სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

სექტემბერი

    რაულ ჩილაჩავა (საქართველოს ელჩი უკრაინაში): „მას შემდეგ, რაც აგრესორმა ნიღაბი საერთოდ ჩამოიხსნა და სრულმასშტაბიან ოკუპაციას შეუდგა, სიტუაცია დონბასში უკიდურესად დაიძაბა... უკრაინელები ზედიზედ კარგავენ ადრე აღებულ ქალაქებს და დაკავებულ პოზიციებს... გარდა ფრონტზე შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობისა, ცუდადაა საქმე ეკონომიკაშიც, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს სწორედ დონბასი ასრულებდა... ეროვნული ვალუტა ჩამოინგრა, ბენზინი უკვე ერთ ევროზე მეტი ღირს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა − ზამთარში გათბობა არ გვექნება, ამიტომ ბოილერები და ღუმელები მოიმარაგეთო... სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში უკვე ორასი ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია... პუტინის ლექსიკა, რიტორიკა, პათოსი და ტონალობა სულ ფიურერისეულია... რუსეთი ჩერდება იქ, სადაც გააჩერებენ... კადიროველთა მონაწილეობა დონბასის ომში დადასტურებული ფაქტია. ახლა კი გავრცელდა ცნობა, რომ აქ გამოჩნდა ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელსაც იჩქერიის ბრიგადის გენერალი ისა მუნაევი მეთაურობს... კადიროველ გარეწრებს მისი თურმე ძალიან ეშინიათ და როგორც პრესა წერს, სასწრაფოდ გაქცევა აქვთ განზრახული... მმართველი კოალიცია ამჟამად არ არსებობს. რადა სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ კოალიცია ვერ შედგა“ („საქ.რესპ.“ 3 სექტემბერი, 2014).GK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი (პოლიტოლოგი): „დღევანდელ პოლიტიკოსთა უმთავრესი მიზანი არა საქმის კეთება, არამედ სავარძლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა... ობამას პრეზიდენტობის პირველსავე საათებში ითქვა გუანტანამოს ციხის დახურვის თაობაზე, მაგრამ ის დღესაც არსებობს... ამერიკა პირდაპირ არ ჩაბმულა ლიბიის ომში, მაგრამ კულისებიდან მართავდა პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ გაჩაღებულ ნატოს ომს... ლიბია მუსლიმი ექსტრემისტების საჯირითო არენადაა ქცეული... სირია ხანგრძლივი ომის კერად გადაიქცა... ობამა და მისი ევროპელი კოლეგები ამარაგებდნენ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტულ ისლამს, მათ შორის „ალ-ქაიდას“... სწორედ მსგავსი უკიდეგანო დახმარება ხომ არ გახდა საწინდარი ტერორისტული ისლამური დაჯგუფებების ჩამოყალიბებისა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორიები უკავია სირიასა და ერაყში... ისლამური სახალიფო გაცილებით მეტია ვიდრე „ალ-ქაიდა“... ექსტრემისტულ ისლამთან ფლირტი აშშ-მ ავღანეთში დაიწყო... ვაშინგტონის დახმარებით ჩამოყალიბდა საბჭოთა ჯართან მებრძოლი „თალიბანი“ და ბინ ლადენის „ალ-ქაიდა“. დღეს ეს ძალები შემქმნელის წინააღმდეგ იბრძვიან... ობამას უშუალო მონაწილეობით მოხდა ის, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში – ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ამით მსოფლიო ეკონომიკის დასუსტება... ამერიკელთა მიზანმიმართული მოქმედებით, უკრაინა ისე გადაეკიდა რუსეთს, რომ კარგა ხანს ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ერთი სისხლისა და ხორცისა, ნორმალური დამოკიდებულება არ იქნება!.. იტყვის ობამა – რუსეთია დამნაშავე უკრაინის მოვლენებში, და ყველა ერთად აღაღადდება ევროპაში − დიახ, დამნაშავეაო... იტყვის ობამა − დამნაშავე რუსეთი უნდა დაისაჯოს, და ევროსივრცე უმალ პასუხობს ანტირუსული განცხადებებით, მეტადრე სანქციებით... ვაშინგტონს აყოლილი საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, მეორედ ცვლის მთავრობას სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში. პრეზიდენტის რეიტინგი 17%-მდეა დაცემული... საფრანგეთი დაიმონა ბრიუსელმა (ევროკავშირი) და გერმანიამ... ჟოზე მანუელ ბაროზუს სუსტმა პოლიტიკამ და ვაშინგტონის წინაშე კოჭის გორებამ გამოიწვია ის, რასაც უკრაინის კონფლიქტი ჰქვია... იანუკოვიჩი სთხოვდა მას ევროკავშირ-რუსეთ-უკრაინის შეხვედრის გამართვას... ბაროზუს პასუხი იყო ხისტი − რუსეთს არაფერი ესაქმება ევროკავშირთან... ბაროზუ სულ იმის ძახილში იყო − ან ჩვენთან, ან საბაჟო კავშირთანო... არავინ ამბობს იმ საშინელებებზე, რასაც უკრაინის ჯარი სჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ის მეთოდურად მიწასთან ასწორებს საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს, მაღაზიებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებს“ („საქ.რესპ.“ 3 სექტემბერი, 2014).GK

    ურაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია: ”...ავტორიტარული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არა თუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ... რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს“ („საქ.რესპ.“ 4 სექტემბერი, 2014).GK

    თეონა მანაგაძე: „ქართული ენის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია იქმნება... კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც ნიშნავს კომისიის თანათავმჯდომარეს და წევრებს... „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევაზე ფულადი ჯარიმები დაწესდება... კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება“ („საქ.რესპ.“ 4 სექტემბერი, 2014).GK

    ოთარ ტურაბელიძე: „ნაცმოძრაობის ხელისუფლების დღევანდელი აქტივისტებისგან არაერთგზის გვსმენია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის შენელება, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადისა და გრანტების მნიშვნელოვანი შემცირება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ, წამოწყებული არაერთი დიდი პროექტის შეჩერებითაა განპირობებული. არადა, ეროვნული ეკონომიკის მრავალი დარგის წარმომადგენლის განცხადებით, იმ დიდი პროექტებიდან, ფაქტობრივად, არც ერთს ბოლომდე გამართული, გააზრებული პროექტი არ ჰქონია, რამაც მათი რევიზიის აუცილებლობა გამოიწვია... ეს, ჩვენი აზრით, სავსებით მართებულია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროებით შეჩერება, რიყის ტერიტორიაზე სრულიად უაზრო საგაზაფხულო თეატრის მშენებლობა და მრავალი სხვა... უპროექტო მშენებლობათა ხანა დასრულდა“ („საქ.რესპ.“ 4 სექტემბერი, 2014).GK

    კორნელი კაკაჩია: „რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია, მთლიანად აღადგინოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე... პუტინმა ბაროზუს უთხრა – „რომ მინდოდეს, კიევს ორ კვირაში ავიღებო“... დასავლეთის სამყაროში ლიდერების პრობლემა რეალურად დგას... მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რატომ აგებს დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირებაში. დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის ქმედებებზე რეაქციაა. ანუ, იგი ერთი ნაბიჯით ყოველთვის ჩამორჩება ხოლმე რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს... რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა... დასავლური პრაქტიკა მაკიაველური პრინციპებისკენ იხრება, რაც ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობს... მაგალითისთვის, გერმანიის მთავრობა უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ იმავდროულად იარაღს აწვდის ქურთებს ისლამისტების წინააღმდეგ... ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით, ცდილობს „მძინარე ვეფხვის“ პოზა მიიღოს, რომელიც ეკონომიკური ძლიერებით აპირებს თავისი ჰეგემონიის განმტკიცებას და არა სამხედრო, არქაული მეთოდებით, როგორც ამას რუსეთი აკეთებს... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართულებით ოდნავ გააქტიურდა, მაინც იკვეთება, რომ უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული ხედვა არა აქვს... ჩვენში არც მანამდე და არც ახლა არ ყოფილა პრორუსული ძალებისა და პარტიების ნაკლებობა. თუ გამოჩნდა, რომ დასავლეთმა უკრაინა გაწირა, დარწმუნებული ვარ, პრორუსული ორგანიზაციები საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ეცდებიან ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გახდნენ. მათი ამოცანა იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და რუსეთთან დათმობების ხარჯზე საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლად პოლიტიკის წარმოება“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    „რია ნოვოსტი“: „საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის ქვეყნებთან თავიდანვე მიმართული იყო არა ევროკავშირის მხარეს, არამედ სამხედრო ალიანს ნატოს სასარგებლოდ... 1994 წელს საქართველო შეუერთდა პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. საქართველომ, როგორც ყველა ქვეყანამ იკისრა პოლიტიკური ვალდებულება „ეროვნული სამხედრო დაგეგმვის და ბიუჯეტის ფორმირების გამჭვირვალობის შესახებ შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის დამყარების მიზნით, აგრეთვე უნარის განვითარების შესახებ მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ნატოს ხელმძღვანელობით... ინტეგრაციის დაწყებიდანე დასავლეთის ქვეყნებთან საქართველო საქართველო მიზნად ისახავდა არა ევროკავშირის, რაც შეიძლებოდა აგეხსნა საქართველოს ხელმძღვანელობის ეკონომიკური ხასიათის მოტივებით, არამედ ნატოს მიმართულებით, ესე იგი სამხედრო ალიანსის სასარგებლოდ... არმიის რეფორმირების მიზანია ნატოს და საქართველოს ოპერატიული შეთავსებულობის მიღწევა“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    გია გვაზავა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე): „მთავარი ნიუანსი, რატომაც არ მოხდება ქართველების აფხაზეთიდან გამოდევნა, რუსეთის შორს გამიზნულ, ვერაგ გეგმას უკავშირდება. ეს არის სტრატეგია საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაქუცმაცებისა... რუსეთში გამოსცეს მეგრული ენის გრამატიკა... ხაჯიმბა არ დათანხმდება რკინიგზის გახსნას... ეს არავითარ სარგებელს არ მოუტანს არც აფხაზეთს და არც საქართველოს, ის სჭირდება რუსეთს სომხეთთან და ირანთან დასაკავშირებლად... მე რკინიგზის გახსნის მომხრე არ ვარ... რუსეთმა 1801 წელს მონარქია გაგვიუქმა. ერი უთავოდ დატოვა, რაც იქამდე არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია... რუსეთის დოქტრინაც საკმაოდ აგრესიულია... დასავლეთი ხვდება, რომ თუ „ჯინი“, ანუ პუტინი გაექცათ, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია... დროზე უნდა გაგვაძლიერონ პატარა ქვეყნები იარაღით, თავდაცვის სისტემებით... თუმცა მსოფლიოში იმდენი პრობლემაა, რომ არ გამოვრიცხავ რუსეთის ჩართვას ნატოში. ეს არის ჩინეთის ფაქტორი, მუსლიმთა გააქტიურება, ეკოლოგიური კატასტროფები. ხვალ და ზეგ ამერიკა და რუსეთი, შესაძლოა, პარტნიორებიც კი გახდნენ“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    ლევან ბერძენიშვილი: „როგორ მოხდა, რომ საქართველოში ვანო მერაბიშვილი იყო რაღაცის მინისტრი? − ჭიკაიძე ბრწყინვალე პოლიციელია, მერაბიშვილი კი პოლიციელიც არ იყო. მერაბიშვილს წიგნი არ ჰქონდა წაკითხული... პრეზიდენტი გვყავდა, რომელსაც „თხა და გიგო“ არ ჰქონდა წაკითხული. ის, რომ ნადირაშვილის სალაპარაკოა ჭიკაიძის დიპლომი, ეს უხერხულია“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    ირმა ნადირაშვილი: „მკვლელობების სია არის დაუმთავრებელი. ეს არის „ოცნების“ მთავრობის უუნარო პოლიტიკის შედეგი. ასევე ეს შედეგია იმის, რომ წლების მანძილზე, საზოგადოებას გაყალბებულ სტატისტიკას უდებენ... ივანიშვილმა წინასწარ აიღო ვალდებულებები კრიმინალურ კლანებთან და ბესელიას ბრძანება მისცა, რომ უპრეცედენტო და უპასუხისმგებლო ამინისტია განეხორციელებინა“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    ლევან იზორია (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე): „არავითარი საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა, არ არსებობს. 2011, 2012, 2013, 2014 წლების მონაცემები თითქმის თანაბარია... ხოლო, თუ წინათ მკვლელობების გაშუქება იშვიათად ხდებოდა, დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება. ამაში აქტივობას სამინისტროს საინფორმაციო სამსახური იჩენს“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    რუსლან რუსია: „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!“ - ყველას გახსოვთ ალბათ „რუსთავი 2“-ის გენ-დირექტორის ნიკა გვარამიას ეს დანაქადი... გივი თარგამაძემ „კბილებიდან“ გამოსცრა მუქარა – „გაფრთხილებთ, საქართველოდან ახლავე აახვიეთ! პირობას გაძლევთ, არ ვბაქიბუქობ და ნამდვილად გამოგიყვანთ წირვას!“... ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებული მასალა წმინდა წყლის პროვოკაციაა. სავარაუდოდ, მას ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს და ასე გაავრცელეს არაკორექტული განცხადება... ჩხეტიანის შეფასებით ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული... ამ „თავის“ განცხადებაში ვითომც ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ აკრიტიკებს კი არა, პირდაპირ „აკატოკებს“ დღევანდელ ხელისუფლებას... ჩხეტიანის განცხადებით, მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია“ („საქ.რესპ.“ 5 სექტემბერი, 2014).GK

    ზურაბ ცუცქირიძე: „კაზანტიპის რესპუბლიკის კონსტიტუცია იმით განსხვავდება ყველა სხვა, დღემდე ცნობილი კონსტიტუციებისგან, რომ მის მიხედვით დასაშვებია: სექსი პლიაჟზე დღისით-მზისით, ერთჯერადი (!!!) ქორწინების რეგისტრაცია (და, თანაც, სავალდებულო როდია, ეს ქორწინება მაინცდამაინც ქალსა და მამაკაცს შორის გაფორმდეს), ნარკოტიკების მოხმარება და სხვა ყველაფერი, რაც ყველა შეზღუდვისგან თავისუფალ სუბიექტს მოეპრიანება... კაზანტიპის იდეის იმ აქტივისტებზე რა ვთქვა, რომლებითაც სავსეა ეს ჩვენი ვითომ ქართული ტელევიზიები. ზოგი მათგანი ფულით, გრანტებით, ძღვენით არის მოსყიდული, ზოგი კი შინაგანი ბუნებითაა ასეთი, თუმცა, ძღვენის ჭამაზე უარს არც ისინი ამბობენ... ქართული ტელევიზიები, მცირე გამონაკლისის გარდა, ძღვენიჭამიათა ტელევიზიებია... საოცარი და არაბუნებრივი ის არის, რომ უბადრუკი უმცირესობა ძალადობს ჯანსაღ უმრავლესობაზე, რადგან ფული და, ცხადია, საინფორმაციო საშუალებანი − ინტელექტუალურ -ზნეობრივი ძალადობის ძლიერი იარაღები მათ ხელშია... სატელევიზიო არხმა „მაესტრომ“ ხალხისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ე.წ. სატელევიზიო დებატები მოაწყო... ერთ მხარეს დასვა, კაზანტიპის ჩათლახობის მომხრე ორი სუბიექტი, მეორე მხარეს მისი მოწინააღმდეგენი... არავითარი დებატები იქ არ გამართულა და ვერც გაიმართებოდა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჩათლახობა და კულტურა... სტეფანემ რა თქვა, თუ იცით? ვინც კაზანტიპის ფესტივალის საქართველოში მოწყობის წინააღმდეგია, უკულტურო, ჩამორჩენილი და ბნელი ადამიანიაო... 50 000 ტურისტ მოქალაქეს ელოდნენ და მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 12 ათასამდე ძლივს მოიყარა თავი“ („საქ.რესპ.“ 6 სექტემბერი, 2014).GK

    ზურაბ ცუცქირიძე: „ჩვენ კი არა, მგონი ნახევარმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული და სასამართლომ მას დაუსწრებლად აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა... ამის შესაბამისად გამოცხადდა ძებნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ალბათ, მალე წითელი ცირკულარით მთელ მსოფლიოში დაუწყებენ ძებნას. ამ დროს რას შვრება საპარლამენტო ოპოზიცია? პურმარილით დაზურგული მიდის დევნილ დამნაშავესთან შესახვედრად საქართველო-თურქეთის საზღვრის იქითა მხარეს, სარფის მიდამოებში. შეხვდნენ კიდეც და კაი პურიც ჭამეს ძებნილ ექსპრეზიდენტთან ერთად. თამადა, როგორც თქვეს, ოქროპირი წერეთელი ყოფილა“ („საქ.რესპ.“ 6 სექტემბერი, 2014).GK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: „არსებობს ამერიკელი სენატორის მაკკეინისა და „სახალიფოს“ ხალიფას ანუ ბაქარ ალ-ბაღდადის ერთად გადაღებული ფოტოსურათი. ირანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სინამდვილეში საიმონ ელიოტია, მოსადის ებრაელი აგენტი... „სახალიფომ“ მუქარა არა მარტო ობამასა და ევროპას შეუთვალა, არამედ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც − სირიის ხელისუფლების დახმარებისთვის. ისლამისტები იმუქრებიან რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებით ჩეჩნეთში და კავკასიაში, რაც ერთობ შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენთვისაც − კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორისთვის“ („საქ.რესპ.“ 6 სექტემბერი, 2014).GK

    დავით მხეიძე: „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მთავარმა სცენარისტმა და სპონსორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჰუმანური მოსაზრებების გამო კი არ დართო ნება უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ პუტინის სამშვიდობო გეგმას დათანხმებოდა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინას ჯარი უბრალოდ „გაუთავდა“... მთავარი მიზეზი ამერიკელების მარცხისა უკრაინაში ის არის, რომ მათ სუსტად იციან ისტორია (თუნდაც ობამას ოპუსი რად ღირს, XIX საუკუნეში რუსეთის მიერ დაკარგულ ტერიტორიებზე), ან თუ იციან, არ ითვალისწინებენ მის გაკვეთილებს, თორემ... და კიდევ, ამერიკელებს დაავიწყდათ, რომ რუსეთი თავის მოკავშირეებს არასოდეს ღალატობს და თუ საჭიროა, ნატოსგან განსხვავებით, სამხედრო ძალითაც იცავს მათ და მით უმეტეს ვერ მიატოვებდა მილიონობით ეთნიკურ რუსს თუ პრორუსულად განწყობილ უკრაინელებს დონბას-ლუგანსკში!.. და კიდევ ერთი ვერ გაითვალისწინეს დასავლელმა „დემოკრატებმა“... რუსეთი ომებს არასოდეს იწებს, რუსეთი ომებს ამთავრებს!“ („საქ.რესპ.“ 10 სექტემბერი, 2014).GK

    სპარტაკ ქობულია: „ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების „რევოლუციური გეგმა“, რომელიც პატიმარ გიგი უგულავას „გატეხილ იმეილზე აკრიფეს“ და პრესაში გამოქვეყნდა, ერთმნიშვნელოვნად ააშკარავებს მოძალადე მიშნაცების მზაკვრულ ჩანაფიქრს.. გიგი უგულავას წერილში საუბარი იყო: „სრული აპოკალიფსის სურათის შექმნა. ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ პატარ-პატარა აქციები... მაგალითად, სერგომ (საუბარია სერგო რატიანზე) ჩაიბას უფლებააყრილი სტუდენტები... იყოს 20 კაციანი აქცია რეცეპტებზე, სოცდაუცველებზე, დევნილებზე... უნდა ვიყოთ პროვოკაციულები... ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი... ჩემზე უკეთ ვინ იცის, 20-30 კაციანი აქციაც კი პარალიზებას იწვევდა მერიის წინ... არ არის აუცილებელი თვითონ ვჩანდეთ, ხანდახან გამოვჩნდეთ კიდეც... აუცილებელია, ბაქრაძის თაოსნობით, აღდგეს კომუნიკაცია პატრიარქთან. კრიზისულ სიტუაციაში თუ მანამდე ნამუშევარი გვაქვს და გამოვა და ეტყვის, რომ ხალხი ციხიდან გამოუშვი ან რამე მსგავსს... ამოიგდეთ თავიდან, რომ პატრიარქს ჩვენ არ ვუყვარვართ, მას არც ბიძინა უყვარს და მოქმედებს სიტუაციის მიხედვით“ („საქ.რესპ.“ 10 სექტემბერი, 2014).GK

    ელბერდ ბატიაშვილი: „ვინც წიწამურის „სირცხვილის სვეტზე“ წარწერას გაიხსენებს, ვფიქრობ, დამეთანხმება: ეს წარწერაც, სწორედ რომ, მესამედასურია − იქ ჭეშმარიტების ნატამალიც არ არის, ოდნავი მინიშნებაც კი იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა: ამ 25 წლის მანძილზე „თსუ ილიალოგთა კლუბმა“ რამდენჯერმე დავსვით საკითხი მისი შეცვლისა ისეთი რედაქციით, ჭეშმარიტ ისტორიას რომ ასახავს მაშინდელს: „აქ 1907 წლის 30 აგვისტოს (ძველი სტილით), ქართველმა მესამედასელმა კოსმოპოლიტებმა მოკლეს ჩვენი დიდი ეროვნული იდეოლოგი და „საერთო ნიადაგის“ თეორიის ფუძემდებელი ილია ჭავჭავაძე“ („საქ.რესპ.“ 10 სექტემბერი, 2014).GK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: „ომით დაკარგული ტერიტორიები ყოველთვის მიიჩნეოდა ნატოში შესვლის გადაულახავ ბარიერად. მაგრამ გაუთვითცნობიერებელმა ქართულმა დიპლომატიამ და პოლიტიკამ, ნაცვლად ნატოს მოთხოვნებისთვის ყურის დაგდებისა როგორც შინ, ისე გარეთ, პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა, განსაკუთრებით ბრიუსელ-ვაშინგტონში... ახლა ვთქვათ იმაზეც, რა მოგვიტანა ნატო-ნატოს გამუდმებულმა ყვირილმა − დაგვაკარგვინა საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიის 20%; გადაგვკიდა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო; დაგვიხოცა მეომრები ერაყსა და ავღანეთში; საქართველო გადააქცია ნატოს კარზე ატუზულ ქვეყნად, რომლის დანახვაც ნეგატიურ რეაქციას იწვევს ბრიუსელში... სააკაშვილმა და მისმა ნაცურმა ხელისუფლებამ, ნატოს კარზე „უპრაგონოდ“ მოხეტიალემ, ცუდი წარმოდგენა შეუქმნა ევროპელებს საქართველოს შესახებ... რუსეთი რა ხანია აცხადებს, რომ მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება სერიოზულად ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. უკრაინის კრიზისიც სწორედ რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით არის განპირობებული. თუ ნატოს მობილური კომპლექსები უკრაინაში, როსტოვის ოლქის სიახლოეს განლაგდება, რაკეტის ფრენის დრო მოსკოვამდე მკვეთრად შემცირდება, ანუ რამდენიმე წუთს შეადგენს. რუსეთის ანტისარაკეტო ძალები უბრალოდ ვერ მოახერხებენ რეაგირებას, დამიზნებას, გასროლას. მტრის რაკეტის გაშვების დაფიქსირებაც კი გაჭირდება“ („საქ.რესპ.“ 10 სექტემბერი, 2014).GK

    ბიძინა ივანიშვილი: „ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდს, „ქართული ოცნების“ გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია“ („საქ.რესპ.“ 12 სექტემბერი, 2014).GK

    პატრიარქმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში საქართველოში სამასზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის... პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერსიტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიისა და თურქეთის რომელიმე სასულიერო სასწავლებელს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება („საქ.რესპ.“ 13 სექტემბერი, 2014).GK

    ბიძინა ივანიშვილი: „რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან, მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო − მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება... მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები − საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლს და, თუ გნებავთ, კრიტიკას“ („საქ.რესპ.“ 13 სექტემბერი, 2014).GK

    გიგა ბოკერია: „შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კარლ ბილდტი, სენატორი მაკკეინი და სხვა დასავლელი გავლენიანი მოღვაწეები იცავენ საქართველოს რუსეთის აგრესიის წინაშე... ყველა საუბარი იმის შესახებ, თითქოს ისინი ამას აკეთებენ ფულის გულისთვის − რუსული პროპაგანდაა“ („საქ.რესპ.“ 13 სექტემბერი, 2014).GK

    შვედეთში სკანდალი გაჩაღდა: გაზეთი „აფტონბლადეტი“ ბრალს სდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს კარლ ბილდტს კორუფციისა და საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში არც თუ უანგაროდ. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ: ბილდთან დაკავშირებულმა ფირმამ „Kreab“-მა საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისგან მიიღო სამ მილიონზე მეტი დოლარი მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისთვის ევროპაში... საქართველოს კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაადასტურა გარიგების ფაქტი, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ იგი დაიდო მანამ, სანამ კარლ ბილდტი მინისტრი გახდებოდა... შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პრესმდივნის სიტყვებით, ბატონი ბილდტი მას შემდეგ პიარს აღარ ეწეოდა. მაგრამ მეგობრული ურთიერთობანი მიხეილ სააკაშვილთან მას არ გაუწყვეტია („საქ.რესპ.“ 13 სექტემბერი, 2014).GK

    ბიძინა ივანიშვილი: „მთავრობა რა შუაშია იმასთან, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადება გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხულიც არ ჰქონდა?! რა შუაშია მთავრობა იმასთან, რომ პროკურატურას მარგველაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ მთელი თვე არ მოუხსნა?! ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ ეს კონკურენციაა, რაც მარგველაშვილმა თავშივე განაცხადა, მიიჩნევს, რომ კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს, დიახ. ეს ხელის შეშლაა საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი“ („საქ.რესპ.“ 16 სექტემბერი, 2014).GK

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სასამართლო დევნა საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების მისამართით, ამასთანავე გააფრთხილა იგი სერიოზული საფრთხის შესახებ ამგვარი პრაქტიკისთვის ქართულ დემოკრატიაში... ქართულ დემოკრატიას მიაყენეს დიდი ზიანი პოლიტიზებულმა სასამართლო გარჩევებმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, თავდაცვის ექსმინისტრის ბაჩანა ახალაიას, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და თბილისის ექსმერის გიგი უგულავას მიმართ... სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრალს სდებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში... იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ინტერპოლს თხოვნით, გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა ყოფილ პრეზიდენტზე... „ქართული ოცნების“ დეპუტატების აზრით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები − ეს მხოლოდ რიტორიკაა და ამერიკელებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ („საქ.რესპ.“ 16 სექტემბერი, 2014).GK

    კობა ნარჩემაშვილი (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი): „ჩემი მინისტრობის დროს იყო მეტი ქაოსი, მაგრამ უფრო დაცული იყო ადამიანის უფლებები. ნაციონალური მოძრაობა იცავს საზოგადოების უსაფრთხოებას, ოღონდ ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე“ („საქ.რესპ.“ 20 სექტემბერი, 2014).GK

    საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი... ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები − ნებართვის შემთხვევაში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული... იარაღის უკანონოდ ტარება აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის, იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში, რომელიც 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება („საქ.რესპ.“ 20 სექტემბერი, 2014).GK

    ომარ ნიშნიანიძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი): „10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის თემა მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა... ამ თემას ყოფილი ხელისუფლება საპიაროდ იყენებს... საქმის გამოძიება რომ გაჭიანურდა, ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს. ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთესეს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ გამოძიებულიყო... ეს საშინელება 2012 წლის 30 სექტემბერს მოხდა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. თუმცა ერთი თვის მანძილზე ქვეყნის სათავეში ისევ ნაციონალები იყვნენ. მათ ხელში იყო ყველაფერი. მონდომების შემთხვევაში, 10 თვის ბავშვის მკვლელობა ძალიან მალე გაიხსნებოდა... ამ საქმის გახსნა მათ ინტერესში არ შედიოდა და ყველა კვალი წაშალეს. მოსპეს ყველა სამხილი... ამ საქმის გამოძიება ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს“ („ახ. თაობა“, 20-21 სექტემბერი, 2014).GK

    გურია ნიუსი: „2010 წლის აგვისტოში მომხდარი 17 მკვლელობიდან შსს-ს ოფიციალურ საიტზე არცერთი არაა დაფიქსირებული. 2011 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან, შსს-ს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ერთი ფაქტია დაფიქსირებული... ოფიციალური ინფორმაციით 2010 წლიდან 2013 წლამდე 631 ადამიანია გაუჩინარებული... ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული 2011 წელზე მოდის −198 ადამიანი... 2008 წლის 17 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარდა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა... 2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარდა ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერი დავით ცინდელიანი... 2012 წლის 19 იანვარს სოფელ ანაკლიაში გაუჩინარდა სასტუმრო „ანაკლიის“ თანამშრომელი გოგიტა აბულაძე... 2012 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში გაუჩინარდა რამაზ ლატარია, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა... აქედან პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეები ამ წელს გაიხსნა. როგორც გაირკვა, ისინი მოკლეს... მათ მკვლელობაში კი ბრალი ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ, კუდ-ის (შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას წაუყენეს... 2010 წელს მომხდარი 395 ყაჩაღობიდან მედიაში გაშუქდა 49 ფაქტი, 180 მკვლელობიდან − 66 და 65 გაუპატიურებიდან − 1... 2011 წელს ჩადენილი 259 ყაჩაღობიდან მედიაში გაშუქდა 35 ფაქტი, 108 მკვლელობიდან − 74 და 64 გაუპატიურებიდან − 1“ („ახ. თაობა“, 20-21 სექტემბერი, 2014).GK

    მამუკა არეშიძე: „დღეს აჭარაში რელიგიური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. შექმნილ მდგომარეობაში წინა ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ნაწილს, როდესაც აბსოლუტურად უკანონოდ და უაზროდ დაარიგეს საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იმსახურებდნენ... დღეს ჩვენი მეზობელი თურქეთი საქართველოს მიმართ რბილ, რელიგიურ ანექსიას ახორციელებს... თურქეთი აჭარის მიმართ თავის ინტერესს არასდროს მალავდა... ბათუმში ორმოცდაათზე მეტი მუსლიმანური პანსიონატია გახსნილი“ („ახ. თაობა“, 20-21 სექტემბერი, 2014).GK

    მელორ სტურუა: „დევნილი“ მეშვიდე ნორთ-სთრითიდან“ − ასეთი სათაური აქვს ჯეისონ ჰოროვიცის რეპორტაჟს ნოუ-იორკის რაიონ ბრუკლინიდან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აშშ-ში ცხოვრების დეტალებია ასახული... სააკაშვილი ერთ-ერთ ცათამბჯენში არსებულ ბიძამისის ბინაში ცხოვრობს. ამ რაიონში მდიდრები და ელიტა ცხოვრობენ... ამერიკის სპეცსამსახურმა მიშას მეტსახელად Energiser Bunny შეარქვა, რომლის მიხედვით Energiser-ის ბატარეებით დამუხტული კურდღლის ბაჭია Bunny ყველგან შეუსვენებლივ დახტის... არც ზვიად გამსახურდიას, არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის ცუდი არ სურდათ. თითოეულ მათგანს სამშობლო თავისებურად უყვარდა“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    ჯი-ეიჩ-ენი: „სააკაშვილი პასუხისმგებელია 2008 წლის კონფლიქტის ესკალაციაში... იგი ბრიყვულად წამოეგო სატყუარაზე. მან შეცდომით ივარაუდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაეხმარებოდნენ, თუ იგი უბედურებაში აღმოჩნდებოდა... სააკაშვილს სოლიდური პასუხისმგებლობა ეკისრება... სააკაშვილმა შეუბრალებლად დაარბია ოპოზიციური საპროტესტი მიტინგი 2007 წელს, რომლის შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა. აშკარად სინამდვილეს შეესაბამება აგრეთვე ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით... ეს ფაქტები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უგუნურ მოქმედებას და ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობას“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    ფორბსი: „ნიუ-იორკ თაიმს“-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დადებითი, მიმზიდველი პროფილი აჩვენა... სააკაშვილის ბევრმა კრიტიკოსმა დიდი ხანია, შენიშნა, რომ იგი სიტყვა „დემოკრატიას“ პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელ ტერმინად კი არ იყენებს, არამედ უნივერსალურ ტერმინად: „რაც მე მომწონს ის არის დემოკრატია“... მას უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია ფაქტიურად... ექსპრეზიდენტს მჭიდრო კავშირები აქვს ჯონ მაკკეინთან და ვიქტორია ნულანდთან... ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მოვალეობაა, დემოკრატია მთელ მსოფლიოში გაავრცელონ“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    მანანა ნოზაძე: „მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა. ცვლილებათა პაკეტის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვთ და მას არაკონსტიტუციურს უწოდებენ... ამ ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში ვეღარ შეისყიდის უცხოური კომპანია, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული ან უცხოელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    ჯი-ეიჩ-ენი: „ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბორის ელცინი რუსეთის საუკეთესო პრეზიდენტი იყო“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    შოთა ზოიძე (ქართული ოცნების წევრი): „მურმან დუმბაძემ ხულოს, ქედისა და შუახევის მანდატები აჩუქა ნაცმოძრაობას. ამაში დავით საგანელიძეც წაეხმარა... მურმანი გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას... ბატონი დავითი ნაცების გადარჩენაზე ფიქრობს და არა „ქართული ოცნების“ აქტივის ბედზე... მარგველაშვილის ხმები არ გაყალბებულა, მაგრამ გაყალბებას მაინც ჰქონდა ადგილი... რიგ უბნებში გაყალბდა ბურჯანაძის ხმები ბაქრაძის სასარგებლოდ. საარჩევნო ოლქების ადმინისტრაცია ჯერაც ნაცებითაა დაკომპლექტებული და არაფერი შეცვლილა... აფხაზეთის ომის დროს სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა. ამას სხვანაირად დეზერტირობა ჰქვია. ვის რა უნდა მოვთხოვოთ, როცა აფხაზეთის ომის დეზერტირი მთავარსარდლად დავისვით. იგი სამხედრო საქმეში ისე ერკვევა, როგორც მე ტიბეტურ ქირურგიაში... საქართველოს მომავალი არ უწერია თუ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა არ გაასამართლა ქართულმა სამართალმა... ქართველმა პუტჩისტებმა რუსებს ზვიადის ჩამოგდებაში აფხაზეთი მისცეს, უკრაინელებმა კი იანუკოვიჩის გადაყენებაში − ყირიმი... მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის აზრი და არა ის, რას იტყვიან დასავლეთში... უკეთესია ამ პრობლემაზე ცალკე ვისაუბროთ... სასწრაფოდ მისახედია განათლების სისტემა... უნდა დაიხუროს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    კომერსანტი: „ექს-პრეზიდენტმა ემოციური რეაგირება მოახდინა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებაზე... სააკაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდა „მეწვრილმანე, დაკომპლექსებული, ბოროტი რუსი ოლიგარქი“, ამავე დროს ის დაგვპირდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ „არ იძიებს შურს არც მის მიმართ, არც მათ მიმართ, ვინც ღებულობს ასეთ აბსურდულ და უკანონო გადაწყვეტილებებს“... თავის წინამორბედს მოულოდნელი მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა... მან გამოხატა გაკვირვება, რომ გენერალურმა პროკურატურამ დააყადაღა სააკაშვილისა და მისი ნათესავების ქონება... „ეს შეიძლება გახდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მძიმე ფონი“, − გაგვაფრთხილა მარგველაშვილმა“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    გულბაათ რცხილაძე: „ბედნიერება მრავალი ფაქტორისგან შედგება, რომელთაგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სულაც არ არის უმთავრესი... დღეს ქართველები თავს ვიტყუებთ ფორმალური დამოუკიდებლობით, ამ დროს კი ამერიკის ელჩი ძიძასავით არის მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, მთავრობისთვისა თუ ოპოზიციისთვის, ჟურნალისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის... დადის ბატონი ნორლანდი, არიგებს რჩევებსა და დარიგებებს, დროდადრო − დოლარებსაც, ამერიკის საელჩოს გარეშე არ ხდება თითქმის არაფერი, არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ რჩება ბატონი ელჩის კომენტარის გარეშე“ („საქ.რესპ.“ 23 სექტემბერი, 2014).GK

    ანზორ მაისურაძე (უშიშროების გენერალ−მაიორი): „აზრი არ აქვს ინტერვიუს მიცემას... რაც გინდა ინფორმაცია მიაწოდო ქვეყანას, არანაირი შედეგი არ მოჰყვება. წერე და იკითხეო, ნათქვამი რომ არის, ისეა... ჩვენ თაობას ხომ ახსოვს, გაზეთში ერთი კრიტიკული წერილი რომ გამოქვეყდნებოდა, ქვეყანა აზანზარდებოდა, ყველა სახელმწიფო დაწესებულება ფეხზე დგებოდა... ამდენი საინტერესო და ფასეული იწერება, მაგრამ − ვითომც არაფერი... ენდიაისა და მსგავსი კვლევითი ცენტრის პუბლიკაციებს ისე დაჰკანკალებენ, როგორც ბიბლიურ ბრძენთა ჭეშმარიტებას... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაცების“ ნებისმიერ ნათქვამზე რეაგირება უპირველეს საქმედ გაიხადეს... კატასტროფულად დაეცა მედიისადმი ნდობის დონე. ფასი დაკარგა ინფორმაციამ... მედიაში თავაშვებულობას აქვს ადგილი. დემოკრატიის პრინციპების ერთგული ჟურნალისტი თავს უფლებას არ მისცემს, დაწეროს ის, რაც ქვეყნისთვის საზიანო იქნება... „ვარდების რევოლუციის“ ძალით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ − უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები გარყვნილი გონებით... გარყვნილი გონების არის ის პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ხევსურები მტერს მარჯვენას იმიტომ აჭრიდნენ, რათა შემდეგ ეჭამათ ადამიანის ხორცი... გარყვნილი გონების არის ის პიროვნება, რომელიც ვაჟა-ფშაველას სექსუალურად დაავადებულ კაცად წარმოიდგენს, რომელიც ქალებზე ძალადობას მათი ქმრების წინაშეც არ ერიდებოდა. რომ ასეთ ქალთა შორის იყო სოსო ჯუღაშვილის დედა ეკატერინე და რომ იოსებ სტალინი ვაჟას ნაბუშარია (!)... ამ ავადმყოფურ იდეებს, ნაბოდვარს ეს კაცი სტუდენტებს ასწავლის... დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ყველაზე მძლავრი და მასობრივი საშუალება, მოგეხსენებათ, მედიაა... სპეციალურმა სამსახურმა უნდა დაიცვას სახელმწიფოს უშიშროება და ინტერესები... ხელისუფლებამ გააუქმა უშიშროების უმაღლესი სასწავლებელი, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის უშიშროებას ანდობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს... აგზავნიან ჩვენებურებს უცხოეთში ორ-სამთვიან მოსამზადებელ კურსებზე, სადაც ასწავლიან იმას, რაც სხვის ინტერესებშია და საერთო არაფერი აქვს ჩვენი ქვეყნის მიზნებთან და მისწრაფებებთან... სააკაშვილი იყო სოროსის პროექტი, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ... ის, რომ ნაცები ამზადებენ შეთქმულებას სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ეს უნდა კვალიფიცირდეს სახელმწიფო დანაშაულად... ის, რაც ლიბიაში კადაფს გაუკეთეს, რაც ეგვიპტეში, ერაყში დატრიალდა, გაუთავებელი სისხლისღვრა სირიაში, უკრაინის ტრაგედიაც... ეს ყველაფერი ერთი ხელით კეთდება, ერთი მმართველი ჰყავს... ევროკავშირი და აშშ რუსეთს უწესებს სანქციების ახალ პაკეტს... სანქციების დამწესებელთა მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარება კი არ არის, არამედ − რუსეთის პოზიციების შერყევა... ასეთია მათი ტაქტიკური მოქმედების ლოგიკა... ასეთია ლოგიკა გლობალური კაპიტალიზმის, რომელიც სულ უფრო აშკარად და მოურიდებლად განახორციელებს დამპყრობლურ პოლიტიკას... სოციოლოგ−ფილოსოფოსი, მწერალ−სარიტიკოსი, ლოგიკოსი ალექსანდრ ზინოვიევი ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ დემოკრატია თანდათან ქრება დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან... რვა წელიწადი ვიმუშავე საზღვარგარეთ... მათთვის ფული ყველაფერია. ფულით ყველას მოსყიდვა შეიძლება... მესამე სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და დასავლეთის სხვა ქვეყნები საქველმოქმედო, დემოკრატიის განვითარების ფონდების საფარქვეშ... ჯერ კიდევ პრეზიდენტ კენედის დროს ამუშავდა სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში შეერთებული შტატების იდეოლოგიური ექსპანსიის განსახორციელებლად... გადაკეტეთ ეს წყარო და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გაქრება უკვალოდ... ამ სფეროდან არის ინგლისურის 1000 მასწავლებლის ჩამოყვანა საქართველოში... თითოეულმა მათგანმა დაზვერვის უწყებაში წარადგინა საკუთარი ანგარიში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ... აშშ შესაბამისმა სამსახურმა გააანალიზა ამ გზით მიღებული ინფორმაცია და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება საქართველოში შეუძლებელი იყო. ამიტომაც არავინ გადაყოლია მიშას“ („საქ.რესპ.“ 24 სექტემბერი, 2014).GK

    ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა... დეპუტატის ცნობით, 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობა 40 ათასს შეადგენს, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია... სავარაუდო გათვლებით, დღეში დაახლოებით 100-150 აბორტი კეთდება, როგორც ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს... დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძისა და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს და დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით − 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე... ასევე მკაცრდება ნორმები იმ შემთხვევებში, თუ უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე“ („საქ.რესპ.“ 24 სექტემბერი, 2014).GK

    მაია ფანჯიკიძე (საგარეო საქმეთა მინისტრი): „ჩვენი გზავნილი რუსეთის მისამართით არის ის, რომ ნატოს გაფართოება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, მით უმეტეს... რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, რუსეთის ინტერესებში შედის ჰყავდეს სტაბილური მეზობელი” („საქ.რესპ.“ 30 სექტემბერი, 2014).GK

    სერგეი ლავროვი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი): „რუსეთს ნატოს გაფართოება მიაჩნია დიდ შეცდომად, იგი წარმოადგენს პოლიტიკური ხელშეკრულებების დარღვევას“ („საქ.რესპ.“ 30 სექტემბერი, 2014).GK

    გიორგი გოგოლაშვილი: „საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების სისტემა ისევ იმ რელსებზე დგას, ლომაიამ რომ შეაყენა... მეტიც, მეცნიერების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა... განათლების სამინისტროს მესვეურებმა ან არ იციან, რა არის მეცნიერება და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის (რაც დიდი უბედურებაა), ან იციან ყოველივე ეს და მიზანმიმართულად კლავენ მეცნიერებას ქვეყანაში (რაც კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა)... „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. რომ მომხდარიყო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება იმისა, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა განათლებისა და მეცნიერების მიმართ, დღევანდელი ჩინოვნიკები ვეღარ გაბედავდნენ ყოველივე იმას, რაც აუარესებს მდგომარეობას“ („საქ.რესპ.“ 30 სექტემბერი, 2014).GK

    ჯუმბერ კირვალიძე (პოლიტოლოგი): „უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხედრო მარცხი განიცადა რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან... განადგურდა უკრაინის სამხედრო ტექნიკის სამოცი პროცენტი... რუსეთთან დიალოგში საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, რომლის მიმართ ნდობის მაღალი რეიტინგი ქართულ საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს“ („საქ.რესპ.“ 30 სექტემბერი, 2014).GK