სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

იანვარი

    ილია II: „ყველას მოგესალმებით. ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს დიდი იმედებით ვხვდებით. დღესაც იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ „ნოსცე ტე იფსუმ“ – „შეიცანი თავი შენი“. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია, საიმედოა, საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი. ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში. დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ „უძლურებასა შინა მყოფთა“ ავადმყოფებს, საავადმყოფოში თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მადლი ღვთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ მთხვევის დროს ღვთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ („საქ. რესპ.“ 4 იანვარი, 2014).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დემოკრატიისთვის. გასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს − უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს. ქართველი თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის კულტურაა. ქართველი კაცი ინდივიდუალისტია, მაგრამ ამავე დროს, გვაერთიანებს ლოზუნგი „ძალა ერთობაშია“. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ახალი სულის შთაბერვით უნდა შევქმნათ ახალი ქართული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო. სწორედ ასე, დაუღალავი შრომით, იმ ფასეულობების ერთგულებით, რომლებიც წარსულთან გვაკავშირებს და უხილავ ხიდებს აბამს მომავალთან, უნდა შევქმნათ თანამედროვე ქართული სახელმწიფო − ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ“ („საქ. რესპ.“ 4 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „შარშან ქვეყანაში დაიწყო სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი. დასრულდა შიშისა და ტერორის ეპოქა. ათასობით ადამიანი, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრობაში, წელს საკუთარ სახლში შეხვდებიან ახალ წელს. ვიცი, რომ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც სიმართლის აღსრულებას ელოდებიან. გარწმუნებთ, ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება და მის სამართლიანობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ჩვენს მთავრობას გახსნილი ურთიერთობა აქვს ხალხთან, თქვენ გაქვთ საშუალება, აკონტროლოთ მთავრობა, თქვენგან წამოსულ ხმას ანგარიშს ვუწევთ, ვითვალისწინებთ და ეს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და პირველი ნაბიჯები გადადგა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა. მომავალი წლიდან ქვეყანაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი; ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისათვის. მომავალი წლიდან შევქმნით იმის პირობებს, რომ 4-5 წელიწადში არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი. ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბუნებრივი რესურსი, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა. მომავალი წლიდანვე ვიზრუნებთ იმისათვის, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სკოლის გარეშე, განათლების გარეშე; დავიწყებთ ამბულატორიების მშენებლობას და ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. ძვირფასო მეგობრებო, 2014 წელი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება ევროპასთან დაახლოების კუთხით. 2014 წლის აგვისტოში საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩვენი ხალხისთვის. ქართული პროდუქციისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირის შიდა ბაზარი. არც ისე შორი პერსპექტივა გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა ყველა ჩვენს მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეს“ („საქ. რესპ.“ 4 იანვარი, 2014).TK

    ჯეფრი უიტკროფტი(„Guardian“): „საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, რის შემდეგაც 20 წელიწადზე მეტი გავიდა, დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობაში ყველა ტიპის შეცდომა დაუშვა. პროცესში, რომელსაც მაშინ ისტორიის დასასრულს ეძახდნენ და ლიბერალური დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის უნივერსალურ ტრიუმფად მიიჩნევდნენ, ამერიკელმა ენთუზიასტებმა რუსეთს თავს მოახვიეს თავისუფალი ბაზარი, ქვეყანას, რომელიც 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა რეჟიმის პირობებში, რომელსაც სოციალიზმად ასაღებდნენ. ამ ყველაფრის სამწუხარო შედეგები არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა... დასავლეთში ადამიანთა რამდენიმე თაობა ჯერ აღფრთოვანებული იყო საბჭოთა მითით, შემდეგ მათ იმედი გაუცრუა საბჭოთა მთავრობის ქმედებებმა − მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერამ 1939 წელს, კომუნისტურმა გადატრიალებამ ჩეხეთში 1956 წელს. დიდი ალბათობით, ეს ვერ გამოდგება ნუგეშად პოლონელების, ჩეხებისა და უნგრელებისთვის, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, ისე მოქმედებდა. სუსტი მეზობლების ჩახშობა − ეს სწორედ ის არის, რასაც ზესახელმწიფოები აკეთებენ: შეეცადეთ გაიხსენოთ, თუ რას აკეთებდა აშშ ლათინურ ამერიკაში. 20 დეკემბერს, პუტინმა თქვა, რომ სტალინი არაფრით უარესი არ არის ოლივერ კრომველზე, რაც შეიძლება ექსცენტრიულ განცხადებად ჩაითვალოს, თუმცა, სწორედ სტალინმა მოიხადა ბოდიში ფინეთზე აგრესიული თავდასხმებისათვის, როდესაც განაცხადა: „მე გეოგრაფიაზე პასუხისმგებელი არ ვარ“. რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, დაეცვა თავისი ნაციონალური ინტერესები, დასავლეთი პროვოკაციად მიიჩნევდა, თუმცა, სინამდვილეში, ბევრი საუკუნის განმავლობაში პროვოკაციები სწორედ დასავლეთისგან მოდიოდა. როდესაც რუსებს პარანოიკებს უწოდებენ, მუდმივად მახსენდება მწერალ დელმორ შვარცის გამონათქვამი, რომ მტრები შეიძლება პარანოიკებსაც ჰყავდეთ. რუსეთის არმიას არ დაუწვავს პარიზი 1812 წელს, რუსები არ შეჭრილან გერმანიაში 1941 წელს. 1990-იან წლებში რუსეთს არ დაუწყია საკუთარი ალიანსების გაფართოება, დასავლეთმა კი მაშინ დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რაც იყო როგორც ბრიყვული, ასევე უწესო გადაწყვეტილება. ეს იყო ნამდვილი ღალატი: უფროსი ჯორჯ ბუში მიხეილ გორბაჩოვს დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სახელმწიფოები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბალტიის ქვეყნებზე, რომლებიც ის-ის იყო დამოუკიდებლები გახდნენ რუსეთისგან, ნატოში არ გაწევრიანდებოდნენ, მაგრამ ბილ კლინტონმა ეს პირობა დაარღვია − და ეს იყო შეურაცხყოფა. „ჩვენ არასდროს გვიფიქრია იმაზე, რომ გვეღიარებინა ჰაიტის, კუბის ან პანამის რესპუბლიკის „უფლება“(ყველა მათგანი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა), გაწევრიანებულიყვნენ ალიანსებში, რომელიც მთელი ჩრდილოამერიკული კურსის საპირისპირო იქნებოდა“. ეს თქვა უოლტერ ლიპმანმა 1944 წელს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რა რეაქცია ექნებოდა ამერიკას, რუსეთს რომ კუბისთვის ვარშავის ხელშეკრულებაში გაწევრება შეეთავაზებინა? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკა პერიოდულად ცინიკური და დაუნდობელია, ხშირად ის გაცილებით ბრძნული და გონივრულია, ვიდრე ჩვენი. 2008 წელს, სწორედ საქართველოს მთავრობამ გააჩაღა ომი რუსეთთან. დღემდე ვიხსენებ დევიდ კემერონის აბსურდულ ვიზიტს თბილისში, როდესაც მან მოითხოვა საქართველოს ნატოში სასწრაფოდ გაწევრიანება, რასაც ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო“ („საქ. რესპ.“ 4 იანვარი, 2014).TK

    ილია II: „ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი მეობა. ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგაგამოწვევებით... არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ „თავისუფლებას“ შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ფსევდო-ლიბერალური „არჩევანის თავისუფლება“ ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს. ქრისტიანობა(ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა − მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა − მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო... დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო, ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია. ეს პროცესები მეტ-ნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას. კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტობრივად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია. საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება. საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013  წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა... ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა, იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისთვის. ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას(თუმცა, ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას)... თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტილული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ. „ჰუმანისტები“ მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას... განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ  არის; შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლად ყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა... ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მაძილზე, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ. მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა“ („საქ. რესპ.“ 9 იანვარი, 2014).TK

    გაგრძელება