დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია: „1937 წელს მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრა სუკმა“ („ლიტ.საქ.“ 5 მაისი, 2006).GK
მერაბ ჯიბლაძე (პროფესორი): „ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ვენტურა წერს: „ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია 49-ე ადგილი მსოფლიოში მოსახლეობის განათლების დონის მიხედვით, 28-ე ადგილი 40 განვითარებულ ქვეყანას შორის მათემატიკურ მეცნიერებებში განათლების დონის მიხედვით, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით მოზრდილთა განათლების დონით ამერიკამ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა. ჩვენი მუშაკები იმდენად გაუნათლებლები არიან, მათ იმდენად არ აქვთ ელემენტალური პრაქტიკული ჩვევები, რომ ამერიკელი ფერმერები ყოველწლიურად 30 მილიარდ დოლარს ხარჯავენ მათი განათლების კორექციისთვის. ცხადია, არაა გასაკვირი, რომ ამერიკული ფირმები სხვა ქვეყნებში მიდიან... 90-იან წლებში ევროპამ გაუსწრო ამერიკას სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემაში... ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს სამეცნიერო და საინჟინრო კადრების მომზადებაში, სამეცნიერო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსებაში და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში“. ეს მხოლოდ ინფორმაციის მცირე ნაწილია, რაც ბატონმა მაიკლ ვენტურამ მოგვაწოდა, ჩვენი პრეზიდენტი (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი) კი სწორედ ამ ქვეყანაში მიღებული მაგისტრის დიპლომით ამაყობს! თუ ბატონ ვენტურას ინფორმაციას გავაგრძელებთ, კიდევ უფრო დიდი კითხვის ქვეშ დგება ამერიკის შეერთებული შტატების იდეალურობა: „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ქვეყნების რეიტინგი ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის მხრივ და აშშ 37-ე ადგილზე აღმოჩნდა... სამედიცინო დაზღვევის უქონლობის გამო, ყოველწლიურად 18 ათასი ამერიკელი უდროოდ კვდება; აშშ 41-ე ადგილზეა მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ; განვითარებულ ქვეყნებს შორის ბავშვთა სიღატაკის მხრივ აშშ-ს 22-ე ადგილი უკავია, ანუ ბოლოსწინა ადგილზეა. უარესი შედეგი მხოლოდ მექსიკას აქვს... ამერიკაში ბავშვთა მესამედი იბადება ქორწინების გარეშე; ბავშვთა ნახევარი კი ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობს... ამერიკაში სიკვდილიანობის ალბათობა მშობიარობის დროს 70 პროცენტით უფრო მაღალია ვიდრე ევროპაში. ორსული ქალების სიკვდილის ძირითადი მიზეზი ამ ქვეყანაში – მკვლელობაა... დაახლოებით ყოველი მეოთხე ამერიკელი თვლის, რომ დაუშვებელია საკუთარი მიზნის მიღწევა ძალადობის გზით. Associated Press-ის 2004 წლის 19 აგვისტოს ცნობით, ამერიკელების 43 პროცენტი თვლის, რომ წამება ზოგჯერ გამართლებულია... აშშ-ს საგარეო ვალის 40 პროცენტი მოდის იაპონიაზე, ჩინეთზე, ტაივანზე და სამხრეთ კორეაზე, აი, რატომ ვართ მათ მიმართ თავაზიანნი... მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო კომპანიას შორის მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანია მოხვდა; ამჟამად ოცი უმსხვილესი კომერციული ბანკიდან თოთხმეტი ევროპულია... პრეზიდენტის არჩევნებზე ბუშმა 62027582 ხმა მიიღო, კერიმ – 59026003 ხმა. იმ პირთა რაოდენობამ, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, მაგრამ არჩევნებზე არ გამოცხადდნენ, 79279000 შეადგინა. ეს მესამედზე მეტია, გაცილებით მეტი. ერაყში არჩევნებზე მესამედზე მეტი რომ არ გამოცხადებულიყო, ასეთ არჩევნებს კანონიერად მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ჩათვლიდა... აშშ არც ერთ ნომინაციაში არ არის „ნომერი პირველი“ შეიარაღების, სამომხმარებლო დანახარჯების, საგარეო ვალისა და ილუზიების გარდა“ („ლიტ.საქ.“ 5 მაისი, 2006).GK
ვახტანგ ხარჩილავა: „ საქართველო პატარა იმპერიააო – გვითხრეს ერთხელ და ძალიან გვეწყინა. სულ ტყუილად! საქართველოც პატარა იმპერია იყო, საბჭოთა კავშირის დიდი იმპერიულ პირამიდაში ჩადგმული პატარა იმპერია... თბილისი კვლავ რჩება ამ საბრალო და სასაცილო იმპერიის ცენტრად“ („ლიტ.საქ.“ 5 მაისი, 2006).GK
გიორგი ლორთქიფანიძე: „ჩვენთან არავინ ელოდება სასამართლოს განაჩენს ეჭვმიტანილის მიმართ. საკმარისია, ვინმემ, სადმე, ვინმეზე გაავრცელოს ჭორი, რომ მავანი მექრთამეა, გამომძალველი ან გადასახადების დამალვაშია შემჩნეული, რომ ყოველგვარი სანქციის გარეშე პოლიცია ატარებს ხმაურიან, ტელევიზიით გაშუქებულ სპეცოპერაციას, ხოლო მასმედია წინასწარ დამნაშავედ რაცხავს ხსენებულ პიროვნებას ან პიროვნებებს...
მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების მესამე რგოლია, ხოლო ზოგიერთ უფრო განვითარებულ ქვეყანაში, პირველი რგოლიც არის და უფრო მაღლა დგას, ვიდრე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. საქართველოში სასამართლო აბსოლუტურად უფუნქციოა, დაკომპლექტებულია ძირითადად მარიონეტებით, რომლებიც უხმოდ ასრულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთებს...
დღევანდელ საქართველოში დასმენა-ჩაშვება სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და კანონით არის დამტკიცებულ-ნებადართული. მაგალითად, თუ რომელიმე გამფლანგველ-გამომძალველი, ან სხვა სახის კრიმინალი დაასმენს სხვა ასეთივე კრიმინალს და მას დააჭერინებს, თავისი დანაშაული ეპატიება და შეიძლება წახალისების მიზნით, პრემიითაც დააჯილდოვონ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშის დროს, ღია ეთერში განაცხადა მთელი მსოფლიოს გასაგონად, „თუ ეჭვმიტანილი წინააღმდეგობას გაგიწევთ – ესროლეთ, მე გაძლევთ უფლებას“-ო, რასაც უმალ მოჰყვა მკვლელობების სერია... საბჭოთა კავშირში, გაქცეულ დამნაშავეს, თუ ჯერ კიდევ ეჭვმიტანილს, პირდაპირ სასიკვდილოდ არ ესროდნენ – მილიცია ჯერ 2-3 გამაფრთხილებელ გასროლას მოახდენდა ჰაერში და მხოლოდ ამის შემდეგ ესროდა გაქცეულს, ისიც დაჭრის და არა მოკვლის მიზნით...
საქართველოში გამოიჩინეს „შესაშური ინიციატივა“ და სხვების ხელით პატიმრებთან ანგარიშსწორებას აღარ ჯერდებიან. სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი მაღალჩინოსანი ღამ-ღამობით და არაიშვიათად დღისითაც, საკნებში უვარდებიან პატიმრებს და პირადად უსწორდებიან მათ. და თუ რომელიმე პატიმარმა ან პატიმართა ჯგუფმა პროტესტი გამოთქვა, ან ოდნავ წინააღმდეგობა გაუწია – „ბუნტის“ მომიზეზებით შავნიღბიანებს მიუსევენ და მიასიკვდილებენ კიდეც“ („ლიტ.საქ.“ 5 მაისი, 2006).GK