სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2004 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    ეკა სეხნიაშილი: „ №458/12 − ნესტან თათარაშვილის სასარჩელო განცხადებაში სასახლის კანონდარღვევებზე გარკვევით წერია: „ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობა, სათანადოდ შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე, რითაც ადგილი აქვს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ პუნქტის „კ.ა“ და „კ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დარღვევებს. აღნიშნულის თაობაზე 03.08.2004 შედგა ოქმი და დამკვეთს ჩაბარდა 03.08.2004 წელს №309/1 შეტყობინება, 10 დღის ვადაში დარღვევების გამოსწორებისა და 24 საათის განმავლობაში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. დამკვეთს დარღვევა არ გამოუსწორებია და კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობა კვლავ გრძელდება“... ნესტან თათარაშვილმა გაბედა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იმის გახმაურებას, რომ სააკაშვილის რეზიდენციას უკანონოდ აშენებენ, ნესტან თათარაშვილის თანამდებობა ეწირება. ამას თავად მინისტრის მოადგილე, ვატო ლეჟავაც არ მალავს და ნესტან თათარაშვილს იმასაც კი უმხელს, რომ თანამდებობას შეუნარჩუნებდნენ, თუ პრეზიდენტისა და სხვა უკანონო მშენებლობების ირგვლივ ამხელა ხმაურს არ ატეხდა. თავად ნესტან თათარაშვილმა ზემდგომებს ნახევრად ხუმრობით ისიც კი შესთავაზა, იმ მაღალჩინოსნების სია მომეცით, ვისთვისაც კანონი არ კანონობსო“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    კობა დავითაშვილი: „ვანო მერაბიშვილის ჭეშმარიტი აღმსარებლობა ათეიზმია. კარგად ვიცნობ მის მსოფლმხედველობას და არანაირი რელიგიურობა მასში არ შემიმჩნევია. ეს წმინდად იდეოლოგიური საკითხია, იგივე „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი, ასევე „ნჯეო“-ს ყოფილი წევრი გიგა ბოკერია, განათლების მინისტრი კახა ლომაია, გიგი თევზაძე და სხვები... ამ ადამიანებს მიაჩნით, რომ უნდა მოხდეს სწრაფი, რევოლუციური გადასვლა ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე და ამისთვის აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესიის შესუსტება... ეჭვი მეპარება, რომ სასულიერო სემინარიის და აკადემიის სტუდენტებს მართლა აწუხებდეთ ის, რაც განაცხადეს. თურმე რა სერიოზული პრობლემაა, რომ 1994 წელს საპატრიარქოს ეგიდით კომერციული ოპერაციები ტარდებოდა. ეს არც მე მომწონდა და არც საზოგადოების დიდ ნაწილს. საპატრიარქომ უარი თქვა ამაზე და პრობლემა ამოიწურა. ეს სტუდენტები ამ ფაქტიდან ექვს-შვიდ წელიწადში ჩაირიცხნენ სასულიერო სასწავლებელში. 2004 წლის ბოლოს ამ პრობლემის წამოწევას და ხელოვნურ აქტუალიზაციას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. აშკარაა, რომ ეს არის დაპირისპირების პროვოცირება. რასაც სამწუხაროდ ამ იდეის ავტორებმა მიაღწიეს. მერაბიშვილის და მისი გუნდის ამოცანა ხომ დაპირისპირების ჩვენებაა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    ლევან რამიშვილი („თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი): „კობა დავითაშვილს მეგობრად ვთვლიდი და მე მგონი ისიც. თუ მართლაც ასეთი რამე თქვა, საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიპოვა სინდისზე... კობას ფრაქცია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს. მას თუ აქვს უფლება ისტორიაში რაღაცეები იკვლიოს, ამ ადამიანებსაც იგივე უფლებები აქვთ. სტუდენტებს ამის უფლება ჰქონდათ... მე ამ ახალგაზრდებთან კონტაქტი მაშინ მაქვს, როდესაც ჩემი დახმარება სჭირდებათ... დღეს მოქმედი საეკლესიო კანონი არ შეესაბამება ეკლესიის პრინციპებს, ამის სამტკიცებლად მე საქართველოს ისტორიის ცოდნაც მყოფნის“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    ეკა სეხნიაშვილი: „სოსო თოფურიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეა, ბრალი კი მის შვილს, გიორგი თოფურიძეს, მუსიკოს იოსებ ხელაშვილის ვაჟიშვილის მკვლელობაში ედება. იოსებ ხელაშვილმა თავად მის აღმატებულება პრეზიდენტს ოფიციალური წერილიც მისწერა, სადაც 18 წლის ვაჟის მკვლელად სოსო თოფურიძის შვილს ასახელებს და გამოძიების მსვლელობაზე პრეზიდენტის მაღალჩინოსანი ნათესავი პოლიციელის ზეწოლასა და გავლენაზე საუბრობს. აქვე დაზარალებული მხარე საქართველოს პრეზიდენტს თოფურიძის მიერ მოწმეებზე ზეწოლის შესახებაც უყვება და სამართლიანობის დადგენის მოტივით სთხოვს, თოფურიძე ჩამოაშოროს, დროებით მაინც, დაკავებულ თანამდებობას. პრეზიდენტ სააკაშვილს ჩვეულ რიტმში საპასუხოდ არ სცალია. ამასობაში კი თოფურიძეს აწინაურებენ კიდეც. უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური დაცვის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსობიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაჰყავთ. იოსებ ხელაშვილის განცხადებით, თოფურიძემ თავიდანვე იზრუნა საქმის ჩაფარცხვაზე და ექსპერტიზის საშუალებით მკვლელობის იარაღიდან (დანიდან) ლაქები გააქრო. შემდეგ კი მოწმეებიც დააშანტაჟა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    გურამ შარაძე: „რამდენიმე დღეში ხელისუფლება ზეწოლის შედეგად აიძულებს პატრიარქს, დაწეროს განცხადება, შეუძლოდ ვარ, ფიზიკურად არ შემიძლია და გადავდგებიო... იმიტომ, რომ იგი ვერ ჩართეს, მეტიც ვერ გამოიყენეს გლობალიზაციის და სოროსიზაციის პროცესში... მთელი სახელმწიფო სტრუქტურები და ჩინოვნიკები სოროსს ყურებით ჰყავს დაჭერილი. დარჩა ეკლესია, აქაც შეაღწიეს. გადაიბირეს სამღვდელო პირები: მეუფე დანიელი, დეკანოზი ბასილ კობახიძე, მამა გიორგი ჩაჩავა და მამა ზაზა თევზაძე... მე ვაცხადებ, რომ მაქვს გადამოწმებული სარწმუნო წყარო. თუ ასე არ არის გამოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, გიგი წერეთელი და დამიპირისპირდნენ. გიგი წერეთელს ნუ კარგავთ, ისიც ამ გუნდის წევრია და მეუფე დანიელის სულიერი შვილია. რამდენიმე წელია თავს იკლავს, რომ პატრიარქი გადადგეს... მეუფე დანიელი ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძის, გიგი წერეთლის პირადი მოძღვარია. ამის მოწმე მე თვითონ ვარ, თუ როგორ გიჟდებიან ისინი მეუფე დანიელზე. გადააგდებენ პატრიარქს და თავიანთ კანდიდატს დასვამენ, რომელიც ხელს შეუწყობს, არ შეეწინააღმდეგება ეკუმენიზაციას, გლობალიზაციას და სოროსიზაციას... მეუფე დანიელი არის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, რომელიც უნდა იჯდეს აფხაზეთში და არა თბილისში, საპატრიარქოში. ის მრევლთან ერთად გამოძევებულია. თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. მე იგი რამდენიმე წლის წინ ვამხილე... სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, რომლებმაც კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოს პატრიარქის მიმართ, სასულიერო აკადემიაში სწავლის არაფერი ეტყობათ, ისინი არიან ძერჟინსკის დროინდელი საგანგებო კომისიის ტყაპუჭები, შეგზავნილები სასულიერო აკადემიაში ასაფეთქებლად და დასამხობად. თუმცა, შეიძლება მათ „ანაფორიანი კმარელებიც“ ვუწოდოთ“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    ნინო ყიფშიძე: „საქართველოს მთავრობამ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მორიგი შტურმი განახორციელა. ზურაბ ჟვანიას განკარგულებით მწერლებს მწერალთა კავშირის შენობიდან ყრიან. მაჩაბლის ქუჩაზე განთავსებულ შენობასთან დაკავშირებით ბენდუქიძის ინტერესები იკვეთება, მაგრამ შემოქმედებითი ინტელიგენცია დანებებას არ აპირებს. „თხუთმეტი მწერალი ყოველ ღამე შენობას დარაჯობს, ისე როგორც პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე დარაჯობდნენ წლების წინ, ვინმე უკეთური არ შემოიჭრასო“, − აღნიშნა მწერალმა რეზო მიშველაძემ“ („ჯორჯიან თაიმსი“ 18-25 ნოემბერი, 2004). GK

    არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სერგეი ბაღაფშის თანაგუნდელის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, მოსკოვის მიერ პრემიერ-მინისტრად ხელდასმული ნოდარ ხაჟბას მხრიდან სერგეი ბაღაფშის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. „ნოდარ ხაჟბა ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა სერგეი ბაღაფშმა უარი თქვას აფხაზეთში პოლიტიკურ მოღვაწეობასა და ასპარეზი მხოლოდ პრემიერს დარჩეს, მაგრამ მას ეს არ გამოუვა,“ − განაცხადა ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ანქვაბმა („საქ.რესპ.“ 21 ნოემბერი, 2004). GK

    22 ნოემბერი 2004 წ − ნაციონალ-დემოკრატების გაერთიანებულ ყრილობაზე სახელისუფლებო პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაერქვა („საქ.რესპ.“ 21 ნოემბერი, 2004). GK

    გურამ ვაშაკიძე: „რუსეთში დღეს ბევრი სტრატეგიული კვლევისა და ანალიზის ცენტრი იმითაა დაკავებული, რომ ჩვენი ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა გააბაიბუროს... HTB-ზე რუს ჟურნალისტთან ვლადიმერ სოლოვიოვთან საუბრისას, კითხვაზე: თვლით თუ არა აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილადო, ლავროვმა კონკრეტული პასუხის - „ჰოს“ ან „არას“ ნაცვლად, შორიდან შემოუარა: ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთო. თუმცა რაღა ლავროვი, პრეზიდენტი პუტინიც კი უკანასკნელ ხანებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე რაღაც შენიშვნებით საუბრობს“ („საქ.რესპ.“ 21 ნოემბერი, 2004). GK

    ემზარ კიზირია (სამების ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი): „23 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. ეს დაახლოებით ორი თვის წინათ გადაწყდა... მართალია კომპლექსი ჯერ მთლიანად არ არის დამთავრებული, მაგრამ მაინც უნდა ეკურთხოს იგი... პრაქტიკულად, კეთდება ყველა ის ძირითადი საქმე, რაც 23 ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად... ფორმიანები, სპეცდანიშნულების რაზმის ხალხია. ეზოს დალაგებაში გვეხმარებიან... გააქვთ სამშენებლო ნარჩენებიც... დღედაღამ ვმუშაობთ. ერთდროულად მიმდინარეობს კარების აკიდვა, მონტაჟი, მოფხეკა, გალაქვა“(„საქ.რესპ.“ 21 ნოემბერი, 2004). GK

    თამაზ აბულაძე (სამების ტაძრის დირექციის დირექტორი): „ პროგრამა, რაც გვქონდა დასახული, მთლიანად შესრულებულია! ოცდასამ ნოემბერს ღისრეულად შევხვდებით. ტაძარში იქნება ვენტილაცია, გათბობა. განათებისთვის ჩამოტანილია ავტრიული ჭაღები. შარშან 23 ნოემბერს ფეხზე იდგა საქართველო, ოღონდ რევოლუციისთვის, მაშინაც წმინდა გიორგიმ გადაარჩინა ქართველები − ღმერთმა არ გაგვწირა!“ („საქ.რესპ.“ 21 ნოემბერი, 2004). GK

    ედუარდ შევარდნაძე: „ვარდების თუ ყვავილების რევოლუციის“ დროს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით კანონი დავარღვიე, მაგრამ ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადავდგი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო... პარლამენტთან რომ მივედი, ბავშვები ყვიროდნენ, გადადექი-გადადექიო. ვერ დაველაპარაკე, რადგან ღრიალებდნენ და მათთან საუბარი შეუძლებელი იყო... იმ ბავშვებთან ერთად ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, იქ როგორ გაჩნდა. მერე ვიფიქრე, ალბათ, პარლამენტში ძინავს-მეთქი, რადგან ისე ადრე სახლიდან მოსვლას ვერ მოასწრებდა... სიტყვა რევოლუცია ჩემთან არ ახსენოთ... ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო!.. ავთანდილ ჯორბენაძე ჩემი მეგობარი იყო და არის, აფხაზეთში ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ... სამედიცინო სფეროში პირველი რეფორმაც მან ჩაატარა, მაგრამ მის შესახებ, როგორც მომავალ პრეზიდენტზე არასდროს მიფიქრია. არც ქალბატონ ნინოზე მიფიქრია, იმიტომ რომ არ ვიყავი მასზე ისეთი წარმოდგენის, რომ იგი პრეზიდენტობას შეძლებდა... აფხაზეთში იყო რუსულ-ქართული ომი და არა ომი აფხაზებსა და ქართველებს შორის. აფხაზეთში 17 პროცენტი აფხაზები იყვნენ, ხოლო 49 პროცენტი ქართველები. როგორ გამოდევნიდნენ ისინი 300 ათას ქართველს? ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი! მათ სჭირდებოდათ ნავსადგურები და ომის პროვოცირება იმიტომ გახდა საჭირო. გრაჩოვმა თქვა კიდეც: ჩვენ აფხაზეთს ვერ დავთმობთო, სხვა შემთხვევაში შავ ზღვას დავკარგავთო... ერთი ლარიც არ დაუნიშნავთ... ერთხელ ჟვანიას დავურეკე პენსიის საკითხზე და მითხრა: როგორ ჯერ არ გადაწყვეტილა ეს პრობლემაო, მე კი მეგონა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყოო... მაგრამ ეს დაახლოებით ხუთი თვის წინ მოხდა და შეიძლება დაავიწყდა კიდეც, ან იქნებ სხვა გეგმები აქვთ... მაგრამ წესი ერთია, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს პენსია არ დაუნიშნონ და მდგომარეობა არ ჰქონდეს შენარჩუნებული, თუ ის დამნაშავე და დასაჭერი არ არის... ახლა ბატონ ასლანთან შეხვედრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რამდენჯერ ჩავედი აჭარაში იცით? − ოცდაორჯერ, თვითონ ერთხელაც არ ჩამოსულა, თუმცა ამას მისი კი არა, აჭარის ხათრით ვაკეთებდი. აჭარელ ხალხს ვეფერებოდი რამდენჯერაც ჩავიდოდი, ასლანს ვაქებდი. უნივერსიტეტი გახსნა და ეს კარგი საქმე გაკეთდა, ოპერა შექმნა და ესეც მისასალმებელი იყო, მაგრამ საქართველოს გადასახადს არ უხდიდა, მაშინ, როცა ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობდით მათ და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ ადამიანს დაშორდე და მასთან საუბარი არ გსურდეს“ („ჯორჯიან თაიმსი“ 25 ნოემბერი-2 დეკემბერი, 2004). GK

    გურამ შარაძე: „საღამოს, ტელევიზიით, მხოლოდ ასეთი რამ მოვისმინე: ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძეს დაგლეჯდაო... მერე ვიღაცამ ამიხსნა, რომ ასე კი არ უთქვამს, არამედ პირიქით, ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძე მასაც დაგლეჯდაო... მაგრამ ორივე შეურაცხმყოფელია და დამანგრეველი ქართული ცნობიერებისთვის. გარდა ამისა, რომ ჭავჭავაძე ერის მამაა, იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდანზე ასეთი ტუტუცური და უზრდელური ლაპარაკი, სხვა თუ არაფერი, დიდი ცოდვაა!.. ახლა იძულებული ვარ, პასუხი გავცე მას, რადგან ამას ამბობს საქართველოს ფარისეველი პრეზიდენტი, რომელსაც ზურგს უკან ჭავჭავაძის სურათი უკიდია; კაცი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამოზრდილია და რომელიც ხელისუფლებაში „კმარას“ მხარდაჭერით მოვიდა; რომელიც იმ ბერძენიშვილის მეგობარი ბრძანდება, რომელმაც თავის დროზე ჭავჭავაძის სურათი ჩამოაგდო და წმინდანის ხსოვნა შეურაცხყო − ასეთ პოეტს მე არ ვიცნობო! ამ გუნდის სული და გული − სააკაშვილი, ჭავჭავაძის სახელით ატყუებს საზოგადოებას. საბედნიეროდ, ჭირმა თავი ვერ დამალა და მან თავისი ტუტუცური საუბრით ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა! ის და მისი მეგობრები გულწრფელები იყვნენ მაშინ, როცა ილიას სურათებს ხევდნენ, კედლებიდან გლეჯდნენ და აფურთხებდნენ მის ხსოვნას, ახლა კი ფარისევლურად უკიდია მისი სურათი ზურგს უკან და ასე უტიფრად და უხამსად საუბრობს მასზე... რატომ დამგლეჯდა ილია ჭავჭავაძე, ცოცხალი რომ იყოს: იმისთვის, რომ მისი უკვდავი ტრიადა − „ენა, მამული, სარწმუნოება“ − ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დევიზად გავიხადე და ამ მოძრაობაში ათასობით ადამიანი გავაერთიანე? ან იქნებ იმისთვის, რომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ორტომეული დავწერე... ახლა სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ ჩამოვთვალოთ, რისთვისაც ის მართლა გასაგლეჯია, მაგრამ არა წმინდანის ხელით. 22-23 ნოემბერს მოაწყო „ვარდების რევოლუცია“, რომელიც სატანისტმა სოროსმა დააფინანსა და გიორგობიდან ხუთი დღის შემდეგ, კოლინ პაუელის დაკვეთით, ვერაგულად რეგისტრაციაში გაატარა იეღოველთა სექტა, რომელიც თავის დროზე გავაუქმებინე უზენაეს სასამართლოს! ამისთვის არ არის სააკაშვილი გასაგლეჯი? მოგეხსენებათ, თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და გააუქმა იეღოველთა სექტის რეგისტრაცია საქართველოში და რაკი მიხეილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეცვალა, ვერაგულად შემოგვაპარეს ამ სექტის რეგისტრაცია და ამერიკული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალის სტატუსით დაარეგისტრირეს... დავითაშვილი სააკაშვილის ოპოზიციად და ეროვნულ გმირად რომ აქცია მედიამ, განა მან, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა არ წაგვართვეს ეროვნება? კობა დავითაშვილმა არ გაარტყა რეზო მიშველაძეს იმისთვის, რატომ ილაშქრებთ ეროვნული რეკვიზიტის გაუქმების წინააღმდეგო? ჩემთვის მოქნეული ხელი კი ელდარ ნადირაძეს მოხვდა... ჟვანიამ, ბურჯანაძემ, სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა 1995 წლიდან დღემდე ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სახელმწიფო ენად ქართული არ გამოცხადებულიყო... რელიგიის შესახებ კანონის მიღებაც ვერა და ვერ შევძელით, რას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი, დიდი ეროვნული გმირი და ილიას მიმდევარი, რატომ არ ღებულობს კანონს რელიგიის შესახებ და არ აცხადებს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად?.. 1998 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების სანაცვლოდ განა სააკაშვილმა და ლანა ღოღობერიძემ არ აგვკიდეს 400 ათასი თურქი-მესხის საქართველოში ჩამოსახლების ვალდებულება?! ისიც უნდა აღვნიშნოთ, რა დღეში ჩააგდეს მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამბობენ, რომ აჭარა გაათავისუფლეს, სინამდვილეში კი გაძარცეს იქაურობა. გადასცა ვარშალომიძესა და ხაბაზს ეს რეგიონი და მიწასთან გაასწორეს ეს ილიას და აკაკის ნაფერებ-ნალოლიავები მხარე... ასლან აბაშიძის მიერ ნაშენები ბათუმ-ქობულეთის გვირაბის საუკუნის მშენებლობა მიიწერეს, ისევე როგორც სამების ეკლესიის. ურცხვად მიბრძანდა იქ პრეზიდენტი და არავის უხსენებია, რომ ამ ტაძრის აშენება პატრიარქის, ედუარდ შევარდნაძის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა... ერთადერთი ხელმოსაჭიდი იურიდიული არგუმენტი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, გახლდათ ის, რომ პარლამენტში იყვნენ აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლები, ადგნენ და გაყარეს ეს ადამიანები პანღურის კვრით. არძინბა ეუბნებოდა შევარდნაძეს, მოლაპარაკებებზე წამოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებ ჩემ ლეგიტიმურობას და დაითხოვ პარლამენტიდან აფხაზეთის დეპუტაციასო, შევარდნაძე ამაზე არ წავიდა, მაგრამ სააკაშვილმა ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახორციელა.... მათ საეკლესიო გადატრიალების გეგმა ჩავუშალე. მას შემდეგ, რაც პატრიარქი წირვას ჩაატარებდა და მიხეილის „აღმაშენებლობის“ ამბიცია დაკმაყოფილდებოდა, მოხდებოდა მათი პირადი მოძღვრის, დანიელ დათუაშვილის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. მე ეს შეთქმულება გავშიფრე, მათ მიერვე დაგებულ მახეში გავაბი და სააკაშვილმა ეს ბოღმა გადმოანთხია“ („ჯორჯიან თაიმსი“ 25 ნოემბერი-2 დეკემბერი, 2004). GK

    თავისუფლების ინსტიტუტი: „რა არის საეკლესიო კორუფცია? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის, როდესაც ნათლობაში მღვდელი ითხოვს ფულს, არის შემთხვევები, როდესაც აღსარებაშიც კი ითხოვენ ფულის გადახდას. და ამას ნელ-ნელა ეგუება მრევლი... ერთგვარი პროტექციით ხდება ისეთი პირების დაწინაურება, რომლებიც აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელნი არიან საღვთო რჯულში... კლანის შიგნით ყოველთვის ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც ნდობაში შედიან ამ კლანთან... სოფელში ვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, ყველა ყველას იცნობს და არც არავის არაფერი გამოეპარება. ქალაქისგან განსხვავებით სოფლად ყველა მღვდელი ძირითადად პატიოსანია... ეკლესიას და საპატრიარქოს ოფიციალურად არასოდეს ამოუღიათ ხმა კორუფციის წინააღმდეგ. ასევე, ეკლესია არავითარ თანამშრომლობაზე არ მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ, და ეს იყო შეგნებული პოზიცია... ნაბიჯები არ გადადგმულა, არაფერი არ შეცვლილა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაღალ (საეკლესიო) ეშალონებშიც კი მიმდინარეობს ამაზე საუბარი... ადამიანები დღეს მღვდელმსახურებას იმის გამო ირჩევენ, რომ წინ წაიწიონ სოციალურ და ეკონომიკურ კიბეზე, და არა რაღაც მოწოდების გამო“ („24 საათი“ 30 ნოემბერი, 2004). GK