სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N3(13), 2014

რეზიუმე

  • უწმიდესი პატრიარქი კირილეს მიმართვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობელებისადმი უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით
  • მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს გზა
  • ევრაზიის ინსტიტუტი, აგვისტოს ომი. პასუხები მთავარ კითხვებზე ხუთი წლის შემდეგ
  • მამუკა ცუხიშვილი, დასავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათალიკოსი
  • გულბად ამირანაშვილი, ქაშვეთის ეკლესიის მხატვარი
  • გვანცა კოპლატაძე, ბიზანტიური რენესანსის იდეოლოგიური საფუძვლები
  •  

     

    უწმიდესი პატრიარქი კირილეს მიმართვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობელებისადმი უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით

    აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება ძმათა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობელებს და გამოითხოვა მათგან ლოცვა უკრაინის მიწაზე მშვიდობის დამყარებისათვის.
    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აგრეთვე მოუწოდა მათ, აღიმაღლონ ხმა აღმოსავლეთ უკრაინის მართლმადიდებელ ქრისტიანთა დასაცავად, რომელნიც ბერძენ-კათოლიკეთა და განხეთქილებაში მყოფთა მხრიდან ძალადობას განიცდიან და ყოველ დღეს შიშში ატარებენ.
    ეპისტოლე გავრცელდა 2014 წლის 14 აგვისტოს.

     

    მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
    საქართველოს გზა

    ავტორის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა დღეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული წონასწორობის აღდგენა ორი მიმართულებით: 1) საგარეო ურთიერთობის დაბალანსებისა და 2) შიდა მდგომარეობის სწორი რეგულირების გზით. პირველისათვის საჭიროა დიპლომატიური კორპუსის კადრების უმაღლეს დონეზე მომზადება და საქართველოს გარშემო არსებული აღმატებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალების ინტერესთა გაწონასწორება ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების შენარჩუნებისათვის. მეორისთვის აუცილებებლია ბუნებრივი პრიორიტეტების განვითარება დღეისათვის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალიწინებით. პირველ რიგში, ეს პრიორიტეტები არის განათლება და სოფლის მეურნეობა.

     

    ევრაზიის ინსტიტუტი
    აგვისტოს ომი.
    პასუხები მთავარ კითხვებზე ხუთი წლის შემდეგ

    ევრაზიის ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებსა და დაინტერესებული მხარეების მოტივებს. გამოკვლევაში ნაჩვენებია, რომ ომის დაწყება არასგზით არ აწყობდა რუსეთის ხელისუფლებას, მით უმეტეს, ქართველი ხალხი ამით დაინტერესებული არ იყო. დოკუმენტალური მასალები ცხადყოფენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის ომის წამომწყები, რომლის წარმომადგენლები “რუსულ აგრესიაზე” მხოლოდ 9 აგვისტოდან ალაპარაკდნენ, მანამდე კი ცხინვალის რეგიონში “კონსტიტუციური წესრიგის” დამყარებას პირდებოდნენ საზოგადოებას.
    ამავე დროს, გამოკვლევაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი არ იყო შეურაცხადი, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ ომით წასულიყო დასავლეთისგან ნებართვის გარეშე. ამერიკელების მოტივი, ამ შემთხვევაში არის საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთისაგან საბოლოო გათიშვა, რათა კავკასიის რეგიონში ამერიკული ჰეგემონია დამყარდეს, ხოლო აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის~ დატოვება რუსეთის გავლენის სფეროდ ამ პროცესს ვერ აბრკოლებს.
    ევრაზიის ინსტიტუტის მასალა მომზადებულია 2013 წლის აგვისტოში, მაგრამ იგი აქტუალური რჩება.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    დასავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათალიკოსი

    სტატიაში განხილულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის მაქსიმე II აბაშიძის მოღვაწეობა იმერეთის სამეფოსა და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ძლიერებისათვის, კერძოდ, ელჩობა რუსეთში, რომელსაც 1769 წელს იგი ქუთათელი მიტროპოლიტის, ხოლო 1784 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის ხარისხით მეთაურობდა. მისმა დილპომატიურმა მოღვაწეობამ საქართველოსთვის სასარგებლო ნაყოფი გამოიღო.

     

    გულბად ამირანაშვილი
    ქაშვეთის ეკლესიის მხატვარი

    წინამდებარე სტატიაში მოკლედ აღწერილია სახელოვანი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის შემოქმედება პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა უცხოეთის თავისუფალ თემატიკას ნაზიარები მხატვარი შემოებრუნებინა საბჭოურ ყაიდაზე. მაგრამ ლადო გუდიაშვილი სულიერად იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, რომ მასზე უკიდურეს ზეწოლას ვერ ახერხებდნენ.  
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის დავალებით ლადო გუდიაშვილმა, 1947 წელს დაიწყო ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მოხატვა. კედლის მხატვრობის შექმნაში უშუალო ხელმძღვანელობას უწევდა ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილი. ფრესკული მხატვრობის ნახევარზე მეტი შესრულებული ჰქონდა მხატვარს, რომ უეცრად საბჭოთა საქართველოს მთავრობამ შეაწყვეტინა ეკლესიის მოხატვა  და ლადო გუდიაშილის ხელოვნება გამოცხადებულ იქნა საბჭოთა იდეოლოგიისთვის მიუღებლად. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მთელი ათი წლის განმავლობაში ლადო გუდიაშვილი განიცდიდა დიდ  მწუხარებასა და ცხოვრებისეულ სიდუხჭირეს. მისი მეუღლის, ქალბატონ ნინოს ძალისხმევით ლადო გუდიაშვილმა გაუძლო საბჭოთა ზეწოლას. და აი, 1957-58 წლებში, პოლიტიკური ამინდის ცვლილებისთანავე, მთელმა საბჭოთა ხალხმა და უცხოელებმა ერთიანად აღიარეს ლადო გუდიაშვილის უნიკალური შემოქმედება. იმ დღიდან დღემდე ლადო გუდიაშილის მხატვრულ ხელოვნებას მნახველი და გამზიარებელი არ აკლდება.

     

    გვანცა კოპლატაძე
    ბიზანტიური რენესანსის იდეოლოგიური საფუძვლები

    სტატიაში დასაბუთებულადაა წარმოდგენილი, რომ ე.წ. ბიზანტიური რენესანსი, რომელსაც სათავე XI ს-ში მიქაელ პსელოსის მოღვაწეობით დაედო, მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობით, კონკრეტულად ანტიკური და არა საერთოდ კულტურის აღორძინებასა და განვითარებას გულისხმობს. ამავე ეპოქაში ვიწროვდება ტერმინ ჰუმანიზმის მნიშვნელობაც და არა ზოგადად კაცთმოყვარეობას, არამედ უკიდურეს ინდივიდუალიზმს უიგივდება. ასე რომ, როგორც სტატიის ავტორი ასკვნის, ბიზანტიურმა რენესანსმა, რომელსაც იდეოლოგიურ საფუძვლებად წარმართული ფილოსოფია და უკიდურეს ინდივიდუალიზმთან გაიგივებული ჰუმანიზმი დაედო, დაამკვიდრა რა ე.წ. ადოგმატური, დოგმების მონობისაგან განთავისუფლებული აზროვნება, შესაბამისად ადამიანი რწმენისაგანაც გაათავისუფლა. რწმენის ადგილი რაციონალიზმმა დაიჭირა, ხოლო ღმერთის _ ადამიანმა. ამგვარმა ჩანაცვლებამ კაცობრიობას ზნეობისა და სულიერო კულტურის დაქვეითება მოუტანა შედეგად.