გულბაათ რცხილაძე, ქართველები და რუსული მესიანიზმი
ნათელა არველაძე
დიდება მყიფე კეისარს!
ეს არის რეზიუმე ხელოვნებათმცოდნის მიერ შეფასებული წარმოდგენისა `იულიუს კეისარი~, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით დადგა. სტატიის ავტორის აზრით, რობერტ სტურუას მხატვრული გადაწყვეტა შეიძლება მიიღო, ან არ მიიღო, მაგრამ იმის უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს არის მაღალი რანგის პროფესიული აზროვნებით შექმნილი, აქტუალური, ასოციაციური ნაკადით მდიდარი, ქვეტექსტებით აღსავსე, ინტელექტუალური სანახაობა.
თინა იველაშვილი
მათ ჩვენი კულტურის მოსპობა აინტერესებთ
საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მესვეურნი და ხალხი ზნეობრივი პრინციპების, ეროვნული თვითმყოფადობისა თუ მენტალიტეტის დაცვა-გაძლიერებაზე ზრუნავდნენ. დღეს კი ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე, ოჯახსა და ზნეობაზე ფართომასშტაბიანი მიზანმიმარათული შეტევა მიმდინარეობს. ამ მხრივ ჩვენი ისტორიის არც ერთ პერიოდში ქართველი ხალხი არ მდგარა ეროვნული გადაგვარების ისეთ საშიშროების წინაშე, როგორც ამ ბოლო დროს. საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ამ ბოლო წლებში მიღებული კანონები ქართველი ხალხის, ქართული სულის, ქართული რელიგიური რწმენის _ მართლმადიდებლობის, ადამიანური მორალური ნორმების, ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია. დღეს, როგორც არასდროს, როცა უზნეობა, ამორალიზმი, სიბილწე, სულისა და ხორცის გახრწნილება ერთმანეთშია არეული და ძაღლი პატრონს ვეღარა სცნობს, ქვეყნის ისტორიული წარსულის სწორი გააზრება-შესისხლხორცება, დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ისეთ ქვეყანას, სადაც უარყოფილი იქნება ტრადიციული ფასეულობები, სამშობლო, პატრიოტიზმი, მომავლის რწმენა, საზოგადოების ინტერესები, ისტორია, სარწმუნოება და მხოლოდ პიროვნებათა ხორციელი სიამოვნება იქნება წინ წამოწეული, მას დიდი ხნის არსებობა არ უწერია, იგი გაქრობისთვისაა განწირული.
კორნელი კეკელიძე
ქართული წვლილი ბიზანტიურ ლიტერატურაში
ცნობილი ქართველი მეცნიერის კ. კეკელიძის (1879 _ 1962) წინამდებარე ნარკვევი, რომელიც პირველად 1950 წელს გამოქვეყნდა, ამჟამადაც აქტუალურია. მასში დოკუმენტურად დასაბუთებულია, რომ ბერძნულიდან ნათარგმნმა ქართულმა ლიტერატურამ შემოინახა ისეთი მასალები, რომელთა დედნები აღარ არსებობს. ამიტომ ბერძნულ-ბიზანტიური მწერლობის ისტორიის ლაკუნებს ქართული წყაროები ავსებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიზანტიური კულტურა ერთ დროს მსოფლიო კულტურის როლში გამოდიოდა: შუა საუკუნეებში ეს კულტურა არა მარტო წინა-აზიის ქვეყნების, არამედ დასავლეთ-ევროპის ქრისტიანული კულტურის ნიადაგსაც აპოხიერებდა. როგორც არ უნდა მიჩქმალონ ევროპელმა მეცნიერებმა ამ კულტურის მნიშვნელობა, მათ არ შეუძლიათ იმისი უარყოფა, რომ, სხვა პირობებთან ერთად, ამ კულტურამ ნიადაგი შეუმზადა ევროპის განახლებასა და რენესანსს. აქედან გამომდინარე, თუ ქართულ ლიტერატურას რაიმე დამსახურება მიუძღვის ბიზანტიური მწერლობის წინაშე, მას ერთგვარი დამსახურება ევროპის კულტურის წინაშეც ჰქონია.
ანზორ თოთაძე
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის
აღწერის ძირითადი შედეგები
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა, რომელიც 5-დან 19 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% (57 ათასი კვ.კმ). აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: აფხაზეთის არ-ში და ცხინვალის რეგიონში (მთლიანი ფართობი _ 13 ათასი კვ.კმ). 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ _ 1 591 181 კაცი. შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 7,1 % შეადგინა. აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 პროცენტს _ ქალები. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 6,3 პროცენტს _ აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5 პროცენტს _ სომეხი ეროვნების მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7 პროცენტი, ხოლო სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9 პროცენტი. აღწერის შედეგად მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიულის _ 17,4%, სრული ზოგადი განათლების (საშუალო განათლება) _ 36,7 %. ზოგადი განათლების საბაზო საფეხური მიუთითა 8,4 პროცენტმა, ხოლო დაწყებითი საფეხური _ 5,7 პროცენტმა.
ზურაბ ცუცქირიძე
ისტორიის მკაცრი გაკვეთილები და
უგულისყურო მოწაფეები
ავტორი ქართველ ერს მრავალ ისტორიულ გაკვეთილს შეახსენებს, რომელთა გაუთვალისწინებლობამ მხოლოდ ტრაგიკული მოვლენები განავითარა. დღესაც იგივე რომ არ განმეორდეს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართველ ხალხს უფლება არა აქვს იმ საშინელებათა დავიწყებისა, რაც `ნაციონალური მოძრაობის~ ცხრაწლიანმა მმართველობამ ქვეყანას მოუტანა. ავტორი მკითხველს შეაგონებს, რომ ყოველ მოქალაქეს გულისხმიერება მოეთხოვება: ისტორიამ დანდობა არ იცის.
მამუკა ცუხიშვილი
მცხეთის წმიდა ეკატერინეს (ოლღას)
სახელობის დედათა მონასტერი
მცხეთის ეკატერინეს სახელობის ტაძარი შუა საუკუნეებში სინას მთის მეტოქედ აუშენებიათ და აქ მამათა მონასტერი დაუფუძნებიათ. ორ მთას შუა მდებარე პატარა წალკოტში საუკუნეების ნამძილზე არ შეწყვეტილა ღმრთისმსახურება, თუმცა ისტორიული ავბედითობის გამო, როგორც ჩანს, ერთ ხანს მონასტერი უპატრონოდ იყო მიტოვებული, რამაც გამოიწვია მისი გაუდაბურება. XIX საუკუნის მიწურულს ტაძარი რუსი ინჟინრის გორნიჩის წყალობით შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. მანვე ძველი სავანე განაახლა და გაამშვენა, სადაც იმავე საუკუნის მიწურულს დედათა მონასტერი დააარსა მისმა ქვრივმა და შემდეგში პირველმა წინამძღვარმა ოლღა გორნიჩმა.
გარდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრისა, აქვე ყოფილა ღმრთისმშობლის მიძინების და დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძრები, რომელთაგან ღმრთისმშობლის ტაძარი ამჟამად განახლებული და ნაკურთხია, ხოლო წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია ჩვენამდე. ბოლო 5-7 წლის განმავლობაში მონასტრის ტაძრები განსაკუთრებული რუდუნებით შეკეთდა და გამშვენდა ხატებით. გალამაზდა მონასტრის ეზო, კეთილმოეწყო საცხოვრებელი სენაკები, სტუმრების მისაღები ოთახი და სატრაპეზო. პატარა პანთეონში, სადაც განისვენებენ მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწე დედები, დაიდგა ჯვრები, რომელზედაც დააწერეს სახელები. ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება საუფლო და ყველა დიდ დღესასწაულზე, განსაკუთრებით მაშინ მიმდინარეობს 24-საათიანი უწყვეტი ლოცვები, როდესაც არის მარხვა.
გულბაათ რცხილაძე
ქართველები და რუსული მესიანიზმი
სტატიაში განხილულია ერთი ბიზანტიური საეკლესიო წინასწარმეტყველება მუსლიმების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობისა და „ქერათმიანთა მოდგმის“, ანუ, როგორც შუა საუკუნეების საეკლესიო მწერლები, მაგალითად, პახუმი სერბი, მიიჩნევდნენ, „რუსთა მოდგმის“ მიერ მისი გათავისუფლების შესახებ. სტატიის ავტორმა გამოიკვლია წარმომავლობა ტერმინისა „რუსთა მოდგმა“ და დაადგინა, რომ ყველაზე ძველი წერილობითი მოწმობა ამ სიტყვათწყობისა, თურქებისაგან კონსტანტინეპოლის გათავისუფლების კონტექსტში, ეკუთვნით მე-14-15 საუკუნეების ავტორებსა და გადამწერებს იოანე ცოფაიშვილსა და დანიელ ხამბაშურს. მეტიც, სტატიაში მოხმობილია მე-20 საუკუნის რუსი ისტორიკოსის ნიკოლაი ულიანოვის ციტატა იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთა მოდგმის“ ცნება პირველად სწორედ ქართველმა ავტორებმა დაამკვიდრეს. ამასთან, ულიანოვი ეყრდნობა ქართული ხელნაწერის ფრანგულ თარგმანს, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში შეასრულა გამოჩენილმა ფრანგმა ორიენტალისტმა მარი ბროსემ. სტატიის ავტორი შესაბამისი ლიტერატურის დახმარებით ამტკიცებს, რომ საქმე სწორედ ცოფაიშვილი-ხამბაშურის ხელნაწერს ეხება, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ინახება. ამასთან, სტატიის ავტორი მიიჩნევს სენსაციად იმას, რომ „რუსთა მოდგმის“ ცნება პირველად ქართულ ენაზე ფიქსირდება და რუსული მესიანური სწავლება კონსტანტინეპოლის გათავისუფლების თაობაზე, სულ მცირე, ირიბად საქართველოსთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, იგი მიიჩნევს, რომ ისტორიის ეს ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი კიდევ ერთხელ ასახავს მართლმადიდებელი ხალხების, განსაკუთრებით კი, ქართველების და რუსების დიდ ისტორიულ და სულიერ კავშირს.