სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

მამულიშვილთა მოსახსენებელი

გაგრძელება

    შალვა დადიანი _ 140 (1874 _ 1959), ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. უკვე ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალ-პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“ (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“ 1896-იდან). 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი“, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა „უკანასკნელნი“.
    1905 წლის რევოლუციას უკავშირდება დადიანის დრამატული შემოქმედების დასაწყისი. პიესა „მღვიმეში“ (1905) ალეგორიული ფორმით ასახავს მშრომელი ხალხის ბრძოლას სოციალური და ეროვნული თანასწორობისთვის. პიესაში „როს ნადიმობდნენ“ (1907) დადიანი დროებით მოვლენად მიიჩნევს რეაქციის ბნელი ძალების ზეიმს და წარმოსახავს ხალხის მზადებას ახალი ბრძოლებისათვის. როგორც იდეურ-თემატურად, ისე ფორმით დადიანის ადრინდელ პიესებს ბევრი რამ აკავშირებს მ. გორკის დრამატურგიასთან. პიესაში „გუშინდელნი“ (1917) დადიანმა ძველი, რეაქციული სამყაროს გარდაუვალი დაცემისა და მოახლოებული განახლების წინათგრძნობა გამოხატა.
    შ. დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. დრამატული ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო შ. დადიანის პიესა „თეთნულდი“ (1931), რომელშიც ავტორმა თანამედროვე სვანეთის ფონზე ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. ისტორიულ-რევოლუციურ დრამაში „ნაპერწკლიდან“ (1937) ასახულია XX ს-ის დამდეგს საქართველოს მუშათა კლასის საბრძოლო შეკავშირება ბოლშევიკური ორგანიზაციების გარშემო. შ. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. რომანში „გიორგი რუსი“ (1916-1926) ასახულია XII-XIII სს-ის საქართველო. რომანში „გვირგვილიანების ოჯახი“ (1954) დადიანმა ასახა ქართველ თავადაზნაურობის ეკონომიური და სულიერი დეგრადაცია, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გლეხობის ბრძოლა XIX-XX სს-ის მიჯნაზე. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი „რაც გამახსენდა“ (1959).
    შ. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. შ. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) _ 110 (24.03, 1903, შორაპანი, სოფელი მირონწმიდა _ 09.11.1977, თბილისი). 1917 წელს დაასრულა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში. 1918 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტონის ლოცვა-კურთხევით განაწესეს მირონწმიდაში, წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მედავითნედ.
    1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში დაინიშნა მთავარდიაკვნად. მეორე დღეს, 27 თებერვალს აკურთხეს მღვდლად და განაწესეს სარგვეშის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. 1928 წელს ეპისკოპოს ვარლამის მიერ მოწვეულ კრებაზე არჩეულ იქნა ხარაგაულის მთავარხუცესად. 1930 წლიდან თბილისის სიონში მოღვაწეობდა. 1932-47 წლებში მსახურებდა ქაშვეთისა და კუკიის ტაძრებში, ხოლო 1947-ში დაინიშნა ქაშვეთის ტაძრის წინამძღვრად. 1956 წლის 25 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში, 28 აგვისტოს კი ხელთდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1959-72 წლებში იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსი და პარალელურად მანგლელი მღვდელთმთავარიც.
    1960 წლის 10 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) გარდაცვალების შემდეგ, მისივე წერილობითი ანდერძით დატოვებულ იქნა პატრიარქის მოსაყდრედ, მაგრამ იმხანად მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. 1962 წლის 18 თებერვალს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1972 წლის 1 ივლისს გამართულმა XI ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. გარდაიცვალა 1977 წლის 9 ნოემბერს. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

    რაფიელ ერისთავი _ 180 (1824-1901, თელავი), ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. ქართული წერა-კითხვა მას დედამ ასწავლა, ხოლო რუსული ენა _ საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის წინამძღვარ ფილადელფოს კიკნაძისთვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.
    სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და 1847 წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1851 წელს უფროსის თანაშემწედ დანიშნეს. რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ, აკადემიკოს მარი ბროსესთან, ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა XIX ს-ის 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.
    1852 წლის „ცისკარში“ (#7) დაიბეჭდა ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები _ „დარიგება“ და „ყვავილს“. რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები. 1855 წელს რ. ერისთავი ქუთაისში გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. 1857 წლიდან 1867 წლამდე იგი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობისას და იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებანი რ. ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 წ.).
    1889 წლის მარტიდან 1896 წლის ოქტომბრამდე რ. ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე. 1896 წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ, რომელიც „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.
    მიუხედავად მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.
    რაფ. ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე დიდი ზეიმით იქნა გადახდილი 1895 წლის ოქტომბერში. 1899 წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.
    1901 წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვალებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვებოდნენ ძაძებით შემოსილი ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ შუამთაში, იყალთოში, ალავერდში გამუდმებით რეკავდნენ ზარები. ქისტაურში პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა გლეხობამ და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.
    1911 წელს აკაკი წერეთელმა და სასულიერო პირებმა ინახულეს რაფიელ ერისთავის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადეს. 1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადაასვენეს. ამჟამად სოფელ ქისტაურში მოქმედებს პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმი.

    თავად რაფიელ ერისთავს როს მშრომელ გლეხთა ვაებით საბრალოდ აცრემლებული, ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო, ერისთვის თავდადებული; როს ერის კეთილდღეობით საამოდ აღტაცებული, სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ, ვით ზეცით მოვლინებული; როს დაჰგალობდი სამშობლოს, ის იყო შენი ტრფიალი, მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა გულის წარმტაცი წკრიალი… მაშინ, მგოსანო, ქართველი თურმე ციურ ძეგლს გიგებდა და წარსულ შრომას, ვაებას აწმყოთი აგვირგვინებდა. შენმა სიტყვებმა მის გულში უკვე გაიდგა ფესვია, მოიმკე, წმინდა მხცოვანო, რაც სიყრმით დაგითესია; ნამგლად იხმარე ერისგან გრძნობით ჰაერში ძახილი: „ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს მამულში შენებრი შვილი!“ სოსელო, 16 წლის (იოსებ სტალინი),1895წ.

    ვასილ სოფრომის ძე ვარაზი - 125 (ვარაზაშვილი; 01.01. 1888, თბილისი — 09. 09. 1969, იქვე). გამოჩენილი ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925 წ.), პროფესორი (1930 წ.), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944 წ.). 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფკულტეტი. 1924-1952 წწ. განაგებდა საქართველოს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას, 1931-1969 წწ. — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. იკვლევდა ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიის ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს; დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიის და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები, დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. 1936 წელს იყო მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ოფიციალური ნომინანტი, რაზეც თავადვე განაცხადა უარი.

    ნატო ვაჩნაძე _ 110 (ნამდვილი სახელი _ ნატალია გიორგის ასული ანდრონიკაშვილი; 1904 _ 1953, დაიღუპა ავიაკა­ტასტროფის დროს), გამოჩენილი ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის ვარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები კინოთეატრებში ანშლაგებით გადიოდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა. ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა _ გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად, რამდენიმე თვეში ვლადიკავკაზის, თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს იგი მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდა. დედა _ ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია _ ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი _ ნატოს დედა _ ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი _ რუსი.
    ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში, უმცროსი და-ძმა კი _ გურჯაანის პირველ დაწყებით სკოლაში. კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი _ თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. მეორე მეუღლე იყო ცნობილი რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი _ ელდარი და გიორგი.
    ნატო აღმოაჩინა იმ დროს ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა ე. წ. „დვარცოვზე“ შიხმანის ფოტოატელიეს ფირნიშზე შეამჩნია. ამო ბეკ-ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გაგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში და ნატო ვაჩნაძე დაითანხმა „მამის მკვლელში“ თამაშზე.
    ნატო ვაჩნაძემ მეტად დასამახსოვრებელი, ტრაგიკული და საინტერესო სახეები შექმნა ქართულ კინემატოგრაფში. მან მთავარი და წამყვანი როლები განასახიერა შემდეგ ფილმებში: „მამის მკვლელი“ (1923, ნუნუ), „არსენა ყაჩაღი“ (1923, ნენო), „სამი სიცოცხლე“ (1924, ესმა), „ვინ არის დამნაშავე“ (1925, ფატი), „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (1925, დესპინე), „ნათელა“ (1926, ნათელა), „ამოკი“ (1926, ევროპელი ქალი), „გიული“ (1927, გიული), „კრაზანა“ (1928, ჯემა), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933, ციცია), „უკანასკნელი მასკარადი“ (1933, თამარი), „ნარინჯის ველი“ (1933, ნანი), „არსენა“ (1927, ნენო), „სამშობლო“ (1939, ნათელა), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (1940, გვირისტინე), „ქაჯანა“ (1941, მართა), „ის კიდევ დაბრუნდება“ (1943, მანანა), „აკაკის აკვანი“ (1947, ნანო), „ქეთო და კოტე“ (1948), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1952, ელისაბედი).
    ნატო ვაჩნაძის _ ქართული კინოს ყველაზე აღიარებული ვარსკვლავის სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა 1953 წლის 14 ივნისს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს.

    გაგრძელება