სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1992 წლის ქრონიკა

    მანანა გიგინეიშვილი: „როცა ჩვენს მომავალ თაობას, სტუდენტობას შეხვდა პრეზიდენტი, მან ასე მიმართა მათ: „იჯექით და იშიმშილეთ. დაბერდით თუ გინდათ მანდ, თქვენ ვერ ააგორებთ, ეს მე ავაგორე, ეს ხელოვნებაა...“ - და მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი სიმართლე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თქვა პრეზიდენტმა... დიახ, მასების აგორება, ეს ხელოვნებაა... მასების ქცევას გარკვეული დარგი მეცნიერებისა სწავლობს... მასის ფსიქოლოგიის მკვლევართა ნაშრომით სარგებლობდა მეოცე საუკუნის ყველა დიდი დიქტატორი... აღტკინების დროს მასა თვითგანადგურებისათვისაც კი მზადაა... ორი სექტემბრის სისხლისღვრაზე პრეზიდენტმა გვითხრა, მომიტინგეებმა ესროლეს ომონსო, ჩვენ ეს დავიჯერეთ. როცა მომიტინგეებს შორის დაჭრილები აღმოჩნდნენ, პრეზიდენტმა გვითხრა, ეს რიკოშეტით ასხლეტილი ტყვიები იყოო, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტი იძულებული იყო ეთქვა, რომ ომონმა კი ისროლა, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. განა ჩვენ დავფიქრდით რომელი იყო აქედან სწორი?.. მეოცე საუკუნის უდიდესმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა გვითხრა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ („შანსი“, 8 იანვარი, 1992).GK

    აკაკი ბაქრაძე: „ისეთი ხელისუფლება არ ყოფილა ოდესმე ამ ქვეყნად და არც იქნება, რომელიც თუნდაც ერთი კაცის სიცოცხლედ ღირდეს... როდესაც ჩვენ ჩვენს ახალგაზრდობას ვწირავთ ხელისუფლებას, ჩავდივართ უდიდეს დანაშაულს... ყველას გვაცხია იმ ყმაწვილების სისხლი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე დაიქცა და მეეჭვება თუ როდესმე მოვახერხებთ ამ სისხლის მოწმენდას, რადგან მონანიება არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენ ეს სისხლი გამოვისყიდოთ... საქართველოს ისტორიაში ყოველგვარი უბედურება დატრიალებულა. ყოფილა ისეთი ხელისუფალიც, რომელსაც თავისი ტახტისთვის მამაც გაუწირავს და ძმაც, მაგრამ საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ხელისუფალი, რომელსაც გაუწირავს მთელი ხალხი უბედურებისათვის. ამიტომ, ყველაფერს ძალიან მკაფიოდ გააზრება სჭირდება“ („შანსი“, 8 იანვარი, 1992).GK

    ელგუჯა ბერიშვილი: „20 დეკემბერს დემოკრატიული ძალების მიერ გამართული მიტინგის მონაწილეებმა მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლეს... 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მთავრობის მომხრეთა და ოპოზიციის მიტინგები... მომიტინგენი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და უკვე მათ შორის გაჩაღდა კამათი და დიალოგი. არავითარი ექსცესი, არავითარი შეხლა-შემოხლა. მთავრობის შეიარაღებულმა დაცვამ პროსპექტიდან სასახლის კიბეებისკენ გადაინაცვლა, ოპოზიციის დამცველ გვარდიელთა ჯგუფი კი სამხატვრო გალერეის უკან დაბანაკდა... დილისთვის მომიტინგენი თითქმის დაიშალნენ, ასი-ასორმოცდაათი კაცი თუ დარჩა... შეიარაღებული შეტაკების არავითარი ნიშან-წყალი... უცებ მთავრობის სასახლიდან ავისმომასწავებელი ხმები მოისმა და ერთდროულად რამდენიმე ავტომატი აკაკანდა. სროლა დაიწყო მთავრობის სახლის კიბეებიდან, ფანჯრებიდან, სახურავიდან, მხატვრის სახლიდან... გვარდიელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაიწყო ორმხრივი სროლა... ასე გაგრძელდა 20-30 წუთი“ („შანსი“, 8 იანვარი, 1992).GK

    ზურაბ კიკნაძე: „ერთი რომელიმე რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შელახავს ცალკეული პიროვნებისა და ჯგუფების უფლებებს. ასეთი პოლიტიკა ძირშივე ეწინააღმდეგება თავად ქრისტიანულ იდეას პიროვნების თავისუფლებისას, იდეას პიროვნების აბსოლუტურ ღირებულებისას... თუ ხელისუფლება, თუნდაც ეროვნული, თუნდაც ხალხის ნების გამომხატველი ამას ნამდვილად აპირებს, ეს მის მხრივ მხოლოდ უზურპაცია იქნება ეკლესიის სარკალური ფუნქციებისა. მიზანს კი ვერ მიაღწევს. აქ სახელმწიფოებრივი ზრუნვა უძლურიც არის და საზიანოც... ეკლესიის არსებობისათვის იდეალური პირობები იქმნება მაშინ, როცა სახელმწიფო არ ერევა მის საშინაო საქმეებში, არ ზრუნავს მასზე... ჩვენ ხშირად ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. მაგრამ თუ ღვთისმშობელმა აგვირჩია, იქნებ იმიტომ კი არ აგვირჩია, რომ რაღაც განსაკუთრებული ღირსებები გვქონდა. იქნებ ეს არჩევა ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია, რომ ვიამაყოთ“ („7 დღე“. 16 იანვარი, 1992).TK

    მამა გიორგი: „რას აირჩევს ადამიანი: ღვთის გზას, თუ ეშმაკის გზას, ღვთის მცნებებს დაიცავს, თუ თავის ვნებებს აჰყვება? ვერავითარი სახელმწიფო ვერ წაართმევს მას ამ თავისუფლებას. იგი თავისუფალია თავის არჩევანში, თუმცა, სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ან ერთი, ან მეორე გზის არჩევაში... ქრისტიანულ ქვეყანაში ხელისუფალი მირონცხებულია ეკლესიის მამამთავრის, პატრიარქის მიერ... რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას ეკლესიის საკითხებში, ეს არ არის გამორიცხული, თუმცა ამ შემთხვევაში ბუნებრივია, იქმნება გარკვეული წინააღმდეგობაცა და უხერხულობა... ხოლო რაც შეეხება ქრისტიანობის წინა პლანზე წამოწევას და მის ფარად გამოყენებას ზოგიერთი პირის მიერ, ეს დაიწყო აპრილში, უფრო ადრეც, ნოემბერში, ხდება ეხლაც. გვგონია, რომ ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენი საქციელი უმეტეს წილად არ არის ქრისტიანული. თავს უფლებას ვაძლევთ ლოცვა გამოვიყენოთ ლოზუნგად. როდესაც ვამბობთ − ჩვენთან არს ღმერთი − დავფიქრდეთ, არის ჩვენთან ღმერთი?“ („7 დღე“. 16 იანვარი, 1992).TK

    ზვიად გამსახურდია: „ საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისი წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისათვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული... შეიძლება ითქვას, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა... ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა“ („7 დღე“. 16 იანვარი, 1992).TK

    ამბროსი გრიშიკაშვილი: „კათოლიციზმსა თუ პროტესტანტობას ახასიათებთ გაცილებით მეტი დემოკრატიულობა და ტოლერანტიზმი, ვიდრე მართლმადიდებლობას და მით უმეტეს − მაჰმადიანობას. აკი მართლმადიდებლობა პეტრე დიდის დროიდან მოყოლებული რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული და იმპერატორის ნება-სურვილის განუხრელ შემსრულებელს წარმოადგენდა. რა დიქტატურულიც იყო პეტრეს დროინდელი რუსეთი ყველასათვის კარგად არის ცნობილი, მაშ საიდან უნდა ყოფილიყო დემოკრატიული მათი ეკლესია? ამ მხრივ არანაკლებ საინტერესოა იუგოსლავიის მაგალითი. ამ კონფედერაციულ სახელმწიფოში კომუნისტები დამარცხდნენ კათოლიკურ სლოვენიასა და ხორვატიაში, სამაგიეროდ გაიმარჯვეს და სრულიად შეინარჩუნეს თავიანთი ძალაუფლება მართლმადიდებლურ სერბიაში და ასევე იუგოსლავიის მაჰმადიანურ რესპუბლიკებში. ასევე დემოკრატებმა გაიმარჯვეს მართლმადიდებლურ საქართველოში და გრიგორიანულ სომხეთში, ხოლო კომუნისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს მაჰმადიანურ აზერბაიჯანში. რელიგიური ფაქტორის ძლიერი ზეგავლენა არჩევნებში თვალშისაცემი იყო აგრეთვე ერთი და იგივე ქვეყნის საზღვრებში. მაგალითად, საქართველოში დემოკრატებმა თითქმის ყველა რეგიონში მოიპოვეს გამარჯვება, გარდა აჭარისა, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა მაჰმადიანობის გავლენა, განსაკუთრებით, მთიან აჭარაში. ძლიერი იყო და არის კომუნისტური ორიენტაცია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც... ასეთსავე მდგომარეობას ჰქონდა ადგილი უკრაინასა და ბელორუსიაში. აქ დასავლეთ რეგიონებში, სადაც ძლიერია კათოლიკური რელიგიის ზეგავლენა, გაიმარჯვეს დემოკრატებმა, ხოლო აღმოსავლეთში, სადაც ძირითადი სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობაა, კომუნისტებმა გაიმარჯვეს... ამ მხრივ დამახასიათებელია აგრეთვე რუსეთიც. რუსეთის ფედერაციაში მაჰმადიანურ ავტონომიებში კომუნისტები დემოკრატებზე ძლიერნი აღმოჩდნენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მოხსენიების ღირსნი არიან შუა აზიის რესპუბლიკები. მათში ყველაზე თვალნათლივ გამოჩნდა ის თუ რა მყარად დაეშენა მაჰმადიანური რელიგიის საძირკველს ორთოდოქსალური კომუნიზმის ძირითადი პოსტულატები. ამ რესპუბლიკებში ხომ კომუნისტები როგორც წესი თითქმის არ იღებდნენ 90 პროცენტზე ნაკლებს“ („მამული“. 3 თებერვალი, 1992).TK

    ირაკლი ბრაჭული: „ყოველი „პოლიტიკური რეალობა“ შესაბამისი იდეოლოგიის რეალიზებაა... მსოფლმხედველობა „პირის-პირ საუბარია ღმერთთან“, − იდეოლოგია კი ყალბი (იდოლას, კერპის) ცნობიერებაა... ნებისმიერი რელიგიური მოძრაობა, გარდა ორთოდოქსული ეკლესიისა, არის სექტა... უნიჭიერესი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაზე წერდა: „კალიგულას თავგადასავალი ჰიტლერის, მუსოლინისა და მსგავსი სხვა ტირანების საქციელსა და თავგადასავალს მოგვაგონებს. მიუხედავად ამისა, მათთან გათანაბრება უთუოდ დამამცირებელი იქნებოდა კალიგულასათვის... ჩვენი დროის ტირანია აბსოლუტისადმი თავდაპირველი სიბრმავის პირობებში აღმოცენებული, გზადაგზა პრინციპულად შეფერხებული და არასრულფასოვნების კომპლექსიდან ჩამოყალიბებული პატივმოყვარეობიდან იღებს სათავეს... უკვდავების პერსპექტივის არარსებობა − სიკვდილის შიში აიძულებს მას ხელოვნურად გაიბევროს (გაიფართოვოს) ნამცეცა სასიცოცხლო დრო... არის კიდევ სუბლიმაცია − დაუკმაყოფილებელი სქესობრივი ენერგიის გარდასახვა, ვთქვათ, პოლიტიკურ ენერგიად; და კიდევ „წითელი მაგია“ (ეროტიული ჯადოქრობა) დისტანციური დონჟუანიზმი, რომელიც ოკულტურ-ჰიპნოტიური კონტაქტებით ხორციელდება... ფაშისტური იდეოლოგია არც ერთ მყარ მსოფლმხედველობრივ სტრუქტურას, კულტურის არც ერთ სფეროს არ ემყარება − არც ფილოსოფიას, არც ხელოვნებას, არც თეოლოგიურ და ეკლესიურ სისტემას. არც აზროვნება, არც თხზვა, არც მისტიკა არ არის მისი საგანი. ზედაპირულია შემოქმედებითად, მაგრამ ღრმა და ძლიერია დამანგრეველი ასპექტით. შემოქმედებითად უნიჭოა, მაგრამ დესტრუქტულად გენიაა − „ბოროტი გენია“. ფაშიზმიც და კომუნიზმიც XX ს-ის მითებია. ასევე ცნობილია ჰიტლერისა (და სხვა „პატრიარქთა“) გატაცება მისტიკით, ოკულტიზმით, ჰოროსკოპებით;... არც ერთ დიქტატორს ღრმად არ შეუსწავლია სულიერ წყაროდ გამოყენებული დიდ ფილოსოფოსთა მოძღვრება და არ დაინტერესებულა საკითხის არსით“ („მამული“. 2 (56) თებერვალი, 1992).TK

    თეიმურაზ ფანჯიკიძე (წერილი გაზეთ „მადლის“ რედაქტორს): „სამწუხაროდ, გაზეთ „მადლში“ მკითხველი ყოველთვის როდი იპოვის პასუხს მისთვის საჭირო კითხვებზე, რომელიც ძალზე აწუხებს თანამედროვე მორწმუნეს. მართლაც, როგორ იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა თანამედროვე ცხოვრებაში, რა ქნას ამ გაჭირვებულ ყოფაში, რა ღირებულებებს სცეს პატივი, რა ორიენტირს მისდიოს, ასეთი კატასტროფული დეფიციტის პირობებში, როგორ გამოკვებოს ბავშვები, როგორ შეხვდეს ჭირს თუ ლხინს, როგორ გადაიხადოს ქორწილი, ნიშნობა, ქელეხი, ორმოცი, წლისთავი. გაზეთი ალბათ უფრო აქტიურად უნდა ერეოდეს ამ ამბებში და გმობდეს უშნოდ დამახინჯებულ, გაზვიადებულ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებს. ხელს უწყობდეს სადა, ეკონომიკურად ხალხისთვის მისაწვდომ ადათ-წესებს... თუკი ეკლესია ყურადღების გარეშე დატოვებს მორწმუნეთათვის საჭირბოროტო საკითხებს, ისევ შორიდან დაუწყებს ცქერას თავისი მრევლის ცხოვრებას, დაკმაყოფილდება მხოლოდ აბსტრაქტული მოწოდებებით სიკეთისა და სათნოებისაკენ, იგი ისევ განზე აღმოჩნდება მრევლისაგან, რეალური ცხოვრებისაგან. მაშინ სწორი აღმოჩნდება სექტანტთა საყვედური ოფიციალური ეკლესიის მიმართ, რომ მორწმუნე ადამიანი მართლმადიდებლურ ეკლესიაში როგორც მარტო შედის, ისევე მარტოც გამოდის, რომ მასზე ფაქტიურად არავინ ზრუნავს, განსხვავებით იგივე სექტანტური თემის წევრებისაგან, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის გვერდში იყვნენ ჭირსა თუ ლხინში... გაზეთს უნდა ჰქონდეს რუბრიკა არამორწმუნეებთან საურთიერთობოდ... ეგებ გაზეთ „მადლს“ თანამედროვე ეკლესიის ავ-კარგზეც ეთქვა თავისი სიტყვა... ეჩვენებინა ჩვენი სამღვდელოების ღირსება−ნაკლოვანებანი, ობიექტურად შეეფასებინა ჩვენი „სულიერი სამსახური“... იქნებ იმაშიც გაგვერკვია ხალხი თუ რას აკეთებდა ზოგიერთი სამღვდელო პირი „ბუნკერში“ ჩასაფრებულ ხალხთან ერთად, რომელიც ვიდეო კასეტებზე არის აღბეჭდილი... გაზეთ „მადლის“ მცირერიცხოვან კოლექტივს, სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ არა შემოქმედებითი საკითხების მოსაგვარებლად“ („საქართველო“, 13 მარტი,1992).TK

    როსტომ ჩხეიძე: „ქრისტიანობის ათ მცნებას − საზოგადოებრივი მორალის ქვაკუთხედად ნაგულისხმევს − ნიცშე ძველ და დამპალ ფიცრებს ადარებს და მათ შემუსვრას მოითხოვს... ზეცის ერთგულება იცვლება მიწის ერთგულებით და ნიცშე დარწმუნებულია, რომ ეს უფრო მყარი საძირკველია ჭეშმარიტ ფასეულობათა უკვდავყოფისათვის... მტკიცება იმისა: ღმერთი მოკვდა და ის ზეკაცმა უნდა შეცვალოსო, ნიცშესათვის ზნეობრივი მოვლენაა, თავისებურად ღრმა და დამაფიქრებელი და მისი სწორად შეცნობისათვის არაფრისდიდებით არ უნდა გამოგვრჩეს „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ეს მნიშვნელოვანი პასაჟი, მთავარი გმირის მიმართვა თავისი მოწაფეებისადმი: „...ჯერ თავი არ მოგეძებნათ და მპოვეთ მე. ესე იქმნიან ყველა მორწმუნენი; ამად აქვს ნაკლები ფასი ყველა სარწმუნოებას“... „ზარატუსტრას“ იდეური მრწამსი სიახლოვეს იჩენს ქრისტიანულ მოძღვრებასთან, იმ ქრისტიანობასთან, რომლის უმძაფრეს კრიტიკადაც წარმოგვიდგება ნიცშეს რომანი... მართალია გერმანელი ფილოსოფოსი, პირველ ყოვლისა, უპირისპირდება სახელმწიფო იდეოლოგიად გადაქცეულ ქრისტიანობას, უპირისპირდება მის სახეცვლილ გამოვლინებებს, რაც დაშორებულია ამ მოძღვრების ნამდვილ ბუნებას, მაგრამ ეს ნამდვილი ბუნებაც რომ მაინცდამაინც არ ეჭაშნიკება? და მისი გადამეტებული ეჭვიანობა ყველგან ნიღაბს რომ ხედავს და არა გულწრფელობას?... სიცოცხლის სრულყოფილების მეტოქედ კი ქრისტიანობა ესახება... როგორც უნდა უპირისპირდებოდეს ქრისტიანობას, ნიცშე ღრმა შინაგანი სიმპათიითაა განმსჭვალული თვითონ იესო ქრისტეს პიროვნების მიმართ და თავისი სიმკაცრე რომ გაამართლოს, გამოთქვამს აზრს, რომ მაცხოვარმა ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შექმნა ასეთი მოძღვრება, შექმნა მაშინ, როცა ადამიანს სათანადოდ არ იცნობდა და უნებლიეთ შეაჩეჩა მათთვის უსარგებლო იდეალები... ნიცშე დარწმუნებულია, ქრისტეს რომ დასცლოდა, თვითონვე უარყოფდა თავის ყმაწვილურ შეხედულებებს და შექმნიდა ნამდვილ მოძღვრებას, რაც მართლა მხსნელად მოევლინებოდა კაცობრიობასო. და რაც არ დასცალდა ქრისტეს, ნიცშემ უნდა აღასრულოს... ქრისტეს ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება ზარატუსტრამ უნდა დააბოლოვოს. შემთხვევითი არ არის, რომ ზარატუსტრა ქრისტესავით 30 წლის ასაკში იწყებს მისიონერულ მოღვაწეობას − ამით მათი ღრმა სულიერი სიახლოვეა მინიშნებული. ასე რომ, ზარატუსტრას მოძღვრება ანუ ნიცშეანიზმი, წარმოგვიდგება ქრისტიანობის გაუმჯობესებულ წიგნად, მეხუთე სახარებად, ახალი აღთქმის გაგრძელებად და შემცვლელად... ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ გახლდათ ერთ-ერთი აღმატებული ცდა ქრისტიანობის შეცვლისა, მაგრამ ეს არ მომხდარა... ქრისტიანობაზე უკეთესი მოძღვრება და ზნეობრივი ნიმუში კაცობრიობას არც მანამდე შეუქმნია და არც მას მერე“ („მამული“. 8 მაისი, 1992).TK

    გურამ გეგეშიძე (მწერალი): „ჩვენ ყველანი დროის შვილები ვართ − ისინიც, ვინც თავს არიდებს ცოდვას და ისინიც, ვინც ადამიანის გენში ჩადებულ ნგრევის ინსტიქტს თავდავიწყებით გაჰყოლია და უკანმოუხედავად ჩეხავს ყველაფერს. დღეს საბოლოო ჯამში, მაინც ყველანი ვანგრევთ; მაგრამ... ყველაფერს აქვს დასასრული − როგორც კი ჩვენს თავდავიწყებულ აზარტულ ნგრევას ბოლო მოეღება და გონდაკარგულ ქართველს მხოლოდ ჰაერიღა შერჩება გასაპობად, მაშინ ის გამოფხიზლდება და დაფიქრდება, რა დარჩა მას დღევანდელობიდან გასანადგურებელი... ყველაფერი განადგურებულია, ხელოვნების ხიბლი კი დარჩენილა. დაგვრჩა ბიბლია, ჰომეროსი... ჩვენში მართლაც სჩანს დაცემის ნიშნები. კრიზისულ მდგომარეობაში ვართ... პრიმიტიული ხალხისთვის დამახასიათებელი ჩვევები გაგვივითარდა − ყველაფერი სიცრუეზეა აგებული. სიცრუეა ჩვენი დღესასწაულები − ჩვენი ქორწილი, ქელეხი − ეს გარეგნული ბრჭყვიალებია და ხალხი ვერ ხედავს მათ სიღრმეში რა დევს... ტექნიკურმა პროგრესმა ამოაშრო ადამიანის სული. ეტყობა, ადამიანი მაინც დეტერმინატორული არსებაა და საერთო კოსმიურ კანონებს ემორჩილება... ადამიანმა არასოდეს არ იცოდა, ტყუილია საიქიოს არსებობა თუ მართალი... მე ცხოვრება მიყვარს და მიმაჩნია, რომ რაც მას სასიამოვნო აქვს, ყველაფერი უნდა მიიღო... განგებისაგან შენთვის მოცემული დრო ისე უნდა გაატარო როგორც გინდა. სულ სხვაა აზროვნება − იგი სულ არ არის ხასიათთან კავშირში... ერის დონეს განსაზღვრავს საშუალო მოქალაქე. საშუალო ქართველი კი ბრიყვი და ყოყლოჩინაა. თვითონ არაფერი იცის და არც სხვას უსმენს. რომ შეადარო სხვა ქვეყნების საშუალო დონის მოქალაქე და ჩვენი საშუალო დონის ქართველი, სხვაობა კატასტროფული იქნება ჩვენდა საზარალოდ. ჩვენ არ გვაქვს კრიტიკული აზროვნების უნარი. ეს რომ არ გაქვს, ესე იგი საერთოდ აზროვნება არ გვაქვს“ („ქართ. ფილმი“. 16 მაისი, 1992).TK

    ირაკლი წერეთელი (ეროვნილი დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე): „1992 წლის 13 ივნისს გორში დისლოცირებულ სატანკო ნაწილს თავს დაესხა გვარდიისფორმიანი შეიარაღებული ჯგუფი. სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდამსხმელებს შორის ატყდა სროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 18 და დაიჭრა 41 კაცი... საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს გვარდიის შეიარაღებული ძალების სარდლობა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, რომ ნაწილიდან უნდა წამოეღოთ იარაღი და მძიმე საბრძოლო ტექნიკა... გორშიც რომ წინასწარი მოლაპარაკება ყოფილა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ გვარდიელებს ესროლეს არა სამხედრო ნაწილის ჭიშკართან, არამედ ტერიტორიის შუა ნაწილში, შემდეგ სამხედროები ქალაქში გამოვიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა ააწიოკეს... ჩვენი აზრით, ეს ტრაგედია იმ ხანგრძლივი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მძაფრი გამოვლინებაა, რომელსაც რუსეთი ახორციელოებს საქართველოს მიმართ 1921 წლიდან და რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრული მოსპობა... მოსკოვის საინფორმაციო საშუალებები პროპაგანდისტულ დივერსიას ეწევიან ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ... მთელ რიგ რეგიონებში ვერ ხორციელდება რეალური სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, რაც, როგორც გითხარით ჩვენს საშინაო საქმეში ჩრდილოელი მეზობლის ჩარევის შედეგია... საქართველოში ფართოდ უნდა გაიშალოს ანტისაოკუპაციო მოძრაობა, მშვიდობიანი, მაგრამ უკომპრომისო ხასიათის... უნდა გავრისკოთ... თურქეთზე ძველი, სტერეოტიპად შემორჩენილი მცდარი წარმოადგენა აქვთ, როგორც დამპყრობელზე... სინამდვილეში იგი დღეს კლასიკური ტიპის სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოა... მთელი თავისი პოლიტიკით, ეკონომიკური ყოფიერებით თურქეთი დამოკიდებულია დასავლეთის სამყაროზე. ასე რომ, იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს აგრესიას მეზობლის, მით უმეტეს − საქართველოს მიმართ... ამოცანა ნათელია − რუსი ჯარისკაცი მშობლიურ რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ საამისოდ“ („საქ. რესპ.“ 19 ივნისი, 1992).GK

    მზია ზაქარიაძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი), გია წულაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): „1992 წლის თებერვალ-მარტში, თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა შემსწავლელი კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკვლევა. გამოკითხეს 366 რესპონდენტი... ქართველებმა ქართველები შემდეგნაირად დაახასიათეს (განაწილება მოცემულია %-ულად): ემოციურობა 52,4; ობიექტურობა 10,6; გაბედულობა 24,8; ცხოვრებისუნარიანობა 1,6; შრომისმოყვარეობა 8,1; უნდობლობა 2,4; მერყეობა 2,4; გაუბედაობა 0,8; არაპრაქტიკულობა 89,0; არაობიექტურობა 0,8; აკურატულობა 0,4; პრაქტიკულობა 0,8; თავშეკავებულობა 1,3; სიცივე − პასიურობა 1,6; გულგრილობა 3,0 ... სხვა ეროვნების წარმომადგენლები ქართველებს შემდეგნაირად ახასიათებენ: ემოციურობა 46,7; ობიექტურობა 10,8; გაბედულობა 24,2; ცხოვრებისუნარიანობა 9,2; შრომისმოყვარეობა 3,3; აკურატულობა 1,7; პრაქტიკულობა 1,7; თავშეკავებულობა 2,4; უნდობლობა 9,2; მერყეობა 6,7; გაუბედაობა 2,5; არაპრაქტიკულობა 73,4; არაობიექტურობა 1,6; სიცივე 1,6; პასიურობა 2,5; გულგრილობა 2,5“ („დვრიტა“. 18 ივლისი, 1992).TK

    გურამ ყორანაშვილი (ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „საქართველოს სულიერ მისსიაში“ უამრავი ლაფსუსია... წიგნის 102-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დასავლეთ ევროპაში ამ დროს (იგულისხმება დავით აღმაშენებლის ხანა − გ. ყ.) ჩვენ ვხვდებით მონარქებს, რომლებმაც წერა-კითხვა ძლივს იცოდნენ. ერთადერთი გამონაკლისია ალბერტ დიდი, ინგლისის მეფე, რომელიც შეიძლება შეედაროს მხოლოდ დავით აღმაშენებელს“. მაგრამ ალბერტ დიდის სახელით ცნობილია გერმანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, რომელიც ცხოვრობდა დაახლ. 1193-1280 წლებში, ე. ი. სრულიადაც არა მეფე (სხვათა შორის დომინიკანელი ბერი) და თანაც არა აღმაშენებლის დროს მცხოვრები. ინგლისის მეფე გახლდათ ალფრედ დიდი, მაგრამ იგი ცხოვრობდა დაახლ. 849-900 წლებში, ე. ი. ჩვენს დიდ მეფეზე საკმაოდ ადრე. წიგნის 89-ე გვერდზე ავტორი ლაპარაკობს რა გელათის ფრესკაზე დავით აღმაშენებლის გამოსახულებაზე ეკლესიის მაკეტით ხელში, აღნიშნავს: „ასეთი პატივი არც ერთ მეფეს არ რგებია, მეგობრებო გადახედეთ მეფეების გამოსახულებებს ფრესკებზე. თქვენ ვერსად ვერ ნახავთ, რომ საქართველოს რომლიმე მეფეს ხელზე ედგას ეკლესია, ვინაიდან ჩვენ სხვა მსგავსი მეფე არ გვყოლია, რომელმაც ამრიგად გააერთიანა სასულიერო და საერო სიბრძნე.“ ავტორისა და მის თაყვანისმცემელთა სამწუხაროდ, შევნიშნავთ, რომ მსგავსი ფაქტი უამრავი გვხვდება: მაგალითად, სტეფანოზ მეორის გამოსახულება ატენის ტაძარში (რელიეფზე), აშოტ კურაპალატისა ოპიზაში, ბექა I მანდატურთუხუცესისა საფარის წმინდა საბას ეკლესიის ფრესკაზე (XIV ს.), კახეთის მეფე ლევანისა გრემის მთავარანგელოზის ეკლესიის კედელზე....მცდარია, თითქოს ირლანდიის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენ პიქტები (გვ. 39). სინამდვილეში პიქტები შოტლანდიაში ცხოვრობდნენ...ზვიად გამსახურდიას შეხედულებით რაღაც კავშირი უნდა იყოს სიტყვებს შორის: „ლაზარე“, „ლაზეთი“, „ლაპისლაზული“ (რომელიც ლაჟვარდს ნიშნავს) (იხ. გვ. 39), რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 46-ე გვერდზე აღნიშნულია 12 „მუხლი“, მაგრამ რას ნიშნავს ეს? მკითხველისათვის ეს გარემოება გაუგებარია. საქმე იმაშია, რომ „მუხლი“ სიტყვა-სიტყვით თარგმნილია რუსული колено-დან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ტომი, გვარი, ქართულში კი, მოგეხსენებათ, „მუხლი“ ასეთ შინაარსს არ მოიცავს... წიგნში გვხვდება ენობრივი ხასიათის შეცდომებიც, რაც მიუტევებელია მით უფრო, ფილოლოგისათვის. ასე მაგალითად, „ტარტარში ჩამარხვა“ (გვ. 67), ტარტაროსის ნაცვლად; „იულიანე აპოსტატი“ (გვ. 104) განდგომილის მაგიერ; „წმინდა ფრანჩესკო“ (მომდევნო გვერდზე) ფრანცისკ ასიზელის ნაცვლად; „სამნიელები“ (გვ. 109), სამნიტების მაგიერ და ა.შ. ასეთია ზვიად გამსახურდიას „საქართველოს სულიერი მისსიის“ ავლადიდება, კიდევ ერთხელ დავსძენთ, რომ ქართული აზროვნებისათვის იგი არავითარი პოზიტიური შენაძენი არ გახლავთ, უარყოფითი აზრით კი უთუოდ მნიშვნელობა გააჩნია: იგი გამოხატულებაა აზროვნების მარაზმისა და სიბნელისა“ („საქ. რესპ“. აგვისტო, 1992).TK