სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

მამულიშვილთა მოსახსენებელი

რუბრიკას უძღვებიან:
მამუკა ცუხიშვილი,
გიორგი შავერდაშვილი
ლაშა კირთაძე.

 

    დიმიტრი ალექსანდრეს ძე აბაშიძე _ 120 (9/27.10.1893 _ 12.02.1975, თბილისი). რეჟისორი, ქართული სამეცნიერო-პოპულარული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებელი. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია „სილოსი“ (1929), „ერთი ცდის ამბავი“ (1959). ამ ფილმს მიენიჭა დიპლომები და სიგელები მინსკისა და ვარშავის კინოფესტივალებზე (1960-1962 წწ.). ასევე აღსანიშნავია „იერიში ღრუბლებზე“ (1961), „დაბრუნება ბგერათა სამყაროში“ (1966), რომელმაც კიევის კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

    მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე _ 140 (1873-1937, ბათუმი). მემედ აბაშიძემ დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის დახმარებითა და ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულსა და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის 10-იან წლებში. მისი პუბლიცისტური წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში და სათავეში ჩაუდგა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. რამდენიმე თვეში თურქების დახმარებით ციხიდან გაიქცა, თბილისში ჩამოვიდა და დააარსა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე 1919-21 წლებში რედაქტორობდა გაზეთს „სამუსლიმანო საქართველო“. აქტიურად მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამისა და ნამიქ ქემალის ნაწარმოებები.

    ანასტასია დავითის ასული აბდუშელიშვილი-ვირსალაძე _ 130 (11.11.1883. ქუთაისი _ 05.09.1968. თბილისი). ან. ვირსალაძემ 1909 წელს წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. ეს იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება. მისი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ა. ოსიპოვა. 1921-1968 წლებში აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1932 წელს აირჩიეს პროფესორად, იყო ასევე კათედრის გამგე. მაღალი პროფესიონალიზმის გამო ორჯერ იყო (1935-1937) საკავშირო პიანისტთა კონკურსის მთავარი ჟიურის წევრი. მისი ინიციატივით დაფუძნდა (1933) კონსერვატორიის „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფი“ (1938-დან _ ცენტრალური მუსიკალური ათწლედი). ა. ვირსალაძემ აღზარდა 100-მდე მუსიკოსი, რომელთაგან გამორჩეულია დ. ბაშკიროვი, ე. ვირსალაძე, ლ. ვლასენკო და სხვ.

    ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი _ 160 (1853, გურჯაანი _ 1921, თბილისი) _ ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. 1891 წელს, ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა _ „ბუნება და ცხოვრება“ (1897 წ.), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914 წწ.), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899 წ.), „ვარძიის მონასტერი“ და სხვ. ი. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, (1913 წ.); „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, (1915 წ.); „ბუნების ლექსიკონი“, (1916 წ.). მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში _ ქართული გიმნაზია.

    ელო (ელენე) იოსების ასული ანდრონიკაშვილი _ 130 (20.04.1883, კარდენახი _ 12.03.1956). 1905-1907 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. 1912 წლიდან უკვე მოღვაწეობს თბილისის თეატრების სცენაზე როგორც პროფესიონალი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლები დღემდე იწვევს თეატრმცოდნეთა აღფრთოვანებას; მას აღიარებენ როგორც უნიჭიერეს, უზადო და უაღრესად დახვეწილ ხელოვანს. შექმნა დასამახსოვრებელი სცენური სახეები რუქაიასი და გაიანესი (სუმბათაშვილის „ღალატი“), ჰანელესი (ჰაუპტმანის „ჰანელე“), კატუშა მასლოვასი (ტოლსტოის „აღდგომა“) და სხვ. იყო თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი; თარგმნა ოსკარ უაილდის „დედოფალი“, კადელმურგის „შავი ლაქა“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“ და სხვ. ასევე უნაკლოდ ასრულებდა ქართულ და აღმოსავლურ ცეკვებს.

    დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი _ 140 (23.02.1873 _ 13.08.1953). სიჭაბუკის წლები დ. არაყიშვილმა გაატარა ჩრდილოეთ კავკასიაში _ არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლ. კრასნოდარი). მუსიკისადმი სიყვარული გაუღვიძა ლადო აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად არმავირში მოუსმინა 1890 წელს, 17 წლის ასაკში. ამავე პერიოდში შეიქმნა მისი პირველი ნაწარმოებები _ რომანი „ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი“ (ი. ჭავჭავაძის ლექსის მიხედვით) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში დ. არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ილინსკის (კომპოზიცია), კრუგლიკოვის (თეორია) და კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით. მოსკოვში მოღვაწეობის დროს იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართულ კლასიკურ ფოლკლორს. დაინტერესდა რა მოსკოვის უნივერსიტეტის სამუსიკო ეთნოგრაფიის კომისია არაყიშვილის პიროვნებით, დაავალა მას სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობა საქართველოში, რომელიც ოთხჯერ (1901, 1902, 1904 და 1908) შედგა და დიდძალი, საინტერესო და უმნიშვნელოვანესი მასალა იქნა მოძიებული, რის საფუძველზეც გამოიცა კიდეც 3 დიდი კრებული.
    1906 წელს დ. არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა „სახალხო კონსერვატორიას“, სადაც თავადაც ასწავლიდა ორი წელი, მოსკოვშივე გამოსცა პროგრესული ჟურნალი «Музика и «жизнь , რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1918 წელს სამშობლოში გადმოსახლდა. მანამდე მოსკოვში შექმნა ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1904), რომელიც 1919 წელს თბილისის ოპერის სცენაზე დაიდგა. 1921 წელს თბილისში მისი ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-30 წწ. დ. არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის დირექტორი, კათდერის გამგე, საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი; 1932 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. დ. არაყიშვილის რომანსები გამოირჩევა მელოდიურობით, ფორმის პლასტიკურობითა და ლაკონიურობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ივერიის მთებზე“, „ნუ მღერი, ლამაზო“ (პუშკინი), „აღსდეგ, შეინავარდე“, „ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი“, „სიოვ, ნაზო“ (ჰაფიზი), „ვარსკვლავიანსა ღამეს“ (ა. ფეტი), „მე შენ გელი“ (დავიდოვა), „ღამეა ბნელი“, „შემოღამება“, „ურმული“ (გ. ქუჩიშვილი). დ. არაყიშვილი სამართლიანად ითვლება XX საუკუნის გამოჩენილ მუსიკოსად და ქართული სამუსიკო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ის იყო საქ. სახალხო არტისტი (1922), საქ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

    არჩილ II _ 300 (1647 _ 16.04. 1713, მოსკოვი). ქართველი მეფე, პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი. ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663 წწ., კახეთში — 1664-1675 წწ., კვლავ იმერეთში _ 1678-1679 წწ., 1690-1691 წწ., 1695-1696 წწ., 1698 წწ. ვახტანგ V, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგმა არჩილი ირანში გა­გზავნა (1663 წ.), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664 წ.). ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წ. ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი - ხანს) აღუთქვა. არჩილ II 1675 წ. დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წ. არჩილ II ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წწ. თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წ. საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II ძე ალექსანდრე ბატონიშვილი. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოეში. იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
    არჩილ II პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში, ვრცელ ისტორიულ პოემაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ოსდაათნი“ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა. ე. წ. აღორძინების ხანის (XVI-XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. იგი არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი იყო, არამედ ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფადობას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმის პოზიციას იცავდა. თხზულებაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ არჩილ II ორი პოეტის პაექრობაში ავლენს საკუთარ პოზიციას, თუმცა ორივეს უსაყვედურებს უცხო სიუჟეტებით გატაცებას („ვეფხისტყაოსანში“ მოთხრობილი უცხო სახელმწიფოთა ამბები მას პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდა და ამ მხრივ გენიალურ პოემას ვერ ასხვავებდა თეიმურაზის ნათარგმნ თხზულებათაგან), მაგრამ მაინც რუსთველის მხარეზეა და მისი აშკარა გავლენით პოეზიას სიბრძნის დარგად მიიჩნევს. „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ გარკვეული თვალსაზრისით რეალისტური ნაწარმოებია, რომელშიც გაშიშვლებულია თეიმურაზ I დროინდელი საქართველოს ცხოვრების მხარეები, ფეოდალების თავგასულობა, ამასთან, ხაზგასმულია ერის ცხოვრებაში გლეხობის დიდი მნიშვნელობა. პოეტი გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც (გიორგი სააკაძე და სხვ.). არჩილ II ამ თხზულებით ქართულ მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს. არჩილ II-ს ეკუთვნის აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, რელიგიური ხასიათის რამდენიმე ლექსი და სხვ. რუსეთში ყოფნისას არჩილ II გალექსა ქართულად „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა სერბულ ენაზე დამუშავებული „ალექსანდრიანი“, მსოფლიოს ისტორია („ქრონოგრაფი“) და რამდენიმე სასულიერო შინაარსის თხზულება. რუსეთში მყოფ ქართველ მოღვაწეთა დახმარებით არჩილ II დააარსა ქართული სტამბა, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა „დავითნი“; აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს (არჩილ II მიერ მომზადებული ქართული ბიბლია დაიბეჭდა 1743 წ.).

    ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი _ 85 (22.04. 1928, თბილისი _ 10.03. 2002). გამოჩენილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981–1996 წწ.). 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. ე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. მის ნამუშევრებს ახასიათებს შინაგანი დინამიზმი, ზოგ შემთხვევაში მკვეთრი ექსპრესია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებსა და ალეგორიებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართლის დედა“ (ხე, 1958 წ. ალუმინი, 1963 წ. თბილისი. დაიმსახურა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1966 წ.), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959 წ., დაიდგა 1967 წ. ბრინჯაო, თბილისი), დიდების მონუმენტი (1965 წ., დაიდგა 1967 წ. ბრინჯაო, ფოთი), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „რუსთაველის“ პორტალის რელიეფი (1965 წ.), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958 წწ.), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958 წ.), ქანდაკება „რევოლუცია“ (1966 წ. ბრინჯაო), რ. ერისთავის (1974 წ. ბრინჯაო, თბილისი), ნ. ფიროსმანაშვილის (1975 წ. ბრინჯაო, თბილისი) ძეგლები, დედა ენა და სხვ. მრ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    გაგრძელება