სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2007 წლის ქრონიკა

ივნისი

    ბაია ამაშუკელი: „ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთავრობა გამიზნულად, ჯანდაცვის რაღაც პროგრამების სახელით, მოსახლეობის გენოციდს ეწევა!... აღარ შევეხებით მშენებლობაში გამოყენებულ უხარისხო მასალებს და არასწორ არქიტექტურულ, სეისმურ, სამშენებლო და გეოლოგიურ გათვლებს. ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას, ეკოლოგიურად უხარისხო პროდუქტის შემოტანას შეუძლია ავნოს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობას, მის რაოდენობას...
    ცნობილია, რომ პრეზიდენტმა შარშან სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებზე პროდუქტის შემოწმების კონტროლი გააუქმა. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთში − ევროპისა და ამერიკის ქვეყნებისთვის გამოშვებული პროდუქტები, შემადგენლობით, ხარისხით და ვარგისიანობით, განსხვავდება განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროდუქტებისგან. პრეზიდენტის შარშანდელ ბრძანებას, წელს თურქეთიდან პროდუქტების განუბაჟებლად შემოტანის ბრძანებაც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ განვითარებად ქვეყნებში უხარისხო, ვადაგასული პროდუქტების შემოტანის „დასავლური პრაქტიკა“, ახლა უკვე საქართველოშიც, თანაც პრეზიდენტის პირადი თანხმობით ხორციელდება!... ბაზარიც სავსეა ქიმიკატებით გაჯერებული თურქული და არმენული ბოსტნეულით. ქართულს ვერაფერს ნახავთ! თურქებს ჩვენგან გააქვთ კარტოფილიც, პომიდორიც და ხილიც. ჩვენთან ახლა უკვე განუბაჟებლად, „ოფიციალურად მოწამვლის“ უფლებაც მიეცათ...
    წყალი და ჰაერიღა გვქონდა სუფთა. სასმელი წყალი გაგვიყიდეს. თბილისს თბილისის ზღვის წყლით ამარაგებენ. რაც შეეხება ჰაერს, ქვეყანაში ეკოინსპექცია აღარ არსებობს...
    მრავალსართულიან კორპუსებს დახარბებული ხელისუფლება, უმოწყალოდ ჩეხავს ათწლოვან ნაძვებსა და ხეებს. თან ტელეკლიპებით გვახსენებს „ტყეს მოვუფრთხილდეთო“. ამერიკელებისთვის გამზადებული რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ, 150 ნაძვი მხოლოდ იმისთვის მოჭრეს, რომ იქ „ვიღაცას“ შადრევანის დადგმა მოუნდა. წყლის საფასური, საავადმყოფოს თვეში 9000 ლარი უჯდება. ავადმყოფებს კი, შადრევნის ნაცვლად, ჟანგბადის გამომყოფი ნაძვები უფრო ესაჭიროებოდათ...
    შარშან, ავადხსენებულ „ნიფნიფის აეროპორტთან“ ახლოს, ალექსეევის ტერიტორიაზე, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ნარჩენების ლაბორატორია აგვიშენეს, რომლის გაჟონვის შემთხვევაში, მთელი საქართველოს მოსახლეობა განადგურდება!!! წელს კი, პარლამენტის ჩვენმა „ბრჭყვიალა თავმჯდომარემ“, გერმანიაში ყოფნისას, ატომური სადგურის აშენების პირობა დადო. ისტორიული ფაკულტეტი დავამთავრე და მსოფლიო ისტორიის არც ერთ ფორმაციაზე, ეპოქაზე და მთავრობაზე არ წამიკითხავს, რომ ვინმეს ამდენი გამიზნული მავნებლობა ჩაედინოს საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, რამდენიც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა“ („ლიტ.საქ.“ 8 ივნისი, 2007).GK

    ბეგლარ გოგოლაძე: „საბჭოთა სისტემაში საქართველო სხვა რესპუბლიკაზე ღარიბი არასოდეს ყოფილა, დღეს კი უკანასკნელები ვართ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის“ („ლიტ.საქ.“ 8 ივნისი, 2007).GK

    მერაბ ჯიბლაძე: „მე ვიცნობ რამდენიმე მოსამართლეს და არ მინდა დავიჯერო, რომ ისინი ქრთამს იღებენ... მაგრამ, საოცარი სწორედ ისაა, რომ ყველა მოსამართლეს კორუმპირებული უწოდეს და ამას ისინი მშვიდად, აღშფოთების გარეშე შეხვდნენ. პირიქით, დიდ ბრძოლაშიც ჩაებნენ, რათა ამერიკელების მიერ მოწყობილ კონკურსში „გასულიყვნენ“ და მოსამართლის სანუკვარი ადგილი დაეკავებინათ...
    ის რომ კეთილმოწყობილი მაღაზიები თუ ბანკები მოვიმრავლეთ და პომპეზურ ზეიმებს ვაწყობთ, დიდი ვერაფერი შეღავათია გაღატაკებული მოსახლეობისთვის...
    ქვეყნის პრეზიდენტი უკვე აშკარად აცხადებს, რომ მას პავლიკ მოროზოვები სჭირდება და ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასმენებისკენ მოუწოდებს“ („ლიტ.საქ.“ 8 ივნისი, 2007).GK

    თამაზ ჭილაძე: „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ამ ბოლო დროს ევროპაში, ანუ გენეტიკურად მშობლიურ სამყაროში დასაბრუნებლად გადადგა, ზოგიერთმა ჩვენგანმა ქვეყნის თავისთავადობის დაკარგვადაც კი მიიჩნია... ჩვენი კულტურა ევროპული ბუნებისაა, აშკარა ნათესაობას ამჟღავნებს მასთან, ამავე დროს, საგრძნობლად განსხვავდება ბიზანტიური თუ რუსული კულტურებისგან. გარკვეული პერიოდის მანძილზე სწორედ ბიზანტია, შემდგომში კი რუსეთი იყო ერთგვარი შლაგბაუმი ევროპისკენ მიმავალ გზაზე...
    ჩვენი კულტურის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა რევაზ სირაძემ შეგვახსენა (რომელიც ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის ნათელხილვას უტოლდება): მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკლესიამ მართლმადიდებლობის მუხტი ბერძნული ეკლესიისგან მიიღო, ბიზანტიას კი არა, როგორც თითქოს მოსალოდნელი იყო, არამედ ანტიოქიის საპატრიარქოსა და იერუსალიმს დაუკავშირდა, ანუ მბრძანებლად ის აღიარა, ვისაც მისი პოლიტიკური დამორჩილება არ შეეძლო...
    ზოგიერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოს ძილს უფრთხობდა ბიზანტიის მოოქროვილი სამრეკლოების ლანდი. შემთხვევით როდი ეჩვენებოდა ტიუტჩევს სტამბოლის თავზე მთვარით განათებული ოლეგის ფარი!...
    როდესაც დოსტოევსკი წერდა, რუსეთი რუსეთში დარჩება, მაგრამ გახდება კონსტანტინეპოლის მეუფეო, ამით ამხელდა რუსული ეკლესიის წმინდა სინოდის ძველისძველ განზრახვას − „მესამე რომი“ იდეურად, ანუ მკვეთრად დაპირისპირებოდა „მეორე რომს“ და რუსეთი ერთადერთ მართლმადიდებელ ქვეყანად გამოეცხადებინა. რუსი სწავლულები აღნიშნავდნენ, „საეკლესიო ნაციონალიზმი დამახასიათებელი რუსული მოვლენაა“-ო...
    ერთმორწმუნე საქართველოსადმი რუსეთის განსაკუთრებული სისასტიკე და დაუნდობლობა ქვეყნის დაპყრობისთანავე (1801 წ.)  თითქმის მაშინვე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811 წ.), ქართულის „ძაღლის ენად“ გამოცხადება, ქართველი მღვდელმსახურების დევნა და ციმბირში გადასახლება, უნიკალური ფრესკების კირით გადათეთრება, არც ერთ სხვა დამპყრობელს არ ჩაუდენია − ამ შემზარავმა მაგალითებმა და ამ ბოლო დროს იერუსალიმში, ისტორიულად ქართულ „ჯვრის მონასტერში“ მართლმადიდებელი ბერძნების ბარბადოსულმა ქმედებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმორწმუნეობა მოგობრობის გარანტია არ ყოფილა, რომ დამპყრობლისა და დაპყრობილის მეგობრობა წარმოუდგენელია, თუ უსვინდისობა არა...
    კულტურათა ბიზანტიურ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების ცდა ხელოვნურად ხომ არ გვაშორებს ორგანულ, ბუნებრივ წიაღს − ევროპას და სლავური სამყაროსკენ ხომ არ გვიბიძგებს? მით უმეტეს, რომ რუსი ბიზანტიოლოგები, მათ შორის ისეთი გამოჩენილი მეცნიერი, როგორიც ვიქტორ ბიჩკოვია, ფიქრობენ, ძველი სლავური კულტურა ისე აშკარად დაემსგავსა, თუ დაუნათესავდა ბიზანტიურს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელიც კია ძველი სლავური ხელოვნების ძეგლების მოხმობა ბიზანტიური ესთეტიკის ამა თუ იმ საკითხის დასამტკიცებლადო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და ბიზანტიურ კულტურებს უსათუოდ გააჩნია მსგავსი ნიშნები, რაც სხვათაშორის, ნებისმიერ სხვა კულტურაშიც შეიძლება აღმოაჩინო, ანუ ყველა ნამდვილად ღირსეული კულტურისთვის საერთო ნიშანს წარმოადგენდეს, ამასთანავე აშკარაა ქართული და ბიზანტიური კულტურების მკვეთრი განსხვავებაც...
    საკმაოდ სახიფათოა, ცდა „ბიზანტიურ ოჯახში“ საქართველოს გაწევრიანებისა, მითუმეტეს, რომ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ქართული კულტურა კარგახანია სლავისტური კათედრების პროგრამებშია მოქცეული...
    საქართველოში ჯერ კიდევ XII საუკუნეში რენესანსის წინაპირობათა მსგავსი მოვლენები აშკარა იყო. რუსთაველმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ესაუბრათ დასავლეთ-ევროპულის მსგავს ქართულ რენესანსზე. სხვათაშორის, ამ აზრს რუსი სწავლულებიც ეთანხმებიან, ისეთი გამოჩენილი მოაზროვნე, როგორიც ალექსეი ლოსევი იყო, რუსთაველს „XII საუკუნის ქართული რენესანსის მეთაურს“ უწოდებს...
    რუსეთმა რელიგიის ეკლესიურობის ცნება სახელმწიფოებრიობის ცნებით შეცვალა.  ნ. ბერდაიაევის თქმით, რუსულ სახელმწიფოს კარგა ხნის მანძილზე იდეოლოგიურად მართავდა წმინდა სინოდის ცნობილი ობერპროკურორი  კ.პ. პობედონოსცევი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სამივე რომი აღმოცენებულია პოლიტიკური ინტერესებიდან...
    როდესაც რუსი თეოლოგები ს. ბულგაკოვი,  პ. ფლორენსკი და სხვები ხმარობენ ტერმინ „ეკლესიას“, გულისხმობენ ახალ მართლმადიდებლურ იმპერიას, რუსეთის სახით, იგივე „მესამე რომს“, ანუ ეწინააღმდეგებიან ეკლესიის უნივერსალობის დოგმას...
    დოსტოევსკს დასაშვებად მიაჩნდა რელიგიური მოძღვრებიდან პარტიული მიმდინარეობის აღმოცენება,  რაც იმას ნიშნავს, რომ ის რელიგიას პოლიტიკურ (პარტიულ)  ფენომენად მიიჩნევდა...
    ჩვენი ეკლესია ყოველთვის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ყოველგვარი რელიგიური თუ ფილოსოფიური მიმდინარეობის მიმართ, ამიტომაც არ იცოდა, რა იყო სექტანტობა, რუსული ეკლესიის ეს ძველისძველი, მოუშორებელი ჭირი...
    ქართულ ესქატოლოგიას საფუძვლად უდევს მაცხოვრის დიდი შეგონება: „ღმერთი ცოცხლების არის და არა მკვდრების“ (მათე). ქართული და ბერძნული, ისევე როგორც ქართული და სლავური (რუსული)  მართლმადიდებლობა არა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდება, არამედ სულისკვეთებითაც. ეს განსხვავება  განპირობებულია, თუნდაც, ისტორიით, ცხოვრების წესით, კულტურით, გეოგრაფიითაც...
    საქართველოს მთავარი ძალა, რაც ჩვენმა ეკლესიამ ცხადყო და დააკანონა კიდეც (რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1103 წ.), მოაზროვნე ღირსეული პიროვნებაა და არა მორჩილი ჯარისკაცი...
    გლობალიზაცია − კულტურაზე გამარჯვებული ცივილიზაციაა, ამიტომაც, ცხოვრების ასპარეზიდან, უპირველეს ყოვლისა, კულტურას აძევებს... ადამიანს სამშობლოს ნაცვლად მსოფლიოს სთავაზობს... მას „იარაღის მკეთებელი ცხოველი“ ჭირდება და არა „მოაზროვნე ლერწამი“, რომელიც ამ ქვეყნად ყველა ჭეშმარიტებაზე მაღლა სამშობლოს აყენებს და რომელმაც იცის, არავითარი ფასი არ აქვს პიროვნულ  თავისუფლებას ეროვნული თავისუფლების გარეშე...
    ჩვენი გზა დიდი წინაპრების, კერძოდ, ილია მართლის მიერ ჩვენთვის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მარშრუტია, რომელიც ევროპისკენ მიემართება... ევროპა კაცობრიობის კულტურის რეზერვუარია, საიდანაც ყველა ქვეყანა იღებს მისთვის აუცილებელ სულიერ საზრდოს...
    ევროპისკენ საკუთარი გზის გაჭრა დღეს სასიცოცხლო აუცილებლობად იქცა. საქართველო უსათუოდ დაუბრუნდება თავის მშობლიურ სახლს − ევროპას და ეს ძეშეცთომილის კი არა, გათავისუფლებული  პატიმრის დაბრუნება იქნება...
    მარადისობის რუკაზე ჩვენს ერს ხანგრძლივი, ტანჯული, ღირსეული ცხოვრებით საკუთარი ადგილი აქვს მოპოვებული“ („ლიტ.საქ.“ 22 ივნისი, 2007).GK − სამწუხაროდ, ჩვენ რელიგიურად განათლებული ინტელიგენცია არა გვყავს. ამიტომ არ შეუძლია მას კათოლიკურ-პროტესტანტული ევროპის მორალური სახის სწორად აღქმა და თავის მცდარ შეხედულებებს საზოგადოებასაც თავს ახვევს. ხოლო, როცა დიდ ილიასაც კი ევროპის «მარშრუტს» უდგენს, ეს უკვე არა მარტო შეცდომაა, არამედ ტყუილიც არის. (რედ. «სინერგია»). GR

    ბაია ამაშუკელი: „კავკასიელი ქართველი“ რატომღაც „ევროპელი გახდა“... გაიგეთ, ქართველებო, ასე დაჟინებით „ევროპელობას“ იმისთვის გვიმკვიდრებენ, ბიძაშვილ-მამიდაშვილების ქორწინება, სოდომიზმი, ლესბოსელობა, მამათმავლობა, უფლისთვის მიუღებელი ცოდვები, ჩვენთვისაც მისაღები რომ გახადონ“ („ლიტ.საქ.“ 22 ივნისი, 2007).GK

    მერაბ ჯიბლაძე (ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი): „პარლამენტარებმა 9-წლიან სახელმწიფო განათლებას „მიაღწიეს“. ამიტომაც, კონსტიტუციის ეს მუხლი ასეთი „ბრძნული“ წინადადებით დაამთავრეს: „სახელმწიფო უზრუნველყოფს 9-წლიან განათლებას!“... შევთავაზე ამ მუხლის გაგრძელება: „სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს საშუალო და უმაღლეს განათლებას“...
    აგვისტოს ბოლოს, შუა აზიაში მივლინებიდან დაბრუნდა პარლამენტის სპიკერი, დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ვახტანგ გოგუაძე... შევხვდი და ჩემი მიმართვა გადავეცი. „უფ, ეს რა უქნიათო!“ −  შეიცხადა და ვიცე-სპიკერის, ქალბატონ რუსუდან ბერიძის  კაბინეტში შევიდა. ოთხი საათის შემდეგ, დაბრუნდა და მითხრა: „ყველაფერი მოგვარდა, ეს დამატება შევიდა როგორც სარედაქციო შესწორება“. ეს ცხონებულ ვახტანგ გოგუაძის დიდი გამარჯვება იყო...
    საფრანგეთის ელჩმა ბატონმა ფასიემ, ჩემთან საუბარში განაცხადა: „რად გინდათ განათლების სფეროში დახმარება? თქვენ, ხომ თეთრკანიანი ზანგები ხართ“. თუ ამას დავუმატებთ ბატონ გიგი თევზაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რეფორმის მიზანია: „საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა გახდეს“, ცხადი გახდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ეს რეფორმა − სასწაული, რითაც ბატონი გრიგალაშვილი ამაყობს და პარლამენტართა უმრავლესობა ხარობს...
    ელექტრონულ მისამართზე www.rti.org გაჩნდა ინფორმაცია: „ამბიციური საგანმანათლებლო რეფორმა საქართველოში“, რომლის თანახმად განათლების რეფორმის წარმართვაში საქართველოს ეხმარება RTI (Research Triangle Institute) ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1958 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამი უნივერსიტეტის ბაზაზე. ამ ინსტიტუტის პროგრამაა „საქართველოში საშუალო განათლების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა“ (GEDA), რომელსაც მხარს უჭერს „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ USAID-ი...
    საქართველოში RTI  მუშაობს ე.წ. „საგანმანათლებლო რესურსების ცენტრების“ (ERC) ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ქვეყანას ყველა სკოლის დაქცევაში...
    RTI-ს ანალოგიური პროგრამები აქვს ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში, ხოლო ევროპიდან ეს „ბედნიერება“ მხოლოდ საქართველოს ერგო!!! მთავარი კი ისაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამა იმ პროგრამების ზუსტი ანალოგია, რომლებიც კამბოჯასა და პაკისტანში მიმდინარეობს. აი, ამ რეფორმის გამარჯვებას ზეიმობს გრიგალაშვილი-ლომაიას ტანდემი. უფრო სწორად ამერიკული ინსტიტუტის RTI-ს გამარჯვებას და იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ჯერ კიდევ 14 წლის წინ ბატონმა ჰაჩისონმა დაგვისახა“ („ლიტ.საქ.“ 22 ივნისი, 2007).GK