ილია II: „რამდენიმე ბერმა იმ მიზეზით, რომ საქართველოს ეკლესია წევრი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი, ა. წ. 14 მაისიდან ევქარისტული კავშირი შეწყვიტა სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან... ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ყოფნა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არ ნიშნავს მწვალებლობას, რადგან ეს არის შეხვედრების, აზრთა გაცვლისა და დიალოგის ადგილი. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მკვეთრად გაიზარდა პროტესტანტთა რიცხვი და გავლენა, ხოლო მართლმადიდებელთა რაოდენობა უცვლელი დარჩა. ამიტომაც პროტესტანტთა პოზიციები გაძლიერდა და გაღრმავდა მათი სურვილი, მიენიჭებინათ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ეკლესიოლოგიური ხასიათი... იმის სურვილით, რომ თავიდან აგვეცილებინა დაპირისპირება საქართველოს ეკლესიაში და, საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში, წმინდა სინოდმა მიიღო მეტად მკვეთრი, ბევრისათვის ფრიად მოულოდნელი გადაწყვეტილება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლის შესახებ, ხოლო ამ ბერებს უმძიმესი ცოდვის − განხეთქილების შემოტანის მცდელობისათვის − დაედოთ საეკლესიო სასჯელი... ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლის ფაქტი თითქოს კარგად მიიღეს განდგომილებმა, პატიება ითხოვეს და განაცხადეს, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვინდოდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოროტი მაინც არ ისვენებს. მღვდელმოქმედების აკრძალვაში მყოფმა არქიმანდრიტმა იოანემ (შეყლაშვილი) ახალი აბსურდული და გამაოგნებელი მოთხოვნა წამოაყენა: საქართველოს ეკლესიამ ევქარისტული კავშირი გაწყვიტოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ისინი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ განდგომილებით იმუქრება, მას ზოგიერთი მიმდევარიც გამოუჩნდა. ამ ადამიანების მიზანი სრულიად აშკარა და ნათელია. მათ ყოველი ღონით, ნებისმიერი საშუალებით სურთ მიაღწიონ განხეთქილებას და დამოუკიდებელი სქიზმატური დაჯგუფებების შექმნას, რათა ამ გზით გახლიჩონ ერი და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს კი რომელი პოლიტიკური ძალების მიზნებსაც შეესაბამება, თქვენ თვითონ განსაჯეთ! მათი განცხადებით, მწვალებელია და შეცდომილია როგორც მსოფლიო პატრიარქი, ისე იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის და ა. შ. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია და მათი მეთაურნი, ათონის წმიდა მთის ბერები, სინას მონასტერი, სხვა წმიდა სავანენი, რომლითაც ამაყობს მთელი მართლმადიდებელი სამყარო, რადგან ყველა ერთმანეთთან არის ევრაქისტულ კავშირში. და რა გამოდის, მხოლოდ არქიმანდრიტი იოანე და მისი მიმდევარნი არიან ჭეშმარიტების მქადაგებელი „წმიდა“ მამები?!... ისინი მიდიან საშინელ პროვოკაციებზე, რათა როგორმე გამოიწვიონ ეკლესიაში დაპირისპირება. ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება შველა და დახმარება, უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის შეწევნით გადავარჩინოთ მათი სულები. მოგმართავთ ყველა ეკლესია-მონასტერს, საქართველოს ეკლესიის წევრ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვილოცოთ მათთვის“ („საქ. რესპ“. 17 ივლისი, 1997).TK
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი: „ჩვენს ერსა და ეკლესიაში განხეთქილების შემოტანის მცდელობისათვის ბერების ერთ ჯგუფს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის ა. წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით დაედო საეკლესიო სასჯელი... ამ ნიადაგზე ა. წ. 14 ივლისს ბეთანიის მამათა მონასტერში მოხდა უპრეცედენტო პროვოკაციული ფაქტი: იქ წირვა-ლოცვის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ გაგზავნილი მღვდელმთვრები და სასულიერო პირნი, ასევე იყვნენ ბეთანიაში მცხოვრები, მღვდელმოქმედებააკრძალული სამი ბერი და რამდენიმე ერისკაცი. საღამოს 21 საათზე თბილისიდან ბეთანიაში ჩავიდა საეჭვო ქცევის უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც წმ. სინოდის მიერ დასჯილ ბერებთან ერთად, ძალის გამოყენებითა და მუქარით მონასტრიდან გამოიყვანეს საპატრიარქოდან გაგზავნილი სასულიერო პირნი და მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი იღუმენი ბენიამინი (ბელქანია), რომელიც არ აჰყვა მათ უსამართლო მოთხოვნებს. შეიქნა ფიზიკური შეურაცხყოფის საშიშროება... მსგავსი მოვლენები მოხდა ზარზმაშიც. ზარზმის მონასტრიდან არაეკლესიურმა, საერო ადამიანებმა იძულებით გამოიყვანეს მღვდელმონაზონი იოანე (ოქროპირიძე)... აღნიშნული სასულიერო პირების და მათ თანამდგომდა უკან იმალებიან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის შეტანა“ („საქ. რესპ“. 17 ივლისი, 1997).TK
თამარ ლომიშვილი: „ზვიადისტთა“ გარკვეული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში „მრგვალმა მაგიდამ“ სახე იცვალა და დღეს იგი, ფაქტობრივად, დაშლის პირას მივიდა. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ინიციატივით „ფერნაცვალი“ „მრგვალი მაგიდის“ პარალელურად ნამდვილი „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღდგეს, რომლის დამფუძნებლები წმინდა ილია მართლის საზოგადოება და ჰელსინკის კავშირი იქნებიან. მასში გაერთიანებას აპირებენ კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება და ეროვნული ფრონტი − რადიკალური კავშირი“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
ბეთანიის მონასტერი (მღვდელ-მონაზონი ანგია, ბერი ევტიქი, ბერი გაბრიელი, მორჩილები): „საქართველოს ეკლესია, რომელსაც ეკუმენიზმის მწვალებლობა შეეყარა, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ კაბალაში მოექცა და ხელ-ფეხი შეეკრა ე.წ. „იეღოველებთან“, ბაბტისტებთან, კრიშნაიტებთან და ათასგვარ სხვა ჯურის მწვალებლებთან ბრძოლაში, რის გამოც მან თანდათან დაკარგა ავტორიტეტი, და რაც უფრო სამწუხაროა, მრევლი... კონსტანტინეპოლის ორგზის წმიდა დიდი კრების მე-15 კანონი, ამბობს: „ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ის ჯეროვანი პატივის ღირსია...“ მართლმადიდებლობაზე მოქცეულმა უნდა შეინანოს თავისი მწვალებლური წარსული... საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ბასილ კობახიძე, პუბლიკაციებსა და გამოსვლებში ცდილობს გაამართლოს ეკუმენიზმი და მოხსნას მას მწვალებლობის ბრალდება, რითაც იგი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას, რომელიც უარყოფს რელიგიურ პლურალიზმს და მწვალებლებთან ლოცვით ერთობას... შეუძლებელია ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფებოდეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, სანამ საქართველოს ეკლესიის სინოდი არ დაგმობს და არ შეაჩვენებს ეკუმენიზმს და არ გაწყვეტს ევქარისტიულ კავშირს ეკუმენისტურ საყრდენებთან... ეპისკოპოს დანიელის ხელმძღვანელობით 14 ივლისს ბეთანიის მონასტერში ჩამოვიდა ექვსი ეპისკოპოსის, ოთხი მღვდლისა და რამდენიმე უცნობი საერო პირისგან შემდგარი ჯგუფი. მათ, პატრიარქ ილია მეორის ბრძანების შესაბამისად, ბერებისგან კელიების დაცლა მოითხოვეს. მაგრამ, ვინაიდან მწვალებლობის საჯაროდ მქადაგებელი საპატრიარქოს იურისდიქციაში აღარ ვიმყოფებით, მართლმადიდებელთა სავანე მომხდურებს არ დავუთმეთ, რის გამოც მათთან დისკუსია თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. იგი საპატრიარქოს ემისართა უკან გაბრუნებით დასრულდა“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
არქიმანდრიტი გიორგი ბარიშვილი, ბერი კირიონი, მორჩილი ბესარიონი, მორჩილი გურამი: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს! საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებას! საქართველოს ეკლესიის მრევლს! საგანგაშოა ის გარემოება, რომ სინოდური კრების 20 მაისის განჩინების თანახმად, ეკუმენიზმიდან ოფიციალური გამიჯვნის შემდეგ, ქართველმა ეკუმენისტებმა აღვირახსნილ აგრესიას მიმართეს მართალაღმსარებელი ბერებისა და თანამდგომი მრევლის მიმართ. ამასთან, ისინი, როგორც საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლები, მასობრივი ინფორმაციების საშუალებით, საჯაროდ ცრუდ ქადაგებენ ეკუმენიზმს და იგი მწვალებლობად არ მიაჩნიათ, რაც საპატრიარქოს და მთლიანი სინოდის პოზიციად აღიქმება... საქართველოს ეკლესიის სინოდს, როგორც მისი ქმედებიდან ჩანს, არც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ ჰყავს... აუცილებელია მთელი ერისა და ბერის მიერ მოწვეული სრული და საერთო კრება!.. მივმართავთ საქართველოს მაღალღირს სამღვდელოებასა და ქრისტესმოყვარე ერს! როგორც ყველა ნიშნით ჩანს, ჩვენ შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების ყოფნა-არყოფნის დღეები დადგა! როცა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ვის აირჩევს საქართველო: ეშმაკს თუ ღმერთს?! ანტიქრისტეს თუ ჭეშმარიტ ეკლესიას?! გვრცხვენოდეს ქრისტეს მოღალატე დუმილისა და გვეშინოდეს მარადიული სატანჯველის. ნუ შეგვრცხვება და ნურც შეგვეშინდება მართალი რწმენის დაცვისა, რადგანაც ცოცხალი ღმერთი თავის ერთგულებთანაა! გთხოვთ, ერთობლივი რწმენითა და სურვილით გვერდში ამოვუდგეთ მის უწმინდესობას (მისი მართლაღმსარებლობითი ქმედების შემთხვევაში), რათა: 1. არ ჩატარდეს მოსალოდნელი სინოდური სხდომა, რომელიც მართლაღმსარებელი ბერების უკანონო სასჯელს გაამკაცრებს და საერთოდაც განკვეთს მათ. მოსალოდნელი სასჯელი, რომელიც ღვთის სიტყვას არ ეთანხმება, თავისთავად უძალოა და არაა საშიში. მაგრამ იგი კიდევ უფრო გააღრმავებს იმ უფსკრულს, რომელიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლებსა და ეკუმენისტებს შორის. 2. წესების სრული დაცვით, სასწრაფოდ ჩატარდეს სრული და საერთო კრება ყველა მხარის სრული წარმომადგენლობის მონაწილეობით, ერთადერთი საკითხის გადასაწყვეტად − ეკუმენური მოძრაობა არის მწვალებლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და საკუთარი უკვდავი სულის წინაშე ეკისრება მთელ სინოდს, გულსაკლავად მდუმარე სამღვდელოებასა და მათ გზაზე მორჩილად და უდრტვინველად მიმავალ მრევლს“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
ფრიდონ დოჩია: „საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ინფორმაციით, 14 ივლისს ბეთანიის მამათა მონასტერში უპრეცედენტო პროვოკაციული ფაქტი მოხდა... საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ბეთანიაში წირვა-ლოცვის ჩასატარებლად გაგზავნილ მღვდელმთავრებს და სასულიერო პირებს, სამმა ბერმა და რამდენიმე ერისკაცმა მღვდელმოქმედების საშუალება არ მისცა. პრესცენტრისვე ცნობით, ცხრა საათისთვის თბილისიდან ბეთანიაში საეჭვო ქცევის ახალგაზრდების ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებმაც საპატრიარქოდან გაგზავნილი სასულიერო პირები მონასტრიდან გამოიყვანეს... ფიზიკური შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად მღვდელმთავრებს ბეთანიის მონასტერი დაუტოვებიათ... ინფორმაციის გაგებისთანავე ჩვენ, გაზეთის თანამშრომლები ბეთანიაში გავემართეთ. ჩვენი დანახვისას სასულიერო პირები გაუჩინარდნენ... ჩვენ მიერ ჩამოტანილი საპატრიარქოს ფაქსი, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მამებს მიუტანა... ფაქსი უკანვე დაგვიბრუნეს... მაგრამ მამებმა ჩვენთან შეხვედრა მაინც არ ისურვეს... ერთ-ერთმა ჭაღარა წვეროსანმა კი განმარტა: „ვინც ეს ფაქსი დაწერა, მას არც ეკლესიის და არც მართლმადიდებლობის არაფერი სწამს“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
ზურაბ ჩხაიძე (შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე): „პრობლემები არსებობს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება სხვადასხვა სტრუქტურებშია გაფანტული. თუ საქმე წესის მიხედვით არ მიდის, ვცდილობთ, გამოძების პროცესშივე გამოვასწოროთ ის, რაც საბოლოოდ შეიძლება გამოუსწორებადი გახდეს... პრობლემა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხია. მოსამართლეები პატიმრებს აღმკვეთ ღონისძიებას ხშირად ისე უცვლიან, რომ არც ოპერატიული სამსახურების და არც გამოძიების მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ... ხშირად ოპერატიული მონაცემების არსებობის შემთხვევაშიც კი, ადამიანის მძიმე დანაშაულში მხილება საქმის პირველივე ეტაპზე არ ხერხდება. საამისოდ სხვადასხვა კომბინაციების ჩატარებაა ხოლმე საჭირო და ამ პერიოდში დანმაშავე იზოლირებული უნდა იყოს... ამ მომენტებს სასამართლო აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს, რითაც ასეთ პირებთან ოპერატიულ - საგამომძიებლო მუშაობის გაგრძელების საშუალებას გვართმევს“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
BS Press: „ომი თუ არ უნდათ, შეიარაღება რაში სჭირდებათ? ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის, პოლკოვნიკ დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, „სამინისტროს პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაშია, მაგრამ ისინი ომს არავისთან არ აპირებენ“... პოლკოვნიკის თქმით, არმიას ახალი შეიარაღების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სამაგიეროდ, კადრების მომზადების საკითხი მოგვარებულია. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ოს სამხედროებს ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა არ აქვთ“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
გუბაზ მეგრელიძე: „მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 9 ივნისის დადგენილებით, წყნეთის მოსახლეობას 319 ჰექტარი მიწა გამოეყო, მაგრამ მოგვიანებით, ეს დადგენილება ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა − წყნეთელებისთვის მხოლოდ 22 ჰექტარი გაიმეტა და 120 ჰექტარი ჩინოვნიკებს, პარლამენტარებს და მოქალაქეთა კავშირს „გადაულოცა“... ასეთ „გაუგებრობას“ იმანაც შეუწყო ხელი, რომ წყნეთს, დღეისთვის, სამი პატრონი ჰყავს: ადგილობრივი გამგეობა თბილისის მერიას ექვემდებარება, ორგანიზაცია-დაწესებულებები ვაკის რაიონის გამგეობას, მიწის ფართი კი გარდაბნის რაიონს“ („ალია“, 17-18 ივლისი, 1997).GK
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება სრულიად საქართველოსადმი: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოვუწოდებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ა.წ. 21,22,23 ივლისს − ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს − შეინახოთ მარხვა და გააძლიეროთ ლოცვა“ („საქ.რესპ.“ 18 ივლისი, 1997).GK
თამაზ გაბისონია: „ქართული ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გამოსვლა განდგომილ პირებს არ აკმაყოფილებთ. ისინი სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან კავშირის გაწყვეტას მოითხოვენ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, შიომღვიმის, ბეთანიისა და ზარზმის მონასტრების მსგავსად, გამოეყო ქვათახევის მონასტერიც. ძნელი მოსაძებნია საქართველოში ისეთი მართლმადიდებელი მორწმუნე, რომლისთვისაც არ ეკითხოთ, რა არის ეკუმენიზმი და სწორი იყო თუ არა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა. ამჯერად, ამ შეკითხვას მეორეც დაემატა: „ხომ გამოვედით საბჭოდან, ახლა რაღას მოითხოვენ ეკლესიისგან განდგომილი ბერები?..“
ეკუმენური მოძრაობის პროტესტანტული გარემოს მზარდი გავლენის რეალური შეფასების შედეგად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა − ოცდაოთხივე ეპისკოპოსის თანხმობით − ამ საბჭოდან გამოსვლა ამჯობინა“ („რეზონანსი“ 31 ივლისი, 1997).GK