1994 წლის ქრონიკა
ოქტომბერი
რევაზ ჩხეიძე (ყოველთა ქართველთა კონგრესის პრეზიდენტი): „ჩვენთან ბევრნი წარამარობენ, ღარიბი ქვეყანა ვართ და ურუსეთოდ ვერ გავძლებთო... არაა ეს სწორი... როცა ყველანი ხელს გამოვიღებთ, როცა ბიზნესი იბიზნესებს მთელი ძალით, მისი შინაგანი ფარული პოტენციალით ამუშავდება, მაშინ შევძლებთ დამოუკიდებლად არსებობას... მივიღებთ სტუმრებს აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან და სხვ. ყველაზე დიდ დელეგაციას მოველით თურქეთიდან... თურქეთიდან 25 ბიზნესმენი და 3 მინისტრი თავიანთი თვითმფრინავებით, თავიანთი ხარჯებით ჩამოდიან... მათი ჩამოსვლა უეჭველად გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტსაც მოგვიტანს“ („ლიტ.საქ.“ 7 ოქტომბერი, 1994).GK
ჯამლეთ ბაბილაშვილი (საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი): „პარლამენტს მე ვთხოვ ნებართვას, რათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მივცეთ პარტიათა თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები, ბატონები თ. ჟორჟოლიანი და ი. წერეთელი. ჩემი ოპონენტები, ახლა რომ ბობოქრობენ ტრიბუნიდან, სად იყვნენ მაშინ, როდესაც მე თ. ჟორჟოლიანის მიერ კრედიტების გატანის ფაქტი ვახსენე? რატომ არ დაინტერესდა ბატონი თენგიზ სიგუა ამ ქმედების დეტალებით? იქნებ არაფერს ნიშნავს გაღატაკებული ქვეყნის მოსახლეობის ჯიბიდან სამნახევარი მილიარდი რუსული მანეთის ამოცლა პარლამენტარის პირადი გამდიდრებისთვის? თვით პრემიერყოფილს თავისი განკარგულებით, მარჯვნივ და მარცხნივ გაცემული აქვს სულ ცოტა ასოცდაათ მილიარდამდე მანეთის კრედიტი... საქმეს ერთვის ყალბი პირადობის მოწმობა, რომელიც ჟორჟოლიანის კონსულტანტობას ადასტურებს. 13 სექტემბერს ამ ტრიბუნაზე გამოსულ პიროვნებას, თ. ჟორჟოლიანის პარტიელ ბატონ ჯოჯუას, ჯიბეში ყალბი დოკუმენტი უდევს, რომლის თანახმადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია... ყველა ამ და სხვა სიყალბის სულისჩამდგმელი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველოს ყოფილი უფროსი, ბატონი გელბახიანი“ („ლიტ.საქ.“ 7 ოქტომბერი, 1994).GK
|