სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

ივნისი

    არც ლიქნითა და ხიბლით ცდუნდება მათი გულები და თუ მიიცვალნენ ამა სოფლიდან, ჯოჯოხეთი მათ სულებს არ მიიღებს... ვინც რწმენით წაიკითხავს ლოცვას, რომელიც წერია მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის კედელზე, იმ დღეს ვერ შეეხება ვერც მას და ვერც მის შვილებს ვერც ეშმაკი, ვერც ბოროტი კაცი („ჯორ. თაიმ.“  3-10 ივნისი, 1997).GK

    დავით გელაშვილი: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 20 მაისის კრებამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. საინფორმაციო საშუალებებმა საკვირველი ოპერატიულობით მოჰფინეს ქვეყანას ცნობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან ჩვენი ეკლესიის გამოსვლის შესახებ, ამასთან, განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოადგენდნენ „სამწუხარო ფაქტსაც“, რომელმაც თურმე ეს საზეიმო განწყობა „დაჩრდილა“. საქმე ეხებოდა სინოდის განჩინებას იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც გამოაცხადეს ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საქართველოსა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან, და მაშასადამე, ქრისტეს ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდება სცადეს. სინოდის განჩინება ქართულ პრესაში ყოველდღიური საუბრის თემა შეიქნა. მას კომენტარს უკეთებენ მოხალისე ჟურნალისტები, „პროფესიონალი თეოლოგები“ და „ექსპერტები“, ფსევდო-კოლექტიური წერილების შემდგენელნი. ყველანი, თითქოს ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ, ერთ პირზე დამდგარან და დემაგოგიისა და სიცრუის მომარჯვებით ღვარძლიანად უტევენ ჩვენს სამოციქულო წმინდა ეკლესიას... იგივე ითქმის ყველა იმ პუბლიკაციის ავტორზე, რომელთან ან არ ესმით, რას წერენ, ან განგებ აყალბებენ საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულებას ეკუმენიზმთან, წმინდა სინოდის 20 მაისის დადგენილებას და ა. შ... ჩვენი პუბლიცისტები, მათგან განსაკუთრებით „თეოლოგიის ლექტორი“ თ. დედაბრიშვილი (გაზ. „ჯორჯიან თაიმსი“, N 28), აქტიურად ცდილობენ მშვიდობა, რომელიც ეკლესიაში წმ. სინოდის განჩინებას მოჰყვა შედეგად, ახლა სხვა მიზეზებით დაარღვიონ და მიწყნარებული შფოთი ხელახლა გააღვივონ... მართლმადიდებელი ეკლესიები ეკუმენიზმს, როგორც სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებთან საღვთისმეტყველო დიალოგის (დისპუტის) საშუალებას ისე უყურებენ, რომლის მიზანიც ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრების, მართლმადიდებლობის, პროპაგანდით ეკლესიიდან გაბნეულ შვილთა მის წიაღში დაბრუნებისათვის ხელისშეწყობა წარმოადგენს, რათა ყველამ ისმინოს ხმა უფლისა და ერთი მწყემსის − იესო ქრისტეს ერთ სამწყესოდ იქცეს (იოანე 10, 16). რაც შეეხება იერუსალიმის პატრიარქს, დიოდოროსს, იგი ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძანებს: „მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენისტურ დიალოგებში მავნე და სახიფათოა. საღვთისმეტყველო დიალოგებს არამართლმადიდებლები მართლმადიდებლობის საზიანოდ იყენებენ“ (ციტირება თ. დედაბრიშვილის ზემოხსენებული წერილიდან)... ქრისტიანული ეკლესიის ისტორია სავსეა მართლაღმსარებლობის დაცვისაკენ მიმართული ეკუმენურ (ეკლესიათაშორისი) საღვთისმეტყველო დიალოგების, ქრისტეს ჭეშმარიტების დამკვიდრებისათვის ბრძოლის მაგალითებით“ („საქ. რესპ“. 5 ივნისი, 1997).TK

    ანზორ ხვადაგიანი (საქართველოს გენერალური პროკურატურის განყოფილების უფროსი): „იმ ძნელბედობის ჟამს ექსპრეზიდენტის მომხრეებმა საქართველოს 13 ქალაქსა და რაიონზე განახორციელეს შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმა, განდევნეს ადგილობრივი ხელისუფლება და თავად იტვირთეს მართვა-გამგებლობა. ყოველივე ამას ორგანიზებას უკეთებდა ზვიად გამსახურდია, რომელიც 1993 წლის 24 სექტემბერს გროზნოდან ზუგდიდში ჩავიდა და უშუალოდ ჩაუდგა სათავეში ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებას. არსებული ხელისუფლების ძალით დამხობის ცდა ჩაიშალა. 6 ნოემბერს შეთქმულება დამარცხდა. ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებიანად მიიმალა. გამოძიებას დადგენილი აქვს, თუ ვისთან ერთად და რა პირობებში იმყოფებოდა იგი გაქცევიდან გარდაცვალებამდე... ზვიად გამსახურდია თანამოაზრეებთან ერთად ცხოვრობდა გლეხის ოჯახში მეორე სართულზე. ოთახში მასთან იყო ყოფილი პრემიერი ბესარიონ გუგუშვილიც. მეორე ოთახში კი დაცვის წევრები რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე... შუაღამისას შემოესმათ ყრუ გასროლა. შეცვივდნენ ოთახში, ნახეს რომ ზვიად გამსახურდია თავის საწოლზე უსულოდ იწვა გულაღმა, მარჯვენა ხელი გულზე ედო, ამავე ხელში ეჭირა იარაღი − „სტეჩკინის“ მარკის პისტოლეტი... ეს იყო 1993 წლის 30-31 დეკემბრის ღამეს, 0 საათსა და 30 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის გვერდით... ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძემ ექსპრეზიდენტი გროზნოში გადაასვენა და იქ დაკრძალა. დაკრძალა ისე, რომ არავითარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არავის არ ჩაატარებინა... არადა, ჩვენი სახელმწიფო კომისიის პარალელურად მიწვეულნი იყვნენ საზღვარგარეთის ექსპერტებიც. პარალელურად მან ბრალდებები წაუყენა ზვიად გამსახურდიას უშუალო თანამზრახველებს, − ბესარიონ გუგუშვილს, გურამ აბსანძეს, ლოთი ქობალიას, ტარიელ გელანტიას და სხვებს... მათაც მოინდომეს ექსპრეზიდენტის გაკვეთა, მაგრამ ქვრივმა არც მათ დაანება“ („ლიტ.საქ.“ 6-13 ივნისი, 1997).GK

    მწერალთა გაერთიანება „ოტარიდის“ განცხადება: „საქართველო მხოლოდ 1992 წლის ივლისში გაწევრიანდა გაეროში თავისი დროშითა და გერბით... დღეს მსოფლიოში არსებული 187 სახელმწიფოს შორის ორი ათეული ქვეყანაც ვერ დაიძებნება, რომელსაც მრავალ საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა და ამიტომ ტრადიციული სახელმწიფო სიმბოლიკა გააჩნდეს. ჩვენ კი გვაქვს ერთიანი, ანუ სრულიად საქართველოს „გორგასლიან-დავითიანი დროშა“. ეს დროშა ტექსტობრივად დადასტურებულია ჩვენს მატიანეებში. ამ დროშის გამოსახულება აგრეთვე დადასტურებულია XIV საუკუნის ესპანურ და იტალიურ წყაროებში... გვაქვს გერბიც. ეს არის ბაგრატოვანთა ათასწლოვანი დინასტიის გერბი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფოს გერბიც იყო“ („ლიტ.საქ.“ 6-13 ივნისი, 1997).GK

    ჯორჯიან თაიმსის რედაქცია: „რედაქციას საპატრიარქოს პრესცენტრიდან დასაბეჭდად მოაწოდეს მეტად ვრცელი წერილი სათაურით „ცილისწამებათა ნიაღვარი“, რომლის ავტორია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელი ბასილ კობახიძე... მღვდელი ბასილის დემაგოგიური, „პროკურორული“, „საოცარი“ წერილი ჩვენდა გასაოცრად, სავსეა აშკარა ცილისწამებითა და სიცრუით. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი საღვთისმეტყველო ტერმინებითა და კანონებით შეგნებულად ჟონგლიორობს, კონტექსტიდან ამოგდებით უცვლის მათ შინაარსს და საზოგადოება აშკარად დეზინფორმაციულ გაუგებრობაში შეჰყავს... მღვდელი ბასილი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი, სამართლისთვის დევნილი მღვდელ-მონაზვნების მიმართ ელემენტალური ზრდილობის ნორმებსაც ვეღარ იცავს და სასულიერო წოდებისთვის შესაფერისი მიმართვის მაგიერ ბერებსა და მათ თანამდგომებს ხშირად უწოდებს „ცილისმწამებლებს“, „დემაგოგებს“, „სატანური ამპარტავნებით შეპყრობილებს“, „აბსოლუტური ცილისწამების ავტორებს“, „განხეთქილების მომქმედთ“, „გარეშე“, „არაეკლესიურ“, „სატანურ“ ძალათა „ბრმა იარაღებს“ და ა.შ. ყოველივე ეს ეხებათ „დასჯილ“ ბერებს, რომელთა „იარაღად“ მხოლოდ ღმრთის სიყვარული და მისდამი მსახურება უნდა ჩაგვეთვალა... ავტორი ცილისმწამებლურად ესხმის თავს მოშურნე ბერებს... ავტორი თავს ესხმის „ჯორჯიან თაიმსის“ რედაქციასაც, როცა უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ თითქოს ჩვენს გაზეთში „დაიბეჭდა უამრავი ცილისწამება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე“... ავტორის „ღვთისმეტყველების“ ცილისწამებლური ხასიათი მკაფიოდ ჩანს თუნდაც იქედან, რომ „ჯორჯიან თაიმსის“ ექსპერტის თეიმურაზ დედაბრიშვილის ან ბერების საზოგადო მიმართვის ტექსტებიდან ერთი აბზაციც კი არ არის ციტირებული, რათა ციტირებული კონკრეტული აზრის მოხმობის შემდეგ მოეხდინა მისი არგუმენტირებული კრიტიკა (რომლის ობიექტურ კრიტიკასაც, ცხადია, იგი ვერ შეძლებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოცემული სტატიები სრულებით გამართულია და მართლმადიდებლურ მოძღვრებას ზუსტად ემთხვევა)... ავტორი ასკვნის: „მათი მიზანია თავისი ავადმყოფური ამბიციების დაკმაყოფილება“, − ავადმყოფური სწორედ რომ ზემოთ განხილული „ბრალდებები“ იყო... როდესაც ადამიანი საკუთარ ავადმყოფურ აზრებს სხვას აბრალებს და ამით სურს თავის მართლება, ეს უკვე ორმაგი ავადმყოფობაა... მღვდელი ბასილის „ბრალდებების“ ფონზე ჩვენი რედაქცია მაინც ხმამაღლა აცხადებს, რომ ღმრთის მიმართ აქვს მხოლოდ შიში და სიყვარული, ხოლო მისი უწმინდესობის ილია მეორის პიროვნების მიმართ − კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ვუსურვებთ დღეგრძელობას. მისი მრავალჟამიერი საჭეთმპყრობელობა სხვა მიზეზთა გარდა, იმისთვისაც გვინდა, რათა ის ზოგიერთი ეპისკოპოსი არ მოგვევლინოს პატრიარქად, რომელმაც ეკუმენიზმის სასარგებლოდ მისცა ხმა... მღვდელი ბასილის შინაგანი სამყარო „ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მრწამსს“... რაც მისი მღვდელთმოქმედების უფლებას მეტისმეტად ძლიერი ეჭვის ქვეშ აყენებს“ („ჯორჯიან თაიმსი“ 10-17 ივნისი, 1997).GK

    გლდანის ეკლესიის პრესსამსახური: „ქართველი ერის შემწე ბოლო ჟამს ქრისტიანულ ბრძოლებში ბერძნული სამოციქულო ეკლესია იქნება. ზუსტად სრულდება იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება და ბერძნული ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო უმაღლესი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი ამბროსი, მიტროპოლიტ კვიპრიანეს ლოცვა-კურთხევით საქართველოში გლდანის მართლმადიდებლურ ეპარქიას ეწვია. უწმიდეს მეუფეს აეროპორტში დიდი სიხარულით შეეგება გლდანის ეპარქიის დროებითი მმართველი და წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი მკალავიშვილი თავისი მრევლის წარმომადგენლებთან ერთად. ძვირფასი სტუმარი გლდანის ეპარქიის რეზიდენციაში, ნახშირგორის ღვთისმშობლის ეკლესაში წაიყვანეს, სადაც ერთობლივი ლოცვა აღევლინა ქრისტიანობის გადასარჩენად. შემდეგ უწმიდესი მეუფე გლდანის დევნილ ეკლესიას ღია ცის ქვეშ ეწვია... ამბროსიმ დაათვალიერა საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია. ეპისკოპოსმა მიტოვებულ და დანგრეულ ეკლესიებშიც აღავლინა მამა ბასილთან ერთად ლოცვა ქართველი ერის გადასარჩენად, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, უწმიდესი მეუფის მიერ ჩატარებული წირვა-ლოცვა დაუვიწყარი იქნება ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის... მეუფე ამბროსი შეხვდა ბეთანიის, შიომღვიმის და ზარზმის წინამძღვრებს და დაწვრილებით განიხილა მათი მოთხოვნები და სინოდის გადაწყვეტილება. შეჰპირდა მათ, რომ ამის შესახებ საბერძნეთის წმიდა სინოდი იმსჯელებს“ („აღდგომა“, ივნისი, 1997).GK

    საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი საქართველოს“ განცხადება: „1997 წლის 26 მაისს − დღის პირველ საათზე „მრგვალ მაგიდას“ დაგეგმილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, პირველი პრეზიდენტის − ზვიად გამსახურდიას არჩევისა და ეროვნული გმირის − მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი მიტინგის ჩატარება ქ. თბილისში ფილარმონიის შენობასთან. როგორც ეს უკვე არაერთხელ ყოფილა, პოლიციამ რუსთაველის პროსპექტზე არნახული სისასტიკით დაარბია მიტინგის მონაწილენი... მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო წარმოადგენს პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც უხეშად ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები, იდევნება ალტელნატიური აზრი, არ იცავენ არსებული რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებსაც კი, მათ შორის „კონსტიტუციას“... მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის მეორე დღეს − ა.წ. 27 მაისს უკანონო პარლამენტის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ე.შევარდნაძე. თავის გამოსვლაში, შეეხო რა ერის გამთლიანების აუცილებლობის საკითხს, მან გამოთქვა მზადყოფნა, პირველმა გადადგას ნაბიჯი ზვიად გამსახურდიას იდეის მიმდევრებთან შერიგებისკენ. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ „მრგვალი მაგიდა“ ურყევად დგას დევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პლათფორმაზე“ („აღდგომა“, ივნისი, 1997).GK

    თენგიზ კუბლაშვილი: „საქართველოში სტუმრად ჩამოსული საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი მეუფე ამბროსი ეკლესიიდან გააძევეს. ორი ივნისის დილას ორიოდე თანმხლებ პირთან ერთად მეუფე ამბროსი მამა ბასილის და სხვა ჭეშმარიტი მამულიშვილების მიერ აშენებულ და დამშვენებულ ეკლესიას ეწვია, ემთხვია ხატებს... დაათვალიერა ეკლესია, საიდანაც მოძღვარი და ჭეშმარიტი მრევლი გამოდევნეს. ამ დროს უეცრად ახლომდებარე ძეხვის „ცეხიდან“ სასწრაფოდ მობრძანდა ავისმქმნელი მღვდელი მამა მიქაელ ბრგე, მოჭიდავის კუნთებიანი, მოკრივის აგრესიით აღჭურვილი მამა მიქაელ ხაფი ხმით მივარდა წმინდანივით უხორცო და ნაზი აგებულების მეუფე ამბროსს. ხელების ქნევით, ხმამაღლა, პოლიციელისთვის შესაშური უხეშობით უბრძანა, დაეტოვებინა ეკლესია“ („აღდგომა“, ივნისი, 1997).GK

    ტელეკომპანია „სნნ“-ის ცნობით, 20 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების დღეს, მაცხოვრის საფლავთან, აღდგომის მსგავსად კვლავ გადმოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი, ხოლო წმინდა ათონის მთის მონასტრებმა ეკუმენისტური საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად თეთრი დროშები გამოფინეს, რაც ათონზე მეტად მნიშვნელოვან საეკლესიო გამარჯვებათა აღსანიშნავად რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ხდება. „რუსეთისა და სხვა ქვეყანათა ეკუმენისტები ყოველმხრივ ცდილობენ მიჩქმალონ ეს სასწაულებრივი ფაქტი, რათა ღვთაებრივი ნათლის სხივმა მათ დიქტატს დაქვემდებარებულ ეკლესიებშიც არ შეაღწიოს!“ − ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი საუბარი „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტ ნუგზარ აფხაზავასთან „ლაზარეს აღდგინების“ რედაქტორ-გამომცემელმა, აკადემიკოსმა მერაბ სულაქველიძემ. მერაბ სულაქველიძე: „გარკვეულ ქრისტიანულ მოსაზრებათა გამო, ამაზე აქამდე თავს ვიკავებდით, მაგრამ ამა წლის 1 ივლისს გაზეთ „მადლში“ გამოქვეყნებულმა, ქრისტიანულ სიყვარულსა და ზნეობას მოკლებულმა „პოლემიკურმა“ მასალამ, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროინდელ დემაგოგიით აღსავსე პუბლიკაციებს უფრო გვაგონებს, ამის კიდევ ერთი უშუალო საფუძველი მოგვცა... გ. ალაზნისპირელი „ლაზარეს აღდგინება“ – IX-ში სატანიზმში ვამხილეთ, თავისი სამენოვანი რუპორის − გაზეთ „ნოეს“ მეშვეობით მან ქართველთა დისკრედიტაცია უმალ ებრაელთა ლანძღვა-გინებით განაგრძო. სამწუხაროა, რომ მას არც ქრისტიანობას მიტმასნილი, მსგავს პროვოკატორობაში არაერთხელ შემჩნეული, გაზეთ „ივერიის გაბრწყინების“ რედაქტორი გ. გაბაშვილი ჩამორჩენია. ყველა პროვოკატორს, სამეცნიერო დონეზე, „ლაზარეს აღდგინება“ – X-ში ვამხელთ, რომლის გამოცემასაც სხვადასხვა ხერხით კარგა ხანია გვიფერხებენ... შიომღვიმის მონასტრის ღია წერილი პატრიარქს: „ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, არაცმცთუ თავისუფალია სჯულისმიერი სასჯელისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსიცაა როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი“ (ქართული გაზეთი“, ივნისი-ივლისი, 1997).GK

    ვასილ ბურკაძე: „სულ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ბოლშევიკური ღვთისმებრძოლი მთავრობის მარწუხებში იყო მოქცეული − არათუ მღვდელმთავრების დანიშვნას და მღვდელთა ამა თუ იმ ეკლესიაში გამწესებას, თვით მაშინდელ უბადრუკ სასულიერო სემინარიაში ახალი კონტიგენტის მიღებასაც კი იგი ვერ ახერხებდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან შეთანხმების, ანუ მისგან პირდაპირი ბრძანების ტოლფასი მითითების მიღების გარეშე... ეკუმენური მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა და მისი მიზანი იყო სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობების ურთიერთდაახლოება და შეერთება... ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროსთან ერთად, შეიქმნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო − ეკუმენური მოძრაობის ხელძღვანელი ორგანო, შემდგომ კი ევროპის ეკლესიათა კონფერენცია... ორივე ეს გაერთიანება ერეტიკული, მწვალებლური სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რადგან ეკლესია ერთია, ერთადერთია ამ ქვეყნად, და ეს არის ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია; ზემოხსენებულ ორგანოთა დასახელებაში კი „ეკლესიათა“ გაერთიანება იგულისხმება − რომაულ-კათოლიკურისა, მართლმადიდებელისა, პროტესტანტულისა და სხვათა, როგორც თანაბარი, თანასწორი ერთეულებისა, რადგან ეკუმენისტები მცდარად თვლიან, რომ ყველა ეს ეკლესია ჭეშმარიტი ეკლესიაა... ეკუმენურმა მოძრაობამ დიდი ხანია უკვე დაამტკიცა თავისი მწვალებლური ხასიათი. საქართველოში ბოლო წლებში გამოქვეყნდა ფუნდამენტური შრომები იმის ნათელსაყოფად, რომ ეკუმენიზმი არათუ ჩვეულებრივი მწვალებლობაა, არამედ არის სინკრეტული მწვალებლობა, ყველა მწვალებლობის თავმოყრა ერთ უდიდეს − მწვალებლობათა მწვალებლობაში − ეკუმენიზმში... მღვდელმსახურთა და მორწმუნე ერისკაცთა აზრი აღმსარებელ ბერთა ამ, ჩვენ დროში უპრეცედენტო გამოსვლის გამო, ორად გაიყო − ერთნი ამას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევდნენ, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა განხეთქილება ეკლესიაში, მეორენი კი ამტკიცებდნენ, ქართველმა ბერებმა გაბედული და მხსნელი ნაბიჯი გადადგეს, რამაც ჩვენი ეკლესია უნდა იხსნას ეკუმენური მწვალებლობისაგან და სხვა ეკლესიებსაც მისაბაძი მაგალითი მისცესო... საქართველოს საპატრიარქო დიდად შეშფოთდა შექმნილი სიტუაციის გამო და სასწრაფოდ შეიკრიბა სინოდი საგანგებო სხდომისთვის. მისი შედეგი ყველასთვის ცნობილია − მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ეკლესიათა ევროპის კონფერენციიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლის შესახებ... საეკლესიო საქმეებში გაუთვითცნობიერებელ მკითხველთ განვუმარტავთ, რომ თუკი ბერებს თუნდაც ორი ეპისკოპოსი დაუჭერდა მხარს, მათ შეეძლოთ ცალკე ეკლესია შეექმნათ, ახალი ეპისკოპოსები ეკურთხებინათ, შეედგინათ ცალკე სინოდი და ა.შ., და მაშინ საქართველოშიც, საბერძნეთისა და რუმინეთის მსგავსად, ორი ან მეტი მართლმადიდებელი ეკლესია იქნებოდა! ხოლო თუ აღმსარებელ ბერებს მხარს არ დაუჭერდნენ ქართველი ეპისკოპოსები, მაშინ ისინი მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებს მიმართავდნენ თხოვნით − თქვენს იურისდიქციაში მიგვიღეთო. ერთი სიტყვით, შეიქმნებოდა მღვდელმსახურთა და მორწმუნე ერისკაცთა დიდი ჯგუფი, რომელიც გამოვიდოდა საქართველოს საპატრიარქოს მორჩილებიდან და შემდგომში მორწმუნეთა დიდ სიმრავლესაც მიიზიდავდა, ეს კი გავლენას დაუკარგავდა საქართველოს საპატრიარქოს და მის ხელმძღვანელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც არამც და არამც არ სურთ ეკლესიის ეკუმენისტ თუ არაეკუმენისტ მღვდელმთავრებს... დღეს, ზოგიერთი არაეკუმენისტი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდელმსახურიც კი საყვედურობს არქიმანდრიტ იოანეს, რომ მან განხეთქილების რეალური საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. თვით იოანე და მისი მიმდევრები კი სულ სხვა შეხედულებისა არიან. მათი აზრით, რომელშიც ისინი ეკლესიის წმინდა მამების სწავლებას და დიდ სჯულისკანონს ეყრდნობიან, ყველა, ვინც გამოეყოფა მწვალებლობაში ჩავარდნილ მღვდელმთავრებს, განხეთქილების შემომტანნი კი არა, ეკლესიის ერთობის შემნარჩუნებელნი და ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველია... მღვდელმთავართა ნაწილი სწორედ ეკუმენური მისწრაფებებითაა განმსჭვალული და მწვალებლებთან გაერთიანებას სასოებს, რაც სავსებით თანხვდება საერო ხელისუფალთა ინტეგრაციულ მისწრაფებებსა და ახალი მსოფლიო წესრიგის სასოებას. ეს მღვდელმთავრები მომავალში კვლავაც გააგრძელებენ თავიანთ ეკუმენისტურ მოღვაწეობას, რაშიც სრული მხარდაჭერა ექნებათ საერო მთავრობისა. ხოლო გაყოფის − პარალელური სინოდისა და დიდი ანტიეკუენისტური მრევლის არსებობის პირობებში მათი გავლენა შემცირდებოდა, ანდა სულაც არარა იქნებოდა. ამიტომაც ე.წ. განხეთქილება ყოვლად დაუშვებელი იყო საეკლესიო და საერო მმართველობისთვის... საპატრიარქოში დაიცვეს ეკლესია მოჩვენებითი „განხეთქილებისგან“ და შეინარჩუნეს ეკლესიაში ნამდვილი განხეთქილება“ („ქართული გზეთი“, ივნისი-ივლისი, 1997).GK