სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1990 წლის ქრონიკა

    ელგუჯა ხინთიბიძე: „გიორგი მთაწმინდელი ათონის ლიტერატურული სკოლის ერთი უმთავრესი მოღვაწე იყო. X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქართველებმა შექმნეს ძლიერი ლიტერატურული ცენტრი საბერძნეთში, ათონის მთაზე ან როგორც ქართველები უწოდებდნენ მთაწმინდაზე...
    გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს... 12 წელი სწავლობდა იგი კონსტანტინოპოლში. შემდეგ გიორგი საქართველოში დაბრუნდა და ხახულის მონასტერში ბერად აღიკვეცა... 30 წლის ასაკში გიორგიმ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და თავისი მოძღვრის შეგონებით 1040 წლისთვის ათონზე მივიდა. 1042-44 წლებში გიორგი ათონის ივერიის მონასტრის დეკანოზია, ხოლო 1044 წლიდან ამავე მონასტრის წინამძღვარი. 1060 წელს გიორგი ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის მოწვევით ჩამოდის საქართველოში და ეხმარება მეფეს საეკლესიო საქმეების მოწესრიგებაში.  გიორგი მთაწმინდელი გარდაიცვალა 1065 წელს კონსტანტინოპოლში, საქართველოდან ათონის მონასტრისკენ გზად მიმავალი“(„ლიტ.საქ.“ 4 იანვარი, 1990).GK

    1990 წლის თებერვალი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია – “ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და თანამედროვეობა” (“ლიტ.საქ.”  2 თებერვალი, 1990).GK

    იოსებ იმედაშვილი: „1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველმა მორწმუნე მოწინავე საზოგადოებამ გადასწყვიტა ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საკუთარი კათალიკოს-პატრიარქის არჩევით... ქართველ უმაღლეს სასულიერო პირთა შორის ყველაზე სასურველ კანდიდატად მიჩნეულ იქნა, მეფის მთავრობის მიერ დევნა-წამებაში დატანჯული ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი), რომელიც იმ დროს რუსეთში იყო გადასახლებული რომელიღაც შორეულ მონასტერში... საქართველოში დაბრუნებისას კირიონმა პეტერბურგს გამოიარა. იქ რუსის სამღვდელოების ხელმძღვანელებმა შთააგონეს: „ჩადი, კათალიკოსად შეიმოსე, მაგრამ მუდამ ჩვენი კალთა გეჭიროსო“... კირიონმა ეს წინადადება აშკარად არც უარჰყო, მაგრამ არც უკისრია... 1917 წლის 1 ღვინობისთვეს მცხეთაში მცხეთობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აკურთხეს... ერთ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი კათალიკოსის პირადი მდივნისა და საკათალიკოსო საქმეთა მმართველის ასარჩევად... კანდიდატად წამოაყენეს დავით დავიდოვი! დავითაშვილი!.. კირიონმა ვეღარ მოითმინა და წამოიძახა: „თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოსის ხარისხს ავიყრიო... ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე წამოდგა და სხდომას მიმართა: „გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ექსარხოსების ჯაშუში იყო“... საბჭოს მმართველად არჩეულ იქნა ალ. ნიკიტინი... 1918 წლის გაზაფხულს დავით დავიდოვი კირიონს რევოლვერით მოსაკლავად შეუვარდა, მორჩილმა, ღონით ძლიერმა გერმოგენმა ხელი სტაცა დავიდოვს და კირიონი სიკვდილს გადაარჩინა... ამავე 1918 წლის გაზაფხულს მარტყოფის მონასტერში კირიონი თავის საწოლში რევოლვერის ტყვიით მკვდარი ნახეს“ („კომუნისტი“, 2 სექტემბერი, 1990).GK

    რევაზ სირაძე: „იოანე საბანისძე წერს: „ქრისტეს სიყვარულითა და შიშითა, ჩუეულებრისამებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა, არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა“. აქ უმთავრესი სათქმელი ისაა, რომ უბედურებათა განცდა სულიერ განწმენდას უნდა იწვევდესო და ვერ უნდა გვიკარგავდეს რწმენასო. ასეთი იყო და არის „მამულისა ჩუეულებრისამებრ სლვა“-ო... აქედან ისიც ჩანს, რომ ერის სულიერი თავკაცი ერის ნაკლოვანებათა მხილებას არ ერიდება, სიმდაბლეს არ ამართლებს ძნელბედობით და ამიტომ იოანე საბანისძე ჭეშმარიტი წინამორბედია ილია ჭავჭავაძისა. საერთოა მათთვის აზრი, რომ სისუსტეა, თუ ის მხოლოდ თავის ღირებულებებზე ფიქრობს, ხოლო ერის ძლიერება იმით გამოიხატება, თუ რამდენად ძალუძს მას თვალი გაუსწოროს საკუთარ ნაკლოვანებებს, ეპოქისეულსაც და მუდმივთანმხლებსაც... იოანე საბანისძე ქართველთა უღირსობას ხელაღებით მხოლოდ არაბობას კი არ აბრალებს, არამედ საკუთრივ ჩვენივე თანამდევ თვისებად თვლის... იოანე საბანისძე გამოჰყოფს ქართველთა ეროვნულ-სარწმუნოებრივ ღირსებათა ოთხ ნიშანს: ჩვენ ვცხოვრობთ საქრისტიანო სამყაროს განაპირას და მარტოდ-მარტონი ვიცავთ ჩვენ რწმენასო; ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერი ვართ; ჩვენი სარწმუნოება ბერძნებისას ეთანატოლება, ჩვენი ქვეყანა წმინდანთა სამშობლოა... უბედურების შეგრძნებამ შეიძლება გონიერება შეჰმატოსო ერს და უფრო უკეთ გაააზრებინოს თავის წარსული, აწმყოც და მომავალიც. ამ გზით ერი შეძლებს თავისი უბედურება ბედნიერებადაც-კი გადაიქციოსო... იოანე საბანისძე ქადაგებდა, რომ მტერთან საბრძოლველად გვჭირდებაო ბრძოლა თავის თავთან. ამის საფუძვლად მას მიაჩნდა ერის სულიერი განწმენდა, ერის თვითსრულყოფა... გრიგოლ ხანძთელი პრაქტიკულად ახორციელებდა იმას, რასაც ქადაგებდა იოანე საბანისძე... არსებობდა ეროვნული აღორძინების ერთიანი კონცეფცია, რომელსაც სხვადასხვა სახით ემსახურებოდნენ სამუელ ქართლის კათოლიკოსი და ნერსე ერისთავი, გრიგოლ ხანძთელი და იოანე საბანისძე... ცხადია, სულიერი წინამძღვარი ყველასთვის იყო კათოლიკოსი სამუელი, მეტადრე როცა ქვეყანას არ ჰყავდა ერთიანი ხელისუფლება. სწორედ სამუელ კათოლიკოსმა უკარნახა იოანე საბანისძესაც „აბოს წამების“ შექმნა“ („ლიტ. საქ.“ 21 სექტემბერი, 1990).GK

    ზურაბ კიკნაძე: „ახალგაზრდა ივერიელის“ 14 ივლისის ნომერში დაიბეჭდა „ღია წერილი სერგეი კოვალიოვს“ ჰელსინკის კავშირის სახელით (ზ. გამსახურდია, გ. მარჯანიშვილი, თ. ქორიძე, გ. ხოშტარია). წერილს ახლავს მინაწერი, რომელიც ქართველი მკითხველისათვის არის გამიზნული. „მინაწერში“ ეჭვის ქვეშ არის დაყენებული „ქართველ მაჰმადიანთა უფლებების დამცველი ლიგის“ არსებობის მიზანშეწონილობა... ნუთუ „მინაწერის“ ავტორებს არ მოეხსენებათ, რომ საუბედუროდ ქართველობა, თუმცა არა თანაბარ ნაწილებად, დაყოფილია რელიგიური ნიშნით, რომ ეს ისტორიული მემკვიდრეობაა, რომ ეს რეალობაა და ახლა მტრების ძიება ამ დაყოფაში ამაოა. „ლიგა“ შექმნილია ამ რეალობის საფუძველზე და იმ კონკრეტული ვითარების კარნახით, რომელშიც მოექცნენ მესხეთიდან გასახლებული ქართველი მაჰმადიანები. ხსენებულ ლიგას დასახული აქვს კონკრეტული ამოცანა: დაეხმაროს მაჰმადიან მესხებს ეროვნულ თვითგამორკვევაში, რაც დიდ დაბრკოლებას აწყდება, ცნობილი ძალების მოქმედებით, როგორც საქართველოს გარეთ, ისე საქართველოში... დიასპორის მაჰმადიანი მესხები მოითხოვდნენ ქართულ სკოლა-ინტერნატებში მათი ბავშვების მასობრივად მიღებას... სარვაროვი (ყოფილი დიდებულიძე) და მისი დასი. რომელთაც უარყვეს თავისი ისტორიული წარსული, გვარტომობა, ყოველნაირად, ყოველი ხერხით, ცდილობდნენ ქართული თვითშეგნების მატარებელ მესხთა გადაბირებას, რომ მათ მიერ თავიანთი გვარტომობის უარყოფით იბარტყოს თურქ ავტონომისტთა პარტიამ − მაჰმადიანი მესხობა მთლიანად გადაიქცეს ახალ თურქულ სუბეთნოსად. ასეთ ვითარებაში რა პოზიცია უჭირავს ქართველ საზოგადოებას? ნაცვლად იმისა, რომ გაერკვეს პრობლემაში და მხარი დაუჭიროს ეროვნებისა და გვარ-სახელის აღდგენის მოსწრაფე მაჰმადიანი მესხების სამართლიან ბრძოლას, ქართველი საზოგადოება მათ აცხადებს თურქებად... ვაღიაროთ ტერმინი „თურქი მესხები“ და ვიტყუოთ თავი, რომ გასახლებულთა შორის არ არსებულან „ქართველი მესხები?“... დღევანდელ პირობებში გასახლებულთა მასობრივად მიღება ქვეყანას არ შეუძლია... გასაგებია, როცა ვეუბნებით მაჰმადიან ქართველებს (მესხებს): ჯერ ვერ შემოგიშვებთ, ძმებო, ჩვენი ღვიძლები ხართ, მაგრამ დღეს უჭირს ქვეყანას (ამ დროს ჯანყია ბორჩალოს თათრებში), შედით ჩვენს (!) მდგომარეობაშიო. ისიც გასაგებია, როცა მცირემიწიანობას ვიმოწმებთ, სტიქიისაგან დაზარალებული ჩვენიანებისთვის (!) ვერ გვიპატრონებიაო (თუმცა გვავიწყდება, ისინიც რომ ჩვენიანები არიან, სტიქიაზე უფრო ძლიერი დარტყმით დაზარალებულნი)... („ქართ. ფილმი“. 26 სექტემბერი, 1990).TK
    რედაქტორის მინაწერი: საქმე ისაა, რომ თვით „თურქი მესხები“ თავიანთ თავს ქართველებად არ მიიჩნევენ. GR

    თამაზ კვაჭანტირაძე (კრიტიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თანაპრეზიდენტი): „უბატონობას ვერ ვეგუებით, პიროვნულ პასუხისგებას ვუფრთხით, რაც ერთი მთავარი ნიშანია ხალხის ბრბოდ გადაქცევისა... შემთხვევითი როდია სტალინიზმის ასეთი აზავთება ჩვენში... ბელადი მოგვინდა,სახრე მოგვენატრა და უღლისაგან დაბებრებული კისრებიც აგვქავდა... ხოლო როცა ბრბოს სახედრის ინსტიქტი დაეუფლება, გამხედვნელი ყოველთვის გამოუჩნდება... თვითონ გააჩენს, თვითონ შექმნის მას, ვინც უნაგირს დაადგამს, ლაგამს ამოსდებს და აქავებულ ზურგზე მოაჯდება. ლენინიც, სტალინიც მონობის კლასიკურმა ქვეყანამ, რუსეთმა, შექმნა. საუბედუროდ, ამ რუსეთის ნაწილად გვაქციეს ეს ორი საუკუნეა და, რა გასაკვირია, თუ ბელადომანია ჩვენც გადმოგვედო. წინათ ვფიქრობდი, რომ ჩვენ ბელადომანიის რუსულისაგან განსხვავებული ვარიანტი გვქონდა − იქ თუ ბელადი უნდათ, აქ ჩვენ თვითონ გვინდა ბელადობა. „ბოლო მოვლენები მარწმუნებს, რომ ამ მხრივაც „გავრუსებულვართ“... დაესწარით ზოგიერთ მიტინგს და თვალნათლივ დარწმუნდებით ამაში... როგორ მოგვძალებია ნოსტალგია „რკინის ხელისა“! ისტორია მეორდება ხოლმე: ოცდაჩვიდმეტშიც გავუტვრინდით ამ ხელს, გვეგონა, მხოლოდ სხვას, ჩვენს მოწინააღმდეგეს, წაუჭერდა ყელში და ჩვენს საქნელსა იქმდა... და მოგვეზღო კიდეც საზღაური ჩვენივე გულდედლობისა და უკეთურებისათვის... ისტორია მეორდება-მეთქი... ჯერ საზოგადოება „სტალინსა“ ვქმნით, ჯერ პატარ-პატარა სტალინუკები დავერევით ერთმანეთს და გზას გავუწმენდთ აპოკალიფსურ მხეცს, სატანას, ანტიქრისტეს, რომელიც მოსრავს ბრალიან-უბრალოს, უპირატესად − უბრალოს. დიდ არს საცდური ძალაუფლებისა... რა ცოდვებიც ხალხსა სჭირს, მას, მეტნაკლებად, ამ ხალხის შემადგენელი კაცნიც ვინაწილებთ ხოლმე... ძალაუფლებისაკენ ლტოლვა უძლიერეს ადამიანურ ვნებას წარმოადგენს და მისგან აბსოლუტურად დაცლილი არც არავინ მეგულება. მაგრამ სხვა არის, როცა ეს ვნება ზნეობისა და რელიგიის სადინარებში მოექცევა... გრიგოლ ხანძთელი მღვდლობის პატივს ერთგვარად უფრთხის, ესეც კი ხორციელ დიდებად მიაჩნია, რისთვისაც „პატიჟი“ ანუ სასჯელი, ტანჯვა (სულიერი, ცხადია) მიეგება. ძველად უფრო ღრმად სწვდებოდნენ „პატივის“ არსს, როდესაც მას „ტანჯვას“ და არა განცხრომა-ნებივრობას უკავშირებდნენ... პოლიტიკაში „მომწონს“ – „არ მომწონს“ ნონსენსია, აქ „საჭიროა“ – „საჭირო არაა“ კატეგორიებით აზროვნებენ... თუ საქართველოს წაადგება, „ეგრეთ წოდებულებთანაც“ უნდა ითანამშრომლო, ოღონდ მაშინ შეურიგებელი ოპოზიციონერის „ტიტულს უნდა შეელიო, თორემ ადგება ვინმე (თუნდაც „ეგრეთ წოდებული“ მთავრობა) და შენც „ეგრეთ წოდებულ“ შეურიგებელ ოპოზიციას გიწოდებს... გაილაღა სიძულვილმა შინ და გარეთ, მიტინგებსა და აუდიტორიებში, გაზეთებსა და ტელეეკრანზე, ქუჩებსა და ოჯახებში... განა დღეს არ დავამტვრიეთ ცხვირ-პირი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და შეურაცხვყავით ხნიერი, ღირსეული, სათნო მანდილოსანი? განა დღეს არ მოვითხოვეთ წიგნების დაწვა და შინ არ მივუცვივდით ჭორისა და ცილისწამების სამიზნედ ქცეულ ადამიანებს? განა დღეს არ ავჭედეთ მწერალთა კავშირის კარები და განა დღეს არ ვუწყობთ დაუსწრებელ სასამართლოებს ერთმანეთს? დაბოლოს, განა დღეს არ დავარბიეთ გაზეთი, ალყაში მოვაქციეთ ტელევიზია, ავაფეთქეთ და ავტომატის ჯერით დავცხრილეთ პოლიტიკური მოწინააღმდეგის სამყოფელი?... ჩვენ, ქართველებმა, სიყვარულის უკიდეგანო, ზოგჯერ უმისამართო გადმოღვრა ვიცით და ეს დიდი ნიჭი, დიდი მადლი მგონია... ჩვენ ჩვენი ქართველობის დონეზე ყოფნა გვმართებს“ („ქართ. ფილმი“. 26 სექტემბერი, 1990).TK

    რომან მიმინოშვილი: „რა ვქნა, ჩემში დიდ ეჭვს იწვევს კაცი, რომელიც ამბობს, უჩემოდ საქართველო დაიღუპებოდაო, ეროვნულ მოძრაობას უნარიანად ვხელმძღვანელობდიო. თუკი ვინმეს შეეძლო ამ მოტივით გაემართლებინა თავისი უკეთური საქციელი, ეს შეეძლო სერგო ორჯონიკიძესაც. დოკუმენტური ცნობა არა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს იგი უთუოდ იტყოდა: მე რომ საქართველოში წითელი არმია არ შემომეყვანა, ხალხი არ ამომეჟუჟა 1921 და 1924 წლებში, საქართველო დაიღუპებოდაო. ილია ჭავჭავაძის მკვლელსაც შეეძლო იგივე ეთქვა. ბატონ ზვიად გამსახურდიას კი, ეს ნამდვილად არ ეკადრება... ერთობ გაზვიადებული ხომ არ ბრძანდება ბატონი გამსახურდია?“ („ქართ. ფილმი“. 26 სექტემბერი, 1990).TK

    ებრაელთა მსოფლიო გაერთიანება „სოხნუტის“ წარმომადგენელმა საბჭოთა კავშირში იციკ მოშემ ასოციაციის განყოფილებას საჩუქრად გადასცა ებრაელთა ისტორიის ამსახველი ორი ვიდეოკასეტა. ამ დღეებში დამთავრდა მათი ერთ კასეტაზე დამონტაჟება. შემდგომ ასოციაცია ეცდება, რომ ქალაქის მოსახლეობამ ფილმი მასობრივად ნახოს („შალომ-მშვიდობა“. სექტემბერი, 1990).TK

    „იომ-ქიფურ“ − დღე შენდობისა, სახელწოდებაშივე ჩანს ძირითადი შინაარსი. ეს დღე ყველაზე დიდია უწმინდესი წლის ყველა სხვა დანარჩენ დღესთან შედარებით. დამატებით ჰქვია „შაბათ-შაბათონ“, რაც ქართულად ნიშნავს ღირსებით ორმაგ შაბათს. იგი იწყება წინა დღით მზის ჩასვლის შემდეგ და მთავრდება მეორე დღეს დაღამებით... თუკი მთელი სულითა და გულით ადამიანი მოინანიებს ჩადენილ ცოდვებს, უფალი მიიღებს მის „თეშუბას“, ესე იგი მონანიებას და შეიძლება მასზედ გადაწყვეტილი მოსალოდნელი ცუდი შეიცვალოს კარგით. მონანიებას უნდა ახლდეს 24-საათიანი მარხულობა, როდესაც ყველა მორწმუნე ებრაელი მამაკაცი 13 წლის ზევით, ვალდებულია, იმარხულოს ისე, რომ წყალიც არ დალიოს. აგრეთვე, ამ დღეს წყდება მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს და ერის მომავალი ბედ-იღბალი. ეს დღე განკუთვნილია მხოლოდ ლოცვისათვის და ხვეწნისათვის. სასტიკად აკრძალულია მუშაობა, სეირნობა, ყველა სახის გართობა („შალომ-მშვიდობა“. სექტემბერი, 1990).TK

    IV ათასწლეული (ძვ. წ.) – II ათასწლეულის შუახანები (ძვ. წ.) – „პატრიარქების ეპოქა“; ებრაული მომთაბარე ტომების გადმოსვლა მცირე აზიიდან ქანაანელთა ტერიტორიაზე; „ეგვიპტეში ტყვეობა“; XIII საუკუნის I ნახ. (ძვ. წ.) – ეგვიპტეში ტყვეობიდან გამოსვლა წინასწარმეტყველ მოშეს წინამძღოლობით; XIII ს. II ნახ. (ძვ. წ.) – XI ს. (ძვ. წ.) – „მსაჯულთა ეპოქა“. ებრაული ტომების ბრძოლა ქანაანელებთან, მოაბიტელებთან და ფილისტიმელებთან. ერთიან სახელმწიფოებრივ ერთეულად ებრაული ტომების გაერთიანების პროცესი; შაული (1025-1004 ძვ. წ.) − პირველი მეფე ებრაელთა სახელმწიფოსი. ებრაული სახელმწიფოს წარმოქმნა; დავითი(1004-965 ძვ. წ.) − ებრაელთა სახელმწიფოს გარდაქმნა (გადაქცევა) აღმოსავლეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ერთეულად. შელომო (სოლომონი) (965-928 ძვ. წ.) − ებრაელთა სახელმწიფოს აყვავების ხანა; X ს. ბოლო (ძვ. წ.) − ებრაელთა სახელმწიფოს ორ ნაწილად დაყოფა: ჩრდილოეთით ისრაელი (დედაქალაქი სამარია), სამხრეთით იუდეა (დედაქალაქი იერუშალაიმი); 722 წ. (ძვ. წ.) − ისრაელის სახელმწიფო დაიპყრო ასირიამ. ებრაელთა დიასპორის დასაწყისი; 586 წ. (ძვ. წ.) − იუდეა დაიპყრო ბაბილონმა. იერუშალაიმისა და მისი ტაძრის პირველი დანგრევა, „ბაბილონის ტყვეობის“ დასაწყისი; 538 წ. (ძვ. წ.) − იუდეა დაიკავა აქემენიდურმა სპარსეთმა. მეფე კიროსმა აღადგინა იერუშალაიმის ტაძარი. სპარსეთის ბატონობის დასაწყისი; 332 წ. (ძვ. წ.) − ალექსანდრე მაკედონელის შესვლა იერუშალაიმში. ბერძნული იმპერიის ბატონობის დასაწყისი; 167 წ. (ძვ. წ.) − იუდეველთა აჯანყება მაკაბელთა მეთაურობით. იუდეის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა; 63 წ. (ძვ. წ.) − იერუშალაიმი აიღო რომმა. რომის იმპერიის ბატონობის დასაწყისი; 66-73 წ.წ. (ახ. წ.) −იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ; 70 წ. (ახ. წ.) − ტიტეს მიერ იერუშალაიმის აოხრება და ტაძრის მეორედ დანგრევა; 132-135 წ.წ. (ახ. წ.) − ებრაელთა აჯანყება შიმონ ბარ-ქოხბას მეთაურობით რომაელთა წინააღმდეგ. ებრაელთა სახელმწიფოებრიობის შეწყვეტა; 1948 წ. (ახ. წ.) − ებრაელთა სახელმწიფოებრიობის აღდგენა („შალომ-მშვიდობა“. სექტემბერი, 1990).TK

    ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია დანაშაულებრივ ორგანიზაციად დაასახელა, მისივე აზრით, ზემოთხსენებულ პარტიას არ ჰქონდა საქართველოში მორალური და იურიდიული არსებობის უფლება (“ლიტ.საქ.” 5 ოქტომბერი, 1990).GK

    ანტონ ივანეს ძე კეკელია (1855-1920) – მის სახელთანაა დაკავშირებული კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინება სენაკის მაზრაში; მან გახსნა თხუთმეტამდე სკოლა სხვადასხვა სოფელში, სადაც ქართულ ენაზე მიდიოდა სწავლება (“ლიტ.საქ.” 5 ოქტომბერი, 1990).GK

    1895 წელი – ქ. ფოთში კომისიამ, რომელსაც სინოდის დავალებით უნდა განეხილა და გადაეწყვიტა წირვის მეგრულად ჩატარების სარგებლიანობისა და სახარების მეგრულად თარგმნის საკითხი, ეპისკოპოს გრიგოლ დადიანის მეთაურობით უარყო შემოთავაზებული წინადადება (“ლიტ.საქ.” 5 ოქტომბერი, 1990).GK

    ზვიად გამსახურდიას აზრით, ნამდვილ ოპოზიციას, რომლის მეთაურადაც თვითონ ითვლებოდა, უპირისპირდებოდა ცრუ ოპოზიცია ანუ ეროვნული კონგრესი, რომელსაც კრემლის უკანასკნელ იმედს უწოდებდა (“ლიტ.საქ.” 5 ოქტომბერი, 1990).GK

    საქართველოს ახალგაზრდული კავშირი: „29 ოქტომბერს, გვიან ღამით, მაჩაბლის 11-ში მდებარე შენობის ერთ ნაწილში, სადაც განლაგებულია „საქართველოს ახალგაზრდული კავშირის რესპუბლიკური ორგანიზაცია“ და მთელი რიგი ახალგაზრდული გაერთიანებები, უცნობ პირთა ჯგუფმა მოაწყო შენობის სრული დარბევა“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    მერაბ სალუქვაძე: „აუცილებელია რელიგიური შემწყნარებლობის კანონი. ახალმა უზენაესმა საბჭომ, ყველა რელიგიური მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შეიმუშაოს ეს კანონი. საქართველო უნდა იყოს ეკუმენიზმის კლასიკური ქვეყანა... რაც შეეხება არქიერესის − ეკუმენიზმისა და პროტესტანტიზმის მებაირახტრე − ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც (მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საცხოვრებლად ჩასულ ხალხთა შორის) ეროვნული პრობლემა არ არსებობს, ამ მხრივ მისაბაძად არ მიგვაჩნია... ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი გრაბე გვამცნობს: დღეს არ შეიძლება არ აღინიშნოს გარკვეული სულიერი ნათესაობა კათოლიკური სამღვდელოების მოდერნისტულ მოძრაობასა და ჩვენს ამგვარივე დაჯგუფებების საერო პირთა შორის. მათში ძალიან მცირეა ეკლესიურობა... ისინი რევოლუციური გზებით მოუწოდებენ გარდამქმნელ ბრძოლისკენ და ებრძვიან საეკლესიო იერარქიას პირად უფლებათა გაფართოებისთვის... მოდერნიზმი და ეკუმენიზმი ღვიძლი ძმები არიან. ერთს არ შეუძლია მეორის გარეშე არსებობა... დოგმატურად ეკუმენიზმი ეძებს ჭეშმარიტებისა და სიცრუის გათანაბრებას, ესე იგი, ერთიანობას ყველასთვის მისაღებ მინიმალურ პირობებზე... მოდერნიზმი ცდილობს წაშალოს ზღვარი ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ეკლესიას შორის. ამიტომ ის ყოველგვარი ეკლესიური ტრადიციების, გადმოცემებისა და განწესების მტერია“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    მერაბ სულაქველიძე: „მასონებმა პირდაპირ აღიარეს, თუ რა გადამწყვეტი როლი მიუძღვით ეკუმენისტური მოძრაობის წარმატებასა და აღორძინების საქმეში... აი, რას წერენ ისინი: „ჩვენ გვეკითხებიან რატომ ვერევით რელიგიური ხასიათის კამათში და რამდენადაა მიზანშეწონილი ჩვენი დაინტერესება მსოფლიო ეკლესიათა ერთიანობის პრობლემით, ეკუმენისტური კონგრესებითა და ა.შ. მოგახსენებთ, რომც არ ჰქონოდა მასონობას რელიგიური ძირები, თუნდაც ფაქტი რელიგიის არსებობისა მაინც გამოიწვევდა ჩვენში მუდმივ მცდელობას გვებრძოლა ყოველი ადამიანის საყოველთაო ერთობისთვის... რადგან ეს, ოდითგანვე ჩვენი ოცნების საგანს წარმოადგენდა. ქრისტეს ეკლესიათა გაერთიანების პრობლემა ჩვენს ინტერესთა სფეროში შედის, და ენათესავება მასონობას იმდენად, რამდენადაც უნივერსალიზმის იდეას შეიცავს...დავუმატებდით იმასაც, რომ თუ ეს ერთობა ჭეშმარიტ გზას ადგას, ის ჩვენი ორდენისაგან არის დავალებული“... 1948 წელს მოსკოვის საპატრიარქომ კატეგორიული უარი განაცხადა პირველ ეკუმენისტურ კონფერენციაში მოაწილეობაზე... ნიუ-დელის კონფერენციაზე, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეიქმნა ყოველნაირი ერესისა და სიცრუის ერთიანი საერთო ფრონტი. აქ შეკავშირდა და გაერთიანდა ყოველგვარი ღვთის მგმობელობა და ბილწება მოყოლებული კაენიდან და ქამიდან იუდა გამცემლამდე, კარლ მარქსამდე... ეკუმენიზმი გახლავთ ერესთა ერესი, რადგან ეკლესიის ისტორიაში ყოველი ცალკეული ერესი ჭეშმარიტი ეკლესიის ადგილას ცდილობდა დამდგარიყო... მივიწყებულია წმინდა მამათა გამონათქვამი: „ერეტიკოსთა ზიარება − საზრდოა ეშმათა“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    ირაკლი წერეთელი: „მიგვაჩნია უდიდეს შეცდომად და სრულ უაზრობად საბჭოთა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ქართველი ერის მონაწილეობა იმ ორგანოს არჩევნებში, რომელიც ერთიანი იმპერიული ხელისუფლების სტრუქტურულ ნაწილს წარმოადგენს იმპერიის მიერ დაპყრობილ ერთ-ერთ ტერიტორიაზე... თავისი ზნეობრივი, უკომპრომისო და მოწამეობრივი ბრძოლით ქართველმა ერმა ოქროს ასოებით ჩაწერა მატეანეში ნოემბრის შიმშილობის სასწაულებრივი კვირეული და აპრილის გმირული ეპოპეა“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    საქართველოს ეროვნული კონგრესის მიმართვა: „საქართველოს ეროვნულ კონგრესს მიაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე საჭიროა შემდეგი უმთავრესი ნაბიჯების გადადგმა: 1. საქართველოს ტერიტორიიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების სრული და უპირობო გაყვანა. 2. შექმნილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საკანონმდებლო და სამართლებრივი სტრუქტურების სრული დემონტაჟი. 3. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენა და ერის ნებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის განსაზღვრა“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    საქართველოს მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია: „საქართველოს მონარქი-სტული პარტია გმობს და პოლიტიკური ტერორის კვალიფიკაციას ანიჭებს 1990 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის თავმდჯდომარის − გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული თავდასხმის აქტს“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 1 ნოემბერი, 1990).GK

    ედიშერ გიორგაძე: „გამომცემლობა „განათლებამ“ ახლახან გამოსცა ჭეშმარიტად საგანმანათლებლო წიგნი „საქართველოს სულიერი მისია“... წიგნში გატარებულია ეკუმენისტური რელიგიურ-კულტურული უნივერსალიზმის ხაზი“ („წიგნის სამყარო“, 14 ნოემბერი, 1990).GK

    მერაბ სულაქველიძე: „მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებშიაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ანათემას გადაეცა მწვალებელი არიოზი, რომელიც უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას. მწვალებელი მაკედონი, რომელიც უარყოფდა სულიწმიდის ღვთაებრიობას, მწვალებელი ნესტორი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამი არ იყო ღვთისმშობელი, მწვალებელი ევქიტი, რომელიც ქადაგებდა ქრისტეს ერთბუნებიანობას... რაც შეეხება „რუსული ეკლესიის სიბრძნეს“, ჩვენ უკვე დავასაბუთეთ, თუ როგორ იკვლევს ეკუმენიზმი გზას მოსკოვის საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით... ქრისტეს რჯული ქართველებისთვის მარტო სარწმუნოებით აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო, საქართველოს მრავალ ნაწილთა გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა... კომუნისტთა და ეკუმენისტთა მიერ სიმართლისთვის დევნილი ღვთისმეტყველების დოქტორი არქიმანდრიტი იუსტინე კიდევ ერთხელ განგვიმარტავს: „მართლმადიდებლობის შემბილწველი ანტიქრისტიანული სული მიმართულია ტრადიციული და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ჩასახშობად!.. დადგა ჟამი, როდესაც უნდა გაკეთდეს არჩევანი, ეკუმენიზმი ან მართლმადიდებელი საქართველო, ანუ სჯული და მამული ან წარწყმენდა − მართლმადიდებლობა ან სიკვდილი...“ („ახალგაზრდა ივერიელი“, 29 ნოემბერი, 1990).GK

    არქიმანდრიტი რაფაელი: „სიყვარულის უმაღლესი საფეხური, ღმრთის სიყვარული, რომელიც მხოლოდ მონაზვნური ცხოვრების წესში ვლინდება სრულყოფილად, თითქმის მოიშალა... ერთ-ერთი უსაშინლესი ფორმა ქრისტიანული ოჯახის განადგურებისა, იმ ოჯახისა, რომელიც ღმრთისგან ადამის მოდგმის გასამრავლებლად იკურთხება, ჩვილთა კვლაა მშობლების მიერ... მსგავსი ხალხის ურთიერთობა იქცევა ავხორცობად და შიშველ სექსად, არც ერთი, არც მეორე, არ იძლევა სითბოს, სიყვარულს, სიხარულს − მკვლელებს არ ძალუძთ ერთმანეთის სიყვარული, ნუთუ შეიძლება გიყვარდეთ თქვენი შვილის მკვლელი?... მკვლელობა ჩვილისა არ გახლავთ მხოლოდ ფიზიკური სხეულის განადგურება, ეს მკვლელობაა სულისა, ნათლობის მადლით განუბანელი სულისა, რომელიც ბრმასავით გადადის მარადიულობაში და თან მიაქვს წინაპართა ცოდვის ანაბეჭდი... გახსოვთ, ალბათ, სვიმონ მეფეზე განრისხებულმა თემურ ლენგმა რაც ჩაიდინა თბილისში: ყველა ჩვილი ბავშვი ერთად მოაგროვა, ძნის კონებივით შეაკვრევინა, ქვებითა და კეტებით დააჩეჩქვინა თავის ჯალათებს პატარები, სისხლის მდინარეები ადინა... იქვე, გვერდზე კარავი გააშლევინა და თავის რჩეულებთან ერთად ლხინი გამართა... თემურ-ლენგის საქმე არ ჩაბარდა ისტორიას, არ დამთავრდა. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და დღესაც განუკითხავად და გულგრილად ღვრიან საკუთარი ჩვილების სისხლს... დედები საკუთარ ჩვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველის − მიწის გარეშე მარხავენ, საკანალიზაციო მილებს ატანენ... ბასილი დიდის კანონში ვკითხულობთ: „ წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება... აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი... ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცის კვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ“ („კაბადონი-8“. 1 დეკემბერი, 1990).TK

    მაგდა მჭედლიძე (ზვიად გამსახურდიას): „განიარაღების მოთხოვნა „მხედრიონთან“ ერთად უკვე ყველა ქართულ შეიარაღებულ ფორმირებას შეეხო... გვებადება კითხვა: რატომ ისმება საკითხი იარაღის ამოღებისა მხოლოდ ლეგალიზებულ შეაიარაღებულ ფორმირებათაგან და არა საერთოდ მოსახლეობისგან? ნუთუ იარაღი ნაკლებად საშიშია იმათ ხელში, ვინც არც ერთ შეიარაღებულ ფორმირებაში გაერთიანებული არ არის?.. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინათ აფხაზი და ოსი ექსტრემისტებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ძირითადად, ქართველი მოხალისეთა რაზმებისა და უპირველეს ყოვლისა, „მხედრიონის“ თავდადებული და გონიერი მოქმედების შედეგად მოხერხდა... იქნებ მისაღები იყოს „მხედრიონის“ წინადადება ეროვნული ჯარის ჩამოყალიბებამდე საქართველოში არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირების უზენაესი საბჭოსა და ეროვნული კონგრესის წარმომადგენელთან პარიტეტულ საწყისებზე შედგენილი კომისიისთვის დაქვემდებარების თაობაზე?“ („თბილისი“, 8 დეკემბერი, 1990).GK

    ზვიად გამსახურდია: „რაც შეეხებათ ჩემს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მათ არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტსაც არ მიუღია მონაწილეობა. მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს, ასე რომ, თვითმარქვია „ეროვნული კონგრესი“ არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, და მით უმეტეს არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“... ისინი მფარველობენ რაიონებში მოკალათებულ შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც ტერორში ამყოფებენ და ძარცვავენ მოსახლეობას... ჩვენ იგი (ეროვნული კონგრესი) მიგვაჩნია ფიქციად, რომელსაც აკლია პოლიტიკური მოწიფულობა და კომპეტენტურობა. ამასვე მოწმობს მათი დამოკიდებულება ნატოს ბლოკში საქართველოს შესვლის საკითხისადმი − ეს იმ დროს, როდესაც ევროპაში მიმდინარეობს ინტეგრაციის პროგრესული პროცესები, შენდება ევროპის საერთო სახლი და ყველანი ესწრაფვიან სრულიად ევროპის სამხედრო უსაფრთხოების მიღწევას“ („ახ. ივერიელი“. 8 დეკემბერი, 1990).TK