პირველად ეროვნული დროშის საკითხზე მსჯელობა გაიმართა 1917 წლის სექტემბერში. მის განსახილველად იმ დროს შექმნილმა ინტერპარტიულმა საბჭომ საგანგებოდ მიიწვია საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარები − ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. განხილვის შემდეგ მიიღეს დროშის პროექტი იმ ზომებით, როგორი ზომებითაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ის შემდეგ სახელმწიფო დროშად დაამტკიცა. დროშის ავტორია იაკობ ნიკოლაძე...
1918 წელს დაამტკიცეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი. კონსტიტუციის მიღებამდე სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით პარლამენტში ორი წინადადება იყო: „მიჯაჭვული ამირანი“ (რომელსაც ნაწილი თვლიდა მაშინდელი საქართველოს შესაფერისად) და „თეთრი გიორგი“. 1918 წლის 5 აგვისტოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის სხდომას დაესწრნენ ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. ივანე ჯავახიშვილის მოხსენების კვალად დაადგინეს, რომ ქართულ გერბზე თეთრი გიორგის გამოსახულება ყოფილიყო 7 მნათობით (7 მნათობი ლეონტი მროველიდან მოდის)... გერბის პროექტზე გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო პირობებში ნათქვამი იყო, რომ გერბზე გამოსახული უნდა ყოფილიყო თეთრი გიორგი ცხენზე მჯდარი, გველეშაპით; გერბის ღერძი შესრულებული უნდა ყოფილიყო ქართულ სტილში. კონკურსში გაიმარჯვა ცნობილმა მხატვარმა იოსებ შარლემანმა („ახ. ივერიელი“. 7 იანვარი, 1993).TK
პირველად ეროვნული დროშის საკითხზე მსჯელობა გაიმართა 1917 წლის სექტემბერში. მის განსახილველად იმ დროს შექმნილმა ინტერპარტიულმა საბჭომ საგანგებოდ მიიწვია საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარები − ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. განხილვის შემდეგ მიიღეს დროშის პროექტი იმ ზომებით, როგორი ზომებითაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ის შემდეგ სახელმწიფო დროშად დაამტკიცა. დროშის ავტორია იაკობ ნიკოლაძე...
1918 წელს დაამტკიცეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი. კონსტიტუციის მიღებამდე სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით პარლამენტში ორი წინადადება იყო: „მიჯაჭვული ამირანი“ (რომელსაც ნაწილი თვლიდა მაშინდელი საქართველოს შესაფერისად) და „თეთრი გიორგი“. 1918 წლის 5 აგვისტოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის სხდომას დაესწრნენ ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. ივანე ჯავახიშვილის მოხსენების კვალად დაადგინეს, რომ ქართულ გერბზე თეთრი გიორგის გამოსახულება ყოფილიყო 7 მნათობით (7 მნათობი ლეონტი მროველიდან მოდის)... გერბის პროექტზე გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო პირობებში ნათქვამი იყო, რომ გერბზე გამოსახული უნდა ყოფილიყო თეთრი გიორგი ცხენზე მჯდარი, გველეშაპით; გერბის ღერძი შესრულებული უნდა ყოფილიყო ქართულ სტილში. კონკურსში გაიმარჯვა ცნობილმა მხატვარმა იოსებ შარლემანმა („ახ. ივერიელი“. 7 იანვარი, 1993).TK
ნაირა გელაშვილი (მწერალი): „მე, როგორც გითხარით, არც ჰიმნი, არც დროშა და არც გერბი არ მომწონს. შევეცდები ავხსნა, რატომ: ჯერ ერთი, უაღრესად კრიტიკული აზრის ვარ მენშევიკურ მთავრობაზე, რომელმაც თავისი უნიათობისა და უდისციპლინობის გამო ვერ მოუარა თავზე დანარცხებულ თავისუფლებას და თავისი ხალხი საჯიჯგნად ჩაუგდო ხელში ბოლშევიკებს. იმდროინდელი საქართველოს მენდალობიდან და ბედისწერიდანაა ამოზრდილი ეს ჰიმნი, გერბი და დროშა და გამოხატავს მათ. ისინი იმიტომ მოგვყვნენ აქამდე, რომ ის მენდალობა, ის გემოვნება და ის ბედისწერა ისევ გრძელდება. თუ მისტიური აზროვნების ლოგიკას დავუჯერებთ, ეს მძიმე ბედისწერის მატარებელი, ასე ვთქვათ, ავბედითი ფენომენები (დავუშვათ დროშა თავისი შავი ფერით, რომელიც უბედურებას აღნიშნავს) ხელს უწყობენ ძველი ბედისწერის გახანგრძლივებას... რაც შეეხება გერბს. პროფ. ზ. კიკნაძემ სწორად შენიშნა, რომ ეს არ არის წმინდა გიორგი, რადგან არ ჩანს თუ ვის უღერებს მახვილს. მაშასადამე, რელიგიური სიმბოლიკის კანონები დარღვეულია“ („ახ. ივერიელი“. 7 იანვარი, 1993).TK
როინ მეტრეველი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი): „სახელმწიფოს სიმბოლიკა − დროშა, ჰიმნი და გერბი ქვეყნის მცხოვრებლებმა უნდა შეიყვარონ და გაითავისონ... მიმაჩნია, დღესაც დიდი პატივით უნდა მოვეკიდოთ ჩვენამდე მოსულ სახელმწიფოს ამ სამივე აუცილებელ ნიშანს... თვით გერბი შინაარსობრივად გარკვეული და ახსნილია: მასში არის წმინდა გიორგი (ჩვენი ცნობით ეს არის თეთრი გიორგი), გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ წმინდა გიორგის ქრისტიანული ელფერი გამოცლილი აქვს და იგი თავისუფლებისათვის ზოგადი მებრძოლია... გერბზე გამოსახულ პატარა ჯვრებსაც თავისი დატვირთვა აქვს: დღეს საქართველო არის მრავალეროვანი, მრავალსარწმუნოებრივი ქვეყანა, ჩვენში თითქმის ყველა რელიგიის აღმსარებელია და ისინი თავს თვლიან საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად“ („ახ. ივერიელი“. 7 იანვარი, 1993).TK
რევაზ მიშველაძე (მწერალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე, პროფესორი): „ვთამაშობთ სახელმწიფობანას, პარლამენტობანას, ჯიბეში კი გაუქმებული სსრკ-ს პასპორტები გვიდევს, რუსულ ფულს ვატკაცუნებთ, საქართველოს საზღვრებს რუსის ჯარი იცავს, რომელსაც ყელგაწვდით ვეხვეწებით − არ დაგვღუპო, არ გახვიდე ჩვენი ტერიტორიიდანო. მაშ, რომელ სიმბოლიკაზეა ლაპარაკი? რად უნდა სიმბოლიკა სახელმწიფოს, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს და რომელსაც მოჩვენებითი დამოუკიდებლობის ერთწლიანი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ისევ მონობისკენ მიაჩიქჩიქებენ?... კოტე ფოცხვერაშვილის ჰიმნი, გულახდილად რომ ვთქვა, არ მომწონს, დიდებული კომპოზიტორისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად.... არც გერბი მიმაჩნია იდეალურად. მას სწორედ ეს საყოველთაობა (საერთო ეროვნულობა) და სისადავე აკლია, რაც აუცილებელია სახელმწიფოებრივი სიმბოლიკისთვის. რაც შეეხება დროშას, მე პირადად მომწონს ჩვენი შინდისფერ-შავ-თეთრი დროშა და იგი ჩემს არსებაში მით უფრო მკვიდრდება, რაც დრო გადის“ („ახ. ივერიელი“. 7 იანვარი, 1993).TK
რევაზ ჯაფარიძე: „უბედურება იქნებ არც ისე დიდი ყოფილიყო, რომ მავანი და მავანი ოპონენტთან კამათს, სიტყვას რომ სჯერდებოდეს და ბანდიტურ თავდასხმებს არ აწყობდეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ნაწილებზე, იარაღს არ იტაცებდეს და ყოველივე ამას, მისი აზრით საქართველოს საკეთილდღეოდ, ძველი და ახალი ჯავრის ამოსაყრელად რომ არ სჩადიოდეს... 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სათანადო მუხლის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე უარს ამბობდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე და თავს რუსეთის ხელმწიფის ხელდებულად აცხადებდა... დიდმა ლევ ტოლსტოიმ, ყველა დროის სწორუპოვარმა ჰუმანისტმა, დიდმა მაქსიმ გორკიმ და ბევრმა სხვა გამოჩენილმა რუსმა მწერალმა ისე იცხოვრა საქართველოში, თბილისში და შექმნა საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოებები, რომ ქართველი კაცი, ვისი გულითადი სტუმართმოყვარეობითაც სარგებლობდა, არც კი შეუმჩნევია და ბუნებრივია, არც არსად გამოუხატავს, ხოლო რაც შეეხება ლერმონტოვს, მან ქართველი კაცი მხოლოდ ბრძოლის ველიდან გაქცეული დაინახა!“ („საქ. რესპ.“ 16 მარტი, 1993).GK
ანანია ჯაფარიძე (ეპისკოპოსი): „XVII საუკუნის 40-იან წლებში ლევან II დადიანის დროს ადიღე-ჩერქეზები გრიგალივით შემოიჭრნენ სამეგრელოში აფხაზეთის გზით... XVII-XVIII საუკუნეებში გაჰქრნენ ძველი აფხაზები, ქართველური ტომი, ისტორიულ-კულტურული სახით ქართველები, მათი ადგილი თანდათანობით დაიჭირა ახალმა ეთნოსმა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში საკუთარ ტომობრივ-ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა... ნ. ბერძენიშვილმა მეცნიერული სიღრმით უარყო მოსაზრება, რომ ძველი და ახალი აფხაზები ერთი ეთნიკური წარმოშობის ხალხია. ის წერს, რომ შუა საუკუნეებში აფხაზეთში მოხდა „მთის ჩამოწოლა“ ანუ მთის ეთნოსის ჩასახლება აფხაზეთის ბარში. აფხაზი თავადაზნაურობა, რომელმაც ბოლო დრომდე შეინარჩუნა თავისი ქართული და ქრისტიანული სახე, შეურიგდა მომხვდურებს და მოლაშქრეებად გამოიყენა ისინი განუწყვეტელ ფეოდალურ ომებში... ნ. ბერძენიშვილი ძველ აფხაზებზე წერდა − „აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო, აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერნი...“ ახალი აფხაზები კი, უკვე არაქართული ტომი იყო... 1866 წლის აჯანყების შემდეგ რუსეთის მთავრობამ ეს ახალი აფხაზები თურქეთში გადაასახლა... აფხაზების ნამდვილი ეთნიკური კუთვნილების შესახებ შესანიშნავად იციან ჩრდილოკავკასიურმა ტომებმა... სწორედ ამიტომ ეხმარებიან ამჟამად ისინი აფხაზებს, ვითარცა თანამეტომეებსა და თანამორწმუნეებს... გამომდინარე აქედან, აფხაზთა ანუ აფსუა-აფსართა და ჩრდილოკავკასიელთა ქმედობა აფხაზეთში მიზანმიმართულია, წინასწარდასახული და დაგეგმილი... მათი შორსგამიზნული სტრატეგია ითვალისწინებს იმ დანაკლილის ანაზღაურებას, რომელიც ადიღურ-ჩერქეზულ ტომებს კავკასიაში რუსების დამკვიდრების გამო მოუვიდათ, როგორც ცნობილია, კავკასიის ეს უდიდესი ტომი რუსეთის იმპერიამ თითქმის განადგურებამდე მიიყვანა... „ლეონის ორდენი“, რომელიც არძინბას დაუწესებია, როგორც „აფხაზეთის სახელმწიფოს“ უმაღლესი ჯილდო, პირველ რიგში ეკუთვნით იმ ქართველთ, რომელნიც წერენ VIII საუკუნეში „აფხაზი ეროვნების“ არსებობისა და მისი არაქართველობის შესახებ, ცხადია, მათი აზრით VIII საუკუნეში მოღვაწე აფხაზთა მეფეები ლეონ I და ლეონ II არაქართველები იყვნენ, სწორედ ამგვარ მეცნიერულ საფუძვლებზე დგას არძინბას იდეოლოგიური სიცრუის მანქანა“ („საქ.რესპ.“ 17 მარტი, 1993)GK
გურამ კაპანაძე: „აღორძინება-93“-ის მისიის მიზანია ადამიანებმა მიიღონ ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა. ყველამ მიატოვოს ცოდვიანი ცხოვრება და მოემზადონ ქრისტესთან შესახვედრად. მისია წინააღმდეგია ამა თუ იმ მიმდევრობის ლანძღვისა და გადაბირ-გადმობირებისა და იგი ეკუმენიზმს არ ისახავს მიზნად... ჩასწვდნენ რა „აღორძინება-93“-ის სასიკეთო ღონისძიებას, იტალიის კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა თავიანთ ერს ოფიციალურად მოუწოდეს, რომ დაესწრონ ამ მისიის ღვთისმსახურებას, მაშინ, როდესაც ასეთი მსახურება მათ პრაქტიკაში არ ჰქონდათ და ადრე ანალოგიურ მსახურებაზე უკრძალავდნენ დასწრებას... მე, როგორც ქრისტეს მოწაფე, მოგიწოდებთ ყველას მობრძანდეთ სპორტის სასახლეში... შესვლა უფასო და თავისუფალია, ყოველი დამსწრე მიიღებს საჭირო ლიტერატურას და ყველა კმაყოფილი დარჩებით“(„საქ.რესპ.“ 19 მარტი, 1993)GK
მამა თეიმურაზ ბერიშვილი: „შეუძლებელია პოლიტიკა და რელიგია თანაბარ კალაპოტში, ერთად, ფეხაწყობილნი მიდიოდნენ. სახელმწიფო ყოველთვის ჰეგემონი იყო, იგი ქმნიდა სახელმწიფოს ძლიერების სისტემას და ავად თუ კარგად, ცდილობდა, რელიგია იდეოლოგიად გამოეყენებინა, თავის იარაღად ექცია... როცა ჯარში ნარკომანები და ლოთები არიან, ცხადია ისინი სამშობლოსთვის ვერ იბრძოლებენ... ეს ომი დიდხანს არ დამთავრდება... ვიეტნამის სინდრომი თბილისშიც იჩენს თავს, როცა დაბრუნდებიან ეს ბიჭები და შეესევიან ჯიხურებში მოკალათებულებს... არის რა თქმა უნდა, მცირედი ნაწილი, რომელიც პატიოსნად იბრძვის, მაგრამ მე ამისი თქმის უფლება მაქვს, რამეთუ როგორც მოძღვართან, ჩემთან მოდიან და ჰყვებიან იმას, რასაც არავის უყვებიან... ორგვარი ადამიანი არსებობს... ერთი, რომელიც ამბობს, რომ სწამს ღმერთი, მეორე, რომელიც ამბობს, რომ სჯერა ღმერთის. პირველი ცრუ ფორმაა: იგი ამბობს, რომ სწამს რაღაც განყენებული ძალისა, ამას პირობითად ხან ღმერთს არქმევს, ხან ბუნებას და თავისი რწმენის სანაცვლოდ არაფერს აკეთებს. მისი აზროვნების წესში კი დაუფარავად ჩანს „მე“... თავისუფლებისთვის მზად არ აღმოვჩნდით ქართველები... თავისუფლება ჩვენში ასე გაიგეს: ქალაქში სულ ცოტა სამი ბორდელი მაინც უნდა არსებობდეს, მაღაზიაში თავისუფლად უნდა იყიდებოდეს ამერიკული ჯინსი... ეს კუჭით აზროვნებაა, კუჭით მოაზროვნე შეიძლება იყოს თავისუფალი?.. წერეთელი ლაპარაკობს რუსეთიდან გამოყოფაზე, რუსული ჯარის გაყვანაზე და ჯიბეში რუსული კუპიურები უდევს, ლენინისთავიანი და რუსული კარაქით არის ნაპატივები... რა შექმნეს, რა მისცეს ხალხს ისეთი, რომ ასეთი პათოსით ლაპარაკობენ? სად იყვნენ 9 აპრილის ღამეს, რატომ არ გადაუდგნენ იმ 20 გოგონას, პირველები რატომ არ შეეგებნენ რუსის ჯარს?.. დავით აღმაშენებელი ჯარს მიუძღოდა. ის არც ისნის სასახლეში მჯდარა და არც სასტუმრო „მეტეხში“ დარბოდა „პუტანკების“ საჩქმეტად... იმათგან განსხვავებით, ვისაც უშუალოდ ფრონტზე ყოფნა ევალება, სახელმწიფოს მეთაური უფრო ხშირად არის ფრონტის ხაზზე... ის მშიშარა არასოდეს ყოფილა, ამდენად უფრო კაცური და დასაფასებელია... ამ კაცს მიხმარება უნდა, მასზე კარგად საქართველოში არავის ხელეწიფება სიტუაციის მართვა“ („საქ.რესპ.“ 3 აპრილი, 1993).GK
ზაირა ჩომახაშვილი: „ხშირად ვივიწყებთ − ვინც ჩვენს შორის ყველაზე უცოდველია, პირველი ქვა იმან ისროლოსო, მაგრამ როდესაც მოძღვარიც (იგულისხმება მამა თეიმურაზ ბერიშვილი) მაქსიმალისტი ხდება, საქვეყნოდ აცხადებს: „ლოთი და ნარკომანი სამშობლოსთვის ვერ იბრძოლებს“, „პარლამენტში საქართველო არავის სტკივა“, „რუსული კარაქით არის ნაპატიებიო“, მაშინ მართლა რაღაც ხდება“ („საქ.რესპ.“ 3 აპრილი, 1993).GK
რედაქტორის შენიშვნა: „მინდა გამოვეხმაურო გურამ გეწაძის, თენგიზ კალანდაძისა და ანზორ თავართქილაძის გაზეთ „ივერია-ექსპრესის“ 1 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ მომართვას ჩემდამი... ბატონ პარლამენტარებს საქმეში ჩაურთავთ ღვთისმსახურიც − მამა იოაკიმე ასათიანიც... მამა იოაკიმე მართლაც იყო ამ ექვსი თვის წინათ ჩვენთან, რედაქციაში საგანგებო მისიით, როგორც დეპუტატობის კანდიდატის გ. გეწაძის ნდობით აღჭურვილი პირი თუ აგიტატორი. მან თან მოიტანა სათანადო სარეკლამო პლაკატები, ბუკლეტები, რომლებიც ასახავდნენ ბატონ გ. გეწაძის სავაჭრო თუ კომერციულ წარმატებებს... ღვთისმსახური აღტაცებას არ ფარავდა, რომ ამ გზით მოგებული სახსრების ნაწილი ბაღდათის რაიონში ეკლესიის აღდგენას, სხვა საქველმოქმედო საქმეს მოახმარა ბატონმა გურამმა... თქვენს რედაქციასაც აშენებას ჰპირდებაო ეს ღვთისნიერი ქველმოქმედი კაცი... თუ ქვეყანას გააცნობთ მას, როგორც უანგარო და ქველმოქმედი დეპუტატობის კანდიდატსო − ესოდენ უსაგნო, ღვარძლიანი და ავად გამიზნული ბრალდებებით „დამშვენება“ თავიანთი გაზეთისა, რომლის „ტექნიკური ბაზა და ფინანსური მომარაგება“ ყოველდღიური კერძო გაზეთის კვალობაზე პირდაპირ გაოცებასაც იწვევს!“ („საქ. რესპ.“ 6 აპრილი, 1993).GK
ვიქტორ შარაშენიძე (იურისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი): „ეროვნული სამართლებრივი სისტემა უნდა დაეფუძნოს ქართულ სამართლებრივ კულტურასა და ტრადიციებს, რომელთა საფუძველზეც და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით აღორძინდება ეროვნული კანონმდებლობა... დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს რესპუბლიკამ უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპები ცნო და მათი განუხრელი დაცვის გარანტიები იკისრა... საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სანიმუშო პროექტი 1918 წლის 22 მაისს შემუშავდა. მისი შემდგენელი პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგე ზურაბ ავალიშვილი იყო. პროექტის ტექსტი მოიწონეს ბატონმა აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ, ნიკო ნიკოლაძემ და პეტრე სურგულაძემ... პროექტის ავალიშვილისეული ავტორობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თუმცა ა. და პ. სურგულაძეებს თანაავტორებად ეროვნული საბჭოს დასახელებული წევრები მიაჩნიათ... ეს კანონპროექტი შედგა ქალაქ ბათუმში თურქეთთან საზავო ხელეშეკრულების თაობაზე მოწვეული კონფერენციის ქართველ დელეგატთა ჩასვლის პერიოდში, ხოლო შემდგომ ეროვნული საბჭოს აღმასკომის დავალებით პროექტის ტექსტი დაიხვეწა და რედაქტირება გაუკეთა ბატონმა გორგი გვაზავამ... 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ ისეთი დებულებები იპყრობს ყურადღებას, რომლებიც აღიარებენ საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობას და განუყოფლობას, საერთაშორისო სამართლის პრიმატს საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მათ აღიარებას საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ კონსტიტუციურ პრინციპად... ამ აქტში 1918 წლის აქტთან მიმართებაში მემკვიდრეობითი პრინციპი დაცულია... სამწუხაროდ, 1991 წლის 9 აპრილის აქტს დეკლარაციულ - პოპულისტური ელფერი დაკრავს... ასევე სრულიად ზედმეტად გვესახება აქტზე უცხო პირებისა და მთავრობის წევრების ხელმოწერები“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1993).GK
ანანია ჯაფარიძე (მთავარეპისკოპოსი): „საქართველოს სახელმწიფოს თავისი ერთიანობის დროს ცენტრალიზებული მმართველობა გააჩნდა და ის „ეთნიკურ ტერიტორიებად“ დაყოფილი არ ყოფილა... ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები, მესხეთისა და სხვა სამთავროები წარმოიქმნენ ერთიანი სახელმწიფოს რღვევის შემდგომ, ამ რღვევის შედეგად. ამ „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებრივი ერთეულების გაქრობისათვის ანუ მათი გაერთიანებისათვის საუკუნეთა მანძილზე იღვწოდნენ ქართველი ერის საუკეთესო შვილები. ამის უარყოფა შეუძლებელია... ამჟამად, როცა ქართველების ერთი ნაწილი ახალქართული სახელმწიფოს მშენებლობის საძირკვლად აცხადებს, „ეთნიკური დაყოფის“ პრინციპს − ერი გაურკვევლობის ბურუსში ეფლობა... იოანე მთაწმინდელი მესხი იყო, მას რომ ეცხოვრა XV-XVI საუკუნის შემდეგ, აუცილებლად აღნიშნავდნენ მის მესხობას, მაგრამ აგიოგრაფია საერთოდ არ აღნიშნავს წმინდანის კუთხურ წარმომავლობას. ის წერს: − „იოანე იყო ნათესავით ქართველი“... ივერთა მონასტერში მთაწმინდელთა დროს მოღვაწეობდნენ არსენი ნინოწმინდელი და იოანე ხახულელი... ნინოწმინდა კახეთშია და არსენიც ჩანს კახელი იყო წარმოშობით, მაგრამ მისი კახელობა ისევე, როგორც იოანე ხახულელის მესხობა, არასდროს არ აღინიშნება ეროვნული თვითშემეცნების გაუბზარველობის გამო“ („საქ. რესპ.“ 29 მაისი, 1993).GK
რევაზ ჯაფარიძე: „ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო რესპუბლიკის პარლამენტის გასული ხუთშაბათის სხდომას ვერ დავესწარი... დეპუტატ ირაკლი წერეთელს უსარგებლია სახელმწიფოს მეთაურის შინ არ ყოფნით და პარლამენტის მაღალი ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ და მარტოოდენ ქვეყნის სასარგებლო აზრების გაცვლა-გამოცვლის მიზნით დგას, თავისი პირადი ამბიციური მოსაზრებების საქადაგებლად გამოუყენებია, რასაც აღუშფოთებია აუდიტორიის უდიდესი ნაწილი... წერეთლის სურვილი და მისწრაფება ერთადერთია: როგორმე აიძულოს ბატონი ედუარდ შევარდნაძე, გადადგეს თანამდებობიდან, ე.ი. მოიმოქმედოს ის, რისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძვიან იმპერიალისტური რუსეთის მმართველი წრეები...
ირაკლი წერეთელს პირადად მიუძღვის ბრალი იმ გაუგონარ სისხლისღვრაში, რომელიც მთავრობის სასახლის წინ 1989 წლის 9 აპრილს გაიმართა. სწორედ მან და არა სხვა ვინმემ გამოსტაცა ხელიდან მიკროფონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ხალხს მოუწოდა, ყურად არ ეღოთ მისი მამაშვილური მუდარა...
ამ კაცს, ირაკლი წერეთელს, ჯერ კიდევ არ შესცვლია გუნება-განწყობილება, ერის რჩეული შვილის შესაფერისი პერსონალური მანქანით დაგრიალებს, პარლამენტის სხდომებზე შიგადაშიგ დაბრძანდება და როდესაც მოეხასიათება, ტრიბუნაზე სურვილისამებრ ქადაგებს...
„ივერია-ექსპრესში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კითხვაზე: „ბატონო ირაკლი, თუ გადადგება შევარდნაძე, ვინ უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება?“ ირაკლი წერეთელი პასუხობს: „მე პირადად არ ჩავდგები სათავეში, რადგან ჩემი პოზიციისთვის ქართველი ერი ჯერ მზად არ არის!“ („საქ. რესპ.“ 5 ივნისი, 1993).GK
რეზო ჭეიშვილი: “რუსეთთან ყოველნაირი ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგები არიან: საქართველოს შინაური და გარეული მტრები, ქართველების მოძულე პიროვნებები და პარლამენტის ზოგიერთი წევრი”; “თურქეთმა დაიწყო საქართველოს დემონტაჟი. გააქვთ ლითონი და ტყე – საშვილიშვილო სიმდიდრე, გააქვთ ყველაფერი, რისი გატანაც შესაძლებელია. მოსკოვში, რუსეთის სხვა ქალაქებშიც, ქართველი მამაკაცები დროის სატარებლად ჩადიოდნენ, ახლა ქალები დადიან თურქეთში, ყიდიან სინდის-ნამუსს, ყიდიან სხეულს. რა დაემართება უბედურ საქართველოს, როცა სათურქეთო საზღვარი გაშიშვლდება” (“ლიტ.საქ.” 18 ივნისი, 1993).GK
ედუარდ შევარდნაძე: “მე ის კაცი ვარ, ვისაც თავი გადადებული აქვს, ჩემი ფიქრი და ოცნება ქვეყნის ნათელ მომავალს დასტრიალებს და ყველაფერს ვიღონებ ამ მიზნის მისაღწევად” (“ლიტ.საქ.” 23 ივლისი, 1993).GK
1993 წლის 21 ივლისი – მწერალთა სასახლეში საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრები შეხვდნენ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს. შეხვედრაზე გამოვიდნენ: რეზო ჭეიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ გვერდწითელი, რევაზ მიშველაძე, დავით მაღრაძე, ოთარ ჭელიძე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უნდა მოეგოთ ინფორმაციული ომი. ქართველ მწერლებს უნდა აღედგინათ კავშირები როგორც რუს, ისე სხვა ქვეყნების მწერლებთან და მათთვის სრული სიმართლე მიეწოდებინათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე (“ლიტ.საქ.” 23 ივლისი, 1993).GK
“ედუარდ შევარდნაძე განსაკუთრებული მოვლენაა – მისი ღვაწლი ჩვენს კულტურასა და ხელოვნებაზე, განსაკუთრებით ჩვენს მწერლობაზე გამორჩეულია”, – საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნო (“ლიტ.საქ.” 23 ივლისი, 1993).GK
უილიამ ჯონ კლინტონი: “ვაფასებ იმ ძნელ არჩევანს, რომელიც თქვენ გააკეთეთ, დათანხმდით რა ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეგექმნათ საფუძველი აფხაზეთში მშვიდობიანი გზით ვითარების მოწესრიგების მიღწევისათვის”. – ციტატა ედუარდ შევარდნაძისთვის გამოგზავნილი წერილიდან (“ლიტ.საქ.” 20 აგვისტო, 1993).GK
გაზეთ “იბერია სპექტრში” (№85, 1993) გამოქვეყნდა სია იმ პირებისა, რომლებიც მოითხოვდნენ ედუარდ შევარდნაძის გადადგომას. ხელმომწერები იყვნენ: მუხრან მაჭავარიანი, ელიზბარ ჯაველიძე, ნოდარ წულეისკირი, ენვერ ნიჟარაძე, ნოდარ ჯალაღონია, მამუკა წიკლაური, სოსო სიგუა, ნომადი ბართაია, ჯემალ დავლიანიძე, დილარ ივარდავა, გიგი ხორნაული, ვაჟა ხორნაული, ლეილა ცომაია, ირინე ტალიაშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი, ჯულიეტა მილდიანი, თეიმურაზ დოიაშვილი, მიხეილ ჩაჩუა, ლევან დუმბაძე, გურამ პეტრიაშვილი, გოგი შონია, რენე კალანდია, გუგული ტოგონიძე, ოთარ შალამბერიძე, ვაჟა დოლბაია, ქიშვარდ ისაკაძე, აპოლონ ჟორდანია, აკაკი ბრეგაძე (“ლიტ.საქ.” 20 აგვისტო, 1993).GK
მუხრან მაჭავარიანი (ედუარდ შევარდნაძეზე): “მხარში უნდა ამოვუდგეთ! ამ კაცის საქმეს, ამ კაცის ღამეს, ამ კაცის დღეს, ამ კაცის ცეცხლს გაუმარჯოს” (“ლიტ.საქ.” 20 აგვისტო, 1993).GK
16 სექტემბერს - აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის რეაქციულ-იმპერიული ძალების მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაარღვიეს სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმება და ვერაგულად თავს დაესხნენ ფაქტობრივად განიარაღებული სოხუმისა და ოჩამჩირის რეგიონებს. დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები სოხუმის დასაცავად. აფხაზეთის დედაქალაქში სასწრაფოდ გაფრინდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მთელ საქართველოს მოუწოდა უთანასწორო ბრძოლაში სოხუმელთა დასახმარებლად. მანვე წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, გაეროს გენერალურ მდივანს და ყველა მეგობარ სახელმწიფოს უკიდურესი განსაცდელის ჟამს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის“ („ლიტ.საქ.“ 24 სექტემბერი, 1993). GK
ედუარდ შევარდნაძე: “მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” (“ლიტ.საქ.” 15 ოქტომბერი, 1993).GK
ფოთი – 1578-79 წლებში ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს და ამ ადგილზე დიდი ციხესიმაგრე ააგეს; 1640 წელს იმერეთ-გურია-სამეგრელოს ლაშქარმა იერიშით აიღო ციხე-სიმაგრე; 1723 წელს ქალაქს ოსმალეთი დაეპატრონა; 1771 წელს რუსეთისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა სცადა ფოთის დაუფლება, მაგრამ უშედეგოდ; 1993 წელს რუსეთ-საქართველოს ლაშქარმა, უკრაინის შავი ზღვის ფლოტილიის დახმარებთ, კიდევ ერთხელ სცადა ფოთის დაუფლება და ამჯერად წარმატებით (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
გურია – 1769 წელს გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნო წელს რუსეთ-საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა;
1993 წელს გურიაში ლოთი ქობალიას შეიარაღებული რაზმები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნო თვეში გაერთიანებულმა ლაშქარმა ეს მხარე კვლავ გაათავისუფლა (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
არჩილ სულაკაური: აფხაზეთის ომის დროს, “შეკავშირებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ნაცვლად, პარლამენტართა გარკვეულმა ნაწილმა შიგ პარლამენტში გახსნა მესამე ფრონტი... ომი აფხაზეთში დაიწყო და აფხაზეთში უნდა დამთავრდეს. აკი პრეზიდენტყოფილმაც თავისი “უძლეველი არმადით” გალს შეაფარა თავი. სხვაგვარად არც შეიძლება მომხდარიყო. სწორედ ეს მაიძულებს ვიფიქრო, რომ მთავარი ბრძოლები წინ გველოდება... როგორც კი გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის შანსი, იმ წუთიდანვე დაიწყო უამრავმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა საზოგადოებამ აღმოცენება... პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა... ზვიადიზმის არსი, ვერც მაშინ შევაფასეთ სათანადოდ და მე მგონია, არც ახლა გვაქვს კარგად გაცნობიერებული მისი დამანგრეველი ძალა... …ვერ გავითვალისწინეთ, რომ ზვიადიზმის ნამდვილი აღორძინება პრეზიდენტის საქართველოდან გაძევების შემდეგ დაიწყებოდა. ეს იყო მძლავრი, გამთიშველი და დამანგრეველი ძალა... ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთი მოულოდნელი გმირობა ჩაიდინა, როდესაც ერთპიროვნულად გადაწყვიტა საქართველოს ესენგეში გაწევრიანება;
ჩვენ ვერ გავუგეთ ედუარდ შევარდნაძეს, ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ მისი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობები... მე მგონია, ედუარდ შევარდნაძის მისია სწორედ ეს გახლავთ, დაუბრუნოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ესე იგი, საქართველოს მოუნახოს თავისი ადგილი და ჩასვას იგი მსოფლიოს ქვეყნების ურთიერთობის სისტემაში... 1991 წლის სექტემბერში... პრეზიდენტის შეიარაღებულმა მომხრეებმა რუსთაველის მომიტინგეები დაარბიეს, სისხლი დაღვარეს და შემდე ყოფილი ცეკას შენობის წინ მოედანზე ტაშ-ფანდურა და ცეკვა-თამაში გაახურეს... მას რომ საქართველოსთვის მშვიდობა და სიკეთე ნდომებოდა, უარს იტყოდა პრეზიდენტობაზე...
მონღოლთა შემოსევის შემდეგ, გაიარა რამდენიმე საუკუნემ და ჩვენში არა-ფერი შექმნილა ისეთი, რასაც ლიტერატურული ძეგლი შეიძლება ეწოდოს... ჩვენი კულტურისადმი ინტერესი ნოლს გაუტოლდა...
ლიტერატურულ საქართველოში დაიბეჭდა პოემა “ანდერძი”, რომელსაც ხელს აწერს ვინმე არ. თევდორაძე. დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ “ანდერძის” ავტორი მე ვარ” (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
შრილა პრაბჰუპადა: “ახლა პოპულარულია არამზადების ფილოსოფია, რომ-ლებიც აცხადებენ, რომ თითოეული არის ღმერთი” (“ლიტ.საქ.”, თ. ფანჯიკიძის სტ., 26 ნოემბერი, 1993).GK
თეიმურაზ ფანჯიკიძე: “კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება” _ რელიგიური კონფესიაა, რომელსაც ვაიშნავებს, ზოგჯერ კი კრიშნაიტებს უწოდებენ...
გორბაჩოვისეულმა “პერესტროიკამ” საფუძვლიანად დადებითად შემოატრიალა დამოკიდებულება რელიგიისადმი. აქტიურად აკრძალული და ფარულად მოქმედი რელიგიური ჯგუფები იატაქქვეშეთიდან გამოვიდნენ... ვაიშნავთა სამლოცველო შედგებოდა ორი ოთახისა და ერთი სარდაფისგან. წინა ოთახში შეგეძლოთ შეგეძინათ ვაიშნავთა წიგნები, სარდაფში მზადდებოდა პრასადი “ღვთის წყალობა”, ბრინჯის, ბოსტნეულის, უმეტესად ჭარხლის, სტაფილოსა და ხილისგან შემზადებული საჭმელი. მეორე ოთახში სამლოცველო იყო. საკურთხეველზე მატერია იყო ჩამოფარებული და კრიშნას, პრაბჰუპადას და სხვა ჰურუების სურათები ეკიდა. ლოცვაში მონაწილეობდა მუსიკალური ინსტრუმენტები, ლოცვა კი შედგებოდა ღვთის სახელის გაუთავებელი ხსენებისგან, რომელსაც უძღვებოდა ერთ-ერთი ინიცირებული, სოხუმიდან ჩამოსული ბრძენი, კისერზე კრიალოსნით. ისმოდა დამსწრეთა რიტმული ტაში. ლოცვა ოთხ საათს გაგრძელდა... ვაიშნავთა შემადგენლობაში იყვნენ: რუსები, ბერძნები, სომხები და უმეტესობა ქართველი...
“კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების” დამაარსებელი ე.წ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა დაიბადა 1896 წელს ინდოეთში, კალკუტაში... 1971 წელს “კრიშნას ცნობიერების საზოგადოების” წარმომადგენლები გამოჩნდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში... 1988 წლის მაისში მოსკოვში რეგისტრირებულ იქნა საბჭოთა კავშირში პირველი ოფიციალური “კრიშნას ცნობიერების საზოგადოება”. 1989 წელს – რიგასა და ვილნიუსში; 1990 წელს კი – სოხუმში, კაუნასში და ლენინგრადში; ზოგის ცნობით ერთგულთა რაოდენობა 400 ათასს უდრიდა, ზოგის კი 150 ათას კაცს...
თ. ბურდული, 31 წლის მხატვარი ყვება: “ქრისტიანული მონასტრის სიტუაციამ არ დამაკმაყოფილა, სულიერი მოძღვარი ვერ აღმოვაჩინე... ბოლოს ვაიშნავებს მივადექი. პირველივე დღესვე ვიგრძენი კრიშნას ძალა და მადლი” (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
1993 წლის 21 ნოემბერი – დაფუძნდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – საერთო-ეროვნული დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძე (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
რეზო ამაშუკელი: “თბილისი და საქართველო აღარასოდეს დაუშვებს, რომ საკუთარ უვიცობასა და ამბიციებს გადაყოლილმა პოლიტიკოსებმა ისევ ანგრიონ და ანადგურონ ჩვენი ქვეყანა... დღეს ან მტერი ხარ შენი ქვეყნის, ან მოყვარე. შორიდან მაყურებელთა ჩასაფრებამ დაღუპა ეს ქვეყანა... ჩვენ ვერთიანდებით კაცის გარშემო (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე), ვისი ფასიც მთელმა მსოფლიომ კარგად იცის. ჩვენ ვერთიანდებით კაცის გარშემო, რომლის სათნოებამ და მპატიებლობამ ყველა ზღვარს გადააჭარბა... რომელიც სამყარომ აღიარა თანამედროვე, ახალი მსოფლიო დემოკრატიის მესაძირკვლედ!’ (“ლიტ.საქ.” 26 ნოემბერი, 1993).GK
გიორგი პაპუაშვილი: „ილიას არასოდეს შეუქია ნოე ჟორდანიას მოღვაწეობა და ვერც შეაქებდა, რადგან ჯორდანიამ, ჯერაც სრულიად ახალგაზრდამ, სიბერის წლები გაუმწარა ილიას, უფრო მეტიც: იგი შეეცადა, ცოცხლად დაემარხა ილია... ვინც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის გასაყარის ქართულ პრესას იცნობს, უმალ დაგვეთანხმება, რომ ნოე ჟორდანიას მთელი მოღვაწეობის ძირითადი მიზანი იყო ილიას სახელის დისკრედიტაცია, რათა გზა გაეხსნა თავისი „კომუნისტური“ იდეებისთვის“ („საქ.რესპ“ 23 დეკემბერი, 1993).GK