვე. არ აპატიეს ანტიქრისტეს წინამორბედებმა ჩრდილოეთის გველეშაპთან შებრძოლება... ხელისუფლების და მთავრობის სათავეში მოკალათებული ნეოკომუნისტების და ერთმორწმუნე დამაქცევარის აგენტურის მიერ ხალხში დათესილი ნიჰილიზმის და სასოწარკვეთილების თესლის ამოძირკვას ახმარდა მთელ თავის შეგნებულ ცხოვრებას... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა შენი სიკვდილი! გადაჯიშებულმა ქართველებმა და ჩრდილოელმა დამკვეთებმა უკვე მერამდენედ ჩააფურთხეს სულში ქართველ ერს!.. მშვიდობით, ქრისტესმიერო ძმაო გიორგი“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
მაია ფიფია, ირინა ქველიაშვილი: „ასჯ-ის პირველი საერთაშორისო კონგრესი 1947 წელს შედგა. მასში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ბელგიის ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეების მქონე ორგანიზაციები მონაწილეობდნენ... პირველი თათბირები ლათინურ ამერიკაში შედგა... ცენტრალური ევროპის კავშირი 1950 წელს ჩამოყალიბდა ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და იოგოსლავიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიების დევნილი ლიდერების მიერ... 1964 წელს ჩამოყალიბდა ქრისტიანული დემოკრატიის მსოფლიო კომიტეტი... მსოფლიო კავშირს 1982 წელს ქრისტიანულ-დემოკრატიული ინტერნაციონალი დაარქვეს... კონგრესის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს: ალექსანდრე ლომაიამ, გია ცუცხვაშვილმა, ამირან ძოწენიძემ, ზვიად დოლიძემ, პაატა თანდილაშვილმა, ლევან თარხნიშვილმა, გიორგი ჭანტურიამ, ირინა სარიშვილმა, გიორგი გოგნიაშვილმა, ვანო ხუხუნაიშვილმა, დავით ჭელიძემ... კონგრესის მონაწილეები მიიღო პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მაგრამ იგი ბევრადაა დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის, რუსეთზე... მან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე მიუთითა... ჩატარდა საკოორდინაციო ორგანოების არჩევნები... აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივნად ერთხმად არჩეულ იქნა გიორგი ჭანტურია... ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, „ ხელოვნურად გვიქმნიან როგორც პოლიტიკურ და ნაციონალურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებს, რითაც რუსეთი ცდილობს საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნას... ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგში, რა შეიცვლება... ვიცით, რომ ეროვნულ-დემოკრატები გააგრძელებენ იმ მიზნისთვის ბრძოლას, რაც გიორგი ჭანტურიას ჰქონდა დასახული... ქალბატონმა ირინა სარიშვილმა თქვა: „როგორც ჩანს, რაღაცისთვის გადავრჩი“. ეს სიტყვები იმედი უნდა იყოს საქართველოსთვის“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
რაფაელ კალდერა: „ქრისტიანული დემოკრატია − ეს სახელწოდება, დემოკრატიული და ქრისტიანული, ჩვენი მოძღვრების არსს გამოხატავს... „დემოკრატიული“ − წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ხოლო „ქრისტიანული“ − მის ფილოსოფიურ ბუნებას შეიცავს... დემოკრატია ჩვენ გვესმის ქრისტიანული ფილოსოფიის შუქში, ხოლო ქრისტიანობა მის დემოკრატიულ გამოვლინებაში. იყო ქრისტიანული დემოკრატი, არ ნიშნავს იყო უბრალოდ დემოკრატი ან ქრისტიანი“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
4 დეკემბერს გაიმართა ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა საგანგებო შეკრება... ფიქრია ჩიხრაძემ შეკრებილთ გააცნო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული: „ამ მკვლელობაში დაინტერესებულია ის ძალა, რომელსაც არ სურს საქართველო დაუკავშირდეს დასავლეთს, დაუბრუნდეს ევროპული ისტორიის, კულტურის და პოლიტიკის ორბიტას... ჭანტურია ენერგიულად იბრძოდა საქართველოს მოწყვეტისათვის რუსეთის გავლენის სფეროდან... აშკარაა რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესება აღნიშნულ ფაქტში... ხელისუფლება ცდილობს ქართველი ხალხი შეაგუოს იმ აზრს, რომ საქართველოს არ ძალუძს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა და მოსახლეობაში დანერგოს ეროვნულ−გამათავისუფლებელი მოძრაობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება... ქყვეყანაში შექმნილი ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ სათავეში არ მოვლენ ეროვნული და ამავე დროს, უცხო ქვეყნის გავლენისგან თავისუფალი ახალი ძალები... ჭანტურია შეებრძოლა დღევანდელი ხელისუფლების დამანგრეველ ძალას“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
გიორგი კობახიძე (პარლამენტარი): „გიორგი ჭანტურიაზე ხელი აღმართეს იმათ, ვისაც ხელს არ აძლევდა მისი პრინციპულობა, ქვეყანაში მოთარეშე მაფიოზური კლანების და სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის აგენტურის დაუფარვი მხილება... დღეს ქვეყანას მართავს ანტიეროვნული, კრიმინალური ხელისუფლება“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
ირაკლი ბათიაშვილი: „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერის მკვლელობა განაპირობა, სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ აგენტურასთან (რუსეთის კარნახით დანიშნული პირების) მისმა უკომპრომისო ბრძოლამ... მომხდარი ტერორისტული აქტი წარმოადგენს სიგნალს იმისა, რომ ამოქმედდა სიკვდილის მანქანა, რომელიც გააგრძელებს თავის ბინძურ საქმიანობას, სანამ სახელმწიფოს მართავს ნეოკომუნისტური, კრიმინალური ხელისუფლება“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
თენგიზ კიტოვანი: „მომხდარ დანაშაულზე (იგულისხმება გიორგი ჭანტურიას მკვლელობა) მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დღევანდელ ხელისუფლებას... ალბათ ყველანი ვხვდებით თუ ვისი ჩადენილია ეს საშინელი დანაშაული“ („ქართული ქრონიკა“, 6 დეკემბერი, 1994).GK
ავთანდილ მუხურაძე: „იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება არ იქცევა ზნეობრივ მოთხოვნათა თანახმად, ეკლესიას მართებს პროტესტის გამოთქმა და სახელმწიფო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენა, რათა მან შეცვალოს თავისი უსწორო კურსი... რას აკეთებს ამ მხრივ დღეს ჩვენი ეკლესია, როდესაც სახელმწიფოში ასე აღზევებულია უზნეობა და ეშმაკი ბობოქრობს? იგი დუმს!“ („იბერია სპექტრი“, 7 დეკემბერი, 1994).GK
ვადიმ ბელიხი (გაზეთი „იზვესტია“): „კანონიერმა ქურდებმა“ და სისხლის სამართლის „ავტორიტეტებმა“ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე სერიოზული „მუშაობა“ დაიწყეს დაახლოებით 70-იან წლებში... დღესდღეობით რუსეთის ტერიტორიაზე ძირითადად ოთხი ერთნაირი სისტემის ქართული დაჯგუფება (კლანი) მოქმედებს... ყველაზე ძლიერი დაჯგუფება „ქუთაისურია“. იგი აერთიანებს 50-მდე „ქურდს“, „ავტორიტეტს“ და 500-მდე აქტიურ „მებრძოლს“. ძირითადად კლანის მეთაურად ითვლება „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი... „ქუთაისელთა“ სხვა ლიდერები: გარცხია, მეტსახელად „ჩიჟი“, ბორნიკაშვილი − „პეცო“, ქარდავა − „ვახო“, იობიძე − „მანგო“, ხაჩიძე, გაბუნია... დაჯგუფებათა თავისუფლების აღკვეთის ადგილს ვინმე სტურუა კურირებს. მართალია ამ კლანს ემხრობიან, მაგრამ მაინც საკმაოდ დამოუკიდებლად მოქმედებენ ქურთები, „კანონიერი“ ქურდის ზაქარია კალაშოვის („შარკოს“) მეთაურობით. მნიშვნელობით მომდევნოა „თბილისური“ დაჯგუფება, რომელიც 200-მდე ადამიანს აერთიანებს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ხელმძღვანელია მეორე ჯგუფის ინვალიდი პაატა ჩლაიძე, მეტსახელად „დიდი პაატა“. „ერთობაში“ მის გარდა „თვალსაჩინო“ ფიგურაა ასლან უსოიანი − „ხასან“, კუპრაშვილი, გულორდავა − „გულა“. ნაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთიდან ჩამოსულნი. ისინი შეადგენენ 200 კაციან „მეგრულ“ დაჯგუფებას (ლიდერები: კოხია − „ფხაკო“, ბუმია და კახაჩია) და სოხუმის 300 კაციანი დაჯგუფება (ლიდერები: ტაბაღუა − „მუხა“, კვარაცხელია − „კიმო“, აბაკელია − „სოხუმელი ბორია“, იური ლაკობა „ხაჯარატი“)... დღესდღეობით ყველაზე ძლიერი პოზიციები კავკასიელებს გააჩნიათ ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ისრაელში, აშშ-ში და ჰოლანდიაში... გარდა ტრადიციული „ქართული“ დაჯგუფებებისა, უკანასკნელ დროს რუსეთში დამოუკიდებელი კრიმინალური ფორმირებები გამოჩდნენ, რომელთაც დამნაშავე „ავტორიტეტები“ და გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკები ხემძღვანელობენ. საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელი ერთ-ერთი „მამა“, რომელმაც შექმნა სამხედრო ორგანიზაცია „მხედრიონი“, ჯაბა იოსელიანი რუსეთის შსს-ს სპეცაღრიცხვაზე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო საკავშირო უწყებიდან, აყვანილია როგორც „კანონიერი“ ქურდი“ („ძველი სახლი.“ N2, 1994).TK
ლევან თედიაშვილი (კახეთის რეგიონის რწმუნებული): „ხალხს რწმენა აქვს შერყეული, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია... ჩემი სურვილის მიუხედავად მე უნდა მივიღო ბრძოლის ის პირობები, რომელიც ახლა თამაშდება... უპირველესი ამოცანა საბანკო რეფორმების გატარება, ფულადი ერთეულის შეცვლაა. დღეს ხშირად გვსაყვედურობენ ჩვენი პოლიტიკის ნაკლებეფექტურობაში, მაგრამ ხომ საკითხავია ქვეყანა როგორ ჩავიბარეთ. ეს იყო პირდაღებული დემოკრატია (ყველაზე უარესი გაგებით), საბაზრო ეკონომიკის ურთულესი საკითხებისადმი დილეტანტური მიდგომა. ეს იყო დანგრეული სოფლის მეურნეობა (მრეწველობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მითვისებული ტექნიკა, დატაცებული საქონელი და მეზობლის ყბადაღებული ლანძღვა და შეურაცხყოფა;... მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების გზიდან აცდენას. ხომ შეიძლება მივუდგეთ მათ სხვანაირად. ის ნარკომანიც ხომ ჩვენია, ჩვენი ხორცი და სისხლი, მოხდეს რაღაც გარკვეული დოზით მისი ლეგალიზება, ამით იმას მივაღწევთ, რომ ის მაინც გვეცოდინება, ვინ ვინ არის და ვის როგორ ვუშველოთ“ („ძველი სახლი.“ N2, 1994).TK
თენგიზ კიტოვანი: „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი რეალური ძალაა. იგი აცხადებს, რომ შევა აფხაზეთში და ასეც იქნება“ („ძველი სახლი.“ N2, 1994).TK
ზვიად გამსახურდია (ქ. გროზნო, 1992): „იყო ქრისტიანი, ნიშნავს არა მხოლოდ კარგ აზროვნებას, ფიქრს, ლოცვასა და მედიტაციურ ჩაღრმავებას, არამედ ბოროტის წინააღმდეგ ქმედებასა და ბრძოლას. მე დავინახე, რომ ჩემს სამშობლოს განადგურება, ბოროტება ემუქრებოდა... ამიტომ მოვკიდე ხელი პოლიტიკას და ამან მიმიყვანა პრეზიდენტის პოსტამდე. მე ვიბრძოდი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ... ამ ბრძოლაში დამიპირისპირდა საბჭოთა სისტემასთან და მოგვიანებით რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული ბნელი ძალები. ანტროპოსოფიის ერთ-ერთი მიზანი ხომ სოციალური ცხოვრების გარდაქმნაა და ეს ჩემი მიზანიც იყო... კავკასია მისტერიების უძველესი სივრცეა (პრომეთეს მითი, არგონავტების მითი)...ცენტრალური ევროპის ანუ მიქაელის მისსია აზროვნებისა და აღქმის სპირიტუალიზაციაა... ქრისტიანული საქმეები სპირიტუალური აზროვნების გარეშე შეუძლებელია;... პირველი ანტროპოსოფიური წიგნები მამაჩემმა ჩამოიტანა გერმანიიდან. იგი იქ შტაინერის ლექციებსაც ესწრებოდა... ანდრეი ბელი, რუსი მწერალი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ანტროპოსოფია. ბელი ჩეჩენია, მისი გვარია ბუგაევი. მან საქართველოს დიდ მისსიაზე მიუთითა, საქართველოს კულტურას უძველესი უწოდა და თქვა, რომ რუსებმა ქართველებისა და კავკასიელებისაგან უნდა ისწავლონ და ასევე ევროპელებმაც... ჩემთვის ცხადი იყო − თუ ანტროპოსოფი ხარ, უნდა იბრძოლო. როცა ხედავ, რომ ძალმომრეობა სახელმწიფოდან მოდის, მას უნდა დაუპირისპირდე. ამის გარეშე შენ არ ხარ ანტროპოსოფი. ასე დავიწყეთ მოღვაწეობა დემოკრატიულ მოძრაობაში, რადგან დემოკრატიის გარეშე შეუძლებელი იყო რაიმე სახის სულიერების გავრცელება... ქართულ ლიტერატურაში რუსთაველი შტაინერამდელი ანტროპოსოფია. ეს მე და მერაბს გვეხმარებოდა ამ მიმართულებით მუშაობაში. ჩვენ ერთად ვეწეოდით სულიერ ბრძოლას ბოროტი ძალების წინააღმდეგ, ერთად ვმუშაობდით საქართველოს მისსიაზე... ეშენბახთან, როგორც რუსთაველთან საქმე ეხება მიძღვნით პოეზიას (ინიციაციას). ამ სფეროში ბევრი სტატია დავწერე და შევეცადე ანტროპოსოფიური აზროვნების ლეგალიზებას... ჩვენ ვწერდით საერთოდ ქრისტიანულ მისტიკაზე, ქრისტიანულ აზროვნებაზე, თეოლოგიაზე... ჩვენი მოძრაობა თანდათან გაძლიერდა და მე თანდათან გავხდი ამ მოძრაობის წინამძღოლი. შევძელით არჩევნების ჩატარება და კომუნისტურმა სისტემამ პოლიტიკური მარცხი განიცადა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობა სსრკ-ს დამხობა იყო... სსრკ-ს დაშლას ჩვენ მივაღწიეთ... ადამიანები იხლიჩებიან ორად: ერთნი, რომლებიც შუბლზე მხეცის ნიშანს ატარებენ და მეორენი, რომლებიც არ ატარებენ და ქრისტესთან არიან... რუსთაველთანაც ამაზეა ლაპარაკი: ბრძოლაზე ადამიანსა და მხეცს შორის, ტარიელსა და ვეფხვს შორის. ის ვეფხვი სამყაროს მხეცია, ანტიქრისტე. ეს აპოკალიპსური პოემაა. მცხეთის სვეტიცხოველში არის აპოკალიპსური ფრესკა, სადაც მამრი ვეფხვი აპოკალიპსური მხეცია გამოსახული... აპოკალიპსში ჩერნობილის ტრაგედიასაც ვხვდებით;... ვაჟა-ფშაველამ, ჩვენმა უდიდესმა მწერალმა, დაწერა სტატია „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. მან თქვა, რომ ეს ორივე ერთია... ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმი ყველას სიყვარულს ნიშნავს... რა თქმა უნდა, ბნელი ძალები დაინტერესებული არიან ყალბი პატრიოტიზმის აღმოცენებით, ყალბი კოსმოპოლიტიზმით, რომელიც საკუთარ ხალხს უარყოფს და მხოლოდ სხვა ხალხები „უყვარს“... შევარდნაძის კოსმოპოლიტიზმი იყო რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების და სხვათა „სიყვარული“ და ქართველების სიძულვილი. ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, თუ რატომ სძულთ კოსმოპოლიტიზმი ყველას ასე;... ქრისტიანობა და ბუდიზმი ერთად დგანან. ბუდას აკლია მხოლოდ სიყვარული, რომელიც ქრისტიანობაში გამოკვეთილია. სამაგიეროდ ბუდა თანაგრძნობის მატარებელია. სულიერ სამყაროში ბუდა ქრისტეს დაუკავშირდა, მაგრამ როცა მიწაზე იყო, თანაგრძნობას ქადაგებდა, ქრისტე კი − სიყვარულს. ესაა განსხვავება. ორივე საჭიროა... ის (ბუდა) მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, სამეგრელოს სახელის კავშირი ბუდა-ოდონის სახელთან. ევროპაში ბუდას სულიერ მეცნიერებაში ოდონი ჰქვია. დასავლეთ საქართველოს უძველესი სახელია ოდიში − წმინდა ოდოია. ერთ-ერთი ქართული საგალობელი ამ არსების სადიდებელი რიტუალური საგალობელია. შტაინერი წერს ამ კავშირზე დასავლეთ საქართველოსთან, უძველეს კოლხურ მისტერიებთან... მართლმადიდებელ ეკლესიაში ორი მიმდინარეობაა: კონსერვატიული და ნაკლებად კონსერვატიული... როცა ანტროპოსოფები ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან, ამაში გამოიხატება მხოლოდ ცნობიერების ბრძოლა გრძნობადი და განცდადი სამშვინველის წინააღმდეგ... დიონისე არეოპაგელთან გაგება სულზე მაღლდება... ანტროპოსოფიური საზოგადოებისა და მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებების გასაერთიანებლად შობის დღეები ანტროპოსოფიური სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი დასაწყისი და ახალი სულიერი სტრატეგი იყო. ამაში გამოიხატება მიქაელის მისსია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარეთ და ეზოთერულად ვიმუშავეთ. მოგვიანებით ეს შეუძლებელი გახდა... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზენა სამყაროსთან ზიარება, ჭეშმარიტი ზიარება მაღალ სამყაროსთან, სულიერ არსებებთან, რომ ეს რეალური სულიერი სამყარო სინამდვილეში არსებობს, რომ მე მასში მონაწილეობა შემეძლო, ჩემთვის მუდამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი დახმარება იყო, ასევე დახმარება მთელს ჩემს მსოფლმხედველობასა და ანტროპოსოფიულ მუშაობაში. ა. ბელი ამბობდა შტაინერზე, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მთელი ცხოვრება ის სულიერი სამყაროს ძალების დახმარებით იბრძოდა და როცა სუსტდებოდა, ხელებს თავს ზემოთ გრაალს აღაპყრობდა და ამბობდა: „დიდი ძალა“. ამ ორ სიტყვაში ძევს შტაინერისა და ანტროპოსოფიის მთელი გზა“ („ძველი სახლი.“ N2, 1994).TK