სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

მამულიშვილთა მოსახსენებელი

გაგრძელება

    თეიმურაზ I _ 350 (1589 _ 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი, დედოფალი ქეთევანი განაგებდა. 1607 წ. თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 წ. გარდაიცვალა. 1612 წ. შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის დაÁ ხორეშანი. 1614 წ., ირანის შაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს, თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615 წ., კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
    სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. 1625 წ., როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და, ფაქტობრივად, იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო 1632 წ. შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ (1615, 1618, 1624, 1635 და 1649 წწ.-ში) შედეგი ვერ გამოიღო. 1620 წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონერებს; 1626 წ. თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალიანსს იმედოვნებდა; მას მიმოწერა ჰქონდა ურბან VIII-თან. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. 1658 წ. თვითონ გაემგზავრა რუსეთში სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1661 წ. ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“. თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსული მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის თვალსაზრისით. თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.
    თეიმურაზ I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი („სოფლის სამდურავი“). იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწუხარე განცდები. თეიმურაზ I ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება („გაბაასება ბაგისა და ღვინისა“, ლირიკული ლექსები და სხვ.). თეიმურაზ I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება“ მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თვითმყოფადობისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად. გაბაასების ჟანრის თხზულებაში „შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა“ პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადო ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-ს ეკუთვნის ლირიკული ლექსები „გრემის სასახლეზე“, „თამარის სახე დავით გარეჯას“ და სხვები. თეიმურაზ I-მა შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა, განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში. თეიმურაზ I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860 წლიდან (ჟურნალი „ცისკარი“); 1875 წელს ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა „ვარდბულბულიანი“, 1886 წელს ზ. ჭიჭინაძემ — თხზულებათა სრული კრებული.

    პავლე იესეს ძე ინგოროყვა _ 120 (01.01.1893, ფოთი _ 20.11.1983, თბილისი). პ. ინგოროყვა დაიბადა ფოთში, იქვე დაასრულა ოთხკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი; 19 წლის ასაკში, 1912 წელს სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე და სულ მალე, 1913 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ძველი ქართული სასულიერო პოეზია“. 1914 წელს საგაზეთო წერილების სახით დაიწყო ბეჭდვა ნაშრომისა „თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა“. 1915 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტი (დიპლომი არ მიუღია) და სამშობლოში დაბრუნდა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მისი თანამედროვენი მას უწოდებდნენ „ყველაზე წარჩინებულ და გამორჩეულ სტუდენტს“.
    1916 წელს გამოსცა წმიდა თამარ მეფის „გალობანი ვარძიისანი“. 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯერ იყო ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი _ პარლამენტის წევრი. 1924 წელს დააარსა ჟურნალი „კავკასიონი“, რომელიც მალევე, 1925 წელს აკრძალეს. 1928 წელს დააფუძნა გამომცემლობა „ჭანური წიგნი“. 1924-28 წლებში დაიწყო აქტიური მუშაობა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ თემებზე. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ხელმძღვანელად. 1936-38 წლებში იყო „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი სარედაქციო მიმართულების ხელმძღვანელი. პ. ინგოროყვას ერთ-ერთი ფუნდამენტური შრომაა „გიორგი მერჩულე“, რომელიც უღრმესი პატივისცემის ნიშნად მიუძღვნა მეუღლეს. 1938, 1940 და 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილიაზე, აკაკიზე და ნ. ბარათაშვილზე; მის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომა აფხაზეთის ოლქის შესახებ, რის გამოც უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს.

    პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე _ 120 (23.02./07.03.1893, ხონი _ 15.10. 1972, თბილისი). პ. კაკაბაძემ 1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა „ბრძენი მოქანდაკე“ დაიბეჭდა 1915 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (#46). პ. კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია „გზაჯვარედინზე“ (1917), რომელიც პირველად დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს (რეჟ. ალ. წუწუნავა). 1919 წელს მისი პიესები „სისხლი სინათლემდე“ და „სამი ასული“ დაიბეჭდა მისივე დაარსებულ ჟურნალში „შვიდი მნათობი“ (#1, #2), ხოლო დრამა „ლისაბონის ტუსაღები“ დიდი წარმატებით დაიდგა 1925 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე (რეჟ. დ. ანთაძე). უდიდესი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობდა პ. კაკაბაძის კომედია „ყვარყვარე თუთაბერი“ (1928), რომელიც პირველად დაიდგა კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით 1929 წელს, ხოლო ახალი ინტერპრეტაციით 1974 წელს რ. სტურუას რეჟისურით. კომედიამ „კოლმეურნის ქორწინება“, რომელიც 1937 წელს დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მოიპოვა საკავშირო და მსოფლიო აღიარება. დრამატურგის აღიარებად იქცა ასევე XX ს. 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები „შეხვედრა მშენებლობაზე“, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“, „პაექრობა“... განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პიესები „კახაბერის ხმალი“ („დავით მერვე“, 1954), „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“ (1966), „მეფე ბაგრატ მეშვიდე“ (1967), „მეფე დიმიტრი თავდადებული“ (1971). ზოგადად, პ. კაკაბაძემ ქართულ დრამატურგიაში შეჰქმნა ერთი ყველაზე ღირსეული ეპოქა და სამართლიანად მოიპოვა დიდი დრამატურგის სახელი.

    მელიტონ კელენჯერიძე _ 150 (1864 _ 1942), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად _ 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვ. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვ. მრავალმხრივ განსწავლული მოღვაწე და მეცნიერი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში. დაუღალავად ეწეოდა ქვეყანაში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.

    ალექსანდრე (საბა) გრიგოლის ძე კლდიაშვილი _ 140. დაიბადა 1873 წელს რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე კლდიაშვილის (ყიფიანი) ოჯახში. ეფროსინე, უაღრესად დახვეწილი ქალი და ნიჭიერი მსახიობი, წმიდა დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი იყო. იგი შვილებს უდიდესი რწმენითა და სიყვარულით ზრდიდა. საბას (ალექსანდრეს) უფროსი ძმა, ცნობილი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი ასევე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა XIX-XX საუკუნეების საზოგადოებაში; სწორედ მისი პროექტით აიგო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. საბას ჰყავდა უმცროსი ძმა ანდრეა, რომელმაც გამოიგონა და დააპატენტა პურის ელექტროსაცხობი, რომელიც ელექტროინჟინერიის ტექნიკურ მიღწევად არის აღიარებული. საბა კლდიაშვილი სწავლობდა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამუშაოდ დარჩა და შეჰქმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ქიმიაში _ „მოკლე მინერალური ქიმია“. მისივე ინიციატივით და ავტორობით შეიქმნა (ქართულ ენაზე) ქიმიური ტერმინოლოგიის ლექსიკონი, რომელმაც იმთავითვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ის პარალელურად მოღვაწეობდა გეტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, სადაც მიენიჭა პრივატ-დოცენტის სამეცნიერო წოდება.
    ალ. კლდიაშვილს ეკუთვნის ფუნდამენტური და ორიგინალური გამოკვლევები დიკეტონებისა და ნახშირწყლების ქიმიაში. მანვე პირველმა მთელს მსოფლიოში შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად (პროფ. ემელ ფიშერის ხელმძღვანელობით). იგი ასევე ცნობილი იყო როგორც ადამიანის უფლებების დამცველი, რომელსაც შეეწირა კიდევაც. კერძოდ, 1905 წელს მან დარბევას გადაარჩინა ოდესელი ებრაელის ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელებმა მოკლეს.

    დავით სამსონის ძე კლდიაშვილი _ 150 (29.08/11.09.1862 _ 24.04.1931). დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში. აზნაურის ოჯახში. 7 წლის ასაკში მიაბარეს ქუთაისში, რუსი ექიმის ოჯახის დიასახლისს, რუსულის შესასწავლად. 1872 წელს, 10 წლის ასაკში სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1880 წელს და იმავე ზაფხულში უგამოცდოდ ჩაირიცხა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში. 1882 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმში.
    მისი თანამედროვენი დ. კლდიაშვილს ახასიათებენ, როგორც უმწიკვლო, სამართლიან, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილს. იგი დაუღალავად იღვწოდა ქართული ენის საკეთილდღეოდ. XX ს. დასაწყისში დ. კლდიაშვილმა „სული ჩაუდგა“ ბათუმში კულტურულ-საგანმანათლებლო აღმშენებლობას და მალევე აიძულეს წასულიყო სამხედრო სამსახურიდან. მუშაობდა ქუთაისში, ჭიათურაში მუშად, ბრიგადირად; 1917 წლიდან დასახლდა მშობლიურ სოფელში.
    დ. კლდიაშვილის შემოქმედებიდან აღსანიშნავია: „მიქელა“, (1894), „მსხვერპლი“ (1894), „სოლომონ მორბელაძე“ (1894), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1897), „როსტომ მანველიძე“ (1910), „ბაკულას ღორები“ (1920), „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903) და სხვ. მწერლის შემოქმედება გამოირჩევა რეალობისა და მისთვის დამახასიათებელი ტრაგიკომიკურობის ობიექტური ასახვით, შეფარული დიდაქტიზმითა და სტილის სისადავითა და უბრალოებით. ამით შეძლო მან მკითხველთა სიყვარულის მოპოვება და მდიდარ ქართულ მწერლობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.

    ვახტანგ ილიას ძე კოტეტიშვილი (1893 _ 1937). 1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1911-14 წწ. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1918 წელს დაასრულა დერპტის (ტარტუ, ესტონეთის მეორე უდიდესი ქალაქი, სადაც ჯერ კიდევ 1632 წელს დაარსდა უნივერსიტეტი) უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი, მოღვაწეობდა იქვე, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს ჯერ მუშაობა დაიწყო თბილისის სკოლებში მასწავლებლად, ხოლო 1926 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა თავდაპირველად ფოლკლორს, ხოლო 1929 წლიდან მის მიერვე შემოღებულ პოეტიკის კურსს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პარალელურად იგი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკდემიაში იაკობ ნიკოლაძის ჯგუფში. 1928 წლიდან სამხატვრო აკადემიაში დაიწყო ლექციების კითხვა ქანდაკების ისტორიისა და თეორიის მიმართულებით. იმავდროულად იყო გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქტორი. ვ. კოტეტიშვილმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. ის არის ქართული ფოკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და 1934 წელს გამოცემული „ხალხური პოეზიის“ პირველი ტომის რედაქტორი. ვ. კოტეტიშვილის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: „საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში“ (1912), „შიო არაგვისპირელის შემოქმედება“ (1918), „უოლტ უიტმენი _ პროლეტარიატის პოეტი“ (1921), „ალ. ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი“ (1925) და სხვ.

    ნიკო იოსების ძე ლომოური _ 160 (19.02.1852. გორი _ 30.04.1915. გორი), პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
    ნიკო ლომოურმა დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია. 1875 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა წარჩინებით 1879 წელს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისის პირველ ქართულ გიმნაზიაში, ხოლო 1881 წლიდან მშობლიურ გორში სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლად.
    ნიკო ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“. 1885 წელს გამოიცა მისი ლექსებისა და მოთხრობების პირველი პატარა კრებული. 1879 წელს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნ. ლომოურის მეტად მნიშვნელოვანი მოთხრობა „ალი“, სადაც გამოიკვეთა მწერლის სტილი და პათოსი. ნ. ლომოურის შემოქმედებამ განვითარება ჰპოვა ი. ჭავჭავაძის ზეგავლენით. იგი 60-იანელთა იდეური მიმდევარი იყო, _ გლეხების, მუშების, გაჭირვებულთა შემწე და ქომაგი („ბერუა ქრისტესიაშვილი“, 1904 წ.). მოუწოდებდა ხალხს განათლების მიღებისა და სულიერი განვითარებისკენ, რათა ურწმუნოებისა და ცრურწმენის მორევს არ ჩაეთრია („ალი“, „ქაჯანა“, „პაწია მეგობრები“ 1881-1906 წწ.).
    ფსევდონიმებით „ლევან ცაველი“, „არბოელი“, „გორელი“ აქვეყნებდა მეტად მკაფიო სტილითა და ლაკონიურობით გამორჩეულ მოთხრობებს „ბედი უბედურთა“ (1880 წ.), „გიგო ღრუბელაშვილი“ (1894 წ.), გმირული თავდადების გამომსახველია მოთხრობები „წინაპართა აჩრდილნი“ (1901-1902 წ.წ.), „ხერხი სჯობია ღონესა“ (1910-1914 წ.წ.). ნ.ლომოური იყო უაღრესად ჭკვიანი და ღირსეული ქართველი მოღვაწე და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თავისი შეგნებული ცხოვრების წესით სამაგალითო იყო.

    ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი _ 120 (1893, ბაღდათი, _ 1930, მოსკოვი), საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
    მამა პოეტისა, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. დედა, ალექსანდრა ალექსის ასული წარმოშობით კაზაკი იყო.1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ვლადიმერი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად. 1908 წელს მან გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.
    1908 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო.1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, „ღამე“ (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში „სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას“. 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას „ვლადიმერ მაიაკოვსკი“, რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს. 1914-1915 წლებში მუშაობს პოემაზე „შარვლიან ღრუბელს“, რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.
    1915 წელს დაწერილი „ფლეიტა-ხერხემალი“, მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად ითვლება და ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილია ბრიკს, რომელიც, მისდა საუბედუროდ, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო. ამავე პერიოდში შექმნა ომის საწინააღმდეგო ლირიკა: „დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო“, „მე და ნაპოლეონი“, პოემა „ომი და მშვიდობა“; სატირული ნაწარმოებები; „ჰიმნების“ ციკლი.
    1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი „ლეფი“ Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოსცა ჟურნალი „ნოვი ლეფი“ (რუს. „Новый леф“), რომლის 24 ნომერი დაიბეჭდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.
    1930 წლის 14 აპრილს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.
    ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მიუხდავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920 -იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის შემოქმედების ორიგინალობა უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმაში მდგომარეობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მაიაკოვსკი დიდი ლირიკოსი უფროა, ვიდრე პარტიული ინტერესების გამტარებელი.

    ივანე მაჩაბელი _ 160 (1854 _ დაიკარგა 1898), ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა გაღარიბებული მემამულის, გიორგი მაჩაბლის ოჯახში. ბავშვობა მან უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ივანე აღზარდა პაპიდამ, ელენე დიასამიძემ. ივანე მაჩაბელი 14-15 წლის ასაკში იწყებს ლექსების წერას. საშუალო ცოდნას იგი თბილისის გიმნაზიაში იღებს. ჭაბუკი გატაცებით ეწაფება ქართულ და რუსულ ლიტერატურას, ბეჯითად სწავლობს უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, მიემგზავრება პეტერბურგში, თავის ძმასთან _ ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

    ივანე მაჩაბელი ამ დროს ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მალე, ძმის ზეგავლენით, იგი დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ორ ფაკულტეტზე სწავლას ი. მაჩაბლისათვის ხელი არ შეუშლია, გაეღრმავებინა თავისი ერუდიცია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. იგი გაუტაცნია პროგრესულ საზოგადოებრივ იდეებს. ივანე მაჩაბლის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს 60-70-იანი წლების რუსეთის რევოლუციონერ-დემოკრატებმა. ამ დროს რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებდნენ მოწინავე ქართველი ახალგაზრდებიც. აღსანიშნავია, რომ ქართველ რევოლუციონერ ხალხოსნებს სამშობლოში დაბრუნებისას დაუკავშირდა ივანე მაჩაბელი. 1873 წლის ზაფხულში, ბანკის საქმეების გამო, პეტერბურგში ჩავიდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ვასილ მაჩაბელთან. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირი. 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი. 1874 წელს ივ. მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო. 1878 წელს ივ. მაჩაბელი საფრანგეთიდან პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში მოხსენებებს კითხულობდა ლიტერატურულ თემებზე. ერთი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი დახურულ იქნა მთავრობის მიერ მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს ნებისმიერი გამოცემის რედაქტორობა.
    ქართული კულტურისათვის ყველაზე ფასეული გამოდგა ვანო მაჩაბლისეული გენიალური თარგმანები შექსპირის ტრაგედიებისა: „მეფე ლირი“ (ი. ჭავჭავაძესთან ერთად), „ოტელო“, „ჰამლეტი“.
    1897 წლის მაისში იგი მძიმედ გახდა ავად ჩირქოვანი პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

    ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი _ 150 (1863-1943). „ივანე მაჭავარიანი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა უაღრესად ღირსეული მოთხრობებით, პუბლიცისტური წერილებით, ქრონიკებით, მიმოხილვებითა და თარგმანებით და წლების განმავლობაში გვერდში ედგა ილია ჭავჭავაძეს“ (სერგი თურნავა, „მნათობი“, 1993).
    მან 1888 წელს დაასრულა ჟენევის უნივერსიტეტი, იქვე ტოვებდნენ, მაგრამ მაინც სამშობლოში დამკვიდრდა. წლების განმავლობაში განაგებდა ჟურნალ „მოამბეს“, იყო ჟურნალ „ნაკადულის“ პასუხისმგებელი რედაქტორი; მისი სტატიები, კორესპონდენციები, პუბლიცისტური წერილები და რეცენზიები იბეჭდებოდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „დროებაში“, „საქართველოში“; გამოსცემდა ყოველთვიურ ქრონიკებს „ჩვენსა და სხვაგან“; ბეჭდავდა ფსევდონიმებით „კვიმატი“, „ივანე ახალშენაშვილი“ და სხვ.
    წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცმა (თაყაიშვილმა) ივ. მაჭავარიანი მიიწვია „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ წევრად და უცხოეთის კომისიის ხელმძღვანელად. მუშაობდა ახალდაარსებულ რკინიგზაზე მაღალ თანამდებობებზე. ივ. მაჭავარიანმა თარგმნა და გამოსცა რუსი და ფრანგი ავტორების უნიკალური ნაწარმოებები: ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“, ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“, ვიქტორ ჰიუგოს „93 წელი“, დენი დიდროს „პარადოქსი აქტიორზე“, ერკმან შტრიანის „გლეხკაცის ისტორია“, ალფონს დოდეს „ტარტარენ ტარასკონელი“, მოლიერის „ტარტიუფი, ანუ მუზმუზელა“, ალ. ტოლსტოის „პეტრე პირველი“, იპოლიტ ტენის „ხელოვნების ფილოსოფია“,პ. პავლენკოს „ბარიკადები“, მაქსიმ გორკის „იტალიური ზღაპრები“, კოკლენის „მსახიობის ოსტატობა“ და სხვა მრავალი.
    ასევე მისი შედგენილია პირველი ფრანგულ-ქართული დიდი ლექსიკონი, რომელიც გამოიცა 1942-55 წლებში. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

    იონა მიხეილის ძე მეუნარგია _ 160 (26.11.1852 _ 1919). ცნობილი ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი. იონა მეუნარგია არის სამეგრელოს ისტორიული სასულიერო პირებისა და ოქრომჭედელ პაპუ მეუნარგიას შთამომავალი (მისი მოჭედილია მარტვილის ტაძრის მაცხოვრის ხატი და წმ. აია სოფიას ტაძრის წმ. გიორგის ხატი). მისი მამა დეკანოზი იყო.
    დაასრულა ჯერ მარტვილის დაწყებითი სკოლა, შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1872 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა მეორე კურსიდან, 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო სტუდენტი, სასწავლებლიდან გარიცხეს. 1875 წელს გეზი აიღო ევროპისკენ და, როგორც უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა, უგამოცდოდ ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც ისწავლა ორი წელი. 1877 წელს სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა პარიზის უნივერსიტეტში, სადაც უდიდესი მონდომებითა და შემართებით ეცნობოდა საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების ლიტერატურასა და ხელოვნებას. იქვე შეხვდა და გაეცნო ვიქტორ ჰიუგოს.
    1878 წელს სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო მუხლჩაუხრელი შრომა. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ბეჭდურ გამოცემებთან, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობისას. იონა მეუნარგიას მიუკერძოებელი, სამართლიანი, მაღალი შეგნებით გამსჭვალული პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისადავით, შორსმჭვრეტელობითა და ეროვნულ ღირებულებათა დაცვით. მუშაობდა ფოთის მერის მოადგილედ (1891-94; 1907-13 წწ.), ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების მომრიგებელ-მოსამართლედ (შუამავლად, 1898-1907 წწ.). მან დიდი წვლილი შეიტანა მომავალი თაობის სარწმუნოებრივი და ზოგადსაკაცობრიო იდეალებით აღზრდის საქმეში.
    მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ალექსანდრე ჭავჭავაძე“, „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ (II ვარიანტი), „ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდან“, „სამახსოვრო წიგნიდან“, „ცხოვრება და ღვაწლი თავად გრიგოლ ორბელიანისა“, „სიტყვა ილიას დასაფლავებაზე“ და სხვ. დაკრძალულია ცაიშის ტაძრის ეზოში, წინაპართა საფლავებს შორის.

    გაგრძელება