საპატრიარქოში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი გიორგი გამრეკელი, კანცელარიის უფროსი ზურაბ ცხოვრებაძე, პრესსამსახურის უფროსი მამა დავითი. მათ საზოგადოებას ამცნეს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მის ირგვლივ... ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოვიდა ცნობა ანდრია ბოროდას მღვდლობიდან განკვეთის თაობაზე... ა. ბოროდა იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, რომელიც 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მერე კი შეუერთდა განხეთქილების ჩამომგდებ ავქრისტიანელთა ფრთას, რის გამოც ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამუდამოდ აუკრძალა მღვდლობა...
კონფერენციაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ ქალაქში იყიდება ისეთი ხატები, რომლებზეც ერთ მხარეს მაცხოვრის გამოსახულებაა, ხოლო მეორე მხარეს − სატანისეული, პორნოგრაფიული სიმბოლოები („საქ. რესპ. 17 იანვარი, 1998). GK
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამერიკელებს შორის სულ უფრო დიდი წარმატებით სარგებლობს დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ასახავენ სისასტიკეს რეალურ ცხოვრებაში („საქ.რესპ.“ 21 იანვარი, 1998).GK
დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი (სრულიად საქართველოს ერის და ბერის თანადგომის კავშირის „საქართველოს ქრისტეანული კულტურა“ თავმჯდომარე): „ამ კავშირის დაარსების იდეა წარმოიშვა საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევის შემდეგ, 1998 წლის 4 ივნისს მოხდა დამფუძნებელთა შეკრება შვიდი კაცის შემადგენლობით, რომელთაც ერთხმად მიიღეს კავშირის წესდება, რის შემდეგაც, 1998 წლის 25 ივნისს, ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა ეს კავშირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ქრისტეანული კულტურის შესწავლა-აღორძინებას; განავითაროს მეცნიერული კვლევები ქრისტეანული კულტურის სფეროში მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მემკვიდრეობის გამოყენებით და მისგან გამომავალი სწავლების საფუძველზე წარმართოს თანამედროვე ეროვნული კულტურის განვითარება; შექმნას სათანადო სამეცნიერო დაწესებულებები და სასწავლებლები; შეიმუშაოს სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში
(როგორც საერო, ასევე სასულიერო) სათანადო დისციპლინებისათვის პროგრამები“ („საქ. ქრისტეანული კულტურა“. N 1, 1998).TK
სრულიად საქართველოს ერის და ბერის თანადგომის კავშირის „საქართველოს ქრისტეანული კულტურა“ გამგეობის წევრები არიან:
ალექსანდრე დავითის ძე ჩახვაშვილი;
გიორგი არტემის ძე შიხაშვილი;
დიმიტრი ამირანის ძე ფავლენიშვილი;
გიორგი კონსტანტინეს ძე აფრიდონიძე;
გიორგი გიორგის ძე რაქვიაშვილი;
ვახტანგ დავითის ძე კობალაძე;
ბაადურ ბახუტას ძე ყიფიანი („საქ. ქრისტეანული კულტურა“. N 1, 1998).TK
ჯანსუღ ჩარკვიანი: „ორმოცდაათი კაციც რომ დარჩეს საქართველოში, მე პრეზიდენტი ვიქნები მაინცო“, თქვა და ტყვია გამოუშვა ქართველებისაკენ, მისივე მეგობრებისაკენ. ხოლო მანამდე, ნოდარ დუმბაძეს, მამამისზე არანაკლებ მწერალს, შავი სამყაროს მწერალი უწოდა...
გამსახურდია, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კათოლიკოსობას აპირებდა, დიახ, უწმინდური გზით ცდილობდა უწმინდესი და უნეტარესი გამხდარიყო... ახლა გამაგებინეთ, ვინ იყო იგი „მესია“? (ღმერთო, დამიფარე) უწმინდესი და უნეტარესი? (ღმერთო, დამიფარე) თუ არაჩვეულებრივი დემაგოგი და მშიშარა კარიერისტი? ვინ იყო გამსახურდია, არშემდგარი მწერალი, არშემდგარი პოლიტიკოსი თუ უბრალოდ, ამბიციური შვილი გამოჩენილი მწერლისა? ამის გაგება თქვენთვის მომინდვია, მაგრამ ის ხალხი ვიღაა, ვისაც სჯერა, რომ იგი ცოცხალია და საბერძნეთშია თუ საფრანგეთში? საიდან გაჩნდა მიცვალებული გამსახურდია საფრანგეთში ან საბერძნეთში? საიდან და „მესიურობიდან“, ან ხომ არ გგონიათ, ამ სისულელის დამჯერი ახალ აღთქმაშია ჩახედული? თქვენც არ მომიკვდეთ, არა. არც ჭეშმარიტი აღდგომისა სჯერა, მაგრამ გამსახურდიას აღდგომა დაიჯერა, დაიჯერა მისთვის, რომ კერპთაყვანისმცემელთა იმ „დამჯერე“ ნაწილს, მართლმადიდებლობასთან საერთო არა აქვს... არ შეიძლება მაცხოვარს შეადარო ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ქრისტიანობის წინააღმდეგ იბრძოდა“ („საქ. რესპ“. 3 მარტი, 1998).TK
ზვიად გამსახურდია: „დღესდღეობით ყველაზე უფრო მახინჯი და ნეგატიური მოვლენა ის გახლავთ, რომ საქართველოში რუსიფიკაცია სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ გეზად იქცა. ქართული ენის კანონგარეშე გამოცხადება, ქართულ სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში რუსული ენის გაბატონების ცდები, ქართველ მეცნიერთათვის აკრძალვა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების წერისა, აი რა არის ყველაზე მახინჯი და საგანგაშო მოვლენა“ („ახალი საქ.“, 12 - 18 მარტი, 1998).GK
როსტომ ჩხეიძე: „ხელისუფლების ცვლილება 1972 წელს იმის მომასწავებელი იყო, რომ ოდნავ მოშვებული არტახები ძველებურად მოეჭირებოდა და იმპერიული პოლიტიკის აღსრულება აღარ უნდა გადავადებულიყო. იმპერია თავს ვეღარ ინარჩუნებდა... საქართველოს ხსენება მალე სულ აიკრძალება და რესპუბლიკა დაერქმევა. კი მაგრამ, ვისი, რისი რესპუბლიკა? არც არავისი ისტორიული წარსულით, დღევანდელობით კი რუსეთის პროვინცია. იდეური კლიმატი აშკარად გაჯანსაღდაო − გადაჭრელდა გაზეთები და ცისფერი ეკრანი გაუთავებლად ამას იმეორებდა. ხალხმა ამოისუნთქაო, ხალხს არავის დავაჩაგვრინებთო, დიდი აღორძინება დაიწყო საზოგადოებრივ ცხოვრებაშიო, ამისთანანი და ასე შემდეგ. ვაი ჩვენი ბრალი. ყველაზე დიდ ბოროტებად საქმოსანი გამოცხადდა, ენერგიული ადამიანები, ვინც რაღაც გავლენა მოიპოვა იმხანად... მათ უნდა გადაბრალებოდა ქვეყნის ეკონომიკური საყრდენების მოშლა... ახალ ხელისუფალს ამ კასტის განადგურება დაესახა მიზნად და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მოხდება მწერალთა მორალური ნებართვითა და მხურვალე მხარდაჭერით... 70-იანი წლების ქართული ლიტერატურის ყალბ ნაკადს საქმოსანთა დაგმობის ტენდენციაც მძლავრ ტოტად შეემატა... საქმოსნებს რომ თავს ასხამდნენ, იქით ერთმანეთს დარეოდნენ, არა მე პირველმა გავილაშქრე საქმოსანთა წინააღმდეგ და არა მეო. ხელისუფლება აქეზებდა, თავზე ხელს უსვამდა, კრიტიკული პათოსი გაჩნდა და მომძლავრდა ქართულ მწერლობაში, ეს ხელისუფლებისა და მწერლობის მტკიცე მეგობრობის ნაყოფია...
საგულდაგულოდ იფარებოდა ციხის სამყარო, იჩქმალებოდა განუკითხაობა და უკანონობა, საგამომძიებლო იზოლატორის სპეციალური მე-2 კორპუსის შექმნამ კიდე უფრო დაუნდობელი რომ გახადა. აგენტი პატიმრები შეუსიეს ტუსაღებს და ტანჯვა-წამებით სასურველ ჩვენებებს მოიპოვებდნენ. ეს იყო ნამდვილი სასაკლაო და ჯალათთა თავაშვებულობის ადგილი... ზვიად გამსახურდიამ გამოიტანა ეს საზარლობა. „პატიმართა წამება შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეებში“ უმთავრესად ეყრდნობოდა ცირეკიძე-უსუპიანის საქმის მასალებს და გაუგონარ სისასტიკეს ამხელდა...
„საქართველოს მოამბის“ პირველივე ნომერში გამსახურდიამ გამოაქვეყნა მამხილებელი მასალები ქართული ეკლესიის შინაგან რღვევაზე, გახრწნასა და დაქვეითებაზე. და პირველ ყოვლისა გაიოზ კერატიშვილის პიროვნება გამოამჟღავნა, წმინდანის ქურქში გახვეული მგლის და ქვაბ-ავაზაკისა, არანაირ უზნეობას რომ არ ერიდებოდა თავის დამქაშებიანად...
ზვიად გამსახურდია მათ შორის იყო, ვინც ცდილობდა მხარში ამოსდგომოდა დაშინებულსა და დაჩაგრულ სამღვდელოებას. ხმებს უყრიდნენ: თვითონ მიილტვის პატრიარქობისკენო. ის კი ახალ პატრიარქს აფრთხილებდა და უსაბუთებდა, რა კაციც იყო სინამდვილეში გაიოზ კერატიშვილი. მაგრამ მას არაფრისდიდებით არა სურდა სიმართლე მოესმინა...
ზვიად გამსახურდიას გახმაურებული მონანიება 19 მაისს გადაიცა რუსეთის სატელევიზიო პროგრამა „ვრემიათი“... გმირის შარავანდი სახელგატეხილი, საბრალო კაცით უნდა შეცვლილიყო. − ნახავთ, ვინც ყოფილა!.. − ედუარდ შევარდნაძემ უკვე უწყოდა, რაც მოხდებოდა 19 მაისს და მასთან დაახლოებულ რამდენიმე მწერალს, პირველი აპრილის პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეთ, ამ ფრაზით ამცნო ყველაფერი... წინა დღეებში უკვე ყველამ იცოდა, „ვრემიას“ ერთ-ერთ სიუჟეტში ზვიად გამსახურდიაც რომ გამოჩნდებოდა და ხაზს გაუსვამდა თავის მოღვაწეობას, როგორც მცდარ გზას... ხმები ბრუნავს და ყველა სხვა განცდაზე მეტად გაოგნება სჭარბობს: განა ის არ არის მოსალოდნელი, რომ ძლიერმოქმედი წამლებით გაბრუებული დისიდენტი ანგარიშმიუცემლად იმეორებდეს იმ ფრაზებს, რაც გათიშულს ჩაუნერგეს?..
ეკრანზე ზვიად გამსახურდიაა, მოშვებული, ბედსშერიგებული, მომნანიე. მზად არის ყოველგვარი დამცირებისთვის, ოღონდაც აკმარონ ტანჯვა, აღარ ათრიონ ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, აღარც გადაკარგული იყოს და აღარც მავთულხლართებში გამომწყვდეული... ბედისწერასთან შეჯახებულ გმირს დიადი, ამაღელვებელი იდეალები ტყავის გადარჩენისთვის უნაცვლებია...
ეროვნული წამებულის სახელი არ უნდა შეილახოს, სუკ-ის ხრიკები უნდა გამოაშკარავდეს და ყველამ შეიტყოს, რომ სატელევიზიო აღიარების ვიდეოჩანაწერი სამი სხვადასხვა ნაჭრისგან შედგებოდა და მარჯვედ იყო ფალსიფიცირებული... ასეც შეატყობინეს ორ ამერიკელ კორესპონდენტს და მათაც მაშინვე მიაწოდეს ეს ცნობა თავთავის გაზეთებს... მოსკოვის ტელევიზია ბრალს დებს „ნიუ-იორკ თაიმსსა“ და „ბალთიმორ სანს“ ცილისწამების გავრცელებაში, მოსთხოვს საჯარო მობოდიშებასა და იმ პუბლიკაციების უარყოფას... გაზეთების მეპატრონენი არავითარ უარყოფას არ დათანხმდებიან, რადგან დარწმუნებულნი არიან, სამართლიანობას ვემხრობითო... რუსეთის ტელევიზია მოსკოვის სამოქალაქო სასამართლოში აღძრავს სარჩელს ამ ამერიკული გაზეთებისა და მათ კორესპონდენტთა წინააღმდეგ. სასამართლოზე ბრალდების მოწმედ არის დაბარებული ზვიად გამსახურდია. ამერიკელი ჟურნალისტები ამ პროცესს არ ესწრებიან, ისინი სამშობლოში გაემგზავრნენ და იქიდან ადევნებენ თვალს მოვლენებს. 1978 წლის 18 ივნისს სასამართლო დარბაზში შეკითხვაზე:
− როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე პაიპერისა და უიტნის სტატიებმა? - ზვიად გამსახურდია მიუგებს:
− ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილება, ჯერ ერთი, ამტკიცებენ, თითქოს ეს ყოველივე ოფიციალურ პირთა ნაყალბევია, და მეორეც, თითქოს მე არ მელაპარაკოს, რაც ტელევიზიამ უჩვენა.
− გაზეთში დაბეჭდილია, რომ თქვენი ინტერვიუ დამონტაჟებული იყო სხვადასხვა ნაწყვეტების, ფრაზებისა და სიტყვებისგან, რაც მთელი წლის განმავლობაში გითქვამთ. მართლა ასეა?
− მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დამონტაჟდეს სხვადასხვა სიტყვებისგან აზრი და საერთოდ - როგორ შეიძლება აჩვენო, შეადგინო გამოსვლა სხვადასხვა სიტყვებისგან?! ეს ხომ აბსურდია!
− თქვენი უკანასკნელი სიტყვები იმ პროცესზე... თქვენ აღიარეთ დანაშაული...
− დიახ! დიახ!
− აღიარეთ დანაშაული, სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ თქვენ ნება-ყოფლობით დათანხმდით ამ ინტერვიუს, რომელიც ჩაწერეს?
− დიახ! რასაკვირველია! რასაკვირველია! რასაკვირველია! - ზვიად
გამსახურდია“ („ახალი საქ.“, 12-18 მარტი, 1998).GK
აკაკი კარანაძე: „10 საათი იქნებოდა რომ ავდექი და წავედი ცენტრალურ კომიტეტში, მივედი პირდაპირ პატიაშვილთან. აკი ითქვა, რომ პოლიტიკური მეთოდებით გემოქმედათ, ჯარი საერთოდ რა შუაში იყო-მეთქი... 9 აპრილის ამბები უშუალოდ კარგად არ მახსოვს იმიტომ, რომ 9 აპრილს შეხვედრები მაქვს განყოფილებაში... ყველანი ისე ვიყავით საშინლად გადატვირთულები, რაღაც-რაღაცეები არ მახსოვს... როგორც კი ამბავი მოხდა, მე ჩემთვის მაშინვე დავადგინე, რომ სამხედროები იყვნენ დამნაშავე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს დანაშაული უფრო გამოკვეთილიყო. ამასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა შევარდნაძესთან, დაახლოებით 1 საათი, შეიძლება უფრო მეტიც. მე ვუთხარი, ორი აზრი არაა, რომ აქ დამნაშავე სამხედროები არიან და შეიძლება ესენი სხვანაირად წარმოადგენენ საქმეს, მაგრამ ხომ ხედავთ რამდენ ტყუილს ლაპარაკობენ თქვენ წინაშე, რამდენ სიცრუეს, ხომ წარმოგიდგენიათ სხვების წინაშე რანაირად მოიქცევიან... ჯარმა პასუხი უნდა აგოს, ეს ჯარი დამნაშავეა, უნდა თქვას თვითონ გორბაჩოვმა... შევარდნაძემ მითხრა, რომ რაზუმოვსკისაც მოუყევიო ყველაფერი... ველაპარაკე რაზუმოვსკის საათნახევარი... ამის შემდეგ მე ჩავფრინდი მოსკოვში... ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გავიდეთ გორბაჩოვზე...
ჩემი სიძე შემხვდა, მითხრა კასეტა მაქვსო იქ მომხდარი ამბების შესახებ. არ გაინტერესებსო? მაჩვენა ეს კასეტა, ვნახე. მეორე დილით წავედი ბიუროზე და ამ ინფორმაციის შემდეგ აპირებენ გამოიძახონ ქართველი მედიცინის მუშაკები, თქვან, რომ არავითარი ნიჩბების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მე ვთქვი, რომ წუხელ ვნახე კასეტა, იმ კასეტის მიხედვით იქ გვამები იყო. მე ვუთხარი, როგორც მოსამართლემ, ეჭვი შევიტანე იმაში, არის თუ არა ნიჩაბი თუ რაიმე სხვა იარაღი გამოყენებული, მოსახლეობისთვის, ხალხისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა, ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ ნიჩბები გამოყენებული იქნა. გარდა ამისა, აგერ სხედან ამხანაგები, რომელთაც იციან, რომ ნიჩბები გამოყენებული იქნა... აი ამის შემდგომ მოხდა ჩემი საუბარი შევარდნაძესთან...“ („ახალი საქ.“, 12-18 მარტი, 1998).GK
ელგუჯა ხინთიბიძე: „აღსანიშნავია ჩვენი ინგლისელი კოლეგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღზრდილი, ამჯერად ლონდონის უნივერსიტეტის რუსისტიკისა და ქართველოლოგიის პროფესორის დონალდ რეიფილდის მოღვაწეობა...
მისი დახასიათებით, ქართული ენის სონორთა მდიდარი მორფოლოგია, პოლისილაბური ნაკადი თითქმის ავტომატურად წარმოშობს რითმას. „საფრთხე ის არის, რომ ამ ხასიათის ენა ნებას რთავს პოეტს, შეწყვიტოს ფიქრი. ეს ცდუნება საშიშია იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში ენას შეუძლია იმაზე შორს წაიყვანოს პოეტი, ვიდრე მას თვალის მიდევნება ძალუძს“. ამას მკვლევარი უწოდებს ბგერებითა და სიტყვებით ჰიპერბოლიზაციას...
ენის სარკალურობა, მასში მისტიურის ჭვრეტა მკვლევარს ქართული ლიტერატურული აზრის ერთ-ერთ მახასიათებელ ნიშნად მიაჩნია. ამის ნათელსაყოფად იგი იოანე ზოსიმეს ცნობილ ჰიმნს მოიშველიებს და მას ასეთ კომენტარს ურთავს: „ეს ნიშნავს იოლად გასვლას ადამიანური გონების და თვით წერილობითი მემკვიდრეობის გარეშე. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ქართველ მწერლებს ნაკლებად აინტერესებთ სიზუსტე და კონტროლირება. აქვთ, აგრეთვე ტენდენცია ისაუბრონ ისეთ მოვლენებზე, რომელთა მნიშვნელობა არ განუჭვრეტიათ...
მისი აზრით, V-XI საუკუნეების ქართულმა მწერლობამ ბიზანტიური კულტურისადმი მორჩილების გამო თავისი კავკასიური გარემოცვაც კი დაივიწყა და უარყო...
ბუნების სურათები, ნადირობისა და ბრძოლის სცენები, რაც ასეთი ენთუზიაზმითაა აღწერილი „ამირანდარეჯანიანსა“ და „ვეფხისტყაოსანში“, ბერძნულის ნაცვლად ახლა ირანულია...
თამარი მესიაა − თანასწორია ძე ღმერთისა და მამა ღმერთისა („თამარიანი“), სამების მეოთხე ჰიპოსტასია („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“)...
იქნებ ჯობდეს ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შუასაუკუნეების მწერლობა და, საზოგადოდ, აზროვნება უაღრესად სიმბოლურია, რომ შუასაუკუნეების ავტორთა სიტყვები და ფრაზები ყოველთვის მხოლოდ მათი პირდაპირი, მარტივი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. და როცა მთელი ამ მოვლენის დეტალური ახსნა გვიჭირს, ხომ არ ჯობს კონსტატირება მოვახდინოთ მხოლოდ იმ ფაქტისა, რომ ეს არის გარკვეული ეპოქა, რომელსაც ახასიათებს ქართული ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრება და აღზევება...
ტარიელის, როგორც მიჯნურის, გახელებაში არის თავისებურება, რაც, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლური პოეზიისათვის დამახასიათებელი სიყვარულის სიგიჟედ ჰიპერბოლიზირების გზაზე შედარებით ზომიერი, გონივრული, საუკეთესო საშუალის ზღვარის შერჩევაში მდგომარეობს...
ნოვატორობა „ვეფხისტყაოსნის“ შეყვარებულთა სახეების შექმნისას, პირველ რიგში, მდგომარეობს ინტელექტუალური საწყისის პრიორიტეტში, რაც რუსთველის მსოფლმხედველობის რენესანსული იმპულსებით აიხსნება...
ინგლისელი ქართველოლოგის აზრით, სწორედ ჰიპეროლიზაციაა ის თვისება, რაც ისეთი საოცარი ფენომენის, როგორც ქართული ლიტერატურაა, ერთგვარ სუსტ, მწირ მხარედ უნდა ჩაითვალოს“ („საქ. რესპ“. 1 აპრილი, 1998).GK
საქინფორმი: „9 აპრილს საქართველოს ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია“ („საქ.რესპ.“ 11 აპრილი, 1998).GK
ესპანური გაზეთი „პაისი“ აანალიზებს ამერიკის არკანზასის შტატი ქალაქ ჯონსბოროს სკოლაში მომხდარი სისხლისღვრის მიზეზებს. გაზეთი სვამს კითხვას, რატომ არის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი და ყმაწვილი სჩადის ისეთ ველურ და უგუნურ დანაშაულობებს, რომლებსაც წინათ მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებული მოზრდილები თუ ჩაიდენდნენ. შესაძლოა, თანამედროვე მოზარდები გამუდმებით აწყდებიან ძალადობისა და მისი ამსახველი ინფორმაციის გამოვლინებებს. სისასტიკემ და ძალადობამ ისე მოიკიდა ფეხი ტელევიზიაში, კინოში, პრესაში თუ კომპიუტერების ეკრანებზე, რომ მოზარდთა ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა... ბრიტანული „ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ მარტო უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში სამი ასეთი ტრაგედია მოხდა. 1 ოქტომბერს მისისიპის შტატში 16 წლის ჭაბუკმა დანით მოკლა საკუთარი დედა და დაჭრა ცხრა ამხანაგი, ორნი − სასიკვდილოდ. ორი თვის შემდეგ 14 წლის ემოციურად გაუწონასწორებელმა კენტუკელმა ყმაწვილმა ტყვია დაუშინა თანაკლასელთა ჯგუფს. „ჯონსბოროს“ ნადირობის“ მსგავსი შემთხვევა მოხდა იმავე არკანზასის შტატში. ბუჩქებში დამალულმა მცირეწლოვანმა სნაიპერმა ორი მოსწავლე დაჭრა („საქ.რესპ.“ 11 აპრილი, 1998).GK
ჯემალ აჯიაშვილი(მწერალი): „ზოგი მეცნიერის ვარაუდით ქართული ბიბლია თავდაპირველად ებრაულიდან უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ძველი აღთქმის პოეტურ-ფილოსოფიური სამყარო, ახალ აღთქმასთან ერთად, იმთავითვე გაითავისეს ძველი საქართველოს მკვიდრებმა და მისი პერსონაჟები თავიანთი სულიერი ცხოვრების თანამგზავრებად აქციეს (ბაგრატოვანი მეფეები თავიანთ თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად თვლიდნენ)...
საკუთრივ საქართველოში 10-12 ათასი ებრაელია შემორჩენილი, რომელთაგან ბევრს წამყვანი პოზიციები უჭირავს რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში...
სწორედ ბიბლიური ძირებისადმი პატივისცემა და ეს ისტორიული მეხსიერებაა მრავალწილად რომ განსაზღვრავს ქართველი ებრაელის მდგრადობას და მას მსოფლიო ებრაელობის ინტეგრალურ ნაწილად ხდის“ („საქ. რესპ“. 29 აპრილი, 1998).TK
„საქინფორმის“ ანალიტიკური სამსახური: „აშშ-ის კონგრესის მონაცემების თანახმად, იგორ გიორგაძეს ხშირად ხედავენ მოსკოვში, მაგალითად, სხვადასხვა რესტორნებში, თავდაცვის სამინისტროს სპორტდარბაზში...
ვინ არის იგორ გიორგაძე? ამის შესახებ რიგ საყურადღებო ცნობებს უშიშროების ყოფილი შეფი თავად აწვდის მკითხველს. იგი სიამაყით უცხადებს „ზავტრას“ კორესპონდენტს, რომ არის „პროფესიონალი ჩეკისტი“... იგორ გიორგაძე ინტერვიუებში მხოლოდ თავისი სახელით არასოდეს ლაპარაკობს. თითქმის ყოველთვის მოიხსენიებიან იგორის „თანამოაზრეები“... დიდ სირთულეს არ წარმოადგენს თანამოაზრეების დადგენაც. ამ უკანასკნელთა შორის იგულისხმებიან ისინი, ვინც „საქართველოს პატრიოტობაზე“ დებს თავს და თან საბჭოთა კავშირის ტიპის“ სახელმწიფოს აღდგენაზე ოცნებობს...
იგორ გიორგაძე საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. პარტიისა, რომელსაც მამამისი − პანტელეიმონ გიორგაძე ხელმძღვანელობს...
„ზავტრაში“ იგორ გიორგაძე და მისი „თანამოაზრენი“ თავის ნამდვილ სახეს ავლენენ და „ველიკოდერჟავული“ პოზიციიდან ებრძვიან შევარდნაძეს... ი. გიორგაძის მტკიცებით, „პერესტროიკის“ დროინდელ პოლიტბიუროში იწერებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის სცენარები, რაშიც „მნიშვნელოვანი როლი ე. შევარდნაძემ შეასრულა“.
უშიშროების ყოფილი შეფი თუ მის უკან მდგომი ძალები „ზავტრას“ მკითხველს აუწყებენ, რომ ამჟამად დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მოსული ე. შევარდნაძე რუსეთის დაშლა-დანაწილების ამოცანის „მეორე ნაწილის რეალიზებითაა“ დაკავებული და მკაფიოდ ანხორციელებს რუსეთის კავკასიიდან გამოდევნის სტრატეგიას. იგორის განცხადებით, ამ სტრატეგიის შედეგად რუსეთმა მიიღო ომი ჩეჩნეთში, ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი, ფეთქებადსაშიში სიტუაცია დაღესტანში, არასტაბილური ვითარება რუსეთის სამხრეთის სხვა ნაწილებში...
იგორ გიორგაძე, ნეოიმპერიულ პოზიციაზე მდგომი სხვა რუსი პოლიტიკოსების მსგავსად, ხაზს უსვამს შევარდნაძის „დამანგრეველ როლს დსთ-ში“, ისევე როგორც ბრალს სდებს საქართველოსა და კავკასიაში არსებული კონფლიქტების „გლობალიზაციისაკენ მიმართულ მცდელობებში“...
საქართველოს „სიმართლის, სამართლიანობის და აღმავლობის გზაზე დაბრუნება“ ი. გიორგაძისა და მისი თანამოაზრეებისათვის ჩვენი ქვეყნის ნეოიმპერიულ წიაღში დაბრუნებას ნიშნავს...
გიორგაძე აცხადებს, რომ „კარგად იცის“ 1995 წლის არჩევნების წინა პერიოდში არსებული სიტუაცია და მაშინ „75% ამომრჩევლებისა შევარდნაძის წინააღმდეგი იყო“... მისი მიზანია, როგორც თავად ამბობს „შევარდნაძის რეჟიმის დამხობა“, რომელსაც „პირველივე სერიოზული სახალხო უკმაყოფილების ორგანიზებული ტალღა წალეკავს“...
იგორისა და მისი თანამოაზრეების „რიტორიკას“ არჩევნების გაყალბების თაობაზე მონდომებით იმეორებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსიც...
იგორ გიორგაძე ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს და 1998 წლის 9 თებერვლის თავდასხმები ე. შევარდნაძის მიერ მოწყობილ „თვითინსცენირებებს“ წარმოადგენდნენ...
სალმან რადუევი ანტიქართული საინფორმაციო (და არა მხოლოდ საინფორმაციო) დივერსიების კიდევ ერთ წყაროდ იქცა. იგი არც მალავს მის წინაშე დასახულ ამოცანას − თავისი განცხადებებით შევარდნაძეზე ახალი თავდასხმების თაობაზე და ამ მიმართულებით გადადგმული „პრაქტიკული ნაბიჯებით“ მუდმივი დაძაბულობისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციოს საქართველოს ხელისუფლება.
სალმან რადუევი ჩეჩნეთის მრავალი ოფიციალური მოღვაწის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პიროვნებაა. რადუევი კი თავად აცხადებს, რომ გოჩა ესებუა მასთან მჭიდრო კავშირში მოქმედებდა და ხაზს უსვამს საქართველოში მოქმედი ზვიადისტური დაჯგუფების მხარდაჭერას, რომელთაც შეიარაღებულ დახმარებას პირდება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში...
იგორი და მისი თანამოაზრეები, ისევე როგორც მათ უკან მდგომი რუსეთის ნაციონალ-კომუნისტური ძალები, ჩქარობენ, რადგანაც ევრაზიული დერეფნის განვითარება და კასპიის ძირითადი ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების თაობაზე შესაძლო გადაწყვეტილება სრულიად ახალ რეალობას ქმნის, რასაც ნეოიმპერიული ძალების აზრით, „კატასტროფული გეოპოლიტიკური შედეგები“ მოჰყვება რუსეთისათვის, ანუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით...
გაზეთ „შანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გიორგაძე „აღშფოთებას გამოთქვამს“ იმის გამო , რომ „საქართველოში და მის ზედა ეშელონებში ამდენი ცისფერია“. ამასთან მკითხველს „აღუთქვამს“, რომ „უფრო ვრცლად ამ ფენომენზე საუბარი იქნება სასამართლო პროცესის დროს (გვარების და ფაქტების დასახელებით)“. გაზეთ „ზავტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი გიორგაძე აცხადებს, რომ თავად შევარდნაძე არის „ადამიანი თანდაყოლილი სექსუალური პათოლოგიით“, რომელმაც „მსგავსი ადამიანები შემოიკრიბა თავის გარშემო“...
რუსულ გაზეთებში ბევრი „საინტერესო“ მასალის მოძიება შეუძლია თავად მკითხველს. დსთ-ს პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტად ლანძღვა-გინება შევარდნაძისა და ალიევის წინააღმდეგაა მიმართული...
ე.წ. ზვიადისტების გულის მოსაგებად იგორ გიორგაძე საჭიროდ მიიჩნევს აღიარებული იქნას, რომ „1992 წლის იანვარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომლის ინსპირატორი და ორგანიზატორი იყო შევარდნაძე“, „მოეხსნათ ნებისმიერი დისკრიმინაციური შეზღუდვები ე.წ. ზვიადისტებს და ციხეებიდან გამოშვებული იქნას პოლიტპატიმრები“...
მიმდინარეობს „სახელმწიფო გადატრიალების“ ფსიქოლოგიური მომზადება... მოსალოდნელია ახალი მცდელობები ქვეყანაში ქაოსისა და განუკითხაობის ვითარების დასაბრუნებლად...
ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალებისათვის სასურველი მიმართულებით მოვლენათა განვითარებას, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ თვითონვე არ უნდა შევუწყოთ ხელი...
არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულმა ძალებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ საპარლამენტო კრიზისის შექმნის მცდელობა და „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების“ მოთხოვნა იმისათვის, რომ პრეზიდენტზე მორიგი თავდასხმის წარმატებით დამთავრების შემთხვევისათვის მოშლილი იყოს პარლამენტიც − ხელისუფლების მეორე შტოც და ქვეყანაში არსებობდეს ლეგიტიმური ხელისუფლების ვაკუუმი“ („საქ. რესპ“. 22 მაისი, 1998).TK
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური − საქინფორმი: „22 მაისს თბილისში საგანგებოდ შეიკრიბება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან სათანადო უფლებებით აღჭურვილი რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები...
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ როგორიც უნდა იყოს სეპარატისტთა მიერ წამოწყებული დამსჯელი ექსპედიციების მასშტაბები, აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის დაბრუნების პროცესი შეუქცევადი იქნება“ („საქ. რესპ“. 22 მაისი, 1998).TK
საქინფორმი: „ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციის“ აღმასკომმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველო აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების დამხობას აპირებს, რასაც კავკასიაში ახალი ომი მოყვება. „ყველა კავკასიელი ხალხი და პირველ რიგში, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ადიღეელები ყველანაირ დახმარებას გაუწევენ აფხაზებს, რათა ქართველებმა თავიანთი განზრახვა ვერ შეასრულონ“ („საქ. რესპ“. 22 მაისი, 1998).TK
ანზორ ბალუაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე): „გამოძიების მასალებით უცილობლად არის დადგენილი, რომ აფხაზეთში ექვსი ათასი ადამიანი ჩახვრიტეს, ჩამოახრჩვეს და დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ, ათიათასობით დაასახიჩრეს და ხეიბარი გახადეს, სიკვდილის რეალური მუქარით მშობლიური კერიდან აყარეს და განდევნეს ასიათასობით მშვიდობიანი მოსახლე − ქართველები და სხვა ეროვნებისა, მათ შორის, აფხაზებიც... ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ადამიანურობის წინააღმდეგ უმძიმეს დანაშაულობათა ჩადენაში განსაკუთრებულია ჩვენი თანამოძმეების „დამსახურება“...
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში, სამწუხაროდ, ლომის წილი ყოფილი ხელისუფლების, ექსპრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვის სინდისზეა... ყოფილმა ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები და ვის რა როლი დაეკისრებოდა ამ დროს...
1992 წლის 1 ოქტომბერს ზ. გამსახურდია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს: „მე მოვუწოდებ აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას, გააძევოს ხუნტის დამსჯელი ბანდები...“ (გაზეთი „აღდგომა“)... ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მთელი მოღვაწეობა ამ პერიოდში სწორედ კრახის აღნიშნული ტრიადის რეალიზაციას ემსახურება. პირდაპირ ვიტყვი − არც სამშობლოსთვის ბრძოლა, არც ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება მათ არ აინტერესებთ. ყველაფერი მათი ამბიციური მისწრაფების განხორციელებას ემორჩილება... ექსპრეზიდენტი ქართველი ერისადმი მიმართვაში 1993 წლის 20 სექტემბერს, მაშინ, როდესაც ერის უძვირფასესი გენოფონდი − ახალგაზრდობა ბრძოლაში თავს სწირავდა, წერს (იხილეთ „აღდგომა“, 20 სექტემბერი): მოგიწოდებთ, გააძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა, გაფიცვები, მიტინგი თუ ყოველგვარი საპროტესტო აქციები ხუნტის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ ხუნტის შეიარაღებულ ძალებს, გადმოვიდნენ ჩვენს მხარეზე, შევიდნენ კანონიერ სტრუქტურებში. მათ გარანტირებული ექნებათ ხელშეუხებლობა სათანადო პირობების დაცვით“ („საქ. რესპ“. 26 სექტემბერი, 1998).TK
კონსტანტინე კოკოევი (პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე): „ეკლესიის მოთხოვნით, სახელმწიფომ ჰუმანური მოსაზრებით ივალდებულა, კომპენსაციის სახით ეკლესიას გადაუხადოს თანხა იმ სოციალური თუ ფიზიკური ზარალის ასანაზღაურებლად, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა მიაყენა. ამ საკითხებში თანხმობა მიღწეულია, მაგრამ ეკლესიას სურს სახელმწიფო დაიხმაროს ანტისექტანტურ პროპაგანდაში. მე პირადად სექტები ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ არ მაქვს უფლება მათ საქმიანობას ხელი შევუშალო. ანტიპროპაგანდა ეკლესიის საქმეა და არა სახელმწიფოსი... ეკლესიას ჯერჯერობით სრულყოფილად არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ზემოხსენებული ხელშეკრულების თაობაზე. დოკუმენტის მოსამზადებელ შეხვედრებზე ეს გამოჩნდა. ჩვენთან მოლაპარაკებებზე მოდიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხზე. აშკარაა მოსაზრებები სხვადასხვა ფრთიდან მოდის. ჩვენ გვინდა აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება მივიღოთ და ამ პროცესში დროც ჭიანურდება. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს უნდობლობის მომენტიც საპატრიარქოს მხრიდან. მას ჰგონია, რომ ჩვენ რაღაც ცუდი გვაქვს ჩაფიქრებული და ამის ლამაზი ფორმით შენიღბვა გვინდა. ეს ძალზედ საშიში სინდრომია. ძლივს მიღწეული შეთანხმება ხშირად ირღვევა... არ ვიცი, რა ძალებიდან მოდის ეს და ვის აინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ აინტერესებთ...
ჩემი აზრით, ეკლესია უნდა გამოვიდეს ხალხში და დაიბრუნოს დაკარგული მრევლი. მე წმინდა პანტელემონის ეკლესიაში დავდივარ და ვხედავ, ყოველდღე როგორ კლებულობს მრევლი...
მართლმადიდებლურ ეკლესიაში მრევლი დღითიდღე კლებულობს... მე ამის შორიდან ყურება არ შემიძლია. ვიმეორებ, ყველაზე მეტი აქტიურობა ისევ და ისევ ჩვენს საპატრიარქოს მართებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ“ („კვირის პალიტრა“, 19-25 ნოემბერი, 1998).GK
აკაკი მიქაძე: „მანანა არჩვაძე მოითხოვს შევარდნაძის დაუყოვნებლივ გადადგომას და ქვეყნის მმართველობაში „ზვიადისტების“ დაბრუნებას. ცხადია, რომ ასეთი მოთხოვნით საპროტესტო აქციების მოწყობის ცდები ხშირად მთავრდება პოლიციასთან შეტაკებით... უკანასკნელი დაკა-დაკა მოხდა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, როდესაც „ზვიადისტებმა“ განიზრახეს, მარშით ჩაევლოთ რუსთაველის პროსპექტზე და ხელისუფალთ მოსთხოვეს, არც მეტი, არც ნაკლები − მთავრობის სახლის შენობის დაცლა. ამ დღეს არჩვაძის მომხრეებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა...
შევარდნაძის რეჟიმზე იერიში გამსახურდიას ქვრივმა დაიწყო წელიწადნახევრის წინათ, როდესაც უეცრად დაბრუნდა მოსკოვიდან. მაშინ, ხელისუფალთ მოსთხოვა, ნება დაერთოთ, თბილისში გადმოესვენებინა ჯოჰარგალაში დაკრძალული ქმრის ნეშტი. ქვეყნის ხელმძღვანელობამ სრულიად საფუძვლიანად უპასუხა, რომ ეს გამსახურდიების ოჯახის პირადი საქმეა, რომელსაც შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ მოიქცესო. ასეთმა პასუხმა აშკარად ვერ დააკმაყოფილა მანანა. ეტყობა, მას სურდა, გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე მიღებულიყო, ხოლო თუ გადმოსვენებაზე უარს ეტყოდნენ, ეს სავსებით შეიძლებოდა პროპაგანდისტულ საბაბად გამომდგარიყო... ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ არჩვაძემ „ზვიადისტებს“ აგრძნობინა, რომ ახლა ის იქნება მათი ბელადი და ქმრის საქმეს საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს. მაგრამ ასეთი შემობრუნება ბევრს არ ეპიტნავა. მასთან არ მოისურვა ეთანამშრომლა ან თუნდაც რაიმე საერთო ჰქონოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მათ შორის, „კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებამ“, თაყვანს რომ სცემდა მისი ცხონებული მეუღლის სახელს, და თვით ექსპრეზიდენტის პირმშომ, გაერთიანებამ „მრგვალი მაგიდა“ − თავისუფალი საქართველო“ („მოსკოვსკიე ნოვოსტის“ საკ. კორ. თბილისი „მნ“, 13-20 დეკემბერი, 1998).TK
თემურ მირიანაშვილი: „ნებისმიერ ერს შეიძლება დასწამო ნებისმიერი მანკიერება. შეიძლება, მაგალითად, უარჰყო, რომ ებრაელები არიან უაღრესად ნიჭიერი, ჭკვიანი და გამრჯე ერი. ამისთვის საჭიროა არად ჩააგდო, რომ ებრაელებმა შექმნეს ბიბლია, რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის პროგრესში, რომ ნობელიანტთა ოცდაოთხი პროცენტი ებრაელია და აქცენტი გააკეთო იმაზე, რომ შეგხვედრია ებრაელი ეროვნების ინდივიდებს შორისაც უნიჭო, უჭკუო და უქნარა“ („საქ. რესპ“. 18 დეკემბერი, 1998).TK
გრიგოლ ჟვანია (საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი): „თითქმის შვიდი წლის წინათ, 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 7 საათსა და 30 წუთზე თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრის ღამის 4 საათსა და 25 წუთამდე. სხვა სიტყვებით, ომი გრძელდებოდა 16 დღე და დამთავრდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამარცხებით... მთავარი მიზეზი, რომელმაც ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის წარმოშობას ხელისუფლებასა და მთლიანად ქვეყანაში, მდგომარეობს იმაში, რომ თვით ხელისუფლების უმაღლესი ორგანო − უზენაესი საბჭო თავისი შემადგენლობით არ იყო ერთგვაროვანი, იგი იყო ჭრელი, რის გამოც ისინი ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთთან მთელ რიგ პრინციპულ საკითხებში, უზენაესი საბჭოს სხდომებზე საქმე ხშირად მიდიოდა შეხლა-შემოხლამდე, ლანძღვა-გინებამდე...
ხელისუფლების საშუალო და უმაღლეს ორგანოებში აღმოჩდნენ ადამიანები, რომელთაც არ გააჩნდათ სახელმწიფო აპარატის მართვის ელემენტარული გამოცდილება, უფრო ზუსტად, იმყოფებოდნენ ნულოვან მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ამ მხრივ საკმაო დეფიციტს განიცდიდა თვითონ ბატონი ზვიად გამსახურდიაც... ბატონმა ზვიადმა სწორედ ტურა-ტაბაკის ტიპის ადამიანების შთაგონებით თანდათანობით შეზღუდა, შემდეგ კი მთლიანად ჩამოაცილა სახელმწიფოს საქმეებს ბოლომდე მისი ერთგული ბევრი პიროვნება. მოგვიანებით მან განკარგულებაც კი გასცა ზოგიერთი მათგანის დაპატიმრების შესახებ...
1991 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისათვის ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა, საქართველოსთან მიმართებაში კი ეს პროცესი გარკვეულად შეფერხებული იყო. ამასთან, 1991 წლის სექტემბრიდან დასავლეთის პრესაში გამოქვეყნდა ბევრი მასალა, სადაც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ზ. გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა“ („საქ. რესპ“. 24 დეკემბერი, 1998).TK