სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
სამი საუნჯე N2(2), 2011

რეზიუმე

  • დავით წოწკოლაური, ვაჟა-ფშაველა ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების ბუნებრივი საწყისების შემფასებელი
  • ლევან ბებურიშვილი, სინდისის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
  • გიორგი გოგოლაშვილი, დედაენის პრობლემები კომუნისტურ ეპოქაში და... დღეს
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება 
  • გვანცა კოპლატაძე, რჯულთშემწყნარებლობა ქართველი ერისა
  • ნოდარ ლომოური, მცირე მოგონებანი ადამიანზე, რომელიც თავისი ხალხის მომავალს მოკრძალებით ემსახურა
  • მამუკა ცუხიშვილი, ღვაწლითა და თავდადებით გაკვალული გზა
  • სიმონ ჯანაშია, ისტორიული სიმართლის დამახინჯების მაგალითის შესახებ
  • გრანი ქავთარია, დემოკრატია ძველ საბერძნეთში
  • ანზორ თოთაძე, ქართული სოფლის გასაჭირი
  • ეთერ ურუშაძე, მსოფლიოს მოსახლეობა
  • მერაბ მაქარაშვილი, საქ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული სტაბილიზაციის ღონისძიებათა შესახებ
  • ზაზა ვაშაყმაძე, საეკლესიო სასამართლოს სისტემა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში
  • იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი), სიმდაბლისა და მორჩილების ცნებათა ადეკვატური გააზრება
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, წიგნი, რომლის წაკითხვისას სისხლი გეყინება
  •  

     

    დავით წოწკოლაური
    ვაჟა-ფშაველა _ ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების
    ბუნებრივი საწყისების შემფასებელი

    ნაშრომში განხილულია ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების ურთიერთმიმართების ის თავისებურებები, რომლებიც უძირითადესი იყო ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობისთვის. შეფასებულია არა მარტო ღირებულებათა კავშირ-მიმართებების დიდი ნაირგვარობა, არამედ ნაჩვენებია მათი წარმოშობა-განვითარების ბუნებრივ-სოციალური საწყისების რაობაც.

    ნაშრომში ნათქვამია, რომ, ვაჟა-ფშაველას მრწამსის მიხედვით, ღირებულებათა იერარქიული წყობის საფუძველთსაფუძველი ჯერ ბუნების უალტერნატივო კანონებია, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ერთა ინდივიდუალური თვითსრულქმნისკენ სწრაფვა. პოეტის აზრით, დადებითი თუ უარყოფითი საკაცობრიო ღირებულებების დაბადების უშრეტ წყაროდ ყოველთვის ურთიერთისაგან განსხვავებული, თვითმყოფადი ეროვნული ფენომენები გამოდიან.

     

     

    ლევან ბებურიშვილი
    სინდისის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

     ვაჟა-ფშაველა (1861-1915) იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ეთიკური პრობლემებისადმი. აქედან გამომდინარე, ვაჟა ინტერესს ამჟღავნებს სინდისის ეთიკური ფენომენის მიმართ. სპეციალურად ამ საკითხს პოეტმა მიუძღვნა ლექსი «სინდისის სიმღერა», აგრეთვე პოემა ,,სინდისი». მრავალგვარია სინდისის გამოვლენის ფორმები ვაჟა-ფშაველას მხატვრულ შემოქმედებაში. სინდისის ფენომენის გააზრებისას ვაჟა თეისტურ თვალსაზრისზე დგას. იგი ქრისტიან მოაზროვნეთა მსგავსად სინდისს ღვთაებრივი წარმოშობის მოვლენად მიიჩნევს. პოეტი თვლის, რომ სინდისი არის ღვთის ხმა ადამიანის არსებაში.

     ვაჟა ფშაველას მოღვაწეობის ხანა ემთხვევა დეკადანსს, სულიერი და კულტურული კრიზისის ეპოქას, როდესაც ვრცელდება ნაირგვარი ამორალისტური კონცეფციები. ვაჟა აქტიურად ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე ისტორიულ-კულტურულ მოვლენებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი უარყოფითად იყო განწყობილი ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიისადმი, რომელმაც გაილაშქრა სინდისის წინააღმდეგ და იგი სისულელედ გამოაცხადა. ვაჟა-ფშაველა მკვეთრედ დაუპირისპირდა ამ თვალსაზრისს და განაცხადა, რომ ადამიანთა საზოგადოების არსებობა სინდისის გრძნობის გარეშე შეუძლებელია და მორალური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა სწორედ ღვთაებრივ პირველსაწყისთან დაბრუნებაა.

     

     გიორგი გოგოლაშვილი
    დედაენის პრობლემები კომუნისტურ ეპოქაში და... დღეს

     საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, საკუთარი კონსტიტუციის მიღებამდე, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული ენა აღიარა სახელმწიფო ენად. ფაქტობრივ, ეს იყო გაგრძელება იმ ტრადიციისა, რომელიც დემოკრატიულმა საქართველომ დაამკვიდრა. ბოლშევიკური ხელისუფლება მკაცრად იცავდა სახელმწიფო ენის ინტერესებს და მთელი 70 წლის განმავლობაში ზრუნავდა ქართული ენის განვითარებისათვის, მისი სიწმინდის დაცვის, შესწავლისა და სწავლების პრობლემების მოსაგვარებლად...

    ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ეს ტრადიცია დავკარგეთ, რითაც სახელმწიფო ენას არაერთი პრობლემა შეექმნა. რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, დღეს სანატრელი ხდება ის მდგომარეობა, კომუნისტურ ეპოქაში რომ ჰქონდა ქართულ ენას... ბოლშევიკების ზრუნვა დედაენის პრობლემებზე სამაგალითოდ გვეჩვენება დღესაც...

       

    ავთანდილ ნიკოლეიშვილი
    თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება

     მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილს (მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა დღესდღეობით შეუძლებელია) ეთნიკური ქართვე¬ლები შეადგენენ, საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში მათ მეტად უმნიშვ¬ნელო წვლილი აქვთ შეტანილი. მართალია, თურქეთის ყველაზე სახელგანთქმულ ადამიანთა შორის ეთნიკური წარმომავლობის ქართველებიც საკმაოდ გვხვდებიან, მაგრამ თავიანთი ისტორიული სამშობლოსათვის არსებითად ფასეული და მნიშვნელოვანი ამ ადამიანებს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ. პირველი მამულიშვილი, რომელმაც თურქეთელ ქართველთა ცნობიერებაში ამ თვალსაზრისით თვისებრივად სრულიად ახალი ეტაპის დადგომას დაუდო სათავე, ახმედ მელაშვილი (ოზქანი) იყო, კაცი, რომელმაც თავისი მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ქართვე¬ლების ცნობიერებაში ეროვნული თვითშეგნების გაღვივება დაისახა.

    თურქეთში ქართულენოვანი მხატვრული შემოქმედების სიღარიბე, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, არსებითად იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ რაოდენობრივი სიმრავლის მიუხედავად, იქაურ ქართველთა უდიდესმა ნაწილმა საერთოდ  არ იცის ქართული წერა-კითხვა. ამის გამო თურქეთში ქართულენოვანი მწერალი კიდევაც რომ გამოჩენილიყო, ბუნებრივია, მკითხველის გარეშე დარჩებოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ თურქეთელი ქართველები საუკუნეების განმავლობაში ქართულენოვანი სამყაროსაგანაც იყვნენ იზოლირებულნი.

    თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ქართულენოვანი შემოქმედებითი შესაძლებ-ლობანი ყველაზე მეტად მათ ფოლკლორულ ტექსტებში გამოვლინდა. მათი უდი¬დესი ნაწილი ზეპირსიტყვიერი ფორმით შექმნეს სახალხო მთქმელებმა. ხალხური შემოქმედების ეს ნიმუშები ძირითადად ზეპირი სახით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის ქართველობაში ზოგადქართული პოეტური ფოლკლორიდანაა გავრცელებული. პოეტური ჟანრისაგან განსხვავებით, თურქეთელ ქართველთა ქართულენოვან შემოქმედებაში ძალზე უმნიშვნელო ადგილი აქვს დამკვიდრებული პროზას. ერთადერთი, რაც მათ ამ მიმართულებით ზეპირსიტყვიერი ფორმით შექმნეს, ჩვენამდე მეტად მწირად მოღწეული ხალხური ზღაპრები, ლეგენდები და თქმულებებია.

      

    გვანცა კოპლატაძე
    რჯულთშემწყნარებლობა ქართველი ერისა

     თუ ქრისტეს ღმრთეებრივი მოძღვრების მისაღებ წინა პირობად ებრაელ ერს ძველი აღთქმის რჯული ჰქონდა, ბერძენ ხალხს _ მაღალგანვითარებული ლიტერატურა და ფილოსოფია, ქართველი ერის ცხოვრებაში იგივე როლი შეასრულა ღმრთისაგან მიმადლებულმა ნიჭმა სიყვარულისა. ამაზე მეტყველებს როგორც ჩვენი ისტორია, ისე მწერლობა. წერილი სწორედ ქართველებისათვის ბუნებრივ თვისებად ქცეულ რჯულთშემწყნარებლობას ეძღვნება.

     

     

    ნოდარ ლომოური
    მცირე მოგონებანი ადამიანზე, რომელიც თავისი ხალხის
    მომავალს მოკრძალებით ემსახურა

     ჩვენს თაობას ცხოვრების ფრიად რთული და მძიმე პირობები ხვდა წილად: არავითარი დემოკრატია, სიტყვის თავისუფლების არარსებობა, ეროვნული მისწრაფების შებღალვა... მეორე მხრივ, ჩვენ ბედნიერები ვიყავით იმიტომ, რომ შესანიშნავ ადამიანებთან, ნიჭით დაჯილდოებულ მწერლებთან, ხელოვნების მუშაკებთან, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერებთან გვქონდა ურთიერთობა. ქართული საზოგადოების ასეთი გამოჩენილი მოღვაწეების გვერდით აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომელნიც თითქოს არაფრით გამოირჩეოდნენ უბრალო მოქალაქეთაგან, მაგრამ უხმაუროდ და მოკრძალებით აკეთებდნენ ფრიად სასარგებლო საქმეს, რაც გულისხმობდა ქართველი ერის მომავალზე ზრუნვას.

    ერთ-ერთი ამგვარი თავმდაბალი პიროვნება იყო «ფუნქციურ დაავადებათა ინსტიტუტის» თანამშრომელი ქეთო მდივანი.

    ქეთო მდივანის კეთილ საქმეთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მის ბინაზე (მთაწმინდა, ყიფიანის ქ.) ახალგაზრდობის თავისებული საგანმანათლებლო წრის ორგანიზება. ქ-ნ ქეთოს ვაჟიშვილს, ოთარს დაბადებიდან ჰქონდა თვალების მძიმე დაავადება, რომელიც მას აქტიური ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. და აი, ქეთომ თავისთან დაიწყო შეკრება ოთარის მეგობრებისა და თანატოლებისა (მათი საშუალო ასაკი 16-17 წელი იყო), გამართვა ლიტერატურულ ნაწარმოებთა კითხვის საღამოებისა, გაცნობა საქართველოს ისტორიისა, შედგენა თავისებული რეფერატებისა, მოწყობა დისკუსიებისა; ამასთან, ყველაფერი ეს დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ქართულ კულტურასთან, გაჯერებული პატრიოტიზმითა და ანტიკომუნისტური განწყობებით. მოგვიანებით ჩვენს ამ შეკრებებს ტყუილად არ ვუწოდეთ პირველი დისიდენტური ჯგუფი საქართველოში.

    არ შეიძლება განსაკუთრებით არ აღინიშნოს, რომ ჩვენ სწორედ აქ გავეცანით შესანიშნავი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის  შემოქმედებას. ჩვენი წრის წევრებმა მისი შემოქმედების ნიმუშები გაიტანეს თავიანთ სკოლებსა და წრეებში, რამაც ჩვენი ახალგაზრდობის ლიტერატურული გემოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და, ამასთანავე, მომავალი თაობის ეროვნული თივთშეგნების განმტკიცებას შეუწყო ხელი.

    რა სასარგებლო იქნებოდა, რომ ამგვარი წრეები დღესაც ყალიბდებოდეს!

      

     

    მამუკა ცუხიშვილი
    ღვაწლითა და თავდადებით გაკვალული გზა

     წერილი ეძღვნება ჩვენი დროის გამორჩეულ ადამიანსა და ღირსეულ ქართველ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ავტორის აზრით, ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რიგითი ქართველი და მით უმეტეს არ არის რიგითი მამულიშვილი.

    ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ქართულ სინამდვილეში დამკვიდრდა ახალი ტერმინი _ უანგარო ქველმოქმედი და უბრალო ადამიანი...

    მან შექმნა ბიზნესის უდიდესი იმპერია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდიდან იწყებს წელთაღრიცხვას და რომელმაც სამშობლოში არნახული ტემპით დაიწყო აღმშენებლობის ერა.

    ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი ტვირთი აიღო საკუთარ მხრებზე და შედეგმაც არ დააყოვნა. ის არის მთელს მსოფლიოში ერთადერთი ქველმოქმედი ბიზნესმენი, ვინც თავის მშობლიურ საჩხერის რაიონს დაუბრუნა «სიცოცხლე», ვინც ააშენა, დაამშვენა და რომ იტყვიან «სული შთაბერა» კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების სამჭედლოებს. ვინც გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე, ვინც იბრძოლა უიარაღოდ და იხსნა იმერეთი განსაკუთრებით 2008 წელს...

    ბიძინა ივანიშვილი არის ღვთისგან რჩეული ადამიანი და ასეთ ადამიანებს გაფრთხილება, მოფერება და სიყვარული სჭირდებათ.

      

    სიმონ ჯანაშია
    ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ

    აკად. ს. ჯანაშიას კრიტიკული ნაშრომი _ «ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ» (1947) დაიწერა პროფ. ნ. ტოკარსკის წიგნზე _ «Архитектура древней Армении», (1946).

    პროფ. ნ. ტოკარსკის წიგნში მეცნიერულად დასაბუთებისა და არგუმენტაციის უგულველყოფით ტაო-კლარჯეთის ძველი ქართული ტერიტორია სომხურად არის სახელდებული, ხოლო IX-X საუკუნეების დიდებული ქართული არქიტექტურის ძეგლები სომხურადაა წარმოდგენილი. იგნორირებულია, აგრეთვე, ქართულ ეკლესია-ტაძრებზე არსებული აურაცხელი სააღმშენებლო წარწერა. ამ წარწერებში გარდა იმისა, რომ ლაპარაკია ამა თუ იმ ქართული ეკლესიის მონასტრის აღმშენებლობის შესახებ, ამავე დროს მოხსენიებულია ხუროთმოძღვართა ქართული გვარ-სახელები. რუსი მეცნიერის ამ წიგნის გამოქვეყნებას ქართველ მეცნიერთა და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და გულისწყრომა მოჰყვა _ «მაგრამ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად აკრძალული იყო მეზობელი ხალხის წინააღმდეგ რამის დაწერა (ქართველებს აკრძალული ჰქონდათ სომხების «განაწყენება»), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტოკარსკის პასუხი გაეცემოდა, მაგრამ სიმონ ჯანაშიას დიდი ავტორიტეტი საშუალებას აძლევდა ბევრი რამ ისეთი გაეკეთებინა, რაც სრულიად შეუძლებელი იყო სხვებისთვის. და აი, გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, რომელშიც ქართული და უცხოური, და საკუთრივ სომხური წყაროების მონაცემთა საფუძველზე, ყველაფერი თავის ადგილზე იყო დაყენებული», _ იგონებს აკად. მ. ლორთქიფანიძე.

    შეიძლება, ახლა ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ისე იყო მომზადებული ნიადაგი _ ერევნელი და განსაკუთრებით რუსეთში მომუშავე სომეხი მეცნიერების და მათი რუსი მეგობრების მიერ, რომ ნ. ტოკარსკის ამ უხამს წიგნს სტალინურ პრემიაზე წარდგენას უპირებდნენ, მაგრამ აკად. ს. ჯანაშიას საპასუხო ნაშრომის წყალობით აღნიშნული გეგმა ჩაიშალა. ჩაიშალა, რადგან მეცნიერის ეს ნაშრომი _ «გამოდგება იმის ეტალონად, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ისტორიული სიმართლის ისეთ დამახინჯებას, როგორიც ნ. ტოკარსკის წიგნშია წარმოდგენილი. ამ წიგნმა თავისი დანიშნულება კარგად შეასრულა. სომხეთში ტოკარსკი ასეთი აზრების გატარებისათვის გაიკიცხა და წიგნის გამომშვებ ინსტიტუტსაც საკმაოდ მოხვდა», _ წერს აკად. პ. ზაქარაია.

    როგორც აღმოჩნდა, ნ. ტოკარსკის გაკიცხვა ამ წიგნის გამო მოჩვენებითი, ყალბი ღონისძიება იყო, რადგან იგი მეორედ გამოსცეს ერევანში... XX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში კი სომეხმა მეცნიერებმა კვლავ გააჩაღეს კომპანია ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმძღვრების ძეგლების სომხურად გამოცხადების მიზნით. მათგან შეიძლება დავასახელოთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ტიგრან მარუთიანი, რომელმაც გამოსცა ვრცელი მონოგრაფია _ «სიღრმითა სომხეთი» (1978, სომხ. ენაზე). მასში ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლები სომხურად არის წარმოდგენილი. ეს ანტიმეცნიერული წიგნი მკაცრად გააკრიტიკეს აკად. ვ. ბერიძემ, აკად. პ. ზაქარაიამ და პროფ. ბ. არველაძემ.

    დღესაც გრძელდება ეს ანტიქართული კომპანია ერევანსა და, სამწუხაროდ, მოსკოვშიც. ამის ნიმუშია «მართლმადიდებლური ენციკლოპედიის» 2003 წელს მოსკოვში გამოცემული III ტომი.

    მიუხედავად იმისა, რომ სომეხმა ისტორიკოსებმა, ფაქტობრივად, დღემდე ვერ გასცეს პასუხი აკად. ს. ჯანაშიასა და სხვა ქართველ მეცნიერებს, ისინი მაინც კვლავინდებურად ცდილობენ «დაამტკიცონ» ტაო-კლარჯეთის მიწისა და ქართული არქიტექტურის სომხურობა. განსაკუთრებით იმის შემდეგ გააქტიურდნენ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ თურქეთის მთავრობას მიმართა ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ქართული ეკლესია-მონასტრის გადმოცემის თაობაზე. ამიტომ, მიზანშეწონილად ვცანით გამოგვექვეყნებინა ჟურ. «სამი საუნჯის» ფურცლებზე აკად. ს. ჯანაშიას _ «ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ», რომელსაც მეცნიერული აქტუალობა არ დაუკარგავს და დღესაც ღირსეული პასუხია ისტორიის გამყალბებელი ზოგიერთი სომეხი ვაიმეცნიერის წინააღმდეგ.

     

    გრანი ქავთარია
    დემოკრატია ძველ საბერძნეთში

     ბერძნული დემოკრატიის იდეას სრულუფლებიან მოქალაქეთა თანასწორობა წარმოადგენდა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სრული მოქალაქეობა მოსახლეობის მცირე ნაწილის პრივილეგია იყო. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სპარტის დემოკრატიის შეზღუდულობაზე, რაც განაპირობებდა დანარჩენი ელინური პოლისებისაგან მის იზოლირებას.

    დემოკრატია კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდა ათენში, სადაც სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა სახალხო კრება, რომელზეც საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა სრულასაკოვან თავისუფალ მოქალაქეს. დემოკრატიული პრინციპების დაცვა შეადგენდა ხუთასთა საბჭოს (ბულეს) უმთავრეს ამოცანას. დიდ როლს ასრულებდა, აგრეთვე, ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (ჰელიეია), რომლის რიცხობრივი შემადგენლობა (ხუთი ათასი მოსამართლე) მიკერძოებას და ანგარებას (ცალკეულ პოლიტიკურ პროცესებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში) გამორიცხავდა.

    ბერძნულ დემოკრატიაში დიდი ყურადღება ექცეოდა მოქალაქის ასაკს. ნებისმიერი მონაცემების პირი ოცდაათ წლამდე თანამდებობას ვერ დაიკავებდა (სპარტის გერუსიაში, უხუცესთა საბჭოში, მხოლოდ სამოც წელს მიღწეულ დამსახურებულ სპარტელებს ირჩევდნენ).

    ათენის დემოკრატიული კანონმდებლობის გამკაცრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა პერიკლემ, რომელმაც ათენის მოქალაქეობა, როგორც პრივილეგია, არაათენელისათვის თითქმის მიუწვდომელი გახადა.

    კლასიკური პერიოდის ბერძნულ აზროვნებაში ჩამოყალიბდა მოქალაქის ცნება, ათენის დემოკრატია იცავდა სრულუფლებიანი მოქალაქის ხელშეუხებლობას.

      

    ანზორ თოთაძე
    ქართული სოფლის გასაჭირი

     ნაშრომში განხილულია ქართული სოფლის წარმოშობის საკითხები, მისი როლი და მნიშვნელობა ქართული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ცხოვრების წესის ფორმირებაში. გაშუქებულია სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა რეგიონში სოფლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობასთან შედარებით. მოცემულია გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა და სოფლების სტრუქტურა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ მოსახლეობის ბუნებრივი კლების შედეგად სოფლის მოსახლეობის რაოდენობა განუწყვეტლივ მცირდება. მარტო 1997-2004 წლებში საქართველოს სოფლებში 39 481 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სოფლის მოსახლეობის ბუნებრივ კლებას უპირატესად ქართველებით დასახლებულ ყველა რეგიონში აქვს ადგილი, აჭარის გარდა.

    ნაშრომში დასაბუთებულია, რომ თუ ასე გაგრძელდა და საგანგებო ღონისძიებები არ გატარდა, უახლოეს ორ-სამ ათეულ წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი და ქვეყნის ზოგიერთი სხვა ისტორიული პროვინცია გაუკაცრიელდება.

     

    ეთერ ურუშაძე
    მსოფლიოს მოსახლეობა

     ნაშრომში განხილულია მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა და შემადგენლობა დემოგრაფიული ნიშნების მიხედვით. კერძოდ, მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზი 2050 წლისათვის. აღნიშნულია, რომ ხალხმრავალი ქვეყნები გაიზრდება სწრაფი ტემპით, ინდოეთის მოსახლეობა კი გაასწრებს ჩინეთის მოსახლეობას და 2050 წლისათვის 1 600 მილიონს გადააჭარბებს. ცალკეული კონტინენტები და ქვეყნები განხილულია აგრეთვე შობადობის დონის, წერა-კითხვისმცოდნეობის, ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოსული ადამიანების და სხვა ნიშნების მიხედვით. მოცემულია მეცნიერთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის სწრაფი ზრდა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა იმ ხუთ მწვავე პრობლემას შორის, რომლებიც კაცობრიობის წინაშე დგას.

     

     

    მერაბ მაქარაშვილი
    საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და
    ტერიტორიული სტაბილიზაციის ღონისძიებათა შესახებ

    სტატიაში განხილულია ყოფილი დიდი აბრეშუმის გზის, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) განვითარების შედეგად ევრაზიის კონტინენტის, კერძოდ, ამიერკავკასიაში საკვანძო მდებარეობის ქვეყნის _ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების და პოლიტიკური სტაბილიზაციის გზები.

     

     

    ზაზა ვაშაყმაძე
    საეკლესიო სასამართლოს სისტემა საქართველოს
    მართლმადიდებელ ეკლესიაში
     

    სტატია თანამედროვე ეპოქაში საქართველოს ეკლესიის მართლმსაჯულების სისტემის ანალიზის პირველ ცდას წარმოადგენს. საკითხი მეტად აქტუალურია და ამავე დროს დროულიც, რამდენადაც ქართული ეკლესიის გაზრდის შედეგად, სულ უფრო იჩენს თავს სამართლებრივი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. ეს საკითხი კომუნისტურ ეპოქაში მწვავედ არ იდგა, ვინაიდან რეპრესიების ფონზე სასულიერო დასი თანდათანობით მცირდებოდა და ეს თემა აქტუალობასაც ვერ იძენდა. საბედნიეროდ, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან რიცხობრივად გაიზარდა როგორც სასულიერო დასი, ასევე მრევლიც, და ბუნებრივად ამ საკითხის აქტუალობაც დღის წესრიგში დადგა.

    დღეს-დღეობით ქართული ეკლესია კანონიკურად და პოლიტიკურად იმ სიმაღლეზე დგას, რომ დროა ეს თემა მაქსიმალურად გონივრულად და სწრაფად იქნას გაანალიზებული და გადაწყვეტილი.

    სტატიაში საკითხის განხილვისას დასაყრდენ დებულებად აღებულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელშიც მოცემულია ზოგადად საქართველოს ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს ძირითადი პრინციპები, სისტემის იერარქია და ნაწილობრივ განსჯადობა.

    როგორც სხვა ქვეყნების საეკლესიო სასამათლოს სისტემის ანალიზისას აღმოჩნდა, მათ ჰქონდათ «სასამართლოს უფლებამოსილებისა და საქმიანობის დებულება», გაწერილი კონკრეტული ინსტანციების დონეზე. სამწუხაროდ, ავტორმა ვერ მოიძია ქართული საეკლესიო სასამართლოს უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ დებულება, რომელიც საერთოდ არ ყოფილა მიღებული, თუ ხელმიუწვდომელია, ამ ეტაპზე არ დგინდება.

    ავტორის აზრით, შესასწავლია და გასაანალიზებელი _ საეკლესიო სასამართლოს განჩინებას, კანონიკური სამართლის თეორიის თვალსაზრისით, აქვს თუ არა პრეცენდენტის ძალა ანალოგიური ტიპის სხვა საქმეებზე.

    ნაშრომი მიზნად ისახავს, საეკლესიო სასამართლოს, როგორც ინსტანციის პოპულარიზაციას, რათა დღეს არსებული პრობლემები საეკლესიო სასამა¬რთლოს გზით სწრაფად და სამართლიანად გადაიჭრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისათვის.

     

    იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი)
    სიმდაბლისა და მორჩილების ცნებათა ადეკვატური გააზრება

     სტატიაში მოცემულია ანალიზი არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძის წიგნისა «ტანჯვა სიყვარულისა» (Мучение любви, სარატოვის ეპარქიის გამომცემლობა, Саратов, 2005), რომელიც თანამედროვე ბერმონაზვნობის მდგომარეობაზე არის დაწერილი. ავტორი განსაკუთრებით კრიტიკულად განიხილავს არქიმ. ლაზარესა და მის თანამოაზრეთა (მაგ., არქიმ.  რაფაელ კარელინის) მიერ არაადეკვატური მნიშვნელობით ახსნილ ცნებებს სიმდაბლისა და მორჩილებისა. სტატია განსაკუთრებით საყურადღებოა ქართველი მრევლისათვის, რადგან მასში მოხსენიებული სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიაში მსახურობენ და, შესაძლოა, სამწყსოს გარკვეული ნაწილი მათ შეხედულებებს დაუფიქრებლადაც იზიარებდეს.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    წიგნი, რომლის წაკითვისას სისხლი გეყინება

    სტატია წაროადგენს რეცენზიას არმენოლოგ ბონდო არველაძისა და აწ გარდაცვლილი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, სოხუმის უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის თეიმურაზ მიბჩუანის ტკივილიანი წიგნისა: «ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ქართველთა ეთნოწმენდა აფხაზეთში». წიგნი მოგვითხრობს იმ ენით აუწერელ საშინელებებზე, მხეცობასა და მკვლელობებზე, რაც ამ სომხურმა ბატალიონმა ჩაიდინა აფხაზეთში ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.