გაიოზ ერაძე: „იდეოლოგიურად დაუცველ პირობებში გვიწევს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა... მსოფლიო ომში გამარჯვებით რუსულ სამწერლობო ელიტას შავიზღვისპირეთის ნეოკოლონისტური საღერღელი აეშალა. გიორგი გულიას ზურგს უკან ამოფარებულმა, აფხაზეთში მოაგარაკე „ინტელექტუალურმა კაზაკობამ“, კონსტანტის სიმონოვის (სიმონიანი) მეთაურობით, ქართველი მწერლების (მათ შორის კოწია გამსახურდიას) ცხვირწინ, წარმომა-ვლობითი გზაკვალი აურია აფხაზებს...
ნუთუ აღარ დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ საკუთარი იდეოლოგიური სიბრმავის შედეგია აფხაზეთის ზურგით შემობრუნება?..
აფხაზური ისტორიოგრაფია თავიდანვე განვითარდა „პრეკოლხურ−ადიღური“ მოდელით... კოლხური სამყაროს ტერიტორია (მთელი დასავლეთ საქართველოს რეგიონი) ადრეულ პრეისტორიულ პერიოდში მთლიანად ეკავათ ადიღური წარმომავლობის ტომებს... „პრეკოლხურ−ადიღური“ მოდელის დამამკვიდრებელნი და გამზიარებელნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე, გიორგი მელიქიშვილი, მერი ინაძე, ედიშერ ხოშტარია-ბროსე, ზურაბ ანჩაბაძე, ნოდარ ლომოური, შალვა ინალ-იფა და სხვანი...
თეორია ეყრდნობოდა: დასავლეთ საქართველოში „ფს“ და „ფშ“ ბგერათკომპლე-ქსებიან საწყლო-სამდინარო ტოპონიმების არსებობას, ვინაიდან „ფსე“ ადიღურად წყალია... „ფშახუ“ − ქვიშა; დასავლეთ საქართველოში „ყვა“ ბგერათა კომპლექსების შემცველ ტოპონიმების არსებობას, როგორებიცაა მალთაყვა, ბობოყვათი... ვინაიდან „ყვა“ ადიღურად ნიშნავს შვილს. შავიზღვისპირეთის სანაპიროზე, ვთქვათ, ტუაფსე და ტრაპზონი, ერთი და იგივე სახელდებით მოხსენიებული მოსახლეობა ცხოვრობდა... ესენი არიან ჰენიოხები, კერკეტები, ქორაკსები, აბასგები, სანიგები, სანები და სხვა. მეცნიერთა მიერ ყველა ეს ტერმინი აპრიორულად ეთნონიმად არის მიღებული. მათი ეთნო-წარმომავლობის საკითხი კი დღევანდელი ტერმინოლოგიით სრულიად გაურკვეველია. მეტიც, წინა ორი პუნქტის ზეგავლენით „პრეკოლხურ−ადიღური“ იდეის მატარებელთა მიერ „ჯენტლმენურად“ არის დათმობილი!..
ომის შემდგომ წლებში აფხაზური პრობლემა ფართოდ გამოიკვლია პავლე ინგოროყვამ. მისი კონცეფცია ძირითადად დაეყრდნო ნიკო მარის ფუძემდებლურ იდეას აფხაზთა მესხური წარმომავლობის შესახებ... მოსხი-ბასხი-აბასხი-აფხაზი... ეს არის აფხაზოლოგიის მეორე მიმართულება, პირობითად „ქართველურ−აფხაზური“ მოდელი... არც აქედან არსებობს გამოსავალი... „ქართველურ−აფხაზური“ მოდელის მომხრე არიან ალექსანდრე ონიანი, როსტომ ჩხეიძე, ბიძინა თავაძე, ბიძინა ჭყონია და სხვანი...
ეს ტერმინები (ჰენიოხი, კერკეტი, ქორაკსი და ყველაზე გვიანდელი აბასგიც) საუკუნეების მანძილზე კოლხური სამყაროს ჩრდილო-დასავლეთით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს რეგიონალური ფონეტიკური სახესხვაობებით და აღნიშნავდნენ სანიგური მოსახლეობის იმ ფენას, რომელნიც უშუალოდ სამესაზღვრეო დასახელებების კონტიგენტს შეადგენდა!..
სიტყვები „აბასგი“ და „აფხაზი“ სხვადასხვა აზრობრივ საფუძველზე და სხვადასხვა დროს ამოქმედებული ტერმინებია... „აფხაზი“ მერვე საუკუნეში პირველად დაფიქსირდა... მეგრულ-მესხური სიტყვა − „აფხა“, ნიშნავს ბეჭს, ანუ ზურგის ნაწილს. ამდენად ტერმინი „აფხაზეთი“ გაგრძელებული უნდა იყოს სამეგრელოს ტერიტორიის საზურგეს თუ მხარდამჭერის პირდაპირი მნიშვნელობით“ („საქ. რესპ.“ 5 იანვარი, 1996).GK
გაიოზ ერაძე: „აფხაზი“ − ქართული განზოგადებული ცნებაა აფხაზეთის მაცხოვრებელ გეორგიანელისაგან... „აბაზღი“ – „აბაზა“...„აფხარი“ ქართული მიკუთვნებითი ფორმაა იმ აფხაზთა, ანუ ქართველთა, რომელნიც ეგრისის სამეფოს სამესაზღვრეო ფუნქციას ასრულებდნენ... გავეცნოთ ტერმინ „აბაზღა“-ზე განმარტებებს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან... „კერკეტონი“ − კერკეტონი არიან კაცნი ღამეთა მცველნი, რათა ბოროტად მოქმედნი უტეონ“... „იანოხი“ – „რაინდი“... „ქორაკი“-„ავშარა“ − ულაგმო აღვირი ცხენის... ელინურ წყაროებში მოხსენიებული ტერმინები „კერკეტი“, „პენიოხი“ და „ქორაკსი“, როგორც რეგიონის მაცხოვრებლები, ქართულენოვანი სამყაროდან არის ოდესღაც დაფიქსირებული და არ წარმოადგენენ ეთნონიმებს!...
ქართული ისტორიოგრაფია (ნიკო დადიანი, XVIII ს.) მიუთითებს ფაქტზე, რომ სოხუმს აგრეთვე ეწოდებოდა „აყუ ციხე“... „აყუ“ ანუ მაღალი ციხე... სოხუმის „აფხაზური“ სინონიმი „აყუა“ ქართული ლექსიკური ფონდიდან გამომდინარე ტოპონიმია, დაკავშირებულია სოხუმის ციხესთან და ნიშნავს მხოლოდ „მაღალს“ და „ამართულს“...
კიდევ ერთი ტერმინი „აბაზა“ − ძველ რუსეთში „ობეზის“ ქვეშ ნაგულისხმები იყვნენ ივერიელები“ („საქ.რესპ.“ 6 იანვარი, 1996).GK
ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენს რესპუბლიკაში ხელისუფლების სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებსაც, მეტი რომ არა ვთქვათ რა, პრიმიტიულად ესმოდათ საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ პროცესში. პირველ რიგში ვერ შეეგნოთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამშობლოს სვე-ბედში რუსეთის ფაქტორს, სწორედ ამას მოჰყვა ძლიერ მეზობელთან კონფლიქტი... დღეს ჩვენ ამ ურთიერთობას პრიორიტეტულ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ... საზღვრების დაცვა და სამხედრო ბაზები − საქართველოს ხელმძღვანელობამ ეს პრობლემები დღეს რუსეთის ინტერესების სრული გათვალისწინებით გადაწყვიტა. ჩვენ დავთანხმდით ამას ორ ქვეყანას შორის ნდობის მიღწევის გულისთვის...
შესანიშნავად ვიცი, როგორ აღვივებდნენ სეპარატიზმს ყველაზე რეაქციული ძალები ათასწლეულების განმავლობაში... ამიტომ არის, რომ სეპარატისტთა მოთავენი ასე უტიფრად იქცეოდნენ და იქცევიან...
1992 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი აფაზეთში შევიდა კომუნიკაციების დაცვის მიზნით. მე მოვითხოვდი, რომ სამხედროები არ შესულიყვნენ დასახლებულ პუნქტებში, მაგრამ იმ დროს რეალური ძალა იმათ ხელში იყო, ვინც სხვაგვარად აზროვნებდა...
თუკი ვინმე რუსეთში იმედოვნებს, რომ შეძლებს წაჰგლიჯოს აფხაზეთი საქართველოს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი მიდგომა დაანგრევს და დაღუპავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას... ბორის ელცინს ესმის ეს და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა აფხაზეთი საქართველოს ორგანულ ნაწილად დარჩეს“ („საქ.რესპ.“ 13 იანვარი, 1996).GK
გურამ თევზაძე: „ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატმა ლელა ალექსიძემ გერმანულად თარგმნა იოანე პეტრიწის ძირითადი ნაშრომი... ახალგაზრდა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პეტრიწის ფილოსოფიის ზოგი უცნობი წყარო. შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილისა და მოსე გოგიბერიძის დაწყებული საქმე პეტრიწის მემკვიდრეობის შესწავლისა და წარმოჩენისთვის ახალ სიმაღლეებს იძენს...
ეს ის კაცია, ვინც დავითის დიდი ჩანაფიქრით რწმენისა და ცოდნის შესარწყმელად აგებულ გელათის მონასტერში თეორიულად დააფუძნა ცოდნისა და რწმენის − ანუ ათენისა და იერუსალიმის გაერთიანება...
მან შექმნა ქრისტიანული ნეოპლატონიზმი, რომლის მიზანი იყო მთელი წარსული კულტურის მონაპოვართა ქრისტიანობის სამსახურში ჩაყენება და ქართულ ენაზე, ქართველ მკითხველთათვის, ქართულ აკადემიაში მისი სწავლება...
იოანე პეტრიწმა ქართულ ენაზე აამეტყველა მეხუთე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხისის „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“...
სწავლობდა კონსტანტინეპოლში და ცნობილი ფილოსოფოსის იოანე იტალოსის წრეს ეკუთვნოდა...
ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს ხომ ჩვენთვის ცოდნისა და რწმენის ურთიერთმიმართების გაგებაა. პეტრიწის მიხედვით ცოდნა არ ეწინააღმდეგება რწმენას, პირიქით − აძლიერებს მას...
ფილოსოფიის ინსტიტუტში უკვე დევს დამანა მელიქიშვილის მიერ მომზადებული (უფრო დახვეწილი, შეჯერებული, დაზუსტებული) ტექსტი პეტრიწის შრომებისა“ („საქ.რესპ.“ 13 იანვარი, 1996).GK
თამაზ წივწივაძე: „გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ფასიან პარლამენტს ჩეჩნეთში გადახვეწილი უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი: ბესარიონ გუგუშვილი, ნემო ბურჭულაძე, მანანა ძოძუაშვილი და გურამ პეტრიაშვილი ეწვია. საინტერესო წინადადებით შემოვიდა ქალბატონი მანანა ძოძუაშვილი, მან, როგორც ექიმმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სააღდგომოდ, ბატონი ექსპრეზიდენტის ხელახლა გაცოცხლების საკითხი დააყენა, რამაც სამწუხაროდ, ექსპრეზიდენტის გაცოცხლებაზე მეტად, დამსწრე საზოგადოების გამოცოცხლება გამოიწვია“ („ლიტ.საქ.“ 2-9 თებერვალი, 1996).GK
გურამ ბარნოვი: „16-17 ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. მართალია, ვერ მოვისმინე ბატონი მაგალი თოდუას (აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი) 11 ივნისის გამოსვლა, მაგრამ როგორც საერთო კრებაზე აღინიშნა, იგი საოცარი აგრესიულობით ხასიათდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიმართ. ბატონი მაგალი თოდუა მსმენელს ამცნობს: „დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ყველა საბჭოთა კავშირის აკადემია ყალბ პრინციპებზეა აგებული და როგორ ნიადაგზეაო იტყვიან? ესე იგი არ დგას მყარ ნიადაგზე“. მ. თოდუამ ორჯერ იყარა კენჭი აკადემიაში და არ გაუმართლა. არჩევნებში ორჯერ მონაწილეობა თავისთავად უკვე ნიშნავს თუ არა მ. თოდუას მხრივ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უსიტყვოდ აღიარებას? ისევე როგორც ლიტერატურის ინსტიტუტის სტრუქტურას და მის საქმიანობას, ეტყობა, დავით გურამიშვილსაც და მისი შემოქმედების შესახებ ამ ინსტიტუტში დაწერილ კვლევებსაც ბატონი თოდუა ჭორის დონეზე იცნობს, რაც ნამდვილად არ ეკადრება ქუთაისის უნვერსიტეტის რექტორსა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს. დავით გურამიშვილის შემდეგ მაგალი ლაპარაკობს შოთა რუსთაველზე: „რუსთაველისთვის თამარი არის ღვთაება, ღმერთი და ის მას ეტრფის, როგორც ღმერთს და ასე შემდეგ. ესე იგი საჭირო იყო სასულიერო და საერო ცოდნის დაკავშირება ერთმანეთთან, ნუ, ამას ჩვენ ნურავის ნუ დავაბრალებთ, მოხდა ისე, ვიცხოვრეთ ასეთი მეცნიერული ცხოვრებით, ძალიან დიდხანს და ამისთვის, რასაკვირველია, ვერავინ ვერ მოიცალა“. ვინ ვერ მოიცალა? და რისთვის ვერ მოიცალა? ან რა იგულისხმება სასულიერო და საერო ცოდნის დაკავშირებაში?“ („ლიტ.საქ.“ 2-9 თებერვალი, 1996).GK
ნოდარ ლომოური: „უკანასკნელ ხანებში კვლავ განახლდა შეტევა ქართული ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ და ამ შეტევამ მანამდე არნახული, გლობალური ხასიათი მიიღო. ამგვარი შეტევის აშკარა ნიმუშს წარმოადგენს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ ჟურნალისტ ნათელა კობიაშვილის მხატვარ თ. მირზაშვილთან საუბრის გამოქვეყნება (22-29 დეკემბერი 1995წ)... არ ვაპირებთ იმ დონეზე დაშვებას, რომ თ. მირზაშვილის კონკრეტული „დებულებები“ და ბრალდებები გამოვარჩიოთ, მაგრამ... ზოგიერთს რატომღაც ჰგონია, რომ ისტორიული მეცნიერება ისეთი დარგია, რომელშიც პროფესიონალური მომზადება საჭირო არაა და ყველას შეუძლია შიგ ხელი ურიოს...
ამდენი ხანია, მე ვკითხულობ ლექციებს საქართველოს ისტორიაში, შემიძლია ტრაბახის გარეშე ვამტკიცო − საკმაოდ ამომწურავად ვიცნობ წყაროებს და ლიტერატურას, ბევრი მიკვლევია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არ ჩავერევი, ვთქვათ, გიორგი ბრწყინვალის ეპოქის განხილვაში, ან გვიან ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პრობლემების კვლევაში, რადგან ეს პრობლემები არ მიკვლევია, არ ვარ ამ პერიოდის ისტორიის სპეციალისტი. კარგი იქნება, თუ ჩემს შენიშვნას ბატონი ზურაბ კიკნაძეც გაითვალისწინებს! უმეცრების შეტევა მეცნიერების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი იყო 1984 წლის თ. მირზაშვილის და ძმათა მისთა შეტევა ჩვენი სასიქადულო მეცნიერის გიორგი ჩუბინაშვილისა და მისი სკოლის წინააღმდეგ... მირზაშვილს აბსოლუტურად არავითარი მომზადება არ გააჩნია იმისთვის, რომ შებედოს კრიტიკა გ. ჩუბინაშვილსა და მისი სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს... თუ 1984 წელს დასახელებული პირნი მხოლოდ გ. ჩუბინაშვილსა და მის სკოლას უტევდნენ, დღეს ისინი მთელს ქართულ ისტორიოგრაფიას მისდგნენ... თურმე, ნუ იტყვი, ჩვენი საუკუნის ისტორიკოსებმა, გააყალბეს საქართველოს ისტორია, გააყალბეს და დაამახინჯეს ქართული მემატიანეები, დაამკვიდრეს ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებით ხელოვნების ისტორიაში, განუკითხაობა და ა.შ. ეს ბრალდებები ვრცელდება ივანე ჯავახიშვილზე, ნიკო ბერძენიშვილზე და სხვა, უფრო ახალგაზრდა გამოჩენილ მოღვაწეებზე!.. „საქართველოს რესპუბლიკაში“ (6.01.1996 წელი) ნ. კობიაშვილმა ხოტბისა და ქებათა-ქების კორიანტელი დააყენა ამ ერის შეურაცხმყოფელი „მოღვაწის“ (იგულისხმება თ. მირზაშვილი) გარშემო... „ლიტერატურული გაზეთის“ 26 იანვრის - 2 თებერვლის ნომერში წავიკითხე ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალების კათედრის (!) დოცენტის ა. საკანდელიძის წერილი, რომლითაც ის აღტაცებული მხარს უჭერს თ. თამაზაშვილს და თავადაც ებმება ისტორიკოს-გამყალბებელთაგან საქართველოს ისტორიის გადასარჩენ ლაშქრობაში. წერილის კითხვისას უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასევე გაჩენილი ეჭვი: ხომ არ არის ყოველივე ეს ჩვენი კარგად ცნობილი იუმორისტის, გაზეთის რედაქტორის, ბატონ თამაზ წივწივაძის გასართობად და სახუმაროდ გამიზნული პუბლიკაციები!“ („ლიტ.საქ.“ 9 თებერვალი, 1996).GK
ვახტანგ გოგუაძე: „ვინც დღეს საქართველოში მიწის გაყიდვის დაკანონებას უჭერს მხარს, მე მას ვუწოდებ სამშობლოს გამყიდველს, მოღალატეს, მტერს. მიწის გაყიდვის დაკანონებას ჯერ-ჯერობით ვერ დაეთანხმება საქართველო. ჩვენ უნდა დავურიგოთ გლეხებს საკუთრებაში არამარტო მიწები, არამედ სათანადო მექანიზაციით თუ საწვავით დავეხმაროთ მიწის დამუშავებაში. ბატონო ედუარდ (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე), ვსარგებლობ შემთხვევით და საჯაროდ მინდა მოგახსენოთ ჩემი მადლობა იმ 44 თვის თქვენთან თანამშრომლობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მე თქვენთან შევძელი შემენარჩუნებინა პიროვნულობა, ვამბობდი და ვაკეთებდი იმას, რასაც ღმერთი მკარნახობდა“ („ლიტ.საქ.“ 16-23 თებერვალი, 1996).GK
თამაზ წივწივაძე: „ბატონო ბადრი (იგულისხმება ქალაქ თბილისის მერი ბადრი შოშიტაშვილი), ერთადერთი სხდომა ყოფილა, როცა ბუტა მღებრიშვილს ჯერ კიდევ არ სძინებია! ბატონი ბუტა, პრემიერის ერთ-ერთი მოადგილე, ის კაცია, რომელიც ან დამჯდარი ქეიფობს, ან – დამჯდარს სძინავს! ეს კაცი, თავის სიცოცხლეში პირველად წამომდგარა სხდომაზე და ქვეყნის პრეზიდენტთან და ქალაქის მერთან (ახლანდელ სახელმწიფო კანცლერთან) შეთანხმებული საკითხი თითქმის მარტოდმარტოს ჩაუგდია! მე პირადად, დარწმუნებული ვარ – იმ კაცს, მწერლების გაზეთის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინააღმდეგ რომ წავა, სანახევროდ კი არა, ბოლომდე ეძინებოდა! ბატონო ბადრი, ამიტომ სწორად არ მიმაჩნია, ქვეყნის პრეზიდენტთან და სახელმწიფო კანცლერთან შეთანხმებული საკითხის ბედი ერთმა მძინარე კაცმა გადაწონოს! ერთი სიტყვით, ბატონო მერო, უნდა შექმნათ ისეთი პირობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განმეორებით აღარ დამჭირდეს ბარათის მოწერა!“ („ლიტ.საქ.“ 16-23 თებერვალი, 1996).GK
გურამ ციხელაშვილი: „მუსულმანობა არამცთუ საქართველოს, მთელს დედამიწას აღგვით ემუქრება. ქართული კულტურა ქრისტიანულია და არ არსებობს მუსულმანი ქართველების მიერ შექმნილი ქართული კულტურა. საქართველოს გადარჩენის გზა კი მისი ქართულად ქრისტიანული კულტურის გადარჩენაშია;
რომაელები ამბობდნენ: „ჩვენ დავიმონეთ ბერძნები, მაგრამ მათ თავის სულიერ მონებად გვაქციესო“;
ქალბატონი ნაირა (იგულისხმება ნაირა გელაშვილი) ამბობს, რომ „სოჭი“ ქართველების არ ყოფილა. იგი ასევე საუბრობს თურქი-მესხების პრობლემაზე. თურმე მათაც ჩვენ წავართვით „მიწა, ფესვები, ისტორია, სამშობლო“. ჯერ ერთი ისინი არავითარი მესხები არ არიან. ეს მესხები კრემლის გამოგონილია. ქალბატონო ნაირა, თქვენ ვინა ხართ? კრემლის აგენტი? მიჭირს ამის დაჯერება. თავი და თავი თქვენთა ცოდვათა არის დედა ეკლესიის წიაღიდან განდგომა... ეკლესიას მტრობთ ათასგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და ამით საქართველოს მტრობთ... უცხოელებს ამცნობთ ქართული კულტურის, ენის, დამწერლობის ჩამოყალიბების ისტორიას, თურმე ჩეჩნებს, ჩერქეზებს, აფსუებს და სხვა კავკასიურ ტომებს (რატომღაც ოსები და სომხები არ არიან ნახსენები) ლომის წილი სდებიათ და თუ არა ისინი, ჩვენ თურმე ვერც ტაძრებს ავაშენებდით, ვერც 1500 წლიან ლიტერატურას შევქმნიდით, ვერც 23 საუკუნოვან ანბანს და ა.შ.“ („ლიტ.საქ.“ 16-23 თებერვალი, 1996).GK
ელდარ შენგელაია: „დროშა და გერბი ერის სახეა, ჰიმნი − ერთობის სიმღერა... გერბის ძირითადი იდეურ-მხატვრული კონცეფცია ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული არსებობის პერიოდში, კონკურსის შედეგად. კონკურსში გაიმარჯვა იოსებ შარლემანის ესკიზმა... გერბმა შემოღებისთანავე ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია... მათი აზრი გამოკვეთილად გამოხატა ჩვენმა დიდმა მხატვარმა და ხელოვნების თეორიტიკოსმა დავით კაკაბაძემ...კაკაბაძე, სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ „თეთრი გიორგის“ გამოსახულება საოცრად ჰგავს XV-XVI სს. რუსული ხატწერის სტილს... ჰერალდიკური ტერმინოლოგიით „უკუღმართ“ გერბს წარმოადგენს... გერბის ადგილი წარმართულმა სიმბოლომ − „ბორჯღალმა“ დაიკავა...
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნად იქცა კოტე ფოცხვერიშვილის „დიდება“... აშკარაა გერმანული მუსიკის ზეგავლენა“ („საქ. რესპ.“ 28 თებერვალი, 1996).GK
ზაურ კალანდია (ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი): „ცისკარი“– პირველი ქართული ჟურნალი, მეფისნაცვლის ვორონცოვის (1852 წ.) ”ხელდასმული“, ტოტალიტარული რეჟიმის (ხრუშჩოვ-მჟავანაძე) დროს აღდგენილი, დღეს, მეოცე საუკუნის დასასრულს, ეროვნული მთავრობის ხელში, ლამისაა გაგვიუქმდეს! მეტიც, უბედურება უფრო დიდია, მასშტაბური. ლამისაა წიგნი გაქრეს ჩვენი თვალსაწიერიდან. თუ ჭეშმარიტი ლიტერატურა არ სჭირდება ქვეყანას და ასე ვაპირებთ თავისუფალი, სამართლებრივი, ეროვნული სახელმწიფოს აშენებას, მაშინ რა დამსახურება მიუძღვის „ცისკარს“ ამ საქმეში, ის მაინც გაიხსენონ. თუ რამე ღირსეული შექმნილა ქართულ მწერლობაში, ყველაფერი თითქმის „ცისკრის“ ფურცლებზეა დაბეჭდილი;
უბედურება ის არის, ჩვენ ვერც მშვიდობიანი პოლიტიკისას ვივარგეთ და ვერც ომში გამოვიჩინეთ „ქართული ფხა“... ეპიზოდური გმირობები სამამულო ომში ამინდს ვერ ქმნიან, ვერც დაღუპულთა ძვირფასი სულები გვიშველიან... საკამათო არაა დღეს, რომ აფხაზებს კი არა, რუსებს ვებრძოდით. ორივე, დაწყებაც და წაგებაც ჩვენ ცოდვილ კისერზეა... აფხაზებმა ჭკუით მოგვიგეს, თუმცა ეს „ჭკუა“ ძალიან მოკლე რომ აღმოჩნდა, ფეტვის მარცვალისოდენა, მგონი ის გაბრიყვებული აფხაზიც ხედავს;
ომის დროს იყო (სხვათა შორის, ადგილობრივი) ქართული შენაერთი, რომელიც გულრიფშის რაიონის თითო სომხურ სოფელს იცავდა ათი კილოგრამი ოქროს ფასად. ყველაფერს ვერ იტყვი, ყველაფერს ვერ დაწერ;
დღევანდელი ქალაქის მერზე, ბატონ ბონდო ჯიქიაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის თავისი კუთხის მოყვარული, წიგნიერი, კეთილშობილი კაცია, ჩემი უფროსი მეგობარიც, მაგრამ რამდენად შეძლებს ქალაქის მოვლას და დანგრეულ-დაბეჩავებული კუთხის ფეხზე დაყენებას, ვერაფერს გეტყვით... მის დანიშვნას მოსახლეობა კარგად შეხვდა. ჯერ ერთი იცნობდნენ, ახსოვდათ. მეორეც, ავტომატიანი „ყაზილარებით“ არ გასულა ხალხში;
რაც შეეხება ჩემს მწერლურ „სამზარეულოს“, აქ, შედარებით მძიმედაა საქმე. იოლად არ მეწერება და ვწვალობ. აი, დღეს არ გავაცდენ, ხვალ უფრო ღრმად ჩავჯდები, ვფიქრობ, ვჯახირობ, ვაკეთებ კიდეც რაღაცას, დრო მაინც გარბის“ („ლიტ.საქ.“ 1-8 მარტი, 1996).GK
მამა ბასილი (კობახიძე): „მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კაბადოკიელი მამები: წმინდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, ათანასე ალექსანდრიელი და სხვა უამრავი; კათოლიკურ სამყაროში: თომა აქვინელი, იოანე დუნს სკოტი, ერიუგენა, პიერ აბელიარი, ანსელმ კენტერბერიელი და ა.შ... ქრისტიანულმა ეკლესიამ ღვთისმეტყველის წოდება მიანიჭა მხოლოდ სამ ადამიანს: წმინდა იოანე ღვთისმეტყველს, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს და წმინდა სვიმეონს, რომელსაც ეწოდება ახალი ღვთისმეტყველი და რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიანული ეკლესიის სწავლებაში ღვთისმეტყველებას გარკვეულ პერიოდში ვიწრო გაგება ჰქონდა. ღვთისმეტყველება ნიშნავდა მხოლოდ სწავლებას ყოვლადწმიდა სამების დოგმატის, ე. ი. ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის შესახებ...
მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა ფილოსოფიასთან კარგად ჩანს წმინდა იოანე დამასკელის ნაწარმოებში, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“, რომელსაც ახლავს „დიალექტიკა“, საფილოსოფოსო თავები, სადაც ჩანს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ფილოსოფიური ტერმინები, ცნებები და ვლინდება ის, რომ იგი შემდგომ ღვთისმეტყველებას ვერ გაიგებს. აქ ლაპარაკია აქციდენციაზე, გვარზე, სახეობაზე და ა. შ. გარდა ამისა, ეს ჩანს ქართველი მოღვაწის, იოანე პეტრიწის შრომებში...
ბერძნულ-რუმინულ სამყაროშიც ფართოდ ჰპოვა გავრცელება მართლმადიდებელმა ფილოსოფიამ. ეს მიმართულება გულისხმობს ადამიანს, რომელიც არის აღმსარებლობით მართლმადიდებელი და, ამავე დროს, ფილოსოფიურად მსჯელობს... უკვე მე-10 საუკუნის შემდგომ დაიწყო ადამიანის გონების, ადამიანური აზროვნების შეხვედრა გამოცხადებასთან. ქრისტიანობა არის გამოცხადების რელიგია... წმინდა წერილს შემდეგ დაერთო კომენტარი ანუ „ეგზეგეზა“ − განმარტება. ამ განმარტების დროს ერთმანეთს შეხვდა ღვთაებრივი გამოცხადება და ადამიანური გონება და წარმოიშვა ისეთი აზროვნება, ისეთი დიალექტიკა, ისეთი ფილოსოფოსობა, რომელიც ერთი მხრივ, მიმართული იყო ღვთისაკენ და მეორე მხრივ ადამიანისაკენ...
ქრისტიანული ფილოსოფიის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია; მისი ერთ-ერთი მიმდინარეობა თომიზმი. აღსანიშნავია მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომი „ყოფიერება და დრო“. მისი კრიტიკოსებიც კი ბევრს პოულობენ აქ პარალელებს ქრისტიანულ სწავლებასთან, ასეთია, ვთქვათ, ადამიანის მიგდებულობა სამყაროში, სამოთხიდან განდევნა და ა.შ. მე-20 საუკუნიდან უნდა მოვიხსენიოთ ჟაკ მარიტენი, გაბრიელ მარსელი, რომლებიც თავის თავს აღიქვამენ, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანებად და ამდენად, ჩანს, რომ შესაძლებელია ქრისტიანული ფილოსოფიის არსებობა... ნორმალურ საზოგადოებაში საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა აქვს ეკლესიას, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ჩვენთან კი, აგნოსტიკური და ინდიფერენტული საზოგადოებაა... დღესაც ვერ აცნობიერებს მიწიერი ლოგიკით ადამიანი, გნებავთ, სამების საიდუმლოებას, გნებავთ, ბევრ სხვა საიდუმლოებას, რომელიც ქრისტიანობაში არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა არ შეუძლია... მაინც ის მომენტი, რაც ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, რომ რელიგია თითქოს ზღაპარია და ოპიუმი ხალხისათვის, ეს არის ჩაკირული ადამიანის არსებაში. მეც კი, სასულიერო პირი, ყოველდღე ვებრძვი ამას“ („ქართ. ფილმი“. 21 მარტი, 1996).TK
ედუარდ შევარდნაძე: „მე ვერ წარმომიდგენია ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც დაიხურება ისეთი გაზეთი, როგორიც „ლიტერატურული საქართველოა“. ყველა გაზეთს ვერ ვკითხულობ ბოლომდე, „ლიტერატურული საქართველო“ კი მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვეცნობი ყველა მასალას, რომელიც მის ფურცლებზე ქვეყნდება“ („ლიტ.საქ.“ 22-29 მარტი, 1996).GK
მელორ სტურუა: „ადამიანსა და საზოგადოებაში არსებული ინიციატივის ჩაკვლა რეჟიმის ყველაზე საშინელი დანაშაული იყო. ვინაიდან ამან მოგვიანებით მიგვიყვანა უნივერსალურ მონობამდე, თანაც მის ყველაზე უარეს, ამაზრზენ და სამარცხვინო ფორმამდე – შედარებით მაძღარ მონობამდე. სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ ქართველ ხალხს, თავისი ეროვნული ბუნების, ხასიათის გარკვეული ნიშნებისა და ეკონომიკის წყალობით, ეს შედარებით მაძღარი მონობა დიდხანს ხელს აძლევდა. მის საზღვრებს რუსი და შუააზიელი მესაზღვრეები იცავდნენ, მის მძიმე მრეწველობას მოსკოვი მიათრევდა, მის ფინანსებს კრემლი განაგებდა. მოკლედ, არავითარი საზრუნავი. შეგეძლო მიგეხედა შენი საქმისთვის, შეგეძლო საკავშირო ბაზარზე გევაჭრა შენი მიწის ჭირნახულით, შეგენარჩუნებინა ცხოვრების ასე თუ ისე ასატანი დონე, დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით კი – მაღალიც, მეზობლების გულის გასახეთქად... მაგრამ, როგორც ამერიკელები ამბობენ, ისეთი რამ, რასაც ჰქვია უფასო სადილი, არ არსებობს, ესე იგი ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს გადაგახდევინებენ, შედარებითი სიმაძღრისათვის საქართველო უპირობო მონობით იხდიდა, შედარებითი კეთილდღეობისთვის – უპირობო უნიათობით“ („ლიტ.საქ.“22-29 მარტი, 1996).GK
„დრუჟბა ნაროდოვ“ № 12, 1995 წ.: „იმ დროს, როცა ქართული ინტელიგენციის ისტებლიშმენტი, მოსკოვში გორბაჩოვის უმაღლეს საბჭოზე იჯდა, თბილისში და მთელ საქართველოში ძალაუფლება თანდათან პროვინციული ინტელიგენციის ხელში გადადიოდა. სწორედ ის წარმოჩნდა იმ სოციალურ ძალად, რომლის მეშვეობითაც ზვიად გამსახურდიამ ძალაუფლება აიღო და თბილისი ზუგდიდად გადააქცია... ზვიად გამსახურდია გახდა არა ერის ლიდერი, არამედ – ბრბოს კერპი. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ ინტელიგენციამ რატომ მაშინვე არ გაუმართა ბრძოლა გამსახურდიას, რატომ ვერ ალაგმა და ვერ შეზღუდა მისი ბოროტი ნება და ავადმყოფური ფანტაზია, იყო ის, რომ ინტელიგენცია გრძნობდა თავის დანაშაულს და ამის გამო დაკარგული ჰქონდა მოქალაქეობრივი ქმედითუნარიანობა, თავი სამიზნეზე ეგულებოდა და ვერ ბედავდა აშკარად გაელაშქრა ზვიადის წინააღმდეგ... ქართული ინტელიგენცია დააშინეს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით. დიდი თეატრის მომღერალი მსახიობები წერილებს ღებულობდნენ, რომლებშიც სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი და ანონიმები მისი აღსრულებით იმუქრებოდნენ;
ამ უკუნ წყვდიადში – თითს რომ თვალთან ვერ მიიტან – ვერცხლისფრად ბზინავს ჭაღარა თმის გვირგვინი ედუარდ შევარდნაძის თავზე. მიუხედავად იმისა, რასაც ის აკეთებს, ან არ აკეთებს, თვით ის ფაქტი, რომ იგი იმყოფება საქართველოს პოლიტიკური თეატრის სცენაზე, უკვე იცავს ქვეყანას სრული დაშლისა და ეროვნული თვითმკვლელობისგან“ („ლიტ.საქ.“ 22-29 მარტი, 1996).GK
მიტროპოლიტი კირილე სმოლენსკელი 1996 წლის იანვარს ნიუ-იურკში ეწვია აშშ-ს სომხური ეკლესიის მეთაურს და დაესწრო ეკუმენურ დარბაზობას. მიტროპოლიტმა კირილემ თავის გამოსვლაში კმაყოფილება გამოთქვა, რომ სომხეთის ეკლესია ეკუმენურ მოძრაობაში ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო მოსკოვის საპატრიარქოსი და რომ: „სომხეთის ეკლესია მარად ერთგული დარჩა თავისი რწმენისა“. რუსეთის ეკლესია მას აღიქვამს, როგორც მართლმადიდებელ დობილ−ეკლესიას;მათ საერთო ზიარი სარწმუნოება და თავ-თავისი წმინდა მამების სათანადო დოგმატები აქვთ (“The Armenian Church“, მარტი-აპრილი, 1996).GK
გია მეფარიშვილი: „თანამედროვე მსოფლიოში წინასწარი გამოძიების ორგანიზაციის ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ინგლისურ-ამერიკული და ფრანგული. პირველის თავისებურება ისაა, რომ წინასწარი გამოძიება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაშია, კერძოდ, პოლიციასა და მმართველობის სხვა ორგანოებში. მეორე მოდელით, საგამოძიებო სამსახური სასამართლო ხელისუფლების სისტემაშია და დანაშაულის საქმეების წინასწარ გამოძიებას სპეციალურად უფლებამოსილი მოსამართლე-გამომძიებლები აწარმოებენ. წინასწარი გამოძიების ორგანიზაციის ე.წ. ფრანგული მოდელი შემოღებული იქნა რუსეთის იმპერიაში 1864 წელს სასამართლო რეფორმის შედეგად და მან საკმაოდ წარმატებით იარსება 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე. 1917 წლის 22 ნოემბერს №1 დეკრეტმა „სასამართლოს შესახებ“ გააუქმა მოსამართლე-გამომძიებლის ინსტიტუტი და წინასწარი გამოძიების ჩატარება გადასცა საბჭოებთან არსებულ საგამოძიებო კომისიებს;
1996 წლის 1 იანვარის მონაცემებით, საქართველოში 1028 გამომძიებელია“ („ლიტ.საქ.“ 12-19 აპრილი, 1996).GK
ნინო ზაალიშვილი: „ელენე ახვლედიანმა მოიარა მთელი საქართველო. ხატავდა მისთვის საყვარელ კახეთს, ქართლს, იმერეთს, საქართველოს მთიანეთს, ნოსტალგიით გვავსებს მისი აფხაზური ციკლის ნამუშევრები“ („ლიტ.საქ.“ 12–19 აპრილი, 1996).GK
სერგო ორჯონიკიძე: „მე იმდენად არ მაშინებს იჯარით მიწის გაცემა, რამდენადაც თვით ამ უნივერსიტეტის (იგულისხმება თურქული უნივერსიტეტი) გახსნის ფაქტი, სიფრთხილეა საჭირო. ვშიშობ, იგი გადამდებ პრეცენდენტად არ იქცეს. როცა ივანე ჯავახიშვილმა ქართული უნივერსიტეტი დააარსა, მაშინვე „აღმოაცენეს“ რუსული უნივერსიტეტი, სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტი. თუ ისეთი ერი ხარ, რომ მიწას გაყიდი და მერსედესს იყიდი, კანონმდებლისგან ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. ნუ შევქმნით პრობლემებს. ამას წინათ გახლდით ბრიუსელში და თვალი მომჭრა ქალაქის ცენტრში ათასმა თურქულმა მაღაზიამ... ალბათ მიხვდით, რისი თქმაც მინდოდა“ („ლიტ.საქ.“ 26 აპრილი – 3 მაისი, 1996).GK
ბაღათერ არაბული: „დღეს თბილისში და არამარტო თბილისში, პირდაპირ თუ ფარულად საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის პიროვნებები, ვინ იარაღით, ვინ ფულით, ვინ მაფიის ხელშეწყობით და ვინ კიდევ რა საშუალებებით ახერხებს ხალხის საკუთრების მითვისებას. მწერლობა და, საერთოდ, კულტურა კი არავის ახსოვს და განმკითხავიც არავინ არის...
ბატონმა გურამ ფანჯიკიძემ ხუთი წლის წინ მოითხოვა ერთი-ორი წიგნის მაღაზიის გადმოცემა მწერალთა კავშირისთვის, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდა, – სხვის ქონებას ნუ ეპატრონებითო! – ამიტომაც ჩვენთვის გადმოცემულ წიგნის ორ მაღაზიაში დღემდე მთლიანად ვერ შევსულვართ...
ცუდად გვქონია საქმე, თუ ქალაქის ყოფილი მერი, დღეს უკვე სახელმწიფო მინისტრი ბატონი ნიკო ლეკიშვილი, ანდა ახლანდელი ხელმძღვანელი ბადრი შოშიტაშვილი თბილისის ერთადერთ ნორმალურ პროსპექტს (იგულისხმება რუსთაველის პროსპექტი) სამომავლოდ ქეიფებისა და ორგიების ადგილად სახავენ... რუსთაველის პროსპექტი უნდა იყოს უცხოელთათვის ქართველი ერის კულტურული ცხოვრების, ჩვენი მიღწევების გამოფენა-ჩვენების წმინდა ადგილი და არა მოქეიფეთა თავშესაყარი! უნდა შეიზღუდოს ასე მომრავლებული რესტორნები და საქეიფო კაფე-ბარები“ („ლიტ.საქ.“ 26 აპრილი-3 მაისი, 1996).GK
დავით კობახიძე: „რატომ უნდა ყოფილიყო აფხაზი კაცი უკმაყოფილო? ხომ ყველაფერში პრივილეგია აფხაზებს ჰქონდათ? ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე და ვგონებ, სხვაგანაც არ არის ანალოგი, რომ 80 ათას ადამიანს ჰქონდეს საკუთარი სკოლები, უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტები, ტელევიზია, საკუთარი ჟურნალები, გაზეთები, თეატრი, სიმფონიური ორკესტრი, კაპელა!
არაა დასამალი, რომ ზოგიერთი სულმოკლე ქართველი გააფხაზდა. ზოგი ბინის, ზოგი ჯამაგირის, ზოგი მანქანის და ზოგიც კარიერის ხათრით...
„რაც შეეხება სეპარატიზმს, შესანიშნავად ვიცი, როგორ აღვივებდნენ მას ყველაზე რეაქციული ძალები ათწლეულების განმავლობაში“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. ბუნებრივია, მას მეტი ინფორმაცია აქვს... შეიძლება ზოგიერთი ისეთიც, – გამხელაც კი ეუხერხულება;
1973 წლის სექტემბრის ბოლოს დამნიშნეს სოხუმის ქართული თეატრის მთავარ რეჟისორად. დეკემბრის ბოლოს უნდა გაგვეხსნა სეზონი პრემიერით „საბრალდებო დასკვნა“. იყო ასეთი ტრადიცია: სეზონს რიგ-რიგობით ხსნიდნენ ერთ წელს აფხაზები, მეორე წელს ქართველები... იმ წელს ქართველების რიგი იყო. თეატრი სეზონს ხსნიდა კაპიტალური რემონტის შემდეგ. შესვენებაზე უცნობი, ინტელიგენტური გარეგნობის ქართველი მომიახლოვდა და გამანდო: „ხომ არ ჯობდა რემონტის, ე.ი. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, სეზონი აფხაზებს გაეხსნათ? დაფიქრდით, აფხაზებს ხომ არ ვაწყენინებთო“... დარბაზში მყოფი აფხაზები გაოცებულნი შესცქეროდნენ გაანჩხლებულ ქართველებს, რომლებიც აფხაზების საამებლად გაჰკიოდნენ: „არ დავუშვებთ, რომ ახალგარემონტებულ თეატრში ქურდებზე და ყაჩაღებზე დადგმული ქართული პრემიერით გავხსნათ სეზონი. გადავდოთ სეზონის გახსნა!“... დადგა შაბათი. შვიდ საათზე ყველა თანამშრომელი თეატრში იყო. ძირითადად ადგილობრივი მაყურებელი და აქა-იქ ტურისტები, არცერთი ქართველი სტუმარი“ („ლიტ.საქ.“ 26 აპრილი-3 მაისი, 1996).GK
გურამ ფანჯიკიძე: „არასდროს ისე არ გასჭირვებია ქართულ მწერლობას, როგორც დღეს უჭირს. არ გამოდის წიგნები. არ არსებობს ჰონორარი. გაუფასურებულია მწერლის პროფესიული შრომა. ამ გაჭირვების ჟამს, როცა მწერალთა კავშირის წევრთა რიცხვი ხუთასამდე აღწევს, მწერლებმა თვითონაც უნდა იაქტიურონ... სასურველ მოვლენად მიმაჩნია ასოციაციების შექმნა. დღემდე საქართველოს მწერალთა კავშირში ორი ასოციაცია არსებობს: „გულანი“ და „თაობა 70“, ამჟამად კი შეიქმნა მესამე ასოციაცია – „ოტარიდი“ („ლიტ.საქ.“ 3-10 მაისი, 1996).GK
მიხაელ ყიფიანი – პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი („ლიტ.საქ.“ 3-10 მაისი, 1996).GK
სერგო კოხრეიძე (ტყვედყოფილი): „1941 წლის 12 დეკემბერი ჩემს მეხსიერებაში არის დაუვიწყარი თარიღი. ამ დღეს დავტოვეთ პოლონეთის ქალაქ ხოლმის წყეული ბანაკი, სადაც ტყვეთა რაოდენობამ ზაფხულის თვეებში 90 ათასს მიაღწია და აი, დეკემბრის დამდეგისთვის, ე.ი. ომის დაწყებიდან რაღაც ხუთ თვეში, ეს რიცხვი 14 ათასზე დავიდა, დანარჩენები ამოწყდნენ“ („ლიტ.საქ.“ 9-17 მაისი, 1996).GK
კონდრატე უბილავა: „მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლა კავკასიისთვის, რომელიც 1942 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობდა კავკასიის და კერძოდ, საქართველოს მისადგომებთან, გერმანელთა ჯარების დამარცხებით დასრულდა...
ჰიტლერისა და მისი თანამოაზრეების ბარბაროსულ გეგმებში თვალსაჩინო ადგილი ეჭირა კავკასიას, კერძოდ, საქართველოს...
იმ დღეებში, როცა კავკასიას ფაშისტთა ჯარები მოადგნენ, როზენბერგი წერდა: „კავკასიელი ხალხები ისტორიულად სხვადასხვა პირობებში ვითარდებოდნენ. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან რასის, ტრადიციებისა და სარწმუნოების მიხედვით. მთიანმა რელიეფმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს განსხვავება და ხელი შეუშალა მათ გაერთიანებას, არც ერთ კავკასიელ ხალხს არ შეუძლია უზრუნველყოს ხანგრძლივ პერიოდში თავისი დამოუკიდებელი არსებობა, მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს მფარველობა მოუპოვებს მათ ერთიანობას და პოლიტიკურ სიმშვიდეს“...
საქართველოს, ქართველი ერის არსებობას უდიდესი საფრთხე მოელოდა, მას გარდაუვალ განადგურებას უქადდა ფაშიზმი. მის მესვეურებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ქართველთაგან „მონათა კლასის“ შექმნა, რომელზედაც „გერმანელთა ბატონთა კლასი“ იბატონებდა...
ფაშისტთა უბოროტესი განზრახვისა და გეგმების მამხილებელი მრავალი დოკუმენტი ინახება არქივებში...
ჰიტლერელთა სამი არმიის შემადგენლობაში მოქმედებდნენ საგანგებოდ ფორმირებული, მობილური სამთო-ალპინისტური შენაერთებიც. მათ შეძლეს მარუხის, ქლუხორის აღება, შემოაღწიეს აფხაზეთში, დაიკავეს ფსოუ და 20-25 კილომეტრით მიუახლოვდნენ გუდაუთის რაიონს. ფაშისტთა დასახვედრად აფხაზებმა შექმნეს სპეციალური ბატალიონები, მაგრამ ისინი დროულად ამხილეს... იმავე ხანებში ფაშისტებმა დესანტი ჩამოსვეს ცხაკაიაში, გალსა და სხვა რაიონებში. მაგრამ ხალხი და საქართველოს დამცველები გმირულად დახვდნენ მტერს. მათ მამაცობასა და მხედრულ ნიჭზე დამაჯერებლად მოგვითხრობენ უტყუარი საბრძოლო ეპიზოდები, ისტორიული საბუთები, ქართველ ავტორთა მონოგრაფიები, მემუარები, პუბლიცისტური თუ მხატვრულ-დოკუმენტური კინომატეანე“ („ლიტ.საქ.“ 9-17 მაისი, 1996).GK
ანზორ ბალუაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე): „1992 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა ზუგდიდში გამართულ, ეგრეთ წოდებულ, უზენაესი საბჭოს სესიებში, სადაც დადგენილი იქნა არსებული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ოკუპირება, ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა ამ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მმართველობისა და ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივი დაშლა და მათი განდევნა, ყველაფერი ეს გვაძლევს შესაძლებლობას წარვუდგინოთ მათ ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების უმძიმესი დანაშაულის ჩადენის ბრალდება“ („საქ. რესპ.“ 21 ივნისი, 1996).GK
პაპმა იოანე−პავლე მეორემ 1996 წლის ივნისში გერმანიაში მოგზაურობისას განიზრახა მარტინ ლუთერისათვის ანათემის მოხსნა, პროტესტანტულ კონფესიებთან შემდგომი დაახლოების მიზნით. მაგრამ გერმანული ეპისკოპოსების წინააღდგომით ეს არ მოხდა. სავარაუდოა, რომ პაპი „ქრისტიანობას“ ამზადებს მსოფლიოს სხვა რელიგიებთან, განსაკუთრებით კი − ისლამთან, დიალოგისთვის („The Cheistain News“, 22 ივლისი, 1996).GK
ამერიკის გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ იუწყება, რომ წელს უკვე მეორედ მოხდა აფეთქება მოსკოვის სინაგოგაში... ამასთან დაკავშირებით ებრაელთა უმრავლესობას აფიქრებს თავისი შვილების ბედი, მაგრამ ისინი როდი აპირებენ რუსეთიდან წასვლას და ისრაელში ემიგრირებას. რაბინ ლაზარეს აზრით, ეს ტერორისტული აქტი კიდევ უფრო მეტად დარაზმავს რუსეთის ებრაელობას... რუსეთის პატრიოტული პარტიის ლიდერის, ეროვნული მოძრაობის იდეოლოგის ბორის მირონოვის განცხადებით, „რუსეთში ნაციონალიზმის საფრთხის შესახებ განსაკუთრებით თავგამოდებით გაჰკივიან ებრაელები. ეს აშკარად ჩანს მათ გაზეთებში, მათი ენერგიული წარმომადგენლების ჭყლოპინში სათათბიროსა და მთავრობაში. ბუნებრივია, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმიტომ, რომ სახლს უბრუნდება ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი, რომელიც არ დაანებებს ებრაელობას თავისი დასავლური ხუშტურებისა და თავისი ისტორიული სამშობლოს მსუნაგობის დასაკმაყოფილებლად ქურდონ და ასუსტონ, დააბინძურონ რუსეთი, გამოიყენონ გზები, რადიო და ტელევიზია ეროვნული სულის გასარყვნელად. შეეშინდათ, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ნამდვილი ბატონ-პატრონნი არ დაანებებენ თვითნებობასა და იმ ბოროტებისათვის, რაც რუსეთს უქნეს“. ასეთი მოწოდებების შემდეგ გასაკვირი კია, რომ მოსკოვის სინაგოგას ყოველდღე არ აფეთქებენ („საქ. რესპ.“ 27 აგვისტო, 1996).GK