სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

ივლისი

    გურამ რჩეულიშვილი: “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში” (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    გოჩა წიკლაური (ბიზნესმენი): “საქართველოში ჩამოვიტანეთ ჰუმანიტარული დახმარება – 25 000 მარკის ღირებულების წამალი... ბატონმა მაიერმა (გერმანიის მთავრობის პრეზიდიუმისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი _ დეტლეფ მაიერი) და მე გადავწყვიტეთ, მედიკამენტები განაწილდეს საავადმყოფოებში და ნაწილი ამ წამლებისა გადავცეთ მწერალთა კავშირის პოლიკლინიკას” (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    ვალტერ შურღაია 1992 წლის 24 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და საქტელერადიო დეპარტამენტის დარბევისთვის იქნა დაპატიმრებული, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გონივრულმა სურვილმა – გაეერთიანებინა ორად გახლეჩილი საქართველო, სამოქალაქო ზავი და მშვიდობა დაემყარებინა რესპუბლიკაში, განაპირობა 1992 წლის 3 აგვისტოს მანიფესტის გამოცხადება და ვალტერ შურღაია გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. 1992 წლის 4 აგვისტოს შურღაიამ, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე, ქართველ ხალხს შერიგებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა, მაგრამ არ გამოდგა სიტყვის კაცი და გააგრძელა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებანი. რასაც შედეგად სამოქალაქო ომი და მრავალი უაზრო მსხვერპლი მოჰყვა. ვინაიდან ვალტერი ემალებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, მისი დაკავება მხოლოდ 1994 წლის 26 იანვარს მოხერხდა ქალაქ ზუგდიდში (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    გიორგი ნატროშივილი: “ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს და სოფელი სოფელს. მეხუთე წელია ინგრევა ირგვლივ ყველაფერი” (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    1994 წლის 15 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება “აჭარის ისტორიის ნარკვევების გამოცემის შესახებ”. ამ დადგენილებით შეიქმნა სპეციალური საბჭო ასლან აბაშიძის თავმჯდომარეობით (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    1994 წლის 21 მაისს აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ორი დადგენილება: “ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შექმნის შესახებ” და “გონიო-აფსაროსის ნაქალაქარის დაცვისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაფართოების ღონისძიებათა შესახებ”. 1974 წელს აქ აღმოაჩინეს ცნობილი ახ.წ. II-III საუკუნეების “გონიოს განძი” (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    ოთარ გობეჯიშვილი (ნოდარ ნათაძეს): “თქვენ მიერ მოწოდებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებმა ქართველი ერის საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო... მოატყუეთ გულუბრყვილო ახალგაზრდები და გადამწყვეტ მომენტში კურდღლებივით მოკურცხლეთ, ხოლო ბავშვები და ქალები განრისხებულ ჯარისკაცებს შეატოვეთ ხელში... თქვენ იმთავითვე რუსეთის მიმართ არასწორი, ერის გამთიშველი, ზიანის მომტანი პოლიტიკა აირჩიეთ” (ლიტ.საქ. 1 ივლისი, 1994).GK

    საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დოქტრინა: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის იდეოლოგიური ბაზისიც თეოდემოკრატიაა, ქართველ ხალხს, საქართველოს სთავაზობს დოქტრინას, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანათა შორის. ეს არის დოქტრინა ქვეყნის კოლონიური მდგომარეობიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაზე გადასვლისა, ანუ დოქტრინა დამოუკიდებელი საქართველოსი... საქართველოს ხსნა ეკონომიკურ რევოლუციაშია, რაც ნიშნავს: 1. ახალი თაობის, ახალი, არასოციალისტური აზროვნების ადამიანების მოსვლას ხელისუფლების სათავეში; 2. მაფიოზური ჯგუფების ალაგმვას; 3. პოპულიზმზე უარის თქმას და რადიკალური რეფორმების უკანმოუხედავად გატარებას; 4. ქართულ-დასავლური მექანიზმის შექმნას... უცხოეთისგან (დასავლეთისგან) ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორც სწავლობდა პეტრე პირველი... ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და დასავლეთი მხოლოდ დამხმარედ და მასტიმულირებელ ძალად გამოვიყენოთ. აი ამ საქმის განსახორციელებლად არის საჭირო ქართულ-დასავლური მექანიზმის შექმნა... დახმარებით რუსეთი არ დაგვეხმარება და ვერც დაგვეხმარება, აღმოსავლეთი თავად არის დასახმარებელი, ჩვენი ერთადერთი და ბუნებრივი მოკავშირე დასავლეთია და ჩვენი დასავლური ორიენტაციაც ადამიანთა ბუნებრივი მისწრაფებებიდან გამომდინარეობს... ქართულ-დასავლურ მექანიზმს უნდა ჰქონდეს არამხოლოდ საკონსულტაციო, არამედ განმკარგულებელი ფუნქციაც... ამ მექანიზმს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება საგარეო ეკონომიკურ საკითხებში... ღია პოლიტიკა არ გამორიცხავს რუსეთის ზოგიერთი ინტერესის გათვალისწინებას რეგიონში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხელს არ შეუშლის ჩვენს კონტაქტებს დასავლეთთან... ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ფაქტობრივად, დღევანდელ სახელისუფლებო სტრუქტურასთან ბრძოლაა, რადგანაც სწორედ ეს სტრუქტურა წარმოადგენს კომუნისტურ-ბიუროკრატიული აპარატის მაფიურ საყრდენს... ხდება ძველი, კომუნისტური კრიმინალური ორგანიზაციების აღდგენა, რომლებმაც მიიღეს ახალი სისხლი ახალი მაფიური ჯგუფების სახით და ეს მახინჯი სიმბიოზი მართავს დღეს საქართველოს. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალიც მისი მძევალია... პოლიცია გახსნილ საქმეზე ვერ ამოიღებს დღეს ხმას, რადგან მას არ შეუძლია ფაქტობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა... ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრმა მაქსიმალისტ ქართველებს ხელი არ უნდა შეგვიშალოს აღმშენებლობით საქმიანობაში... იმისთვის რომ ახლო მომავალში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი გახდეს, ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთდეს ისაა, რომ აფხაზებს და ოსებს უნდა მიეცეთ ფართო თვითმმართველობა... უფლებებით უფრო ფართო, ვიდრე საბჭოთა ავტონომია... თუ ეს ნაბიჯი შედეგს არ მოიტანს საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო გააკეთებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით − საომარი ოპერაციების დაწყება ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით... „რელიგიური“ აღმავლობის გარეშე ჩვენ არ უნდა გვქონდეს დღევანდელი დუხჭირი სულიერ-მატერიალური ყოფის შეცვლის იმედი. „რელიგიას“ პირობითად ვხმარობთ, რადგანაც რელიგია კონტაქტია „ქვემოდან“ „ზევით“, ანუ ადამიანიდან ღმერთამდე... რელიგია ძიების პროცესია, მაშინ როდესაც, ქრისტიანობა, უპირველესად, „ზემოდან“ განხორციელებული კონტაქტია: ღმერთი დამდაბლდა, განკაცდა და იხსნა კაცობრიობა, ანუ, ქრისტიანობა ადამიანის მიერ ღმერთის ძიებაა, ე.ი. რელიგია კი არ არის, არამედ ჭეშმარიტება, ხოლო როდესაც ქრისტინობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს მართლმადიდებლობა, როგორც შეურყვნელი, უცვლელი და შვიდი საეკლესიო კრებით დაბეჭდილი მარადიული სისტემა... ახალი აზროვნების მქონე ხელისუფლების, უკომპლექსო და სულით თავისუფალი „ახალი თაობის“ (არამხოლოდ ასაკობრივი გაგებით) გარეშე არანაირი წინსვლა მოსალოდნელი არ არის“ („კავკასიონი“, 20 ივლისი, 1994).GK

    ვლადიმირ სოლოვიოვი (თარგმნა ნანა ახობაძემ): „პატრიოტიზმის სახელით ჩვენგან მოითხოვენ ყველაზე მაღლა დავაყენოთ საკუთარი ერის გამორჩეული ინტერესი და მნიშვნელობა. ამგვარი პატრიოტიზმისაგან ჩვენ გვიხსნა ქრისტეს სისხლმა, რომელიც დაღვარეს იუდეველმა პატრიოტებმა თავისი ნაციონალური ინტერესების სახელით... რაო? ქრისტიანობა აუქმებს ეროვნულობას? პირიქით, იცავს მას. უქმდება ეროვნულობა კი არა, უქმდება ნაციონალიზმი. გაბოროტებული დევნა და მოკვდინება ქრისტესი ებრაელი ერის საქმე როდია, ვისთვისაც ქრისტე მის უმაღლეს გაფურჩქვნას განასახიერებდა... ინგლისელი ერის ნაყოფს წარმოადგენენ შექსპირი და ბაირონი, ბერკლი და ნიუტონი; ინგლისური ნაციონალიზმის ნაყოფი კი გახლავთ მსოფლიო ძარცვა, ვარენ ჰასტინგსისა და ლორდ სეიმურის გმირობანი, ნგრევა-აწიოკება და მკვლელობები. დიდი გერმანელი ერის ნაყოფი არის ლესინგი და გოეთე, კანტი და შელინგი; გერმანული ნაციონალიზმის ნაყოფი კი გახლავთ მეზობლების ძალდატანებითი გაგერმანელება, რაც ტევტონთა რაინდების დროიდან მოკიდებული დღემდე გრძელდება... თავისი განსაკუთრებული მისიის მტკიცება, თავისი ერის გაღმერთება იუდეველთა მსოფლმხედველობაა“ („ლიტ. საქ“. 22 ივლისი, 1994).TK

    1978 წელს, როცა კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება მოიწადინეს, რომ-ლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენად იყო შერაცხული, გრიგოლ აბაშიძემ მწერალთა კავშირის წევრები შეკრიბა და უთხრა: “ენას გვართმევენ და აბა როდის უნდა ამოვიღოთ ხმა, თუ ახლა არაო”. იგი წინ წაუძღვა ყველას პარტიის ცენტრალურ კომიტეტში და ყველას მაგიერ წინ დადგა და ქართული ენის დასაცავად ილაპარაკა. ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გვერდით დაუდგა მათ და საბჭოთა ქვეყნის იდეოლოგიის მესვეურთ შეება (ლიტ.საქ. 29 ივლისი, 1994).GK

    საქართველოს მწერალთა კავშირი გრიგოლ აბაშიძეს: “ქართველი ერი გიცნობთ, როგორც დაუცხრომელ საზოგადო მოღვაწეს. ამ ექვსი ათეული წლის განმავლობაში არ არსებულა ერის სულიერი ცხოვრების არცერთი სფერო, რომელზეც თქვენი მართალი და პრინციპული სიტყვა არ გეთქვათ” (ლიტ.საქ. 29 ივლისი, 1994).GK

    ვახტანგ ბერიძე გრიგოლ აბაშიძეზე: “გროგოლმა აირჩია არა ჩვენი წარსულის “დიდი საუკუნეები”, რაც საშუალებას მისცემდა ქვეყნის ძლევამოსილებისა და ბრწყინვალების შთამბეჭდავი სურათები დაეხატა, არამედ ყველაზე ტრაგიკული ხანა, როცა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი ისმოდა, როცა განსაკუთრებული სიცხადით მჟღავნდებოდა ადამიანთა, მთელი საზოგადოების ზნეობრივი დონე, ერის არა მარტო უკეთესი თვისებები, არამედ მისი ბნელი, “საშიში” მხარეებიც, რომლებიც ყოველთვის თავს წამოჰყოფს ისტორიული კრიზისების დროს. ავტორს დიდი მოქალაქეობრივი გამბედაობა მართებდა, როცა იმ უმძიმესი და უმწვავესი დროის ასახვას შეეჭიდა... გრიგოლ აბაშიძის ისტორიული თხზულებები დიდი სიყვარულითა და ტკივილით არის დაწერილი” (ლიტ.საქ. 29 ივლისი, 1994).GK

    რეზო ჭეიშვილი: “ქალბატონმა ირინა სარიშვილმა ოპოზიციას ურჩია, სოციალურ საკითხებში მაინც გამოედავეთ (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე), ხალხიც აგყვებათო. ასამარებენ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, პიროვნებას. ედავებიან პოლიტიკაში, რაშიც უძლიერესია. შევარდნაძემ ააცილა საქართველოს სამოქალაქო ომი;
    ვთქვათ, აგვაღო ხელი ამ ეტაპზე ერთბაშად რუსეთმა. წამსვე ჩაირთვება ზიარი ჭურჭლის კანონი და რუსის ადგილს დაიჭერს სპარსი, ოსმალო, ლეკი, ჩეჩენი, სომეხი, ოსი;
    გამოსაწოვი, გამოსაჭმელიც აღარაფერი გვაქვს. ამნაირ სიტუაციაში აფხაზეთის ომით დაბრუნებას მოითხოვენ ზოგიერთები. ლოზუნგებით იბრძვიან თბილისიდან შევიდეთ აფხაზეთშიო... აფხაზეთი მაშინ დაიკარგა, როცა დუდაევის სურათები აღმართეს ბაირაღებად;
    ფოთში მეამბოხენი ფლობდნენ სიტუაციას და შევარდნაძემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება (სოხუმში რაც ვერ გაბედა), შემოიყვანა რუსის ესკადრა ადმირალ, თუ არ ვცდები, ბალტინის მეთაურობით. მეამბოხეთა გაუბედაობამ და ამ ფაქტმა აგვაცილა კატასტროფა, დაინგრეოდა ქალაქები, თბილისში ეზო-ეზო, ქუჩა-ქუჩა, სახლებში გაჩაღდებოდა ძმათა მკვლელი ომი;
    ხალხმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ხელისუფლების მეთაურად მის მოსვლას, თვით პარლამენტმა მიანიჭა დიდი უფლებები, რომელიც მან ჯერჯერობით ვერ გამოიყენა... ელის შესაფერის სიტუაციას... დემოკრატიას გადაგვაყოლებს თუ კუპონ-ნაგავს, სულერთია მართლაც;
    მე პირადად მოთმინებით ველოდები, სხვა რა გზაა, ახალ არჩევნებს, ხელისუფლებაში ეროვნულ-დემოკრატების მოსვლას;
    ძვირად დაუჯდა მისი (იგულისხმება სტალინი) ქართველობა საქართველოს, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება მისი ჩამოსვენება... ეს იყო სატრაპი, ერთმმართველი, ისტორიის ზოგიერთ მონაკვეთში აუცილებელი რომაა, სახელმწიფოს მართვის ფენომენალური უნარით დაჯილდოვებული, ალღოიანი პოლიტიკოსი, ჩვეულებრივ ადამიანთაგან გამორჩეული, მაგრამ არა გენიოსი;
    ახლა მინდა ვთქვა, საქართველოს დღევანდელ უბედურებაშიც სტალინის ხელი ურევია. სწორედ მან, სხვებმაც, მაგრამ მან ჩაალაგა დაყოვნებული მოქმედების ნაღმებად აფხაზეთი, აჭარა, ოსეთი... სინდისისგან დაცლილ-გარეცხილ ქართველს შეეძლო მხოლოდ ამის გაკეთება... ძულდა ლენინი, მაგრამ მისი ჩრდილიდან გამოსვლას ვერ ბედავდა და თავის დამცირებასაც არ უკადრისობდა. იგი ოკეანეა, მე ზღვაში წვეთიო, აცხადებდა სახალხოდ;
    სტალინი მარტოობაში, შიშში მოკვდა, ჩასველებული იწვა ცივ იატაკზე თორმეტი საათი;
    გვეშველება, უსაშველო ჯერ კიდევ არაფერი გვჭირს... მთავარია, რუსეთში არ მოვიდეს შავბნელი ძალები, რუსეთმა შეინარჩუნოს სტაბილურობა;
    პოლიტიკოსისგან მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ბევრს მაინც არ ეგონა, რომ კაცი, რომელსაც ახლა სახელმწიფოს მეთაური (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე) ჰქვია, თუნდაც იდეაში გაწირავდა უსუსურ ხალხს, პატიოსან ადამიანებსაც რომ ეძახიან ხანდახან; გაწირავდა მწერლებს, მუსიკოსებს, მეცნიერებს, მხატვრებს...” (ლიტ.საქ. 29 ივლისი, 1994).GK