ბიძინა ივანიშვილი: „მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ, რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში. საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში, მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია. საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი საჯარო ფუნქციები შეიძლება სამი მიმართულებით განისაზღვროს: 1. სახელისუფლებო (ქვეყნის პრემიერ-მინისტრი); 2. პოლიტიკური(კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი); 3. საზოგადოებრივი (აქტიური მოქალაქე). მე ვაპირებ, უარი ვთქვა პირველ და მეორე (სახელისუფლებო და პოლიტიკურ) ფუნქციებზე და მთელი გამოთავისუფლებული რესურსი მოვახმარო მესამე(საზოგადოებრივ) ფუნქციას. ამას ვაპირებ იმიტომ, რომ პირველი (სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის) და მეორე (მრავალპარტიული დემოკრატიის) მიმართულებით ჩემი მოკრძალებული როლი უკვე შევასრულე და მჯერა, რომ ჩემი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს ჩემ გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს. აი, მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით კი საკეთებელი უამრავია, გამკეთებელი ცოტაა და პირადად მე, გარკვეული გარემოებების გამო, ბევრი შემიძლია გავაკეთო“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემ შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთსავე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, ჩვენ თუ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „გარდა უშუალოდ მთავრობის გამართული საქმიანობისა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავისუფალია ტრადიციული მესიანისტურ-ავტორიტარული მიდრეკილებებისგან. მიღებული გვაქვს სათანადო გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ კონსტიტუციას, რეალურ თვითმმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლოსა და თავისუფალ მედიას“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ჩემს ფუნქციას სწორედ იმაში ვხედავ, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და არჩევნებში აფიქსირებს თავის პოზიციას, თუ როგორი ქვეყანა სურს მას, მეორე მხრივ კი, არჩევნების შემდეგ, მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს არჩეული მთავრობის ეფექტურობას“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა. საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც არ უნდა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ. სწორედ ამიტომ, ჩემი დარჩენა მთავრობის მეთაურად(მე, რომელსაც, შეიძლება ითქვას, მაქვს საზოგადოების გადაჭარბებული ნდობა) არათუ სასარგებლო, საზიანო იქნება მომავლისთვის, რადგან კი არ დაჩქარდება, არამედ შენელდება და მინავლდება ის, რისი საჭიროებაც იგრძნო საზოგადოებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალით, – ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემი გადასვლის მიზანია შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ: სამოქალაქო საზოგადოების აქტორების – „აზრის ლიდერების“ პროფესიული ზრდა; ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა; ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად; ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს – იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამასთან, მე ვაპირებ ბევრი ვიმუშაო ახალგაზრდობასთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს მისი აქტიურობა და ჩართულობა, და შესაბამისად პასუხისმგებლობაც სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. თანაც, ახალი აქტორების წარმოჩენით გაიზრდება კონკურენცია, გზა გაეხსნებათ ახალ სახეებს და არავის ექნება სამუდამოდ გარანტირებული ადგილი. ამავე დროს, როდესაც ჩვენ მუდმივ საკადრო შიმშილს განვიცდით, ეს იქნება ნოყიერი საკადრო რესურსი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მოდით, გულწრფელი ვიყოთ: განა ბევრს სჯეროდა, რომ სააკაშვილს არჩევნების გზით, უსისხლოდ დავათმობინებდით ხელისუფლებას?! ყველას გვახსოვს სააკაშვილის წინამორბედი ხელისუფლებები – გაცილებით სუსტი სახელმწიფო აპარატით, ნაკლებად ორგანიზებული და ცენტრალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურებით, და შემდეგ სააკაშვილი, – ავტორიტარული მართვის სტილით, არაერთგზის გაყალბებული არჩევნებით, 7 ნოემბრით, „იმედის“ დარბევით თუ 26 მაისით. შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, როგორ მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ პირველი ორი მთავრობის შეცვლა, პრაქტიკულად შანსი არ რჩებოდა მშვიდობიანად გაგვესტუმრებინა სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით. უცნაურია, მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, როგორ მოვახერხეთ ეს. არავის უცდია იმ ფაქტორების გაანალიზება, რომელთა წყალობითაც დამოუკიდებელმა საქართველომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო არჩევნებით, კონსტიტუციური გზით ახალი ხელისუფლების მოყვანა. როგორ? მოგვიანებით ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გავცემ. ერთი კი ცხადია, – ჩვენ ვაჯობეთ შიშს, ტერორზე დამყარებულ უზარმაზარ სახელმწიფო მანქანას, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მომართულ მთელ საარჩევნო აპარატს. მე მინდა, ხელისუფლებამ ისწავლოს, იყოს პირნათელი კანონთანაც, საკუთარ ხალხთანაც და პარტნიორებთანაც. ჩვენ ეს მოვახერხეთ ყველაზე რთულ, კოჰაბიტაციის პროცესში – შევინარჩუნეთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაც და ამავდროულად გავაღრმავეთ ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთანაც, დამერწმუნეთ, ეს იოლი არ იყო. ვითარება ჩვენგან თითქმის შეუთავსებლის შეთავსებას ითხოვდა: ერთი მხრივ, იყო ჩვენი საზოგადოების უპირობო და სრულიად სამართლიანი მოთხოვნა – წინა ხელისუფლებას პასუხი ეგო 9 წლის განმავლობაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, მართლაც გაუგონარი დანაშაულებებისათვის; მეორე მხრივ კი – ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამახვილებული მზერა და არაერთგზის გამოთქმული სურვილი, თავი აგვერიდებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივი დევნისათვის და სამართლის აღსრულების პროცესში არ გადაგვეხვია კანონის მოთხოვნებიდან“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მგონი, პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას ქვეყნის გარეშე. 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?! დაბოლოს, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას“ („საქ. რესპ.“ 3 სექტემბერი, 2013).TK
შვედეთის პარლამენტის რვავე პარტიის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა და საქართველოში წარმოდგენილ ყველა პარტიის წარმომადგენელს შეხვდება. თანამშრომლობა შედგება როგორც პარლამენტებს, როგორც ინსტიტუტებს შორის, ასევე ინდივიდუალურად, – ამის შესახებ საქართველოსა და შვედეთის პარლამენტების თავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი და პერ ვესტერბერი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. – შვედეთის პარლამენტში წარმოდგენილი რვა პარტიიდან შვიდი პარტია, ანუ პარლამენტის შემადგენლობის 90%-ზე მეტი ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას უჭერს მხარს. ისინი მომხრე არიან, რომ ახალი ქვეყნები, თუკი ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ევროკავშირის წევრები გახდნენ. შვედეთის პარლამენტი დიდ ყურადღებას აქცევს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“. შვედეთი პოლონეთთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი იყო, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომლობის განვითარებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან... შვედეთის პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის სპიკერის ხელმძღვანელობით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საპარლამენტო ოპოზიციას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, სტომატოლოგიურ კლინიკებს ფუნქციონირებისთვის ერთჯერადად ლიცენზირება ეძლეოდათ და ხელშეუხებელნი იყვნენ. უახლოეს მომავალში კი, ლიცენზირების ნაცვლად სტომატოლოგიური კლინიკების გასახსნელად აკრედიტირება გახდება საჭირო, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს დინამიკური კონტროლი განახორციელოს სტომატოლოგიურ კლინიკებზე. დავით სერგეენკოს თქმით, სტომატოლოგიურ კლინიკებში აუცილებელია ინფექციებზე სისტემატიური კონტროლი. კერძოდ, ახალი პირობების თანახმად, სისტემატიურ კონტროლს გაივლის დეზინფექცია-სტერილიზაციის, ვენტილაციის სისტემის, სტომატოლოგიური კაბინეტისთვის დადგენილი საკმარისი ფართის არსებობა („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, იაშვილის სახელობის კლინიკა და დანარჩენი 4 პედიატრიული ცენტრი ჩუმად, „როგორც ლუდხანა, ისე გაიყიდა“: „მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არ დათმობს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის მსხვილი პედიატრიული ჰოლდინგი, ალოგიკურია იქ განვითარებული მოვლენები. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეურაცხადმა ადამიანმა და გაყიდოს კლინიკები, როგორც ლუდხანა. უცხოელი ინვესტორები ეძებენ მყარ ლობისტებს სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ინვესტორებმა ავნეს ამ კლინიკებს. თუ საჭირო გახდება სახელმწიფო ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენებს კანონს სტრატეგიული ობიექტების შესახებ. ვინაიდან, ეს პედიატრიული ცენტრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებებია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. როგორც მინისტრმა განმარტა, მას ამ დრომდე ეგონა, რომ „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენელმა თექინ ატიკმა კლინიკების მართვა არ იცოდა, თუმცა მან რელიგიური ინტერესები გამოავლინა ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნასთან დაკავშირებით. მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის პაციენტებს, ვინაიდან მომხდარის გამო მედპერსონალი დემორალიზებული აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, თუ ვითარება არ დარეგულირდება „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის, შესაძლოა, კლინიკებში იძულებითი მმართველი შევიდეს. მედპერსონალსა და თექინ ატიკს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქმა ინვესტორმა რეანიმაციულ განყოფილებაში კომპიუტერი დაამტვრია, მედპერსონალს შეურაცხყოფა მიაყენა და კედლებიდან ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
მირიან ნიკოლაძე (ადვოკატი): „წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახადაა დადასტურებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას მხრიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებული სოლიდური თანხის მითვისების ფაქტი, რაც თავის მხრივ, დაადასტურა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. პროკურატურაში აღძრულია საქმე ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ და მილიონ 700 ათასი ევროს მითვისებაზე, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართალწარმოება ყველა იმ პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომელთაც დანაშაულებრივად მიითვისეს მითითებული თანხა. გამოძიებით დადგენილია, რომ სხვადასხვა პირებს, დათა ახალაიას მეთაურობით, მითვისებული აქვთ მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც არ ჩარიცხულა არც ბიუჯეტში, არ ეროვნულ ბანკში და ჰქონდათ პირადი მოხმარებისთვის. გავიდა 9 თვე და გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 150 ათასი ევრო დათა ახალაიამ პირადად თავისი ხელით გადასცა თავის დროზე ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, მისი გადმობირებისთვის. მას დათა ახალაიასგან პირადად გადაეცა თანხა. ეს ფაქტი ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქმის გამოძიება ფერხდება კოჰაბიტაციური რეჟიმის თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი. მე, დათა ახალაიას და როლანდ ახალაიაზე სხვა საქმეებიც მაქვს, რომელიც ყველგან შეფერხებულია. გვაინტერესებს, თუ ხელშეუხებლები არიან, განგვიცხადოს პროკურატურამ, რომ დათა ახალაიაზე არ აღიძრება საქმე და მას პრობლემა არ შეექმნება“ („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
მირიან ნიკოლაძე(ადვოკატი): „დათა ახალაიამ საკუთარ კაბინეტში რკინის ხელჯოხით სცემა გიორგი ჩეჩელაშვილი, ფეხებიდან სისხლი რომ სდიოდა ჩეჩელაშვილს, ამაზე ახალაია შეშლილივით იცინოდა. გორგოლაჭებიან სკამზე იჯდა, მაგიდას წიხლს მიარტყამდა, გაშორდებოდა, დაარტყამდა წაქცეულს და უკანვე გასრიალდებოდა. ასე აწამა ნუგზარ ბოჭორიშვილის დის ქმარი მევლუდ სვანიძე, რომელიც ტყეში წაიყვანეს, ხეზე ფეხით დაკიდეს და უმოწყალოდ სცემეს, მერე ჩამოხსნეს და ეუბნებოდნენ – აბა, ჩქარა გაიქეციო, ესეც გაიქცეოდა და ამ დროს ახალაია ჰაერში იწყებდა სროლას. სვანიძე ყველა გასროლაზე ძირს ვარდებოდა. ასეთი ტერორის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები. დათა ახალაია ყოველთვის კაიფში იყო, რას აკეთებდა, ვეღარ აზროვნებდა“ („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
ზაქარია ქუცნაშვილი: „გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ, თუნდაც მუზეუმის მახლობლად, მივიღეთ არა ჩვენ, არამედ ხელისუფლებამ იმავე 2010 წელს... სტალინის მთავარი რეანიმატორი პრეზიდენტი სააკაშვილია, სწორედ მან ააღორძინა ქვეყანაში უცხოდ მოაზროვნეთა დათრგუნვის, საყოველთაო დევნის, სპეცსამსახურების სრულუფლებიანობისა და პატიმართა წამების სტალინური სისტემა“ („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK – საინტერესოა, ეს აბსურდული თეორია წამების სისტემაზე ბ-ნი ქუცნაშვილის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია? (რედ., «სინერგია»).
ლევან დავითაშვილი (ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი): „რუსეთის ბაზრის გახსნა, რომლისადმი ინტერესიც დიდია მთელ მსოფლიოში, კარგი სტიმული გახდა. ქართული ღვინო იქ ძველებურად პოპულარულია, რის შესახებაც მეტყველებს ექსპორტის მაჩვენებლები... მიწოდების განახლების მომენტიდან მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაპირებთ რუსეთში გავყიდოთ დაახლოებით 5 მილიონი ბოთლი. ესე იგი, მაჩვენებელი უკვე გადაჭარბებულია“ („საქ. რესპ.“ 4 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი ეკონომიკის მხოლოდ 10% მუშაობს. 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი პროდუქტი. წარმოგიდგენიათ რამდენი გვაქვს საკეთებელი? ძალიან ბევრია განაწყენებული ჩვენზე, მათ შორის რეგიონებში, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები და ბევრი მახსენებს, გახსოვთ, როგორი აქტიური ვიყავი, მაგრამ დღესაც უმუშევარი ვარო. მინდა მათ კიდევ ერთხელ განვუმარტო(ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, თორემ ეს არ მერიდება), ყველას ერთბაშად დასაქმება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „შეუძლებელი შევძელით, ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ჩვენი ქმედებები ევროპა-ამერიკისთვის გასაგები ყოფილიყო და შიგნით საზოგადოების მუხტი არ დაგვეკარგა. საზოგადოებას 5 წუთში უნდოდა ყველანი დაგვესაჯა იმავე მეთოდებით. ამით მივიღებდით ახალ უბედურებას. ძალიან რთული პროცესი გავიარეთ. რაც ევროპა-ამერიკას სურდა, საზოგადოებას იმის აბსოლუტურად საპირისპირო სურდა. მოვახერხეთ, რომ ორივეს მხარდაჭერა შევინარჩუნეთ. ახლა ეს პროცესი დასრულდა და ამიტომაც ჩემი წასვლა აღარ იქნება საზიანო. აქამდე ძალიან საჭირო ვიყავი და დავიტრაბახებ, რომ ძალიან ფაქიზად და კარგადაც ვიმუშავე. გამოგვივიდა და თან არ გავაკეთეთ იგივე, რაც წინა ხელისუფლებამ – უწესრიგობით წესრიგის დამყარება არ შეიძლება“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გვაქვს, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ივლისიდან დაწყებული იყო ეკონომიკური ვარდნის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება. ჩვენ უარი ვთქვით ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. დავიწყეთ ეკონომიკური გადალაგება სწორი ეკონომიკური რეფორმების გამოყენებით, იმ მეთოდებით, რომლითაც წარმატებას მიაღწიეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა. ეს გულისხმობს თავისუფალ და კონკურენტუნარიან ბაზარს. ასეთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო სტრუქტურები კერძო ბიზნესში. ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი უახლოეს მომავალში წარმოადგენენ ეკონომიკის განვითარების შუავადიან გეგმას“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „კონკტერულად რაც ჭელაში მოხდა, როგორც მთავრობის მეთაური, აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის. რატომ გახდნენ ისინი იძულებული, რომ ეს ერთ ღამეში გაეკეთებინათ? აქ მიჩნდება მე კითხვა: არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქე ამას ობიექტურად განიცდის, რამეთუ საბჭოთა კავშირისა და 9-წლიანი ძალადობრივი მმართველობის შემდგომ შესაძლოა, ის ბუნებრიობა, რაც იყო, დაიკარგა, ბალანსი, რაც არსებობდა, დაირღვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ეს პროცესი გაიოლდება. ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ხდება დემონტაჟი, ჯობდა ალბათ უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ. ჯობდა − სათქმელად იოლია, ჯობდა, მაგრამ როდესაც გევალება, გიწევს უხეში საქმის გაკეთებაც. თუმცა ეს სასიამოვნო არ არის არც ჩემთვის; მე ვფიქრობ, კოჰაბიტაციის პროცესი და ასეთი გაუგებრობებიც სულ მალე დასრულდება საქართველოში. მგონია, რომ ძალიან ხშირად ხელოვნურად არის ინსპირირებული. ძალიან მალე დალაგდება, გარანტიასაც მოგცემთ, რომ ასე იქნება“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური, რომელიც ცდილობს და აკეთებს შესატყვის განცხადებებს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ჩავერიოთ, მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. მაგრამ ეკლესიის ზოგიერთმა მსახურმაც კარგად უნდა გაიგოს, რომ მათ არ აქვთ უფლება სახელმწიფოს ფუნქციები შეითვისონ. ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „სრული წესრიგია. 14 ათასი პატიმარი გამოვუშვით ციხეებიდან, გავანახევრეთ პატიმრების რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან ნაწილი იყო ისეთი, ვინც დაამძიმა კრიმინოგენური სიტუაცია. მოხდა რამე? ნახეთ როგორ ეფექტურად იმართება, − ამ დროს არავინ ძალადობს მოქალაქეებზე, ყველაფერი სრულდება კანონიერად. პოლიცია არის ხალხის სამსახურში, ამას მე არ ვახერხებ, მინისტრი ახერხებს“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „პოლიტიკურ სცენას ვუთავისუფლებ ჩემს გუნდს, მათ, ვინც რჩება − გიორგი მარგველაშვილი მოდის, პრემიერს მერე დაგისახელებთ, მთავრობა არჩეულია, პარლამენტი იცით. ის, რაც შეიძლებოდა პოლიტიკაში ჩემი მხრიდან, მე გავაკეთე, უფრო მეტი სჭირდება საზოგადოებას. ვფიქრობ, პოლიტიკური ნაწილი დღეს წინ წაწეულია, უკეთესია ვიდრე საზოგადოება... ჩემს გუნდს ექნება საშუალება, უჩემოდ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. სხვათა შორის, არა მარტო საზოგადოება, გუნდშიც შფოთავენ, შიგნითაც ძალიან ბევრი განიცდის, ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს, ვაგრძელებთ პოლემიკას, ჯერ უსუფაშვილთანაც ვერ ჩავედით ბოლომდე, მაგრამ ჯერ ვერც ერთმა ვერ დამისახელა, მათ შორის ვერც უსუფაშვილმა, ერთი რეალური მინუსიც კი, რომელიც ჩემი წასვლით შეიძლება მივიღოთ. სულ პლუსებია, თანაც მე არსად მივდივარ, მე გადავდივარ უფრო რთულ ნაწილში“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, ასეთ შემთხვევაში ყველა გზა გახსნილი მექნება და უფრო სწრაფად გადავდგები პრემიერობიდან. ის, რაზეც მე მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ანალიზი ვიცი, სწორი ხედვები მაქვს, სწორ პროგნოზებს ვაკეთებ, აღმოჩნდება, რომ თურმე ეს დრო დასრულებულია. ისიც მეგონა, წერილშიც დავწერე, რომ მე მაქვს ზედმეტი ნდობა საზოგადოებისგან და აღმოჩნდება, რომ თურმე ესეც არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ ჩემი ვალდებულებები შესრულებულია და ყველა გზა გახსნილი მექნება − სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ და რასაც მენდომება, იმას გავაკეთებ. აღარ მექნება ვალდებულებები. მე ვიქნები თავისუფალი“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „შიგნით იყო უამრავი პრობლემა და ამიტომ შევიკავე თავი აშშ-ში ვიზიტზე. მინდოდა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან წელში გამართული ჩავსულიყავი. ძალიან რთული იყო კოჰაბიტაციის პროცესი, დღეს სიტუაცია გადატეხილია, ამერიკელებმა იციან ჩვენი ხელწერა“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ძალიან მძიმე, საოცარი მემკვიდრეობა მივიღეთ ჩვენ რუსებთან ურთიერთობაში, ჩიხში შეიყვანეს ბოლომდე. გასაგებია, რომ რუსეთმა ჩაიდინა აგრესია. ისევ გამომეკიდებიან „ნაციონალები“, რომ საქართველოს ვადანაშაულებ. გემზე, პრეზიდენტმა ორწუთიანი გამოსვლის ნაცვლად, 40-წუთიანი „რეჩი“ რომ დაარტყა, დაიწყო გარჩევები და მაშინაც ვუთხარი, რომ საქართველოს კი არა, შენ გადანაშაულებ, შენ იყავი არაკონსტრუქციული და შენ ჩაიდინე უამრავი შეცდომა-მეთქი. ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობისთვის ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოიჩინა ინიციატივა. მე ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს გუნდის წევრებმა ძალიან კარგად გააცნობიერეს. მე ძალიან ვფრთხილობ, რომ არაფერი შეგვეშალოს; ძალიან ვფრთხილობ ქმედებებში, გამონათქვამებში, რადგან თემა არის ძალიან ფაქიზი. მე ყველა ბიზნესმენს უარი ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ რაიმე რეალური პოტენციალი ამ მიმართულებით. ცოტა ზემოთ უნდა დათბეს და დალაგდეს ჯერ. ბიზნესმენმა, რომელიც ცოტა ზედმეტად იაქტიურებს, შეიძლება მან მძიმე შედეგიც მოიტანოს. რამდენიმე მხრიდან და სხვადასხვა მხრიდან მართული სიტუაცია შეიძლება პოლიტიკურად გაუგებარი აღმოჩნდეს კრემლისთვის“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „გუშინ, ზურაბ აბაშიძეს დაურეკა თავისმა კოლეგამ და შესთავაზა დახმარება, რომ სირიიდან ჩვენი თანამოქალაქეების გამოყვანაში დაეხმარებოდა. რუსულმა მხარემ შემოგვთავაზა ეს, რასაც მივესალმები. ასეთი განწყობაა და არა ის, რომ დაიპყრონ საქართველო. ჩემი აზრით, რუსეთიც კარგად აცნობიერებს რა მოხდა 2008 წელს და არ მგონია, რომ ამით გახარებულია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას და აღვადგენთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ურთიერთობას, რის შემდეგაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „იპოთეკარებზე ბევრი დრო დავხარჯე და ბევრი ვიმუშავე არჩილ ხაბაძესთან ერთად. ეს უნდა მოხდეს ბანკებთან შეთანხმებით. კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებდა იპოთეკარებთან დაკავშირებით, პირადად მე შევარჩიე და საყვედური მივეცი უსუფაშვილს, იმიტომ რომ არ შეიძლება ბიზნესმენს კანონით რაღაც მიენიჭოს, ამით შეიძლება ბიზნესი დაანგრიო. ასეთ კანონს თუ შემოვიღებთ, ბიზნესმენები დაფრთხებიან... იპოთეკარების თემა ბანკებისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. ხშირად სახლები გაუაზრებლად არის დაგირავებული. დიდ ოპტიმიზმს ვერავის ჩავუსახავთ, იქნებ რაღაც დონეზე რაღაც გავაკეთოთ“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ნინო ბურჯანაძე: „ვწუხვარ, რომ ბატონ ბიძინას აქვს ეს განწყობა, რომ ის ასე მალე წავიდეს პოლიტიკიდან. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის წვლილს, პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით, რომელიც მას გაუკეთებია საქართველოსთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს, თუმცა, მე შევეცდები პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დავარწმუნო ივანიშვილი, რომ გარკვეული პერიოდი დარჩეს პოლიტიკაში, რადგან ვთვლი, რომ საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ბურჯანაძე პრეზიდენტად და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წასვლით, სერიოზული პრობლემები იქმნება ქვეყანაში, თუმცა ამ პრობლემებს მე ნამდვილად თავს გავართმევ. იმ ფონზე, როდესაც ბატონი ბიძინა აკეთებს განცხადებას, რომ ყველა შემთხვევაში აპირებს წასვლას, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს არჩევანის გაკეთების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ნამდვილად არ იქნება მარგველაშვილის სასარგებლოდ“ („საქ. რესპ.“ 5 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მე არასდროს არ გავხდი ჩვენს ქვეყანას საცდელად და გამოსაცდელად! ჩვენ უნდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რა გვინდა ჩვენ და რას ვაკეთებთ. შესაბამისად, მყარი პასუხი გავეცი ჟურნალისტს − ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს ევრაზიული კავშირი და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ახლოში არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება(ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატოს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის. შესაბამისად, როდესაც სწავლობ და უყურებ, მაშინ შეხვალ შენ თუ გინდა იქ(ევრაზიულ კავშირში), როდესაც ხედავ, რომ საეჭვო აღარაა და შენი ქვეყნისათვის ეს საინტერესო და სასარგებლოა“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ყველაფერი იცვლება გლობალურ პოლიტიკაში, დღევანდელი მტრები ხვალ მეგობრები არიან და პირიქით. აბა ნახეთ, რუსეთი და გერმანია დღეს საუკეთესოდ მეგობრობენ. აბა ნახეთ, რამდენი წელიწადი გავიდა? და როგორი სიტუაცია იყო − მსოფლიო ომი და როგორი ომი თანაც“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ევროკავშირში ჩვენ, პირველ რიგში, მოგვწონს ევროპული ფასეულობების დომინირება, სიტყვა „ევროპა“ ჩემთვის, პირველ რიგში, ევროპული ფასეულობებია. დღევანდელმა ცივილიზაციამ ვერაფერი უკეთესი ვერ მოძებნა, გარდა ევროპისა. ყველაზე წარმატებული და ყველაზე საინტერესოებიც დღეს ძველი ევროპელები არიან. თუ უკეთეს რამეს გამოიგონებს კაცობრიობა, ჩვენც უნდა შევეცადოთ(მასთან თანამშრომლობას). ამ ფასეულობების საფუძველზე მოახერხა ევროპამ შეექმნა ზუსტად ის ადამიანის უფლებები, კონკურენტუნარიანი ბაზარი, რომ არ არის კორუფცია და ა.შ., რაც არის ევროპული ფასეულობები. ახლა ეს ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ევროპაშია, რა თქმა უნდა, ცოტა ჩრდილს აყენებს დღევანდელი გადმოსახედიდან ევროპულობას, მაგრამ კრიზისიც ჩამთავრდება. ჩვენ სად უნდა ვიყუროთ, თუ არა ევროპის მიმართულებით? რა არის უკეთესი? თუ არა ევროპისკენ, მაშ საითკენ? გამოკვეთილად, საუკუნეზე მეტია, ევროპა საინტერესოა და, რა თქმა უნდა, უკეთესისაკენ უნდა იყურებოდეს ყველა ადამიანი. ევროპა ამოჩემება კი არაა სიტყვის, არამედ ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის უკეთესობისკენ. ევროპაზე უკეთესი ჯერ არაფერი არ შეუქმნია თანამედროვე ცივილიზაციას“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „რაც შეეხება მთავრობას, მე მასზე პასუხისმგებლობას ვიტოვებ. კი არ ვტოვებ და მივდივარ სადღაც, არამედ ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად წარმატებული მთავრობა, ეს იქნება არაკორუფციული, ევროპული ტიპის, ტიპური ევროპული მთავრობა ეყოლება საქართველოს“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „იმ ფორმით, რომ ჩვენი წინა ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით ახერხებდა ძალადობასა და სიცრუეში ემყოფებინა საზოგადოება, ჩვენ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ევროპულ რელსებზე გადავაწყვეთ, პრაქტიკულად ლეგიტიმაცია დაკარგა საზოგადოებამ. ვიცით, როგორ ატარებდნენ არჩევნებს და რას აპირებდნენ მომავალში. ყველანაირად უფლებაწართმეული საზოგადოება გვყავდა შიგნით, გარეთ კი ახერხებდნენ „გაეპიარებინათ“ და ისეთ დონეზე მიეწოდებინათ ევროპისთვის და ამერიკისთვის, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო საქართველო... ევროპას უმტკიცებდნენ, რომ ისინი არიან დემოკრატიის შუქურა... მაგრამ ახლა მოდის ახალი ხელისუფლება და შენ რომ გინდა, ხუთ წუთში ევროპას დაუმტკიცო საპირისპირო, რომ ესენი დემოკრატები კი არ არიან, არამედ პასუხი უნდა აგონ, ესე მარტივი არაა ეს. ჩვენ თუ გვინდა ევროპეიზაცია, თუ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ეს გზა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს. უნდა გავწელოთ ეს დროში, მაქსიმალურად გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი, რათა მათ დაინახონ ეს და წაიკითხონ, რომ თქვენ თურმე ნორმალური ხალხი ხართ და ესენი(წინა ხელისუფლების წარმომადგენლები) გვატყუებდნენ“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ამბასადორიალზე“ მე ვთქვი, რომ არა ცალმხრივად, არამედ ჩვენ და რუსეთმა ორმხრივად გადავდგით პოზიტიური ნაბიჯები და მე მინდა ამას ხაზი გავუსვა. ეს არ არის ცალმხრივად, რომ საქართველომ გააკეთა რაღაც „პოზიტივი“ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ და რუსეთმა არაადეკვატურად უპასუხა. არა, ეს იყო ორივე მხრიდან. რუსეთი რომ არა, ეს საქონელი ასე ვერ შევიდოდა რუსეთის ბაზარზე. ძირითადი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც შეიძლება ეწოდოს წინსვლა და „პოზიტივი“, ეს არის ის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აღდგა და ეს ცალმხრივად არ გაგვიკეთებია ჩვენ... ამასთან აბსოლუტურად შეუსაბამობაში მოდის ის მავთულხლართების გადმოწევა, რასაც ცალმხრივად აკეთებს რუსეთი და ამით გაუგებრობებს იწვევს. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია მე არ მაქვს“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „რუსეთს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება აქვს და, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს ხშირად არ არის ისეთი, როგორის სურვილიც შეიძლება გვქონდეს ჩვენც და ევროპასაც. მაგრამ ჩვენ ამას ანაგრიში უნდა გავუწიოთ. მოთმინებით უნდა ვუყუროთ. უნდა ვიყოთ პრინციპულები, კონსტრუქციულები და დიპლომატიურები, რას ვიზამთ, რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ვინც არ გაუწია ანგარიში და როგორც არ გაუწია ანგარიში რეალობას, აი, რა მივიღეთ ჩვენ და რა გვაქვს დღეს! რომ არა ჩვენი ეს უმეცრება და ეს სულელური ნაბიჯები, ჩემი დიდი რწმენით, ეს ასე არ მოხდებოდა და მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. შესაბამისად, ახლა ისინი(წინა ხელისუფლების წარმომადგენლები) ისევ გვაწვებიან ისტერიულად, თუ როგორ ბედავ და რუსეთზე რაიმე პოზიტიურს ამბობო. მტრის ხატს ხატავენ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პოზიცია დავიჭიროთ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ვსაჭიროებთ მასთან ნორმალურ ურთიერთობებს. ისინიც საჭიროებენ, რომ იცოდეთ, რუსეთიც საჭიროებს საქართველოსთან ჯანსაღ ურთიერთობებს და, ჩემი გადმოსახედიდან, ისინიც აცნობიერებენ ამას. მაგრამ ამას არ უნდა ისტერიული ყვირილი, გინება და იარაღის ჟღარუნი, რაც ხდებოდა ადრე. ამას უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ პრინციპული პოზიცია, დიპლომატია და მაქსიმალური მოთმინება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგოთ ურთიერთობა და მივიღოთ შედეგი. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ბოლომდე ურთიერთობები, დავიბრუნოთ ტერიტორიებიც და გადავიყვანოთ მეგობრობაში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „მე მოვახერხე და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, ახლა უკვე მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი, ვიდრე ის(მიხეილ სააკაშვილი) პოზიტიური პრეზიდენტი იყო და ჩვენი ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა, ჩვენი ურთიერთობებიც გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მან გააფუჭა ურთიერთობა დემოკრატიასთან. სააკაშვილს და მის მომავალს რაც შეეხება, ეს მასზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია როგორ განვითარდება პროცესები. ჩემი სურვილი იქნებოდა, ვიყუროთ წინ განვითარებისკენ, ვიდრე − უკან“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
გიორგი მარგველაშვილი: „გული უსკდებათ, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენს შორის ერთობაა და ვერ თესავენ ეჭვს, განხეთქილებას. გული უსკდებათ, როცა ხედავენ, რომ ქვეყანამ მოიხედა საკუთარი თავისკენ და ყველას დაანახა, როგორი ამაყია. წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ქართველი ჩამორჩენილია, თურმე იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოს, სხვანაირი უნდა გახდეს. ეტყობა ვერ ხედავდნენ, როგორი განსაკუთრებული ვართ − როგორი განსაკუთრებული გვაქვს არა მარტო წარსული, არამედ აწმყოც, როგორი შრომისმოყვარეები ვართ. ეს ვერ შეაფასეს და ამიტომაც დაინგრა მათი გეგმები. დაინგრა იმიტომ, რომ არც ერთ მომენტში მათთან კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმავლობაში, არც ერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება. 2003 წლის 23 ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა და მათი ნდობა“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
გიორგი მარგველაშვილი: „ქვეყანა წავა მშენებლობის მიმართულებით. ეს დავიწყეთ 9 თვის წინ, როცა თქვენი ძალით, თქვენი უშიშრობით, ერთად გავწიეთ ის ძალა, რომლისთვისაც წარმოუდგენელი იყო მოგვეგო უსისხლოდ. ჩვენ მოვახერხეთ და ქვეყანას არ მივაყენეთ არავითარი დარტყმა. ახალი ქვეყნის მშენებლობის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელისუფლება ჩამდგარიყო არა თავისი ბოდვითი იდეების, არამედ ხალხის სამსახურში“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
გიგლა აგულაშვილი(აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე): „ჩვენ არ ვართ მოტივირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებით, პირიქით, ვახალისებთ პროცესებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოწარმოების პროდუქტების წარმოებას. დამოკიდებულება ასეთია, მაგრამ არა პირდაპირ აკრძალვითი. ჩვენი მინიმალური მოთხოვნაა ის, რომ მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდოს, თუკი პროდუქტი შეიცავს თუნდაც ერთ კომპონენტს, რომელიც შეიძლება გენმოდიფიცირებული იყოს. ასეთ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა“ („საქ. რესპ.“ 10 სექტემბერი, 2013).TK
კობა დავითაშვილი: „სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენაზე და მის ყველა კომპონენტზე უარი თქვა. კერძოდ, ვერც დამნაშავეთა დასჯას ვხედავთ, ვერც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მეპატრონეებისთვის დაბრუნებას და ვერც სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების აღდგენის პროცესს. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების ჯალათები პოსტებს ინარჩუნებენ. მათ შორის, ძალოვან უწყებებში. მარტო ის რად ღირს, რომ ცნობილი კასრების კადრების „შემოქმედი“ ექვსი პირიდან სამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ხოლო მეორე სამი – თავდაცვის უწყების. ეს ყველაფერი იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ უწყებებში ჯალათები იქამდე იმუშავებენ, სანამ ახალი კასრები არ იქნება აღმოჩენილი. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და სამსახურებში უნდა დავტოვოთო, მაგრამ მაინტერესებს, რისი პროფესიონალები არიან − ადამიანების წამების?! ეს კადრები რისთვის გვჭირდება, ხალხი კიდევ უნდა ვაწამოთ?!“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
კობა დავითაშვილი: „რესპუბლიკელების გარშემო ილუზია შეიქმნა, რომ ისინი პროცესებს მართავენ, არადა მათ პარლამენტში ცხრაკაციანი ფრაქცია აქვთ, მაშინ როდესაც, უმრავლესობის რაოდენობა ლამის 2/3-ს უკაკუნებს. რესპუბლიკელები პროცესებს მარტო იმის გამო ვერ წარმართავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. კოალიციაში გადაწყვეტილების მიღება ან ერთად ხდება, ან რიგი პირები საერთოდ ჩუმდებიან. რესპუბლიკელების უკან ამოფარება და იმის თქმა, რომ „რაც ცუდი ხდება მათი ბრალია“, „ჩვენ კარგი გვინდოდა და მათ ამის უფლება არ მოგვცეს“, ეს ძალიან სასაცილოა, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. რესპუბლიკელების კრიტიკა გავრცელებული ფორმაა და ამანაც ილუზია შექმნა“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
კობა დავითაშვილი: „კანონით სამპროცენტიანი ბარიერია განსაზღვრული და არ მინდა, იმ პარტიებს დავემსგავსო, რომლებიც ყველა არჩევნებში მონაწილეობენ და 0,001 პროცენტს იღებენ. პარტია კვალიფიციურად რომ ჩაითვალოს, სამპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს და თუ კვალიფიციური ძალა არ ხარ, სჯობს, საქმიანობა შეწყვიტო და ასპარეზი სხვას დაუთმო. არ მსურს, პოლიტიკას მუდმივად ჩამოკიდებული ადამიანი ვიყო და თუ მინიმალურ ბარიერს ვერ გადავლახავ, სხვას ფეხებში არ გავებლანდები“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
კობა დავითაშვილი: „ბაქრაძეს არც კონკურენტად განვიხილავ და არც პოლიტიკოსად, რადგან მიმაჩნია, რომ ის დანაშაულებრივი რეჟიმის „თვალსაჩინო მოღვაწეა“, რომელსაც თავადაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მოგეხსენებათ, რომ თბილისის პარლამენტის დემონტაჟის განხორციელება მისი დამსახურებაა. სახელმწიფო ხარჯით სახელმწიფო ქონების დაზიანება მოხდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ახლა, ბაქრაძე საარჩევნო შეხვედრებს კი არ უნდა მართავდეს, არამედ პროკურატურაში უნდა დადიოდეს“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შიშველი მეუღლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ბაქრაძე წერს, რომ მას სურდა ფოტოსთვის „Madonna and Child“ დაერქმია, თუმცა ამას კარგად ვერ გაიგებდნენ. „ახლაც ვერ გაგვიგებენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი... სრულიად ავადმყოფების გარემოცვაში ვიმყოფებით. მხოლოდ სიშიშვლეს ხედავენ. ჩადრის დროა“, − წერს ბარქაძე „ფეისბუქის“ გვერდზე“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
”პირის მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი იზრდება და ის 28 წლის ნაცვლად 30 წლით განისაზღვრება. ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ფიცს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის წინაშე დადებენ. ამას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მთავარი მიზანი აღნიშნული კანონმდებლობის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ის იუსტიციის სამინისტრომ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე განათავსა. კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი აღარ გასცემს დასკვნას მოსამართლის ან კონსტიტუციით განსაზღვრულ პირთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე. ასევე შეიცვალა მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის ვადა. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირი მოსამართლედ უვადოდ ინიშნება, რეზერვში ჩარიცხვაც, ნაცვლად სამი წლისა, მოხდება უვადოდ, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა კი განხორციელდება მისი პირადი განცხადების ან მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში. რეზერვში მყოფ მოსამართლეს შეუნარჩუნდება თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება რეზერვში ჩარიცხვიდან სამი წლის განმავლობაში. შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, კონსტიტუციის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონით განისაზღვრება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს პარლამენტის მიერ ასარჩევ საბჭოს ერთ წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ დაკომპლექტებული იქნება 15 წევრისაგან − აქედან 8 წევრს აირჩევს სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს აირჩევს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს დანიშნავს პრეზიდენტი. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ არა პრეზიდენტის განკარგულების, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. ასევე, პრეზიდენტის ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე“ („საქ. რესპ.“ 11 სექტემბერი, 2013).TK
ტარიელ ნაკაიძე(მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე − ჭელის მინარეთის დანგრევასთან დაკავშირებით): „საქართველოს კანონმდებლობაში მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული კანონი არ არსებობს, ამიტომ გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული ყველა მინარეთი და მეჩეთი უკანონოდაა აშენებული... თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და იგივე უფლებები გვაქვს, რაც ქრისტიანებს. თუ ამას თვლიან უკანონოდ, მაშინ უკანონო მშენებლობად უნდა ჩაითვალოს ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობაც. ვგულისხმობ ბოლო პერიოდში აგებულ ეკლესიებს, მაგალითად, სხალთის კომპლექსს. მის ნანგრევებზე ახალი გალავანი სრულიად უკანონოდ შენდება“ („საქ. რესპ.“ 12 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „წინა ხელისუფლება არღვევდა ქვეყანაში ადამიანის უფლებებს, მაგრამ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს აჩვენებდა, როგორც დემოკრატიის ცენტრს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ცხრა წლის განმავლობაში შეიქმნა სისტემა, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზება მოახდინა, აკონტროლებდა ბიზნესს და გამოდიოდა ხალხის წინააღმდეგ. ციხეები გადაივსო, დაახლოებით 300 ათასი კაცი გაასამართლეს პირობითად, ვინაიდან ციხეებში ადგილები აღარ იყო. ჩვენ პატიმართა 70 პროცენტი გავათავისუფლეთ, ვინაიდან მათ შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებიც პატიმრობაში პოლიტიკური შეხედულებების ან დაშინების გამო იმყოფებოდნენ. ყოფილი ხელისუფლება დიდ სახსრებს გამოყოფდა იმისთვის, რომ მოეხდინა თავისი თავის ლობირება საზღვარგარეთ, და ამრიგად მან სწრაფად შეიძინა მეგობრები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ მოვედით, მაგრამ უცხოეთში შეეჩვივნენ სააკაშვილს, თითქოსდა დემოკრატიის იმიჯს“ („საქ. რესპ.“ 12 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ყველა ავითარებდა ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ ჩვენთვის ეს ურთიერთობა იყო მძიმე. სააკაშვილმა თავდაპირველად ეს ურთიერთობა ცივ ომად აქცია, რუსეთის ხელწერა ჩვენ ვიცით: მაშინ მათ ჰქონდათ არჩევნები და დაიწყეს უზარმაზარი აგრესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ტერიტორიის 30 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. მაშინ რომ სააკაშვილი გონივრულად მოქცეულიყო, და არა ემოციების საფუძველზე, რუსეთის არმია ვერ შეძლებდა შემოსულიყო საქართველოში. იმ დროს ბანდიტური დაჯგუფებები პროვოკაციას აწყობდნენ, და ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რომელიღაც სახლში შევარდა ტყვია. საკმარისი იყო, გამოეყვანათ ამ რეგიონიდან ოჯახები, მოეწვიათ ევროპელი მეთვალყურეები, მოეწყოთ საერთაშორისო სკანდალი და საქმე ამით დამთავრდებოდა. მაგრამ სააკაშვილმა არჩია ეპასუხა ტანკებითა და თვითმფრინავებით. ის არ უნდა დამორჩილებოდა ავანტიურას. მოგვიანებით რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოში“ („საქ. რესპ.“ 12 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „რუსეთი, რასაკვირველია, დამნაშავეა, ის არ უნდა შემოსულიყო, და აგრესიას გამართლება არ აქვს. შენ თავად გონივრულად უნდა დაიცვა საკუთარი სახელმწიფო. სააკაშვილმა დაუშვა უხეში შეცდომები“ („საქ. რესპ.“ 12 სექტემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ურთიერთობანი რუსეთთან გაუმჯობესდა... არა მგონია უახლოეს წლებში რომ დავაბრუნოთ საქართველოში ჩვენი ძმები − აფხაზები და ოსები, მაგრამ შორეულ მომავალში ეს შესაძლებელია. სიტუაცია არ არის ხელსაყრელი რუსეთისთვის, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს უშიშროებასთან დაკავშირებით ჩეჩნეთში, დაღესტანში, ინგუშეთში“ („საქ. რესპ.“ 12 სექტემბერი, 2013).TK
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი − საქართველოს“, დღის ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მშობლები და მათი პედაგოგები პატრიარქმა მიიღო, დალოცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. პატრიარქმა პატარებს საგალობელი „წმინდაო ღმერთო“ რამდენჯერმე მოასმენინა და მათ მშობლებს მიმართა, ერთად ეგალობათ. უწმინდესი „წმინდაო ღმერთოს“ საგალობელზე თავად გალობდა. პატრიარქმა მშობლებს მიმართა, რომ ეს საგალობელი ბავშვებს ხშირად ასმენინონ. შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა უწმინდესს ლექსიც უთხრა. ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ამ განსაცდელმა ისინი გააძლიერა და სიყვარული ასწავლა. პატრიარქმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები გმირები არიან. „ეს ბავშვები არიან ღვთის წინაშე ანთებული სანთლები საქართველოსთვის და მე მინდა ზოგიერთს, ვისაც შეუძლია, გადავცე ფსკვნილი, რომ ილოცონ,“ − აღნიშნა უწმინდესმა“ („საქ. რესპ.“ 26 სექტემბერი, 2013).TK
სოსო ცისკარიშვილი: „სიმშვიდე საქართველოს მიმართულებით არ შედის რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში. მათ ვერ მოიხალისეს ბოლომდე თავისი სამხედრო გამარჯვება საქართველოზე და სხვა არგუმენტი, რომ მოიპოვონ საკუთარი მოსახლეობის სიმპათია საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული რაიმე ნაბიჯით, მათ არ გააჩნიათ. უფრო ხშირად უცხოეთიდან რუსეთი წკიპურტებს ღებულობს. საფრთხეს შეიცავს არა რუსულ-ქართული ურთიერთობა, არამედ კონკრეტული მმართველობის არც თუ ჯანსაღი ფსიქიკა... დღეს სრულიად მკაფიოა რუსეთის ხელისუფლების ხელაღებული ხულიგნობა საერთაშორისო ასპარეზზე და რა მიმართულებითაც არ უნდა გამოთქვან მათ საწინააღმდეგო აზრი საერთაშორისო ხედვასთან დასაპირისპირებლად, ამის დადასტურებას ცდილობენ მხოლოდ საქართველოს მიმართულებით“ („საქ. რესპ.“ 26 სექტემბერი, 2013).TK
სოსო ცისკარიშვილი: „თუ პუტინი, თავისი ახირებული ხასიათიდან გამომდინარე, ოლიმპიური პრინციპების შეურაცხყოფას დაიწყებს, ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადატანა იმ ოკუპაციური მავთულხლართებისა და ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოში იქნება ის ქვეყანა, რომელიც ზურგს შეაქცევს სოჭის პუტინიადას ისე, რომ ამის გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან არანაირ გაკიცხვას არ მიიღებს. თუ რუსეთი ასე ყოველდღიურად არღვევს ოლიმპიური სულისკვეთებით განსაზღვრულ წესებს, თუ მას საკუთარ თავზე აქვს აღებული ქვეყნების სია, ვის შეიყვანს აკრედიტებულად და ვის − მონაწილედ, და ამ სიაში შეჰყავს მხოლოდ თავის მიერ აღიარებული ტერიტორიები საქართველოსი, რასაკვირველია, ასეთ პუტინიადაში საქართველოსთვის მონაწილეობა მიუღებელია და, ვფიქრობ, არა მხოლოდ მისთვის“ („საქ. რესპ.“ 26 სექტემბერი, 2013).TK
ხურვალეთის, ბერბუკისა და შავშვების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში მცხოვრებ პირებს თანამედროვე სარწყავი სისტემები და ბოსტნეულის ჩითილები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა აშშ-ს და ისრაელის ელჩებმა მიიღეს... ისრაელის ელჩმა იუვალი ფუქსმა დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ პირებს სარწყავი საშუალებები და სალათის ჩითილები გადასცა და აღნიშნა, რომ უმჯობესია, „გაივლოს სალათის კვლები, ვიდრე − ღობეები“ („საქ. რესპ.“ 26 სექტემბერი, 2013).TK
მომსახურების ცენტრი თბილისის იუსტიციის სახლში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიაშვილმა გახსნეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომსახურების ცენტრის იუსტიციის სახლის სივრცეში გადატანის მთავარი მიზანია სერვისის ხარისხის ამაღლება, სწრაფი და კომფორტული მომსახურების გაწევა დაინტერესებულ პირთათვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ოფისში მისული ადამიანი კვალიფიციურ კონსულტაციებს მიიღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან. − თითოეული შემთხვევა თუ წინადადება ინდივიდუალურად განიხილება ცენტრის კონსულტანტთან ან მენეჯერთან. დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, მიიღოს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გააკეთოს განაცხადი ისეთ სერვისებზე, როგორიც არის პრივატიზება, მართვის უფლების გადაცემა, რეალიზაცია და სხვა. აქვე ხდება სასურველი კორესპონდენციის მიღება და გაცემაც. ცენტრი დღეში საშუალოდ 105 დაინტერესებულ პირს ემსახურება და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება, − აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში („საქ. რესპ.“ 26 სექტემბერი, 2013).TK