სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N1(3), 2012

რეზიუმე

  • გრიგოლ რუხაძე, დიდთა ქართველთა ანდერძი
  • თინა იველაშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსებობის საყრდენი ქვაკუთხედი
  • გიორგი გოგოლაშვილი, ფიქრები ქართული პოლემიკური კულტურის შესახებ
  • ემზარ კვიტაიშვილი, მხატვრული თარგმანის დიდოსტატი
  • გვანცა კოპლატაძე, ინტელიგენცია და რელიგია
  • ნოდარ ლომოური, ”მესხეთელ თურქთა” შთამომავლების ჩამოსახლება ანტიეროვნული ქმედებაა
  • გულბაათ რცხილაძე, 2012: რეალური საფრთხეები და პერსპექტივები საქართველოსთვის
  • თეიმურაზ ღლონტი, ”ნადიმსა შინა წინამძღვარი”
  • მამუკა ცუხიშვილი, ჯრუჭის მონასტერი
  • ანზორ თოთაძე, დემოგრაფიული ვითარება და ერის სულიერი ცხოვრება
  • გრანი ქავთარია, ოლიმპიური თამაშები
  • ზაზა ვაშაყმაძე, აზრის სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
  • ვიქტორ რცხილაძე, მითოსი იდეოლოგია და ქრისტიანობა
  • შოთა მათითაშვილი, ქართული ბერმონაზვნობის სათავეებთან
  • ლევან ბებურიშვილი, როგორ ავიცდინოთ ლიბერალიზმის მახათი
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, შეხედრა დიდ მეცნიერსა და ფილოსოფოსთან
  •  

    გრიგოლ რუხაძე,
     დიდთა ქართველთა ანდერძი

    სტატიაში განხილულია წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთიანობის იდეით განსაზღვრული ტრიადა: მამული, ენა და სარწუნოება. ეს სამი საუნჯე არის არსი ქართველი კაცის ცხოვრებისა, პროგრამა ამქვეყნიური მოქმედებისა და საზრისი ღირსეულად მოქალაქობისა. მართალია, სამი საუნჯის ცნება ილია მართლის სახელს უკავშირდება, მაგრამ არსებითად იგი არა ერთი ავტორის მიერ შექმნილ დებულებას, არამედ ყველა დიდი ქართველის მიერ შთამომავალთათვის დადებულ ანდერძს წარმოადგენს. დღევანდელ საქართველოში წარმოებული პოლიტიკის მიხედვით, ავტორს გამოაქვს დასკვნა, რომ მიუხედავად ყველა სამთავრობო კაბინეტში გამოფენილი ილია ჭავჭავაძის სურათისა, მთავრობის საქმიანობა ძირითადად სამი საუნჯის არათუ შესანარჩუნებლად, არამედ საპირისპიროდ არის მიმართული.

     

    თინა იველაშვილი
    ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსებობის
    საყრდენი ქვაკუთხედი

    «მამული, ენა, სარწმუნოება», ეს სამი საკრალური ცნება ერთიანობაში სამშობლოს ფენომენს ქმნიდა და ყოველთვის ქართული ეროვნული სახელმწიფოს ერთიანობისა და ძლიერების საყრდენს წარმოადგენდა. ამ ინსტიტუტის მეშვეობით ათეული საუკუნეების მანძილზე ქართველი თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებასა და მეობას ინარჩუნებდა. დღეს მამულის გასხვისებით (უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით _ უცხოტომელებზე გაყიდვით), ენის ანგლოფიცირება-ამერიკანიზაციით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება-დაკნინებით, ეროვნული თვითმყოფადობის იგნორირებითა და წარსულის უარყოფით მოკლე დროში ქართველი საკუთარ სამშობლოში მილევად ეთნიკურ უმცირესობად იქცევა. შეიძლება ითქვას, სახეზე გვაქვს ქართველი ერის თეთრი გენოციდის კლასიკური ფორმა. დროულად თუ არ გატარდა ადეკვატური ღონისძიებები, ქართულ სახელმწიფოებრიობას კატასტროფა ემუქრება.

     

    გიორგი გოგოლაშვილი,
    ფიქრები ქართული პოლემიკური კულტურის შესახებ

    პოლემიკა რიტორიკის სახეობაა. ქართულ სინამდვილეში რიტორიკას დიდი ტრადიციები აქვს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ XII საუკუნეში გელათის აკადემიაში ისწავლებოდა სხვა საგანთა შორის. პრაქტიკულად ისტორიამ შემოგვინახა არა ერთი მაგალითი პოლემიკისა. განსაკუთრებით მდიდარი არის ამ მხრივ XIX საუკუნე: იმართება დისკუსიები, პაექრობენ კლასიკოსები (ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, აკაკი და იაკობ გოგებაშვილი და სხვანი). პოლემიკას აქვს კლასიკური სახე; ჩამოყალიბდა მკაცრი წესები პოლემიკისა...

    სამწუხაროდ, ამ დიდ ტრადიციას ვკარგავთ; დღევანდელი დისკუსიები უმეტესად არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული ღირსეული ტრადიციის გაგრძელებად; პოლემიკამ დაკარგა მიზანი _ ჭეშმარიტების ძიება. საჭიროა შესწავლა ქართული პოლემიკური კულტურისა და აღდგენა ჯანსაღი ტრადიციისა.


    ემზარ კვიტაიშვილი
    მხატვრული თარგმანის დიდოსტატი

    წერილი ეძღვნება აღმოსავლური პოეზიის ცნობილი მთარგმნელის, თამაზ ჩხენკელის მოღვაწეობას, კერძოდ, მასში განხილულია ცნობილი ჩინელი პოეტის, ბო ძიუ-ის ლირიკისა და დიდი ინდოელი მოაზროვნის, რაბინდრანატ თაგორის საგალობელთა («გიტანჯალი») ქართული თარგმანები. მოტანილი ნიმუშების გაანალიზებით წერილის ავტორი ათვალსაჩინოებს მთარგმნელის ხელოვნებას, რომელსაც ძირითადად ორი ნიშანი გამოარჩევდა: სათარგმნი თხზულების შინაარსისა და განწყობილების ღრმა წვდომა და თარგმანში მათი შენარჩუნების უნარი.

     

    გვანცა კოპლატაძე
    ინტელიგენცია და რელიგია

    წერილი ეხება ინტელიგენციის, როგორც საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის მნიშვნელობას ერის ბედის სწორად წარმართვისათვის. ავტორის აზრით, ამგვარი როლის შესრულება მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არა მარტო სამეცნიერო და შემოქმედებით ასპარეზზეა წარმატებული, არამედ რელიგიაშიც საფუძვლიანი ცოდნა აქვს მიღებული და, აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობაც სწორად ესმის. საკუთარ თვალსაზრისს ავტორი ქართველი ერის ბოლო სამ ათეულ წელიწადში მომხდარი მოვლენების ანალიზით ათვალსაჩინოებს.

     

    ნოდარ ლომოური
    «მესხეთელ თურქთა» შთამომავლების ჩამოსახლება
    ანტიეროვნული ქმედებაა

    წარსული საუკუნის 40-იან წლებში ჩვენ იძულებული ვიყავით გადაგვეტანა სამამულო ომთან დაკავშირებული არაერთი უმძიმესი ვითარება. ომის პირველ წლებში გერმანელთა წარმატებებმა საბჭოთა ხელისუფლება აიძულა მეტად მძიმე ღონისძიებები გაეტარებინა; ჯერ გასახლებულ იქნენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები გერმანელები, მათ მიაყოლეს ჩერქეზ-ადიღეელები, ყირიმელი თათრები, გერმანელებისათვის მხარდაჭერის მიზეზით, ხოლო 1944 წლის 15 ნოემბერს ღამით სამხრეთ საქართველოდან (ადიგენის, ასპინძის, ახალციხე-ახალქალაქის, ბოგდანოვკის რაიონებიდან) შუა აზიაში გასახლებულ იქნენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები თურქები თავიანთი ოჯახებით; მათი საერთო რიცხვი 100 ათასს უახლოვდებოდა. მიზეზი იგივე იყო: ისინი თურქეთთან სიახლოვეს ესწრაფვოდნენ, თურქეთი კი გერმანიის მოკავშირე იყო. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ეთნოტერმინები «თურქი მესხები» ან «მესხეთელი თურქები». იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ დეპორტირებულთა შორის, გარდა თურქულ-თურქმენული და ქურთული ეთნიკური ჯგუფებისა, ადგილობრივი მაჰმადიანი მესხებიც იყვნენ.

    «სამამულო ომის» დამთავრების შემდეგ განსახლებულთა უმეტესობა დაუბრუნდა თავის ძველ საცხოვრებლებს, მაგრამ მესხეთიდან განსახლებულ მაჰმადიანთა უკან დაბრუნების საკითხი გამწვავდა. განსაკუთრებული სიმწვავე მან 70-იან წლებში შეიძინა. ამ ხანებში მესხეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანთა რიცხვმა სამასი ათასს მიაღწია, ამასთან, წარმომავლობით მესხების დიდმა ნაწილმა თანდათანობით ეთნიკური სახეც დაკარგა. ანგარიშგასაწევი იყო ისიც, რომ მესხეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული და სომხური მოსახლეობა, რომელსაც კარგად ახსოვდა ის შევიწროვება, რასაც წლების განმავლობაში მაჰმადიანებისაგან განიცდიდნენ, გადაჭრით წინ აღუდგა მათ დაბრუნებას. პრობლემის სწორად გადაწყვეტის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ აღმოსავლეთმცოდნესა და საზოგადო მოღვაწეს პროფ. ოთარ გიგინეიშვილს.

    70-იანი წლების ბოლოს ო. გიგინეიშვილის ინიციატივით, ფართო საზოგადოების მხარდაჭერითა და საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის ედ. შევარდნაძის ხელშეწყობით, საქართველოში მესხეთიდან გასახლებულთა ის ნაწილი დაბრუნდა, რომელსაც შერჩენილი ჰქონდა ქართული ეროვნულობა, მაგრამ არა კომპაქტურად, არამედ სხვადასხვა რაიონებში (ოზურგეთის, მარტვილის, კასპის), იქნა ჩასახლებული, სადაც ისინი მალე შეერწყნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას.

    მაგრამ ამით ეს დილემა არ გადაწყვეტილა. ი. სარვაროვსა და მის კლანს შემტევ პოზიციაზე უარი არ უთქვამს; და ისინი მოითხოვდნენ არა მარტო მესხეთში დაბრუნებას, არამედ მათთვის ავტონომიის მინიჭებასაც, რაც, ცხადია, არ იქნა დაკმაყოფილებული.

    «მესხეთელ თურქთა» დღევანდელ შთამომავლებში საერთოდ აღარ არის არავითარი კვალი ქართული წარმომავლობისა; ისინი ამჟამად არიან ჩვეულებრივი თურქები და მათი საქართველოში ჩამოსახლება ისეთივე მცდარი და არაეროვნული ქმედება იქნება, როგორიცაა თუნდაც აჭარაში თურქების შემოყვანა და მათი აქ დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა.

     

    გულბაათ რცხილაძე
    2012: რეალური საფრთხეები და პერსპექტივები საქართველოსთვის

    სტატიაში კონსტრუქტივისტული თეორიის საფუძველზე განხილულია საერთაშორისო პოლიტიკის ერთი სუბიექტის, ამ შემთხვევაში, საქართველოს, მიერ საერთაშორისო პოლიტიკის მეორე სუბიექტის – რუსეთის აღქმა. არგუმენტირებულია რუსეთის, როგორც მტრის აღქმის მავნეობა, რადგან სინამდვილეში ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები, თუკი ამოსავალ წერტილად აღებული იქნება საკუთარი რელიგიური (მართლმადიდებლური) იდენტობის შენარჩუნება და ამასთან ეკონომიკური განვითარებაც, ითხოვს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების არსებობას. საფრთხეები საქართველოსთვის, ერთი შეხედვით მოულოდნელად, – დასავლეთის მხრიდან ჩნდება, რომელიც ტოტალურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ამას „დახმარების“, „მხარდაჭერის“, „პარტნიორობის“ და სხვა მსგავსი ტერმინებით ნიღბავს. ასევე განხილულია თურქულ-ქართული ურთიერთობების საკითხები, რომლებიც ზერელე დაკვირვებით სამაგალითო ხასიათს ატარებს, მაგრამ სინამდვილეში სიმწვავით გამოირჩევა.

     

    თეიმურაზ ღლონტი
    «ნადიმსა შინა წინამძღვარი»

    ბიბლიურ წიგნში «სიბრძნე ზირაქისა» მოცემულია ნადიმის წინამძღვრის, ანუ თამადის ზნეობრივ კოდექსი, რომელშიც განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რაც უნდა დაიცვას და შეასრულოს წინამძღვარმა: იყოს თავმდაბალი, მაგრამ ამავე დროს პირველი თანასწორ მეინახეთა შორის, სიტყვამოზომილი, მჭევრმეტყველი და ბრძენი, მზრუნველი თანამეინახეთა შექცევისათვის, ხელის შემწყობი მხიარულებისა, გალობა-სიმღერისა, დამცველი უფროს-უმცროსობის ეტიკეტისა, ამავე დროს მცოდნე ნადიმის დროულად გასრულებისა. მას უნდა შეეძლოს არ დაახანოს და დროულად გასწიოს შინისაკენ, ზომიერება დაიცვას ღვინის სმასა და ქცევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შინაარსობრივი ფორმა, ფუნქციური დატვირთვა ახასიათებს ქართული სუფრის თამადას. არცერთ მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევარ ხალხს მსოფლიოში ისე არ ჩამოუყალიბებია ზირაქისეული პრინციპები სუფრის წარმართვისა, როგორც ეს საქართველოში მოხდა. საქართველო ვაზის ადგილის დედაა, სადაც ღვინის მოხმარების კულტურაც დასაბამიდანვე უნდა ჩამოყალიბებულიყო როგორც ტრადიციული წესი და რიგი სუფრის წარმართვისა. ამდენად, ზირაქის სიბრძნის მატერიალური საფუძველი, შესაძლოა, ქართული სინამდვილიდან მომდინარეობდეს.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    ჯრუჭის მონასტერი

    ჯრუჭის მონასტერი, რომელიც X-XI საუკუნეთა მიჯნაზე იქნა აგებული, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ანსამბლს წარმოადგენს. აქ მოღვაწეობდნენ სასულიერო და საერო პირები, რომლებიც დაუღალავ საქმიანობას ეწეოდნენ ჩვენი ერის სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების ამაღლება-განმტკიცებაში. სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგად იქცა მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მონასტერი ჩვენს ქვეყანაში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების შედეგად გაუკაცრიელდა და გაპარტახდა. სამწუხაროდ, ამას ზედ დაერთო 1991 წლის მძლავრი მიწისძვრა, რომელმაც სამონასტრო კომპლექსი ნანგრევებად აქცია. დღეს იგი მოვლა-პატრონობასა და აღდგენას საჭიროებს, რაც გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია.

     

    ანზორ თოთაძე
    დემოგრაფიული ვითარება და ერის სულიერი ცხოვრება

    ერის სიდიადე მისი რაოდენობით არ განისაზღვრება; მთავარია, მსოფლიო კულტურის საგანძურში რა წვლილი შეაქვს, რით ამდიდრებს იგი საკაცობრიო მემკვიდრეობას. ქართველმა ერმა თავისი არსებობის განმავლობაში განუმეორებელი, თვითმყოფადი ეროვნული კულტურა შექმნა და თავისი წვლილი, თავისი ხელწერა შეიტანა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში. ნაშრომში განხილულია თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება საქართველოში და ერის სულიერი ცხოვრების საკითხები. მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ერი ფიზიკური გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში უაღრესად შემცირდა შობადობა, გაიზარდა სიკვდილიანობა, მატულობს ერთშვილიანი ოჯახების რიცხვი, მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება. ეს პროცესი განსაკუთრებით გამოიკვეთა უკანასკნელ წლებში. საკმარისია ითქვას, რომ 1980-1989 წლებში, ათ წელიწადში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო უკანასკნელ ათწლეულში _ 2000-2009 წლებში _236 ათასი.

    ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქართველების ცხოვრების წესში შემოიჭრა სრულიად უცხო მანკიერი ტენდენციები. გარეშე და გარკვეული შინაური ძალები გამიზნულად უწევენ პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ტელევიზიის მეშვეობით, ძალადობას, მკვლელობას, აღვირახსნილ და აღრეულ სქესობრივ ურთიერთობებს; შესაბამისად დასცინიან ტრადიციებს, ადამიანურ გრძნობებს, ქართულ სულიერ მემკვიდრეობას, ცდილობენ ახალგაზრდობას ცხოვრების აზრად უქციონ სექსი და ჭამა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტე სექსს დროებით გაბრუებას უწოდებდა, ახლა კი სურთ ყველა გაბრუებული იყოს და არა მხოლოდ დროებით.

    ნაშრომში გაშუქებულია განათლებისა და კულტურის კერების, წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების ტირაჟის არნახულად შემცირების საკითხები. მაგალითად, 1989 წელს საქართველოში 4300 მასობრივი ბიბლიოთეკა არსებობდა, 2007 წელს კი _ 672. 1988-2005 წლებში წიგნებისა და ბროშურების ტირაჟი _ 23,5 მილიონიდან 0,3 მილიონ ეგზემპლარამდე შემცირდა, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების წლიური ტირაჟი _ 30,5 მილიონიდან 1,1 მილიონ ეგზემპლარამდე, გაზეთების წლიური ტირაჟი _ 790 მილიონიდან 17,9 მილიონამდე და ა. შ.

    ნაშრომში ხაზგასმითაა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის შესახებ. რაც მთავარია, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომელიც ქვეყნის სოციალური განვითარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება.

     

    გრანი ქავთარია
    ოლიმპიური თამაშები

    ოლიმპიური თამაშები ბერძენთა ფიზიკური და სულიერი სილამაზის სრულყოფას ემსახურებოდა. საერთობერძნულ დღესასწაულებში მონაწილეობა სრულუფლებიანი მოქალაქის პრივილეგიას შეადგენდა. სპორტული სახეობების გარდა, საერთობერძნული საზეიმო განწყობა გზას უხსნიდა პოეზიის, მუსიკის და თეატრალური სანახაობების განვითარება-დახვეწას. წერილში ოლიმპიური თამაშები წარმოდგენილია, როგორც ბერძენთა თანასწორობის რეალური გამოხატულება.

     

    ზაზა ვაშაყმაძე
    აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
     (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 9)

    სტატია წარმოადგენს პირველ მცდელობას – ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის «აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება» გააზრებისა და გაანალიზებისა, მისი როგორც თეოლოგიური შინაარსის, ასევე იურიდიული მნიშვნელობის თვალსაზრისითაც. ეს საკითხი დღეს აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა და მიმდინარეობისა. ამ მუხლის არსი და შინაარსი ნახევარ საუკუნეზე მეტია მწვავე დისკუსიის საგანია იურიდიულ საზოგადოებაში. ეს პრობლემა არა მარტო ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სამართლის განსჯისა და გააზრების სფეროსაც მოიცავს. საქართველოში ამ საკითხმა პირველად წინა პლანზე ბოლო ორი ათწლეულის პერიოდში, «იეღოველების» გააქტიურებასთან დაკავშირებით და შემდეგ სომხეთის პატრიარქის ვიზიტისას საქართველოში 2011 წელს წამოიწია. მუხლი 9 – «აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება» დიდი და ფართო არეალის ცნებებია. აზრი და სინდისი სხვა მოცემულობებია, ხოლო რელიგია, რწმენა და აღმსარებლობა – სულ სხვა. იურიდიულ საზოგადოებაში არ არსებობს რელიგიისა და რწმენის ზუსტი დეფინიცია. ეს ტერმინები თავისთავში უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე «აზრი» ან «სინდისი». მით უფრო, რომ თეოლოგიური გააზრება ტერმინებისა:  «რელიგია, აღმსარებლობა და რწმენა» უფრო სიღრმისეულია, ვიდრე მისი ფილოსოფიური (სოციოლოგიური) გაგება, ვინაიდან იგი შეიძლება «დისკუსიის საგნად იქცეს» ნებისმიერ დროს. ტერმინთა დაუდგენელი მნიშვნელობის ფონზე მისი იურიდიული (პრაქტიკულ გადწყვეტილებებში) გამოყენება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართალში, იურიდიულ ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. მორწმუნე რწმენას, რელიგიასა და აღმსარებლობას სხვაგვარად აღიქვამს, ხოლო ათეისტისთვის ის ჩვეულებრივი სადისკუსიო თემაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოებისა, რომლებსაც რელიგიურ საკითხებზე გამოაქვთ გადაწყვეტილებანი, ჩვეულებრივ, რელიგიური ადამიანები არ არიან და არ აქვთ შესაბამისი განათლება, რაც აშკარად აისახება მათსავე გადაწყვეტილებებზე. ანალოგიური ტენდენცია ჩანს თვით სამართალში. თანამედროვე ეროვნული (სახელმწიფო) და საერთაშორისო სამართალი განიცდის აშკარა დისტანცირებას რელიგიებისაგან. ყოველივე ამან გამოიწვია სამართლის გააამსოფლიურება (გამატერიალიზება) და სულიერებისაგან დაცლა. სამართალი კი ადამიანისთვის (საზოგადოებისთვის) არსებობს და მის სულიერ სიჯანსაღეს უნდა უწყობდეს ხელს.

     

    ვიქტორ რცხილაძე
    მითოსი, იდეოლოგია და ქრისტიანობა

    სათაურიდან გამომდინარე, ვიქტორ რცხილაძის სტატია იძლევა ამ ცნებების განსაზღვრებას ერთმანეთთან მიმართებაში. სტრუქტურულად სტატია ოთხ ნაწილად იყოფა ქვესათაურებით. პირველ ნაწილში განხილულია ავტორთა ფართო სპექტრის – მირჩა ელიადეს, ერნსტ კასირერის, კარლ კერენისა და სხვათა მოსაზრებები მითოსის ცნებასთან დაკავშირებით. მეორე ქვესათაურია: „სახიფათო მითოსი, როგორც პოლიტიკური მოძრაობის ინსტრუმენტი“. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეოცე საუკუნის პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებიც ამა თუ იმ მითოსს ეფუძნებოდნენ, ნაჩვენებია მითოსის ფაქტორისა და ამ პოლიტიკური მოძრაობების ტოტალიტარული მიმართულების ურთიერთკავშირი, რაც მათი მხარდამჭერი საზოგადოებისავე დამონებით სრულდებოდა. მესამე ნაწილის ქვესათაური თავისთავად ასახავს მის შინაარსს: „სახიფათო მითოსი, რომელიც დაკავშირებულია პიროვნებასთან“. ეს საკითხი წინა საკითხიდან გამომდინარეობს, როდესაც პოლიტიკური მოძრაობა, ემყარება რა ყალბ მითოსს, აღმერთებს მის ბელადებს, რაც ისევ და ისევ საზოგადოების დამონებას იწვევს. დაბოლოს, მეოთხე ნაწილში განხილულია საკითხი, თუ რამდენად წარმოადგენს ქრისტიანობა იდეოლოგიას. ამ მიზნით ავტორი დაწვრილებით განიხილავს მეოცე საუკუნის საუკუნის  ფილოსოფოსისა და თეოლოგის კარლ რანერის ანალოგიური სათაურის მქონე გამოკვლევას, სადაც ცხადად არის ნათქვამი, რომ იდეოლოგია შემოიფარგლება ამქვეყნიური მიზნებით, მაშინ, როდესაც ქრისტიანობა მათ გადალახავს და ქრისტიანული რწმენა ღვთისგან მომდინარე ინიციატივაა, ღვთის მადლია.

     

    შოთა მათითაშვილი
    ქართული ბერ-მონაზვნობის სათავეებთან

    ქართული ბერ-მონაზვნობა აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნე-ლოვანესი ნაწილია. სტატიაში განხილულია ბერ-მონაზვნობის აღმოცენება საქართველოში. წყაროების განხილვითა და საერთაშორისო ასპარეზზე იმდროინდელი რელიგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ასკეტური მოძრაობა საქართველოში სირიელი მამების აქ მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას თავდაპირველად ანაქორეტული ფორმა უნდა ჰქონოდა. ჩვენი აზრით, ანაქორეტობა საქართველოში უშუალოდ ადგილობრივ ნიადაგზე აღმოცენდა (გარკვეულწილად უცხოური გავლენით). ორგანიზებული სამონასტრო ცხოვრება კი პონტო-კაპადოკიის (ნაწილობრივ სირიის) გავლენით უნდა დაწყებულიყო. ქართულმა ბერ-მონაზვნობამ საუკუნეთა განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს, კავკასიისა და ბიზანტიის ცხოვრებაში. საუკუნეთა მანძილზე ის ქართული თვითმყოფადი კულტურის მედროშე და ნავთსაყუდელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წმინდა რელიგიურ დატვირთვაზე. ამიტომ აუცილებელია ქართული ბერ-მონაზვნობის კვლევა საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს ისტორიის კონტექსტში.

     

    ლევან ბებურიშვილი
    როგორ ავიცდინოთ ლიბერალიზმის მახათი?!

    სტატიაში განხილულია და კრიტიკულადაა შეფასებული ზოგიერთი ასპექტი «თეოლოგ» ზელიმხან უძილაურის ნაშრომისა «როგორ ავიცდინოთ ფუნდამენტალიზმის მახვილი?» აღნიშნულია, რომ მკვლევრის განცხადებები, რიგ შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს. მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მსჯელობისას, ზ. უძილაური უკიდურეს ტენდენციურობას ამჟღავნებს და შეგნებულად იმოწმებს იმ მეცნიერებს, რომელნიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ამ აღმსარებლობისადმი. «თეოლოგი» ხშირად ახდენს ფაქტების დამახინჯებას და მათ არასწორ ინტერპრეტაცის.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    შეხედრა დიდ მეცნიერსა და ფილოსოფოსთან

    წერილში ავტორი იხსენებს შეხვედრას გამოჩენილ მეცნიერსა და ფილოსოფოსთან, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძესთან, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და აზროვნებაში, ქართული ფილოსოფიის სისტემატიზაციაში. მან რუსულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი».