სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1991 წლის ქრონიკა

    ბერი გიორგი: „როგორც ყოველ დილით სჭირდება ადამიანს ხელ-პირის დაბანა, ასევე საჭიროა ადამიანის სულისათვის აღსარება, ცოდვებისაგან განთავისუფლება... მრუშები, ანანისტები, მამათმავლები, ლეზბიანკები, ლოთები, ნარკომანები, ქურდები, გამომძალველები, მექრთამეები, ამპარტავნები, ანგარების ეშმაკით შეპყრობილები ვართ − და რამდენი სხვა წყლული გვაქვს სულში ჩვენ ყველას. და აი, ეს ხალხი ვითხოვთ თავისუფლებას. ოო, − როგორი მწარეა სიმართლე, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: ჩვენ არა ვართ თავისუფლების ღირსნი... ჩვენ ყველამ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს სულებში, მოვნახოთ ის სიმყრალე, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ცოდვების ჩადენით დაგროვდა... როდესაც საქართველოს ოქროს ხანა ედგა, მაშინ ქართველი კაცი თავის ქვეყნის საზღვრებს, პირველ ყოვლისა, ლოცვით იცავდა. ამის ნათელი დადასტურებაა მესხეთში, მტკვრის ხეობაში, ნაგები ვარძიის მონასტერი, მის შემდგომ მოდის ვანის ქვაბები, და მხოლოდ ამათ მერე − თმოგვის ციხე და ხერთვისის ციხე. ასე და ამგვარად, ხეობას ჯერ ბერი დარაჯობდა ლოცვით და შემდგომ − ჯარისკაცი ხმლით. და ქვეყანაც ყვაოდა“ „ერი“. 17 იანვარი, 1991).TK

    მთავარეპისკოპოსი თადეოზი (აგარაკ-წალკელი და ბოლნელ-დმანელი მთავარეპისკოპოსი): „ელდარ კერძევაძე ერთ თავის მშვენიერ ლექსში − „მოდი და ნუ ამღერდები“, პოეტი ამაღლებულად გამოხატავს თავის სიყვარულს საქართველოს თავისუფლებისთვის მოზღვავებული მოძრაობის მიმართ, რომელიც დიდმა მერაბ კოსტავამ და დიდმა ზვიად გამსახურდიამ წამოიწყეს სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად“(„საქ. რესპ.“ 16 თებერვალი, 1991).GK

    ღერბის − სახელმწიფოს ემბლემატიური ნიშნის − საკითხი ბევრს უმნიშვნელო წვრილმანად მიაჩნია. ზოგნი კი ამ საკითხს ჯგუფურ, ან პარტიულ თვალსაზრისით არკვევენ... საერთაშორისო ურთიერთობაშიაც და კერძოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს შინაგან, ცხოვრების მრავალ მხარეში ღერბს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევენ და ღერბის სიმბოლიურ გამოხატულებაში ცდილობენ ამოიკითხონ სახელმწიფოს წყობილების და საერთო მიდრეკილების დედა-აზრი... ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ ხუთი თუ ექვსი სხდომა მოანდომა საქართველოს ღერბის საკითხის გამორკვევას... პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა საუცხოო ლექცია წაუკითხა ეროვნულ საბჭოს წევრებს საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიურ გამოხატულებაზე. პროფესორი, ალბათ, ჰგრძნობდა, რომ სოციალ-დემოკრატებს ყველაზე ძლიერ აფრთხობდა რელიგიური მხარე საკითხისა, ამიტომ ეჭვის დაუბადებლად განმარტა თეთრი გიორგის თაყვანისცემის მიზეზები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არაფერი აქვს საერთო საეკლესიო წმინდანთან; რომ, პირიქით, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა თეთრი გიორგის კულტის განმტკიცებას ქართველ ხალხში, როგორც წარმართობის ნაშთისას, მაგრამ ეკლესია ბოლოს იძულებული გახდა დაეთმო ხალხის შეურყეველ სურვილისათვის. სოციალ-დემოკრატებს პროფესორმა განუმარტა, რომ ადვილი მოსახერხებელია თეთრს გიორგის მოვაცილოთ სახის ირგვლივ შარავანდედი, ხოლო შუბლზე ჯვარი და მაშინ სავსებით აღმოიფხვრება რელიგიური ჩანასახი საერთო სახელმწიფოებრივ ნიშანზე“ („ერი“. 20 თებერვალი, 1991).TK

    ზვიად გამსახურდია: „ბალტიისპირეთის რესპუბლიკისგან განსხვავებით საქართველოში არ არის ინტერფრონტი, მაგრამ აქ ნაკლები წარმატებით როდი ცვლის მას შიდა ქართლში მოკალათებული ოსური ეთნოკრატია... მას და მის მძლავრ მფარველ კრემლს და არა ოს ხალხს, ეკისრება ბრალი იმის გამო, რომ გრძელდება სისხლისღვრა სამაჩაბლოში... გასამხედროებული ორგანიზაციის „მხედრიონის“ ლიდერთა დაპატიმრება იყო საქართველოში შექმნილი ისედაც დაძაბული ვითარების სტაბილიზაციისათვის, შავნაბადაზე „კრემლის სპექტაკლის“ განვითარების თავიდან აცილებისათვის გამიზნული საჭირო ღონისძიება“ („ერი“, 27 თებერვალი, 1991).GK

    4 მარტს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ მოაწყო მიტინგი ჯაბა იოსელიანის, ზაზა ვეფხვაძისა და „მხედრიონის“ სხვა წევრთა გათავისუფლების მოთხოვნით... ირაკლი ბათიაშვილმა, გურამ ყორღანაშვილმა და სხვებმა ილაპარაკეს საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მათი აზრით, სამაჩაბლო ფაქტობრივად, დაკარგულია, რადგან იქ უკვე თითქმის აღარცერთი ქართული ოჯახი არ არის დარჩენილი... კონგრესის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში შეიქმნა „მრგვალი მაგიდის“ დიქტატურა... მიტინგზე წაიკითხეს ჯაბა იოსელიანის მიმართვა ქართველი ხალხისადმი... წერილში ნათქვამია: „...ვიდრე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის (!) თუნდაც ერთი სტუდენტი მოითხოვს ადამიანის დაპატიმრებას, თუნდაც იგი დამნაშავე იყოს, − ჩემი ადგილი ციხეშია“ („კაბადონი“, 7 მარტი, 1991).GK

    ზვიად გამსახურდია:  “ეს სამოქალაქო ომი არ გახლავთ, ესაა კრემლის ომი საქართველოს წინააღმდეგ... 1989 წელს საქართველოში მცხოვრებ აფხაზებთან და აზერბაიჯანელებთანაც სისხლიანი შეტაკებები მოსკოვის წაქეზებით მოხდა” (“ლიტ.საქ.”  15 მარტი, 1991).GK

    მუხრან მაჭავარიანი: „გერმანელ კოლეგებთან და გამომცემლობებთან საუბრებმა დაგვანახა, რომ მომავალში საჭიროა სულ სხვანაირი მოქმედება. კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ მწერალთა კავშირი სახელმწიფო ბიუჯეტზე კი არ უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკა, სავალუტო ფონდი... პირადად ვესაუბრეთ გამომცემლობა „ჰემპელის“ გენერალურ დირექტორს ბატონ ჰემპელს, რომელიც ძალზე დაინტერესდა ზვიად გამსახურდიას წიგნით „საქართველოს სულიერი მისია“ და მოგვთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად გავუგზავნოთ ამ წიგნის ანოტაცია გერმანულ ენაზე... ისინი (გერმანელები) ერიდებიან გორბაჩოვის განაწყენებას, თანაც იმისაც ეშინიათ, ვაითუ, გორბაჩოვი გადააყენონ და რუსეთმა გერმანიიდან ჯარების გაყვანა გადაიფიქროსო. მიუხედავად ამისა, საუბარში თუ პრესკონფერენციებზე, აშკარად ვგრძნობდით მხარდაჭერას. გაგვახარა იმ ფაქტმაც, რომ ბატონ ზვიად გამსახურდიას დიდი ავტორიტეტი აქვს მთელს გერმანიაში. უფრო მეტიც, როცა ჩვენი სტუმრობის ამბავი გაიგო, შვეიცარიიდან, ქალაქ ბაზელიდან დაგვირეკა ძალზე ცნობილმა პიროვნებამ, შვეიცარიის ოკულტისტთა საზოგადოების პრეზიდენტმა ქალბატონმა ანა იანმა... მან დამავალა მხურვალე სალამი გადამეცა ბატონ ზვიად გამსახურდიასათვის“ („ლიტ. საქ.“ 15 მარტი, 1991).(“ლიტ.საქ.”  15 მარტი, 1991).TK

    ზაზა ხოზბერიძე: „გაზეთ „დრონში“ დაბეჭდილ სტატიაში „ნაციონალიზმი მეოცე საუკუნის ბოლოს“ ბატონი რამაზ კლიმიაშვილი ნაციონალიზმს აღიქვამს, როგორც ანტიინტელექტუალურ, ინტელიგენციისადმი სიძულვილით გაჟღენთილ პოლიტიკურ, ფილოსოფიურ დოქტრინად... სტატიაში ერთ-ერთ უმთავრეს განმსაზღვრელ პრინციპად აღმსარებლობა გვევლინება... ამ დებულებას დღესდღეობით არსებული პოლიტიკური პარტიების ნაწილი და ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული ინტილიგენცია“ იზიარებს... ჩვენ ამ სიტყვებით არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვინდა, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია სიტყვა „ინტელიგენტი“... ამ ტერმინის სამშობლოში, რუსეთში, ინტელიგენტი პირველ რიგში ძირითადად ურწმუნო, არარელიგიური აზროვნების პიროვნებას აღნიშნავდა, რის გამოც ჩვენ არ გვსურს მთელ ქართულ განათლებულ საზოგადოებას არარელიგიურობა დავწამოთ... თავს ნაციონალისტებად თვლიდნენ მე-20 საუკუნის ქართველი მოღვაწეები: ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე, ალექსანდრე მახველიშვილი, სპირიდოს კედია, შალვა ამირეჯიბი, რევაზ გაბაშვილი და სხვა... შეიძლება მათი კონცეფციები, იდეები ყოველთვის მისაღები არ იყოს მორწმუნე ადამიანისთვის, მაგრამ ამ ხალხის ანტიინტელექტუალურ მოძრაობის ადეპტებად და მედროშეებმად დასახვას ნამდვილად დიდი „ვაჟკაცობა“ უნდა... დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებით ხდება ელემენტარული იმპერიალისტური, ექსპანსიონისტური, ანთროპოფაგული პოლიტიკის გამართლება...ყოველი იმპერია, რაც არ უნდა კაცთმოყვარე, ჰუმანური ლოზუნგებით ინიღბებოდეს, თავისი არსით ბოროტების მსახური და ადეპტი გახლავთ...დემოკრატიის დროშის ქვეშ ხდება დედა-სარწმუნოებაზე თავდასხმები, რითაც განსაკუთრებული გულმოდგინებით გამოირჩევიან ლიბერალურ-ეკუმენისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი იერარქები, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ...ჩვენ, პრინციპში, მრავალი დავძლიეთ, რაც უპირველესად საქართველოს სამოცი-ქულო ეკლესიის დამსახურებაა... ყველაზე უფრო გაგვიჭირდა, ჩავწვდომოდით რა საფრთხე იმალებოდა ერთმორწმუნეობის არსში...რუსეთისმონობამ მოგვიტანა ერის იმუნიტეტის დაჩლუნგება; მიზეზი კი ავტოკეფალიის დაკარგვა გახლდათ“ („ქართველი ერი“, 9 აპრილი, 1991).GK

    გიორგი მახარაძე: „რად ღირს პრეზიდენტ ჯ. ბუშის ლამის ისტერიული რეაქცია პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მიერ მოსკოვის „პუტჩის“ შეფასებაზე. ამერიკის ადმინისტრაციის მეთაურმა ძლიერ საგულისხმო ფრაზით: „საქართველოს პრეზიდენტი დინების საპირისპიროდ მიდის“, რა აზრით იყო ეს სიტყვები ნათქვამი, რომელი დინების წინააღმდეგ მივდივართ და რატომაა ეს ასე უსიამოვნო... ამერიკას სურს მისი სცენარით, მშვიდად, სახიფათო ექსცესების გარეშე დაიშალოს ბოლო იმპერია... ამ სცენარში კი დისონანსად გაისმა საქართველოდან თქმული სიმართლე“ („ქართველი ერი“, 9 აპრილი, 1991).GK

    მარინა ლორთქიფანიძე: „რუსებთან ურთიერთობა ფაქტიურად უკვე აღარ შეიძლება. მგონი ავადმყოფი ხალხია, გადაულახავი, მოურჩენელი კომპლექსებით. ერთი-ორი წლის წინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი მე-20 საუკუნის ჭირია... რამდენიმე ხნის წინ ამ ჩემს აზრს რევიზია გავუკეთე: რუსეთი მე-20 საუკუნის ჭირი კი არა, მთელი უახლესი ისტორიის ჭირია, ხოლო მისი ისტორიული მისია, საერთოდ თუ გააჩნია ასეთი, გამოიხატება იმაში, რომ იყოს მსოფლიოს ჭირი, ანუ მსოფლიოს ბევრ ჭირთაგანი... გინდა გლეხი, გინდა მაწანწალა, გინდა ფიზიკოსი, ინტელექტუალი, მსახიობი, მასიურად, გლობალურად ყველა ჭირიანია, სხვადასხვა ზომით, რასაკვირველია“ („ქართველი ერი“, 9 აპრილი, 1991).GK

    თეიმურაზ ფანჯიკიძე: „კრიშნას ქართველ თაყვანისმცემლებსაც შრი პრაბჰუპადას მსგავსად მიაჩნიათ, რომ აქვთ მცდარი ქართული „მე“. აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენი ეროვნული წუხილი არ არსებობს... რასაკვირველია, ნ. კენჭოშვილს უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს შრი პრაბჰუპადას მოსაზრებათა ჭეშმარიტებაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ, მე ხომ შევეცადე მხოლოდ ის გადმომეცა, რასაც ინდოელი თეოსოფი უმტკიცებდა ქრისტიან იერარქებს?... „ცხოვრობდა თუ არა იესო ქრისტე ინდოეთში?“ ამ სათაურის ნ. კენჭოშვილის მიერ სენსაციურად გამოცხადება მაფიქრებინებს, რომ მას ცუდი წარმოდგენა აქვს არამარტო კრიშნაიტების შეხედულებებზე მაცხოვრის შესახებ, არამედ იესო ქრისტეს ქაშმირული ლეგენდების შესახებაც. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ იყოს, მაგრამ მინდა ნ. კენჭოშვილს შევახსენო, რომ ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში თანდათან მატულობს ინდოეთის ხსენება, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქრისტოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები. ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა თვით „ინდურ ქრისტოლოგიაშიც“... განა ვინმე წინააღმდეგი არის იმისა, რომ „ინდური ფენომენი“ წესიერად შემოვიდეს ჩვენს კულტურაში? რომ ითარგმნოს და გავრცელდეს აღმოსავლურ რელიგიათა წიგნები; რომ შეიქმნას სწორი ტერმინოლოგია და არ ვისარგებლოთ რუსული კალკებით? ათობით, ასობით თუ ათასობით აღმოსავლური რელიგიური, თუ საერთო ლიტერატურული ძეგლი ელის ქართულ ენაზე ამეტყველებას და კომენტირებას“ („7 დღე“. 24 მაისი, 1991).TK

    გიორგი ჭანტურია (ღია წერილი დეპუტატ არჩილ მინდიაშვილს): „სხვანაირად ვერ მოგმართავთ ბატონო არჩილ, რამეთუ თქვენს ქცევას არაფერი აქვს საერთო მღვდლობასთან... გულით არ მსურდა შემოსილ კაცზე მსგავსი წერილის დაწერა, მაგრამ 11 მაისს თქვენმა სატელევიზიო გამოსვლამ დამარწმუნა, რომ თქვენი მხილება აუცილებელი იყო... არ მოგვწონდა, მაგრამ ვითმენდით, როდესაც თქვენ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას უშვერი სიტყვებით ლანძღავდით ეროვნულ კონგრესს, ოპოზიციის ხელში ეროვნულ დროშას ჩვარად წარმოსახავდით და მრევლს ოპოზიციის მიტინგებზე სიარულს უკრძალავდით... 11 მაისს გადაცემაში თქვენ მრავალი მომაკვდინებელი ცოდვა ჩამოთვალეთ და ბოროტების ერთ-ერთ წყაროდ ოპოზიცია დაასახელეთ... მღვდელი (?!) ხართ, მაგრამ მაინც შეგბედავთ − ღმერთის არ გწამთ? სამსჯავროსი არ გეშინიათ?.. აკაკი ასათიანი ზვიად გამსახურდიას რომ წმინდა გიორგის უწოდებს, რატომ არ იღებთ „მეუფეთა მამხილებელო“ ხმას?.. მე პოლიტიკოსმა, არ უნდა შევახსენო კაცს, რომელსაც ღვთისმსახურებაზე აქვს პრეტენზია, რომ მთავრობები მოდიან და მიდიან, ხოლო სიმართლე სიმართლედ რჩება“ („საქართველო“, 25 მაისი, 1991).GK

    „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქცია: „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქციაში დ. ზუმბაძემ წარმოადგინა ვრცელი ნაწარმოები „მოწამეობა და აზროვნება“. უწინარეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ზოგადი სათაური სავსებით არ შეესაბამება ტექსტს, სადაც საუბარია უმთავრესად პლოტინოსის ფილოსოფიაზე... უპირველესი კურიოზი ამ ნაწარმოებისა სათაურია თავად... ესოდენ პრეტენზიული სათაურით შენიღბულ ამ ქმნილებაში უხვად ვპოვეთ ქრისტიანობისთვის, განსაკუთრებით მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი ერეტიკულ-მკრეხელური, ღვთისმგმობლური აზრები და გამოთქმები... ქრისტიანული პლატონიზმი სავსებით კანონზომიერი მოვლენაა პირველი ქრისტიანული საუკუნეების ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ეკლესიის მამები პლატონს ქრისტეს ადგილზე აყენებდნენ, ან ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს ამცირებდნენ მისი მოძღვრების წინაშე, როგორც ამას სჩადიოდნენ მაგ. წარმართი ნეოპლატონიკოსები: პლოტინოსი, პორფირიუსი, იამბლიხოსი, იულიანე განდგომილი და სხვანი, რომელთან მიზნად ჰქონდათ დასახული პლატონის ფილოსოფიით ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ და საბოლოოდ წარმართობის რესტავრაცია პლატონიზმის აღორძინების გზით... პლოტინოსი და პროკლოსი დიდი მოაზროვნეები იყვნენ, მაგრამ მათი ნააზრევი ქრისტიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომაც იოანე პეტრიწმა ქრისტიანულად გადაამუშავა პროკლე და მისი მოძღვრება ქრისტიანობის სულით განმსჭვალა. პეტრიწი როდი გაწარმართდა, არამედ წარმართი პროკლე ქრისტიანულად გადაამუშავა და თუ იგი პლოტინოსს „დიდ პლოტინოსს“ უწოდებს, იგი გულისხმობს მის ფილოსოფიურ გენიას და არა მის სიჯიუტეს წარმართობაში. ეკლესიის მამა დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი), რომელიც უხვად იყენებდა ნეოპლატონურ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას თავის ტრაქტატებში, მსოფლმხედველობით წმინდა ქრისტიანი იყო და არა წარმართი ნეოპლატონისტი, როგორც ზოგიერთს ესახება. მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო აგრეთვე იოანე პეტრიწი და ყველა დიდი ქართველი მოაზროვნე... ქართული ფილოსოფიური აზროვნება პლოტინოსის კი არა, ქრისტეს და ქრისტიანობის, კერძოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მსოფლმხედველობრივი მიმდევრობაა... დ. ზუმბაძის ავადმყოფური დამოკიდებულება პლოტინოსისადმი გამოვლინდა აგრეთვე მის წერილში თამარ მეფის შესახებ, რომელიც მან გამოაქვეყნა კრებულ „ზეკარში“ (მერანი, 1979 წ), სადაც ამტკიცებდა, თითქოს თამარ მეფე ქრისტიანი კი არა, პლოტინისტი იყო... ფარულ კარიერიზმს მუდად ჭეშმარიტების გაყალბებამდე მივყავართ... წარმართ ნეოპლატონისტებს მუდამ ახასიათებდათ ფარული კარიერიზმი, ოფიციალურ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიასთან შემგუებლობა და ოპორტუნიზმი... ვულგარულ ათეისტურ ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით არაკომპეტენტურ და ანტიმეცნიერულ მტკიცებებს, თითქოს სახარებები მეორე, მესამე საუკუნეში „შეაკოწიწეს“ ვიღაც თაღლითებმა და მოატყუეს კაცობრიობა, თითქოს ისინი პირველ საუკუნეში არ დაიწერენ. ეს ყალბი მოსაზრებანი სავსებით გააბათილა მეოცე საუკუნის ისტორიულმა და არქეოლოგიურმა მეცნიერებამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა ეგვიპტური პაპირუსი მეორე საუკუნის დასაწყისისა იოანეს სახარების ტექსტის ფრაგმენტითურთ. დ. ზუმბაძე კი ზემოხსენებულ ათეისტურ ვულგარიზატორებზე უფრო შორს მიდის: მან სახარებები მესამე საუკუნის დასასრულის ქმნილებებად წარმოგვიდგინა... უფრო მეტიც, იგი „გვიცხადებს“, იოანეს სახარება ყველაზე უფრო გვიან შეიქმნა და „სპეციალისტები“ მასში პლოტინის გავლენას პოულობენო... პლოტინოსის აზროვნებას, მართალია, არ აკლია ამაღლებულობა და პოეტური მომხიბვლელობა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია მისი ამპარტავნული და კაცთმძულვარე ხასიათი. ყოველივე ამსოფლიურის უარყოფამ პლოტინოსი არა მარტო საკუთარი სხეულისადმი სიძულვილამდე, არამედ კაცთმძულვარებამდეც მიიყვანა. მისთვის უცხო იყო ეკლესიის მამათა სიყვარული კაცობრიობისადმი. ალბათ, ამიტომ იყო პლოტინოსი ჰიტლერისა და მისი ხსოვნის უსაყვარლესი ფილოსოფოსი... დ. ზუმბაძე იქამდეც მიდის, რომ იგი მაცხოვრის „შეცდომად“ თვლის იუდას მოციქულთა წრეში შეყვანას და იმას, რომ მაცხოვარმა მას „მოციქულთა დონეზე გადაუხსნა სიღრმენი ღვთაებრივისა დაფარულისა“... თურმე მამა-ღმერთისა და ძე-ღმერთის ტოლობა გამოცხადებისმიერი საღვთისმეტყველო ჭეშმარიტება კი არ ყოფილა, არამედ „პრეტენზია“ ქრისტესი!... თავად ავტორი ხშირად აღიარებს თავის ანტიქრისტიანობას. დ. ზუმბაძის მთელი ნაშრომის მიზანია, დაამტკიცოს, რომ პლოტინოსმა და წარმართულმა ნეოპლატონიზმმა ღმერთის უფრო მაღალი ფილოსოფიური გაგება მოგვცა, ვიდრე ქრისტიანობამ... მკრეხელობის კულმინაციაა მაგ. ასეთი წინადადება: „მამა ღმერთისა და ქრისტეს დემონიურ წყვილში იგულისხმება რა ისეთი მამა − ღმერთული ერთი, რომლის ნეკნებშიაც დედა-ღმერთია შეფარული. ქრისტეშიაც იგულისხმება მამაკაცის სხეულში მოვლინებული ანდროგინული სრულყოფილება. ასე რომ, ქრისტეშიაც არის შეფარული დედა-ღმერთი“... დ. ზუმბაძეს ქრისტიანობის რევიზია სურს, მისი თავისებურად გარდაქმნა, ამიტომაც მან უწინარეს ყოვლისა, სამების დოგმას „დაუმიზნა“, რომელიც არის ქვაკუთხედი ქრისტიანული მოძღვრებისა და მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ერთად მასში მეორე ჰიპოსტასი ანუ დედა-ღმერთი „შეაპარა“, რითაც მოგვცა სამების მაგიერ „ოთხება“ და მოგვევლინა ეკლესიის ახალ „დედად“, ეკლესიის მამათა მოძღვრების „გამაბათილებლად“ („ლიტ. საქ“. 30 აგვისტო, 1991).TK

    დავით არაბიძე: „ღრმად მოხუცმა გერმანიის პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა იძულებით, 1933 წლის 30 იანვარს, სხვადასხვა ძალების დაწოლის ქვეშ, რაიხსკანცლერად დანიშნა ჰიტლერი. როგორც ვხედავთ ჰიტლერი არავითარი არჩევნებით არსად არ აურჩევიათ, მითუმეტეს იგი არასოდეს არ ყოფილა არჩეული პრეზიდენტად“ („ქართველი ერი“, სექტემბერი, 1991).GK

    ზვიად გამსახურდია: „დღეს ყველა ქართველი კულტურული და იდეური თვალსაზრისით მონარქისტი უნდა იყოს. თქვენ, ამ იდეის მატარებლებმა, უნდა უჩვენოთ ახალგაზრდობას, თუ რა გვქონდა მონარქიის დროს და რა მოგვიტანა ბოლშევიზმმა... საქართველოს მომზადება სჭირდება... საჭიროა რელიგიური აღორძინებისთვის ბრძოლაც... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეკლესია, იგი დღესაც შებოჭილია“ („ქართველი ერი“, სექტემბერი, 1991).GK

    შალვა ჩხოტუა: „მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ყოველივე ამას მიელტვის კონსტიტუციური და პარლამენტური გზებით. მართალია, დასავლეთის პრესა დღეისთვის საკმაოდ ნეგატიურ ცნობებს ავრცელებს ჩვენ სამშობლოზე, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი საქართველო დამოუკიდებელი გახდება, ეს ვითარება რადიკალურად შეიცვლება“ („ქართველი ერი“, 3 ოქტომბერი, 1991).GK

    „იუგოსლავია აღარ არსებობს თავისი უწინდელი სახით. ჩვენ თვალწინ ხდება მისი ფაქტობრივი დაშლა“, − განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როლან დიუმამ, ქვეყნის ეროვნულ კრებაში გამოსვლისას. მინისტრის აზრით, „ევროპის გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ ერთად იმაში, რაც ეხება იუგოსლავიაში შექმნილი მდგომარეობის იურიდიულ შედეგებს და ამასთან იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით“ (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ გორბაჩოვს, რუსეთის საბჭოთა სოცილისტური ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს, სსრ კავშირის სახელმწიფო საბჭოს, რსფსრ უზენაეს საბჭოს: „თქვენი ყურადღება გვსურს მივაპყროთ ამ ბოლო დროს გახშირებულ იმ დესტრუქციულ ხშირ შემთხვევაში ძალადურ გამოხდომებზე, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და ფაქტობრივად მიზნად ისახავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ხელის შეშლას, რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სეპარატისტული და ექსტრემისტული ძალების უჩვეულო გააქტიურება. მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის აწიოკება, რასაც შეიარაღებული ბანდები სჩადიან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილების წაყრუებით ან მათი აშკარა მხარდაჭერითა და მონაწილეობით... ამას წინათ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია საოლქო აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე დააყენა არა მარტო ისტორიულ, არამედ ყოველგვარ კონსტიტუციურ და იურიდიულ საფუძველს მოკლებული წინადადება − რსფსრ-ს შემადგენლობაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანების შესახებ... განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სეპარატისტული ძალების დემარშებს თან ახლავს ტერორი და ძალადობა, რომელსაც რეგიონის ქართველი მოსახლეობის მიმართ ახორციელებენ ოსი ექსტრემისტები და სსრ კავშირის შინაგანი ჯარები... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მტკიცე პროტესტს აცხადებს აღნიშნული ტერორისტული აქციების წინააღმდეგ და იმედს გამოთქვამს, რომ სწორად შეაფასებთ შექმნილ ვითარებას, განახორციელებთ საჭირო ღონისძიებებს. პირველ რიგში კი − რეგიონიდან გაიყვანთ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებს, რომელთა ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოა და რომლებიც სისტემატურ ძალადობასა და ტერორს ეწევიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“. − საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    თურქეთის ავიაციამ ქურთების წინააღმდეგ ერაყის ტერიტორიაზე 16 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მინისტრმა დოგუმ აღნიშნა, რომ ქურთი სეპარატისტები სრულ კონტროლში არიანო. თურქეთის პრეზიდენტმა თურგუთ ოზალიმ რამდენიმე დღის წინ საინსპექციო მოგზაურობა ჩაატარა ერაყის საზღვრისპირა რაიონებში. მან თქვა, რომ ქურთთა საკითხი დემოკრატიული ფორმებით უნდა გადაიჭრასო (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    ბულგარეთში პარლამენტის ახალი არჩევნებია. ბრძოლა ახლაც სოციალისტებსა (ყოფილ კომუნისტებსა) და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. შარშან ჩატარებულ ანალოგიურ არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც პარლამენტის ადგილების 90 პროცენტი დაიკავეს (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    სტრასბურგში ევროპარლამენტმა უარყო სლოვაკეთისა და ხორვატიის თხოვნა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ. საქმე ფაქტიურად ევროპული სოციალისტური პარტიების წარმომადგენლებმა ჩაშალეს. იუწყებიან, რომ საკითხი ხმების უმცირესობამ გადაწყვიტა (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    გიორგი გაბაშვილი: „ლაპარაკია მასონურ მოძრაობაზე... მომავალში უპრიანი იქნება ეს თემა განეკუთვნოს ოდენ თეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივ სფეროს და სამეცნიერო გამოცემებსა და აუდიტორიებში იქნეს გადატანილი... მასონური მოძრაობა, როგორც ანტიეროვნული მოვლენა, მსოფლიოს ყველა ერის წინააღმდეგ თანაბრად არის მიმართული და არასგზით არ შეიძლება ამ თვალსაზრისით რომელიმე ერს ბრალი დაედოს სხვა ერების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში... ჯერ კიდევ II საუკუნეში წმ. ირინეოს ლიონელი წერდა: „სხვაგან არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა, ვითარცა განძთსაცავში, ისე დააუნჯეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც კი ჭეშმარიტებას შეეხება... სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია“... ღვთისმბრძოლთა ელიტას, რომელიც ანტიქრისტეს ლაშქრის ავანგარდს შეადგენს, მის მიერვე სულიერად და გონებრივად კასტრირებული ადამიანების აპოსტასირებული უღმერთო მასები უკან ბრმად მიჰყვებიან. ეს ის ელიტა გახლავთ, ვისი წაქეზებითაც სიძულვილით გონებადაბინდულმა ბრბომ ორი ათასი წლის წინ იხუვლა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!..“ ამ ელიტის სახელია მსოფლიო იუდეა-მასონობა, რომელმაც არ სცნო და ჯვარს აცვა ჭეშმარიტი მესია იესო ქრისტე, ხოლო „მხსნელად“ ანტიქრისტეს სასოებს... მასონები თავიანთ ერთობას „თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას“ უწოდებენ... „თავისუფალ ქვისმთლელთა ორდენი − ამბობს მასონობის სპეციალისტი ტ. სოკოლოვსკაია − არის მსოფლიო საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც მიზნად დაუსახავს კაცობრიობას წარუძღვეს მიწიერი ედემის, ოქროს საუკუნის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების სამეფოს, ასტრეის მეუფების მისაღწევად“... ვგონებ ნათელია, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები, რომელთაც დღეს თითქმის მთლიანად ლოჟები აკონტროლებენ, თუ რატომ ესხმიან თავს ესოდენი სიძულვილით ნაციონალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას მსოფლიოში (ამის მაგალითად საქართველოს ეროვნული, ქრისტიანული ხელისუფლებისადმი რადიო „თავისუფლების“ დამოკიდებულებაც კმარა)... მასონურ რიტუალებსა და სიმბოლოებს ებრაული წარმომავლობა აქვს; მასონური ლეგენდებიც ებრაული წარმოშობისაა... ეშმაკის თაყვანისმცემლობა მასონური ელიტის, როგორც თვითონ უწოდებენ თავს − ეზოთერისტების, წილ-ხვედრია; დაბალი რანგის მასონები, ვითარცა პლებეები, უმაღლეს სატანურ „ჭეშმარიტებებამდე“ არ დაიშვებიან; „ჩვენ მასონები − ამბობს ლოჟა „ლესინგის“ ალტმეისტერი ბროკლინი − ლუციფერის მოდგმას მივეკუთვნებით“... მსოფლიო მასონური ორგანიზაციის სტრუქტურა მეტად რთულია... მასონურ იერარქიულ კიბეზე 33 საფეხური არსებობს და 33-ე საფეხურის მასონები უმაღლეს ადეპტებად ითვლებიან; მაგრამ ზოგიერთი ღრმა მკვლევარი მასონობისა თვლის, რომ აღნიშნული იერარქია განეკუთვნება ეგზოთერულ მასონობას, ხოლო რეალურად მასონობას წარმართავს ღრმად კონსპირირებული ებრაული ელიტა... ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდად მნიშვნელოვანია ქრისტიანობისადმი მასონობის დამოკიდებულების ცოდნა, ვინაიდან ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ახალი ეროვნული ხელისუფლება მომავალში ქრისტიანული საქართველოს აღდგენას აპირებს... რუსეთის იმპერიაში დატრიალდა კაცობრიობის ისტორიაში თავისი მასშტაბებით ჯერარყოფილი სისხლიანი სასაკლაო; მსგავსი ბედი ეწია 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკასაც, რომელმაც მასონობის ერთ-ერთი მიმართულება (სოციალ-დემოკრატია) ანაცვლა წმიდა მართლმადიდებლობას და, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მოსწრებული შედარებისამებრ, ავაზაკი ბარაბას გზით სვლა ამჯობინა ქრისტეს გზას, − თუ რა სავალალო შედეგი გამოიღო ამან, ყველას მოეხსენება... საქართველოს, ქართველი ერის მისია მდგომარეობს იმაში, რომ ესქატოლოგიურ დროში ქრისტიანობა უქადაგოს განდგომილ მსოფლიოს, ნიღაბი ჩამოჰგლიჯოს მსოფლიო შეთქმულებას და როცა ჩამორეკს ზარი კაცობრიობის უდიდესი განსაცდელისა, − ანტიქრისტეს მხილებისათვის, თუ უფალი ინებებს, მოწამებრივი გვირგვინიც დაიდგას... ინტეგრაციულ პროცესს ხელაღებით დადებითი შეფასება აღარ უნდა ეწეროს“ (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    აღმოსავლეთ ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში სასტიკი ბრძოლებია. აქ დღემდე ბლოკირებულია ფედერალური არმიის ყაზარმები. ზაგრებიდან არც თუ ისე შორს მდებარე ქალაქში სამ დღეს ჩადიოდა ევროპული თანამეგობრობის ქვეყნების 30 მანქანისაგან შემდგარი კოლონა, რომელმაც ჩაიტანა მედიკამენტები და უკან წამოიყვანა დაჭრილი მეომრები (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    ავღანელმა მოჯახედებმა კვლავ დაბომბეს ქაბული. დაიღუპა ათი ადამიანი. სასტიკი ბრძოლებია გარდეზის მიდამოებშიც (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოთა კავშირიდან გასვლა, სრულიადაც არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის დაშლასო. მათ შორის ეკონომიკური და სამხედრო კავშირები კვლავ დარჩებაო. ყოფილი მინისტრის აზრით, კავშირის კონტროლს დაუქვემდებარებელი დაშლა მსოფლიო კატასტროფას გამოიწვევს (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაგლას ჰერდი ბლეკპულში შეხვდა თავის ხორვატ კოლეგას ზვონიმერ შაფაროვიჩს. ჰერდმა აღნიშნა, რომ ხორვატიის დამოუკიდებლობას ბრიტანეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ზაგრები ეროვნული უმცირესობების ინტერესებს არ შელახავსო (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    რობერტ ანდღულაძე (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა მწვავე კრიზისულ მდგომარეობაშია. კრიზისი სოციალიზმის საწარმოო ურთიერთობათა წიაღში დაიწყო, საკმაოდ მომწიფდა და, სამწუხაროდ, თანმიმდევრული და მიზანდასახული ეკონომიკური პოლიტიკის გაუტარებლობის გამო, ყოველდღიურად ღრმავდება, თითქმის მთლიანად მოშლილია სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები... სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მცირდება კაპიტალდაბანდებათა ოდენობა და საინვესტიციო პოლიტიკა თვითდინებაზეა მიშვებული, არ არის საწარმო თუ გლეხური მეურნეობა, რომელიც ფინანსურ თუ მატერიალურ სიძნელეებს არ განიცდიდეს; საწვავის, საპოხი მასალების და სათადარიგო ნაწილების უკმარისობისა და ხშირად უქონლობის გამო გაჩერებულია ძვირადღირებული ტექნიკა, სოფლად ღრმავდება სოციალური და კრიმინოგენული სიტუაცია. არის სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. საერთო მდგომარეობა იწვევს წარმოების დონის კატასტროფულ დაქვეითებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით სამომხმარებლო ბაზრის გაღატაკებას, დისპროპორციას ამ პროდუქტების მოწოდებასა და მოთხოვნას შორის“ (საქ. რესპ“. 15 ოქტომბერი, 1991).TK

    კონსტანტინე გამსახურდია – სუკის მეთვალყურეობის ქვეშ იყო 1921 წლის 25 თებერვლიდან გარდაცვალებამდე (“ლიტ.საქ.”  1 ნოემბერი, 1991).GK

    ზვიად გამსახურდია – სუკის დამუშავების ობიექტი იყო 1956 წლის 9 მარტიდან 1989 წლის 9 აპრილამდე (“ლიტ.საქ.”  1 ნოემბერი, 1991).GK

    მერაბ კოსტავა – სუკის დამუშავების ობიექტი იყო 1959 წლის 9 მარტიდან, შემდეგ კი მისი საქმე ზვიად გამსახურდიას საქმესთან გააერთიანეს (“ლიტ.საქ.”  1 ნოემბერი, 1991).GK

    ზვიად გამსახურდია: „დღეს ყველა ქართველი კულტურული და იდეური თვალსაზრისით მონარქისტი უნდა იყოს. თქვენ, ამ იდეის მატარებლებმა, უნდა უჩვენოთ ახალგაზრდობას, თუ რა გვქონდა მონარქიის დროს და რა მოგვიტანა ბოლშევიზმმა... მონარქისტული მოძრაობა საქართველოში ეს არის რელიგიური მოძრაობა, თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლები“ („ქართველი ერი“, 1 ნოემბერი, 1991).GK

    მერაბ სულაქველიძე: „ედუარდ შევარდნაძის უშუალო „მოღვაწეობის“ ჟამს, თავს დალხინებულად , ეკლესიაში სანთლის დამთები ქრისტიანიც ვერ გრძნობდნენ... აქტიური მორწმუნენი, მათ შორის დიაკვნები კი წუთისოფელს განსაკუთრებული საიდუმლოებით მოცულ პირობებში ტოვებდნენ... ცოცხალი რწმენა − მებრძოლი ეკლესიის სულისკვეთება გლობალური მასშტაბით იდევნებოდა... წმინდა სწავლების მასობრივი სახით გავრცელება გადავწყვიტეთ. წითელი დიქტატურის პირობებში საწადელს ვერ ვაღწევდი. ამიტომ გადავწყვიტე არამართლმადიდებელ დასავლეთში გავმგზავრებულიყავი. რეიგანის ადრეული საპრეზიდენტო მოღვაწეობის ჟამს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ზემოთაღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საკმაოდ კარგად ესმოდათ... ცდილობდნენ დამხმარებოდნენ, მაგრამ მოსკოვის სუკს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია... საწადელს, რამდენიმე წლის შემდეგ „ლაზარეს აღდგინების“ საქართველოში გამოცემით მივაღწიე... მის ბეჭდვა-გავრცელებას სუკის გარდა გარკვეულწილად კომპარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ერთი სასულიერო მოვალეობის მქონე პირიც ეწინააღმდეგებოდა... მის მიერ ასეთი გაფრთხილებაც მივიღე: „ჟურნალში პოლიტიკას ნუ შეეხებით“... რამდენიმე ეკლესიაში შევიტანეთ. გამონაკლისს სიონისა და წმ. სამების ეკლესიები წარმოადგენს... რაც შეეხება ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიას, სადაც ყველაზე მეტი მოუმზადებელი ქრისტიანი შედის სალოცავად, ჟურნალის გავრცელება სრულიად უსასყიდლოდ ითავეს. გავიდა თვენახევარი... ამ ეკლესიაში შევარდნაძის დროს დანიშნულმა ერთმა ახალგაზრდა სასულიერო მოვალეობის მქონე პირმა სრულიად უკანონოდ აუკრძალა სამეურნეო განყოფილების მუშაკებს ტაძარში „ლაზარეს აღდგინების“ შეტანა... „ნუ ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა!“ მოგვიწოდებს პავლე მოციქული (ეფეს − 5, II)... „ძმობა ლაზარეს აღდგინების“ რეზიდენციაში ყოველ პარასკევს დღის 3 საათზე ქველმოქმედების მიზნით ვაწყობთ ექსერსისის საათს, რომლის დროსაც მორწმუნეთა მიერ იკითხება ჯანმრთელობის პარაკლისი, მცირე ხნის შესვენების შემდგომ კი ექსერსისის ლოცვა − იოანე ოქროპირის ლოცვა და შერისხვა სულთაგან არაწმიდათა კვეთებულსა და ყოველსა სნეულებასა ზედა, რომელსაც ღვთის კურთხევით თავად აღვასრულებ. საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე სხვა დღეს ინდივიდუალური წესით იკითხება ბასილი დიდის, წმიდა ტრიფონისა და წმიდა კვიპრიანეს იმავე შინაარსის მქონე ექსერსისის ლოცვები, აგრეთვე ლოცვა მტერთა შერიგებისა დალოცვა უძლურებაში მყოფთათვის, ლოცვა ღელვა გვემულსა ზედა და ლოცვა უძილობისათვის“ („ლიტ. საქ.“ 15 ნოემბერი, 1991).GK

    გურამ გეგეშიძე (სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი): „ერი ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი... მე მგონი ქართველი ერის ჩამოყალიბება დაიწყო ქრისტიანობის მიღების მერე... XX საუკუნის დასაწყისში მთელი საქართველოს გასოციალდემოკრატება იყო მცდარი გეზის აღება, რომელმაც მიგვიყვანა ილია ჭავჭავაძის და მისი სახით ქართული საქმის მკვლელობამდე. ასეთი შეცდომები ხშირად გამოუსწორებელია... დღევანდელ ქართველს ჭეშმარიტი თავმოყვარეობისა და ღირსების გრძნობა ძლიერ დაქვეითებული აქვს, სამაგიეროდ ყოყოჩობა და უკუდო ამპარტავნობა ძლიერ განვითარებული... დღეს ქართველი ერის ინტერესებს არავინ არ გამოხატავს, ყველა ძალა თუ პიროვნება, რომელიც დღეს ჩვენში მოქმედებს, დგას ერთი რომელიღაც გარკვეული ჯგუფის პოზიციაზე და არა მთლიანი ქართველი ერისა... ლიტერატურას ერთეულები ქმნიან, საერთოდ, ამ ქვეყნად ყოველგვარ ღირებულებას ქმნიან ერთეულები... როდესაც ამბობენ – ხალხი ბრძენიაო, აქ უნდა ვიცოდეთ, რომ იგულისხმება ხალხი, როგორც მარადიული კატეგორია, ცალკეულ პიროვნებათა გამოცდილების დამგროვებელი და დამმახსოვრებელი ისტორიული დროის მანძილზე და არა რაღაც კონკრეტული ჯგუფი ადამიანებისა კონკრეტულ დროში... ცალკეული პიროვნება ხშირად გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი თანადროული საზოგადოება... ჩვენი ლიტერატურის მიხედვით, ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ თუ მასამ არ გაითავისა მის საუკეთესო წარმომადგენელთა მონაპოვარი, ეს მიღწევები მკვდარ, გამოუყენებელ განძად დარჩება. ჩემის აზრით, დღეს სწორედ ასეთი ვითარებაა საქართველოში... ზოგს ჰგონია, თუ კომუნისტური ლოზუნგები ეროვნული ლოზუნგებით შეიცვალა, ქვეყანა გარდაიქმნა...ყველაფერი ხელუხლებლად დარჩა... დღევანდელი ხელისუფლება გრანდიოზული რეპრესიების ჩატარებას ვეღარ ბედავს, თუმცა ამის სურვილს ამჟღავნებს... აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის თაობას დაუპირისპირდა ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის ახალი თაობა... ჩვენი დღევანდელობა სავალალოა. საზოგადოება დაშლილია, დანაწევრებული, გათიშული... მარტო ენა ვერ გაგვაერთიანებს, თუ ჩვენი ცნობიერება არ იქნა ერთიანი. ამჟამად არავითარი სულიერი ერთიანობა ქართველებში არ შეიმჩნევა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, კოსმიური კანონზომიერებანი ზემოქმედებას ახდენენ ადამიანთა ცხოვრებაზე, საზოგადოებრივ პროცესებზე... ჩვენ რომ დღეს ხელისუფლება არ გვივარგა და თვითონაც უღირსნი ვართ, ამაში მეტაფიზიკურ მიზეზებს ვხედავ“ („მამული“. N 20, ნოემბერი, 1991).TK

    ზურაბ კიკნაძე (ფილოლოგი, მთარგმნელი): „თუ ერს ერთად ყოფნა სურს, სანამდეც სურს, მანამდე ის უთუოდ შეინარჩუნებს თავის იდენტურობას. ეს მის ხელთ არის. მის ნებაზეა დამოკიდებული... ერი არ არის მხოლოდ, როგორც დღეს ბევრს წარმოუდგენია და ცდილობს მთელი ქვეყანა დააჯეროს, ბიოლოგიური ერთობა, საერთო რაღაც „გენიდან“ ამომავალი, არამედ, პირველ ყოვლისა, სულიერ-კულტურული ერთობა... დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი იბადება ადამის ძედ. პირველ ყოვლისა, რომელშიც მოცემულია ყველა ერის პოტენცია... სისხლში არის ადამიანის სიცოცხლე, სამშვინველი, მაგრამ სისხლში არ არის სული, სისხლი არ ინახავს სულიერ და კულტურულ ტრადიციებს... თუ ერში ჭეშმარიტება არ არის, არც ღირს მისი ერთად ყოფნა. ერად ყოფნას მხოლოდ ჭეშმარიტება თუ გაამართლებს... თუ ერში არ გაჯდა მის ძვლებამდეც კი, თუ ბიბლიურ გამოთქმას მოვიხმობთ, ჭეშმარიტება, ერს ვერა ძალა ვერ იხსნის, თუნდაც ის ღვთისმშობლის წილხვედრილი იყოს. მას ვერც წმიდა სამება ვერ იხსნის, ვერც ქრისტე, რადგან ერების არსებობას არა აქვს რელიგიური საფუძველი, ის საერო მოვლენაა, რომელიც ელის სანქტიფიკაციას... ქრისტიანობა განუზომლად უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ეროვნება. ქრისტიანი ერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერი, ეთნიური ერთობა, ერთ „გენზე“ აღმოცენებული. ხალხი ინარჩუნებს თავის ბუნებას, თავისებურებას, განუმეორებლობას და ეს ყოველივე მაღალ საფეხურზე აჰყავს; ეროვნული ეგოიზმი, ამპარტავნობა ლღვება... ბარათაშვილმა აბსოლუტური სიახლე შემოიტანა ქვეყნის სულიერ ატმოსფეროში, მას წინამორბედი არ ჰყოლია. მან გურამიშვილის არსებობაც არ იცოდა. ეს ერთი პარადოქსია ჩვენს სულიერ კულტურაში... ჩანს, რუსეთის მონარქიაშიც კი ყოფილა დემოკრატიული ტრადიციები, რაც საბოლოოდ ჩაკვდა სოციალისტურ სახელმწიფოში... ბოლშევიზმი არ დამთავრებულა, ის გრძელდება ახალ შესამოსელში. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლშევიზმის ატმოსფეროში ვცხოვრობთ. ამის ნათელი დასტურია 87 პროცენტის ასეთი დაჟინებული, აგრესიული მოშველიება ხელისუფლების კანონიერებისა და შეუცვლელობის არგუმენტად... დღეს საქართველოში არსებულ ხელისუფლებაზე ლაპარაკობენ როგორც ნაციონალ-ბოლშევიზმზე, როგორც ფაშიზმზე. შეიძლება ეს არ იყოს სავსებით სწორი, მაგრამ ზოგიერთი ელემენტი ფაშიზმისა უეჭველად ჩანს, თუნდაც ანტისემიტიზმის სახით... ვინმე გ. გაბაშვილმა, შეიძლება განაცხადოს, რომ იგი შორს არის ანტისემიტიზმისგან, მაგრამ სხვანაირად როგორ შევაფასოთ ასეთი ფრაზები: „ავანგარდი ანტიქრისტეს ლაშქრისა არის მსოფლიო იუდეველობა“, „პირველი, სწორედ მსოფლიო იუდეველობა აღიარებს და თაყვანს სცემს ანტიქრისტეს, ვითარცა ღმერთს“… სამართლიანობის დამამკვიდრებელი სტუდენტობა არ უყვარს ჩვენს ხელისუფლებას“ („მამული“. N 20, ნოემბერი, 1991).TK

    ფელიქს კოჟიაშვილი: „არსებობს გადმოცემა, რომ ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება (პირველი მასონური ლოჟა), სადაც შემუშავებულ იქნა მათი მესია ანტიქრისტესთვის მსოფლიოს განმზადების ინტელექტუალური გეგმა, რომლის განხორციელებაზეც საუკუნეების განმავლობაში თაობები მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიოს ინტეგრირებისა და მასზე მასონური ძალების დაუფლების გეგმა. ეს შეთქმულება მისტიკურად გამოიხატება გველის სახით, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოს შემოკრძალვა დაიწყო“... მსგავსი „აღმოჩენები“ ხშირად ქვეყნდება ავადსახსენებელ „პამიატის“ გამოცემებში, ცნობილ რუსულ შოვინისტურ-ფაშისტურ ჟურნალებში „ნაშ სოვრემენნიკსა“ და „მოლოდაია გვარდიაში“... „პამიატმა“ თავისი ანტისემიტური მოღვაწეობა გააჩაღა და ოპერატიულად „ამოთითხნა“ „სიონელ ბრძენთა ოქმები“... საერთოდ, უნდა ითქვას, ხშირად ასეა: როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში, საზოგადოებაში იწყება კრიზისი, რღვევა, ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები შიგნით, საკუთარ თავში, სისტემაში, ხელისუფლებაში, ცხოვრების წესში ეძიონ, საზოგადოების გარკვეული ძალები, ოფიციოზის აშკარა წაქეზებით, ან ჩუმი თანხმობით მიზეზებს „გარეთ“, სხვებში, „ბნელ ძალებში“ – „მასონებში“, ებრაელებ-სიონისტებში, კოსმოპოლიტებში, „აღმოაჩენენ“ ხოლმე... თეოლოგიაში ჩახედულ გ.გაბაშვილს ვითომ მართლა არ ესმის, რომ „ქრისტეს მკვლელმა ებრაელებმა“, ქრისტიანობის არსიდან თუ ამოვალთ, იესოს ჯვარცმით განგების ნება შეასრულეს, რათა ამ ჯვარცმით, იესოს კაცობრიობის ცოდვა გამოესყიდა? რათა ქრისტიანობას ეზეიმა? და საერთოდ, ამ „მკვლელობის“ გარეშე რა იქნებოდა ქრისტიანობა?!... ებრაელი გაჰყვიროდა: „ჯვარს აცუ ეგე“, მაგრამ ყველა ხალხსა აქვს დაუოკებელი წყურვილი ჯვარს აცვას თავისი წინასწარმეტყველები, მოძღვრები და დიდი ადამიანები. წინასწარმეტყველთ ყველგან და ყოველთვის ქვას ესროდნენ... არაჩვეულებრივ პარადოქსულია ებრაელთა ბედი: მათ მიერ ჯვრის, როგორც ცდუნების, უარყოფა და მთელი ისტორიის მანძილზე ამ ხალხის ჯვარცმა. შესაძლოა, ყველაზე საოცარი ისაა, რომ ჯვრის უარმყოფელი თავად ეზიდება მას, ხოლო ჯვრის მაღიარებელი ხშირად სხვას აკრავს მასზე... ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (რომელშიც, გ.გაბაშვილის უაპელაციო განცხადებით თურმე „თავი მოიყარა ყველა სიცრუემ სოფლისა“, რომელშიც შექმნილა „ყველა მწვალებლობისა და სიცრუის ერთიანი ფრონტი“ და ა. შ.) წარმოადგენს პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო გაერთიანებას. და მისი ექვსი პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პრეზიდენტი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ხედავთ, გ.გაბაშვილის დახასიათებით, თურმე როგორი „ფრონტის“ პრეზიდენტი ყოფილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური?!“ („მამული“. N 20, ნოემბერი, 1991).TK

    ალექსანდრე ბარამიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი), სარგის ცაიშვილი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი), რევაზ სირაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „ზ. გამსახურდიას ინტერესთა სფეროს მოიცავს უპირატესად ძველი ქართული სულიერი კულტურისა და ამ კულტურის გვირგვინის − „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკა... „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ (თბილისი, 1991).TK..ზვიად გამსახურდიას სიტყვით ვეფხისტყაოსანი უმშვენიერესი პოეტური ენით გამოხატავს „ქართველი ერის სულიერი ცხოვრების კვინტესენციას“ (გვ. 247). ოღონდ რუსთველის პოემა ალუზიური, ენიგმატური პოემა-რომანია, იგავური, ალეგორიული თხზულებაა, სადაც შეფარვით, ეზოტერულად არის გაცხადებული რუსთველის მთელი ნაფიქრ-ნააზრევი. რუსთველის „ფარული ალეგორიული საზრისი“ ადვილად „თვალში საცემი როდია“ (გვ 10-11)... ვეფხისტყაოსანი მნიშვნელოვანწილად იმდენად „შენიღბულია“, რომ „იმისი ამოხსნა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“ (გვ 295)... ეზოტერული სიბრძნის კვლევა-ძიების საფუძველზე პოემის ალეგორიულ-სიმბოლური სახეების გაშიფვრა ზვიად გამსახურდიამ ახალ საფეხურზე აიყვანა... „ქალის კულტს“ საფუძვლები უნდა ჩაყროდა წარმართობის დროინდელ ქართველურ ტომებში (რასაც არც ზ. გამსახურდია უარყოფს, (გვ. 115). მაგრამ ამ კულტის განმტკიცებას რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სწორედ ღვთისმშობლის დიდმა პოპულარობამ შეუწყო ხელი, ესეც უცილობელია. ზ. გამსახურდიას გამოკვლევების თანახმად, რუსთველის უპირველესი ლიტერატურული წყაროა ბიბლია, ხოლო „ბიბლიის ცენტრალური მითი არის შესაქმისა და ცოდვით დაცემის მითი“... ზ. გამსახურდიას განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიგნებად უნდა ვაღიაროთ ქრისტიანული ღვთების სამებაში, სულიწმიდის ფემინური (დედობრივი) ასპექტის გამჟღავნების ხაზგასმა და მისი ქართულ-ისტორიულ სინამდვილესთან დაკავშირება... „პოემის სახისმეტყველების ძირითადი გასაღებია ანტიურობისა და შუასაუკუნეების ეზოტერული სიბრძნე“ (გვ. 342)... მკვლევარი სამართლიანად თვლის, რომ რუსთაველის პოემის ცენტრალური პერსონაჟია ტარიელი და რომ იგი „მითო-პოეტური სახეა“... მეტიც. პოლიტიკური ასპექტით „ტარიელი სიმბოლოა საქართველოსი, მართლმადიდებლური ეკლესიისა“ (გვ. 202)... ზვიად გამსახურდიას მიერ ასე ორიგინალურად გააზრებული და მკაფიოდ დახატული სურათი თუმცა შეიცავს ფანტასტიკის ელემენტებს, უთუოდ ღრმა შთაბეჭდილებას სტოვებს... შემწყნარებლობის პოზიცია იმაშიც გამოიხატა, ფიქრობს ზ. გამსახურდია, რომ საქართველოში არ იზიარებდნენ ეკლესიასთან გათიშულობისა და დაპირისპირების იდეას (მაგალითად, კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის ბანაკებად). შემთხვევითი როდია, რომ თვითონ ვეფხისტყაოსანი „უნივერსალური ეკუმენური სულითაა გამსჭვალული“ (გვ. 94)... ზ. გამსახურდია უწინარეს ყოვლისა არის მეცნიერი... მან დიდ წარმატებებს მიაღწია და ფრიად თვალსაჩინო წვლილი შეიტანა რუსთველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ყოველივე ეს კი ჩვენ უფლებას გვაძლევს, ვიშუამდგომლოთ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს წინაშე, რათა ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას დისერტაციის დაუცველად ე. წ. „ჰონორის კაუზას“ (Honoris Causa) წესით მიენიჭოს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი“ („ლიტ. საქ.“ 29 ნოემბერი, 1991).TK

    ზურაბ კიკნაძე (ფილოლოგი, მთარგმნელი): „თუ ერს ერთად ყოფნა სურს, სანამდეც სურს, მანამდე ის უთუოდ შეინარჩუნებს თავის იდენტურობას. ეს მის ხელთ არის. მის ნებაზეა დამოკიდებული... ერი არ არის მხოლოდ, როგორც დღეს ბევრს წარმოუდგენია და ცდილობს მთელი ქვეყანა დააჯეროს, ბიოლოგიური ერთობა, საერთო რაღაც „გენიდან“ ამომავალი, არამედ, პირველ ყოვლისა, სულიერ-კულტურული ერთობა... დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი იბადება ადამის ძედ. პირველ ყოვლისა, რომელშიც მოცემულია ყველა ერის პოტენცია... სისხლში არის ადამიანის სიცოცხლე, სამშვინველი, მაგრამ სისხლში არ არის სული, სისხლი არ ინახავს სულიერ და კულტურულ ტრადიციებს... თუ ერში ჭეშმარიტება არ არის, არც ღირს მისი ერთად ყოფნა. ერად ყოფნას მხოლოდ ჭეშმარიტება თუ გაამართლებს... თუ ერში არ გაჯდა მის ძვლებამდეც კი, თუ ბიბლიურ გამოთქმას მოვიხმობთ, ჭეშმარიტება, ერს ვერა ძალა ვერ იხსნის, თუნდაც ის ღვთისმშობლის წილხვედრილი იყოს. მას ვერც წმიდა სამება ვერ იხსნის, ვერც ქრისტე, რადგან ერების არსებობას არა აქვს რელიგიური საფუძველი, ის საერო მოვლენაა, რომელიც ელის სანქტიფიკაციას... ქრისტიანობა განუზომლად უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ეროვნება. ქრისტიანი ერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერი, ეთნიური ერთობა, ერთ „გენზე“ აღმოცენებული. ხალხი ინარჩუნებს თავის ბუნებას, თავისებურებას, განუმეორებლობას და ეს ყოველივე მაღალ საფეხურზე აჰყავს; ეროვნული ეგოიზმი, ამპარტავნობა ლღვება... ბარათაშვილმა აბსოლუტური სიახლე შემოიტანა ქვეყნის სულიერ ატმოსფეროში, მას წინამორბედი არ ჰყოლია. მან გურამიშვილის არსებობაც არ იცოდა. ეს ერთი პარადოქსია ჩვენს სულიერ კულტურაში... ჩანს, რუსეთის მონარქიაშიც კი ყოფილა დემოკრატიული ტრადიციები, რაც საბოლოოდ ჩაკვდა სოციალისტურ სახელმწიფოში... ბოლშევიზმი არ დამთავრებულა, ის გრძელდება ახალ შესამოსელში. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლშევიზმის ატმოსფეროში ვცხოვრობთ. ამის ნათელი დასტურია 87 პროცენტის ასეთი დაჟინებული, აგრესიული მოშველიება ხელისუფლების კანონიერებისა და შეუცვლელობის არგუმენტად... დღეს საქართველოში არსებულ ხელისუფლებაზე ლაპარაკობენ როგორც ნაციონალ-ბოლშევიზმზე, როგორც ფაშიზმზე. შეიძლება ეს არ იყოს სავსებით სწორი, მაგრამ ზოგიერთი ელემენტი ფაშიზმისა უეჭველად ჩანს, თუნდაც ანტისემიტიზმის სახით... ვინმე გ. გაბაშვილმა, შეიძლება განაცხადოს, რომ იგი შორს არის ანტისემიტიზმისგან, მაგრამ სხვანაირად როგორ შევაფასოთ ასეთი ფრაზები: „ავანგარდი ანტიქრისტეს ლაშქრისა არის მსოფლიო იუდეველობა“, „პირველი, სწორედ მსოფლიო იუდეველობა აღიარებს და თაყვანს სცემს ანტიქრისტეს, ვითარცა ღმერთს“… სამართლიანობის დამამკვიდრებელი სტუდენტობა არ უყვარს ჩვენს ხელისუფლებას“ („მამული“. N 20, ნოემბერი, 1991).TK