ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც მიიჩნევს, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს, − ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო. − სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება, − ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში („საქ. რესპ.“ 9 იანვარი, 2014).TK
C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი, სასჯელაღსრულების სისტემა კი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს პატიმრებს უფასოდ მიაწვდის. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გუშინ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ. როგორც მინისტრებმა პრეზენტაციის დაწყების წონ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, სახელმწიფო შესყიდვით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტზე დაფიქსირებული ფასი რეგიონში ყველაზე დაბალი, მსოფლიოში კი ეგვიპტის შემდეგ ყველაზე დაბალია. მინისტრების ინფორმაციით, 2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 1000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა, კერძოდ, პირველი მარტიდან 1000 პატიმრისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო 1000 პატიმრისთვის პეგილირებულ ინტერფერონს 158.67 ლარად შეიძენს, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე აღნიშნული მედიკამენტის დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტზე, რომელთაც 1 ივლისიდან საშუალება ექნებათ აღნიშნული მედიკამენტი 92.88 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში შეიძინონ („საქ. რესპ.“ 10 იანვარი, 2014).TK
როინ მეტრეველი(აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი): „აბსურდია, როცა მავანი ფიქრობს, რომ შედარებით პატარა ქვეყნებში(მაგალითად, საქართველოში) მეცნიერების სრულყოფილად არსებობა და შესაბამისად განვითარებაც არ იყო საჭირო. ზოგიერთს ეს შეუძლებლადაც მიაჩნია. სამწუხაროდ, ქვეყნის პოლიტიკოსების ლექსიკონში გასული ცხრა წლის მანძილზე სიტყვა „მეცნიერებამ“ სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა. ეს გარკვეულად აისახა საქართველოს მეცნიერებთა აკადემიისადმი დამოკიდებულებაში. 2006 წელს აკადემიას ჩამოართვეს მის გამგებლობაში მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება(50-ზე მეტი) და განათლების სამინისტროს დაუმორჩილეს. ამ უკანასკნელმა, რომელიც, მოგეხსენებათ, ფუნქციური დანიშნულებისაა და ცხადია, ვერ შეძლო სათანადო მართვა. გარკვეული დროის შემდეგ ეს დაწესებულებები უმაღლეს სასწავლებლებს გადასცეს, სადაც სამწუხაროდ, მათი არსებობა(დიდი უმრავლესობის მაინც) ნომინალური გახდა. ბევრი კვლევითი ინსტიტუტი პრაქტიკულად გაუქმდა(ამაზე გარკვევით, საგანგებოდ მიუთითა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს საკვირაო ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ). აღმაშფოთებელია, რომ ქვეყანაში მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. ვინც აგრძელებს მუშაობას, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია... ნიშანდობლივია, რომ მეცნიერებათა აკადემიის შესახებ სახელმწიფო კანონში ჩაწერილია, რომ აკადემია არის სახელმწიფოს მრჩეველი და ყველა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სხვადასხვა პრობლემისადმი მიძღვნილი მრავალი საინტერესო სახელმწიფოებრივი წინადადება მომზადდა აკადემიის წიაღში და წარდგა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში, მათი(გათვალისწინების გამოყენებაზე არაფერს ვამბობ) არავითარი კვალი არ ჩანს. რაც შეეხება კვლევითი დაწესებულებების ანგარიშგებას, აკადემიის წინაშე, ეს ფორმალურად მიმდინარეობს. საჭიროა სერიოზული მექანიზმის შემუშავება ამ ღონისძიების რეალურად გატარებისათვის. ამჯერად მეცნიერების განვითარების სრულიად საწინააღმდეგო ნაბიჯი იდგმება. იმის ნაცვლად, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში(ხელისუფლებისა, რომელმაც ხალხს თავისუფალი არსებობის შესაძლებლობა მოუტანა და იბრძვის სამართლიანობის აღდგენისათვის) მეცნიერებათა აკადემიას კვლავ დაბრუნებოდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები და შექმნილიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრი, რომლის სამართავადაც აკადემია მთელი არსებით არის მოწოდებული და შესაძლებლობაც აქვს, არის მცდელობა შეიქმნას პარალელური სტრუქტურა აკადემიის მსგავსი და „ახლებურად“ მოაწყოს მეცნიერება. მთავარი ისაა, რომ მთელს ამ „ახალ“ საქმიანობაში მეცნიერები(არც მეცნიერებათა აკადემია, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვები) არ მონაწილეობენ... ვფიქრობთ, მართებული არ იყო სადისერტაციო ნაშრომების დაცვის ორსაფეხურიანი სისტემის მოშლა. აკადემიური დოქტორი(როგორც ახალი სისტემის პირმშო) ვერ არის ადრე არსებული მეცნიერების დოქტორის დონეზე. გამომდინარე აქედან, მისი მეცნიერული პროდუქციაც შესაბამისია. მეცნიერებათა აკადემია მუშაობს სადოქტორო ხარისხის დაცვის აღდგენაზე და ვფიქრობთ, ეს მოსაწონი თაოსნობაა“ („საქ. რესპ.“ 10 იანვარი, 2014).TK
ემზარ ჯგერენაია(ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი): „2013 წელი გახდა ახალი ხელისუფლების მიერ წინა ხელისუფლებისგან ეკონომიკური ვალდებულებების, დიდი თუ პატარა პროექტების გადაბარების წელი... 2013 წელს ფაქტობრივად მოხდა იმ ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და რაც რეალურად ქმნის და აყალიბებს ბიუჯეტს. ეს ეხება როგორც შიდა ვალებს, ისე საგარეო ვალებს, ეს ეხება სახსრების მობილიზაციას, რომლითაც წინა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა... 2013 წელს ეკონომიკაში მომზადდა სერიოზული ბაზა იმისათვის, რომ 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბევრად წარმატებული აღმოჩნდეს“ („საქ. რესპ.“ 10 იანვარი, 2014).TK
ალექსანდრე თვალჭრელიძე (საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი): „2013 წელი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის ფუნდამენტის შექმნის წელიწადი... 2013 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა სოფლის მეურნეობაში და ნელ-ნელა იქმნება ბაზისი იმისთვის, რომ 2014 წლიდან დაწყებული ეკონომიკა განვითარდეს... 2013 წელს შეიქმნა თანადაფინანსების მრავალმილიარდიანი ფონდი და ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის ფული არის. იწყება ბევრი ენერგეტიკული პროექტი და ასე შემდეგ... ბიუჯეტში 600-მილიონიანი დანაკლისით „ეკონომიკას ბევრი არც არაფერი დაკლებია“. ასეთ ვითარებაში სააკაშვილის ხელისუფლება მიადგებოდა მამუკა ხაზარაძეს ან სხვა ბიზნესმენსა თუ ბანკირს და ეტყოდა − ციხეში ჩაგსვამ თუ ფულს წინასწარ არ დადებო. ახალმა მთავრობამ ეს არ გააკეთა. ამ მთავრობამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ამ სიტუაციაში... ქვეყანა ინფლაციური უნდა იყოს, სხვაგვარად ვერ განვითარდება. ბიუჯეტი იყო პროფიციტური. არ შეიძლება ბიუჯეტი იყოს პროფიციტური. პროფიციტური ბიუჯეტი ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს ფული და ვერ ხარჯავ. ეკონომიკის განვითარებას ზუსტად უხდება რუსთაველის ნათქვამი − „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“... „ნაცმოძრაობამ“ ახალ ხელისუფლებასა და ჩვენ დაგვიტოვა ის, რომ 2014 წელს მილიარდი დოლარი უნდა გადავიხადოთ საგარეო ვალში. ბევრს რომ საუბრობენ 600 მილიონ ლარზე, აჯობებდა, ის ეთქვათ, თუ რაში დახარჯეს წინასწარ აღებული მილიარდნახევარი ლარი, ან რაში დაიხარჯა ის თანხა, რომელიც წელს ქვეყანას საგარეო ვალის გადახდის სახით უწევს“ („საქ. რესპ.“ 10 იანვარი, 2014).TK
კოკა კაციტაძე (პროკურორი): „ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე მუხაიძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით ქობალია შესახლებისთანავე მოათავსეს ე.წ. „ფუქსებში“, სადაც ის 6 დღის განმავლობაში ჰყავდათ. 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით... წამების დროს, ელდარ ქობალიამ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. რამდენიმესაათიანი წამების შემდგომ მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ელდარ ქობალია ოთახის კარებთან მიათრიეს და იქვე დატოვეს. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა; შუადღისას ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში მყოფი ქობალია ე.წ. „ფუქსებიდან“ გადაიყვანეს საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ვიზუალურად გასაკონტროლებლად, შეასახლეს სხვა პატიმარი. მოგვიანებით ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ის იმავე დღეს გარდაიცვალა“ („საქ. რესპ.“ 14 იანვარი, 2014).TK
თბილისის საკრებულოში შექმნილმა სარევიზიო კომისიამ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ფინანსურ დოკუმენტაციებში რიგი დარღვევა აღმოაჩინა. როგორც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარღვევების შესახებ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეცემა; − ჩვენ შევისწავლეთ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2012 წლის ფინანსური დოკუმენტაცია და გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები − სადარბაზოებში სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის გამოყოფილი იყო 672 655 ლარი, საიდანაც 617 ათასი ლარი დაიხარჯა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ ერთ კომპანიასთან − შპს „თბილისი გრუპთან“. ესაა კონკრეტულად გიგი უგულავას ფირმა და მას ხელმძღვანელობს მასთან ძალზე დაახლოებული ადამიანი. ამ შემთხვევაში არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რადგან შემსრულებლის მიერ ფინანსური დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით არის წარმოდგენილი, − განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ და იქვე დასძინა, რომ შპს „თბილისი გრუპმა“, 2011-2012 წლებში ყოველგვარი ტენდერების გარეშე მილიონობით ლარის სამუშაოები შეასრულა დედაქალაქში. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გამოიკვეთა სხვა სახის დარღვევებიც („საქ. რესპ.“ 14 იანვარი, 2014).TK
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მიუსაფართა თავშესაფრის გამო, ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს. როგორც ნარმანიამ განაცხადა, თავშესაფარში კვირაში 2-ჯერ დეზინფექცია ტარდება; − მიუხედავად ამისა, მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე კომისიის ბოლო სხდომაზე მივიღეთ კარვების გადატანის გადაწყვეტილება. ტერიტორია, რაც თავშესაფრისთვის არის გამოყოფილი, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველა სახის სერვისით სრულად მოვემსახუროთ 200 ადამიანს, ამიტომ ავიღებთ სხვა, გაცილებით დიდ ტერიტორიას, სადაც გაზაფხულზე დავიწყებთ უფრო სტაციონარული ტიპის თავშესაფრის მშენებლობას, − განაცხადა დავით ნარმანიამ და იქვე განმარტა, რომ ახალი თავშესაფარი თბილისის შემოგარენში განთავსდება. ამასთან, მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავშესაფარში ორი პირის გარდაცვალების საკითხს და განმარტა, რომ აღნიშნული არა კარვებში არსებული „ცუდი პირობებით“, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული („საქ. რესპ.“ 14 იანვარი, 2014).TK
ცოტნე დგებუაძე: „რუსთავის პირველი დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად, პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და მე-7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. ბრალდებულების ახალაიას და ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს; პარალელურად გამოძიება გრძელდება „ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია. გამოძიებით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ახალაიას დავალებით გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან, რომან სურმანიძესთან და მარად ართმელაძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა − 1988 წელს დაბადებული შოთა(მურად) გორგაძე და მისი მეგობრები, 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც, თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ კი გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გორგოძისთვისაც მიეხედათ. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ახალაიას ბრძანებით, პატიმრები − გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხია ეზოში გაიყვანეს. ახალაიამ და ქარდავამ პატიმრების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მათი უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვამდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით, მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით. მათი წამება ამით არ დასრულებულა. დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბაჩო ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებულ პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ უმოწყალო ცემას. გამოძიებით დადგენილია, რომ ყოველგვარი იურიდიული საფუძვლების გარეშე ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გორგაძის, ლექვთაძის, პაპავას, მანდარიას, ბეჭვაიას და მესხიას სასჯელაღსრულების დაწესებულების N1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის მე-7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში; მე-7 დაწესებულებაში შეყვანისას, პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად ამავე დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას. ამის შემდეგაც ისინი შეასახლეს საკნებში; პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაჰყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. პატიმრების წამება, საერთო ჯამში, გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში; „ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-ის შენობიდან სკანდალურმა ვიდეომასალამ გამოჟონა, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ახალაია კმაყოფილი და ღიმილიანი სახით ხსნის ავტომატს და დაბლა უშვერს, გურამ დონაძე გვერდზე ხტება... ამ სპეცოპერაციას ჰყავს თვითმხილველები. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გარდაცვლილის მამას, ოთარ სურმანიძეს უთხრა, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს, არ ესროლათ. მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს. კომპლექსური კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ტანსაცმლის გამოკვლევისას დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია 1-1,5 მეტრის მანძილიდან. ექსპერტიზის დასვნის მიხედვით, სამივე გარდაცვლილს ტყვიები მოხვედრილი აქვთ უკნიდან. ყველა მათგანის ჭრილობების მიხედვით დაზიანების ტრაექტორია არის ზემოდან − ქვევით მიმართული. მაშინ, როდესაც შსს-ს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი სროლას აწარმოებდა დაწოლილ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში კი ჭრილობების არხის მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ქვემოდან − ზემოთ“ („საქ. რესპ.“ 15 იანვარი, 2014).TK
მანანა ნოზაძე: ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარემ თამარ ხაჭაპურიძემ სუროგაციის სფეროში ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაასახელა. მისი თქმით, უკვე მრავალი თვეა, სუროგაციის დარღვევის ოთხი ფაქტია გამოვლენილი, რომელთა შედეგადაც საქართველოს საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით ოთხი ახალშობილი გადაიყვანეს. სამოქალაქო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, − ამბობს იგი, − რომ სრულიად უკანონოდ, ბავშვის მამად სამი უცხოელი მამაკაცი დარეგისტრირდა, დედად კი სამი ქალბატონი − მუღალაშვილი, ჯავაშვილი და ღონღაძე; კრიმინალები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლს(სუროგატს არეგისტრირებენ დედად) ორ შემთხვევაში არღვევდნენ: 1. თუ სუროგაციის მეთოდით ემსახურებიან გეი წყვილს და ბუნებაში არ არსებობს კანონიერი დედა; 2. თუ სუროგაციის მეთოდით ემსახურებიან საეჭვო მიზნების მქონე პიროვნებას ან მარტოხელა მამაკაცს. „ორივე აღნიშნული შემთხვევა დაუშვებელია საქართველოს კანონით, ამიტომ ბავშვის დაბადების შემდგომ აყალბებენ დაბადების მოწმობის მონაცემებს. ხდება სუროგაციის ფაქტის დაფარვა, სუროგატ დედას აიძულებენ მოიტყუოს, ვითომ არის ბიოლოგიური დედა, დარეგისტრირდეს დედად, დაასახელოს მამად ის პირი, ვისზეც მიუთითებენ, ანუ ვინც ბავშვი ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს, დაბადების მოწმობის მიღების შემდეგ კი დედობაზე აწერინებენ უარს ნოტარიუსში. უდედო ბავშვი რჩება მარტოხელა მამაკაცს და გაჰყავს ქვეყნიდან“, − განმარტავს ხაჭაპურიძე. მისივე თქმით, საქართველოს კანონით დაუშვებელია სუროგატი დედის დედად რეგისტრაცია, მაგრამ ამ კრიმინალური სქემის ავტორებისთვის მნიშვნელობა არ აქვს კანონს, ისინი უბრალოდ მალავენ სუროგაციის ფაქტს... მისივე თქმით, სამი შემთხვევა გამოვლენილია ზაფხულში, ხოლო ერთი შემთხვევა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში, ამ ფაქტების შესახებ კი მისმა ასოციაციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც მიაწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, იგია პირველწყარო იმ ინფორმაციის, რის საფუძველზეც ეკა ბესელიამ პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოში სუროგაცია ბიზნესისა და ტრეფიკინგის წყაროა და ჩვენ დაუმსახურებლად ვტკენთ გულს პატრიარქს... დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სუროგაციის დროს ტრეფიკინგი ნიშნავს, რომ როცა ქალი თანახმა არაა, იგი ძალით ჰყავთ ჩაკეტილი და აიძულებენ, ბავშვი გააჩინოს. „ასეთი ფაქტების შესახებ მსმენია. ორსული ქალი თურქეთში გაიყვანეს, მაგრამ ეს დახურული სფეროა, ამ ქალბატონს არ შევხვედრილვარ და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. სხვა შემთხვევებიც იქნება, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და ამ დროს კრიმინალური ელემენტები ყოველთვის აქტიურდებიან. სუროგატ დედას არასდროს არ აძლევენ ამდენ ფულს. სუროგაცია − ეს არის ექსპლუატაცია და ამის წინააღმდეგი ვარ, რომ საერთოდ იყოს საქართველოში. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში სუროგაცია ნებადართული არ არის, რაც პატრიარქმა თქვა, არავინ გაიგო, რას ამბობდა, არადა, ასეთი სულიერების ადამიანი როცა ამას ამბობს, ამას გაგება სჭირდება და არა − ტრანსპარანტების გამოკვრა. სხვათა შორის, საინტერესო სურათი გადავიღე ჩვენი მეტროს ერთ-ერთ ვაგონში, გამოკრული იყო აბრა − „სუროგაცია კანონითაა დაშვებული“. სინამდვილეში, სუროგაცია კანონით დაშვებული არ არის, უბრალოდ აკრძალული არაა. ჩვილი ბავშვებიც გაჰყავთ თურქეთში, ეს უკვე ბავშვების ტრეფიკინგია,“ − აღნიშნა ნანა ნაზაროვამ („საქ. რესპ.“ 15 იანვარი, 2014).TK
გაგრძელება