სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N3(5), 2012

რეზიუმე

  • ზურაბ ცუცქირიძე, საქართველოში სასკოლო რეფორმის დეფორმაციული ასპექტები
  • გიორგი გოგოლაშვილი, განათლება _ ჩვენი ბედისწერა
  • თენგიზ ქამუშაძე, „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს _ კანონი“
  • თეიმურაზ მირიანაშვილი, ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ რიჩარდ ნორლანდს
  • გვანცა კოპლატაძე, „ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია“
  • ანზორ თოთაძე, „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“
  • თინა იველაშვილი, ცოტა რამ ახალციხის „მეჩეთის“ შესახებ
  • იუზა ევგენიძე, XIX საუკუნის ქართველი მწერლები კავკასიის ხალხთა შესახებ
  • ბონდო არველაძე, Армяне – в паследный вагон
  • ნოდარ ლომოური, შიდა ქართლი _ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ტკივილი
  • ზურაბ ცუცქირიძე, სამშობლო საფრთხეშია
  • თემურ არბოლიშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების ზოგადი ანალიზი
  • ზურაბ ჯორბენაძე, სასამართლოს რეფორმა და  მართლმსაჯულების პრობლემები
  • მამუკა ცუხიშვილი, ხელისუფლების 10 უდიდესი დანაშაული
  • გრანი ქავთარია, რომის იმპერიის დემონები. კალიგულა.
  • გრიგოლ რუხაძე, ვენახის სახისმეტყველება
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, გურამ ქერაშვილი, ხევი და მოხევეები, თბ., 2012
  •  

    ზურაბ ცუცქირიძე
    საქართველოში სასკოლო რეფორმის დეფორმაციული ასპექტები

     ნებისმიერი მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც რაიმეს შექმნას, შექმ-ნილის გადაკეთებას ან გადანდგურებას ითვალისწინებს, გარკვეულ კონცეფციას ეფუძნება. წინამდებარე სტატიაში ავტორი იმ კონცეფციის ძირითად ასპექტებზე მსჯელობს, რომელიც საფუძვლად უძევს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას და რომლის შედეგად რეფორმირებულის ნაცვლად, დეფორმირებული განათლების სისტემა მივიღეთ.

     

    გიორგი გოგოლაშვილი
    განათლება _ ჩვენი ბედისწერა

    საქართველოში ყოველთვის იყო შეგნება იმისა, რომ ა) განსაკუთრებით ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს; ბ) გააზრება იმისა, რომ განათლება უწყვეტი პროცესია: სკოლამდელი აღზრდა _ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა _ უმაღლესი სასწავლებელი. საკითხის საგანგებო შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სერიოზული პრობლემები იჩენს თავს განათლების ყველა ეტაპზე. სამწუხაროდ, ეს ერთიანი პროცესი დაირღვა. მოხდა ამ სფეროს პოლიტიზირება, იმძლავრა არაპროფესიონალიზმმა, ნაკლებად ვფიქრობთ თაობათა ზნეობრივ აღზრდაზე; თავს იჩენს სხვა პრობლემებიც...

    სერიოზული პრობლემებია ეროვნულის მეცნიერების წინაშეც; თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა, ყოველგვარი პერსპექტივა ეცლება ქართული მეცნიერების წინსვლასა და განვითარებას.

     

    თენგიზ ქამუშაძე
    მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს _ კანონი“

    2004 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოსული საქართველოს ახალგაზრდული ხელისუფლება მაშინვე დაადგა რეფორმების გზას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ სფეროებში. განათლების სისტემა იმდენად ფაქიზი და მგრძნობიარე ფენომენია ერის სულიერი ცხოვრებისა, რომ მასში მიმდინარე პროცესების ცვლილება განსაკუთრებით ფრთხილი, აწონილ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. მით უმეტეს, დაუშვებელია ამგვარი რეფორმების ჩატარება პირად სიმპათია-ანტიპათიებსა და ემოციებზე დაყრდნობით.

    ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე გვიჩვენებს, თუ როგორ დაინგრა ამგვარი მიდგომით თითქმის საუკუნის განმავლობაში რუდუნებით ნაშენები თეთრი ტაძარი“, როგორ გაქრა საქართველოსათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დისციპლინები. ავტორის აზრით, ამ ნგრევაში წვლილი მიუძღვის ყველას, როგორც დღევანდელ ხელისუფლებს, ასევე დღევანდელ იმ ოპოზიციონერებსაც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ უაზრო რეფორმის პროექტის შექმნაში.

     

    თემურ მირიანაშვილი
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს
    ბატონ რიჩარდ ნორლანდს

    წერილში, რომელიც აშშ-ის ელჩის სახელზეა დაწერილი, ავტორი მიმართავს მას კითხვით, რატომ დუმს ამერიკის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის მედროშის იმიჯი აქვს, იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და სამართალდამრღვევებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც საქართველოს დღევანდელმა დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა ხელისუფლებამ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაამკვიდრა.

     

    გვანცა კოპლატაძე
    „ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია“

    წერილში გაანალიზებულია საქართველოში ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ავტორი იზიარებს ილია ჭავჭავაძის შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ერს, რომელსაც თვითმყოფადობის შენარჩუნება სურს, დროის მოთხოვნებისათვის ალღოს აღება და მათთვის შესაფერისი პასუხების გაცემა უნდა შეეძლოს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ დროს ინტელიგენციას, როგორც ერის მოაზროვნე ნაწილსა და ამდენად მის წინამძღოლს, ეკისრება. წერილის ავტორი ასახელებს იმ მიზეზებს (პოლიტიკურ მოვლენებში გარკვევის უუნარობა, პრესტიჟული მდგომარეობის დაკარგვის შიში, გაუბედაობა), რომელთა გამოც ინტელიგენციამ ძირითადად თავისი მისიის შესრულება ვერ შეძლო და ერი სამშვიდობო გზაზე დღემდე ვერ გაიყვანა. სამწუხაროდ, სურათი ვერ შეცვალა მისი რამდენიმე წარმომადგენლის მოღვაწეობამ, რომელთაც შექმნილ ვითარებაში შესაფერისი ცოდნაც აღმოაჩნდათ და გამბედაობაც სიმართლის თქმისათვის, მაგრამ მათი ხმა უმრავლესობამ ადვილად გადაფარა. 

     

    ანზორ თოთაძე
    „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“

    საქართველოს მეტად მძიმე დღეები უდგას. მმართველმა პარტიამ _ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის“ გზით მოვიდა, მმართველობის რვა წლის განმავლობაში ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა. სტატიაში განხილულია ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პირობები, ნაციონალების მხრიდან ყოველივე ეროვნულის, ერის სულიერი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტები.

    2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველი პარტიის ძირითადი მოწინააღმდეგეა კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც სათავეში უდგას ბიზნესმენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, _ საქვეყნოდ ცნობილი დიდი და უანგარო ქველმოქმედებით, თავისი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით. მის წინასაარჩევნო აქციებს ქვეყნის რეგიონებში ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანი ესწრება და ქვეყნის გადარჩენის იმედს მას უკავშირებს, რამაც შეაშფოთა მმართველი პარტია, რომელიც წარმოუდგენელი, ყოვლად უზნეო ქმედებებით უშლის ხელს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო მუშაობაში. იმდენად დიდია ხალხის ნდობა ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ მას შეუძლია თავისუფლად გაიმეოროს ცნობილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვები: „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“.

     

    თინა იველაშვილი
    ცოტა რამ ახალციხის „მეჩეთის“ შესახებ

    ქალაქ ახალციხის ციხის არქიტექტურულ კომპლექსში დღემდე შემორჩენილ ისტორიულ-კულტურულ ძეგლს,  ე. წ. „მეჩეთს“ მეტად საინტერესო წარსული აქვს. ადრეული ხანიდანვე (IX საუკუნიდან მაინც) არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია  და შემდეგ (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან)  მასზე დაშენებული ვითომდა მეჩეთი, რადგანაც სინამდვილეში იგი აია სოფიის მიხედვით აიგო და საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენდა მხოლოდ 1772-დან 1828 წლამდე (სულ 76 წლის მანძილზე), გარეგნულად ფუნქციონირებდა როგორც ფაშათა (და არა საერთოდ ახალციხეში მცხოვრებ მუსლიმანთა) კარის ოფიციალური  სალოცავი. პასკევიჩის მიერ ახალციხის აღების შემდეგ ციხეში რუსული ჯარი ჩადგა და მაშინვე ე. წ. მეჩეთი, ყოველგვარი გადაკეთება-გადმოკეთების გარეშე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, გარნიზონის სალოცავ ტაძრად იქცა. 1850 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, ეგზარქოსმა ისიდორემ  იგი დედა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხა და ამ სახით ფუნქციონირებდა 1921 წლამდე  (მთელი 93 წელი). 

    ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ახალ-ციხეში, სასაზღვრო რეგიონში  XI საუკუნის ქართულ ისტორიულ ძეგლზე XVIII საუკუნეში დაშენებული ე. წ. „მეჩეთის“, როგორც მეჩეთის რესტავრაცია ყოვლად დაუშვებელია. რესტავრაციის ინიციატორებს და დამფინანსებლებს, მავანთა და მავანთ, თუ ძეგლის მართლა ისტორიული სახით აღდგენა სურთ, მაშინ იგი თავისი პირვანდელი – ქართული მართლმადიდებლური სალოცავის სახით უნდა აღადგინონ.

     

    იუზა ევგენიძე
    XIX საუკუნის ქართველი მწერლები კავკასიის ხალხთა შესახებ

    წერილში თავმოყრილია და გაანალიზებული მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა შეხედულებანი კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებზე. მოტანილი დიდძალი მასალის განხილვის საფუძველზე ავტორს გამოაქვს ობიექტური დასკვნა იმის თაობაზე, რომ ჩვენი მწერლები, ატარებდნენ რა თავიანთ თავში მშობელი ერის საუკეთესო თვისებებს, იმ კავკასიელ მეზობლებშიც კი ხედავდნენ ღირსებებს და ზნეობრივ თვისებებს, რომელნიც საქართველოს საუკუნეთა განმავლობაში განუწყვეტელი თავდასხმებით მოსვენებას არ აძლევდნენ. სწორედ ამგვარი ობიექტურობის გამო მოიპოვეს ქართველებმა კავკასიის რეგიონში მოწინავე ერის სახელი და ამ სახელის შესაფერისი პატივისცემაც.

    ასე რომ, ყველაზე უკეთესი მასწავლებლები იმისა, რა პრინციპებზე უნდა ააგოს საქართველოს სახელმწიფომ დღეს ურთიერთობა მეზობელ კავკასიელ ხალხებთან, ჩვენი დიდებული და ღირსეული წინაპრები არიან.

     

    ბოდნო არველაძე
    „АРМЯНЕ – В ПАСЛЕДНЫЙ ВАГОН“

    სტატიაში განხილულია საქართველოს მოქალაქის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, არტიუშ სანოსიანის სტატიების კრებული რუსულ ენაზე «...Ещë и белый геноцид» (2006) და ნაჩვენებია კრებულის ავტორის მიერ უკუღმართად დანახული ქართველი ხალხის ისტორია თუ აწმყო. არმენოლოგ ბ. არველაძეს სომეხი ავტორებისთვის ხშირად უწევს ამა თუ იმ უტყუარი ფაქტების შეხსენება, რომელთა მიხედვითაც ქართველები გასაჭირის ჟამს სომხებს ყოველთვის კეთილმეზობლურად უმართავდნენ ხელს; მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა ლტოლვილი სომხები და არა მხოლოდ ლტოლვილნი, საქართველოში ყოველთვის პოულობდნენ თავშესაფარს.
    სამწუხაროდ, სომეხთა ნაწილი ქართველთა კეთილმეზობლობას უმრავლეს შემთხვევაში უმადურობით პასუხობდა და პასუხობს. ჩამოსახლებულები ქართველთა მიწა-წყლისა და ქართული კულტურის მითვისებას ცდილობენ და ამ უკადრისი მიზნის მისაღწევად ხერხებსაც უკადრისს იყენებენ, იქნება ეს გაუთავებელი ცილისწამება თუ ფაქტების გაყალბება-გამოგონება. საუკუნის წინ სომეხ მეცნიერთა დაუსაბუთებელ პრეტენზიებს დიდმა ილიამ გასცა პასუხი. მდგომარეობა არ შეცვლილა, დღესაც იგივე მეორდება, რაც ქართველ მეცნიერებს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად პასუხის გაცემას აიძულებს. 

     

    ნოდარ ლომოური
    შიდა ქართლი _ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ტკივილი

    დღეს სულ უფრო იძაბება ვითარება შიდა ქართლში (ანუ ე. წ. „სამხრეთ ოსეთში“), სადაც იზრდება ოს სეპარატისტთა აგრესიულობა. ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აქაური ე. წ. ხელისუფლება გეგმავს რიგი ქართული სოფლების სრულ მოსპობასა და მათი სახელების გაუქმებასაც.

    სწორედ ამ მზარდი აგრესიულობის გათვალისწინებით, ავტორის მიერ კიდევ ერთხელ ნაჩვენებია, რამდენად ყოველმხრივ უკანონოა და აღმაშფოთებელი ამგვარი ქმედებები. მთავარ არგუმენტებად დასახელებულია ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ წარმოქმნის ისტორიული ასპექტები, რამდენადაც ოს სეპარატისტთა იდეოლოგები სწორედ ამ მხარის ისტორიის გაყალბებით ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ნაბიჯების გამართლებას.

    ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს პრობლემა ყოველმხრივ და მაღალ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი. დადგენილია, რომ ოსების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან, მას მერე, რაც მონღოლებმა და თემურ ლენგმა გაანადგურეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მათი გაერთიანებები და შერეკეს ოსები კავკასიონის მთიან ხეობებში.

    ოსი მეცნიერის ვასილ აბაევის აღიარებით, ოსები ქართულ ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ „დევნილნი მცირემიწიანობითა და სიღატაკით“. მაშასადამე, ისინი ხიზნებად სახლდებიან ქართულ ნასოფლარებში. XIX ს-ის პირველ ნახევარში ეს პროცესი ფართოვდება, ოსთა დასახლება ჩნდება საქართველოს სხვა ოლქებშიაც, მაგრამ ეს მაინც არის სპორადული, არაკომპაქტური დასახლებები.

    პრობლემა წარმოშვა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შექმნამ, რაც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ მოხდა. 1922 წ. საბჭოთა ხელისუფლების დადგენილებით, შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, რაც იყო თავისებური მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ოსური მოსახლეობა იჩენდა 1920-1921 წლებში წითელი არმიისადმი საქართველოში შემოსვლისას. რამდენადაც ავტონომიური ოლქის სტატუსს  არ ყოფნიდა მხოლოდ ოსებით დასახლებული სოფლები, მასში შეიყვანეს ქართველებით დასახლებული სოფლებიც, ხოლო აო-ის დედაქალაქად გამოაცხადეს ძველი ქართული ქალაქი ცხინვალი, რომელმაც 1934 წ. სტალინირი ეწოდა.

    ეს პრობლემებიც სათანადოდაა გაშუქებული ქართულ ისტორიოგრაფიაში და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თავის დროს შიდა ქართლის ტერიტორიაზე „სამხრეთ ოსეთის აო“-ის შექმნა ისტორიულად სრულიად გაუმართლებელი იყო. ეს მხარე საუკუნეების მანძილზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად და ეთნიკურად საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და დღესაც არის.

    ასეთია ის რეალური პოსტულატები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ დღევანდელმა ოსმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმაც.  

     

    ზურაბ ცუცქირიძე
    სამშობლო საფრთხეშია

    დღეს შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, როგორი მასობრივი შეტევა ხორციელდება ქართულ ეროვნულ შეგნებაზე. სტატიის ავტორი მსჯე-ლობს იმაზე, თუ რის ამოძირკვას ცდილობენ ჩვენი „კეთილისმყოფელები” ქართველთა ცნობიერებიდან და მის სანაცვლოდ რის ჩანერგვას აპირებენ. იგი მიუთითებს იმ ზნეობრივად სასიკვდილო საფრთხეებზე, რაც ჩვენს მომავალს ემუქრება.

     

    თემურ არბოლიშვილი
    იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების ზოგადი ანალიზი

    წერილი ეხება პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ატარებს. გამოვლენილია ამ პოლიტიკის ხარვეზები, რაც ლტოლვილთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და შემოთავაზებულია წინადადებები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც მათი საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

     

    ზურაბ ჯორბენაძე
    სასამრთლოს რეფორმა და მართლმსაჯულების პრობლემები

    მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წინა პლანზე არის წამოწეული ადამიანის უფლებების  და თავისუფლების, ასევე ადამიანის სიცოცხლის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ამ უფლებათა გარანტირებული დაცვის მიხედვით ფასდება მსოფლიოში ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიც არიან: ამერიკის შეერთებეული შტატები, საფრანგეთი, გერმანია.

    ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადაო არ არის, რომ 1998 წლიდან დღემდე ქართულ სასამართლო სისტემაში ჩატარებულმა რეფორმებმა ვერ გამოიღო სათანადო შედეგი, პირიქით, გააუარესა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობა. ვინაიდან  დღეს მოქმედი ქართული სასამართლოს სისტემა ვერ პასუხობს ვერც სამართლიანობის, ვერც დემოკრატიულობის და ვერც მიუკერძოებლობის პრინციპს, რაც იწვევს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეების სამართლიან უკმაყოფილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი შენიშვნა და მითითება იქნა გაკეთებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეთა მრავალი საჩივარი, რომლებიც შეტანილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოებში, რომელთაგანაც დიდი ნაწილი იქნა დაკმაყოფილებული.

      ავტორის აზრით, მთავარი მიზეზი ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობისა არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი ზეწოლა და სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    ხელისუფლების 10 უდიდესი დანაშაული

     წერილის ავტორი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს და ცდილობს არსებული რეჟიმის მთავარი მიმართულებები დანაშაულის ათ სახეში გააერთიანოს.

     

    გრანი ქავთარია
    რომის იმპერიის დემონები. კალიგულა

    გაიუს ცეზარი _ კალიგულა სტიქიური უბედურების მსგავსად მოევლინა რომის მსოფლიო იმპერიას. მის პიროვნებაში თავმოყრილი იყო ყველა უარყოფითი თვისება. იმპერატორი სახელმწიფოსა და კანონებზე მაღლა იდგა, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ერთი კაცის ნება-სურვილი იდგა. ანტიკური ავტორების გადმოცემით, კალიგულა ფსიქიკურად არასრულფასოვანი იყო, რაზეც მეტყველებს მისი ბრძანებით შესრულებული, პრაქტიკულ დანიშნულებას მოკლებული რამდენიმე გრანდიოზული პროექტი. იმპერატორს თავი ღმერთად მიაჩნდა და ქვეშევრდომებისაგან ღვთაებრივ თაყვანისცემას მოითხოვდა. კალიგულას ოთხწლიანი ბატონობა (37-41 წწ.) სრული განუკითხაობის ხანას წარმოადგენდა.

     

    გრიგოლ რუხაძე
    ვენახის სახისმეტყველება

    სტატიაში განხილულია კანონიკურობის საკითხი ღმრთისმშობლის ახალშექმნილი ხატისა „შენ ხარ ვენახი“, რომელზეც ყრმა მაცხოვარი მარცხენა მაკურთხეველი ხელით არის გამოსახული. ავტორის შეფასებით, არასწორად და თვითნებურად გამოყენებული სიმბოლიკის გამო ხატი „შენ ხარ ვენახი“ არაკანონიკურად არის დაწერილი, ანუ მას ეკლესიური ფუნქცია არა აქვს.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    გურამ ქერაშვილი, ხევი და მოხევეები, თბ., 2012

     წერილი-რეცენზია წარმოადგენს რედაქტორის წინათქმას გურამ ქერაშვილის ახლახან გამოსულ მეტად საინტერესო წიგნზე: „ხევი და მოხევეები“, რომელშიც დახასიათებულია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხე _ ხევი: მისი ისტორია, ყოფა, წარსული და თანამედროვეობა; აღწერილია ხევის გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, ხეობები, ისტორიული სოფლები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, ადრინდელი სალოცავები, ტოპონიმები, გვართა გენეალოგიები, დასმულია დღევანდელი ხევის და ზოგადად მთლიანად  საქართველოს მთიანეთის წინაშე მდგარი პრობლემები.