სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N1(15), 2015

რეზიუმე

  • ზურაბ ცუცქირიძე, მადლი და უმადურობა
  • გვანცა კოპლატაძე, სომეხთა ჩამოსახლება სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის 30-იან წლებში
  • გრიგოლ რუხაძე, გლობალიზაციის ბედნიერი მონები
  • ელდარ ბუბულაშვილი, კონსტანტინე გვარამაძე – სიძველეთა დამცველი
  • მამუკა ცუხიშვილი, გაიოზ რექტორი
  • ბორის დარჩია, მეცნიერება და პატიოსნება
  • გიორგი გოგოლაშვილი, დავით კლდიაშვილი და ქართული ენა
  • გრანი ქავთარია, შვიდი ბრძენი
  • ნიკო ბერძენიშვილი, თათართა ბატონობის ხანა
  • ვალერიან მაჭარაძე, რუსეთ-თურქეთის ომი 1768-1774 წლებში და საქართველო
  • ზურაბ ცუცქირიძე
    მადლი და უმადურობა

    ისტორიის უცოდინარი ან ძალიან უმადური და ცოტა ჭკუასუსტიც უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ვერ ხედავს იმას, რომ რუსეთთან შეერთების შედეგად გადარჩა საქართველო სულიერადაც და ფიზიკურადაც. რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე საქართველოში არც ერთი საერო სკოლა არ იყო. რუსეთის განათლების სამინისტროს 1786 წლის დებულების საფუძველზე საქართველოშიც იხსნებოდა „სახალხო სასწავლებლები“. პირველი ასეთი სასწავლებელი გაიხსნა 1802 წელს თბილისში, რომელშიც 45 მოსწავლე ჩაირიცხა. ამავე წელს დამტკიცდა სასწავლებლის წესდება. ეს იყო წოდებრივი სკოლა, რომელშიც თავადაზნაურების შვილები სწავლობდნენ. 1804 წელს გაიხსნა „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი“, რომელშიც თავადაზნაურების შვილებთან ერთად იღებდნენ სამღვდელოების, მოხელეებისა და ვაჭართა შვილებსაც. 1830 წელს ეს სასწავლებელი კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა. 1817 წელს გაიხსნა სასულიერო სემინარია სწავლების ექვსწლიანი კურსით. მან ზუსტად ასი წელი (1917 წლამდე) იარსება და ბევრი გამოჩენილი ადამიანი აღზარდა. 1835 წელს საქართველოში იყო ყველა ტიპის 90 სკოლა 1800 მოსწავლით. 1851 წელს საქართველოში უკვე არსებობდა სამი გიმნაზია: თბილისისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიები და თბილისის კომერციული გიმნაზია. სამივე გიმნაზიაში 787 მოსწავლე ირიცხებოდა. ყველა ტიპის 139 სასწავლებელში 5554 მოსწავლე სწავლობდა. XIX საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებანი განხორციელდა. 1850 წელს არსებობა დაიწყო ქართულმა თეატრმა, 1851 წელს დაარსდა ქართული ჟურნალი „ცისკარი“, გაიხსნა რამდენიმე სასწავლებელი და ა. შ.
    საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული სასწავლებელი იყო თბილისის სასულიერო სემინარია. ამ სემინარიაში მხოლოდ სასულიერო პირებს როდი ამზადებდნენ. აქ აღიზარდნენ ისეთი მოღვაწენი, როგორებიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, გაბრიელ ქიქოძე, დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, თედო ჟორდანია, ავქსენტი ცაგარელი, დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, ნიკო ლომოური, იოსებ სტალინი, სოფრომ მგალობლიშვილი და სხვები. 1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პედაგოგთა კადრების მომზადებაში. 1879 წელს დაარსდა „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელსაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები ედგნენ სათავეში. ეს საზოგადოება ხსნიდა და ინახავდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საქართველოს ყველა კუთხეში. ბუნებრივია, მისი საქმიანობის ეფექტიანობას ხელისუფლების ხმარდაჭერა განაპირობებდა. ამგვარი საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა და განვითარდა დიდი ქართული მწერლობა, მეცნიერება და ხელოვნება. ამ დიდი საგანმანათლებლო პროგრესის დაგვირგვინება იყო ქართული უნივერსიტეტის დაარსება 1918 წელს და ეს ყველაფერი მოხდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის ერთი საუკუნის განმავლობაში.
    საბჭოთა კავშირში, მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში ცხოვრებას რაც შეეხება, უხერხულიც კი არის იმაზე მსჯელობა, თუ რას მიაღწია საქართველომ სოციალურკულტურული განვითარებისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების გზაზე. გასული საუკუნის 70იან წლებში საქართველოში სამი ათასზე მეტი სკოლა ფუნქციონირებდა. სკოლები იყო გახსნილი ყველაზე პატარა სოფლებშიც კი; გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში იყო ოცამდე უნივერსიტეტი და ინსტიტუტი, სადაც თითქმის ყველა მაშინ არსებულ პროფესიაში მზადდებოდნენ სპეციალისტები. აი, ასეთი უმაღლესი განათლების ფართო ქსელის საფუძველზე ფუნქციონირებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავისი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების მთელი სისტემით.
    რა რეზონანსი ჰქონდა ქართულ მეცნიერებას მაშინდელ მსოფლიოში, ამაზე თავისთავად მეტყველებს იმ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა და მათი ღვაწლის საერთაშორისო შეფასებები.

     

    გვანცა კოპლატაძე
    სომეხთა ჩამოსახლება სამცხეჯავახეთში
    XIX საუკუნის 30იან წლებში

    სამხრეთ საქართველოს, ე.წ. ზემო ქართლის ანუ მესხეთის მკვიდრი მოსახლეობა ოდითგანვე ქართული იყო. ამ მხარეში დემოგრაფიული სურათი არც მაშინ შეცვლილა, როცა იგი თურქებმა მიიტაცეს და თავიანთი მმართველობა დაამყარეს. ამ სურათმა ცვლილება 1830 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 182829 წლების რუსეთთურქეთის ომში გამარჯვებულმა რუსეთმა ახალციხის საფაშოს ნაწილი საქართველოს შემოუერთა. ძირითადი მიზეზი ამ ცვლილებისა გამაჰმადიანებული მესხების მიერ ეროვნების დაკარგვა გახდა. საქმე ისაა, რომ ამ ომში მათი დიდი ნაწილი თურქეთის მხარეზე იბრძოდა და თურქების დამარცხების შემდეგ დედა სამშობლოსთან შეერთებას და ქრისტიანულ იმპერიაში ცხოვრებას მამაპაპის მიწიდან აყრა და თურქეთში გადასახლება ამჯობინა. ამ პროცესისათვის ხელი არც რუსეთის მთავრობასა და რუსული არმიის სარდლობას შეუშლია სრულიად გასაგები მიზეზის გამო: იმპერიას თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში, არა მტრულად განწყობილი, არამედ ერთგული მოსახლეობა სჭირდებოდა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მის ინტერესებსაც დაიცავდა.
    საბოლოოდ, მრავალი ვარიანტის განხილვის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ თურქეთში მცხოვრები მონოფიზიტი სომხების ჩამოსახლება გადაწყვიტა, რომელიც რუსეთთურქეთის ომში რუსულ არმიას უწევდა სამსახურს, რის გამოც, უკეთუ რუსეთი არ უპატრონებდა და თავის საზღვრებში დასახლების უფლებას არ მისცემდა, თურქების მხრიდან მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.

     

    გრიგოლ რუხაძე
    გლობალიზაციის ბედნიერი მონები

    სტატიის ავტორი ასაბუთებს, რომ  «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ცნობილი წარმომადგენლების _ ა. კვიტაშვილის, ე. ზღულაძის, გ. გეწაძის, ზ. ადეიშვილის, მ. სააკაშვილის _ უკრაინის სახელისუფლო პოსტებზე დანიშვნით სრულიად ცხადი გახდა, რომ საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში მოქმედი ნაცთა მმართველი გუნდი დანაშაულებრივი საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა. ნაცების მიერ გლობალისტური იდეოლოგიით განხორციელებულმა რეფორმებმა მიზანმიმართულად გაანადგურა განათლების სისტემა, მეცნიერების დარგები და კულტურის ცალკეული სფეროები; გარდა იმისა, რომ ხელში ჩაიგდო მედიის ყველა ბერკეტი, განსაკუთრებით ტელევიზიებში ამორალური, ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული სული დაამკვიდრა; არ დარჩენილა არც ერთი ეროვნული სიწმინდე, ძეგლი თუ მემორიალი, გლობალიზმის ადგილობრივი ადეპტების მსახვრალი ხელი რომ არ შეხებოდა.
    მიუხედავად იმისა, რომ ნაცური ელიტის წარმომადგენლები ყველა ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მონური მორჩილებით ასრულებენ, მათი დაბნელებული სულები მაინც ბედნიერების განცდას ელიან, რომელიც მათ მამონამ უნდა მოუტანოს. მაგრამ მათ სამშობლოს მტრობა ჩაუშხამდათ და განაჩენი თავიანთ თავს თვითონ გამოუტანეს. 21 მარტს ჩატარებული აქცია, მართალია,  გლობალისტური წესრიგის აღსადგენად, ანუ ქვეყანაში ქაოსის გამოსაწვევად იყო დაგეგმილი, მაგრამ ქართველმა ხალხმა ნაცურ გეენიაში დაბრუნება არ ისურვა და, როგორც საქმეს პირი უჩანს, თუ აუცილებლობამ მოითხოვა, ცოცხიანი კუდიანების თავებზე შეკრებილ ნაკვერჩხალს ნამდვილად გააღვივებს!

     

    ელდარ ბუბულაშვილი
    კონსტანტინე გვარამაძე – სიძველეთა დამცველი
    (ერთი უცნობი დოკუმენტი)

    ნარკვევში წარმოჩენილია XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ცნობილი მწიგნობრის, სამხრეთ საქართველოს  (მესხეთის) მკვიდრის კონსტანტინე გვარამაძის ღვაწლი ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში. მან მესხეთში არსებული სიძველეების გადარჩენის მიზნით ახალციხეში დაარსა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის ექსპონატების შეგროვების მიზნით აწყობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს. Mმუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება დაფუძნდა მის მიერ შეწირული, მამის ივანე გვარამაძის გამოუქვეყნებელი ხელნაწერებით.
    სტატიის ავტორის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მიკვლეულ იქნა 1936 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც კონსტანტინე გვარამაძემ საქართველოს მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელებს გაუგზავნა. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია ის მძიმე ვითარება, რაც XX საუკუნის 2030იან წლებში ახალციხესა და ახაქლქალაქში იყო. მიმართვაში მხილებულია ადგილობრივი სომეხი დაშნაკებისა და ერევნიდან მოვლინებული ნაციონალი პიროვნებების ანტიქართული საქმიანობა.
    კ. გვარამაძის მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ მიმართვაში დასმულ პრობლემებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ზოგიერთი სომეხი მეცნიერი და სასულიერო პირი დღესაც ცდილობს უძველესი ქართული ტაძრების მითვისებას. ამ მიზნით ისინი ისტორიული ფაქტების გაყალბებასაც არ ერიდებიან.  

     

    მამუკა ცუხიშვილი
    გაიოზ რექტორი
    „არა რაი არს ესრეთ ტკბილ
    ვითარცა სიყვარული მამულისა“.

    XVIIIXIX საუკუნეების გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, ცნობილი ორატორის, მქადაგებლისა და განმანათლებლის გაიოზ რექტორის მოღვაწეობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან ეპოქას დაემთხვა. არ დარჩენილა სასულიერო თუ საერო დისციპლინების არც ერთი დარგი გაიოზ რექტორს თავისი სიტყვა რომ არ ეთქვა. გარდა იმისა, რომ დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა თელავის სასულიერო სემინარიას, სხვადასხვა დროს განაგებდა რუსეთის ეკლესიის დაწინაურებულ ეპარქიებს და ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ასევე მის მთავარ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს რუსეთსაქართველოს შორის მეგობრობის ხიდის გამყარება. 1783 წლის გეორგიევსკის ტრატატის დადებით გამოწვეული აღფრთოვანება მან გამოხატა ქადაგებაში, რომელიც წარმოთქვა იმავე წლის 20 აგვისტოს სიონის საპატრიარქო ტაძარში. ქადაგებაში მან ხაზი გაუსვა ერეკლე მეფის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის უაღრესად დიდ მნიშვნელობას ქართველი ერის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად გადარჩენის საქმეში.

     

    ბორის დარჩია
    მეცნიერება და პატიოსნება

    ნაშრომში უარყოფილია როსტომ ჩხეიძის ბრალდება, ვითომცდა პავლე ინგოროყვას მეცნიერულ მემკვიდრეობას უგულებელყოფდენ და მას  ებრძოდნენ ხელისუფლება და, სახელდობრ, ალექსანდრე ბარამიძე.

     

    გიორგი გოგოლაშვილი
    დავით კლდიაშვილი და ქართული ენა

    ქართველ კლასიკოს მწერლებს ქართული ენისადმი უნიკალური დამოკიდებულება აქვთ. მათი წარმოდგენით, ენა უმთავრესი იარაღია მწერლისა, ბალავარია მწერლობისა. ცხადია, გამონაკლისი არც დავით კლდიაშვილია.  სხვა მწერალთაგან განსხვავებით დ. კლდიაშვილს ქართული ენის შესახებ  არცერთი კრიტიკულპუბლიცისტური წერილი არ დაუწერია, მაგრამ მისი შემოქმედება და, განსაკუთრებით მწერლის მემუარები _ „ჩემი ცხოვრების გზაზე“, ამ თემაზე სასაუბროდ მდიდარ მასალას იძლევა... ჩვეულებრივ, დავით კლდიაშვილი არ ამახვილებს ყურადღებას პიროვნების გარეგნულ მხარეზე, გარეგნულ სიმშვენიერეზე. მისი აზრით, ადამიანის სილამაზე, სიმშვენიერე, მომხიბვლელობა მის ენაშია, მის საუბარში _ როგორი მოქართულეა, როგორი მოსაუბრეა, როგორი ხმა აქვს... მწერლის ზოგადი დამოკიდებულება ქართული ენისადმი შეიძლება ამ სიტყვებში დავინახოთ: „ქართული ენა შვენებით სავსეა, მისით მშვენიერად გამოითქმება ადამიანის ყოველნაირი სულისკვეთება, გამოიხატება მისი აზროვნება“.

     

    გრანი ქავთარია
    შვიდი ბრძენი

    არქაული პერიოდის დასასრულში მოღვაწე თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეები ძველმა ბერძნებმა ბრძენის მეტსახელით დააჯილდოვეს. ბრძენთა სიაში დასახელებული იყო ოცამდე პიროვნება, მაგრამ ბრძენის სტატუსი შეინარჩუნა შვიდმა.ბრძენად შერაცხულები  გამოირჩეოდნენ  ფართო განათლებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. მათმა მოღვაწეობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ელადის პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში.

    ნიკო ბერძენიშვილი
    თათართა  ბატონობის  ხანა
    თ ე ზ ი ს ე ბ ი

    შეიძლება არც მოიძებნებოდეს მსოფლიოში მეორე ისეთი მხარე, რომელსაც იმდენი შემოსევადაპყრობა და ტაცებაოხრება განეცადოს, რამდენიც საქართველომ თავისი ხანგრძილი ისტორიის სიგრძეზე განიცადა. არა ერთი ძლიერი სახელმწიფო გაქრა და არა ერთი კულტურული ხალხი საბოლოოდ გადაშენდა. ქართველი ხალხი კი გადაურჩა ათას ქარტეხილს; უმაგალითო გმირული ბრძოლით მან დაიცვა თავისი კულტურული სახე. წერილში ასახულია აქართველი ხალხის გმირული ბრძოლა თათარ დამპყრობელთა წინააღმდეგ XIIIXIV საუკუნეებში. თათრები ჩრდილოაღმოსავლეთ აზიიდან გამოვიდნენ. მათი წინამბრძოლი, თათართა მრავალი ტომის გამაერთიანებელი და მათი პირველი ხელმწიფეც, ჩინგიზყაენი იყო. თათართა განსაკუთრებულმა სიძლიერემ, მათმა უცნაურობამ, ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ბოლომოუღებელმა მტრობამ, ფეოდალური საზოგადოების შიგნით გამწვავებულმა კლასობრივმა ბრძოლამ დამპყრობელთა გამარჯვება შესაძლებელი გახადეს და კულტურულად დაწინაურებული საქართველოც (სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად) ჩამორჩენილ თათართა ბატონობის უღელს შეუდგა. დამპყრობელთა უღელქვეშ საქართველო ვერ ისვენებდა. ქართველი ხალხის გულში მტარვალთა სიძულვილის ცეცხლი არ ნელდებოდა. აჯანყების ალი ხან ერთ კუთხეში ავარდებოდა, ხან მეორეში. მაგრამ მტერიც ფხიზლობდა და სხვადასხვა მზაკვრული ხერხით ქართველთა ბრძოლის ძალას ანელებდა.  საბოლოოდ, 1327 წელს, როცა ყაენის კარზე დიდი არეულობა დაიწყო, მეფე გიორგიმ, წმიდა დიმიტრი თავდადებულის ძემ, დრო ხელსაყრელად სცნო და თათრებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. აჯანყებულთა დასასჯელად წამოსული მტრის ჯარი ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და თათართა ასწლოვანი ბატონობაც საბოლოოდ თავიდან მოიცილეს.

     

    ვალერიან მაჭარაძე
    რუსეთ-თურქეთის ომი 17681774
    წლებში და საქართველო
    თ ე ზ ი ს ე ბ ი

    განხილული თემის საკვანძო საკითხს წარმოადგენს გენერალ ტოტლებენის მოწყობილი ავანტიურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ ცალმხრივად, რუსეთის სახელმწიფოს გამიზნულ პოლიტიკურ მოქმედებად, არის შეფასებული. სინამდვილეში ტოტლებენმა ჩაშალა არა მარტო ახალციხის მიმართულებით რუსქართველთა ერთობლივი ლაშქრობა, არამედ თურქეთის წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნის ერეკლესეული გეგმაც, რითაც, არა მხოლოდ ამ ხალხებსა და საქართველოს, თვით რუსეთის სახელმწიფო ინტერესებსაც ზიანი მიაყენა. ფაქტია, რომ ტოტლებენის, უცხოეთის ყოფილი ჯაშუშის, ისეთ რთულ და საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნით, როგორიც საქართველოში გამოგზავნილი ჯარის სარდლობა იყო, რუსეთის მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რითაც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივსა და საქართველოს ინტერესებს დიდი ზიანი მიაყენა.