სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

ოქტომბერი

    ნანა სანიკიძე: „მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაასაჯაროვა... კვლევის მიხედვით დასტურდება, ხანდახან სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირთა კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ხანდახან კი აღემატება კიდეც... მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით 5000 ლარია... „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი თვლის, რომ მაღალჩინოსნების დიდი სესხები აჩენს რისკებს, რომ ხელფასის გარდა სხვა შემოსავალიც ეძებონ... საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის ხელმძღვანელი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ფლანგზე მეტად არასამთავრობო სექტორში ცდილობს აქტიურობას... „როდესაც 5-10 არასამთავრობო გამოდის ერთობლივი განცხადებით, ამას წმინდა პოლიტიკური კამპანიის სახე აქვს... მერე გაარკვევენ, რომ ამ განცხადებას საფუძველი ნაკლებად ჰქონდა“, – აცხადებს გამზარდია“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2014).GK

    ალექსანდრე რუსეცკი (პოლიტოლოგი): „გარეშე ძალების შუამავლობით მოხდა სეპარატიული გარიგება, რომლის შედეგად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ არ ჩაიძირა, არამედ მან მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა პრივილეგია მიიღო... ნაციონალებს ჰყავთ თავიანთი „გავლენის ჯგუფები“ ხელისუფლების სხვადასხვა სისტემაში... ზოგიერთ სფეროში ფარული საბოტაჟის ფორმებიც კი ჩანს... ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ აქვს გავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტია აკონტროლებს ტელეკომპანიებს და დომინირებს სოციალურ ქსელებში... რესურსები, რომლებიც ნაციონალების მიერ საინფორმაციო პოლიტიკაშია ჩადებული, უზარმაზარია... ნაციონალები აქტიურად სარგებლობენ გრანტების რესურსებითაც... მათ სრულიად ან ნაწილობრივ ექვემდებარება არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც დასავლური გრანტებით იკვებებიან... ცხრა წლის მანძილზე ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითომდა კორუფციას ებრძოდა, ქვეყნის გარეთ მილიარდებს აგროვებდა“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2014).GK

    ზურაბ აბრალავა: „ჭკუა უნდა ასწავლო ქართველ ხალხს, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ანალიზით ცოტა ჭკუასუსტი ყოფილა... ბევრი ორგანო თვით სახელმწიფოსგან ფინანსდება, მათ შორის, არაფრის მკეთებელი, უსარგებლო პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2014).GK

    პიეტრო შაქარიანი (აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის ასპირანტი): „2008 წელს საქართველომ თავისი ჯარები შეიყვანა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელები იცავდნენ. ამის საპასუხოდ რუსეთმა კონტრშეტევა განახორციელა, ქართველებს უკან დაახევინა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა... ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებით ხელმოწერა დააჩქარა და ამ მიზნით ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრომოსკოვური ლიდერი ევროკავშირის სიკეთეში დაარწმუნა... პრეზიდენტი სააკაშვილი თავიდანვე კიევის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი და პოსტ-მაიდნური მთავრობის არაოფიციალური მრჩეველიც იყო... რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის მოწვევის ფაქტი დაგმო, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს „მეგობრული რჩევა“ მისცა „სააკაშვილი გვერდით არ გაიკაროს“. საბოლოოდ, პოროშენკომ მრჩევლად სააკაშვილის თანამოაზრე კახა ბენდუქიძე დანიშნა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა უკიდურესად დაბალია და მის რეჟიმს ბრალი მრავალი დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის, უცხოელი პოლიტიკოსები მის დაცვას მაინც ცდილობენ, მაგალითად, ამერიკელი სენატორები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების მოქმედების გამო „შეშფოთება გამოხატეს“ და ექს-პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა „პოლიტიკურ შურისძიებად“ შეაფასეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მათ ასეთი პასუხი გასცა: „არავის აქვს უფლება, რომ ჩვენგან რომის პაპზე მეტი კათოლიკობა მოითხოვოს“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2014).GK

    ზურაბ ცუცქირიძე, ოლეგ ალავიძე (პედაგოგიკის დოქტორები): „განათლების მდგომარეობა საქართველოში კატასტროფულად მძიმეა. უფრო მეტიც: სკოლას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს თავისი ძირითადი ფუნქცია!.. სკოლის კურსდამთავრებულთა ზოგადი განათლების დონე წარმოუდგენლად დაბალია... შეუძლებელია მოსწავლეების ქცევების პროგნოზირება... განათლების მეცნიერება სრულიად უგულებელყოფილია... უკვე გამოჩნდა წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობის ფაქტები საზოგადოების ყველა ფენაში, მათ შორის სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკთა შორისაც“ („საქ. რესპ.“ 8 ოქტომბერი, 2014).GK

    გია გაბრიჭიძე: „თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა (№427), რომლის თანახმად სახელფასო დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დოკუმენტის მიხედვით,დანამატის ჯამური ოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152060 ლარს შეადგენს“ („საქ. რესპ.“ 8 ოქტომბერი, 2014).GK

    გიორგი მარგველაშვილი: „თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე“ („საქ. რესპ.“ 9 ოქტომბერი, 2014).GK

    ოთარ ხუციშვილი: „ტავის კონტრაქტის მიხედვით, დღეს ხუთჯერ უფრო ძვირად ვყიდულობთ ავიაბილეთებს. ის, რომ ქართული ავიახაზები არ ვითარდება, ეს ნაციონალების კისერზეა... „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი არაერთი სუბიექტი ისევ საუბრობს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, გადარჩენის აუცილებლობაზე, მიშისტების მიერ ჩადენილ შავ საქმეთა გათეთრებაზე... რაც სამართლიანად იწვევს ხალხის გულისწყრომას... „ქართული ოცნება“ თუ მომავალშიც გააგრძელებს სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, არ არის გამორიცხული, მიშნაცების ბანდას ხელისუფლებაში მობრუნების რეალური შანსი გაუჩნდეს“ („საქ. რესპ.“ 10 ოქტომბერი, 2014).GK

    კომერსანტი: „აშშ-ს ელჩმა თბილისში რიჩარდ ნორლანდმა საჯაროდ გამოთქვა საყვედური საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისადმი იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლება ძალიან დიდ დროს უთმობს სახელმწიფოს ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს იმის ნაცვლად, რომ იმუშაოს ქვეყნის განვითარების საკითხებზე... გიორგი მარგველაშვილმა გადაკვრით აღნიშნა, რომ მზადაა, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი ადმინისტრაციის სხვა ჩინოვნიკები... „მე მეუბნებიან: ჯერ გაასამართლებენ მათ, შემდეგ გადმომცემენ შესაწყალებლად“, − გახსნა თავისი გეგმები პრეზიდენტმა... „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძგურმა განაცხადა, რომ დაჟინებით მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას „სამართლიანობის ზეიმის სახელით“ − მაგრამ „დაეთანხმება მოქმედ პრეზიდენტს თუ იგი შეიწყალებს თავის წინამორბედს“... მმართველ კოალიციაში ელჩის სიტყვები მშვიდად აღიქვეს. „საკითხი იყო არსებითად მეგობრული, თუნდაც იგი მკაცრად გაისმოდეს, ელჩმა უბრალოდ წინასწარ გააფრთხილა ჩვენი პრეზიდენტი, თუ რა შეკითხვებს მისცემენ მას ვაშინგტონში“, − განაცხადა ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა... ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა: „ნორლანდმა გვაგრძნობინა, რომ პოლიტიზირებული პროცესები ნეგატიურ გავლენას მოახდენენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე“... საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი მენაღარიშვილმა დაგვარწმუნა, რომ „ამერიკელი ელჩები არასოდეს მიმართავდნენ საჯარო შეკითხვებით პრეზიდენტ შევარდნაძეს. ამგვარ ამბებს განიხილავენ დახურულ კარს მიღმა“ („საქ. რესპ.“ 10 ოქტომბერი, 2014).GK

    იაკობ ლეჟავა: „ნაცები უკვე ღიად აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის გზით ისინი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ... უხერხემლო და პასიური ხელისუფლების პირობებში ნაცებს დიდი შანსი აქვთ დანაქადი აგვისრულონ... მეტი არაა ჩემი მტერი, ალასანიამ ან მარგველაშვილმა (როგორც ფორმალურმა მთავარსარდალმა!) ამერიკის უნებართვოთ თითი გაანძრიონ და ღარიბაშვილის ხელისუფლება დაიცვან... ევროკავშირი ისევ შარს გვდებს. თავის ახლანდელ რეზოლუციაში იგი გამოკვეთილი კრიმინალების − სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაში და უკანონო ქმედებებში გვადანაშაულებს... ხელისუფლება ისეთი პასუხის გაცემას ვერ ახერხებს, როგორიც აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა სამედ სეიდოვმა გასცა ევროსაბჭოს, როცა საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით − „სიტუაცია აზერბაიჯანში არადამაკმაყოფილებელია“-ო. დელეგაციის მეთაურმა ევროსაბჭოს კრიტიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და განუცხადა: „... მე კი გეტყვით, რომ არადამაკმაყოფილებელი თქვენი მოქმედებაა... თქვენი რეკომენდაციების წყალობით დაკარგა საქართველომ და უკრაინამაც ტერიტორიები და ათასობით ადამიანის სიცოცხლე, იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვაზეც და რატომ გგონიათ, რომ აზერბაიჯანში თქვენი რეკომენდაციები წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანს!“ („საქ. რესპ.“ 10 ოქტომბერი, 2014).GK

    სალომე შიხაშვილი: „სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ (1600-დან − 1800 ლარამდე), ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი კი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს” („საქ. რესპ.“ 10 ოქტომბერი, 2014).GK

    გია გაბრიჭიძე: „მე რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვიყო, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს „პარტიზანული“, ცალმხრივი რეზოლუციაა“. ეს განცხადება ევროსაბჭოს მომხსენებელმა მიქაელ აასტრუპ იენსენმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო გააკეთა... „ძალიან მაწუხებს, რას იტყვის ქართველი ხალხი ამ რეზოლუციაზე. ისინი იკითხავენ, არის კი ეს ნეიტრალური რაპორტი? მე მესმის მათი... მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე არ იტყვიან. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ ჩვენ, ორი მომხსენებელი, მე და ლატვიელი ბორის სილევიჩი გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციას“, − აცხადებს იენსენი... ევროპის სახალხო პარტიის და ევროპის დემოკრატთა ჯგუფის მეგობრობა ნაციონალურ მოძრაობასთან არახალია... მათ შორის შუამავალი გიორგი კანდელაკია, საქართველოს პარლამენტის წევრი... რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს ხელისუფლებაში მკვლელებისა და მოძალადეების დაბრუნებას... „ეს არის ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია. ეს არ არის ჩვენი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი. მომხსენებლებისა, რომლებიც ხშირად არიან საქართველოში და თვალს ადევნებენ მის განვითარებას. არა, ეს არის ევროპის სახალხო პარტიის ანგარიში. ჩემი აზრით, ასეთი დოკუმენტი არაფერში გამოდგება. ის ცალმხრივია... თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას! თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო!“ − აცხადებს მიქაელ იენსენი“ („საქ. რესპ.“ 14 ოქტომბერი, 2014).GK

    თეა მოსია: „საექსპოზიციო დარბაზებში ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყლით გაჟღენთილ კედლებში სოკოა მოდებული. ნამუშევრები მიჯრით არის მიწყობილი, არანაირი კონდიცირება, აქ არაფერი არ სუნთქავს...“ იზოლდა ქურდაძე (ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი): „არ იყო ასეთი მდგომარეობა 2004 წელს... მოვიდნენ თუ არა, დახსნეს კონდიციონერები, ახალი უნდა გავაკეთოთო და 10 წელიწადია, სუნთქვის საშუალება მოსპეს... ნაჟური წყლის მილი არა აქვს შენობას და წვიმით პირდაპირ კედლები იჟღინთება. ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდება. სურათებიც სპეციალურად გააქვთ აქედან, რომ საბოლოოდ ხელოვნების მუზეუმი მოსპონ... სურათები ეროვნულ გალერეაში წაიღეს და, ალბათ, მისი კუთვნილება გახდება. თუკი მუზეუმი დაიხურება, ექსპონატებს სხვაგან გადაანაწილებენ...“ თეა მოსია: „საგანძურის ფონდის კურატორი ქალბატონი ელენე კავლელაშვილი 87 თანამშრომლის ხელმოწერილ წერილს მაჩვენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზე დაიწერა... ისინი ხელოვნების მუზეუმის დამოუკიდებლობას მოითხოვენ, მაგრამ ორი წელიწადია ამაოდ... ეს შენობა ხელოვნების მუზეუმს სტალინის დახმარებით 1952 წელს გადაეცა... შალვა ამირანაშვილი ამ შენობის რემონტს კი არ ითხოვდა, გაფართოების მიზნით, ახალი შენობის აშენება უნდოდა... მაკეტიც კი არსებობდა... თანამშრომლები ამბობენ, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას ის თანხაც ეყოფოდა, რასაც საჯარო პირები პრემიებისა და დანამატების სახით იღებენ. მეტიც, ამბობენ, რომ მაგალითად, ეროვნული გალერეა 49 წლით არის გაყიდული...“ ელენე კავლელაშვილი (საგანძურის ფონდის კურატორი): „ცისფერი გალერეის ფონდები დაიცალა და ჩვენს საცავებში შემოიტანეს. 300 კგ ბრინჯაოს ქანდაკებაა დაკარგულიო. სად წაიღეს, ან ვინ ეძებს?!... ჩვენი დასკვნით, აქედან ექსპონატების გატანა არის საბაბი, რათა მუზეუმი დაიცალოს... რატომ დაკეტეს დარბაზები? უნდათ, ხელოვნების მუზეუმს ფუნქცია დაუკარგონ და კატასტროფამდე მიიყვანონ!..“ გოჩა ლომთაძე (კურატორ-ასისტენტი): „აინტერესებთ ეს შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში, მიმზიდველ ტერიტორიაზე არის განთავსებული... იცით, რისთვის შეიქმნა ეროვნული მუზეუმი? − დავით ლორთქიფანიძის საფაშოდ. სამაგიეროდ, ის უსიტყვოდ ასრულებდა ნაციონალების ყველა მითითებასა და დავალებას... ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს ფინანსურად. მაშინ როცა ხელფასი 36 ლარი გვქონდა, 50 ლარიანი დანამატი დაგვინიშნა... შემდეგ გადაწყვიტა ხელოვნების მუზეუმისთვის ახალი შენობა აეგო, როგორც კი მილიონები ნაციონალების ხელში ჩავარდა, ამათ თავის ნებაზე დაიწყეს განკარგვა... ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა დავით ლორთქიფანიძესთან“ („საქ. რესპ.“ 14 ოქტომბერი, 2014).GK

    ამირან აფციაური (პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი): „ვფიქრობ, აუცილებელი და გადაუდებელია შემდეგი ცვლილებები: 1. რეალურად მივცეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება, თვითონ შეარჩიონ და დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები... 2. საგანმანათლებლო დაწესებულებათა შეფასების ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვროს შედეგის მაჩვენებელი პარამეტრები: სტუდენტთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგები, დასაქმებულ კურსდამთავრებულთა ხვედრითი წილი... იმ კურსდამთავრებულთა ხვედრითი წილი, რომელთაც ქართული დიპლომის პარალელურად, მიიღეს უფრო რეიტინგული უცხოური უნივერსიტეტების დიპლომები... 3. მისაღები პროცესისას, სასწავლებლებმა საჯაროდ გამოაქვეყნონ საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო რეიტინგი იმ უმაღლესი სასწავლებლისა, რომლის დიპლომსაც იგი გასცემს... არც ერთი ქართული უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების ათასეულშიც ვერ ხვდება... 2012 წლის მონაცემებით, ილიას უნივერსიტეტი 5 000 უნივერსიტეტის მიღმა იყო... 2014 წლისთვის მონაცემები შეიცვალა და ილიას უნივერსიტეტმა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა თითქმის 2 500 ერთეულით ზემოთ აიწიეს... რეიტინგები ასეთია: ილიას უნივერსიტეტი − 2201-ე ადგილი, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი − 2547-ე, ტექნიკური უნივერსიტეტი − 5574-ე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი − 6427-ე, შავი ზღვის უნივერსიტეტი − 7213-ე, კავკასიის უნივერსიტეტი − 10506-ე, ბათუმის უნივერსიტეტი − 10569-ე, საქართველოს უნივერსიტეტი − 10987-ე, თავისუფალი უნივერსიტეტი − 1029-ე, თელავის უნივერსიტეტი − 11463-ე, გორის უნივერსიტეტი − 12234-ე, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი − 12848-ე ადგილი... ეს მონაცემები საგანგაშოა, თუ შევადარებთ პოსტსაბჭოთა ევროპული ქვეყნების საუკეთესო უნივერსტეტების რეიტინგებს. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი 122-ე ადგილზეა, ტარტუს ესტონეთის უნივერსიტეტი კი 347-ე ადგილზე“ („საქ. რესპ.“ 14 ოქტომბერი, 2014).GK

    ვაჟა კაპანაძე (ეკონომიკის ექსპერტი): „რუსეთის ბაზარზე გასვლით კატასტროფულად გაიზარდა მოთხოვნა ყურძენზე, რაც მაშინვე აისახა ყურძნის ფასზე... შარშან ატამი 50-60 თეთრი ღირდა, წელს რუსეთში გავიდა და ფასი ერთ ლარს ქვემოთ აღარ ჩამოსულა... ეს ბუნებრივი პროცესია, ქართული პროდუქცია ექსპორტზე გავიდა და მისი ფასი გაიზარდა, რაც ძალიან კარგია... იგივე უნდა ითქვას ქართულ თხილზე... აბა, ჰკითხეთ კახელ მევენახეებს კარგი იყო თუ ცუდი წელს საფერავი 3 ლარი რომ ღირდა?.. აბა, ის იყო კარგი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში რომ იყიდებოდა ქართული პროდუქცია, რადგან გლეხს ექსპორტზე გატანის საშუალება არ ჰქონდა? საკმაოდ კარგი ხილი 30-40 თეთრი რომ ღირდა, ეს ნორმალური იყო?“ („საქ. რესპ.“ 14 ოქტომბერი, 2014).GK

    ცოტნე გამსახურდია: „მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით, − ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად − ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად (იგულისხმება ცოტნე გამსახურდიას დედა მანანა არჩვაძე)... პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა... რითაც საშუალება მისცა სად-ის ჯალათებს ჩემს წინააღმდეგ საშინელი მეთოდები გამოეყენებინათ... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სიძულვილის გარდა, თითქმის არაფერი მინახავს მისგან... მან ფაქტობრივად გამძარცვა და დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა... დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს, მამაჩემის დანატოვარი, თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის მიერ ოჯახისთვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია... გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს“ („საქ. რესპ.“ 14 ოქტომბერი, 2014).GK

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს... „ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი“, − აცხადებს პრეზიდენტი („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2014).GK

    სპარტაკ ქობულია: „ვანო მერაბიშვილივით უწიგნურმა და უვიცმა, ნაცების ყოფილმა პოლიციელებმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა „თავისუფლად“, მოტყუებით შეაღწიეს ბიზნესმენ რამინ გიორხელიძის ბინაში (19 წლის გულუბრყვილო ბიჭს იოსებს გაზისა და თელასის ინკასატორად წარუდგინეს თავი), იარაღის მუქარის ქვეშ იოსები ბინიდან გამოათრიეს და მცხეთაში გადამალეს... ნაცბანდის ორგანიზებულმა ოთხკაციანმა ჯგუფმა ფულის გამოძალვის მექანიზმი კარგად ვერ გათვალა, 300 000 დოლარის შეხვილიფებისას ელემენტარული შეცდომა დაუშვა და ჩამშვების, კუდის ყოფილი თანამშრომლის ხელთდასხმით მახეში გაება... კრიმინალები ფულის აღების ფაქტზე დააკავეს... აღშფოთებულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: აი, ვის ხელში იყო საქართველო, ასეთი გამტაცებლები, მკვლელები და ყაჩაღები მართავდნენ ქვეყანასო... ყველაფრისმკადრებელი ნაციონალების ერთ-ერთმა სახემ გიორგი ბარამიძემ გაღმა შედავების და უზრდელობის კიდევ ერთი მაგალითი აჩვენა: თუ ღარიბაშვილმა 19 წლის ბიჭის გატაცება დაგვაბრალა, ის არის უნამუსო ცილისმწამებელი და უკანასკნელი ნაძირალაო... ნაციონალურ მოძრაობას თუ გამოუვიდა, ახალ ეროვნულ ტრაგედიასაც არ მოერიდება“ („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2014).GK

    გრანი ქავთარია: „სისხლში მოზელილი ტალახი“ − ეს არის ნაცისტის სრულყოფილი სახე... დამთავრდა ჟამიანობა... ბევრს ლაპარაკობენ გადატანილი წლების სიმძიმეზე, მაგრამ მთავარი ყურადღების გარეთ არის დატოვებული. მხედველობაში მაქვს 2006 წლის ზაფხულში უნივერსიტეტში დატრიალებული განუკითხაობა... ყველა კატეგორიის ადამიანებს გამოუჩნდნენ დამცველები და გულშემატკივრები. მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორები დარჩნენ ჩრდილში. ბოროტების წინააღმდეგ მათ ბრძოლას არ ახსენებენ, თითქოს არც მომხდარა... როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობენ, უნივერსიტეტს ყველა გვერდს უვლის. გამოდის, ხელისუფლება კანონიერად მოქმედებდა. ყველას გასაგონად უნდა ითქვას, ნაცისტებმა უკანონობის დაკანონება უნივერსიტეტიდან დაიწყეს.. მათი ძალადობრივი უტიფრობა და თავგასულობა დაიწყო მაშინ, როცა შემოიჭრნენ უნივერსიტეტში და რბევის პირველი საცდელი ვარჯიშები ჩაატარეს (უნივერსიტეტი გადავიდა პოლიციის დაქვემდებარებაში). ხანდაზმულ ადამიანებს შეეძლოთ შეიარაღებულ „სამართალდამცავებთან“ გამკლავება? უნივერსიტეტი დაცარიელდა (მგზნებარე ნაცისტებმა ლომაიამ და ხუბუამ საწადელი იარაღის დახმარებით აისრულეს)... უნივერსიტეტის კედლებთან იზეიმეს სარკინოზებმა პირველი გამარჯვება და „დემოკრატიის“ სახელით, თავზე დაგვამხეს დემოკრატია. გადატანილი ბატალიები არ უნდა მიიჩქმალოს და როცა ანტირასისტული რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე საუბრობენ, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ხმამაღალი საპროტესტო გამოსვლა უნივერსიტეტში დაიწყო... იმ შავი დღეების შემდეგ ვიდევნებით, დაგვამცირეს, გაგვლანძღეს და ვართ საარსებო წყაროს მოწყვეტილები. პროსკრიბირებულები ჯილდოს არ ვითხოვთ, მაგრამ შემთხვევითი პირების ნებივრობის ფონზე, ოდნავი ყურადღება შეგვიმსუბუქებდა იმ დამცირებისა და შეურაცხყოფის სიმძიმეს, საქართველოს მტრებმა რომ მოგვაყენეს“ („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2014).GK

    ვაშინგტონში, CATO-ს ინსტიტუტის მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძის შორის დისკუსია გაიმართა... არჩილ გეგეშიძე: „დიდ პატივს გცემთ... 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვანმა ტრანსფორმაციამ საქართველოს ცვლილებები მოუტანა: სინათლე აანთო სახლებში, ქუჩები უსაფრთხო გახდა... მაგრამ აღმოსავლური ბრძნული გამონათქვამის მიხედვით, ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის... სამწუხაროდ, ეს ცვლილება მოხდა სადამსჯელო ძალის მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ხარჯზე... ამან ბიძგი მისცა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას... სწორედ ეს დასრულდა 2012 წლის არჩევნებით... რეალურად ჩვენ ვნახეთ ისეთი მმართველობა, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იყო“... მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი ქვეყნის სათავეში კორუმპირებული ელიტა დაბრუნდა... შეიძლება ოქრო არ იყო რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა? ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“ („საქ. რესპ.“ 17 ოქტომბერი, 2014).GK

    მიხეილ სააკაშვილი: „ერთ-ერთი რჩევა, რომელიც შემიძლია მივცე ჩემ თანაკურსელ პრეზიდენტ პოროშენკოს − ესაა მოიყვანოს ხელისუფლებაში ბევრი 25-წლიანი ახალგაზრდა“ („საქ. რესპ.“ 17 ოქტომბერი, 2014).GK

    დავით უსუფაშვილი: „შეურაცხმყოფელია ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩემი ყოფილი პოლიტიკური ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თურმე „სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს... სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა − პუტინთან შეკრული ივანიშვილი... ივანიშვილი გაზპრომის ბოლო აქციას და პრეზიდენტ სააკაშვილთან საქმიან ურთიერთობებს, ერთდროულად − 7 წლის წინ გამოემშვიდობა, ხოლო რუსეთში დარჩენილი ყველა სხვა ქონება გაასხვისა პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისთანავე“ („საქ. რესპ.“ 17 ოქტომბერი, 2014).GK

    გაგრძელება