რომან მიმინოშვილი: „ვერ გაუძლო ჩვენმა დაღლილმა მხრებმა ერთბაშად აღებულ ტვირთს... მუშტს ვუღერებდით გოლიათ კარის მეზობელს, რომელსაც საკუთარი გაჭირვებაც ჰყოფნიდა და ისიც კი ეჩვენებოდა, რომ მის უბედურებაში ჩვენ გვედო ლომის წილი... რა თქმა უნდა ძნელია ისეთი კაცის მეზობლობა, რომელიც ღობეს არღვევს, რათა ღორები შემოუშვას შენს ბოსტანში...
გია თვალავაძე გაზეთ „შანსში“ (3-10 თებერვალი,1994) წერს: „ვერც იმას იფიქრებდა ვინმე, რომ ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც დაუნდობელი მტრის სისხლს გაუფრთხილდებოდა და მზაკვრული მიზნების სამსახურში მყოფი ომობანას ითამაშებდა“...
იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ხუთი ათას კუპონიან გაზეთში, ხელისუფლებას ერის ღალატში სდებენ ბრალს!..
„ანტიეროვნული პოლიტიკის აღნიშვნა უკვე ოპოზიციონერობა კი არა, აშკარა ბრძოლაა ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი დამხობისაკენ მოწოდებაა!..
რუსეთს გაცილებით ნაკლები ბრალი მიუძღვის, ვიდრე საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს... საქართველომ სამტრედიაში კომიკური „ეკონომიკური ბლოკადა“ გამოუცხადა რუსეთს... ოციათასიანი „მშვიდობიანი“ დასაშინებელი მიტინგის ჩატარება გადავწყვიტეთ ცხინვალში და ორასიოდე თავზარდაცემული ოსის დანახვისას თვითონვე შეგვეშინდა, უკან გამოვიძურწეთ ჩვენი „ერის მამის“ წინამძღოლობით... შემდეგ დაიწყო ოსთა შევიწროვება და ლტოლვა საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან... თანდათანობით ფეხს იკიდებდა პროვინციული ფაშიზმი. დაიწყო კოსტავას საზოგადოებისთვის მოგროვილი თანხებით არაქართული მოსახლეობისაგან ბინების შესყიდვა, იარაღის შეძენა, საეჭვო პირებისთვის დარიგება, სახლების პირდაპირი მიტაცება, რუსთაველის პროსპექტზე ავტომატის კაკანი, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ანაგარიშის სწორება, ხელისუფლების წაქეზებით, რუსული სამხედრო ნაწილის მიერ „მხედრიონის“ დარბევა შავნაბადაზე.... ყველაფერს ამას ნუ დავაბრალებთ რუსეთს... მას მხოლოდ ხელის შეწყობა შეეძლო და არა ამ ქაოსის გამოწვევა... აფხაზეთის დაკარგვაც ჩვენი ბრალია და არა რუსეთის... ქართველთა დეპუტაციამ ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლების ძალისხმევით ერთხმად დაუჭირა მხარი თავის მომავალ მტერს (იგულისხმება ვლადისლავ არძინბა)... რუსეთის გარკვეულ ძალებს, რა თქმა უნდა, შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ამ პროცესისთვის, მაგრამ მისი განხორციელების ცოდვა მთლიანად საქართველოს იმდრროინდელი ხელისუფლების კისერზეა. მათ შორის, ჩვენი ახლანდელი პარლამენტისაც, რომელმაც „პირნათლად“ შეასრულა გამსახურდიას დავალება!.. გამსაზურდიას რეჟიმის რესტავრაციის ძირითად ბერკეტად მიჩნეულ იქნა აფხაზეთში სამთავრობო ჯარების დამარცხება... ეს იყო წმინდა წყლის ლენინური კაპიტულანტური პოლიტიკა... ლენინმა გაყიდა თავის დროზე რუსეთი, რისთვისაც, როგორც ჩანს, ქრთამიც აიღო გერმანიისგან...
გულუბრყვილობაა ფიქრი იმაზე, რომ არძინბა იბრძოდა ძირითადად რუსეთიდან შემოსული ავანტურისტების, „მოხალისეების“, თუ გაბრიყვებული აფხაზების იმედით. არა, იგი ქართველების იმედით იბრძოდა!“ („საქ.რესპ.“ 9 თებერვალი, 1994).GK
ილია II: „მის უწმინდესობას, უნეტარესს ალექსეი II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს... როგორც მოგეხსენებათ, ტრაგიკულ მოვლენებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში, გვერდი არც ეკლესიისთვის აუვლია. ბოლო წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სხვა ადგილობრივი საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ ღვთისმსახურთა მცდელობას, დაიწყონ მოღვაწეობა საქართველოს საპარტიარქოს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც დროებით არ კონტროლირდება ჩვენი სახელმწიფოსგან. დღესდღეობით სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტერში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი იღუმენი პეტრე ეწევა თავის ანტიკანონიკურ მოღვაწეობას. 1997 წლის „ნეზავისიმაია გაზეტას“ 31 იანვრის ნომერში წერილით „ტაძარი და მეჩეთი“, ჩვენთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ იღუმენმა პეტრემ მოსკოვის წმინდა პანტელეიმონის ათონის მონასტერთან ჩამოაყალიბა სიმონ კანანელის ახალი ათონის მონასტრის მეტოქი (წარმომადგენლობა). ამასთან ერთად, სტატიაში დამახინჯებულია აფხაზეთის და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ისტორია. ამ არაკანონიკური აქტის შესახებ მე შევატყობინე მის უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქს ბართლომე II. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იღუმენი პეტრეს ამ ქმედებას თქვენი უწმინდესობა სამართლიანად შეაფასებს და მიიღებთ ზომებს მის აღსაკვეთად. ამავე დროს, გაცნობებთ, რომ 28 იანვარს სოხუმის რადიომ გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 იანვარს შედგა ცხუმ-აფხაზეთის თვითმარქვია სამღვდელოების შეკრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოდან გამოსვლისა და ე.წ. ჩრდილოეთ კავკასიური ეპარქიისადმი მიერთების შესახებ. ცნობილია, რომ ასეთი ეპარქია არ არსებობს და ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ეპარქია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში შედის. თქვენო უწმინდესობავ, სამღვდელოების წარმომადგენლების მსგავსი ანტიკანონიკური ქმედებები, ასევე საგაზეთო სტატიები ქმნიან დაძაბულობას ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის“ („მაცნე“. 17-24 თებერვალი, 1997).TK
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამომრჩევლების წინაშე, რადგან ამ უკანასკნელებმა ვერ მიიღეს ასე საზეიმოდ დაპირებული პენსიები და სტიპენდიები. აღშფოთებულმა პრეზიდენტმა ამ ფაქტს უზნეობის მწვერვალი უწოდა და ბრძანება გასცა, რომ სასწრაფოდ შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც დაადგენს, თუ სად წავიდა ეს ფული „უკანასკნელ თეთრამდე“. კომისია მუშაობას შეუდგა. მას სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი („მაცნე“. 17-24 თებერვალი, 1997).TK
მიმდინარე წელს 300 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული საპრეზიდენტო სტიპენდიებისათვის. 1997 წლის ბიუჯეტის პროექტი მეცნიერ-მუშაკების შრომის ანაზღაურების გრანტულ სისტემას ითვალისწინებს. ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია ერთი მილიონი ლარი. კიდევ 1,3 მილიონი გამოიყოფა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების მიზნობრივი ფინანსირებისათვის („მაცნე“. 17-24 თებერვალი, 1997).TK
ნუგზარ პაპუაშვილი („რელიგიის კარიბჭის“ შესახებ): „1990 წლიდან ვკითხულობ ლექციებს, რომელთა ზოგადი თემაა „რელიგია და პედაგოგთა პროფესიული ინტერესები“... ქართული კულტურა ქრისტიანული კულტურაა. მისი არტერია არის მართლმადიდებლური სარწმუნოება და ტრადიცია... მართლმადიდებლური მოძღვრების ცოდნის გარეშე საქართველოს მოქალაქე განათლებულ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება... განათლების უცილობელი პირობაა მსოფლიო რელიგიური სისტემების ელემენტთა ცოდნა. ასეთი სისტემებია, ქრისტიანობის განშტოებების, გნებავთ, − მიმდინარეობების გარდა: ზოროასტრიზმი, ბრაჰმანიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი თუ ისლამი. თითოეულ მათგანს ლიტერატურული წყაროები, სპეციფიკური მოძღვრება და საინტერესო თავგადასავალი აქვს... უკლებლივ ყველა ქრისტიანი მასწავლებელი, უშუალოდ თუ მინიშნებით, გვაუწყებს, რომ ელინთა და თვით ბარბაროსთა რელიგიებშიც კი მიმოფანტულია ჭეშმარიტების მარცვლები. რაც ღმერთმა მიმადლა მათ. ქრისტიანებმა ისინი უნდა მოიძიონ და პატივი მიაგონ. ამ აზრითაა ქრისტიანობა აბსოლუტური, საყოველთაო და უნივერსალური. სხვაგვარად აზროვნება სექტანტობაა... ამა თუ იმ საკითხის გაშუქების ჟამს ყურადღებას ვამახვილებთ შემეცნების ფაქტორზე, მსჯელობითა და განსჯა-გამოწვლილვის გზით დასკვნის გამოტანის მეთოდზე. ეს კი ალაგ-ალაგ მეცნიერული წიაღსვლებისკენ გვიბიძგებს, რაც აისახა კიდეც წიგნის ზოგიერთ მონაკვეთში. კერძოდ: ვავლებთ პარალელებს კონფესიათა შორის, ვეძებთ ბიბლიურ მოტივებს სხვადასხვა ტრადიციასა და კულტურაში, მსგავსებებს ქრისტიანულ დოგმატებთან... ისინი, ვისთვისაც განკუთვნილია სახელმძღვანელო: განათლების და კულტურის მუშაკები, გულთბილად შეგვხვდნენ. სასულიერო უწყებამ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გამოავლინა. ნაწილმა აღფრთოვანება ვერ დამალა და შემაქო. სიმკაცრის მქადაგებელმა მოძღვრებმა და მათმა სულიერმა შვილებმა ლამის ანათემა გამომიცხადეს, საღვთო სასჯელით დამემუქრნენ და სამომავლო მეხთატეხა მიწინასწარმეტყველეს“ („მაცნე“. 17-24 თებერვალი, 1997).TK