სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

მამულიშვილთა მოსახსენებელი

გაგრძელება

    ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი _ 170 (04.03, 1842, წალასყური, გარდაბანი _ 08.08. 1908 კარლოვივარი). 1865 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და იმავე წელს, ერთი გამოცდით (ქიმიაში) ჩაირიცხა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში. რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ დაინიშნა უნივერსიტეტის პირველი ტექნიკური ქიმიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. ხოლო 1907 წელს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტატის რექტორად აირჩიეს.
    მოღვაწეობდა სამეცნიერო ასპარეზზე ბონში, პარიზში, ლაიფციგში, რომში... გარდა იმისა, რომ ვ. პეტრიაშვილი XX საუკუნის უდიდეს ქიმიკოსთა შორის არის დასახელებული, დიმიტრი მენდელეევმა (რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ავტორი, 1834-1907) თავისი დროის ახალგაზრდა მეცნიერ-ქიმიკოსთა შორის გამორჩეულ და საუკეთესოდ სწორედ ვასილ პეტრიაშვილი დაასახელა (1900 წ.), ხოლო აკადემიკოსმა ნ. ზელინსკიმ ოდესის უნივერსიტეტში მისი რექტორობის პერიოდს „ოქროს ხანა“ უწოდა. მისი დახმარებით მრავალი ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა დაეუფლა ცოდნას ევროპასა და რუსეთში. მისი წერილები და შრომები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში. არ წყვეტდა კავშირ-ურთიერთობებს მეცნიერებთან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებთან. სწორედ ვასილ პეტრიაშვილმა გამოსცა და დღემდე სამაგიდო წიგნია „მეღვინეობა საქართველოში“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში. მისი ნამოწაფარია თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი, აკადემიკოსი პეტრე მელიქიშვილი.
    გარდაიცვალა კარლოვივარში; მისი უეცარი სიკვდილით დანაღვლიანებულმა აკაკი წერეთელმა მას ლექსიც მიუძღვნა. კარლოვივარიდან გადმოასვენეს დროებით ოდესაში, მერე თბილისში, ვერის სასაფლაოზე და ბოლოს განსასვენებელი ვაკის სასაფლაოზე ჰპოვა.

    ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე _ 120 (21.03.1893 _ 12.12.1937). ტ. ტაბიძე დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი ლექსები დაიბეჭდა XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს. მისი ინიციატივით დაარსდა „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური გაერთიანება. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. წერდა როგორც ლირიკულ ლექსებს, ისე პოემებს, ესეებს, მინიატურებს, წერილებს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1917 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას, მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში, აშუქებდა პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. 1937 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით და ერთი ვერსიით გადაასახლეს ციმბირში, სადაც დაიკარგა; არის მეორე ვერსიაც, რომ იგი თითქოს დახვრიტეს. საფლავი უცნობია.

    ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი _ 80 (1871, ქუთაისი _ 1933, თბილისი), უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე; საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925); ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.
    მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის ოთხი ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ზაქარიამ მიიღო პიანისტ-ორღანისტ ფელიქს მიზანდართან, შემდეგ კი თბილისში _ ლ. აღნიაშვილის გუნდში. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.
    1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორღანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი. 1908-1917 წლებში სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (1908), „ქართული ლიტურგია“ (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული _ „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1918-იდან) და დირექტორი (1919, 1923, 1929-1932) წლებში. შექმნა ოპერები _ „დაისი“(1923, პრემიერა 19.12.1923) და „ლატავრა“ (1927; პრემიერა 16.03.1928), „საზეიმო კანტატა“ (1927) და სხვ. ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნიმუშია. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების „ეთერიანის“ საფუძველზე შეადგინა პ. მირიანაშვილმა). იგი სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში: ხარკოვში (1931), მოსკოვის დიდ თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), უცხოეთში _ ლოძსა (1972) და საარბრიუკენში (1974).
    მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა “დაისი” (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ათაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე _ სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა სააბრიუკენში, 1975 _ პლეზენში.
    მნიშვნელოვანი მუსიკალური ღირსებით გამოირჩევა „ლატავრა“ (ლიბრეტო ს. შანშიაშვილისა), მისი ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები.
    ზ. ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937 წლიდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები _ მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971 წლიდან).

    ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე _ 100 (1839, გორი _ 1913, სოფ. არბო); ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი.
    ფურცელაძეთა გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან. სოფლის უბრალო, ღარიბი აზნაური იყო ა. ფურცელაძის მამა ნიკოლოზიც. მწერლის დედა ბარბალე გედევანიშვილი-ფურცელაძისა ჭკვიანი, დარბაისელი და სათნო მანდილოსანი ყოფილა. თავისი დროის კვალობაზე მან კარგად იცოდა როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობა. ა. ფურცელაძის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედა, რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს ანტონის სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება. მათ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში მიაღებინეს სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა.1854 წელს, ვარჯიშის დროს, ის ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და სამშობლოში დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ა. ფურცელაძემ რუსეთში მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო და ისიც ბავშვობის ასაკში, ამ პერიოდმა მაინც გარკვეული კვალი დააჩნია მის ინტელექტუალურ ცხოვრებას. კადეტთა კორპუსში ყოფნისას, ა. ფურცელაძის მასწავლებელთა შორის შორის იყვნენ რევოლუციურად განწყობილი ადამიანები. მათი გავლენით რადიკალური განწყობილება 14 წლის ა. ფურცელაძესაც დაეუფლა. კადეტთა კორპუსშივე მან კარგად შეისწავლა რუსული ენა, როგორც ცნობილია, 60-იან წლებში ა. ფურცელაძემ მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა რუსულ ენაზე.
    რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთხანს თავის სოფელში რჩება და დიდი მონდომებით ეწევა თვითგანვითარებას. ახლო ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, ა. ფურცელაძე სამსახურს შოულობს, ეწყობა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერის თანამდებობაზე. მალე თბილისში გადმოვიდა და რამდენიმე სემინარიელთან ერთად დაიქირავა ოთახი. მისი ბინა მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელ ადგილად იქცა. ამ ახალგაზრდებმა შეადგინეს პატარა წრე, რომლის სული და გული იყო ა. ფურცელაძე. წრე მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყო დაინტერესებული. წრის წევრები ამზადებდნენ და შეკრებებზე კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, საზღვარგარეთულ გამოცემებს.
    1861 წელს ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ „ცისკარში“. პირველ ხანებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. იგი გულგრილი მაცქერალი არ ყოფილა მამათა და შვილთა ლიტერატურული პაექრობისა, რომელიც „ცისკარში“ დაიწყო 1861 წელს. ახალგაზრდა პუბლიცისტი გვერდში ამოუდგა „შვილებს“ და მთელი თავისი შეგნებით ჩაება ბრძოლაში ძველი თაობის წინააღმდეგ.
    „ცისკარში“ თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე „დროებაში“ გადავიდა და გახდა მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი. 1866 წელს ა. ფურცელაძემ „დროებაში“ გამოაქვეყნა რამდენიმე თავი მოთხრობისა მართა.
    1867 წელს ა. ფურცელაძე ტოვებს თბილისს, მუშაობას იწყებს ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად.
    1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს ა. ფურცელაძე რომანს „მაცი ხვიტია“ (1869–1870 წწ.) და ტრაგედიას „დიდი მოურავი“ (1899 წ.). მისი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი „მნათობი“, რომლის გამოცემაც 1872 წელს შეწყდა. 1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე „გუთნის დედა“. 1905 წელს ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს მან ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში. მას შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. ა. ფურცელაძე გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.

    ლეო ქიაჩელი _ 130 (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია; 1884 _ 1963), ქართველი მწერალი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 წელს გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
    1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ლ. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები _ სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია(„ Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვ. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია“, 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კუბულანი“, 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა“, 1933). ლ. ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა“ (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. ეს არის რომანი, რომელიც ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი _ სიბრძნით და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“. „მთის კაცი“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.
    ლ. ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ (1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლ. ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვა“ (1936-1937; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული გრძნობით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადის ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული. ლ. ქიაჩელის უკანასკნელი რომანია „მთის კაცი“ (1948), რომელიც სამამულო ომს ეძღვნება.
    ლ. ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივების დიდი ოსტატია.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (ერისკაცობაში _ ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) _ 140 (27.03.1873, ხარაგაული, ვერტყვიჭალა _ 10.01.1932, თბილისი). 1895 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია, 1895-1922 წლებში მსახურობდა მღვდლად, ჯერ იმიერკავკასიის ოლქში, შემდეგ კი საქართველოს სოფლებში _ ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერაზე არსებულ წმ. ნიკოლოზის ტაძარში. იყო სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღმრთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღმრთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას (1918-1921). 1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელო პირთა კრებას, რომელმაც შეიმუშავა და მთავრობას გაუგზავნა მოთხოვნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე. ეგზარქოს ალექსისა და სასულიერო სემინარიის რექტორის ნიკანდრის წაქეზებით კაზაკებმა დაარბიეს კრება და მღვდელ ქრისტეფორეს აუკრძალეს სამღვდელო მოქმედება.
    1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაიას) და წმიდა სინოდის წევრების მონაწილეობით დეკანოზი ქრისტეფორე ხელთდასხმულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად, შემდეგ იყო ურბნელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, 1923-25 წლებში ასრულებდა პატრიარქის მოვალეობას და დიდი წვლილი შეიტანა პატიმრობაში მყოფი პატრიარქის ამბროსის ციხიდან განთავისუფლებაში. 1925-27 წწ. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. გარდაიცვალა 1932 წლის 10 იანვარს, დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

    ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე _ 150 (13.01.1862, ქარელი, სოფ. წვერი _ 29.06.1916). 1888 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სახაზინო პალატაში, გუბერნიის საქმის წარმოების სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში. 1900 წელს დაინიშნა ახალციხის მხარის (გუბერნიის) მთავარ მომრიგებელ-მოსამართლედ. 1905-07 წლებში იყო ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი. მას მხარს უჭერდა დიდი ილია ჭავჭავაძე და ქართული საზოგადოების რჩეული ნაწილი, ამის მიუხედავად 1907 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, როგორც არასაიმედო.
    1908 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაინიშნა თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოს საადგილმამულო კომისიის მმართველად. იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. ალ. ყიფშიძის კვლევის სფეროს წარმოადგენდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები. მისი ნაშრომებია: „მთიულეთი 1804 წ.“ (ტფილისი, 1896 წ.), „ამბოხება კახეთისა“ (1812 წ.), „დიდებული მესხეთი“ (გორი, 1914 წ.), „მთის არწივი _ შამილი“ (ტფილისი, 1914 წ.) და სხვ. ის იყო პირველი მკვლევარი ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიისა. დახვეწილი, ენერგიული, მიუკერძოებელი _ ეს სახელები მის ცხოვრებას ყველაზე მეტად შეეფერება.

    ზაქარია ჩხიკვაძე _ 150 (1862, თელავი _ 27.04. 1930, თბილისი). ჯერ დაასრულა თელავის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიები (1884 წ.). ვ. აუშევის კლასში სწავლობდა მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთად, შემდეგ კი ხარლამპი სავანელის მოწაფე იყო. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას შექმნა მოწაფეთა სამუსიკო გუნდი. გუნდისათვის რომ უძველესი კახური ხალხური სიმღერები ესწავლებინა, რჩევა-დარიგებისათვის მიმართა მუსიკათმცოდნე სოსიკო კოზმანაშვილს, რომელიც უანგარო დახმარებას უწევდა 20 წლის ჭაბუკს.
    თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თელავის წმიდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენის, ლიტერატურისა და გალობა-სიმღერის მასწავლებლად და ასევე, პარალელურად ხელმძღვანელობდა თელავის სასულიერო სასწავლებლის გალობის გუნდს. ჟურნალი „დროება“ წერდა: „საზოგადოება ძლიერ აღტაცებაში მოიყვანა ამ ქალების (საუბარია თელავის წმ. ნინოს სასწავლებლის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ საგალობლებზე _ მ. ც.) სიმღერამ, მით უფრო, რომ 13-14 წლის ქალები ისე გაბედვით მღეროდნენ, რომ თითქოს იმათ მეტი იქ არავინ არ იყო. გულითადი მადლობის ღირსია ბატონი ზაქარია ჩხიკვაძე, რომელსაც ასე მშვენივრად მოემზადებინა ეს პატარა ქალები“ („დროება“, #19, 1885 წ.). 1889-1907 წლებში მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიასა და მის მიერვე დაარსებულ უსინათლოთა სკოლაში სიმღერის მასწავლებლად. მისი ღვაწლის შესახებ წერდა „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „მწყემსი“ და მისი შრომით აღტაცებული ავტორები ქება-დიდებას არ იშურებდნენ ლოტბარისადმი. თვით ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებული უსმენდა „მრავალჟამიერს“ ზაქარია ჩხიკვაძის გუნდის შესრულებით, სადაც იმ ხანად ლეგენდარული ვანო სარაჯიშვილი მღეროდა. დიდმა ზაქარია ფალიაშვილმა სწორედ ზაქარია ჩხიკვაძეს ჩააბარა ქაშვეთის ტაძრის გუნდის ლოტბარობა.
    1890 წელს ზ. ჩხიკვაძის მეცადინეობით გამოიცა მისივე შეკრებილი და რედაქტირებული, ხალხში გაბნეული ხალხური საუნჯე _ საგალობლები და სიმღერები „სალამურის“ სახელწოდებით. ზ. ჩხიკვაძის ღვაწლს აღიარებდნენ ნ. სულხანიშვილი და ია კარგარეთელი. ეგზარქოსი ალექსი ყველაზე ხშირი სტუმარი იყო ოპერის თეატრში ზ. ჩხიკვაძის მიერ გამართული კონცერტებისა, სადაც არაერთხელ შესრულდა „მამაო ჩვენო“, „მრავალჟამიერი“ და სხვ. 1905 წელს ზ. ჩხიკვაძემ ზ. ფალიაშვილთან, ან. ყარაშვილთან და ია კარგარეთელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებასა და პირველ ქართულ სამუსიკო სასწავლებელს, რომელთა ხელმძღვანელი თავად იყო. ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი დააფუძნა ასევე სოხუმში, სიღნაღსა და თელავში კი _ სამუსიკო სკოლები. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა პეტრე ჩაიკოვსკისთან. გარდა ამ მამულიშვილური საქმისა, იგი იყო უდიდესი სიძველეთა მცველი და სიძველეთა კომიტეტის ხელმძღვანელი კახეთში. თბილისის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა გ. ჩუბინიშვილის თაოსნობით შექმნილ ქართულ სიძველეთა მუზეუმს (1925 წ.), წერდა წერილებს, იკვლევდა ძეგლებს, კითხულობდა ძველ წარწერებს. იყო მშრომელი, დაუღალავი და უაღრესად ჭკვიანი, სულიერად ძლიერი და ღირსეული მამულიშვილი.
    დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

    მიხეილ (მიხაკო) წერეთელი — 135 (ფსევდონიმები - „Baton“, „მ. სანგალა“, „ალაროდიელი“, „ვრაცი“; 23.12. 1878, სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურის რ-ნი — 02.03. 1965, მიუნხენი, გერმანია). ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937 წწ.) უმცროსი ძმა. მიხეილ წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით. 1900-1907 წლებში მ. წერეთელი ცხოვ-რობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პ. კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ფსევდონიმებით წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში. 1904 წელს, პარიზში შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები „საქართველო“ და „La Georgie“. იმავე წელს წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა პარიზში. 1907 წელს მ. წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. მცირე ხნის შემდეგ, იმავე წლის 30 აგვისტოს, საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა _ წიწამურთან ვერაგულად მოკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.). გაზეთის „ისარი“ 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი „კაცია ადამიანი?!“ ქართველი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ილიას დაკრძალვაზე. როგორც სტატია, ისე სიტყვა იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“.
    1909 წელს თბილისში გამოიცა მ. წერეთლის სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა“. 1910 წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ. 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გამოკვლევა „შუმერული და ქართული“, რომელიც მოგვიანებით ითარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში. იმავე წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ. 1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნაშრომი „შუმერელები და ქართველები“. არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1914-1918 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის, „საქართველოს დამოუკი-დებლობის კომიტეტი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
    1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპ-ლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის სპეციალობების პროფესორად. 1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის (კონსტანტინოპოლი) ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა მ. წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი“ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა“.
    1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ერთ-ერთი ლიდერი.1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია „ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები“. 1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „რევიუ დ’ასირიოლოჟი“ (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. 1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების „სიბრძნე სიცრუისა“ მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.
    მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე პოლიტიკური ორგანიზაციის „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“-ს დაფუძნებისა.
    მ. წერეთელი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგშიც. 1963 წელს პარიზში გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ მის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
    1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“, გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „ Georgica“ (ლონდონი) ფურცლებზე. იგი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

    მიხეილ ჭიაურელი _ 120 (1894 _ 1974), დიდი ქართველი რეჟისორი. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში მსახიობად, რეჟისორად, მხატვრად. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925-1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. კინემატოგრაფში მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (არსენა, 1921), „სურამის ციხე“ (ოსმან-აღა, 1923), „ნათელა“ (ჯონდო, 1926), „ხანუმა“ (სიკო, 1927) და სხვ.
    მხატვრულად გააფორმა ფილმები: „სურამის ციხე“ (1923) და „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1927). მიხ. ჭიაურელის რეჟისორობით გადაღებულია შემდეგი ფილმები: „პირველი კორნეტი სტრეშნევი“ (1928, ე. ძიგანთან ერთად), „საბა“ (1929), „უკანასკნელი საათი“ (1928), „ხაბარდა“ (1931), „უკანასკნელი მასკარადი“ (1934), _ ყველა მათგანი ე. წ. მუნჯი ფილმია. არის რეჟისორი პირველი ხმოვანი ფილმისა „არსენა“ (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია 1941), რომელსაც მოჰყვა: „დიადი განთიადი“ (1938, სსრკ სახელმწიფო პრემია _ 1941), „გიორგი სააკაძე“ (1942-1946, სსრკ სახელმწიფო პრემია _ 1946), „ფიცი“ (1946, სსრკ სახელმწიფო პრემია _ 1947, ოქროს მედალი ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე _ 1946), „ბერლინის დაცემა“ (1949, სსრკ სახელმწიფო პრემია _ 1950, დიდი პრიზი კარლოვი-ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალზე _ 1950), „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1951, დიდი პრიზი კარლოვი-ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე _ 1952), „ოთარაანთ ქვრივი“ (1957), „გენერალი და ზიზილები“ (1964), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1965) და სხვ.
    მიხეილ ჭიაურელმა ქართულ კინემატოგრაფში დაიმკვიდრა სახელი, რომელსაც დრო ვერაფერს ავნებს. მისი როლები და საშემსრულებლო ტექნიკა, მის მიერ გადაღებული ფილმები და დადგმული სპექტაკლები მსოფლიო ხელოვნების უკვდავ შედევრთა რიცხვს ეკუთვნის.

    ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილი — 250 (Иван Семёнович Жевахов; 1763-1837). რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). პირველი საბრძოლო წრთობა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო. 1800 წ. მიენიჭა პოლკოვნიკობა. მონაწილეობდა რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 წლების ომებში. 1812 წელს სამამულო ომის დროს მეთაურობდა მე-3 არმიაში შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელეს 15 ივლისს კობრინისა და 31 ივლისს გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის მიმართულებით. 1812 წლის სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე ივ. ჯავახიშვილი მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინასა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. 1813-1814 წლებში, რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ, მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში. 1817 წ. ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა და განგრძო კონსულტანტობა რუსეთის გენშტაბის ადმინისტრაციის თხოვნით.

    ვარლამ ადამის ძე ხუროძე - 130 (ფსევდონიმი მალაქიაშვილი; 1.10. 1883, სოფ. მათხოჯი, ხონის რ-ნი _ 10.06. 1939, თბილისი). ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი. 1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903, პირველი მოთხრობა „დედის მსხვერპლი“ _ 1904 წელს. ხუროძის მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები 10-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მის რომანებში „შოთა ბროლიძე“ (1911), „სამნი“ (1926), „დათოვლილი გვირგვინი“, მოთხრობებში „ორი საფლავი“ (1905), „კეკელოს თავგადასავალი“, „ობლები“ (ორივე 1912) და სხვ. წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციურ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.

    გამოყენებული ლიტერატურა:

    აბაშიძე კ., ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტ. ისტორიიდან, თბ., 1962, გვ. 13-37-50.
    ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971, გვ. 101.
    ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940, გვ. 112.
    ბეგაჯინოვი ა., დიმიტრი არაყიშვილი, თბილისი, 1953, გვ. 11-19.
    გეგუჩაძე ვ., გაზ. „სახალხო განათლება“, „ა. კლდიაშვილი“, 1955, 19.10.
    გერსამია ს., მემედ აბაშიძე, ბათუმი, 1960.
    დეკანოზი დავით ღამბაშიძე, „საყურადღებო ამბები“ / გაზ. „კვალი“, #9, 1895.
    ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. III, თბ., 1955. გვ. 116.
    მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ. 107.
    კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2. თბ., 1958, გვ. 236.
    ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959, გვ.98.
    ორჯონიკიძე გ., ქართული მუსიკის ისტორია, თბილისი, 1962, გვ. 37, 115.
    სახოკია თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984, გვ. 29.
    ნ. ტაბიძე, ტიციანი და მისი მეგობრები, თბ., 1981, გვ. 65.
    მიხეილ წერეთელი, ერი და კაცობრიობა, მიუნხენი, გერმანია, 1942, გვ. 14 (ქართული წინასიტყვაობით).
    წულაძე ე., ორი ქიმიკოსი, თბ., 1957, გვ. 59-69.
    ვ. ჭელიძე, ცხოვრება ივანე მაჩაბელისა, თბ., 1956. გვ. 363.
    ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, თბ., 1954, გვ. 63, ტ. 5.
    XIX ს. ქართული ლიტ. ისტორია, თბ., 1959. გვ. 163 (ავტ. კოლექტ.).
    XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1984, გვ. 34, გვ. 91., გვ. 199.
    XX საუკუნის ქართული მწერლობა, ავტ. კოლექტივი, თბ., 1979, გვ. 201.
    XX საუკუნის ქართული საბჭოთა ხელოვნება, თბ., 1976. გვ. 81, 189, 215.
    საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4. თბ., 1969. გვ. 401.
    ქართული დრამატურგია, თბ., 1967. გვ. 93 (ავტ. კოლექტ.).
    ქართული ხელოვნება, თბ.,1997, გვ. 39.
    ქართველი ფილოსოფოსები, რედ. ე. კოდუა, თბ., 1977, გვ. 87.