სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

მარტი

    ვახტანგ ძაბირაძე(პოლიტოლოგი): „განა რა მოხდა ასეთი, ივანიშვილს აღარ მოეწონა მარგველაშვილის რაღაც ნაბიჯები და გააკრიტიკა, ჩვენც ხომ ვაკრიტიკებთ მთავრობას, რა განსხვავებაა ამაში. პრობლემა იქნებოდა, რომ მარგველაშვილი უხმოდ დამორჩილებოდა იმ მოსაზრებებს, რაც შესთავაზა ივანიშვილმა. თუ ნარმანიაც არ მოეწონება, ბუნებრივია, გააკრიტიკებს. ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი ურთიერთობები...ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა არა შესვლაზე ან არშესვლაზე, არამედ იმაზე, რომ მარგველაშვილმა პოზიცია შეიცვალაო, გვახსოვს როგორი რადიკალური იყო ამ საკითხშიო, ადამიანებს შეცდომების უფლება აქვთ. თავიდანვე არასწორად მიმაჩნდა უარის თქმა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე იმ მოსაზრებით, რომ იქ იყო სააკაშვილი და ეს შენობა თითქოს ბოროტების და გარყვნილების ბუდე იყო, არ შეიძლებოდა ამის თქმა“ („ახ. თაობა.“ 25 მარტი, 2014).TK

    დიმიტრი ლორთქიფანიძე: „2005 წლის 3 თებერვალს, როდესაც გადმოიცა შემზარავი ფაქტის შესახებ, თითქოსდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა, ზუსტად ასეთი შეფასება მიეცა პირველივე ფრაზაში ქვეყნის შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გარდაცვალების გარემოებას − თითქოს იგი გაზით იყო გაგუდული. მაშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანდა, რომ გარდაცვლილი ჟვანია, პიჯაკში ჩაცმული სავარძელში იჯდა. ახლა გავრცელებული კადრები კი ცხადყოფს, რომ ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები მოთავსებული იყვნენ იატაკზე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დამახინჯებული, შეცვლილი და ფალსიფიცირებულია. ეს სს კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა და რასაც ვერ უნდა გაექცეს მინიმუმ ამ საქმის გამომძიებელი და მასზე ზედამხედველი პროკურორი, რომლებთან დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, პროკურატურა დუმს და არ აკეთებს შეფასებას, იკვეთება თუ არა საქმის გამომძიებლის და მასზე ზედამხედველი პროკურორის პასუხისმგებლობა... ჟვანიას საქმის გამოძიების წინსვლასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი სამართლებრივი თვალსაზრისით იმიტომ, რომ ბევრ საკითხთან, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით სააკაშვილის დაბარება ჩაითვალა მიზანშეწონილად. თუ პირი არ გამოცხადდება პროკურატურაში შესაბამისი უწყების საფუძველზე, მაშინ პროკურატურა უფლებამოსილი იქნება, მისი იძულებით წარმოდგენისა და მასზე შემდგომი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გაავრცელოს და მის მიმართ ძებნა გამოაცხადოს. ეს სავსებით შესაძლებელია სამართლებრივი ფორმით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ მთელი რიგი საკითხებია, რაზეც პროკურატურას არ უმსჯელია, უფრო სწორად, ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება. იგივე აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინია, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს და არა მხოლოდ სააკაშვილი“ („ახ. თაობა.“ 25 მარტი, 2014).TK

    აშშ-ში განიხილავენ რუსეთის უფლების განცხადებას ალიასკასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის სამიტზე პეტიციას ხმა 20 ათასმა კაცმა მისცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გამოარკვიეს, რომ ამერიკის ტერიტორიების ხელში ჩაგდება გათვალისწინებულია ივნისისთვის, ვლადიმერ პუტინი პირველი ბრძანებულებით კი აპირებს, აკრძალოს ალიასკაზე ნადირობა დრონების დახმარებით. პეტიციის ავტორებს ალიასკის რუსეთისთვის დაბრუნების შესახებ შესაგროვებელი დარჩათ დაახლოებით 80 ათასი ხმა („საქ. რესპ.“ 26 მარტი, 2014).TK

    იაპონია სპონსორობას გაუწევს უკრაინას, რომელმაც ყირიმი დაკარგა, მაგრამ უარს არ იტყვის რუსეთთან დიალოგზე. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა იოსიხიდე სუგამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეუთანხმდება მსოფლიო სავალუტო ფონდს, კიევი, გარდა ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დახმარებისა, მიიღებს ტრანშსაც იაპონიიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიას განზრახული აქვს, შეინარჩუნოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან („საქ. რესპ.“ 26 მარტი, 2014).TK

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდაცვის ორგანოებს, უარი თქვან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის განზრახვაზე. მსგავსი განცხადებებით გამოვიდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა მეთიუ ბრაიზამ კი ოფიციალურ თბილისს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წარუდგინა: ან სააკაშვილს მოეშვებიან, ან საქართველო არ მიიღებს ნატოში წევრობის მოქმედების გეგმებს ალიანსის ქვეყნების ხელმძღვანელთა სექტემბრის სამიტზე უელსში. გამოწვევის თანახმად, სააკაშვილი უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში 27 მარტს 13 საათისთვის... „არ ვაპირებ საქართველოში ჩასვლას პუტინის მოთხოვნით. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი მითითებებით მოქმედებს. მე ხელს ვუშლი პუტინს ჩემი ბრძოლით უკრაინის გათავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ მიძახებდნენ დაკითხვაზე, რათა დამაპატიმრონ ან გამოაცხადონ საერთაშორისო ძებნა, თუ არ ჩავალ, და ამით სურთ, ხელი შემიშალონ მსოფლიოში გადაადგილებაზე“, − განუცხადა სააკაშვილმა ქართულ ტელეარხებს ტელეფონით... „მე პუტინისთვის ვარ, როგორც ძვალი ყელში. მაგრამ მალე დავბრუნდები საქართველოში, რათა გავათავისუფლო ქვეყანა ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, გავაგრძელო რეფორმები და გამოვიყვანო იგი რუსეთის ჩაგვრიდან“, − განაცხადა ექსპრეზიდენტმა... ცნობილმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ, რომელსაც დღეს არანაირი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ არის მეგობრულ ურთიერთობაში საქართველოს ექსპრეზიდენტთან, ბრიუსელში მიმდინარე მარშალის ფონდის ფორუმზე განაცხადა, რომ „საქართველომ შეიძლება ვერ დაიმსახუროს მაპი სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით“. ბრაიზამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ მისი პირადი აზრია, ასეთია „იმ ადამიანების განწყობილებაც“, რომლებიც მუშაობენ ფორუმზე და არიან ის პირები, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს“. ბრაიზას განცხადებას მხარი დაუჭირეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, ესტონეთის პრეზიდენტმა ჰენრიკ ილვესმა და სხვა პოლიტიკოსებმა... დღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო, შეენარჩუნებინა გულგრილობა: დასავლელ მეგობართა ნებისმიერ შეკითხვაზე სააკაშვილის შესახებ საქართველოს მხარეს აქვს ზუსტი პასუხი. „პირადად მას კი, რომელიც მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, მე დაბეჯითებით ვურჩევდი − შეიძინოს ავიაბილეთი და ჩამოვიდეს თბილისში როდისთვისაც დაბარებულია, და არც ერთი დღის დაგვიანებით“, − განაცხადა პრემიერმა („საქ. რესპ.“ 26 მარტი, 2014).TK

    „დიდი რვიანის“ ქვეყნები ივნისის სამიტს გამართავენ არა სოჭში, არამედ ბრიუსელში და რუსეთის მონაწილეობის გარეშე − შექმნილ სიტუაციაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სოჭის სამიტში. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს მონაწილეობას „რვიანის ფორმატში“ მანამდე, სანამ რუსეთი არ შეცვლის კურსს, პოლიტიკური კლიმატი კი არ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება „რვიანი“, − ნათქვამია სხდომის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში („საქ. რესპ.“ 26 მარტი, 2014).TK

    გია ხუხაშვილი: „მაინცდამაინც, მეხუთე კოლონის დაძახებაც არ მიმაჩნია სწორად ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა ჩვენთვის მართლაც ძალზე მიუღებელ რაღაცას ამბობენ. კი, გასაგებია, კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ადამიანები პოლიტიკის მიმართ თავიანთ აზრს გამოთქვამენ, არ მოსწონთ ნატო და ევროკავშირი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ევროკავშირში გვინდა შესვლა ფასეულობათა სისტემის გამო, გვინდა იმის გამო, რომ ტოლერანტულები ვიყოთ, სხვისი აზრის მიმართ მისაღებია თუ არა ის, აგრესიულები არ ვიყოთ. პარადოქსია, მაგრამ ამ ადამიანების მიმართ ასეთი აგრესია არ მეტყველებს იმ ფასეულობებზე − მათ აქვთ თავისი აზრი, ჩემთვისაც ძალიან მიუღებელი, მაგრამ ცემა-ტყეპაზე გადასვლა არ მესმის, რას ნიშნავს − ეს არის დასავლური ფასეულობები?!... „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ყოველთვის თვითონ იყო „მეხუთე კოლონა“. წლების განმავლობაში, რუსეთის ინტერესთა წისქვილზე ვინც ასხამდა წყალს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. იმიტომ, რომ პოლიტტექნოლოგიებით, ამოცანების გადასაწყვეტად, დაპირისპირებულ ძალებზე ბევრად უფრო მეტი დივიდენდის მოპოვება შეიძლება, ვიდრე − ე.წ. მეგობრების. მოგიყვანთ უკრაინის მაგალითს. გავიხსენოთ, ვინ არის რუსეთის მთავარი მოკავშირე უკრაინაში, ეს არის ე.წ. მემარჯვენე სექტორი − თავისი აშკარად გამოხატული ნაციონალური პოზიციებიდან, ფაქტობრივად, თავისი აგრესიული ქმედებებით რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეები ხდებიან − ერთგვარი სიმბიოზური პროცესია. ასეა „ნაციონალური მოძრაობაც“ − თვითონ არის რუსეთის მოკავშირე, არა პირდაპირი, არამედ იმ გაგებით, რომ ისინი თავისი ქმედებებით აკეთებენ რუსულ საქმეს“ („საქ. რესპ.“ 27 მარტი, 2014).TK

    ზაზა ბილიხოძე: „სპეციალისტების, ექსპერტების განმარტებით, ერგნეთის ბაზრობა, რომელიც აშკარად ხელს უწყობდა ორი ხალხის იძულებით ჩაწყვეტილი კონტაქტების აღდგენას, აშკარად არ მოსდიოდა თვალში(თვითგამოცხადებული, მაშინ მხოლოდ ეს სტატუსი ჰქონდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, რუსებმა მოგვიანებით მიანიჭეს მას დამოუკიდებლობა) რესპუბლიკის სეპარატისტთა მმართველობასა და რფ რეაქციულ ძალებს. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, დაბრკოლებები შეექმნათ ხალხების დაახლოებისათვის და კონტაქტების აღდგენისათვის. მაგრამ, რად უნდოდათ ამ საქმეში მიზეზების ძებნა, სააკაშვილი იქ არ ჰყავდათ, − ამტკიცებს სპეციალისტთა ერთი ჯგუფი, − მან ერთი ხელის მოსმით დაკეტა ერგნეთის ბაზრობა, რითაც ხაზი გადაუსვა წლების განმავლობაში რუდუნებით აღდგენილ ურთიერთობებს“ („საქ. რესპ.“ 27 მარტი, 2014).TK

    დავით მხეიძე: „როგორც თავად რუსები უწოდებენ რუსეთს, „სვიატაია რუს“, ღმერთმა არ გასწირა და ტროცკისტი მასონებისგან მხსნელად ქართველი სტალინი მოუვლინა, რომელმაც ყველა წინამორბედს გადააჭარბა და მიუხედავად მაშინდელი დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკადისა(ეს იმათ საყურადღებოდაც, ვისაც დღეს ე.წ. სანქციებით რუსეთის დაშინების იმედი აქვთ), რუსეთის უძლიერესი ბირთვული იმპერია სსრკ-ს სახით დედამიწის 1/6-ზე გადაიჭიმა! სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვ-ბრეჟნევის მსგავსმა ნეოტროცკისტებმა ანგრიეს, გამოხრეს, ძარცვეს სტალინის გენიის ინერციით მრავალი სსრკ, რომელსაც საბოლოო წირვა ამერიკელების ტყლიპიანმა „შნირმა“, მიხეილ გორბაჩოვმა გამოუყვანა;... ყირიმი გაცილებით უფრო მეტად „ისკონნო“ რუსული მიწაა, ვიდრე უკრაინული... არსენ იაცენიუკი(ევრომაიდნის მთავარი იდეოლოგი), ალექსანდრე ტურჩინოვი(რადას ბაპტისტი სპიკერი), ალექსანდრე მუზიჩკო, იგივე „საშკო ბელი“ და დიმიტრი იაროში(ტერორისტები), არსენ ავაკოვი და ალექსანდრე კირში(ორივე ჰომოსექსუალი), იულია ტიმოშენკო(უკრაინაში კორუფციის დედა), ვიტალი კლიჩკო(კრიმინალური ავტორიტეტების ჯერ „ხელის ბიჭი“ და შემდეგ ბიზნეს-პარტნიორი), ოლეგ ტერნიბოკი(პირწავარდნილი ბანდერელ-ფაშისტი), აი, ვის უჭერს მხარს დასავლეთი, ანუ, აი, ნამდვილი სახე ამერიკული დემოკრატიისა და არასრული ჩამონათვალი თეთრი სახლის ყმებისა, რომელთა საშუალებითაც მოახდინა აშშ-მა ფაშისტურ-ბაპტისტური სახელმწიფო გადატრიალება და რომლებიც ახლა „ღაღადებენ“ თეთრი სახლისა და ევროსაბჭოს კაბინეტ-კორიდორებში და „აგრესორი რუსეთისგან“ დაცვას ითხოვენ(ისე, ზემოთ ჩამოთვლილი ხალხის გვერდით, მკითხველს არ გაუჭირდება მათი ქართველი ეპიგონების სახელების მიწერა, ანუ ვარდების სახელმწიფო გადატრიალებასთან პარალელების გავლება)... რუსეთი − მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთია ევროპა-აზიის სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე 100 წლით(ეს ციფრი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იუმორ-სარკაზმსაც გულისხმობს) აკრძალა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ანუ, როგორც მინიმუმ 2112 წლამდე რუსეთის ტერიტორიაზე გეი-პარადები ვეღარ გაიმართება! მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის დროზე განაცხადა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი პირველ რიგში ე.წ. „ლგბტ“ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვააო. ხოლო პრეზიდენტმა ობამამ, ჯერ გეებს ჯარში მსახურების უფლება დაუკანონა და შემდეგ, აშშ-ს ფინანსური დახმარება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში ამ უფლებების დაცვის ხარისხზეო, კვერი დაუკრა მადამ ჰილარის! შემდეგ, საკუთარი ჰომოსექსუალური გამოცდილების ფაქტიც აღიარა, რაც სტუდენტობის დროს მომხდარა... ჰოდა თუნდაც მხოლოდ ამის გამო, რომ ვიყო აშშ-რუსეთის დაპირისპირებაში რუსეთის, თუნდაც ოკუპანტი რუსეთის მხარეს, გამემტყუნება?“ („საქ. რესპ.“ 27 მარტი, 2014).TK

    სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების კვების ბლოკების სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ინსპექტირება ჩატარებულია 41-ში, ხოლო შემოწმების პროცესშია 112 სკოლა. მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლების კვების ბლოკების შემოწმებას. ამ ეტაპისთვის შესამოწმებლად შეფასებულია 399 სკოლა. სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა, რომლის დროსაც საწარმოო პროცესი ჩერდება, არ გამოვლენილა. ძირითადი პრობლემები ცხელი წყლის არარსებობას უკავშირდება. უმეტეს შემთხვევაში, ბუფეტები სარემონტო მდგომარეობაშია, რომელთა გამოსასწორებლად ბიზნესოპერატორებს 2-3 თვე აქვთ („საქ. რესპ.“ 27 მარტი, 2014).TK

    ნოდარ ჩხეიძე(ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, უკრაინის გემთმშენებელ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი): „ბათუმი საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გახდესო, წინა ხელისუფლება კი აცხადებდა, მაგრამ ეს დეკლარაციას არ გასცილებია. იქამდეც იყო და ახლაც არის საზღვაო აკადემია, მაგრამ იგი მის დანიშნულებას ვერ ასრულებს, ანდა როგორ უნდა შეასრულოს, როცა აქ სულ რამდენიმე სპეციალობა არსებობს... ესაა საზღვაო ეკონომიკა, გემთწამყვანი, გემთმექანიკოსი და ახლახან დაემატა ლოჯისტიკა, ანუ საზღვაო გადაზიდვები... საზღვაო აკადემია არ ამზადებს ჰიდროგრაფებს, ჰიდროინჟინრებს, ნაპირდაცვის სპეციალისტებს, გემთმშენებლებს, იქტიოლოგებს, თევზის რეწვის სპეციალისტებს, ზღვის პროდუქტების, საკონსერვო მრეწველობის ტექნოლოგიებს, ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელებს, პორტებისა და ნაპირდაცვის მშენებლობის სპეციალისტებს, პორტების ექსპლუატაციის ინჟინრებს, ზღვის ეკოლოგიის სპეციალისტებს, ჰიდრო-გეოლოგებსა და ჰიდროქიმიკოსებს და სხვა მრავალს... სამწუხაროდ, საქართველო არ იქნა და არ ჩამოყალიბდა საზღვაო ქვეყანად. არადა, ჩვენ დიდი საზღვაო პოტენციალი გვაქვს, რომლის სამრეწველო მიზნით გამოყენება ქვეყნისათვის დიდად მომგებიანი იქნებოდა. ეს შესაძლებლობა რომ არ გამოიყენოს ქვეყანამ, ამაზე დიდი დანაშაული წარმოუდგენელია“ („საქ. რესპ.“ 27 მარტი, 2014).TK