სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1989 წლის ქრონიკა

    ზვიად გამსახურდია (1979 წლის 27 აპრილი): „თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით გადასახლება მომისაჯა, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით... წარდგენილ ბრალდებაში მე თავი დამნაშავედ ვცანი, დავგმე ჩემი ანტისაბჭოური ქმედებანი... ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე გადასახლებაში ვიმყოფები... მე მომეცა საშუალება უფრო ნათლად დამენახა, თუ რა მცდარ გზას ვადექი, როდესაც ვავრცელებდი სახელმწიფოსადმი მტრულ ლიტერატურას, დავინახე მთელი ის ზიანი, რომელიც მე მივაყენე ჩვენს სახელმწიფოს... მე კაპიტალისტური წყობილების მომხრე არ ვყოფილვარ თვით მაშინაც, როდესაც ანტისაბჭოური აგიტაციის გზას ვადექი... ჩემი ქმედება გამოიწვია ჩემმა დეზორიენტაციამ... გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ ჩემზე მწვავედ არავინ განიცდის ჩემს წარსულ შეცდომებს. გთხოვთ, აგრეთვე მომცეთ საშუალება საქმით გამოვასწორო ისინი... ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მე ვთხოვ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მაპატიოს დარჩენილი ვადა სასჯელისა და გამანთავისუფლოს“ („კომუნისტი“, 29 იანვარი, 1989).GK

    ზაზა ალექსიძე (პროფესორი): „ქართულ ეკლესიას სწამდა და სწამს, რომ იგი დამყარებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომლის მისია აღასრულეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა; რომ იგი არის მფლობელი (სხვა რელიკვიებს რომ თავი დავანებოთ) ყველა ქრისტიანისთვის უპირველესი სიწმინდისა − ქრისტეს კვართისა... V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის მიერ ჩატარებული დიდი საეკლესიო რეფორმის შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული ეკლესიის ცხრახარისხიანი იერარქიული სისტემა... VI საუკუნის დამდეგს ქართლში უკვე, სულ ცოტა, 22 საეპისკოპო უნდა ყოფილიყო. ზუსტად ერთი საუკუნის მანძილზე ეს ციფრი 35-მდე გაიზარდა... VII ს-ის დამდეგს ქართლის კათალიკოსის მიზანდასახულმა და გონიერმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ქართლის სამეფოსათვის გვიან დაბრუნებული, ეროვნულად ჭრელი მოსახლეობის პროვინციაში (გუგარეთი) სამღვდელთმსახურო ენად ქართული დაეკანონებინა. დაიწყო ეროვნული კონსოლიდაციის ის პროცესი, რომელსაც სულ რაღაც ორმოციოდე წლის შემდეგ არაბთა მძლავრობისაგან კვლავ ეწერა, ორი საუკუნით შეფერხება. როდესაც არაბთაგან დაჩეხილმა ქვეყანამ ოდნავ სული მოითქვა და კვლავ ჯიუტად შეუდგა გაერთიანებას, ეკლესია იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც საგანგებოდ იზრუნა და მოიპოვა ამ ერთიანობისათვის აუცილებელი პროგრამა: „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“ (გიორგი მერჩულე)… XI-XII საუკუნეების საქართველო, ერთიანი და ძლიერი, მდიდარი და გონიერი, ერთადერთი საყრდენი ქრისტიანობისა მთელს აღმოსავლეთში, თვითონაც გრძნობდა თავს ღირსად, ჰყოლოდა სამოციქულო ეკლესია და ამას ბრწყინვალედაც უმტკიცებდა მუსლიმანთაგან და ჯვაროსანთაგან (პარადოქსია) შეჭირვებულ აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქებს. ამიტომ ქრისტიანულ სამყაროს კადნიერებად არ მოსჩვენებია, როდესაც საქართველოს ეკლესიის მეთაურმა თავის ტიტულს პატრიარქის წოდება შეჰმატა (XI ს.) და ბოლოს, ხუთი მსოფლიო პატრიარქის (რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის) შემდეგ თავს „მეექვსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოს-პატრიარქი“ უწოდა (XIII ს.)... იერუსალიმის, სინას, შავი მთის, პეტრიწონისა და სხვა კულტურულ კერებს საერთო ქრისტიანული სამყაროსათვის ჰქონდათ მნიშვნელობა და არა მარტო ლოკალურად საქართველოსათვის“ („სახალხო განათლება“. 11 იანვარი, 1989).TK უშანგი სიდამონიძე: „უკვე რამდენიმე თვეა თბილისის ქუჩებში გამართულ მიტინგებსა თუ დემონსტრაციებზე ფრიალებს შინდისფერი დროშა შავ-თეთრი ზოლებით. ზოგიერთს იგი მენშევიკურ დროშად მიაჩნია, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ეს დროშა ქართული დროშაა, ეროვნული დროშა. ის პირველად 1917 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა თბილისში, როგორც ქართული ეროვნული დროშა... დროშის ფერები − შინდისფერი, შავი და თეთრი − ისტორიულად ქართული ეროვნული სახელმწიფო დროშის ფერებია... სარა ბარნაველის წიგნში „ქართული დროშები“ მოტანილი მასალა მოწმობს, რომ ქართული დროშების ალმის ფერი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ყოფილა. ხშირად არის თეთრი და წითელი (შინდისფერი)... დროშის შინდისფრად შეღებვა შუა საუკუნეების საქართველოში რთული არ იქნებოდა. საქართველოში გავრცელებული ენდროს ფესვები კარგ შინდისფერს იძლევა. დროშის შავ ფერზე „ვეფხისტყაოსანში“ ნათქვამია: „აღვმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა“... 1917 წლის სექტემბერში ეროვნული დროშის საკითხი ბჭობის საგანი გახდა. ამ პერიოდში შექმნილმა ინტერპარტიულმა საბჭომ ამ საქმის გადასაწყვეტად მიიწვია საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარები ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, აგრეთვე მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. განხილვის შემდეგ მიიღეს დროშის პროექტი იმ ზომებით, როგორც შემდეგ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ის სახელმწიფო დროშად დაამტკიცა. დროშის ავტორი იაკობ ნიკოლაძეა... მალე გამოცხადდა კონკურსი გერბის პროექტზე. საკონკურსო პირობებში ნათქვამი იყო, რომ გერბზე გამოსახული უნდა ყოფილიყო თეთრი გიორგი ცხენზე მჯდარი, გველეშაპით; გერბის ღერძი შესრულებული უნდა ყოფილიყო ქართულ სტილში. კონკურსში გაიმარჯვა ცნობილმა მხატვარმა იოსებ შარლემანმა, ქართველების სიძემ (შემდეგში შარლემანმა ევგენი ლარსენთან ერთად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბიც შექმნა). შარლემანის საკონკურსო პროექტი საქართველოს სახელმწიფო გერბად დააკანონეს“. („სამშობლო“. 26 მაისი, 1989).TK

    ნაირა გელაშვილი: „ირგვლივ შემაშფოთებელი ხმები ისმის: რომ დევდიან და ემუქრებიან კრიშნაიდებს, თეოსოფებს, ახლადგამომცხვარი „ქრისტიანები“ დასცინიან, აბუჩად იგდებენ ათეისტებს, თავიანთ მშობლებს, რომელთა უზარმაზარმა იმპერიამ გადაუკეტა გზა ღმერთისაკენ, აღარაფერს ვამბობ იმ ფანატიზმზე, რაც ჩამოყალიბდა მაჰმადიანური რელიგიის როგორც ასეთის წინააღმდეგ, ეს ცალკე საკითხია; მაგრამ ამათ ვიღა ჩივის, როცა მართლმადიდებლობის სახელით დოგმატიზმისა და შეუწყნარებლობის ალმურში მბორგავი ზოგი ანაფორაგადაცმული „ქურუმი“ კათოლიკეებსაც ჯოჯოხეთში მოხვედრასა და წარწყმედას პირდება. ღმერთო ჩემო, ნუთუ ამ ახლადნაბარტყმა „მორწმუნეებმა“ ვერც ერთ მიტინგზე ვერ მოკრეს ყური იმ აზრს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, პიროვნების, სინდისის თავისუფლება, ელემენტარული დემოკრატიაც კი გამორიცხავს ვინმეს დევნა-შევიწროებას აღმსარებლობის გამო? და რომ მსოფლიოს ჰუმანური ძალების მიზანია რელიგიური შეკავშირება, საერთო ლოცვა, გამაერთიანებელი და არა გამთიშველი ღირებულებისაკენ გეზის აღება... ქრისტიანობა დევნაში იფურჩქნება. 70-წლიანმა დევნამ მისი იდეა შეინახა. მიკვირს, როგორ ვერ მოიფიქრეს ბოლშევიკებმა, ქრისტიანობის სახელით ჩაედინათ ის ყველაფერი და ქრისტე ლენინივით ექოთ და ედიდებინათ. მაშინ ხომ ქრისტიანობისაგან აღარაფერი დაგვრჩებოდა“ („ქართ. ფილმი“. 1 ნოემბერი, 1989).TK