ვახუშტი ფარცვანია (ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „ბატონო პრეზიდენტო! იცით რა მინდა მოგახსენოთ? ძალიან მეცოდებით, რადგანაც თქვენ თქვენი სანდო გარემოცვის უმრავლესობა გატყუებთ... სიმართლის მრჩევლები ჭირივით გეზიზღებათ... მე არასოდეს ვიქნები თქვენი პიროვნების მტერი, მაგრამ თქვენი და თქვენი გარემოცვის პოლიტიკის დაუძინებელი მტერი ვიქნები მანამ, სანამ თქვენი გაპრეზიდენტების შეცდომას ისევ ჩემი ერი არ გამოასწორებს...
ჩვენი ღრმად პატივცემული პრეზიდენტი ამას წინათ რომ ბრძანებდა: „სამარცხვინოა ჩვენი ოპოზიცია, მე ვერ ვხედავ ნამდვილ რეალურ ოპონენტებს, ვისთანაც შესაძლებელია ადამიანური დიალოგიო...“ მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო! სულ მალე იხილავთ რეალურ ოპოზიციას. ნუ იქნებით სულსწრაფი, ოდნავ მოითმინეთ. მაგრამ ვეჭვობ, რომ თქვენ შეძლებთ ჩვენთან დიალოგს. დიალოგი არ შედგება ორი მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ სადიალოგოდ დრო უკვე ამოიწურა. მეორე მიზეზი უფრო მარტივია − ვისთან უნდა შედგეს დიალოგი? თქვენ დიდი ხანია რეალური შანსი, ოქროს ასოებით ჩაწერილიყავით საქართველოს ისტორიაში, ხელიდან გაუშვით“ („ლიტ.საქ.“ 9 მარტი, 2007).GK
გურამ ყორღანაშვილი (როსტომ ჩხეიძეზე): „დაახლოებით თორმეტიოდე წლის წინ სიტყვა ჩამომიგდო გიორგი სააკაძის შესახებ. მე დავუდასტურე, რომ ამ ისტორიულ პიროვნებას ნამეტან დადებითად აფასებენ, რაც მოდის იოსებ სტალინის მცდელობიდან. თავის მხრივ, კი ამას იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ მას გაემართლებინა თავის სამარცხვინო როლი − ბოლშევიკურ-კომუნისტური ურდოების საქართველოში შემოჭრა „ნამდვილი“ სოციალიზმის დასამყარებლად. თითქოს მსგავსი მიზანი ჰქონდა გიორგი სააკაძესაც: საქართველოს გაერთიანება უცხო ძალების (ირანის) მეშვეობით. მაგრამ მოყვარულ ისტორიკოსს (ამ დარგშიც რომ პროფესიონალად მიაჩნია თავი) ავუხსენი, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, ობიექტურად გიორგი სააკაძემ მაინც თვალსაჩინო დადებითი როლი ითამაშა საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიაში, რამეთუ მისი ძალისხმევითაც მოხდა ის, რომ საქართველოს ამ კუთხემ არ გაიზიარა კახეთის ბედი. ჩემი შეგონება ლიტერატორისადმი „მგლის თავზე სახარების კითხვას“ დაემსგავსა: მას არა და არ სურს გიორგი სააკაძეში რაიმე დადებითი დაინახოს. მეტიც, იგი ქადაგებს კიდეც უკანასკნელის ძეგლების (კასპსა და თბილისში) აღებას...
ავტორისეული მკრეხელობა კიდევ უფრო შორს წავიდა: თითქოს ივანე ჯავახიშვილი წიგნაკის (იგულისხმება „მამულიშვილობა და მეცნიერება“ – გ.ყ.) დაწერისას „პეტერბურგული სამზერიდან უყურებდა პატარა ქვეყნის მღელვარე ცხოვრებას“, თანაც, იმხანად კოსმოპოლიტიზმი შეჰყრია. პატარა კაცმა თვითონ ილიაც კი არ დაინდო და დაჯღაპნა: „თავის დროზე თვით ილია ჭავჭავაძეც აცდუნა კოსმოპოლიტურმა იდეებმა, ათასგვარ განყენებულ თეორიებს და სოციალურ პრობლემებს ამიტომაც ანიჭებდა გადამეტებულ ყურადღებას. მაგრამ მის არსებაში უთუოდ უნდა მომხდარიყო ეს ფერისცვალება. რაზეც, თურმე ქვეყნის ბედი ეკიდა. ჯერ ეროვნული იდეალები იყო მოსასვლელი, ჯერ საქართველოს თავისუფლება უნდა მოეპოვებინათ, ყველა სხვა პრობლემას კი მერე მიხედავდნენ“...
ქართველობა, როგორც ერი, გაჩნდა XI-XII საუკუნეებში და არა მეცხრამეტე საუკუნეში, როგორც ამას იოსებ სტალინი და რიგი საბჭოთა ისტორიკოსებისა ამტკიცებდა“ („ლიტ.საქ.“ 9 მარტი, 2007).GK
ბეგლარ გოგოლაძე: „პრეზიდენტის გამოსვლებს რომ ვუსმენ, ზოგჯერ მეჩვენება, ქვეყანა აყვავებულა, მე კი ჭაში ჩამხტარი ბაყაყივით, მარტო ჭის ზევით ვხედავ ცარიელ სივრცეს და ირგვლივ უკუნეთია. მაგრამ რეალურად რომ ჭის ზემოთ ვარსებობ და ყველაფერს ვხედავ?... მარტო ვაგზლის მოედანზე, მეტროს გასასვლელში, ნებისმიერ დროს, რომ ხუთზე ნაკლებ მათხოვარს ვერ ნახავთ, სადღესასწაულო დღეებში კი ორჯერ და სამჯერ მეტიცაა − ხალხის კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრების შედეგია? რატომ არის საავადმყოფოებში საწოლები თავისუფალი, ავადმყოფები კი საექიმო დახმარების გარეშე პანტა-პუნტით ტოვებენ ქვეყანას?... რატომ გახდა ამ ბოლო პერიოდში, ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში შობადობა-სიკვდილიანობის სალდო მკვეთრად უარყოფითი? ის მაინც თუ იცით, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიარო სახლში, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 29 ბავშვი იბადება, მხოლოდ მეხუთე, ე.ი. 20 პროცენტიც არ არის ქართველი და ეს რიცხვი ტიპიური ყოფილა მთელი თბილისისთვის? რატომ შემცირდა ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 14 წლის მანძილზე (1993-2006 წლებში) 1066100 კაცით, უფრო ზუსტი მონაცემებით კი – 1346800 კაცით? კლების ეს პროცესი კი, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მონოტონურად იზრდება! ამ ციფრებით შეიძლება ადვილად დავითვალოთ, რომ თუ ასე გაგრძელდება, 25-30 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა განახევრდება, დედაქალაქში კი ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან და რაღა თავში ვიხლით შადრევნებსა და კარუსელებს, არავინ იცის. მოყვანილი ციფრების სინამდვილეში დარწმუნებისთვის იფიქრეთ, რატომ შეიყვანა გაერომ, უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო მომაკვდავი ქვეყნების სიაში? შეეშალათ, თუ ნიშნის მოგებით გაგვიკეთეს? აღარაფერს ვამბობთ იმ 800 000-ამდე პენსიონერზე (მთელი მოსახლეობის 21%-ზე), რომლებსაც კომუნალურ გადასახადებშიც არ ჰყოფნით მთავრობისგან სამადლოდ მიგდებული პენსია და ნაადრევი სიკვდილისთვის არიან განწირულნი. აღარაფერს ვამბობთ ათეულათასობით პედაგოგსა და ექიმზე, რომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმის ნახევარიც არ არის! აღარაფერს ვამბობთ სამსახურებიდან იძულებით დათხოვნილ პროფესორ-მასწავლებლებზე, უმუშევრად დარჩენილ შრომისუნარიანი მოსახლეობის 60 პროცენტზე, ნახევარ მილიონ ნარკომანზე, საზღვარგარეთ საშოვარზე გაგდებულ მილიონამდე მუშა-ხელზე“ („ლიტ.საქ.“ 16 მარტი, 2007).GK
ოთარ გობეჯიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში არნახული გაქანებით მიმდინარეობს „ველური კაპიტალიზმის“ შენების პროცესი, რომლის მთავარ ინსტრუქტორად რუსეთიდან მოწვეულ იქნა ბატონი კახა ბენდუქიძე, ჩამოსვლისთანავე რამდენიმე საპროგრამო განაცხადი რომ გააკეთა − იყიდება ყველაფერი სინდისის და ნამუსის გარდაო. სტივენ მენმა − ჯორჯ ბუშის მრჩეველმა კასპიის ენერგეტიკული რესურსების საკითხებში − გასულ წლებში ჩვენი მთავრობა გააფრთხილა, ცენტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსეთისთვის არამიზანშეწონილია, ვინაიდან ეს არის სტრატეგიული ობიექტიო. საქართველოს საპატრიარქო უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ ყოვლად მიუღებელია მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების კერძო სექტორზე გადაცემა და საბაზრო პრინციპებით მისი მართვა. საპატრიარქოს ეს რჩევა მთავრობამ ყურად არ იღო, ბენდუქიძემ თავისი გაიტანა...
ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობიდან 300 ათას ჰექტარზე მეტი იჯარით არის გაცემული, გამოსყიდვის უპირატესი უფლებით, როგორ და რა გზებით ჩაიგდეს ხელში ეს მეიჯარეებმა, ბურუსითაა მოცული...
მშობლიურ აზროვნებას ენას, სარწმუნოებასა და მამულს ეპატრონება ვიღაც გადამთიელი. გაიხსენეთ 300 წელი არაბები ისხდნენ თბილისში, დღეს კი ჩინელებმა წაგვლეკეს. თუ ასე გაგრძელდა, ოცი წლის შემდეგ ოთხი-ხუთი მილიონი ჩინელი გვეყოლება. გავიხსენოთ, ცხინვალში 1900 წელს სულ სამი ოსური ოჯახი იყო. დღეს კი რაც ხდება შიდა ქართლში, ყველას კარგად მოგვეხსენება. სომხეთში სამი-ოთხი პროცენტი არ იქნება სხვა ეროვნების მოსახლეობა... სომეხი საქართველოში 600 000, ამდენივე აზერბაიჯანელი, 28 000 ქურთი, ამას დაუმატეთ ათასობით თურქი, ჩინელი, არაბი და ცხადი გახდება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა“ („ლიტ.საქ.“ 16 მარტი, 2007).GK
მიხეილ სააკაშვილი: „გაპარტახებული და წარუმატებლობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის ნაცვლად, ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებული სახელმწიფოა... რომელიც არის ამაყი და წელში გამართული, რომელშიც ხალხს დაუბრუნდა ეროვნული ღირსების განცდა და რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ოპტიმიზმის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით...
რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ, ყველა გამოკითხვით გვაქვს ხალხის ფენომენალური მხარდაჭერა, რომლისაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ. ყველაფრის მიუხედავად, შარშანდელი წელი იყო დიდი ეკონომიკური წინსვლისა და შემობრუნების წელი. შარშანდელი წელი ჩვენ დავამთავრეთ ძალიან შთამბეჭდავი, თითქმის 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით...
ჩრდილოეთით ჩაკეტილი ვაჭრობის მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა და მან 2006 წელს თითქმის 5 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა... საქართველოში შარშანდელი წლის განმავლობაში ჩაიდო მილიარდ ასოცი მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. საქართველოს აქვს არაკორუმპირებული, მოქნილი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს, როგორც მთავარი საოპერაციო პლაცდარმი. საქართველო შეასრულებს იგივე როლს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ასრულებს დუბაი, ხოლო აზიაში ასრულებდა სინგაპური...
შარშანდელი წელი იყო კრიმინალთან და კორუფციასთან დიდი და, რაც მთავარია, წარმატებული ბრძოლის წელი. დიდი წარმატებები გვაქვს დამნაშავეობასთან ბრძოლაში. ყველა მიმართულებით საქართველოში რეალურად შემცირდა დანაშაული. ადამიანებს აღარ ეშინიათ ოჯახის წევრის გარეთ გაშვება, მანქანის ქუჩაში გაჩერება. ყოველივე ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვაცხადეთ ლოზუნგი − „ნულოვანი მოთმენა ყველანაირი დანაშაულის მიმართ“... საქართველოს შეუძლია დაიკვეხნოს, როგორც დანაშაულის კლების, ისე მისი გახსნის ზრდის მკვეთრი დინამიკით. საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომელსაც ენდობიან და რომლის იმედიც აქვთ. ამოიძირკვა ის მრავალი საბჭოთა ტრადიცია − მაგალითად, ჩვენების გამოძალვა წამებისა და ცემის გზით, იარაღის ან ნარკოტიკის ჩაგდება და ამის საფუძველზე ადამიანის გასამართლება“ („ლიტ.საქ.“ 23 მარტი, 2007).GK
ირინა სარიშვილი (პოლიტიკური გაერთიანება „იმედის“ თავმჯდომარე): „ამერიკის შეერთებული შტატების აფიორა კავკასიის რეგიონში, რომელიც მიმართულია ევროპაზე სრული მონოპოლიის მოპოვებისკენ, იწყება და ეფუძნება აშშ-ს მიერ „აღმოჩენილ“ „შაჰდენიზის“ გაზის საბადოს, სადაც სინამდვილეში გაზი არ არის, უფრო სწორად კი, „შაჰდენიზის“ გაზის საბადო საერთოდ არ არსებობს...
„გაზპრომი“ გაზის ყოველი გაძვირებისას, სანაცვლოდ ჩვენი გაზსადენის მიყიდვას ითხოვს... რუსეთს ჩვენი გაზსადენი სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ გავიდეს თურქეთზე და გაზი გაყიდოს თურქეთში. ამისთვის საჭიროა ბათუმიდან რიზემდე დაახლოებით 100 კილომეტრის ახალი გაზსადენის გაყვანა და ის თურქეთის ცენტრალურ სისტემას შუერთდება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კატეგორიულად უკრძალავს საქართველოს რუსული გაზის, საქართველოს გავლით, თურქეთამდე გატარებას. საქმე ისაა, რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი არაფერი არ არის. შეიძლება მას ჰქონდეს მცირე მნიშვნელობა, მაგრამ სინამდვილეში ეს ნავთობსადენი ამერიკამ გამოიგონა, რათა რუსეთისთვის შემდგომ გაზსადენის მშენებლობა შეეპარებინა. საუბარია ბაქო-ერზრუმის გაზსადენზე, რასაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის... რუსეთს შეაპარეს ბაქო-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობა, ვითომ თურქეთისთვის. სინამდვილეში კი ეს გაზსადენი ძირითადად ევროპისთვის კეთდება...
ამერიკამ გადაწყვიტა რუსეთის გვერდის ავლით შუა აზიიდან ევროპისკენ გაზსადენის გაყვანა. ეს გზა რუსეთის გვერდის ავლით, გადის კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე. როგორც კი ბაქო-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, მოკლე პერიოდში თურქეთი განაცხადებს, რომ მას „შაჰდენიზის“ გაზი ვერ აკმაყოფილებს და მაშინ უკვე ამერიკა კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის საკითხს დააყენებს. ამერიკა უკვე მუშაობს შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან, ემუქრება მათ ფერადი რევოლუციების მოწყობით, თუ ისინი არ ჩაერთვებიან ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაში (ყაზახეთის პრეზიდენტი უკვე დაითანხმეს)...
ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს სააკაშვილსა და მის მთავრობას საბოლოოდ „აუხსნეს“, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს ნეიტრალიტეტი. მიზეზი ერთადერთია − ჩვენი ნეიტრალიტეტით ამერიკა ევროპაზე სრული ბატონობის პერსპექტივას კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლისთვის, თუ უფრო ადრე არა, ამერიკა „ნატოში“ ჰეგემონის ფუნქციით ვეღარ იქნება და ამდენად, მისთვის ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის არსებობას აზრი აღარ ექნება, რაც რეალურად „ნატოს“ დაშლას ნიშნავს...
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები სწორედ საქართველოში ეჯახება ერთმანეთს...
აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებებიდან აშკარაა, რომ არანაირი პირობა ან ვალდებულება არ არსებობს. უფრო მეტიც, „ნატოს“ გენერალური მდივნის ბოლო განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველო შეიძლება „ნატოში“ მიიღონ დაკარგული ტერიტორიების გარეშე, საბოლოოდ ცხადი გახადა აშშ-ს დამოკიდებულება ამ პრობლემასთან − ამერიკისთვის მთავარია, ჩვენ ის ფუნქცია შევასრულოთ, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ხოლო რუსეთთან ღია ომს იგი არც ჩვენი და არც რაიმე სხვა მიზეზით არ აპირებს. „ნატოს“ გენერალური მდივნის აღნიშნულ განცხადებას წინ პუტინის განცხადება უსწრებდა იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ დაუშვებს „ნატოს“ გაფართოებას მის საზღვრებამდე... ჩვენ ჩვენი დღევანდელი კურსით აშშ-ს ხელში ერთ-ერთი გადამწყვეტი იარაღის როლს ვასრულებთ რუსეთის წინააღმდეგ... აშშ საქართველოს წელიწადში 200 მილიონ დოლარს აძლევს. ეს მაშინ, როცა იყო პერიოდი, ის ისრაელს ყოველწლიურად 10 მილიარდს აძლევდა, ხოლო ფილიპინებს 4 მილიარდს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სამხედრო ბაზები ჰქონდათ განლაგებული. საქართველო ბოლომდე ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, ფაქტობრივად უარს ამბობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, სამუდამოდ იმტერებს რუსეთს და ამაში მას აშშ 200 მილიონ დოლარს უხდის!!!
ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გამოიკვლია, რის შედეგადაც ამერიკას სააკაშვილი „ყურებით“ ჰყავს დაჭერილი: ოდნავი წინააღმდეგობა, მცირეოდენი პრეტენზია მისი მხრიდან და შემზარავი სიმართლე ჟვანიას მკვლელობის შესახებ არა ვარაუდით, არამედ კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ყველასთვის ცნობილი გახდება...
ღვთის წყალობით, რუსეთმა რეალობას თვალი გაუსწორა და თვითონ გვიკარნახა ნეიტრალიტეტის იდეა, ნეიტრალიტეტის, რომელსაც ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული ყველა მოაზროვნე ადამიანი საქართველოს განვითარების ერთადერთ სწორ გზად მიიჩნევდა“ („ლიტ.საქ.“ 23 მარტი, 2007).GK
ზურაბ ხასია: „ რუსულ რევოლუციაში ებრაელებმა ისახელეს თავი. სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციაში მეგრელებმა არავის დავუთმეთ პირველობა...
საოცარი ამბები მოგვითხრეს გვახარიელებმა. გალაღებულნი უსხდნენ მრგვალ მაგიდას. ეს ზვიადის დიქტატორული მრგვალი მაგიდა არ გეგონოთ, მთელი რვა თვე ცხოვრება რომ გაგვიმწარა. ეს ახალი, დემოკრატიული მრგვალი მაგიდაა. მართალია, თანასწორობის ანგელოსი დასტრიალებდა ამ მაგიდას, მაგრამ ქურდად მაინც ბატონი ბერძენიშვილი იჯდა, ლევანი. ბატონი ლევანი ძველი დისიდენტია. ახლა კი დაღვინდა და დაბრძენდა. კი აღარ აზროვნებს, − ნებივრობს. ადვილად შეუძლია ყველაფრის დამტკიცება და იმიტომ. ამჯერად გვიხსნიდა, თუ რატომ სჯობია სააკაშვილის მმართველობა შევარდნაძისას... თურმე ცუდი მმართველი სჯობია კარგს, რადგან კარგს ხალხი უჭერს მხარს და ვერ მოიცილებ; ხოლო ცუდს არ უჭერენ მხარს და მოიცილებ... შევარდნაძე მსოფლიოსა და ჩვენს ხალხს ჰყვარებია. სააკაშვილი დემოკრატი კაცი ყოფილა. ერთადერთი, ვინც ნამდვილად არ ვარგოდა და ვისაც ბატონი ბერძენიშვილი თავდაუზოგავად და უკანმოუხედავად ებრძოდა, ზვიად გამსახურდია იყო. განათლების რეფორმა კი მაინც დაუწუნა ვარდების ხელისუფლებას... მე თუ არაფერი მეშლება, უნივერსიტეტის რეფორმის გეგმა სწორედ ბატონმა ბერძენიშვილმა შეიმუშავა...
ჯარის საკითხი კი სრული იდუმალებითაა მოცული. პრეზიდენტი რაღაცას გვიმალავს და მოუსვენრად აცეცებს თვალებს. ჯარისთვის უდიდესი სახსრები იხარჯება, ოფიცრებს ოქროს კოშკებს ჰპირდებიან ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. გეგონება, ომს ვაპირებთ“ („ლიტ.საქ.“ 23 მარტი, 2007).GK
„საუნივერსიტეტო დარბაზის“ წევრები (პროფესორები: გიორგი გოგოლაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ავთანდილ არაბული, გიორგი მახარაძე): „ამერიკანისტიკის პროგრამის მართვის კომიტეტისა და მსოფლიოს 20 ქვეყნის 100-მდე ცნობილი ამერიკანისტის წერილის, რომელიც ასე იწყება: „ჩვენ ვწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება და შოკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგად გაუქმდა ამერიკანისტიკის ფაკულტეტი“... ადრესატები არიან კ. ლომაია და გ. ხუბუა...
გ.ხუბუას ჯერაც არ გაუცია პასუხი ასეთ კითხვებზე: რატომ მოხდა ის, რომ სხვა (პროფესიულ) უნივერსიტეტებში 4-5%-ით შემცირდა აკადემიური შემადგენლობა; ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში − 80 %-ით; ანუ სხვაგან თითქმის არ შემცირებულა, აქ − მეხუთედი დარჩა! ხომ დღესავით ნათელია − დედაუნივერსიტეტი ამოღებულია მიზანში...
შაბათს, 2006 წლის 8 აპრილს, უნივერსიტეტში მისი მოსვლის მეორე დღეს, ტელეფონით ვესუბრეთ გ. ხუბუას და „საუნივერსიტეტო დარბაზის“ მხრივ გავაცანით დიალოგის სურვილი... შევთანხმდით, შევხვდებოდით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. ამაოდ ველოდით გ. ხუბუას შეპირებულ ზარს. 14 აპრილს წერილობით ვთხოვეთ შეხვედრა... პასუხი მივიღეთ 26 აპრილს: ვგეგმავ შეხვედრას ფაკულტეტის თანამშრომლებთან და იქ მობრძანდითო... 19 ივნისს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი იძულებილი იყო შეგვხვედროდა, მაგრამ კონკურსების თემაზე არ ვისაუბროთ, სხვა თემაზე ვისაუბროთო. ეს ფაქტობრივი უარი იყო დიალოგზე. მეორე დღისთვის გადაგვიდო შეხვედრა, მაგრამ იმავე საღამოს პოლიცია მოგვისია... არც მეორე დღეს შედგა დიალოგი, პოლიცია მეორე დღესაც მოგვისია... ეს კაცი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მას დიალოგი სურს, მაგრამ ჩვენ არ წავედით ამ დიალოგზე...
19 ივნისს გ. ხუბუამ განუცხადა ტელევიზიას და პრესას, პროფესორებმა სხდომათა დარბაზის კარები შემოამტვრიესო, არადა იმ დარბაზის კარი დერეფნისკენ იღება და თუ ძალას იხმარდა ვინმე, უნდა გამოეგლიჯა! გ. ხუბუას მიერ გაცემული ამ ინფორმაციის შემდეგ ვთხოვეთ ტელევიზიებს დაეფიქსირებინათ, რომ კარი „საღსალამათი“ იყო. ეს ნახა საქართველომ! გ. ხუბუას ეს არ ადარდებს, რადგან დავალებას ასრულებს...
3 ივლისს, ღამით, გ. ხუბუას ბრძანებით, სააქტო დარბაზში მყოფ რამდენიმე ასეულ ადამიანს წყლისა და ტუალეტისკენ მიმავალი კარები ჩაუკეტეს. ტელევიზიის მეშვეობით ესეც ნახა საზოგადოებამ. გ. ხუბუა კვლავ აკეთებს ცრუ და ცინიკურ განცხადებას: იმ დარბაზში არ არის არც წყალი და არც ტუალეტი და როგორ ჩავკეტავდიო! თითქოს, ვინმემ თქვა, რომ მაყურებელთა დარბაზში არის წყალი და ტუალეტი და ის ჩაკეტა ხუბუამ!... დარბაზიდან დერეფანში გამოსასვლელი ყველა კარი რომ ჩაკეტეს, ყველა ფანჯარა რომ ამოქოლეს და წყალი რომ ამოგვქონდა, ის თოკები რომ გადაგვიჭრეს, ეს ვითომ არც ყოფილა... გ. ხუბუას ეს არ ადარდებს... ამიტომაც არა აქვს მას მორალური უფლება ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდომისა...
გ. ხუბუამ კანონდარღვევით ჩაატარა აკადემიური საბჭოს არჩევნები − მხოლოდ სრულ პროფესორთაგან აირჩია... თორმეტი წევრიდან სამი პარლამენტარია (უმრავლესობის წევრი), ერთი მინისტრის მოადგილე, ორი ინსტიტუტის დირექტორი და ა.შ. კითხვაც აღარ უნდა დაისვას, რატომ 12, −12 კაცი უფრო იოლი სამართავია...
ერთმა ჩვენმა კოლეგამ კონკურსში მონაწილეობა ასე გაამართლა: მინდა შიგნიდან ვიბრძოლო უნივერსიტეტის გადარჩენისთვისო. გავიდა კონკურსში ის კოლეგა და ვეღარ იბრძვის „შიგნიდან“; მოტყუვდა თუ თავი მოიტყუა, ამას განსჯა არაფერს უშველის... ვიცოდით, თუ ჩვენ ბრძოლას წავაგებდით, შიგნიდან ბრძოლის საკითხი აღარ დადგებოდა. ასეც მოხდა. ადმინისტრაციას მონურ მორჩილებაში ჰყავს კონკურსგავლილი პროფესორები; გამუდმებულ შიშში, რომ გაუუქმებს კონტრაქტს (საამისო მექანიზმიც შეიმუშავა მან...)... ასე რომ, თანამშრომლობა დღევანდელ ადმინისტრაციასთან შეგუებაა უნივერსიტეტის ნგრევასთან... იცის ეს ხუბუამ და ამიტომაც აქტიურად გამოიყენებს ამას საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“ („ლიტ.საქ.“ 30 მარტი, 2007).GK
თენგიზ ჩხაიძე: „ჯერ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ხალხი ასეთ დღეში, ჭირ-ვარამის მეტი რა უნახავს, ნივთიერი სიდუხჭირე ბევრჯერ გამოუცდია, მაგრამ, არამგონია, როდესმე დაუფლებოდეს იმგვარი უიმედობის, უპერსპექტივობის განცდა, როგორიც ამჟამად დაუფლებია, შეპყრობილი ყოფილიყოს სოციალური პესიმიზმის შავბნელი გრძნობით, როდესმე არსებულიყოს ასეთი არნახული კონტრასტი გაზულუქებულ, ხვეჭა-გლეჯით გამდიდრებულ უმცირესობასა და გაღატაკებულ, პირში ჩალაგამოვლებულ უმრავლესობას შორის“ („ლიტ.საქ.“ 30 მარტი, 2007).GK
ილია ბეგიაშვილი (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი − საქართველოს გენ. პროკურორს): „ბატონო ზურაბ!... დაუყოვნებლივ მოვითხოვ დამნაშავეთა ჯგუფს აქტით დააბრუნებინოთ ჩვენი ქონება, დოკუმენტაცია და ფულადი სახსრები და აღადგინოთ წესრიგი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ვაკის ოფისში... გააუქმეთ ქ. თბილისის პროკურატურის ჩემდამი წამოყენებული სულელური და ყოვლად უპასუხისმგებლოდ შედგენილი მზაკვრული საბრალდებო დასკვნა, რომლის ძალითაც უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები... ჩემი დაპატიმრება არ იკმარეს და აპატიმრებენ ჩემს დას ანა ბეგიაშვილს“ („ლიტ.საქ.“ 30 მარტი, 2007).GK