სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2007 წლის ქრონიკა

დეკემბერი

    ზაურ კალანდია: „უნდა ამოგვეღო ხმა, როცა „ვარდების რევოლუციის“ მეორე დღეს „მეცხრე არხი“ გაქრა სატელევიზიო ორბიტიდან. მიუხედავად იმისა, ეს მისი მეპატრონის ნებაყოფლობითი აქტი იყო, მაინც უნდა დაგვესვა კითხვა, რატომ? რამ აიძულა ბატონი ივანიშვილი? ცოტას ნიშნავს, ბატონი ბიძინა რომ მიხვდა, ვინ და რა ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა დავფიქრებულიყავით...
    სამების გარშემო ხომ დასდევდით ადამიანებს ხელკეტებით სათითაოდ! სადარბაზოებში ხომ უვარდებოდით, აფთიაქში თავშეფარებულ კაცს ხომ სცემდით? ვიგონებ? 8 ნოემბრის დილითაც იდგა მომწამლავი სუნი ავლაბარში... მანამდე რა მოხდა ქაშუეთში? ქაშუეთის ეზოში შეკრებილი მომიტინგეები სასტიკად სცემეთ, მომწამლავი გაზის ბალონი არ შეაგდეთ ტაძარში?.. მე პირადად ქაშუეთის ეზოში გავილახე. თითქოს, ერთი ვერ მომერეოდა, არსენას არშინიანი ხელჯოხებით სამი ყაზილარი დამდევდა. გაგახარებთ, საცემი ვიყავი − მაშინაც არ მჯეროდა, არ მომწონდით, როცა ამხელა ზარ-ზეიმით მოხვედით და ორი-სამი როზგი რა სალაპარაკოა, თქვენგან მეკუთვნოდა...
    7 ნოემბერი და 9 აპრილი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტიც, ნოემბრის დარბევა უფრო გამაოგნებელი იყო. შენიანის მოქნეული ჯოხი უფრო მტკივნეულია, ვიდრე გადამთიელისა. არსებობს აზრი, სპეცნაზელები უკრაინიდან იყვნენ ჩამოყვანილიო! მე მინდა, ეს მჯეროდეს...
    ბატონმა ასლან აბაშიძემ აჭარა გადაარჩინა. ცნობილია, „მხედრიონი“ კბილება­ლესილი იყო, დღე-დღეზე ფიქრობდნენ შეჭრას და ხელებს სიამოვნებისგან იფშ­ვნეტდნენ. ასლანმა იცოდა ეს და ყველა ღონე იხმარა, ეს არ მომხდარიყო... აჭარაში მხედრიონელები არ შესულან, აჭარა გადარჩა...
    სამეგრელოში, ერთმა ჩვენებურმა გლეხკაცმა მომიყვა საკუთარი გაჭირვება: „ორი დღე მხედრიონელების ხელში ვართ, სამი − კანონიერი ხელისუფლების. ვზივარ ჭიშკართან, საღამოა. ჩამოიარეს მხედრიონელებმა, მანქანა გააჩერეს. ორი ბურვაკი მყავს საკალანდოდ, ერთადერთი იმედი ეს არის. გარეთ არ ვუშვებ, მირჩევნია ეზო გადამითხარონ, გამიოხრონ. ვუფრთხილდები, ვინმეს არ წასცდეს ხელი, ლამის ლოგინში ჩავიწვინოთ მე და ჩემმა ცოლმა. ერთ-ერთმა მხედრიონელმა ავტომატი გადმოიღო, ქუჩიდან ესროლა, მოკლა... გამოიტანა, საბარგულში ჩატენა და წავიდა. ვზივარ, ბუზადაც არ ჩავუთვლივარ იმ ოხერს. მეუღლე გამომივარდა, მე მეცა, ამას ყველაფერს მშვიდად უყურებდიო! რა მექნა, ბურვაკისთვის შემენაცვლებინა თავი? კიდევ ერთი ბურვაკი ხომ დამრჩა! მეორე-მესამე დღეა, ისევ გარეთ ვარ. კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოიარეს. მოულოდნელად შეჩერდნენ, ტანში გამცრა. ბიძია! − მომმართა ერთ-ერთმა ზვიადისტმა, − იმ ბურვაკს ვესროლო, შეიძლებაო? სანამ ხმას ამოვიღებდი, ბურვაკი მანქანის საბარგულში იდო“, − ჩიოდა გაოგნებული ბერიკაცი...
    ვის უბრუნდება ენა და ირაკლი ბათიაშვილს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს, ნეტავ, მისი მეათედი ქართველობა, კაცობა და ქვეყნის ერთგულება მისცა მავანს“ („ლიტ.საქ.“ 21 დეკემბერი, 2007).GK
     
    გიორგი გურგულია: „მე მიკვირს ქართველი ხალხის, ბრძენი ხალხის, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულ პიროვნებებს ქარიზმატულ პიროვნებებად (იგულისხმება ნაციონალური მოძრაობის წევრები)  აღიქვამენ...
    ედუარდ შევარდნაძის გვერდით იდგა ნუგზარ შევარდნაძე და მისი ოჯახის წევრები, ჩხაიძე − რკინიგზა, მამალაძე − ქვემო ქართლი და ოქრო, და კიდევ უამრავი ადამიანი, ვინც ფონდების ფულებით ჯიბეები გაისქელა, არ აპირებდნენ ფულების უკან დაბრუნებას. შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო, რაც მან თავის წრეს გაუმხილა, რის შემდეგაც მამალაძე მას იარაღით დაემუქრა. ედუარდ შევარდნაძე თავისივე გარემოცვის ტყვე გახდა. ერთი მხრივ, მას მსოფლიო ბანკის და ფონდების ფულების დაბრუნება ევალებოდა მსოფლიოს წინაშე. მეორე მხრივ, მისი გარემოცვა, რომელსაც არანაირი სურვილი არ გააჩნდა ამ ფულების დაბრუნებისა. შევარდნაძეზე უკვე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა, მას ლიკვიდაცია აშინებდა. ზურაბ ჟვანიას კარგად ესმოდა, რომ ის თავად ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ახალგაზრდა მოქალაქეთა კავშირი შევარდნაძეს გაემიჯნა... მოქალაქეთა კავშირში შეთქმულება მზადდებოდა... სწორედ ამ დროს დაიგეგმა ვარდების რევოლუცია. მე ზურა ბიგვავამ დამიბარა და ჟვანიას სურვილი გამანდო, მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო კამპანია ნინო ბურჯანაძეზე აწყობილიყო... მაგრამ ნინო ბურჯანაძის პიროვნებას მისი მამის პურის ბინძური საქმეები და მისი მეუღლის პროკუ­რატორობის შავბნელი საქმეები ჩირქს ცხებდა. იდეალურ გაუსვრელ პიროვნებად სწორედ მიხეილ სააკაშვილი ჩაითვალა... სპექტაკლი, რომელსაც ვარდები და „გადა­დექი“ გასდევდა ლაიტმოტივად, უმაღლეს დონეზე შესრულდა...
    მე სწორედ ამ დროს მცირეოდენი სახსრებით დავამზადე ვიდეორგოლები. ჯარი, რომელიც მკლავებით კრავდა საქართველოს რუკას და რუკა, რომელსაც შეკრებილი დაქუცმაცებული საქართველოსგან ბავშვი აწყობდა. ასევე ჯემალ სეფიაშვილის სი­მღერა „გიხაროდენ-2“. შევარდნაძის რეიტინგმა ისევ აიწია. სწორედ ამ დროს აღელდა ზურაბ ჟვანია და ნაწილობრივ ამ ფაქტორმაც გამოიწვია სხდომათა დარბაზში დაჩ­ქარებული შევარდნაძესთან შევარდნა... დადგმული სპექტაკლისთვის მოუმზა­დებელი, გაურკვევლობაში მყოფი ასლან აბაშიძის ფრთა აღმოჩნდა. ვინ, ვინ და მათ მართლა არ იცოდნენ დადგმული სპექტაკლის შესახებ არაფერი“ („ლიტ.საქ.“ 21 დეკემბერი, 2007).GK

    თენგიზ ჩხეიძე: „მექსიკის კანონმდებლობით, მიწის მესაკუთრე მხოლოდ მექსი­კელი შეიძლება იყოს. ანალოგიური წესია ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, მუსუ­ლმანურ სამყაროში... ბატონო მიხეილ (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი), საქართვე­ლოში საკადასტრო სამუშაოების ჩატარებისთვის ფრანგებმა 50 მილიონი, გერმა­ნელებმა კი − 40 მილიონი დოლარი მოითხოვეს. დღეს მიწების დიდი ნაწილი კერძო მე­საკუთრეთა ხელშია, რომლებსაც მიწა ძირითადად ქვეიჯარით აქვთ გაცემული. მიწის კადასტრი არავის ახსოვს და არც არავის აინტერესებს. საქართველოში ტყე-პარკების, რეკრეაციული ადგილების, სკვერებისა და ხეივნების განადგურება ჩვე­ულებრივ მოვლენად იქცა...
    საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად კრძალავს ქალაქში არსებული დასა­სვენებელი პარკების, ხეივნებისა და სხვადასხვა ჯიშის ნარგავების განად­გურებას, მაგრამ თქვენი და თქვენი მთავრობის, მერიის ბრძანებულებებზე და დადგენი­ლებებზე დაყრდნობით, პირისაგან მიწისა აღიგავა „დიღმის ტყეპარკი“, „ვერის პა­რკი“, „მუშთაიდის პარკი“, „გამარჯვების პარკი“, „ყაზბეგის პარკი“. თუ ასე გაგრ­ძელდა, მალე თბილისში და მის შემოგარენში ბუჩქიც აღარ დარჩება... ფაქტია, რომ თქვენ გააუქმეთ თბილისის შემოგარენში მდებარე ექვსი სოფელი, მათ შორის სოფელი დიღომი, სადაც თოთხმეტი ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი კუთვნილება იყო დიდძალი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, საბოსტნე და სასათბურე მეურნეობები, საძოვრები, ბაღ-ვენახები, ხეხილის ბაღები, ეკლესია-მონასტრები, სა­საფლაოები, მაგრამ რადგან ეს სოფლები ქალაქს შეუერთდა, მოსახლეობას აეკრ­ძალა საქონლის ყოლა, რაც მათი არსებობის ძირითადი წყაროა. ირკვევა ისიც, რომ თქვენს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიწის მფლობელებს შეასყიდოს მათი კუთვნილი მიწა-წყალი!..
    სომხებმაც აცალეს ჩინელებს მაღაზიების გახსნა, მაგრამ იქ არავინ არაფერი რომ არ შეიძინა, აიკრეს გუდანაბადი და ალბათ ჩვენთან იპოვეს სასურველი თავშესაფარი... რა უფლებით წაგვართვით მამის სახელი, ეროვნება? ეს არის დემოკრატია? მევენახეებისადმი 1 კილოგრამ ყურძენში 20 თეთრის შეთავაზება ხომ ცინიზმის უმაღლესი დონეა“  („ლიტ.საქ.“ 28 დეკემბერი, 2007).GK

    ციალა არდაშელია: „შუქი და გაზი ყოველთვის  დაუყვედრებლად გვქონდა და ბევრად უფრო იაფად, ვიდრე დღეს. ჯანდაცვისა და განათლების სისტემა უფასო გახლდათ, მეტროც იყო და სპორტის დიდებული სასახლეც ამშვენებდა დედაქალაქს, გზებიც მოწესრიგებული გახლდათ და, საერთოდ, სხვა რესპუბლიკებს შორის გამოვირჩეოდით კიდეც, როგორც ეკონომიკურ-მატერიალური დონით − მათხოვარი ქართველი ყოველშემთხვევაში მე არ შემხვედრია, − ისე კულტურითაც − ჩვენი ხელოვნება, მეცნიერება საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთაც იკვლევდა გზას და სხვა. მაგრამ ცხადია, არ გვქონდა მთავარი რამ: ეროვნული, ქართული, დამოუკი­დებელი სახელმწიფოებრიობა, არ გვქონდა − თავისუფლება, რითაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ერის არსებობა ამქვეყნად... სწორედ ამისთვის იბრძოდნენ თაობები, ამ სანუკვარი ოცნებისთვის თავს სწირავდნენ, როგორც ირაკლი ბათია­შვილის თაობა, ისე მათი წინამორბედებიც... და აი, ერთი ამ პატრიოტთაგანი განსა­სჯელის სკამზე იჯდა სწორედ სამშობლოს ღალატის ბრალდებით − „დამოუკიდებელ საქართველოში“! ბრალმდებლები კი იყვნენ ისინი − არამცთუ ერთი აგური, კენჭიც რომ არ დაუდვიათ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში!“  („ლიტ.საქ.“ 28 დეკემბერი, 2007).GK

    გიორგი (გონი) ცაავა (საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკა­დემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი): „ოფიციალური მონაცემებით, სიღა­რიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება მოსახლეობის 73 %. შარშან ჩატარებული გამოკვ­ლევით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ქართველი ერი შეყვანილია მომაკვდავი ეროვნებების სიაში. ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში  კატასტროფულად გაუარესდა.  ქვეყანა დატოვა მილიონ­ნახევარმა შრომისუნარიანმა მოსახლეობამ, ყველაფერი გაიყიდა, ჰაერის გარდა (ჰაერსაც გაყიდდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მყიდველი არ ჰყავთ), ხალხს სამუშაო არ აქვს,  დეგრადირებულია სოფლის მეურნეობა, მრეწველობაზე ლაპარაკი ზედმეტია...
    ბატონო პრეზიდენტობის კანდიდატო (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი), თქვენ ქვეყანაში დემაგოგიური უზნეობა დაამკვიდრეთ. პარლამენტის შენობის წინ მოვი­დნენ ათეულ ათასობით სამართლიანი, მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი, რომ­ლე­ბიც მოქმედებდნენ ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც აღმართული ჰქონდათ სახელმწიფოსა და წმინდა გიორგის დროშები, ხელთ ეპყრათ სანთლები, მღეროდნენ ეროვნულ სიმღერებსა და საგალობლებს. ამით ხალხმა იგრძნო შვება, რადგან „ნაციონალების“ მიერ ჩაკლული ეროვნული სული მაღლდებოდა, მტკიცდებოდა. პროტესტს გამოხატავდა მოშიმშილეთა ჯგუფი, მათ შორის პარლამენტის წევრებიც იყვნენ. 7 ნოემბერს, გათენებისას, თავს დაესხით თქვენ მიერ გამოწრთობილი სპეცრაზმით და ჯარის ნაწილებით, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით.აქციის მონაწილე ათასობით ადამიანი დაასახიჩრეთ და დააინვალიდეთ. დააინვალიდეთ ის ხალხი, რომელმაც თქვენი დემოკრატიულობა ირწმუნა... ეროვნული სულისკვეთებით აღზევებული და თავისუფლების მოწოდებით მშვიდობიანი მიტინგი სისხლით ჩაახშვეთ თქვენი განუსაზღვრელი უფლებების ბოროტად, ამორალურად გამოყენებით... პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის პროსპექტზე, აქციის მონაწილეებს იმის გამო გაუსწორდნენ, რომ გზა გადაკეტეს, მაგრამ რიყეზე რატომ მისდგნენ, იქ ხომ გზა არ გადაუკეტიათ, თავისუფალ მოედანზე აგრძელებდნენ მშვიდობიან აქციას!..
    მთავრობის სახლის წინ 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და ეროვნული მეობისათვის მებრძოლი ქართველი ახალგაზრდობის გვერდით იდგა მოშიმშილეთა ჯგუფის წევრი, შემდეგ მხუთავი გაზით მოწამლული, რუსული ნიჩბით ნაცემი ჩემი ვაჟიშვილი ვიქტორ ცაავა... „ვარდების რევოლუციის“ დროს მხარს უჭერდა „ნაციონალებს“,  როგორც „ერთობის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ხშირად გამოდიოდა სიტყვით პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე, მაგრამ წინა ხელისუფლებას (იგულისხმება შევარდნაძის ხელისუფლება)  მიტინგი არ დაურბევია. ამა წლის 7 ნოემბერს დემოკრატიის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით გამართულ მიტინგზე მონაწილეობისთვის სპეცრაზმელთა ხროვამ ხელკეტებით ცემეს სწორედ იმ ადგილზე, სადაც 9 აპრილს მოწამლეს, სასამართლოში წაიყვანეს და გაასამართლეს, როგორც გზის გადაკეტვის ორგანიზატორი... შემდეგ ჯარიმით გაათავისუფლეს...
    ბატონო პრეზიდენტობის კანდიდატო, საზოგადოებისთვის პასუხი არ გაგიციათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს სომხური ლობის წარმომადგენლებთან თქვენი კონსპირაციული შეხვედრის შინაარსზე. ეს ფაქტი დაადასტურა სომხურმა გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ „ნოიან ტაპანმა“. რა გქონდათ დასამალი თანმხლებ პირებთან და ჟურნალისტებთან? ამ შეხვედრას მოჰყვა ჯავახეთში სომხური მოსახლეობის გააქტიურება, კერძოდ, დაარბიეს უნივერსიტეტი, ქართული კულტურის ძეგლები, ქართული ეკლესია, სასამართლოში მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. არცერთი დამნაშავე არ დაუსჯიათ წვრილმანი ხულიგნობისთვისაც კი, პარადოქსია...“  („ლიტ.საქ.“ 28 დეკემბერი, 2007).GK

    შოთა ზოიძე: „გ. თარგამაძემ თქვა − ჩვენ უკვე ძლიერი სახელმწიფო ვართ, ძლიერი ჯარი გვყავს და ვერავინ დაგვაშინებსო. მეორე დღესვე დაგვაშანტაჟეს აფხაზებმა და ოსებმა. სააკაშვილმა ბრძანა, რუსის ჯარი გავიყვანეთო. მართალია, რუსის ჯარი ოფიციალურად გადის, მაგრამ ახლახან გუდაუთასა და ოჩამჩირეში არაოფიციალურად დიდძალი ტექნიკა და ჯარისკაცები შემოიყვანეს“  („ლიტ.საქ.“ 28 დეკემბერი, 2007).GK

    ოჩო კოჩია: „ეს უთვისტომო პრეზიდენტი ჩვენი კაცი რომ არ იყო, იქიდან ეტყობოდა, ეროვნებას რომ დაადგა თვალი და სანამ ყველა დოკუმენტიდან არ გააქრო, არ მოისვენა... ახლა კიდე ისე დარბის და არიგებს თამასუქებს ეს თავხედი, თითქოს ისეთი ბრმანი და ყრუნი ვიყოთ, ქრთამსა და ნობათს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდეთ... აგერ, უკვე რამდენი ხანია, ნაოცნებარ დამოუკიდებლობას ვეღირსეთ, ჩვენ უკვე „ვეყუდნით“ ჩვენსავე თავს და იმ ბედნიერი დღიდან მოკიდებული, ლამის თავზე დაგვენგრეს, ეს ჩვენი „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი“ სამშობლო“  („ლიტ.საქ.“ 28 დეკემბერი, 2007).GK