სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შესაბამის დოკუმენტს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოეწერა ხელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ისრაელის მხრიდან − ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმმა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას, − აცხადებენ უწყებაში. ამასთან, შსს-ს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას − „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.“ აღნიშნული შეთანხმებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებენ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა თანამდებობაზე ერთი კვირის წინათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა, თუმცა, საკრებულოს წევრებმა გუშინ კვლავ მიიღეს მისი გადაყენების გადაწყვეტილება. ამასთან, შამათავას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს არის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის დაკვეთა და სენაკის საკრებულოში კვლავ „ნაციონალები“ არიან, ოღონდ უკვე სახელისუფლო პარტიებში გადასული („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK
საქართველოში ახალი ეპოქა და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის ინაუგურაცია მიულოცა. − დასრულდა ავტორიტარული რეჟიმის დრო, რომელიც დაფუძნებული იყო ძალადობასა და სიცრუეზე და დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ევროპული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გვეყოლება ასეთივე მთავრობა. საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა და ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას, − აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK
შემცირდება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოში ამჟამად 21 წევრია და წევრთა რაოდენობა 12-მდე შემცირდება. მისივე განცხადებით, წევრების შემცირება გამოიწვია იმან, რომ მოხდეს პოლიტსაბჭოს საქმიანობის ხარისხობრივი ამაღლება. „კონკრეტულ პიროვნებებთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოსვლას გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შემცირებულიყო პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა“, − განაცხადა გია ვოლსკიმ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოეს. საპატიო ჯილდო პატრიარქს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და წევრები კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრნენ და ჯილდო და დიპლომი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი, ასევე სასულიერო პირები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები. უცხოელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პატრიარქს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში. მათ აღნიშნეს, რომ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს. ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ჯილდოს წელიწადში ერთხელ ანიჭებს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს მათი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების სფეროში. შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა სამართლიანობის უმაღლესი ორდენის მინიჭების გამო და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მოულოდნელია მისთვის. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემ განცხადებას მოჰყვა. ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა − ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა. ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემ მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ − კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი, ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე, და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ. მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მე დავამტკიცე, რომ უკადრისი არასოდეს არაფერი ჩამიდენია. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში მომიწია ყოფნა და საქმიანობა. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა და ხშირად ეს უხეშ ფორმებსაც იღებდა. რთული იყო ასეთ ვითარებაში გამჭვირვალე და კანონიერი ბიზნესის კეთება და მიუხედავად ამისა, ჩემი ბიზნესი იყო სრულიად სამაგალითო და გამჭვირვალე. ბევრს ეცადნენ, ბევრი ეძებეს ოპონენტებმა, მათ შორის, უცხოელებმაც, მაგრამ ვერც ერთი შავი ლაქა ვერ იპოვეს ჩემს ბიზნესში. მე არათუ კანონი არ დამირღვევია არასდროს, კონტრაქტიც კი არ მომიშლია, მეტიც, სიტყვაც არ გამიტეხია... ჩემი ცხოვრების მთავარი ხელწერა არის აბსოლუტური გამჭვირვალობა. ასე ვიყავი ბიზნესში და ასეთივე ვიყავი პოლიტიკაშიც. როდესაც 2003 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე მათ კონსულტაციას ვუწევდი მათივე თხოვნით, 3 წლის განმავლობაში სააკაშვილს მრავალჯერ შევხვდი, ცხადია, ყოველთვის მისივე სურვილით. ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გუნდის რომელიმე წევრი ვერ გაიხსენებს ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც მე მათ რამე პირადი თხოვნით მივმართე, ან პირადი ინტერესების გამო შევხვდი. მე მათ ყოველთვის ისეთ რჩევებს ვაძლევდი, რომლებიც ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდებოდა და არა პირადად მე. ჩემი ინიციატივით იმ ფონდს ვაფინანსებდი, რომელიც ორნახევარ წელზე მეტხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დადგომოდა. რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდი პოლიციას პატრულის მანქანების ყიდვაში და არავითარ შემთხვევაში − იარაღის შეძენაში. ვეხმარებოდი ჯარს, ვაშენებდით ყაზარმებს, ვყიდულობდით ტანსაცმელს ჯარისკაცებისთვის. და იქაც მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ამ დახმარებით არ ეყიდათ იარაღი. მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე მინისტრის, ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში. თავს ვარიდებდი და არ ვერეოდი ამ საქმეში, ანუ მაშინ, როცა არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც „კულუარებიდან“ მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წევრებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია „კულუარებიდან მართვა“. პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ „კულუარებში“ მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის. ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?... საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია. ბუნებრივია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება. და თუ ეს მოქალაქე ყოფილი პოლიტიკოსია, როგორც ამ შემთხვევაში მე, მაშინ ეს წესი აღარ მუშაობს?! თუ მხოლოდ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს და საფრთხის შემცველად განიხილებოდეს ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება დემოკრატიულ ქვეყნებში?! ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით. ამ ღირებულებებს რომ ვცემ პატივს და ერთგული ვარ მათი, ეს არაერთხელ განვაცხადე. მეტიც, კოალიციის დეკლარაციასაც მოვაწერე ხელი, რომელიც მთლიანად ამ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებს ვცემდი პატივს ყოველთვის, და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს 57 წლის კაცი, შევიცვლი ღირებულებებს, ასეთებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა. თუ შევძლებ და მართლაც მოვახდენ ევროპული მიმართულებით ქვეყნის წინსვლის საქმეში გავლენას ხელისუფლებაზე, ამას უნდა მიესალმებოდეს ყველა. არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ის, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი ამბავია და მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ ქვეყნებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა, ბევრი პოლიტიკოსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება, და ეს არავის აფრთხობს“ („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
ბიძინა ივანიშვილი: „და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხისმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამ, როდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? მე მაშინ არ შემშინებია, როდესაც უმძიმეს ვითარებაში მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მრავალწლიანი მმართველობა ემუქრებოდა, როდესაც საზოგადოებაში სრული სასოწარკვეთილებისა და უპერსპექტივობის განცდა მეფობდა, როდესაც მთლიანად განადგურებული იყო ოპოზიციური ძალები, − სწორედ მაშინ დავდე სასწორზე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, შვილების უსაფრთხოება და სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი, ერთ მუშტად შევკარი საზოგადოება და ვაიძულე სააკაშვილის რეჟიმი, მშვიდობიანად, უსისხლოდ გადმოებარებინა ხელისუფლება. და ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ნამდვილი დემოკრატიული ძალები მოვიყვანე, თავად ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, დავტოვე ხელისუფლება. ეს, ალბათ, ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს. შეიძლება სწორედ ეს აბნევთ ვიღაცეებს, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია, ამოცანა და მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნის მართვა და თავისი შეხედულებით სახელმწიფო საქმეების გაძღოლა. მინდა, მივმართო ყველას − ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი“ („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
2013 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ქვეყნის მთავრობას და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას კენჭისყრის შედეგით − 93 მომხრე, 19 წინააღმდეგი − ნდობა გამოუცხადა. მინისტრობის კანდიდატთა მოსმენები პარლამენტში ორი დღის განმავლობაში − ჯერ კომიტეტების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მიმდინარეობდა, გუშინწინ კი, პროცესი რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდა. მთავრობამ უფლებამოსილება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მოიხსნა, რაც თავის მხრივ კონსტიტუციის ახალი დებულებების ამოქმედებას უკავშირდება. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი − ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, ხოლო შს მინისტრის პოსტი ალექსანდრე ჭიკაიძემ დაიკავა. ყველა სხვა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ძველ პოზიციას ინარჩუნებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, რაც პრეზიდენტს გადაეგზავნა.
ირაკლი ღარიბაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი; გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი; კახა კალაძე − საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი; ალექსი პეტრიაშვილი − საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; პაატა ზაქარეიშვილი − საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში; დავით ნარმანია − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; ნოდარ ხადური − საქართველოს ფინანსთა მინისტრი; კონსტანტინე სურგულაძე − საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში; თამარ სანიკიძე − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან ყიფიანი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; ხათუნა გოგოლაძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი; ირაკლი ალასანია − საქართველოს თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი; გურამ ოდიშარია − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; დავით დარახველიძე − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; მაია ფანჯიკიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; შალვა ფიფია − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; ალექსანდრე ჭიკაიძე − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; სოზარ სუბარი − საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დაინიშნა. გიორგი მარგველაშვილის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „დაინიშნოს ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითებში − ეროვნული უშიშროების მდივნად“, − ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. ირინე იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერია შეცვალა. იმერლიშვილს პარლამენტი უახლოეს სესიაზე სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მაია მწარიაშვილს მიხეილ შაყულაშვილი შეცვლის. „ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც შაყულაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. მიხეილ შაყულაშვილი 2012 წლიდან დღემდე შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წლის არჩევნებამდე იგი შიდა ქართლში საქმიანობდა, იმ პერიოდში, როდესაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსად ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება თბილისის პროკურორს, მაია მწარიაშვილმა, თანამდებობა უკვე დატოვა („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013).TK
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის რანგში მუშაობას შეუდგა. არჩილ კბილაშვილის ნაცვლად ფარცხალაძის დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მოაწერა ხელი („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013). TK
ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება მურღულიას დაევალა. თანამდებობები დატოვეს ქუთაისის ვიცე-მერებმა თენგიზ თოფურიძემ და კონსტანტინე ლომიძემ. ქუთაისის ერთ-ერთ ვიცე მერად შოთა მურღულია დაინიშნა, რომელსაც საკრებულომ ქალაქის მერის მოვალეობის შესრულება დაავალა. შოთა მურღულია ამ დრომდე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013). TK
გულბაათ რცხილაძე(პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): „ტელეკომპანია „იმედზე“ გამართული დებატების ფარგლებში „ნაციონალი“ რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ადეპტმა კახა ბენდუქიძემ ჩემ მიერ ყაზახეთის წარმატებულ სახელმწიფოდ ხსენების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო საქართველოზე უარეს მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან იგი გეოგრაფიულად „ჩაკეტილია“ და მას ევროპასთან გასასვლელი, საქართველოსგან განსხვავებით, არა აქვს. რა თქმა უნდა, ბენდუქიძის არგუმენტი ნებისმიერ შემთხვევაში ელემენტარული ფაქტების საშუალებით ქარწყლდება, მაგრამ გადავწყვიტე, ორიოდე სიტყვით დამეწერა ყაზახეთის შესახებ, სადაც ამ რამდენიმე დღის წინათ მომიწია მცირე ხნით ყოფნა... ყაზახეთში 20 ათასამდე საზოგადოებრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთაგან ბევრი, მართალია, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ წამყვანი ორგანიზაციების რაოდენობაც, და რაც მთავარია ხარისხი − შთამბეჭდავია. ასტანაში, ფორუმზე, ასეთი ორგანიზაციების მუშაობის კონკრეტული შედეგებისა და მიღწევების გამოფენა მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით საზოგადოებას ყოველ წელს ანგარიშს აბარებენ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყოველწლიურ ფორუმებს ყაზახეთის მთავრობის წევრები ესწრებიან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს საშუალება აქვთ, უშუალო კონტაქტი იქონიონ თავიანთი საქმიანობის შესაბამისი დარგის ხელმძღვანელებთან, აზრი გაცვალონ მათთან და სამუშაო რეჟიმში თავიანთი წინადადებები მიაწოდონ მთავრობას... მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს ან უარი თქვას ამა თუ იმ პროექტის უცხოურ დაფინანსებაზე. სამაგიეროდ, მთავრობა თავად გამოყოფს საჭირო თანხებს და თავიდან იცილებს უცხოეთის მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საფრთხეს. მე თავად დამიწერია ქართულ პრესაში იმის შესახებ, რომ არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში ისეთი დიდი წილი ჰქონდეთ უცხოეთიდან ფინანსურად მხარდაჭერილ ორგანიზაციებს, როგორც ეს საქართველოში ხდება. ამით საზოგადოებრივი სექტორი კი არ ვითარდება, არამედ პირიქით, უცხოეთის ინტერესებს ექვემდებარება, ქართველი საზოგადოების ინტერესი კი, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია. ალბათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს სასიკეთო მოღვაწეობა საზოგადოებრივი ასპარეზიდან განაგრძოს, ამ უდიდეს დეფიციტს ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრის, მაგრამ ყაზახეთის გამოცდილება, სავარაუდოდ, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებლად ყურადსაღები უნდა იყოს, თუკი გვსურს, რომ საქართველო ოდესმე გამოვიდეს ძნელად აღსაზრდელთა სკოლის კლასში ჩარჩენილი მოსწავლის მდგომარეობიდან, რომელზეც მზრუნველობას იჩენენ უცხოელი „ბიძიები“ და „დეიდები“... ყაზახური არასამთავრობო სექტორი, განსხვავებით ქართულისგან, მართლაც რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრებულია, მოწოდებული საზოგადოების სამსახურისთვის. მათი მოღვაწეობა რეალურ შედეგზეა ორიენტირებული და არა დილა-საღამოს სატელევიზიო კომენტარებზე... ყაზახეთის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების განსახორციელებლად წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ ტენგეს(ანუ 13 მილიონ აშშ დოლარზე მეტს) გამოყოფს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების 80 პროცენტამდე რესპუბლიკური მასშტაბით მოღვაწეობს, ხოლო რეგიონული გაერთიანებების წილი საკმაოდ მოკრძალებულია. ამ მხრივ სახელმწიფო აპირებს დამატებითი მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებას, რათა ადამიანებმა პროვინციებშიც მეტი ინიციატივა გამოიჩინონ და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის პირობები შეექმნათ... დაბოლოს, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ყაზახეთის ლიდერის, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის უდიდესი ღვაწლი თანამედროვე „ჩაკეტილი“ ყაზახეთის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ნურსულთან ნაზარბაევი ისტორიაში მსოფლიო მასშტაბის დიდ პოლიტიკოსად შევა − არა მხოლოდ ყაზახეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, როგორც სპეციალისტი ვამბობ და საკუთარ ნათქვამზე პასუხს ვაგებ. ურთულესი საქმე იყო უზარმაზარ სტეპებზე გაშლილი საზღვრების შენარჩუნება და საყოველთაო თანხმობის დაცვა ეთნიკურად და რელიგიურად მეტად ჭრელ ქვეყანაში, რომელსაც საფრთხის შემცველი შუა აზიის რეგიონი ესაზღვრება. გეოგრაფიულად შეიძლება „ჩაკეტილი“, რუსეთს, ჩინეთსა და ისლამურ სამყაროს შორის მოქცეული, მაგრამ ურყევი სამშვიდობო კურსის მქონე ყაზახური სახელმწიფო, ყველა დიდი საინტეგრაციო პროექტის ავტორი თუ არა, აქტიური მხარდამჭერი პრეზიდენტი ნაზარბაევის მეთაურობით, სტაბილურად ვითარდება და მომავალს მშვიდად უყურებს. შუაგულ სტეპში აღიმართა ფაქტობრივად სრულიად ახალი ქალაქი − დედაქალაქი ასტანა, ფართო პროსპექტებით, ლამაზი სასახლეებითა და ბაღებით დამშვენებული. ძველი დედაქალაქი − ალმატი, ასევე ინარჩუნებს თავის ხიბლს და აზიური და ევროპული ქალაქის სინთეზს განასახიერებს. ქალაქებში თითქმის იდეალური სისუფთავეა, წესრიგი და სიმშვიდე. არავინ ყვირის, არ ჩხუბობს, არ მათხოვრობს, არ „ხამობს“... აი, „ჩაკეტილი“ ყაზახეთის ხვედრი, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკა სტრატეგიულად რუსეთთან თანამშრომლობას დაუკავშირა და ევრაზიული ინტეგრაციის ფლაგმანად გვევლინება. ევროპისკენ მაცქერალმა სნობიზმით დაავადებულმა ქართველი საზოგადოების ნაწილმა ჯერ კისერი აღმოსავლეთით მოაბრუნოს, თვალი გაახილოს და კარგად დააკვირდეს „ჩაკეტილ“ ყაზახეთს. იქნებ აღმოაჩინოს ამ საზოგადოებამ, რომ ჯერ ყაზახეთის დონემდეა დიდი გზა გასავლელი, არათუ ევროპამდე. თუმცა ვეჭვობ, რომ ყველაფერს ყაზახეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს „დააბრალებენ“. რა თქმა უნდა, ყაზახეთის პროგრესში ნავთობს, გაზს, ფერად მეტალებს თავისი როლი აქვს შესრულებული, მაგრამ სხვა პოლიტიკური კურსის პირობებში ბუნებრივი სიმდიდრეები თავის ტკივილად უფრო ექცეოდა ყაზახეთს, ვიდრე აყვავების საწინდრად. გასული საუკუნის ლათინური ამერიკის ისტორია გვასწავლის, რომ ბუნებრივი წიაღისეულის − ნავთობის, ოქროს ფლობა თავისთავად არ მოასწავებს ბედნიერი სახელმწიფოს აშენებას, პირიქით, იგი შეიძლება სახელმწიფოს გაბანკროტების და კოლონიად გადაქცევის მიზეზად იქცეს. ჩვენ, ქართველებმა, რაც გვაქვს − ღვინო, მინერალური წყალი, ციტრუსი თუ სხვა, ის ვერ გამოვიყენეთ, საკუთარი თავი გამოვაძევეთ რუსეთის ბაზრიდან და ვეჭვობ, ჩვენ რომ ნავთობი და ბუნებრივი აირი გვქონოდა, იმასაც ასეთივე „წარმატებით“ გამოვიყენებდით. ყოველივე ამის გამო ყაზახეთის მაგალითი ჩვენთვის დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს“ („საქ.რესპ.“ 22 ნოემბერი, 2013). TK
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენმა გუნდმა ის მავნე ტრადიცია დაამსხვრია, როდესაც მთავრობას გამორჩეული და ხელშეუხებელი მინისტრები ჰყავდა“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK
ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონო ბიძინა, გამოცხადებული ნდობისთვის დიდი მადლობა, დიდი მადლობა, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ქართველმა ხალხმა თქვენ გამოგიცხადათ, ჩვენ გვანდეთ. მინდა, ისიც გითხრათ გულით, და არა გონებით, რომ თქვენ ყოველთვის იყავით ჩემთვის სამაგალითო და ყოველთვის დარჩებით სამაგალითოდ. ასევე გპირდებით, რომ იმ მტკიცე ერთობას, რაც თქვენ კოალიციის სახით შექმენით, ასეთივე სიმტკიცით შევინარჩუნებთ“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK
ირაკლი ღარიბაშვილი: „როცა პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი იყო, როგორ გგონიათ, ინვესტორების დარწმუნება როგორ უნდა მომხდარიყო?! რეალური ინვესტიციების განხორციელება მოხდება, რადგან რამდენიმემილიონიანი ინვესტიციების დაბანდება იგეგმება. სასწაულებს ვერ მოვახდენთ, გარკვეული დაღმასვლაც იყო, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ჩანს. მოგიწოდებთ, ინვესტორებს ნუ დააფრთხობთ და ისეთ სიტუაციას ნუ წარმოაჩენთ, რომ ქვეყანაში ცუდი პროცესია. გაცილებით ცუდი ვითარება ომის შემდგომ იყო, როდესაც საგარეო ვალს იღებდით“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK
/გაგრძელება/