სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს მეთვალყურეთა მისიის შეფასებას, რომ საქართველოში 27 ოქტომბერს გამართული პრეზიდენტის არჩევნები „ორგანიზებული იყო ეფექტიანად, გამჭვირვალედ, გაიმართა მშვიდობიანად და კონსტრუქციულ ატმოსფეროში.“ ამის შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გაიმარჯვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმების 62,11 პროცენტით. მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა გაოცება სააკაშვილის პარტიისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერასთან დაკავშირებით: „ის 21 და მეტი პროცენტი, რომელიც მიიღო ბაქრაძემ, ჩემთვის მეტად დიდი სიურპრიზია. უარეს შემთხვევაშიც კი არ ველოდი, თუ ასეთი განლაგება იქნებოდა. ამით კარგად იქნა ნაჩვენები ის, რის შესახებაც მუდამ ვლაპარაკობდი: ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ეს ჩემი აზრია, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ“ („საქ.რესპ.“ 2 ნოემბერი, 2013).TK

    მეთვალყურეთა საერთაშორისო დელეგაციებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს „საქართველომ კიდევ ერთხელ ჩააბარა გამოცდები დემოკრატიაზე და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ჩრდილოატლანტიკური სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით“. თავის განცხადებაში რასმუსენმა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება და ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „გააგრძელებს მუშაობას ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რათა დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ნატოს და საქართველოს ურთიერთობებს“. მარგველაშვილს ასევე მიულოცეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საქმეებისა და უშიშროების საკითხებში კეტრინ ეშტონმა და ევროკომისარმა ევროპული მეზობლური პოლიტიკის განვითარების საკითხში შტეფან ფიულემ. ერთობლივ განცხადებაში მათ ასევე მიულოცეს ქართველ ხალხს „მისი ქვეყნის დემოკრატიის ძლიერი მხარეების დემონსტრაცია“. „აღმოსავლური პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ამბიციურ ორმხრივ დღის წესრიგში პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ“, − ნათქვამია ფიულესა და ეშტონის ერთობლივ განცხადებაში. თბილისში ელოდებიან, რომ ვილნიუსში შესაძლებელი გახდება ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების პარაფირება და ხელშეკრულების მიღწევა თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის შესახებ. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება 17 ნოემბერს, ასე, რომ, საქართველოს ვილნიუსში წარმოადგენს გიორგი მარგველაშვილი („საქ.რესპ.“ 2 ნოემბერი, 2013).TK

    „დემოკრატიის ტესტი საქართველოში“, − ამ სათაურით აქვეყნებს New York Times სარედაქციო საბჭოს წერილს საქართველოს შესახებ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 27 ოქტომბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით ამომრჩეველმა საბოლოოდ უთხრა უარი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის ოფისზე კონტროლი შარშან მოიპოვეს. ახლა კი, მათი წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტიც. „საერთაშორისო მეთვალყურეთა შეფასებით, არჩევნები და საარჩევნო კამპანია 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, შესაძლოა, ყველაზე სამართლიანი იყო. მაგრამ არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არჩევნებს სააკაშვილისა და მისი დამარცხებული მიმდევრების სამართლებრივი დევნა მოჰყვეს“, − ნათქვამია სტატიაში. როგორც ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტზე კონტროლი მოიპოვეს, მისი მთავრობის 11 ყოფილი მინისტრი და მაღალჩინოსანი ან სასამართლოს წინაშე წარდგა, ან მათ წაუყენეს ბრალი სხვადასხვა დანაშაულებებისთვის − დაწყებული ქურდობით, მექრთამეობითა და სხვისი ქონების მიტაცებით, დამთავრებული დემონსტრანტებისა და პატიმრების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა პასუხი უნდა აგონ უკანონო ქმედებისთვის, მაგრამ ახალი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, გაფანტოს დამარცხებული პოლიტიკური პარტიის საყოველთაო დევნასთან დაკავშირებული ეჭვები. „ნიუ-იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭოს განცხადებით, ეს გამოძიებები უნდა წარიმართოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მკაცრი დაცვით და ევროკავშირმა, რომელთანაც საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო შეთანხმების დადებისკენ ისწრაფვის, თავისი ბერკეტები უნდა გამოიყენოს; „არჩევნები პრორუსული მილიარდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებაც იყო, რომელიც მხარს უჭერდა მარგველაშვილს. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალი თვიდან უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება, როგორც მოსალოდნელია, მემკვიდრეს შეარჩევს, რაც მას საქართველოს ორი მთავარი წარმომადგენლობის კულისებიდან კონტროლის შესაძლებლობას მისცემს“, − ნათქვამია სარედაქციო საბჭოს წერილში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრზე გადანაწილება უფრო მეტად გააძლიერებს დემოკრატიას, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ კი სინამდვილეში ძალაუფლებას არაანგარიშვალდებული მილიარდერი განახორციელებს. „საქართველოს დემოკრატია კვლავაც მყიფეა. 22-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, საქართველომ ორი გადატრიალება, სეპარატისტული დაძაბულობა და ეს უგუნური ომი გადაიტანა. ახალი ხელისუფლება იმედოვნებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და იმავდროულად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებასაც ცდილობს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე შექმნა კერძო ინვესტირების ფონდი, რომლითაც შუა აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვას იმედოვნებს. ამბიციური გეგმებია. მათ მისაღწევად პოლიტიკური სიმწიფე და ეკონომიკური გამჭვირვალობაა საჭირო“, − ნათქვამია სარედაქციო საბჭოს წერილში („საქ.რესპ.“ 2 ნოემბერი, 2013).TK

    დავით მხეიძე: „როდესაც გიორგი მარგველაშვილზე „დადებულ“ კომპრომატებს ვკითხულობ, აკაკის „გამზრდელი“ მახსენდება. არა, ჭორიკანა დედაკაცობას არ ვიკადრებ, ანუ სულ არ მაინტერესებს, კანონიერ ცოლთან ცხოვრობს „პლასტელინი“ თუ „უკანონოსთან“, მაგრამ ვერც იმას „გავატარებ“, რაც ქართველ ერზე დაუწერია მაშინ, როდესაც ლიბერასტობის დამწყებ კურსებს გადიოდა „თავისუფლების ინსტიტუტში“, თუ მის სიახლოვეს, სადმე, სოროსის სოროში. აი, ერთი ამონარიდი მისი „ფილოსოფიური ტრაქტატიდან“, „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე“ („საქ.რესპ.“ 13 ნოემბერი, 2013).TK

    დავით მხეიძე: „ყველა არაანგაჟებული პოლიტოლოგისთვის თუ ექსპერტისთვის ცხადზე ცხადია, რომ თუ არა ციხის სკანდალური კადრები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობით ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, რადგან ოკეანეს გაღმა დიდი ხნის წინ „წერილ იყო“, რომ არჩევნების შედეგი 60 – 40-ზე % ნაცების სასარგებლოდ უნდა „დადებულიყო“ და ის 40% ქართულ ოცნებას მიშას მიერ დანიშნული „ოპოზიციისთვის“(ახლები, ქდმ, ევროპელი დემოკრატები, პადოშა, ედპ და ა.შ.) უნდა გაეყო და რეალურად ქართული ოცნება 20-22%-ს დასჯერდებოდა! ანუ ფორმალურად მხოლოდ უბრალო უმრავლესობით გამარჯვებული ნაცები რეალურად ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებდნენ და ის პარლამენტი პრეზიდენტის სასახლეს გაპრემიერებულ სააკაშვილს მუდმივ საცხოვრისად დაუმტკიცებდა... ამ კადრების ევროპაში გასაჯაროების ავტორი მაშინდელი წინააღმდეგობის მოძრაობა და მისი ლიდერები: დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, გიორგი ლომია და კოტე ინაშვილი იყვნენ. ევროპიდან დაბრუნებულ ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს, იმის მაგივრად, რომ ყველა ტელევიზიას მიეწვია და პირველწყაროდან გაეგო, რა და როგორ იყო, ჩამოსვლისთანავე მასხარათა ქილიკი ერგოთ ჯილდოდ, ტელევიზიებში კი ძირითადად ის ხალხი ტლიკინებდა, ისინი იწერდნენ ქულებს, ვისაც ამ თემასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ!... ამას წინათ ამ პარტიის(„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) წარმომადგენლებს, რომან ფინის თავკაცობით ამერიკის სენატში შეხვედრები ჰქონდათ, სადაც ათი სენატორი და ასამდე ჟურნალისტ-არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შოკში ჩააგდო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებების ვიზუალურმა დოკუმენტაციამ − გაგიგიათ რაიმე ამის შესახებ „ობიექტივის“ გარდა სხვა ტელევიზიებიდან? ახლა „იგივე საქმე უკვე ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის მონაწილეობით გაგრძელდა: პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავისა და მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში გუშინ დასრულდა: ვიზიტმა ზედმიწევნით წარმატებით ჩაიარა. დავით თარხან-მოურავი არა მარტო აშშ-ის კონგრესსა და სენატში, არამედ თეთრ სახლშიც მიიღეს. მას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე მეტ ნოსანჩუკი და ცსს-ს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულსი შეხვდნენ. „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განვითარების გზაზე ახალ პრემიერს ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ამერიკის შეხვედრებზე „ობიექტივის“ თემას დიდი ყურადღება დაეთმო. „კონგრესშიც, სენატშიც და თეთრ სახლშიც საკმაოდ ფართო საუბარი იყო „ობიექტივზე“, როგორც ერთადერთ მედიასაშუალებაზე, რომელიც არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ანუ ობიექტივი − ეს არის არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, ერთადერთი საქართველოში, რომელიც ფლობს შესაბამის ლიცენზიას და მაუწყებლობს როგორც მეტრულ დიაპაზონში, ისე სატელიტზე და მრავალ საკაბელოში, აქვს რადიომაუწყებლობა, რომელსაც უშუალოდ ჟურნალისტები მართავენ. ამიტომ, საუბარი იყო იმაზე, რომ სწორედ ასეთ მედიასაშუალებებს სჭირდებათ ხელშეწყობა“, − განაცხადა „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტენსივობით საქართველოში დევნილების პრობლემებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები განიხილებოდა. გინახავთ სადმე, რომ არასაპარლამენტო პარტიის ლიდერი სენატსა და თეთრ სახლში ასეთ მაღალ დონეზე მიეღოთ? მიუხედავად ამისა, ჩვენი „თავისუფალი ტელევიზიების“ მხრიდან კვლავ დუმილია“ („საქ.რესპ.“ 13 ნოემბერი, 2013).TK

    დავით მხეიძე: „ამ „მაოხრებელი გზირის“, მიშა სააკაშვილის, საბოლოო პოლიტიკურ გასვენებამდე ორიოდე დღეა დარჩენილი! მიშას აღმზრდელი ამერიკელების წესია, რომ აშშ-ის პრეზიდენტები, არათუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, არამედ საკუთარი პრეზიდენტობის ბოლო წელსაც კი, მკვეთრ მოძრაობებს ერიდებიან და ამიტომაც ჰქვიათ „კოჭლი იხვი“... მიუხედავად ამისა, ჩვენს „კოჭლ ბატს“ არ ასვენებს გამჩენი! ათასობით თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რაც სხვა არაფერია თუ არა მომავალი არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩევლების მომრავლება; ათასობით საშიში დამნაშავის შეწყალება, მათ შორის თენგიზ გუნავასა და ბაჩანა ახალაიასი და, კაცმა არ იცის, კიდევ რის მოოხრებას მოასწრებს ეს ნაძირალა დარჩენილ წუთებში! და ყველაზე მთავარი − ამ კრეტინის აშკარა ვოლუნტარიზმი არ აღელვებთ მის მფარველებს დასავლეთში და ისე გაგვითავხედდნენ, რომ ყოველგვარი დიპლომატიური შეფუთვის გარეშე, ღია, მუქარანარევი ტექსტით უკრძალავენ ახალ ხელისუფლებას სააკაშვილის დაჭერა-პასუხისგებაში მიცემაზე ფიქრსაც კი! თუმცა, ხელისუფლებაშიც ბლომად არიან ისეთები, ვისაც სააკაშვილის დაჭერა არც აქამდე უფიქრიათ! დავით უსუფაშვილს რომ თავი დავანებოთ, რომელსაც წამოსცდა, „ჩვენი მიზანი ნაცების გადარჩენააო“, მარტო ლევან ბერძენიშვილი რად ღირს, რომ დაახეთქა − ჩვენ ახლა დემოკრატიის მეორე კლასში ვართ და თუ სააკაშვილს არ დავიჭერთ, „სრაზუ“ მეოთხეში დაგვასკუპებენ, თუ არადა ნულ კლასში დაგვაბრუნებენო“ („საქ.რესპ.“ 13 ნოემბერი, 2013).TK

    „თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში“, − ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა ის თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიის გარდაქმნის პროცესი მთლიანობაში დადებითად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოლანდიელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი ბიძინა ივანიშვილის 23 ოქტომბერს შეხვდნენ. დიპლომატი, პროფესორი კოტე ჟღენტი თვლის, რომ მხოლოდ ფორმალურად ჰგავს ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობა − მხოლოდ იმით, რომ იქაც და აქაც ყოფილი პრემიერ-მინისტრები არიან დაპატიმრებულები. „სხვა ვერანაირ საერთოს ვერ ვხედავ. როდესაც ამობენ, რომ ეჭვი ეპარებათ, ხომ არ არის გამოყენებული სასამართლო დევნა პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის კითხვა და კითხვის დასმა ყველას შეუძლია! ეს ჩვეულებრივი ამბავია − საქართველოს ხელისუფლების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები და სასამართლოში მიმდინარეობს მისი განხილვა. ახალაიასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სწამს, რომ ახალაია იმ საქმეებში, რომელშიც ბრალი წაუყენეს, დამნაშავე იყო, მაგრამ მოსამართლემ ამ ეპიზოდებში გაამართლა. სხვა რაღა უნდა ბატონ ბილდტს?“ − აცხადებს კოტე ჟღენტი. ექსპერტი არჩილ გამზარდია უკრაინასთან პარალელების გავლების კუთხით საერთოს ვერაფერს ხედავს და თვლის, რომ საქართველოში სრულიად სხვა მოცემულობაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი სრულიად სხვა ასპექტები და მიდგომები არსებობდა. რას ნიშნავს, როდესაც დასავლელი დიპლომატი ასეთ წინაპირობას გვიყენებს, მუქარაა ეს, გაფრთხილება თუ პრევენციული განცხადება, იმისათვის, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცდომა არ დაუშვას? − ქართველი ექსპერტები, დიპლომატები და პოლიტიკოსები თვლიან: ეს სხვა არაფერია, თუ არა, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას“, − აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. უფრო მეტიც − კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე და ხედავს კიდეც შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. მისივე განმარტებით, ათიოდე დღის წინათ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა. კოტე ჟღენტი თვლის, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი პირობად აყენებს იმას, რომ „თუ სააკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყება...“, ეს არის აბსოლუტურად არაკორექტული გამონათქვამი, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი; შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო შორსაც მიდის და ითვლის, საქართველოში ვინ რამდენი ხნით ჰყავთ დაკავებული და ვისი საქმის განხილვა როდისთვის არის დაგეგმილი. „თუ არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება − წესიერ სასამართლოში, ეს ერთია, მაგრამ, როცა გვაქვს პოლიტიკური ასპექტები, ხალხი დაკავებული გყავს საკმაოდ დიდი ხნით, სასამართლოში საქმის განუხილველად, ამას შურისძიების პოლიტიკის სუნი უდის და ეს არ არის გამართლებული გზა“, − აცხადებს კარლ ბილდტი. კოტე ჟღენტი თვლის, რომ ეს ბილდტის შეხედულებაა, „მე და კიდევ ძალიან ბევრი ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით“. არჩილ  გამზარდია მიიჩნევს, რომ მტკივნეული პროცესია და ცხად მოცემულობას ითხოვს, როდესაც მმართველი პირების მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოებითი პროცესი, რადგან სააკაშვილმაც თავისი მოღვაწეობა დაიწყო შევარდნაძისდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებით, ოღონდ მაშინ რატომღაც ასეთი გამოძახილი არ გვქონია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან... მართლაც, საინტერესოა, რა ამოძრავებს ზოგიერთ დიპლომატს − თუ მხოლოდ საქართველოსადმი კეთილი სურვილები, საკითხავია, სად იყვნენ და რას ელოდებოდნენ თუნდაც ერთი წლის წინათ, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიული ღირებულება ფეხქვეშ ითელებოდა, ილახებოდა ადამიანის უფლებები, იზღუდებოდა თავისუფლება(„საქ.რესპ.“ 13 ნოემბერი, 2013).TK

    /გაგრძელება/