მიხეილ სააკაშვილი: „ვარდების რევოლუცია, პირველ რიგში, სწორედ ევროპული ღირებულებების დაცვა იყო... კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ ცალკეული ადამიანების დაპატიმრებით არ შემოიფარგლება, ჩვენ კორუფციულ სისტემას ვანგრევთ... ჩვენ რუსეთთან ახალი ურთიერთობა დავიწყეთ და ამ ურთიერთობის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს... საქართველო მზად არის, აიღოს დიდი პასუხისმგებლობა, რაც ევროპაში ინტეგრაციისთვისაა საჭირო. ჩვენ მზად ვართ, ევროპისაკენ გადავდგათ ნაბიჯები, მაგრამ ასევე მოველით, რომ ევროპაც წამოვა ჩვენსკენ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის კიდევ მეტად განვითარებაში... ჩვენმა ქვეყანამ ისეთი მანკიერი სინდრომები დაძლია, როგორიცაა კლანური მმართველობა, ჩრდილოვანი ეკონომიკა. საქართველო ერთ-ერთი წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა დსთ-ში, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ“ („24 საათი“ 7 აპრილი, 2004).GK
ია დანელია: „ ვანო ზოდელავას ირაკლი ჩუბინიშვილმა დაურეკა და ბზარშეპარული ხმით მოახსენა: „საქართველოს პრეზიდენტმა თქვენი განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილაო“. ეს ამბავი რა მოსატანი იყო იმ ამბავთან, რაც მძიმე პაუზის შემდეგ ჩუბინიშვილმავე მოახსენა ზოდელავას: „თბილისის მერად, მართალია, ნიჭიერი ფილოსოფოსი, მაგრამ ჯერ გამოუცდელი ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნაო!“ ამ საკადრო ცვლილებაზე სააკაშვილი ზუსტად ოთხი თვე ფიქრობდა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ავთანდილ უნგიაძე: „მეუფეები აბრაამი და ზენონი, მოუწოდებენ საქართველოს ეკლესიას, დაუბრუნდეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს... ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დგება: უარყოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და დაადგეს მწვალებლობის სულის წარმწყმედ გზას, სანაცვლოდ კი ინტეგრირებულ იქნას დასავლეთთან, ან დარჩეს ჭეშმარიტების დამცველი და სამოციქული ეკლესიის ერთგული და არ აუბას მხარი ღვთისმბრძოლ და განდგომილებაში მყოფ მსოფლიოს... მეუფე ზენონი თავის პუბლიკაციაში ავითარებს მცდარ მოსაზრებას, რომ თუ ეკუმენიზმს მივიჩნევთ მწვალებლობად, მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა მწვალებლური ყოფილა. ასეთი არითმეტიკა ეკლესიებში არ მოქმედებს“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ირაკლი კორძაია: „დასავლური ზოგიერთი გამოცემა საქართველოს პრეზიდენტს პატარა დიქტატორად მოიხსენიებს... სააკაშვილი ნებისმიერი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომკავშირიდან გარიცხვა მისი დისიდენტური გამონათქვამების შედეგი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, სტუდენტობის წლებში ტოტალიტარიზმის მსხვერპლად ყოფნა მას ნაკლებად იზიდავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში „დისიდენტი“ სტუდენტი კომკავშირში დაბრუნებაზე აღარც იფიქრებდა. პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლენინური კომკავშირის რიგებში აღადგინეს. უფრო მეტიც, „არასანდო“ ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარში გაიწვიეს... ოფიციალური ვერსიის თანახმად, კომკავშირიდან გარიცხვა მის დისიდენტურ გამონათქვამებს მოჰყვა. თუმცა, მეორე ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობაზე“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ირაკლი კორძაია: „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბათუმის 25-ე ბრიგადის სარდალი, გენერალ-მაიორი რომან დუმბაძე საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა. გენპროკურორ ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებით, დუმბაძე დაპატიმრებული იქნება როგორც მოღალატე, რომელმაც უარი განაცხადა მთავარსარდლის ბრძანების შესრულებაზე. დუმბაძეს ასევე ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და იარაღის უკანონო შენახვა. ურჩი გენერალი უნდობლობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრს გელა ბეჟუაშვილს. რომან დუმბაძე გახსნილი ტექსტით აცხადებს, რომ საკუთარი არჩევანი მან უკვე შეაჩერა. საკუთარ მთავარსარდლად იგი ასლან აბაშიძეს მიიჩნევს. ბრიგადის სარდლობა დუმბაძეს თავის დროზე, სწორედ აჭარის მეთაურმა უბოძა... 38 წლის რომან დუმბაძე 25-ე ბრიგადას თოთხმეტი წლის განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობდა. დღეს იგი ერთგულებას მხოლოდ ასლან აბაშიძეს უცხადებს. პრეზიდენტის ხსენება კი მას ღიმილს ჰგვრის... რომან დუმბაძე თანამდებობიდან ჯერ კიდევ მარტში გაათავისუფლეს, 25-ე ბრიგადიდან გამოქცეული რამდენიმე ოფიცრის ჩვენებების საფუძველზე. მან კი თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა და მოუწოდა ჯარისკაცების დედებს „თავიანთი შვილები“ აჭარისკენ არ გამოეშვათ... დუმბაძის აზრით, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა: „ეს შეუძლებელია, ქართველი ქართველს არ ესვრის“ − განუცხადა განდგომილმა გენერალმა ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიას“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „მე მერობა დავიმსახურე არა რაიმე პოლიტიკური ნიშნით, არამედ იმით, რომ საქართველოში, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ჩატარდა უპრეცედენტოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ნინო ყიფშიძე: „1944 წლის 14 ნოემბერს სტალინისა და ბერიას ძალისხმევით მოხდა თურქი მესხების გადასახლება ფერღანის ოლქში. მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ედებოდათ ბრალი. საბჭოთა ხელისუფლების მიზანი იყო თურქეთიდან არასასურველი პირების შემოსვლის გართულება და არაფერში სჭირდებოდათ სასაზღვრო ზოლში თურქეთისადმი სიმპათიით განწყობილი მოსახლეობის არსებობა... სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა დეპორტირებული მესხების დაბრუნებას საკმაოდ ნეგატიურად უყურებს, რადგან თურქი მესხების ყოფილი ტერიტორიები დაკავებულია, გადასახლებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, მათ არაფერი სცხიათ ქართული და არსებობს რეალური საშიშროება ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულთა შორის კონფლიქტის წარმოშობისა... ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ახსოვს ქართველ მაჰმადიანთა ქმედებანი“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
ნოდარ ნათაძე: „საქართველოს 300 ათასი ლტოლვილი ჰყავს და არავის მიღების საშუალება არ აქვს. გადასახლებულების ადგილებზე უკვე სხვები ცხოვრობენ და თუ თურქი მესხები დაბრუნდებიან, დიდ სისხლისღვრას გამოიწვევს“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
გულაბერ ანანიაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილის“ თავმჯდომარის მოადგილე): „დღეს საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი ერის მოღალატეების მიერ და არ სურთ გადასახლებული მაჰმადიანი ქართველების დაბრუნება. ტერმინი „თურქი მესხები“ გამოგონილია რუსეთის სპეცსამსახურებისგან. ეს ხალხი ჩვეულებრივი ქართველები არიან. მათ რიცხვს დაახლოებით 240 ათასი კაცი შეადგენს, რომელთა შორის ეთნიკური ქართველი ოთხმოცდაცამეტი პროცენტია... სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უარყოფითი განწყობა ამ ხალხის ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK – დაქირავებული არასამთავრობოების სიცრუე და უტიფრობა ზღვარს სცდება (რედ. «სინერგია»).
სვიმონ მასხარაშვილი (გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ ექსპერტი ისტორიის საკითხებში): „საქართველოში თურქი მესხების ჩამოსახლება დაუშვებელია. ეს ის ხალხია, რომლებმაც თავის დროზე ქართველობა დაგმეს, საუკუნეების მანძილზე ცხოვრების წესად იქციეს ქართველი ბავშვების მოტაცება, ქრისტიანი ქართველების რბევა და წამება, საკუთარ ნათესავებსაც კი არ ინდობდნენ იმის გამო, რომ ქრისტიანები იყვნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. როდესაც სტალინისგან წამოვიდა მითითება მათი დეპორტაციის შესახებ, წაყენებულ იქნა პირობა − ვინც იტყოდა, რომ ქართველი იყო, არ გადაასახლებდნენ. დიდი ნაწილი არ წავიდა ამაზე. ქართველობის უარმყოფელი ხალხის ადგილი საქართველოში არ არის...
1919 წელს თურქ-მესხთა ერთ-ერთი ლიდერი თერვერქ-ბეგ ათაბაგი ბათუმიდან ბორჩალოს ჩათვლით ტერიტორიის საქართველოდან გამოყოფას და მცირე სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ცდილობდა. მემედ აბაშიძემ გადაარჩინა ეს ტერიტორია, მოიწვია კრება და გამოაცხადა აჭარის ავტონომია საქართველოს ფარგლებში. ის ვინც თურქი-მესხების ჩამოსახლებას ითხოვს, ისტორიის სრული უცოდინარი ან სახელმწიფოს მოღალატეა... თურქ-მესხებს მართლა გული რომ შესტკიოდეთ, წინაპრების მიწაზე თითო-თითოდ დაბრუნდებოდნენ და სასაზღვრო ზოლში არ მოითხოვდნენ ჩასახლებას“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
გაიოზ მამალაძე: „საქართველოს საჯარისო ნაწილების ყოფნა ერაყში სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიკიდებთ მუსულმანურ სამყაროს. მუსლიმანური სამყარო შეგნებულია და ძალიან კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი არ არის მუსულმანთა მტერი, მეტიც, ქართველთა საკმაოდ დიდი ნაწილი მუსულმანური აღმსარებლობისაა თურქეთში, აზერბაიჯანში, ირანში და თავად საქართველოშიც კი. ასე რომ, ჩვენ არ შეიძლება ჩვენსავე თავს დავუპირისპირდეთ... შეიძლება ითქვას მეტიც, ჩვენი ძველი მეზობელი ერაყელებისა ჩვენ გაცილებით უკეთ გვესმის, ვიდრე შეიძლება ესმოდეთ ამერიკელებს, ესპანელებს, იაპონელებსა და სხვებს... დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ძალიან უჭირს, თუ იგი არ გამაგრდა და არ გაძლიერდა, ჩვენთვის საზიანო იქნება. ტერორიზმისა და დიქტატურის წინააღმდეგ ომში პროგრესული ძალები არ უნდა დამარცხდნენ... დღეს ჩვენ მოკავშირეებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენ კი მათი, რომ საქართველოდან გავიყვანოთ რუსული ჯარი...
რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი მეომრები არ იმსახურებენ არც ერთ გარე ცხელ წერტილში და არ იქნებიან საფრთხეში, მაგრამ სამშობლოს ინტერესები მხოლოდ სამშობლოში არ გამოიხატება“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK
დავით წიქარიშვილი (განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი): „ გლობალიზაციამ არც იაპონელს წაართვა კიმონო და ნეცკე, არც იტალიელს პიცა და წმინდა პეტრეს ტაძარი. ჩვენ კი, თუ ზოგიერთ გლობალისტს დავუჯერებთ, ჯერ ჩვენი წიგნები უნდა დავწვათ, ეკლესიები დავარბიოთ, ენები ვისწავლოთ და შემდეგ დაველოდოთ − აღმოვჩნდებით თუ არა მზად ახალი მოთხოვნებისთვის...
საქართველოში არა გვაქვს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. სიტყვამ მოიტანა და არა გვაქვს კანონი ტერიტორიული მოწყობის, კანონი რელიგიის შესახებ, ანუ მამული, ენა და სარწმუნოება ჩვენში კანონმდებლობის ყურადღების ღირსიც კი არ გახდა. სახელმწიფო ენის სტატუსი ბუნდოვანია. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები ეწევიან გააფთრებულ პროპაგანდას, რომ რამდენიმე ენის ცოდნის გარეშე არ არსებობს კვალიფიციური სპეციალისტი. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ბრმად ბაძავს ხელისუფლებას, ფიქრობს, რომ განათლება ენების ცოდნაში გამოიხატება... ქართული ენა იდევნება... სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ნელ-ნელა ქრება ქართული ეროვნული და სარწმუნოებრივ-კულტურული ფასეულობების შემცველი ნაწარმოებები“ („ჯორჯიან თაიმსი“ 22-29 აპრილი, 2004).GK