სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2006 წლის ქრონიკა

ოქტომბერი

    მერაბ ჯიბლაძე (პროფესორი): „ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები რომ ამერიკელებმა განსაზღვრეს, ეს ნათელია... ერიც ისე დაბეჩავდა, რომ უკვე ყველა უბედურებას შეეგუა. მისი დეგენერატიზაცია დიდი წარმატებით მიმდინარეობს და მამაზეციერის მოწყალების მოლოდინში ალბათ სულსაც ჩქარა განუტევებს“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    შალვა საბიაშვილი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის გამგე): „როგორც ყველა ფაკულტეტზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზეც, კადრების მკვეთრი შემცირება მოხდა და იქ ასტრონომიის არცერთი სპეციალისტი აღარ დარჩა! კადრები არასწორად შეარჩიეს, არ გაითვალისწინეს, რომ ფაკულტეტზე შენარჩუნებულიყო ყველა დარგის კვლევა და ასტრონომიული მიმართულება საერთოდ ამოვარდა სასწავლო კურსიდან...
    თუ გავეცნობით უძველეს ქართულ ლიტერატურასა და ხელნაწერ ძეგლებს, გავიგებთ, რომ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოში ასტრონომიის შესახებ საკმაოდ დიდი ცოდნა იყო დაგროვილი. ამ დარგში საოცარ განსწავლულობას ამჟღავნებს შოთა რუსთაველი თავის „ვეფხისტყაოსანში“. გვყავდა ასევე ძალიან ცნობილი ქართველი მეცნიერი აბუსერიძე ტბელი, რომელმაც შექმნა ტრაქტატი დროის აღრიცხვის შესახებ... მოგვიანებით მოღვაწეობდნენ სხვა დიდი მეცნიერებიც, რომლებიც თარგმნიდნენ მნიშვნელოვან ასტრონომიულ ნაწარმოებებს. მეცნიერმა მეფემ ვახტანგ VI-მ  არაერთი ასეთი ნაწარმოები თარგმნა. მან ასტროლაბიც  კი შეიძინა, რომლითაც განედების გაზომვა შეიძლებოდა და ჩაატარა კიდეც პირველი გაზომვები. სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ თავმოყრილია მთელი იმდროინდელი ცოდნა ასტრონომიაზე... არსებობს ინფორმაცია გელათის აკადემიაში ობსერვატორიის არსებობის შესახებ...
    ასტრონომიის განვითარება ჩვენში XX საუკუნიდან იწყება. აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა აბასთუმნის ასტრო-ფიზიკურ ობსერვატორიას, რომელიც კავკასიაში პირველი და უმნიშვნელოვანესი კვლევითი ცენტრი იყო. იგი თანდათან შეივსო საჭირო აპარატურით და მეოცე საუკუნის შუა წლებიდან საბჭოთა კავშირის მასშტაბით უკვე ხუთეულში შედიოდა, მსოფლიოს ასტრონომიულ სისტემაში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა...
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ასტრონომიული განათლების მძლავრი კერა, დაარსდა ასტრონომიის კათედრა. ანდრია ბენაშვილმა შექმნა ქართულ ენაზე ასტრონომიის პირველი სახელმძღვანელოები... ევგენი ხარაძემ შექმნა პირველი ორიგინალური სასკოლო კურსი ასტრონომიაში, გარდა ამისა თავის მოწაფეებთან ერთად გამოსცა მთელი წყება საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებისა და საქართველოს ასტრონომიული კალენდარი“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    ჯაბა ხუბუა: „უნივერსიტეტში ასტრონომიის სწავლება გაუქმდება, ლომაიასეული რეფორმა ქართველებს ქართველობასთან ერთად ადგილს აკარგვინებს სამყაროში. ქართულ მეცნიერებას დედაბოძი წაუქციეს, რადგან არ არსებობს მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელიც ასტრონომიასთან არ იყოს დაკავშირებული. ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის გარდა, ასტრონომია სასწაულებს ახდენს ისტორიაში, რელიგიაში, სულიერებაშიც კი. ცინცხალი მაგალითი აგერ გვაქვს: სულ ახლახან ქართველმა ასტრონომებმა ამერიკული კოსმოსური კვლევის სააგენტოს, „ნასას“ რუკებზე დაყრდნობით, საქართველოს გაქრისტიანების ზუსტი თარიღი, ქრისტესშობიდან 319 წელი დაადგინეს. საუბედუროდ, სწორედ ამის შემდეგ ლომაია-რანკოვიჩის ხროვის მიერ გატარებულმა რეფორმამ ბოლო მოუღო უნივერსიტეტში ასტრონომიის სწავლებას. კონკურსის შემდეგ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასტრონომიის ერთი სპეციალისტიც არ დატოვეს“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    ელეონორა მძელური (მიხეილ სააკაშვილს): „პრეზიდენტო! ფასები ასე კატასტროფულად რომ იზრდება, ჩვენ რა გვეშველება ან უმუშევრებს, ან პენსიონერებს, ნუთუ ამაზე არ ფიქრობთ? თუმცა, რატომ იფიქრებთ, ცოლ-შვილი აგიბოჟდებათ თუ ფულის სასესხებლად მიხვალთ ვინმესთან. იცოდეთ, მგელი არ არის ისე საშიში, როგორც მშიერი ადამიანი...
    8 ოქტომბერს მოამბეში აჩვენეს ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, დალი ჭანტურია, რომელიც რამდენიმე თვეა პატიმრობაშია იმის გამო, რომ მეხუთედ დაფეხმძიმდა. ვინაიდან იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ აბორტი გაეკეთებინა, იმშობიარა და ბავშვი წყალში გადააგდო, იმის გამო, რომ ბავშვის რჩენის საშუალება არა ჰქონდა... ავიღოთ, თუნდაც, სოფ. გაჭედილში მცხოვრები შორენა ყუბანეიშვილის ამბავი. ხუთი შვილის დედა მეექვსეზე რომ დაფეხმძიმდა, ორი ბოთლი იოდი დალია, თავი რომ მოეკლა, მაგრამ, საბედნიეროდ, მიუსწრეს დროზე და ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    გ. სულაკაური: „ამ ნატოს შესახებაც არ უნდა ვიკითხოთ, ბურდღის მომტანია ის ჩვენთვის თუ ჭირის? იქნებ დაასახელოს ვინმემ ის ქვეყანა, რომელსაც ნატომ რბილი და თბილი „ბურდღა“ მიართვა, არ არსებობს ასეთი ქვეყანა; საპირისპირო მაგალითი კი წინ გვიდევს, ვგულისხმობ კვიპროსს; სწორედ ნატოს დამსახურებაა მისი გახლეჩა. თურქეთმა ისე ჩამოაჭრა მას ნახევარი, წარბიც არ შეუხრია, დანარჩენმა „ნატოელებმა“ პირში წყალი დაიგუბეს...
    ამ დღეებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერლინში მყოფ საქართველოს პარლამენტის სპიკერს, ხმამაღლა, ყველას გასაგონად განუმარტა: „რუსეთის დაწოლას თქვენ თავად უნდა გაუძლოთ, რადგან ის ახლა ძალიან ძლიერია და ევროპა თქვენი გულისთვის არ წაეჩხუბებაო“...
    ნატოში შესვლა ჩვენთვის ნიშნავს თურქეთში შესვლას, მისი უღელის დადგმას, ან უფრო სწორედ, თურქეთის შემოსვლას ჩვენში. გავა რუსეთი თავის ბაზებიანად, შემოვა თურქეთი. კი ბატონო, ააშენოს თურქეთმა ბაზები, გაიმაგროს ძირი და ფესვი, რაც ჯერ ფრთხილად უკვე დაწყებულიც აქვს, ხოლო როგორ მოიქცევა მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას კანონიერ საკუთრებად გაიფორმებს, ეს გამოჩნდება მერე...
    ზოგი ჩვენი „სწავლული“ გვამშვიდებს: თურქეთი ახლა კაი ქვეყანაა, დემოკრატიულიო. მაგ „დემოკრატიულ“ ქვეყანაში ჩარჩენილ მილიონობით ჩვენს გენეტიკურ თანამოძმეს კანონით აკრძალული აქვს საკუთარი შთამომავლობითი გვარ-სახელის ტარება და ეროვნების ხსენება. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინათ გვაფრთხილებდა ჩვენი სახელოვანი პოეტი: „აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს, ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის და მე ვყვირი: ჩემს სისხლს დალევს უწინამც!“ აი, ახლა კი, ასე ნამდვილად არავინ ყვირის, თორემ ქუჩა სავსე იქნებოდა პროტესტანტებით. ბრძენ კაცს უთქვამს, როცა სადმე შესვლას დააპირებ, გამოსვლაზეც იფიქრეო. ჯერ არ შევსულვართ, მაგრამ, ვთქვათ, დაგვჭირდა გამოსვლა, მაშინ რა პირობებს წაგვიყენებს ნატო ანუ იგივე თურქეთი? მშვიდობიანად დაგვანებებს თავს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს?... გავიხსენოთ 1878 წელი და „ბერლინის კონგრესი“. სამხრეთ საქართველო ანუ ტაო-კლარჯეთი გათავისუფლებულია, მაგრამ ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით ეს ტერიტორიები კვლავ თურქეთს უფეშქაშეს“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    ილია ბეგიაშვილი (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი): „საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები წარმართავენ მოვლენებს საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წინააღმდეგ და მათი ერთ-ერთი მოტივაციაა საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლება...
    დემოგრაფიული საზოგადოების ამჟამინდელი ოფისის ყაჩაღური და თაღლითური გზით ხელში ჩაგდების მცდელობები არა მარტო საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებას უსპობენ საქმიანობის საშუალებას, არამედ მოსყიდულ მოსამართლეთა დახმარებით კიდევ ერთ ქართულ ოჯახს აძევებენ კუთვნილი ბინიდან“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    გრანი ქავთარია: „III საუკუნიდან არაბთა გამოჩენამდე, აღმოსავლეთში ბატონობას ორი ძალა ეცილებოდა ერთმანეთს: რომის იმპერია და სასანური სპარსეთი... ანტიკური ავტორების გადმოცემით, სამხრეთ კავკასია რომისა და სპარსეთის დაპირისპირების თვალსაჩინო ობიექტს წარმოადგენდა. გარკვეული ანაქრონიზმების მიუხედავად, მათი ინტერესები დადასტურებულია ძველ ქართულსა და სომხურ საისტორიო მწერლობაშიც“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    ბერდო გოიშვილი: „მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში სოჭის ჭაობთან, უკაცრიელ ადგილებში დაიწყო დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადასახლება. ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ქალაქი სოჭია. მეფის მთავრობამ გადაწყვიტა, ამ გაუვალი ტყე-ჭაობებით და ეკალ-ბარდებით დაფარული ადგილების ათვისება. დროთა განმავლობაში მოსახლეობის ნაწილმა, განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმიდან გადმოსახლებულებმა, ისევ მთებს მიაშურეს და მდინარე სოჭელას ორთავე ნაპირზე დასახლდნენ. ასე გაჩნდა სოჭიდან 15 კილომეტრის მოშორებით ქართული სოფელი პლასტუნკა.  დანარჩენი ქართველები უმთავრესად სამეგრელოდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან, თვით სოჭში დასახლდნენ...
    სტავროპოლის მხარეს კურსკის რაიონში, სტანიცა კურსკიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი ნოვოივანოვკა. სტავროპოლის მხარის ამ სოფელში ქართველები 1912 წლიდან დასახლებულან. აქ ისინი დუშეთსა და ლენინგორის რაიონებიდან გადასახლებულან. გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ (3.01.1968წ)  ჟურნალისტი  ი. ჯავახიშვილი, ხოლო შემდგომ   გ. მახარაძე (1976წ) მოგვითხრობს, რომ აქ მშობლები ბავშვებს ქართულ ყაიდაზე ზრდიან;
    შედარებით მეტი ვიცით საქართველოს იმ ძირძველი კუთხის მოსახლეობის შესახებ, რომელსაც საინგილო ჰქვია. ხანდახან გვესმის მათი გაჭირვება და მათ მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ განმკითხავი და მშველელი არავინაა...
    1897 წელს ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა რუსი მოგზაურის, ანთროპოლოგ  ვ. ელისეევის ცნობა იმის შესახებ, რომ აფრიკაში საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ ვარგლაში, „უარგლაში“ ცხოვრობენ ქართველები. იმავე პერიოდში ეს ცნობა გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“. 1939 წელს ჟურნალისტმა გიორგი კუტუბიძემ, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა მეტად საინტერესო მასალა, დაფუძნებული მეზღვაურ სიორიძის მონათხრობზე. ეს მეზღვაური ნავსადგურ ალჟირში შეხვედრია ქართულად მოსაუბრე ზანგს, რომელსაც განუცხადებია; „მე ქართველი ვარ თქვენისთანა, ხომ ხედავთ, ჩვენს ენაზე ლაპარაკი არ დამვიწყებია, აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს, რამდენიმე სოფელი გვაქვს, ძველი დროიდან აქ ვსახლობთ. მართლა შავკანიანები არ გეგონოთ, კანი აფრიკის მზემ გაგვიშავა. ენა და სარწმუნოება თუ აქამდე შევინარჩუნეთ, ეს იმის წყალობით, რომ სხვა ერის კაცებს ჩვენ ქალს ცოლად არ ვატანთ. არც თვითონ ვითხოვთ უცხო ტომის შვილს“. ეს მეზღვაური გაზეთის სხვა თანამშრომელსაც უნახავს (მ. მამულაშვილი) და კიდევ უფრო დაუზუსტებია აფრიკელი ქართველების ადგილსამყოფელი. ალჟირში ქართველების რამდენიმე სოფელი ყოფილა. თვით რესპოდენტი ყოფილა ქ. უჯდასიდან (მაროკოს საზღვრისპირა ქალაქია), იქ ცხოვრობენ ძირითადად გუგუნარები (ჩვენებურად გუგუნავა) და ჭანუყვარები (ჭანუყვაძენი)...
    ფერეიდანში (ირანში) და ლაზეთში (თურქეთში) მცხოვრებ ქართველობაზე თითქოს უფრო ბევრი ვიცით. ფერეიდნელი ქართველების ოჯახების პირველმა წყებამ რამდენიმე წლის წინ მოკრძალებით შემოდგა ფეხი ქართულ მიწაზე. ზოგი დარჩა, ზოგი  კი, სამწუხაროდ, უკანვე გაბრუნდა. 1968 წლის მონაცემებით ლაზეთში 60 000-ზე მეტი ლაზი ცხოვრობდა. სწორედ ამ ფერეიდანსა და ლაზეთში შემოინახეს ენა, ადათწესები და სიყვარული დედა სამშობლოს მიმართ, ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ცოტა რამ იცის...
    გუჯარები – ინდოელი ქართველები და ბასკები ცხოვრობდნენ ჩრდილო ინდოეთში, რაჯისტანში, შტატ უტარ-პრადეშსა, ჯამუსა და ქიშმირში, სივალაკის ბორცვებს გასწვრივ და დასავლეთ პაკისტანში. მათ შესახებ ქართველ მეცნიერს აცნობა ინდოელმა მეცნიერმა რ.პ. ხათანამ... ნახეს ურმით მიმავალი ადამიანები, რომლებიც გარეგნობით, ჩაცმულობითა და მიხვრა-მოხვრით თითქმის არ გამოირჩეოდნენ კახელებისგან... ხათანა აღნიშნავდა, რომ გუჯარები ატარებდნენ ისეთივე კულტურულ ნიშნებს, აქვთ ისეთივე ჩვეულებები, სამოსი, ფოლკლორი და ისევე საქმიანობენ, როგორც ქართველები. ქართველთა აქ დასახლების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. შესაძლოა, ეს მოხდა თემურ-ლენგის პერიოდში, როცა მან დატყვევებული ქართველები ინდოეთს წაიყვანა (ედვარდ გიბონი). უნგრელი მეცნიერის  ლ. ფაკეტის ცნობით, ინდოეთში არსებულ „დიდი მოგოლების“ ძლიერ სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში მრავლად იყვნენ ქართველები. საყურადღებოა, ცნობა იმის შესახებ, რომ შუა საუკუნეებში ინდოეთის რამდენიმე სამთავროს სათავეში ქართველი გამგებლები იდგნენ...
    ქართველებისა და პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ბასკების ნათესაობის შესახებ დიდი ხანია არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, დაწყებული ანტიკური ხანის მკვლევარებიდან დღემდე... ამ საკითხს ეხებოდნენ X საუკუნის სახელგანთქმული მწიგნობარი იოანე მთაწმინდელი, მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური შარდენი, მე-18 საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწე  ტ. გაბაშვილი და მრავალი სხვა. XX საუკუნის ბოლოს ჩნდება უამრავი წერილი ბასკების შესახებ... ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ბასკები გარეგნობით ძალიან გვანან ქართველებს, რომ შეიმჩნევა გასაოცარი დამთხვევები იბერიულ-კავკასიურ ენებთან, რომ მათი ზოგიერთი გვარიც კი ჩვენებურია, მაგალითად: მეუნარგია, ნარსია, ბოკერია, რომ ტოპონომიკაც ქართულს მოგაგონებთ: სოფ. ალგეთი, მდ. ალგეთი, გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია, რომ ბასკებსა და დასავლეთ საქართველოში სისხლის ერთგვაროვანი ჯგუფი არსებობს, რომ ესპანეთში არის პურის ისეთი სახეობა, რაც მხოლოდ საქართველოში იყო ცნობილი, და მრავალი სხვა მსგავსება მათ ქცევასა და ყოფა-ცხოვრებაში, ბინათმშენებლობაში“ („ლიტ.საქ.“ 27 ოქტომბერი, 2006).GK

    გილდა სიხარულიძე (თსუ-ს ყოფილი დოცენტი, ამჟამად სტიპენდიანტი): „ინტელიგენციის გენოციდს ემსახურება მეცნიერებისა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რათა მოისპოს ერის განათლებული ფენა...
    საშუალო სკოლის განათლება ძველ რვაწლიან განათლების დონეზე უკვე კარგა ხანია დავიდა და რამდენიმე წელიწადში დაწყებითი განათლების დონემდეც დაეცემა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ისინი ახლა ტექნიკუმის დონეს შეესაბამებიან, როგორც სასწავლო პროგრამებით, ისე სტუდენტთა კონტიგენტით...
    განათლების მესვეურებმა საქართველო იმ იუდას ვერცხლზე გაყიდეს, რომელიც ამ ვაი-მოდერნიზატორებმა მსოფლიო ბანკისგან მიიღეს. მათ ვერცხლთან ერთად ის „რეკომენდაციები“ მიიღეს, რომლებიც „განვითარებად“ ანუ „განუვითარებელ“  ქვეყანას შეეფერებოდა და დაიწყო განათლების სისტემის უსასტიკესი ნგრევა „განათლების რეფორმის ეგიდით“, რომელსაც უტიფრად უწოდეს ილია ჭავჭავაძის სახელი...
    ხელისუფლების ძირითადი მიზანია წაართვან მომავალი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს! სახელწიფო აშკარად აცხადებს, რომ მას ხალხის განათლებული ფენა არ სჭირდება და ამას აღწევს კიდეც. სწორედ ამას ემსახურება რეფორმატორული „ეროვნული გამოცდების“ ჩატარება, რომლის დონე ლათინოამერიკულ და აფრიკულ სახელმწიფოებში არსებული განათლების დონის მიხედვით შედგა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოში ყველაზე განათლებული პიროვნება განათლების მინისტრი უნდა იყოს, რომელსაც თურმე „ქათამი ბრდღვნად არ უღირს?!“...
    რეფორმამ მიზნად დაისახა საზოგადოების ზნეობრიობის საბოლოოდ დანგრევა პროფესორ-მასწავლებლების წარმოუდგენელი დამცირების გზით. ამ მიზნით ერთადერთი გზა სწორედ მეცნიერთა შიმშილით დახოცვა, ან მათი ამ ქვეყნიდან გაძევებაა და უფრო მეტიც, პროფესორთა ერთი ჯგუფი „ხულიგნებად“ გამოაცხადეს სასამართლოს დადგენილებით, თუმცა, არც რეპრესიულ ზომებს ერიდებიან და სამშობლოს ღალატის ბრალდებით უსამართლო პატიმრობაშიც ამყოფებენ...
    ყველა სახელმწიფო საშუალო სკოლა დაწყებითი განათლების სკოლად გადაკეთდება, უნივერსიტეტები კი გაუქმდება. ამიტომაც ჩვენთან აღარ არსებობს ასპირანტურა და მაგისტრატურაც უქმდება (იურიდიული და ეკონომიური სპეციალობების გარდა, სადაც ამერიკელები დახმარებას დაგვპირდნენ). ეს კი ერის დეგრადაციის დასასრული იქნება...
    ქართველის ნიჭიერება ხელისუფლების დაუძინებელი მტერი გამხდარა. ამიტომაც ასე გამწარებული სისასტიკით იბრძვიან მის ამოსაძირკვად. სწორედ ამიტომ აღარ გვყავს პარლამენტში და მთავრობაში აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელის მსგავსი განათლებისა და მეცნიერების დიდი ქომაგი და მოამაგე, დარჩა ბურთი და მოედანი მართლაც მობურთალთ და ისინი ბურთაობენ ხალხისა და ქვეყნის ბედით;
    „ჯეო-ბარების“ თაობა მოვიდა და უხამსობა დანავარდობს ქვეყანაში. იბრძვის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ამ უხამსობის წინააღმდეგ და ამიტომაც ჯერ შენიღბულად ებრძვიან მას, თუმცა აშკარა ბრძოლაც შორს აღარაა...
    შექმნილი ვითარება ასეთია:

    1. რეფორმის არცერთ დოკუმენტში არ არის გააზრებული რეფორმის შინაარსი; არ არის გამოკვეთილი დარგობრივი პრიორიტეტები  და არ არსებობს განათლების სახელმწიფოებრივი სტანდარტი; ასეთი სტანდარტი სამინისტროს არ გააჩნია, ძველი მთლიანად უარყოფილია, ხოლო უნივერსიტეტის შიგნით არ შეიქმნა ახალი სტანდარტის შემუშავების პირობები;
    2. ასეთ ვითარებაში სრულიად უაზროდ გაუქმდა მეთოდსაბჭოები, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებულიყო მათი მუშაობა. მათ ნაცვლად დაინიშნა ხარისხის ინსტიტუტები, თითო კაცის წარმომადგენლობით, რომელთაც თავისი არაკომპეტენტურობის გამო თავი ვერ გაართვეს დასმულ ამოცანას;
    3. არ არის შემუშავებული ინტერდისციპლინარული კვლევების მეთოდიკა და სრულიად ზერელედ, ფორმალურად, სუბიექტურად და არაპროფესიულად არის შედგენილი პროგრამები საუნივერსიტეტო სწავლების ყველა საფეხურისთვის და ეს მაშინ, როდესაც ახალ პროგრამულ რელსებზე გადასვლა უნდა ყოფილიყო მთავარი უნივერსიტეტის რეფორმაში და თავიდან უნდა გარკვეულიყო ის, თუ რა საგნები და როგორ უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტში, რა სპეციალისტების მომზადებაა დასახული მიზნად და რა რაოდენობის შტატებია ამისთვის საჭირო;
    4. განსაკუთრებით განადგურდა ფილოსოფიური აზროვნების კულტურა ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მაღალი იყო ეს დონე;
    5. რეფორმების დიდი ნაკლია ის, რომ ისინიმ მიმდინარეობენ გაუმჭვირვალედ, დაფარულად, დაბლოკილია ინფორმაციები, დარღვეულია დემოკრატიის პრინციპი, ადამიანის უფლებები და ეთიკის ნორმები; კიდევ უფრო მეტად აღზევდა კორუფცია და ფსევდომეცნიერება. კონკურსები ჩატარდა ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმის გარეშე, რის გამოც უნივერსიტეტში მოიშალა სასწავლო პროცესი და დევალვაცია განიცადა უნივერსიტეტის იდეამ;
    6. მთლიანად დაიკარგა მეცნიერული მსოფლმხედველობის ის პროგრესული ხაზი, რომელმაც საზოგადოება უნდა მოაქციოს გონივრული აუცილებლობის ჩარჩოში, ასწავლოს მათ თვითშეზღუდვა და შექმნას ქვეყანაში რაციონალური თვითორგანიზაციის და მართვის საფუძველი;

    შექმნილი მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს, თუ სასწრაფოდ დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი მთავრობასთან და რეფორმა განათლების სისტემაში წარიმართება ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით“ („ლიტ.საქ.“ 20 ოქტომბერი, 2006).GK

    ალექსანდრე  ცაგარელი (პროფესორი): „მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის და ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და ლიტერატურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტად გაერთიანების შესახებ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ – მარტში მთავრობა ღებულობს ახალ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ამ გაერთიანებულ უნივერსიტეტს ეწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს არის ინგლისურენოვანი დასახელების ვარიანტი. ამის შემდეგ ეჭვს აღარ იწვევს განათლების რეფორმების ავტორების მიერ გამოთქმული ჰიპოთეზა: „საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა გახდეს“...
    მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოცხადდა კონკურსი ახალ უნივერსიტეტში ე.წ. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად... არამარტო გაოცებას, არამედ აღშფოთებას იწვევს კონკურსში მონაწილეთათვის წამოყენებული მოთხოვნები, რომლებიც არღვევს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს და ქვეყნის კონსტიტუციას. ასე, მაგალითად „...სასურველია საბუთები და მონაცემები წარმოდგენილი იქნეს ინგლისურ ენაზე ელექტრონული ვერსიის სახით“... ასევე სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკურსში მონაწილეებს არ მოეთხოვებოდათ პედაგოგიური მუშაობის სტაჟი... ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე კონკურსში მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულად ყველა დოცენტმა და პროფესორმა, მაგრამ ვერცერთი ადგილობრივი ვერ გავიდა. სამაგიეროდ, კონკურსი „მოიგო“ ზოგიერთმა ისეთმა პიროვნებამ, რომელსაც სტუდენტებთან ერთი ლექციაც არ აქვს წაკითხული;
    როგორც ცნობილია, საბჭოთა საქართველოში ფუნქციონირებდა ექვსი პედაგოგიური ინსტიტუტი (თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ცხინვალის, გორის, თელავის), რომელთაგანაც დამოუკიდებელ საქართველოში დარჩა ერთადერთი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. დღეს ისიც ლიკვიდირებულია!“ („ლიტ.საქ.“ 20 ოქტომბერი, 2006).GK

    მერაბ ჯიბლაძე (პროფესორი): „2006 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა დიდი სიამაყით განაცხადა, რომ  „განათლების რეფორმამ წარმატებით ჩაიარა“ და ეს დიდი გამარჯვება მიულოცა მინისტრ ლომაიას და საკუთარ თავსაც. პარლამენტის მმართველმა უმრავლესობამ ეს გამარჯვება დიდი აღტაცებით მიიღო. თუმცა, უმნიშვნელო ხარვეზები თურმე იმით ყოფილა გამოწვეული, რომ თვითონ ბატონი გრიგალაშვილი და ბატონი ლომაია სრულად არ ჩაერივნენ ამ რეფორმების ყველა დეტალში და რექტორებს ძალიან ფართო ავტონომია უბოძეს. თურმე ეს არ ჩარევა, იმით გამოიხატა, რომ რექტორებისთვის არ უბრძანებიათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ პროფესორებად... გიგი თევზაძის განცხადებით, „საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა გახდეს“ („ლიტ.საქ.“ 20 ოქტომბერი, 2006).GK

    ბადრი ცხადაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „მაშინ, როდესაც განათლების ბრიტანულ სტანდარტში ფილოსოფიური სწავლება საუნივერსიტეტო განათლებაში გამოცხადდა მაგისტრალურ ხაზად და არსებული რეალური ვითარების სერიოზული ფილოსოფიური ანალიზი საფუძვლად დაედო რეფორმის პროცესს განათლების სისტემაში, ჩვენმა „რეფორმატორებმა“ რატომღაც ნულამდე დაიყვანეს ფილოსოფიის როლი საუნივერსიტეტო განათლებაში. ანალოგიურად მოხდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, კერძოდ, წყალი შეუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს და მაშინ, როდესაც ინგლისი და ამერიკა განათლების რეფორმის მიზნად ისახავენ ფიზიკისა და მათემატიკური დარგების განვითარებას (როგორც ყველაზე აუცილებელი და საჭირო დარგებისა 21 საუკუნისთვის) ჩვენ არაპრიორიტეტულად გამოვაცხადეთ სწორედ ეს დარგები და თანდათან ვკარგავთ წლების მანძილზე უდიდესი სერიოზული მუშაობით მიღწეულ მსოფლიო სტანდარტების დონეს. ანალოგიური ფაქტების არსებობის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ ვიცით საერთოდ, თუ რისთვის, რა მიზნით და რა შედეგების მოლოდინით დავიწყეთ რეფორმები განათლების სისტემაში“ („ლიტ.საქ.“ 20 ოქტომბერი, 2006).GK