სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1995 წლის ქრონიკა

    ასლან აბაშიძე: „საუბედუროდ, ქართველები მხოლოდ ურთულეს მრავალხმიან სიმღერაში ვაღწევთ ჰარმონიას, საქმეში კი იშვიათად;
    საქართველოში არსებული პრობლემები საქართველოშივე უნდა გადაწყვეტილიყო და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში;
    ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ ელემენტებთან, რომლებიც კი არ წარმართავენ და აკონტროლებენ ეკონომიკურ პროცესებს, არამედ, უბრალოდ ძარცვავენ სახელმწიფოს. ამ ძალებს დღეს არსად გასაძარცვი ადგილი აღარ დარჩათ. ამდენად მათი ლტოლვა აჭარისაკენ გასაგებია. ეს პროცესი დღესაც შეუნელებელია, რადგანაც მასში ჩართულია ზოგადი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელს აძლევს „აჭარის სინდრომის“ შექმნა;
    ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს ერთიანი ღრმად გააზრებული სტრატეგიული პროგრამა, პრაქტიკულად მოქმედი მექანიზმი და სათანადო კადრები ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ხშირად ხელისუფლება იღებს ისეთ ალოგიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების ნაცვლად ამუხრუჭებენ მის წინსვლას... თუნდაც ის ფაქტი, რომ სამი წელიწადი დაგვჭირდა თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. არადა, ამ სამ წელიწადში ქვეყანასა და ხალხს ასობით მილიონი მყარი ვალუტა დააკლდა“ (ლიტ.საქ. 11 დეკემბერი - 6 იანვარი, 1994-1995).GK

    მაია კუპრავა: „ორგანიზაცია ხსნის არმია Salvation Army – SA 1865 წელს ჩამოყალიბდა... SA წარმოიშვა როგორც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის საზოგადოების ერთი ნაწილისგან მეორე ნაწილის დახმარების გზა. SA-ს მოღვაწეობა მიმართული იყო ადამიანის გადასარჩენად. ორგანიზაციის მიზანია მისცეს ადამიანებს სულიერი და მატერიალური საზრდო და დაასაქმოს ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით... მაგალითად, SA-მ 60-იან წლებში ლონდონში გახსნა ასანთის ქარხანა, სადაც წარმოებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მავნე იყო, ვიდრე ადრე. ხსნის არმია არ ეწევა თამბაქოს და არ სვამს ალკოჰოლურ სასმელს... SA-ის მოღვაწეობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის საეკლესიო მოღვაწეობა და ჰუმანიტარული დახმარება... SA არ არის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ორგანიზაცია. SA თავის მოღვაწეობას წარმართავს იმ ქვეყნებში, რომელშიც ნებას რთავენ ადგილობრივი მთავრობები. ამა თუ იმ ქვეყანაში SA-ის მოღვაწეობის დაწყების უპირველესი პირობაა ეკლესიის ამოქმედების უფლება... SA-ის საქართველოს მისიას ხელმძღვანელობენ ოფიცრები ბატონი რონალდ ი. ლი და ქალბატონი ლინდა ლი. ისინი აღნიშნავენ საქართველოს ხელმძღვანელობასა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აქტიურ თანადგომას... ზუგდიდის გზაზე არაერთხელ დაარბიეს SA-ს მანქანები... SA-ს გადაწყვეტილი აქვს გახსნას შემოწირული ტანსაცმლის დაბალფასიანი მაღაზიები და შემოსავალი თავის ეკლესიას გადასცეს. SA-ის სამი ეკლესია საქართველოში უკვე მოქმედებს (თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში)... ხსნის არმიის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის რუსთავის სასადილოში ორმა 70 წელს გადაცილებულმა ადამიანმა ერთმანეთი გაიცნო და იქორწინეს. როგორც ქმარმა აღნიშნა, ასეთი ბედნიერი ის არასოდეს ყოფილა... 30 იანვარს ღამით ხსნის არმიის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელს, ჩილეს მოქალაქეს ალექსი ნესტერენკოს ბინაში შეუვარდა სამი შეიარაღებული ადამიანი და იარაღის მუქარით გაძარცვეს“ („რეზონანსი“, 4-5 თებერვალი, 1995).GK

    არქიმანდრიტი რაფაელი: „ეკლესიის შესახებ სწავლება ბევრი ქრისტიანისთვისაც გაუგებარია და მუდმივ ეჭვებსა და გაურკვევლობას იწვევს“ („იბერია სპექტრი“, 13 თებერვალი, 1995).GK

    ელენე ბარათაშვილი: „საქართველოს პარლამენტში 10 თებერვალს სხდომა მძაფრ კამათში ჩატარდა... თენგიზ სიგუამ დაპატიმრებული პარლამენტარის თენგიზ კიტოვანის დაცვა გააგრძელა. საგულისხმო ის იყო, რომ მის მერე გამოსულმა დეპუტატებმა, ერთის გარდა, მხარი დაუჭირეს თ. სიგუას პოზიციას... ლ. შაკიაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თ. კიტოვანის ქმედებაში ვერ ხედავს ვერავითარ კრიმინალს. ამიტომო თქვა შაკიაშვილმა, თ. კიტოვანი გადაყვანილ უნდა იქნეს შიდაპატიმრობაში და ისე გაგრძელდეს გამოძიებაო... პარლამენტის წევრმა ნანა დევდარიანმა თავის გამოსვლაში გამოთქვა ეჭვი თ. კიტოვანთან დაკავშირებით: რატომ უნდა დავუჯეროთ ამ საკითხში ბ-ნ თ. სიგუას და არა გენერალურ პროკურორს ჯ. ბიბილაშვილსო. ამაზე მას პასუხი დეპუტატმა ირაკლი წერეთელმა გასცა, რომელმაც მას აუხსნა, რომ უნდა დაუჯეროს თ. სიგუას... წერეთელმა დააგვირგვინა: − თენგიზ კიტოვანი რომ არა, აქ მყოფი დეპუტატების უმრავლესობა ვერასოდეს დაწინაურდებოდა და ვერ მოხვდებოდა პარლამენტში, რადგან 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები კიტოვანის გარეშე ვერ მოხდებოდაო“ („იბერია სპექტრი“, 13 თებერვალი, 1995).GK

    ლევან ფრუიძე: „50-ანი წლებიდან საბჭოური პოლიტიკის წყალობით, საბოლოოდ მოიშალა საქართველოს სოფლების ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზღვრები... სოფელი სოფელს არ ჰგავს და ქალაქი ქალაქს... სოფელთა უმრავლესობა ნასოფლარი გახდა. კატასტროფულად შემცირდა დასამუშავებელი მიწის ფონდი. მთიანეთი ლამის მთლიანად გავერანდეს. სამაგიეროდ, ბარის სოფლებში მიწა სანატრელია“(ლიტ.საქ. 17-24 თებერვალი, 1995).GK

     ასლან აბაშიძე: „როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის – ხელმძღვანელობის აზრს არავინ კითხულობს, ესე იგი მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას უგულებელყოფს და დემონსტრატიულად არ იზიარებს, იქნება კი ასეთი  კონსტიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული?
    1994 წლის 9 მაისს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემისთვის და საზღვარგარეთ მივლინებულ მოქალაქეებზე საკონსულო მომსახურებისათვის მოსაკრებლების დროებითი განაკვეთების დაწყების შესახებ“, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულნი არიან საქართველოში შემოსასვლელი ვიზისთვის გადაიხადონ 30 დოლარი. შედეგმა არ დააყოვნა და ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის მთავრობამაც და თურქეთში შესასვლელი ვიზის ღირებულება 10 დოლარიდან 30 დოლარამდე გაზარდა. ამის შედეგად, საქართველოს რესპუბლიკიდან გასული წლის ბოლო ოთხ თვეში გავიდა 1.959.570 ოდენობის მყარი კონვერტირებული ვალუტა, ხოლო შემოვიდა 120.120 ამერიკული დოლარი. ზარალმა შეადგინა 1.839.450 ამერიკული დოლარი;
    ურცხვად რომ ცრუობენ, მეჩეთებსა და მედრესეებს აშენებსო, რატომ ივიწყებენ ერის წინაშე იმას, რომ პირველად საქართველოში, ჯერ კიდევ 1991 წელს, ჩვენთან, ბათუმის ცენტრში, გავხსენით სასულიერო გიმნაზია. ხოლო დღეს ამ უაღრესად პრესტიჟულ სასწავლებელში სამასზე მეტი მოწაფე სწავლობს. გასულ 1994 წელს კი დაარსდა სასულიერო სემინარია, სადაც პირველ მიღებაზე ჩაირიცხა 60 ყმაწვილი. იქნებ მაჩვენოთ დღეს კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე სადმე ადგილი, სადაც ხელისუფლებამ გამოათავისუფლა ქალაქის ცენტრში დიდი ტრადიციების მქონე სასწავლო სკოლის შენობა მთელი თავისი ტერიტორიით და გადასცა ეკლესიას გიმნაზიის დასაარსებლად, ან იქნებ დამისახელოთ ასეთი დონის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც საერთო, დამსახურებული აღიარებით სარგებლობდეს მოსახლეობაში;
    ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ისევ რომ არ ისმოდეს მუქარის განუწყვეტელი გუგუნი და აგრესიული მზადება ჩვენს წინააღმდეგ, როგორც აქამდე, ახლაც თავს შევიკავებდით და ხაზგასმით ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით. დესტაბილიზაციის მცდელობა დღესაც არ შეწყვეტილა;
    პირდაპირ მინდა დავუსვა კითხვა იმათ, ვისაც ჭეშმარიტად აწუხებს ქვეყნის ბედი, რა მოუვიდოდა საქართველოს, თუ ისეთივე მდგომარეობა იქნებოდა აჭარაში, როგორც აფხაზეთში, სამაჩაბლოში? ეს რომ დღეს ასე არაა, უპირველესად აჭარის ხელისუფლებისა და მისი მოსახლეობის დამსახურებაა“(ლიტ.საქ. 10-17 თებერვალი, 1995).GK

    მიტროფანე კუჭავა: „როგორც პროცესის (იგულისხმება ბერიასა და მის თანამზრახველთა სასამართლო პროცესი) მასალებიდან ჩანს, საქართველოში რეპრესირებული იქნა 30 000 კაცი მაინც, მათგან დახვრეტილია თითქმის 10 000 კაცი;
    უდანაშაულო ადამიანთა მიმართ უკანონობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია – დამცველი ორგანოების აღვირახსნილი მუშაკები მიმართავდნენ შანტაჟს, დაპატიმრებულთ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას – სცემდნენ, აწამებდნენ და ა.შ;
    „მთელს საბჭოთა კავშირში ყველას შიშის ზარს სცემდა ლეფორტოვოსა და სუხანოვოს ციხეები, მათ თვით ორგანოების მუშაკები სასაკლაოს უწოდებდნენ. სუხანოვოს ციხეში ბერიას მუხის ხით გაწყობილი კაბინეტი ჰქონდა, სადაც იგი დაკითხავდა პატიმრებს, რომლებსაც ბერიას ნიშანზე აწამებდა ორგანოს მუშაკი შკურინი. შკურინს ხელი კი არა, ცხენის ტორი ჰქონდა“, – ყვება ბრალდებული მეშიკი სასამართლო პროცესზე;
    ბერიამ და მისმა თანამოაზრეებმა დიდი მუშაობა გააჩაღეს იმის „დასამტკიცებლად“, ვითომ  ს. ორჯონიკიძე იყო სტალინის წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფში;
    სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობის შემდეგ, ბერიამ გააგრძელა მასზე ცილისმწამებლური მასალების შეგროვება იმისთვის, რომ სტალინის წინაშე მოეხდინა მისი კომპრომეტირება, დაუნდობლად სდევნიდა  ს. ორჯონიკიძის ახლობლებს, ნათესავებს. 1937 წლის 9 ნოემბერს  ს. ორჯონიკიძის ძმა პაპულია დახვრიტეს ბრალდებით „ბერიას მოკვლის მცდელობისათვის“, ამას მოჰყვა პაპულიას ცოლის ნ.დ. ორჯონიკიძის დაპატიმრება „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით. ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ „სამეულმა“ მას მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.  ხოლო 1938 წლის 14 ივნისს, ამჟამად მოქმედი ახალი კანონის საფუძველზე, მსჯავრდებული  ნ.დ. ორჯონიკიძე ხელმეორედ გაასამართლეს და დახვრიტეს ბრალდებით „ბერიაზე ტერორის მოწყობის მცდელობისთვის“;
    1941 წლის 15 მაისს ბერიამ დააპატიმრა მოსკოვში მცხოვრები  კ.კ. ორჯონიკიძე (სერგოს ძმა), როგორც „სოციალურად საშიში ელემენტი“, მან 12 წელი დაჰყო ციხეში უკანონოდ;
    ბერია ყოველ მეორე ან მესამე დღეს პირადად დადიოდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში, დაკითხვებს ესწრებოდა და ზოგჯერ პირადად აწამებდა პატიმრებს. ბერიამ სცემა პატიმარი პეტრე აღნიაშვილი, ერიკ ბედია და სხვები;
    სანიმუშოდ შემოწმებული 300 ბრალდებულის საქმიდან 120 საქმის ფურცლებზე აღმოჩნდა ლ. ბერიას რეზოლუციები: „მკაცრად დაკითხეთ“, „გალახეთ“, „მკაცრად მოეპყარით“, „აღიარებინეთ დანაშაული“ და ა.შ;
    ჟუჟუნავას დაკითხვის ოქმს ადევს ბერიას ასეთი რეზოლუცია: „რაც შეიძლება მაგრად სცემეთ, მან ბევრი რამ იცის და არ ამხელს“;
    ბერიას თანდასწრებით გრძნობის დაკარგვამდე ხაზანმა ჯოხით, თოკით, ღვედით სცემა რუსთაველის თეატრის დირექტორი ორაგველიძე, სანამ მან არ მისცა დანაშაულის აღიარების ჩვენება, რომელიც ორაგველიძემ შემდგომ უარყო;
    ქობულოვმა და ხაზანმა ციხეში აწამეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს პატიოსანი ადამიანი, თბილისის დეპოს ყოფილი ზეინკალი, საქართველოს კომპარტიის ლენინის რაიკომის მდივანი, ნაძალადევის მუშათა ლიდერი დავით ფანცულაია;
    გაზეთ „კომუნისტის“ ყოფილი რედაქტორი ერიკ ბედია მხოლოდ იმიტომ დაიხვრიტა, რომ მას თავის ახლობლებთან უთქვამს: „ მე მრცხვენია ლავრენტის მაგივრად, რადგან იგი პლაგიატია და ურცხვად მიითვისა სხვისი ნაშრომი „ამიერკავკასიის პარტიული ორგანიზაციების ისტორიიდან“. ძიების დროს ბერიამ პირადად აწამა იგი;
    სასამართლო პროცესის მასალებში დაცულია დოკუმენტები, რომლებიც თვალნათლივ მოწმობენ, რომ ბერიამ სომხეთის ცკ-ს მდივან ხანჯიანს შანტაჟისა და პროვოკაციისთვის მიუჩინა თბილისელი ცატუროვი და აკოფოვი და თვითმკვლელობამდე მიიყვანა;
    სასამართლო შეეკითხა ბერიას თუ რატომ, რისთვის „გაისარჯა“ იგი, სსრკ უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის საშუალებით სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილი ბოროტმოქმედი ვიტინგენის გასათავისუფლებლად?  ლ. ბერიამ უპასუხა: „ის ჩვენ დაგვეხმარა ტროცკის ლიკვიდაციაშიო“(ლიტ.საქ. 17-24 თებერვალი, 1995).GK – ცრუ ინფორმაციებია ბერიაზე (რედ., «სინერგია»).

    ლევან ფრუიძე: „საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მღელვარე სხდომაზე ბატონმა თენგიზ სიგუამ განაცხადა: ფაქტიურად მიწების პრივატიზაცია შეჩერებულიაო, 1992 წლის 18 ივნისს ცნობილი დადგენილების საფუძველზე განკერძოებულია 627,9 ათასი ჰექტარი მიწა, ხოლო ორ წელიწადში (1993-1994) მხოლოდ 262,9 ათასი ჰექტარი“(ლიტ.საქ. 10-17 თებერვალი, 1995).GK

    ლია არჩვაძე: „ოთარ ჭილაძის აზრით, ქართველი ერი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის „ზოგჯერ ალალბედზე“, მაგრამ მაინც იბრძოდა. საუკუნის დასაწყისში ვერ შევძელით პოლიტიკური პროცესების საღად შეფასება და კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან... მხოლოდ სამი წლის მანძილზე ვითამაშეთ გამოგონილი თავისუფლება  გამოგონილ სახელმწიფო სცენაზე. ქართველმა ხალხმა, მარტივად თუ ვიტყვით,  ი. ჭავჭავაძეს  ნ. ჟორდანია ამჯობინა და დაისაჯა კიდეც. დღეს კი ერთხელ კიდევ გვეძლევა შანსი...
    1989  წელს 28 ივლისს ჭილაძე ბეჭდავს „ღია წერილს“. წერილის ადრესატი ინგლისელი მეცნიერია, რომელიც ქართველ ხალხს ბრალს დებს მცირე ერების, კერძოდ აფხაზი ხალხის ჩაგვრაში“(ლიტ.საქ. 10-17 თებერვალი, 1995).GK

    იოანე სენაკელი, ანანიაშვილი (მონაზონი): „ რუსეთის ეკლესიამ შეაჩვენა ჩვენი ეკლესია და ანათემაზე გადასცა“ („ნათლისა“, 6 მარტი, 1995).GK

    თამაზ წივწივაძე: „ბორის კაკუბავამ და ნოდარ ნათაძემ (ერთი ღორის ქურდობაშია მხილებული, მეორე – კრედიტების გადაქაჩვაში!), წერილობითი განცხადებებით მიმართეს რესპუბლიკურ პროკურატურას, რათა აღძრან სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო დამნაშავეების  ე. შევარდნაძისა და  თ. წივწივაძის წინააღმდეგ!“
    კაკუბავა გენერალურ პროკურორს ჯამლეთ ბაბილაშვილს სთხოვს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე „მოქალაქე შევარდნაძის მიმართ პიროვნების შეურაცხყოფისთვის“, ხოლო ნათაძე მთაწმინდის რაიონის პროკურორს თემურ ნამიჭეიშვილს სთხოვს, თამაზ წივწივაძის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (ცილისწამება) მუხლის მეორე ნაწილით და 138-ე (ცილისწამება) მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო“(ლიტ.საქ. 17-24 მარტი, 1995).GK

    რესპუბლიკის პროკურატურის პრესცენტრი: „აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს 1980 წლის 11 სექტემბრის განაჩენით,  ბ.ჯ. კაკუბავას მიესაჯა 14, ხოლო  რ.კ. ბერულავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენით ბორის ჯოტოს ძე კაკუბავას მსჯავრი დაედო 1976 წლის 31 მარტიდან სოხუმის ხორცკომბინატში პირუტყვის მიმღებად მუშაობისას, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაიტაცა სახელმწიფო ქონება. ასევე იგი გაასამართლეს ქრთამის მიცემისთვის, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის და სამსახურეობრივი სიყალბისთვის. 1981 წლის 6 აპრილის განჩინებით  ბ. კაკუბავას და სხვათა მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად“(ლიტ.საქ. 17-24 მარტი, 1995).GK

    გურამ ფანჯიკიძე: „არნახულმა ფინანსურმა გაჭირვებამ შარშან „მნათობის“, „ცისკრის“, „ნობათის“, „ლიტერატურნაია გრუზიას“ მხოლოდ თითო-თითო ნომრის გამოშვება შეგვაძლებინა. მსგავსი რამ არ მომხდარა ამ ჟურნალების დაარსების დღიდან. რესპუბლიკის მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნა და წლეულს საშუალება გვაქვს ამ ჟურნალების სულ ცოტა ექვს-ექვსი ნომერი მაინც გამოვცეთ“(ლიტ.საქ. 24-31 მარტი, 1995).GK

    რუსეთში მარტო ჟურნალისტებს, დეპუტატებსა და ბიზნესმენებს არ ხოცავდნენ. ახლახანს პეტერბურგში მხეცურად მოკლეს პოეტი ნატალია კარპოვა. მკვლელები მაშინ დახვედრიან, როცა ის ეკლესიაში დილის წირვაზე მიდიოდა. პოეტის დამახინჯებული გვამი პეტერბურგის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის სახლის შესასვლელში უპოვიათ(ლიტ.საქ. 24-31 მარტი, 1995).GK

    გერმანიაში მწერალთა კავშირები და გაერთიანებები არსებობს 1842 წლიდან(ლიტ.საქ. 31 მარტი - 7 აპრილი, 1995).GK

    გიზო ზარნაძე: „მხცოვან პენსიონერ ქალბატონს, ინკასატორმა, არც მეტი არც ნაკლები 89 000 000 კუპონი უანგარიშა ელექტროენერგიის ნახარჯი. გაეცინა დიასახლისს, სამ მილიონ კუპონს მაძლევენ პენსიას და ოთხმოცდაცხრა მილიონი საიდან გადავიხადოო“(ლიტ.საქ. 31 მარტი - 7 აპრილი, 1995).GK

    ჯანსუღ ჩარკვიანი: „ირანში ბევრს საქართველო თავისი ქვეყანა ჰგონია. ერთმა ირანელმა მითხრა, ნუ გეშინიათ, მალე გაგათავისუფლებთ რუსის ტყვეობიდანო;
    პარლამენტში ვისწავლე სიტყვები „ცალსახად“, „კონსენსუსი“ (ეს მეორე სიტყვა თუ ორი „ნ“-თი იწერებოდა არ ვიცოდი), „იმიჯი“. ისიც ვისწავლე, რომ თუნდაც უადგილო ადგილას იხმარ სიტყვებს - „ვითარცას“ და „რამეთუს“. კიდევ, არანორმალურთაგან ვისწავლე: თუ შევარდნაძემ თეთრზე თეთრიაო თქვა, შენ აუცილებლად შავიაო უნდა თქვა. გავიგე, როგორ სძულთ მწერალი და საერთოდ წიგნი. სრულიად ვიღაცას, შემთხვევითსა და გაუზრდელ რეგვენს, შეუძლია შურაცხყოფა მიაყენოს საუკუნის რომანის ავტორს, ჭაბუა ამირეჯიბს. არადა, ის რეგვენი რამდენი წლისაცაა, ორი იმდენი ციხე ჰქონდა მისჯილი ჭაბუა ამირეჯიბს კაიკაცობისთვის და მამულიშვილობისთვის;
    ბატონ ედუარდ  შევარდნაძეს გავენდე, შევსჩივლე, აღარ შემიძლია ამ ნაგავში ჯდომა და წასვლას ვაპირებ-მეთქი... შევარდნაძემ არც გაიკვირვა ისე მომახალა: უჰ, შენ გაგახარა ღმერთმა, რა კაი აზრები მოგდის, მეც მაგ აზრისა ვარ, მერე მოვილაპარაკოთ და ერთად წავიდეთო. მივხვდი, რაც მითხრა: გაქცევა ადვილია, ხოლო ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა ძნელი... ასე დავრჩი პარლამენტში;
    შარშან ხუთი საათის შემდეგ არ იყო სასურველი ქუჩაში გასვლა, დღეს უფრო უშიშრად დადიან ქუჩაში. გაძლიერდა პოლიცია. ისინი გამოჩნდნენ, იმედად გამოჩნდნენ. შარშან, პურის ხარისხზე  ვინ ილაპარაკებდა, შარშან პურის რიგსა და უპურობაზე იყო ლაპარაკი. შარშანდელთან შედარებით სინათლეც გამოჩნდა ჩვენს ფანჯრებში. რამდენი ჩამოვთვალო?
    ბატონ ედუარდს ხანდახან ჩემ „საპარლამენტო ლექსებს“ ვუგზავნი, როცა ვატყობ, რომ გამოჰყავთ წონასწორობიდან. ერთხელ, მე, ჭაბუა ამირეჯიბმა, რომან მიმინოშვილმა და თემურ კოპალეიშვილმა ყურებს არ დავუჯერეთ, როცა ზემო მხრიდან ერთი ქალი ერთ-ერთ პარლამენტარს უსისინებდა: „მიდი, მიდი, ბიჭო, ავარდა, ავარდაო“. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ჰოდა მეც, რომ არ „ავარდეს“, ირონიული ლექსებით ვეშველები;
    1991 წელს მაშინდელი გაზეთები ფურთხით მავსებდნენ. მეორე ტომი გააჩერეს „ისინი“,  მაშინ, სამტრედიაში მატარებლებს აჩერებდნენ და წიგნის გაჩერებას რა უნდოდა.  დიდი სურვილი მქონდა გამოსულიყო ჩემი მოთხრობების, ესეებისა და პუბლიცისტური წერილების წიგნი. გავამზადე და 1991 წლის ბოლოს ჩავაბარე კიდევაც გამომცემლობა „მერანს“. აგერ თითქმის ოთხი წელი გავიდა და მზის სინათლე ვერ იხილა. წიგნის არ გამოცემას ვაბრალებ „მერანის“ რედაქტორს, ჩემ მეგობარ ბატონ გურამ გვერდწითელს;
    მაცივრის მეკუჭნავეს, 974 ღორისა და 48 ძროხის ქურდს (იგულისხმება ბორის კაკუბავა) არ უნდა გაუჩნდეს სურვილი არმიის შექმნისა და მტერზე გალაშქრებისა;
    თახსირმა არძინბამ ძმათამკვლელ ომში „აფხაზეთის ეროვნული გმირის“ წოდება დაურიგა ოთხმოცდაათ მკვლელს. აქედან ჩვიდმეტი სუფთა ქართველია. თავი სად გამოვყოთ? ახლა მკითხველმა იანგარიშოს, პოტენციურად რომელი ერის წარმომადგენელი უფრო კარგად კლავდა ქართველს;
    „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“, იმედი ნუ მოგვიშალოს მამაზეციერმა. ხოლო თუ მოკვდავთა მხრივ მეუბნებით და პიროვნება გაინტერესებთ, საქართველოს ხელისუფლებას დღეს სათავეში უდგას მსოფლიოში გამოჩენილი და ღირსეული პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე“(ლიტ.საქ. 31 მარტი - 7 აპრილი, 1995).GK

    სერგო ბერია: „მამაჩემი ლენინისა და სტალინის გაღმერთებისგან შორს იდგა. მას საერთოდ ზიზღს გვრიდა ნებისმიერი პიროვნების კულტი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მამაჩემი ინფორმირებული პიროვნება იყო, ძნელი მისახვედრი არაა, თუ ერთისაც და მეორისაც რამდენი შეცოდება იყო მისთვის ცნობილი“(ლიტ.საქ. 31 მარტი - 7 აპრილი, 1995).GK

    არიელ ლევინი (თბილისის ებრაელთა რელიგიური წინამძღოლი): „მარხვა იწყება 15 მარტის (13 ადარის) გარიჟრაჟზე და მთავრდება საღამოს, როცა იწყება ფურიმი. ასე რომ ყოველი ებრაელი ვალდებულია 15 მარტის გათენებიდან შუაღამემდე არც ჭამოს, არც სვას... ყოველი ებრაელი ფურიმის საღამოს და დილას უნდა მოვიდეს სალოცავში და ისმინოს „ესთერის გრაგნილი“... ფურიმში მიღებულია გემრიელი სმა-ჭამა, ქეიფი, დათრობაც კი“(„მენორა“, მარტი, 1995).GK

    ელდარ მამისთვალიშვილი (გორის ეკონომიკური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე): „უკ,ანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია ქართველთა და ებრაელთა ისტორიის კვლევისა იმ კუთხით, რომ დადგინდეს ამ ორი ხალხის ნათესაობა... რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე ქართველისა და ებრაელის ურთიერთობას ჩრდილი არ მისდგომია... ჩემი მოსაზრების გამოთქმის სურვილი გამოიწვია იაკობ პაპიაშვილის სტატიამ... სტატიის იდეა არის: ძვ. წ. ა. XIX საუკუნეში კავკასიიდან წასული ქართველები, უფრო ზუსტად პროტოქართველები, აღწევენ პალესტინას, განიცდიან იუდიზაციას და ძვ. წ. ა. VI საუკუნეში, ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილნი ბრუნდებიან საქართველოში და ისინი ჩვენს მწერლობაში ცნობილნი არიან, როგორც „ურიანი ქართველნი“... ი. პაპიაშვილმა როგორც დააყენა საკითხი, სიმართლე ითქვას, ასეთნაირად არავის დაუყენებია... არსებობს საინტერესო მოსაზრება, რომლის მიხედვით, ებრაელები, საერთოდ კავკასიური წარმოშობისა არიან და აქედან წავიდნენ დაახლოებით მაშინ, როდესაც ვარაუდობს განსახილველი სტატიის ავტორი... ამ ჰიპოთეზის განვითარებას ცდილობს ჩვენი თანამემამულე, ამჟამად ისრაელში მოღვაწე, ცნობილი მეცნიერი ი. დავიდი; იგი აყენებს ებრო-იბერიული გენეტიკური წრე-ხაზის თეორიას, რომლის მიხედვით ებრაული ჰაბირუს ტომები კავკასიიდან მიდიან პალესტინაში, განიცდიან სემიტიზაციას და შემდეგში გარკვეული ტომების სახით უბრუნდებიან კავკასია-მცირე აზიასა და ირანს. უფრო მეტიც: აშქენაზები, სეფარიდები, თემანიელები, კავკასიელები ერთი მთლიანი კავკასიური რასის ნაწილს შეადგენენ... სტატიის ავტორი აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო ლეგენდით დაკარგული 10 ებრაული ტომით, რომელთა კვალს მკვლევარები კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში მოჰყავს... ნაშრომში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ანთროპოლოგიის მონაპოვარი, ქართველთა და ებრაელთა ურთიერთ მიმართების საკითხს რომ წაადგებოდა... რად ღირს თუნდაც ალ. ჯავახიშვილის სპეციალური გამოკვლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსი და უცხოელი მეცნიერების შრომებზე... ჩემთვის გაუგებარია, ავტორი რატომ არ დაინტერესდა იმ ლეგენდებით (სომხური, ბერძნული), რომლებიც ქართველთა წარმოშობას შეეხებიან და მათს ებრაულ წიბოზე მიგვანიშნებენ... ავტორი ასკვნის: ტერმინი „ურია“ და „ჰურია“ ქართული წარმომავლობისაა და წარმოსდგება ტოპონიმ „ურისაგან“. ეს ტერმინი ქართლოსიანთა მხარეში დამკვიდრებულია არაუგვიანეს ძვ. წ. 3500-3000 წლებისა, იყო პრესტიჟული ზედმეტსახელი და ეძახდნენ იმ ქართველებს, რომლებიც უროში სავაჭროდ დადიოდნენ“... ი. პაპიაშვილის მოსაზრებით, „ურია“ უნდა მოდიოდეს ჯავახეთის ქალაქ ურისაგან და ამის დასამტკიცებლად არცთუ მთლად მისაღებ არგუმენტებს იშველიებს... პატივცემულ მკვლევარს ჯერ უნდა უარეყო ბიბლიის ეს მონაცემები ებრაელთა წინაპარი აბრამის თავდაპირველი სამშობლოს შესახებ, მით უმეტეს თუ კი მისი მიზანია თვით აბრამი და მისი შთამომავალი ებრაელი ხალხი გამოაცხადოს „პროტოქართველებად“ და იმავე ბიბლიიდან მოიყვანოს ისეთი ციტატები, რომლებიც სრულებითაც ვერ დაგვეხმარებიან ამ უაღრესად საინტერესო საკითხის გარკვევაში... ი. პაპიაშვილს უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ ტერმინი „ურია“ („ჰურიას“ წარმოშობა სპეციალურად იკვლიეს მ. მამისთვალიშვილმა და კ. წერეთელმა... ბატონი იაკობ პაპიაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ურიები თანამედროვე ქართველთა წინაპრები იყვნენ და, როგორც ვნახეთ, მამა აბრამიც მათ შორის ეგულება“ („მენორა“, მარტი, 1995).GK

    იოსებ დავითაშვილი: „საქართველოს პარლამენტის სპიკერს, პროფესორ ვახტანგ გოგუაძეს! ბიბლიის ჩინებულ მცოდნეს... კარგად მოგეხსენებათ, მოსემ რამდენ ხანს ატარა ებრაელობა უდაბნოში და მაშინ ისინი პურის ნაცვლად გაფუებული ხმიადით (მაცით) იკვებებოდნენ... იმ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს ებრაელობა ყოველწლიურად აღნიშნავს რა გამოსვლის დღესასწაულს, არ ჭამს პურს, იკვებება მაცით... 26 საუკუნეა საქართველოს ებრაელობას ეს წესი არ დაურღვევია... მაცის ცხობას იანვარშივე ვიწყებდით, რათა დაგვეგროვებინა საჭირო მარაგი... წელს ვდგევართ დიდი საშიშროების წინაშე − ენერგეტიკული კრიზისის გამო... იქნებ, გასცეთ განკარგულება ქ. თბილისის მერიის სათანადო სტრუქტურაზე, რომ სინაგოგას, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს და სადაც ცხვება მაცა, შეუფერხებლად მიეწოდოს ელექტროენერგია“. ვახტანგ გოგუაძე: „ქ. თბილისის მერს ბ-ნ ლეკიშვილს! ჩვენი ებრაელი ძმების მოთმინება და დიდსულოვნება თქვენთვის კარგადაა ცნობილი. თუ მართლა საღმრთო აუცილებლობა არა, არაფერზე შეგაწუხებენ. ძალიან გთხოვთ, შევუსრულოთ ეს თხოვნა“ („მენორა“, მარტი, 1995).GK

    შალვა ნოზაძე (ეკონომიკის ქრისტიანული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი): „სოციალისტური წყობილების მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა შრომობდა სახელმწიფოსთვის, ხოლო შრომის შედეგს სახელმწიფო ანაწილებდა... ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა იგრძნო რა „ყინულის შელღობა“, ხელი მიჰყო პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას, ხოლო რადგან ეს სოციალისტური კანონებითა და ზნეობითაც აკრძალული იყო, ამ საქმეს ისინი კანონის გვერდის ავლით ახორციელებდნენ... ამ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოში სამჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ შეცვალა ტოტალიტარული სისტემა... სიტუაციის მთელი ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფალნი არსებულ სისტემას დემოკრატიის მშენებლობას უწოდებენ“ („მსგეფსი“, მარტი, 1995).GK

    მიხეილ ფაღავა: „ბოლო დროს რუსეთი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ არძინბა ძალზე ოსტატურად თამაშობს რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად სულაც არ სურს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანა“ („მსგეფსი“, მარტი, 1995).GK

    ლევან ურუშაძე: „იმედს გამოვთქვამთ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა იტყვის თავის სიტყვას, როდესაც სამართლიანობა და ჭეშმარიტი დემოკრატია კვლავ გამარჯვებას იზეიმებს ჩეჩნეთსა და საქართველოში. ეს კი საწინდარი იქნება მომავალი დამოუკიდებელი და მძლავრი კავკასიისა“ („მსგეფსი“, მარტი, 1995).GK

    სერგო ბერია: „როდესაც ქვეყანა პირდაპირ შეძრა ავადმოსაგონარმა „ლენინგრადის საქმემ“, მამაჩემმა პირდაპირ უთხრა მალენკოვს:
    – გიორგი, შენ ხომ ახლაც იგივე საქმე გააკეთე, რასაც ომამდე ბელორუსიაში აკეთებდი. გარწმუნებ, შენ ეს საქმე ცუდად დაგხვდება წინ... ასეთი რამ არ შეიძლება! უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკურ ავანტიურიზმში გახლართვა ურიგო საქმეა!
    – მე რა შუაში ვარ... ეს სტალინის მითითებაა, შენ ეს უნდა გესმოდეს...
    – არა გიორგი, შენ პასუხს მოგთხოვენ ამის გამო. დაფიქრდი, რას აკეთებ.
    მამაჩემი გულისხმობდა მალენკოვის, როგორც ცეკას საორგანიზაციო განყოფილების გამგის მონაწილეობას ოცდაათიან წლებში ბელორუსიაში მოწყობილ მასობრივ რეპრესიებში;
    ვიცი, რომ რეპრესიების უკვე დამთავრების შემდეგ ხრუშჩოვის შეჩერება ვერ შეძლეს – უკრაინა პირდაპირ გმინავდა იქ დატრიალებული უკანონობის გამო. სტალინმა მას ასეთი ბარათიც კი გაუგზავნა: „დაშოშმინდი, რეგვენო!“(ლიტ.საქ. 7-14 აპრილი, 1995).GK

    1995 წელი – გაერთიანდა საქართველოს სამი წამყვანი ბანკი – „ახალი ქართული ბანკი“, „საქექსიმბანკი“ და „ინდუსტრიაბანკი“. ახალ ბანკს დაერქვა „ გაერთიანებული ქართული ბანკი“(ლიტ.საქ. 14-21 აპრილი, 1995).GK

    ედუარდ შევარდნაძე: „ ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იუნესკოს ორგანიზაციას, რომელსაც სამართლიანად უწოდეს გაეროს მთელი სისტემის „მოაზროვნე თავი“(ლიტ.საქ. 14-21 აპრილი, 1995).GK

    ნუგზარ პაპუაშვილი: „1918 წლის 14 აპრილს, 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად. შემოღებულ იქნა ახალი სტილის კალენდარი, რომელიც აკურთხა კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ. იგი ევროპული ორიენტაციის მართლმადიდებელი მღვდელმთავარი იყო. დაიწყო უწესრიგობა: ერთსა და იმავე დღესასწაულს – შობას, აღდგომას და ა.შ. – ზოგჯერ ერთსა და იმავე ეკლესიაში ორჯერ იხდიდნენ, რაც ათეისტების სიცილ-კისკისს იწვევდა. კათალიკოს-პატრიარქი იძულებული გახდა 1925 წლის 24 მარტს კვლავ ძველ სტილს დაბრუნებოდა. 1927 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა ეპისტოლე, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ახალი სტილის კალენდრის სიზუსტეს. აღინიშნა, რომ კალენდრის პრობლემა არ არის დოგმატიკის სფერო. 1927 წლის ივნისში გადაწყდა, დაკანონებულიყო ახალი სტილი უძრავ დღესასწაულთათვის. 1928 წლის 28 სექტემბერს დროებით შეაჩერეს აღნიშნული დადგენილების მოქმედება;
    გვსმენია, სარწმუნო კაცთაგან, ღრმადგანსწავლულმა კათალიკოსმა კალისტრატემ მოინდომა სრულიად საქართველოს IV საეკლესიო კრების დადგენილების ძალაში შეყვანა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ანგარიში გაუწია რუსეთის ფაქტორს“(ლიტ.საქ. 7-14 ივლისი, 1995).GK – არასანდო ცნობებია (რედ., «სინერგია»).

    რომან მიმინოშვილი: „სრულიადაც არ არის მოულოდნელი, სუკი დაინტერესებული ყოფილიყო, რომ 1989 წლის მოვლენები რეპრესიებით დამთავრებულიყო, რათა შეეფერხებინა სულ უფრო მზარდი ეროვნული მოძრაობა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ეცდებოდა სუკი თავისი აგენტურის საშუალებით გაემძაფრებინა კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რათა შემდეგ გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა ეროვნული მოძრაობისთვის... როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ ძლიერმა საბჭოთა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ათეულმა უიარაღო კაცმა შეძლო დაერბია ქალაქის ცენტრში რესპუბლიკური სუკის შენობა?.. რა მოიგო სუკის დარბევით ეროვნულმა მოძრაობამ? შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ აქციამ გარკვეული მორალური კმაყოფილება მოგვგვარა, მაგრამ ქართველმა ერმა ამის შედეგად სამუდამოდ დაკარგა მნიშვნელოვანი ისტორიული საბუთები!.. აპრილის ტრაგედიამ გამოიწვია ეროვნული მოძრაობის გაღრმავება და ერის არნახული კონსოლიდაცია... საჭირო იყო ეროვნული მოძრაობის გათიშვა და სულაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ სუკი ეცდებოდა მაქსიმალურად მიეღწია ამ მიზნისთვის. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა კულმინაციას მიაღწევდა 1990 წლის მარტის არჩევნების წინ. სწორედ მაშინ იჩინა თავი პიროვნულმა და პარტიულმა ამბიციებმა, რომელთაც თავი მოიყარეს ერთ ფოკუსში... საჭირო იყო უფრო რადიკალური ძალებიდან ისეთისთვის მხარდაჭერა, რომელიც კომუნისტებთან ალიანსში მკვეთრად დაუპირისპირდებოდა სხვა პარტიებს... ამ პოლიტიკურ ძალას უნდა ეკისრა ეროვნულ მოძრაობასთან ბრძოლის ავანგარდში ყოფნა, რადგან კომპარტიას საამისო ძალა და ავტორიტეტი უკვე აღარ ჰქონდა. გავიხსენოთ 1990 წელს განხეთქილებანი სახალხო ფრონტში, ვინ იყო ინიციატორი ამ განხეთქილებისა, ვინ ვერ შეეგუა ვერცერთ ორგანიზაციას?.. რით შეიძლება აიხსნას 28 ოქტომბრის არჩევნებში კომპარტიის გაუგონარი პასიურობა? კომპარტიას ხომ ჯერ კიდევ ხელთ ჰქონდა ყველა ჩვეული ბერკეტი... მკითხველს შევახსენებ საოცრად დელიკატურ ურთიერთობას საარჩევნო კამპანიის დროს კომპარტიასა და „მრგვალ მაგიდას“ შორის, არც ერთხელ მათ ერთმანეთი არ გაუკრიტიკებიათ!.. გასაგებია, რომ კომპარტიიდან წარმოდგენილი კანდიდატები ერიდებოდნენ კონკურენტთა კრიტიკას, რადგან ამით მათ შესძენდნენ ქულებს, მაგრამ რატომ იქცეოდა ასე „მრგვალი მაგიდა“? მაშინ, როდესაც „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენლები სასტიკად უსწორდებოდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებს... გავიხსენოთ 28 ოქტომბრის არჩევნების წინ სამტრედიის გახმაურებული აქცია, როცა პატარა საქართველომ „ეკონომიკური ბლოკადა“ გამოუცხადა უზარმაზარ საბჭოთა კავშირს... ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო გაჩანაგებით?.. ეროვნულ მოძრაობას გადამწყვეტ მომენტში ტრაგიკული შემთხვევის გამო ჩამოსცილდა ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი მერაბ კოსტავა... ვის სჭირდებოდა მისი გზიდან ჩამოცილება?.. ქართული ეროვნული მოძრაობა დაინტერესებულია ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის კონსოლიდაციით, სუკი − პირიქით. რა გააკეთა ეროვნულმა ხელისუფლებამ კონსოლიდაციისთვის?.. დამარცხებულმა პრეზიდენტმა სომხეთს შეაფარა თავი. შეიძლება დავუშვათ, რომ ზედმეტი სისხლის თავიდან ასაცილებლად. მას აჯანყებულმა ოპოზიციამ თვითონ გაუხსნა კორიდორი, მაგრამ ვინ გააფრინა იგი გროზნოში ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი გაიგო ვერც სომხეთის ხელისუფლებამ და ვერც რუსეთის საჰაერო დაცვამ?“ („საქ. რესპ.“ 1 მაისი, 1995).GK.

    გაზეთ "Аргументы и факты"-ში (№23) დაიბეჭდა კორესპონდენცია „აფხაზეთის კურორტები: გავემგზავროთ თუ არა“, რომელიც შავ ზღვაზე ახალი საზაფხულო სეზონის დაწყებას ეძღვნება. ნიშანდობლივია, რომ სტატიაში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები საქართველო. რამეთუ გაზეთი, როგორც ჩანს, აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყანად თვლის („იბერია სპექტრი“, 18 ივლისი, 1995).GK.

    ზურაბ ბერაძე: „საქართველოს ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ 7 ივლისი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღედ გამოაცხადა“ („ივერია გაბრწყინდება“, 18-28 ივლისი, 1995).GK.

    1990 წლისთვის მსოფლიოში ოფიციალურად აღირიცხებოდა 10 მილიონამდე მასონი, რომელნიც გაერთიანებულნი არიან ძირითად მსოფლიო ორგანიზაციებში... მასონთა 80 % აშშ-ში იმყოფება („Русский Вестник (Москва)“ №33-36, 1995).GK

    ლაშა დადიანი: „1987 წელს შვეიცარიის გამომცემლობა „სფინქსმა“ დაბეჭდა გიორგი გურჯიევის უმთავრესი და უდიდესი თხზულება − ტრილოგია „ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკა, ანუ ბელზებულის ნაამბობი თავის შვილიშვილ ჰასინისათვის“... გურჯიევი შეუპოვრად და განუწყვეტლივ ეძებდა და პოულობდა ეზოტერული (ფარული, ხალხის მასებისთვის მიუწვდომელი) ცოდნის ცოცხალ წყაროებს... ტიბეტში გურჯიევმა 10 წელი დაჰყო, სადაც ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ ქვეყნის უმაღლეს მღვდელმსახურთან დალაი-ლამასთან... ინტენსიური მუშაოების ეტაპზე (1923-33 წლებში) გურჯიევმა დაასრულა თავისი სამი მთავარი ქმნილება − ათი სამ სერიად დაყოფილი წიგნები...ამ თხზულებათა მიზან-დანიშნულებას თავად ავტორი შემდეგნაირად განმარტავს: „პირველ სერიაში შემავალი წიგნების მიზანია ადამიანის გონებასა და გრძნობებში ღრმად ფესვგადგმული რწმენისა და მრწამსის შეცვლა, რადგან ეს წარმოდგენები მთლიანად ყალბია და საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს... მეორე სერიის მიზანი: ხალხისთვის სინამდვილის აღქმისა და შეცნობის სწორი გზების ჩვენება და მათი მიმართულების მითითება; მესამე სერიის მიზანი: ხალხისთვის ჩემს მიერ აღმოჩენილ ჭეშმარიტებათა გაცნობა და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, პრაქტიკული, ყოველდღიური ცხოვრების წესად გადაქცევაა“ („საქ.რესპ.“ 1 დეკემბერი, 1995).GK

    ანზორ ბალუაშვილი (გენერალური პროკურორის მოადგილე): „საქმე გვაქვს ტრილიონობით კუპონის ზარალთან... ვახტანგ ქობალიას, სიმონ ჟღენტის, ჯამბულ ბოკუჩავას, ნუგზარ მოლოდინაშვილის, ზვიად ძიძიგურის საქმე უზენაეს სასამართლოს გადავეცით... უკვე ათეულობით საქმე გვაქვს გადაცემული სასამართლო ორგანოებისთვის, ქობალიას და სხვათა თანამონაწილეობაზე, რომელთაც უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულებანი აქვთ ჩადენილი. მაგალითად, მინდაძის საქმე. ამ ბოროტმოქმედმა სენაკში პოლიციის უმაღლესი სასწავლებლის კურსანტები საჯაროდ დახვრიტა, იგი გასამართლებულია და სასჯელის უმაღლესი ზომაც მიესაჯა. გასამართლებულია ოთხოზორია, ერთ-ერთი ბანდფორმირების ხელმძღვანელი, შურღაია, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთი იდეოლოგი და ორგანიზატორი... ქობალიასთან და სხვებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეში იმხილებიან ბესარიონ გუგუშვილი, ტარიელ გელანტია, გურამ აბსანძე, ნემო ბურჭულაძე, თამაზ ვაშაძე, როლანდ ლაკია და სხვები... ისინი გადახვეწილნი არიან და ემალებიან მართლმსაჯულებას... ჩვენ გამოვიძიეთ კონკრეტული ფაქტები, პოლიტიკური შეფასება ჩვენი საქმე არ არის... შეიარაღებული შეტაკების პროვოცირება, როგორც საქმის გამოძიებით ირკვევა, მოახდინა ვახტანგ ქობალიამ, ამიტომ მოსაზრება, რომ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ მოხდა რევოლუცია, სწორი არ უნდა იყოს... გამოძიებამ შეისწავლა ის დანაშაულობანი, რომლებიც ჩადენილ იქნა 1992 წლის იანვრიდან, ესე იგი, მას შემდეგ, რაც გამსახურდიას რეჟიმი გახდა ყოფილი ხელისუფლება... გამოძიების დოკუმენტებში ლაპარაკია: ქურდბაცაცების ბანდებზე, რომლებიც „მასშტაბურად“ ძარცვავდნენ... რომლებიც აჩერებდნენ, ვთქვათ, მატარებლების სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობებს, იტაცებდნენ ყველაფერს... ძარცვავდნენ მგზავრებს, ითვისებდნენ რესპუბლიკის სახელმწიფო თუ მეზობელი ქვეყნების ქონებას და მდიდრდებოდნენ... ჩვენ არ ვსჯით უშუალო შემსრულებლებს და არც დავსჯით, თუ რა თქმა უნდა არ გამოუვლინდა კონკრეტული დანაშაული − გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა... რამდენჯერაც ჩავედით სამეგრელოში, იმდენჯერ ოფიციალურად განვაცხადე, რომ სახელმწიფოს მეთაურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოაცხადა შეწყალება, შემორიგება... ვახტანგ ქობალიას და სხვათა საქმეში ფიგურირებდნენ ბანდიტური ფორმირებების ხელმძღვანელები, ჯგუფი, რომელიც არსებული სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობის, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კრახის გამოსაწვევად მოქმედებდა...ლაპარაკია ორმოც კაციან ჯგუფზე... გამოძიების პროცესში ნელ-ნელა დაიწყო გამოკვეთა უშიშროების სამსახურის მაშინდელი შეფის იგორ გიორგაძის უკანონო, ვიტყოდი, დანაშაულებრივმა ალიანსმა ვახტანგ ქობალიასთან...გაირკვა, რომ 1993 წლის ზაფხულის მიწურულისთვის თანდათან იკვრებოდა ქობალიას კავშირი გიორგაძესთან... გამოძიებით დადგენილია, რომ ქობალიას და გიორგაძეს უკვე ჰქონდათ მაშინ საიდუმლო შეხვედრები... ასეთი შეხვედრები შედგა საიმისოდ, რომ ქობალიას ყოველმხრივ შეეწყო ხელი მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, აფხაზეთის კონფლიქტში სამხედრო კრახი განგვეცადა... გიორგაძე ურჩევდა ქობალიას, არ შეეწყვიტა ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ − გზების გადაკეტვა იქნებოდა, სამხედრო ტვირთის გატაცება, შეიარაღებული პიკეტირება, თავდასხმები თუ სხვა“ („საქ.რესპ.“ 6 დეკემბერი, 1995).GK

    ანზორ ბალუაშვილი (გენერალური პროკურორის მოადგილე): „განსაკუთრებით ხელები გაეხსნათ მას შემდეგ, რაც 1993 წლის 9 მარტს ვახტანგ ქობალიამ, სხვა ბრალდებულებთან შეთანხმებით, სამეგრელოს ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. თავაწყვეტილი თარეში კიდევ უფრო გაძლიერდა იმავე წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ... შანტაჟი, მუქარა... ზუგდიდის იზოლატორში არასასურველ პირთა დაკავება, მკვლელობები, დახვრეტა, − აი, ის მეთოდები, რომელთა გამოყენებაში ბრალი ედება შეთქმულების მონაწილეებს... ვახტანგ ქობალიასთან მოსალაპარაკებლად 11 აგვისტოს ზუგდიდში მივლინებულ იქნენ შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები, შსს-ს ინფორმაციისა და დაზვერვის სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლები... დაახლოებით 17 საათზე, ბანდიტები თავს დაესხნენ სახლს, სადაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო... ხელისუფლების წარმომადგენლები მოაქციეს ალყაში, გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, უიარაღო პარლამენტარებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაადეს ბორკილები და მოიტაცეს... ძალის გამოყენებით წაიყვანეს ჯერ გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში, შემდეგ გალისა და ზუგდიდის რაიონების სხვადასხვა სოფლებში მალავდნენ... ამის შემდეგ ხელისუფლებამ კვლავ გადადგა ნაბიჯი შემორიგებისთვის... ამჯერად საქმე ლოკალურ პრობლემას ეხებოდა − რკინიგზაზე ბანდიტური თავდასხმების აღკვეთას, მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებას. შსს-ს სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება − მიენდოთ ვახტანგ ქობალიას შეიარაღებული ფორმირებისთვის რკინიგზის ინგირის სადგურზე მატარებლების მოძრაობის, ტვირთების დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხები... ხელშეკრულებაც დაიდო... ქობალიამ და მისმა თანამონაწილეებმა კი, კვლავ გატეხეს სიტყვა და ეს შეთანხმება თავიანთი კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენეს... 6 ბანდა 1992 წლის 27 დეკემბრიდან 1993 წლის 6 ნოემბრამდე ოცდაშვიდჯერ თავს დაესხა რკინიგზას... ბანდიტებმა სახელმწიფოს მაშინდელი განფასებით 77 მილიარდ 451 მილიონ ექვსას ათასზე მეტი კუპონის მატერიალური ზარალი მიაყენეს... მოპარულ პროდუქციას ისინი სოფლებში ჰყიდდნენ... 1993 წლის 2 ოქტომბერს ქობალიას და მასთან შეთქმულებაში მონაწილე პირების მიერ ორგანიზებული ბანდები თავს დაესხნენ ქალაქ ფოთს და დაიკავეს... ბანკებიდან გამოიტანეს 127 ათას 830 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი... გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედება რესპუბლიკის საზღვრებს მიღმაც განავრცეს... ზღვაოსნობის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გაიტაცეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კომერციული სტრუქტურების კუთვნილი 7 ათას 824 ტონა შავი ლითონი... გაიტაცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანია „იუან და“-ს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კონიაკი, არაყი, ლუდი, ხორცისა და თევზის კონსერვები, ზეთი და კვების სხვა პროდუქტები... ბანდებმა სახელმწიფო , საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს (იმ პერიოდის განფასებით) მიაყენეს 187 მილიარდ 741 მილიონ 175 ათას 437 რუბლის ზარალი“ („საქ. რესპ.“ 16 დეკემბერი, 1995).GK