სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N2(8), 2013

რეზიუმე

  • გიორგი გოგოლაშვილი, უნდა გადარჩეს უნივერსიტეტი!
  • ზურაბ ცუცქირიძე, საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის
    სტრატეგიული ამოცანები
  • გულბად ამირანაშვილი, ქართველი ხალხის ისტორიული საგანძური
  • თინა იველაშვილი, მესხეთიდან გასახლებულ მუსლიმთა ისტორია. ახალქალაქის მაზრა
  • გრანი ქავთარია,  “შედრეკილ-შეშინებული” და “ნაზრახი სიცოცხლე”
  • ნოდარ ლომოური, ნუ დავკარგავთ ეროვნულ ღირსებასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს
  • მამუკა ცუხიშვილი, საჩხერის ღმრთისმშობლის და მაცხოვრის სახელობის ტაძრები
  • გეორგიევსკის ტრაქტატი
  • შოთა აფხაიძე, ბომბები წარწერით “აღდგომას გილოცავთ”
  • გრიგოლ რუხაძე, გვანცა კოპლატაძე, ჯავახეთი _ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები
  • ბორის დარჩია,  “ვეფხისტყაოსანი” და ინტერტექსტობრივი მეთოდი
  •  

    გიორგი გოგოლაშვილი
    უნდა გადარჩეს უნივერსიტეტი!

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი არსებობის 95 წლის მანძილზე არაერთი უბედურება დაატყდა თავს. ის, რაც 2004-2012 წლებში  იმდროინდელმა ხელისუფლებამ უნივერსიტეტში მოახდინა, თავისი მასშტაბებით აჭარბებს ყოველივეს; ეს არის უკანონობისა და უსამართლობის გაუგონარი მაგალითები. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაჩნდა იმედი სამარლიანოს აღდგენისა, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი უნივერსიტეტში არ დაწყებულა. ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობა და კანონიერება უნივერსიტეტშიც იზეიმებს.

     

    ზურაბ ცუცქირიძე
    საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის
    სტრატეგიული ამოცანები

    განათლების საქმე საქართველოში ცუდად არის. აგერ უკვე ორი ათეული წელია უკვე მეხუთე რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ პროგრესი არ ჩანს, სისტემის ნგრევა კი სრულიად აშკარაა. ამის მიზეზი ის არის, რომ ყოველი საგანმანათლებლო რეფორმა ჩვენში მცდარი სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების მცდელობა იყო. ავტორის აზრით, რეფორმის უპირველესი სტრატეგიული ამოცანაა განათლების შინა-არსის დადგენა. რეფორმის ამოცანა უნდა იყოს სასწავლო შინაარსის ზოგადობის პრინციპის საფუძველზე დადგენა. ამავე დროს, სასწავლო შინაარსს უნდა ჰქონდეს მსოფლმხედველობრივი ხასიათი. სასკოლო განათლების რეფორმის ერთ-ერთ კარდინალურ ამოცანად უნდა იქცეს აღზრდის სისტემის ჩამოყალიბება და მისი ორგანული ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო შინაარსში. რეფორმის სტრატეგიულ მიმართულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს პედაგოგიური კადრების მომზადებას, რაც დღეს, სამწუხაროდ, უგულებელყოფილია. მომავალ სარეფორმო სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სკოლის ორგანიზაციისა და მართვის მეცნიერულ პრინციპებზე დაფუძნებას. უსათუოდ უნდა იქნას გათვალისწინებული ტრადიციების აღმზრდელობითი მნიშვნელობა და აღზრდაში მემკვიდრეობითობის პრინციპი, მისი წარუვალი მნიშვნელობა.

     

    გულბად ამირანაშვილი
    ქართველი ხალხის ისტორიული საგანძური

    საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ევაკუაციასთან ერთად, პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1921 წელს ბათუმიდან საფრანგეთში გატანილ იქნა ქართველი ხალხის ისტორიული საგანძურიც.  განძეულობა მოათავსეს მარსელის სახელმწიფო ბანკში და მის შესანახად მხოლოდ ერთი წლის საფასური გადაიხადეს. 1935 წელს, განძის შესანახი თანხის ცამეტწლიანი გადაუხდელობის გამო ქართული ისტორიული საგანძური საფრანგეთის მთავრობის მიერ უპატრონო ქონებად გამოცხადდა და მისი სრული კონფისკაცია ფრანგული კანონიერების გზით განხორციელდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დასახმარებლად საქართველოს საბჭოთა მთავრობას მოუწოდა, მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ქართული განძის დახსნისათვის არავის ეცალა.
    1944 წლის ოქტომბერში საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობა: საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარე გენერალი შარლ დე გოლი დეკემბრის დასაწყისში ეწვეოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს მთავარსარდალ იოსებ სტალინს. ამ ინფორმაციის საფუძველზე მეცნიერებათა აკადემიის სესიაზე მოსკოვში მყოფმა შალვა ამირანაშვილმა, დაუყონებლივ შეადგინა მიმართვა ი. სტალინის სახელზე, რათა მას საქართველოდან 1921 წელს საფრანგეთში გატანილი ქართული სამუზეუმო განძეულობის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკება გაემართა შ. დე გოლთან. მიმართვა ჩაბარდა კრემლის კომენდატურას 1944 წლის 22 ოქტომბერს.
    თავის მხრივ, 1944 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთში ქართული განძის მეთვალყურე ექვთიმე თაყაიშვილმაც მიმართა საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გენერალ შარლ დე გოლს, კონფისკაციაქმნილი ქართული განძის ბანკიდან დახსნისა და საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მასწავლებლის _ ექვთიმე თაყაიშვილისა  და მისი მოწაფის _ შალვა ამირანაშილის მცდელობებმა სასურველი შედეგი გამოიღო. 1944 წლის 10 დეკემბერს საბჭოთა სახელმწიფოსა და საფრანგეთის რესპუბ¬ლიკას შორის მოსკოვში დადებულ იქნა ხელშეკრულება `კავშირისა და ურთი¬ერთდახმარების შესახებ~, რომლის სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1944 წლის 19 დეკემბერს, გაზეთ `იზვესტიის~ 293-ე ნომერში. როგორც ეს შ. ამირანაშვილისა და პ. შარიას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვ. მ. მოლოტოვთან შეხვედრის დროს გაირკვა, ვ. მ. მოლოტოვის თანდასწრებით ი. სტალინი პირადად ესაუბრა შარლ დე გოლს და მიიღო მისგან დაპირება, ქართული განძის საქართველოში დაბრუნების შესახებ.
    შარლ დე გოლმა საფრანგეთში ჩასვლისთანავე, 1944 წლის მეორე დეკადის დღეებში, სპეციალური განკარგულებით ქართული განძი ქართველ ხალხს დაუბრუნა.

     

    თინა იველაშვილი
    მესხეთიდან გასახლებულ მუსლიმთა ისტორია
    ახალქალაქის მაზრა

    1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის, ე. წ. „თურქი მესხების“ დაბრუნება-არდაბრუნების  პრობლემა და მათი ვინაობის გარკვევის საკითხი ქართველი ხალხის წინაშე დიდი ხანია დგას და მის შესახებ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. დღეისათვის არსებული წერილობითი წყაროების, სპეციალური თუ ზოგადი ლიტერატურის,  დოკუმენტების, საარქივო მასალებისა და წლების განმავლობაში მოძიებულ-დაფიქსირებული ეთნოგრაფიული მასალების ურთიერთ შეჯერება-გაანალიზება საშუალებას იძლევა ერთხელ და საბოლოოდ განისაზღვროს ვინ არიან „თურქი მესხები“ და ვინ, რა მიზნით იყენებს ამ ხელოვნურად შექმნილ  ტერმინს. გამაჰმადიანებული მოსახლეობა (თარაქამები, ქურთები, თურქები, მოგვიანებით ისლამმიღებული ქერთველები) გასახლებამდე  ძირითადად ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში ცხოვრობდა.
    XX საუკუნის 40-იან წლებამდე ახალქალაქის მაზრის (დღევანდელი ნინოწმინდის, ახალქალაქის და ნაწილობრივ ასპინძის რაიონები) მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობითა და რელიგიური კუთვნილებით მეტად ჭრელი იყო. აქ ცხოვრობდნენ ძირძველი, მკვიდრი ქრისტიანი და ნაწილობრივ გამაჰმადიანებული ქართველები, მოგვიანებით  შემოცხოვრებული ქურთები, თურქები, სომხები და ყარაფაფახელები. წერილობითი დოკუმენტებითა და ეთნოგრაფიული მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ რაიონში არა გამაჰმადიანებული ქართველების, არამედ ძირითადად XVII საუკუნის ბოლოსა და განსაკუთრებით XIX საუკუნის დასაწყისიდან სხვადასხვა მაჰმადიანი ტომების წარმომადგენელნი ჭარბობდნენ. 1944 წლისათვის  მათი რაოდენობა დაახლოებით 3000 კომლს შეადგენდა. ოფიციალური მონაცემებით ამ წლის ნოემბერში  ყოფილი მაზრიდან 4220 ოჯახი გაასახლეს, რომელთა უმრავლესობა (დაახლოებით 70-75% მაინც) XIX საუკუნის I ნახევარში თურქეთიდან შემოცხოვრებული არაქართველი მუსლიმანური სარწმუნოების მიმდევარი ხალხი იყო. რაც შეეხება სარწმუნოებაგამოცვლილ ქართულ მოსახლეობას, ისინი თავიანთი შეგნებით, მრწამსითა და რწმენით თურქები იყვნენ და ნებაყოფლობით აირჩიეს გასახლებულთა ბედი.

     

    გრანი ქავთარია
    შედრეკილ-შეშინებული და ნაზრახი სიცოცხლე

    წერილში მხილებულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შედრეკილ-შეშინებული უმრავლესობის მედროვეობა. სამწუხაროდ, 2006 წელს საკუთარი მდგომარეობის დაკარგვის შიშით, მათ მონური მორჩილება გამოუცხადეს უმაღლესი განათლების ფსევდო-რეფორმატორებს, რითაც მცირე წვლილი როდი შეიტანეს მშობლიური უნივერსიტეტის დანგრევის საქმეში. დღეს კი შეცვლილი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, მათ მიერ მოწონებული თუ მორჩილად მიღებული რეფორმის კრიტიკოსებად გვევლინებიან.

     

    ნოდარ ლომოური
    ნუ დავკარგავთ ეროვნულ ღირსებასა
    და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს

    წერილის ავტორი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ამ ბოლო დროს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ზოგიერთი მოვლენისადმი, სახელდობრ, 17 მაისს ლგბტ-ს წარმომადგენელთა მიერ აღლუმის ჩატარების მცდელობისადმი და გადაცემისადმი, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზიამ ჯ. დუდაევს მიუძღვნა. ორივე მოვლენა მის მიერ ზნეობრივ-ეროვნულ პრინციპებზე დაყრდნობითაა შეფასებული.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    საჩხერის ღმრთისმშობლის და მაცხოვრის სახელობის ტაძრები

    საჩხერის რაიონის ისტორიული ძეგლების შესწავლა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. ეხვევის „დედა ღვთისა“ და სპეთის „ზედა მაცხოვარი“ (როგორც ხალხი უწოდებს) ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების შედევრებია, რომლებიც გამოირჩევიან წარწერების სიძველით, დახვეწილი სტილით, ჩუქურთმებისა და ორნამენტების თავისებურებით, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ტაძრები განეკუთვნება IX-XI საუკუნეებს. განსაკუთრებულ ინტერესს კი იწვევს სპეთის ტაძრის კანკელი, რომელმაც ბინა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიდო.

     

    გეორგიევსკის ტრაქტატი

    გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობაში. ეს იყო პირველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში. ამ აქტით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II `სახელითა თÂსითა, მემკÂდრეთა და მენაცულეთა თÂსთა დღესასწაულობით~ აცხადებდა, რომ ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობდა, ეცნო ირანის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მეთაურის უზენაესი ხელისუფლება, გარდა რუსეთისა, ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა, დაეცვა ქართლ-კახეთი გარეშე მტრებისაგან და ეზრუნა მისთვის მტრის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისათვის, რომელიც ქართველი მეფის  მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო.
    გეორგიევსკის ტრაქტატი მკვეთრი მობრუნება იყო არა მარტო რუსეთ-საქართველოს, არამედ, აგრეთვე, საქართველო-სპარსეთისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობაშიც.
    გეორგიევსკის ტრაქტატი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ახალი ეტაპის დასაწყისი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის საკითხში რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობაში, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ურთიერთობისაგან. უფრო მეტიც, ეს აქტი მოასწავებდა საერთოდ კავკასიის პრობლემის ახლებურად დაყენებას.

     

    შოთა აფხაიძე
    ბომბები წარწერითაღდგომას გილოცავთ

    სტატიაში ავტორი აღწერს დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, რომელთა მიზანია თავისი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებისათვის ნატო-ს გამოყენება. სტრატეგია, როგორც ავტორი გვიჩვენებს, მდგომარეობს რუსეთის პოზიციების შესუსტებასა და გლობალური მასშტაბით დასავლეთის გავლენის არალეგიტიმურ გაფართოებაში. ამ სტრატეგიის ფარგლებში ნატო-მ მრავალი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რომელთა მასშტაბი დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან ან საერთოდ მიჩქმალულია, ან შემცირებულია. სტატიის ავტორი დაწვრილებით გადმოგვცემს ჩრდილოანლანტიკური ალიანსის მიერ იუგოსლავიაში, ავღანეთში, ლიბიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებს. ავტორი ასევე განიხილავს დასავლეთის მცდელობებს, გამოიყენოს ნატო სირიის კონფლიქტის “გადაჭრაშიც”, რომლის ერთ-ერთ საომარ მხარეს, კერძოდ, ისლამისტ ტერორისტებს, იგი მხარს უჭერს.
    სტატიის ავტორი საქართველოსათვის, მისი ალიანსში ჰიპოთეტური გაწევრიანების შემთხვევაში, სარგებელს ვერ ხედავს. მისი აზრით, ამით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვერ გაძლიერდება, რამდენედაც ნატო-ს ჩარევა რუსეთისა და ირანის მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რის გამოც საქართველო შეიძლება გახდეს დიდი ურთიერთდაპირისპირების არენა. გარდა ამისა, კოსოვოს მაგალითი, 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვა და კოსოვოსა და მეტოხიაში მრავალი მართლმადიდებლური ტაძრის განადგურება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ანტიმართლმადიდებლურ მიმართულებაზე მიუთითებს.

     

    გრიგოლ რუხაძე, გვანცა კოპლატაძე
    ჯავახეთი _ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები

    სტატიაში მოცემულია ჟურნალ `სამი საუნჯის~ ეგიდით განხორციელებული პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის ანგარიში. პროექტის სახელწოდებაა `ჩემო სამშობლო მხარეო~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კულტურულ-სოციალური მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემებისადმი. ამჯერად სტატიაში წარმოდგენილია ზემო ქართლის, კერძოდ, ჯავახეთის ორი რაიონის ეთნოგრაფიული კვლევის შედეგები.

     

    ბორის დარჩია
    ვეფხისტყაოსანი და ინტერტექსტობრივი მეთოდი

    ავტორი განიხილავს მარიამ კარბელაშვილის ბოლოდროინდელ რუსთველოლოგიურ სტატიებს კაცთა-კვლის თაობაზე და უარყოფს ინტერტექსტობრივი მეთოდით მიღებულ მის დებულებებს, თითქოს შოთა რუსთაველსა და მის პოემაზე პირველ ცნობებს იძლეოდეს XIV საუკუნის ისტორიკოსი ჟამთაღმწერელი, რომელიც, ვითომც, კაცთა-კვლის საკითხში რუსთაველს ეკამათებოდეს.