„საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვის“ საკოორდინაციო საბჭო (გიორგი ანთელვა, ავთანდილ არაბული, ოთარ გამყრელიძე, გიორგი გოგოლაშვილი, ივანე კიღურაძე, ჯუმბერ ლომინაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, თამაზ მარსაგიშვილი, ჯემალ მებონია, ნოდარ მითაგვარია, დავით მუსხელიშვილი, შოთა ნადირაშვილი, მაია ნათაძე, თემურ ნანეიშვილი, გიორგი ოთხმეზური, ბიძინა სავანელი, თენგიზ სანაძე, რევან სირაძე, გრივერ ფარულავა, თორნიკე ქადეიშვილი, დავით ქარქაშაძე, გიორგი ჩაგელიშვილი, ჯონი ჩქარეული, ალექსანდრე ხარაზიშვილი, გიორგი ხარაძე, დიმიტრი ხოშტარია, თამაზ ჯოლოგუა, ოთარ ჯაფარიძე): „ბატონო პრეზიდენტო, 2005 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე,“ რომლის შემუშავება და განხილვა მიმდინარეობდა სამეცნიერო და პედაგოგიური საზოგადოების აქტიური წინააღმდეგობის ფონზე... აკადემიური სისტემის რეორგანიზაციის ეს გეგმა მოასწავებს საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული აკადემიური სამეცნიერო სისტემის დაშლასა და ტრადიციული სამეცნიერო დაწესებულებების ფაქტობრივ გაუქმებას, მათი ხელახალი(?!) „დაფუძნების“, დამანგრეველი „გარდამავალი პერიოდის“ შემოღების, მთავრობის მიერ „დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის“ − არსებითად პოლიტიკური კომისრის − დანიშვნის გზით. ეს პერსპექტივა მით უფრო საგანგაშო ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად ასეთმა „გარდამავალმა ღონისძიებებმა“ განათლების სისტემა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა...
ფსევდორეფორმატორთა მიერ შემოთავაზებული ავანტურისტული გეგმა ასამარებს ქართულ მეცნიერებასა და განათლებას − საქვეყნოდ აღიარებულ ეროვნულ სამეცნიერო სკოლებს, ხოლო მთელ პასუხისმგებლობას ამ „რეფორმით“ მოსალოდნელი საბედისწერო შედეგების გამო ისტორია დაგაკისრებთ პირადად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, და არა გაურკვეველი წარმომავლობის ინსტრუქციათა უპიროვნო რიგით შემსრულებლებს“ („საქ.რესპ.“ 4 იანვარი, 2006). GK
გურამ ჩხიკვაძე: „თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის ახლადაშენებულ ციხეში პატიმართა ამბოხება მიმდინარეობდა. მათ ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, დაამტვრიეს საკნების ფანჯრები, მილეწ-მოლეწეს იქაურობა, ბოლოს კი შენობის მეორე სართული ცეცხლს მისცეს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი მატერიალური ზარალი მიაყენეს. სპეცკონტინგენტის დაშოშმინება მხოლოდ თბილისიდან ჩამოსულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა შეძლეს. სამწუხაროდ, ურთიერთდაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგად მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანების შემდეგ ერთი პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმის სამი წარმომადგენელი დაშავდა...
თავდაპირველი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ციხე ისე გახსნა და დაიწყო იქ პატიმრების გადაყვანა−შესახლება, რომ შენობაში არ იყო კანალიზაცია, რომ პატიმრებს თავიანთი ახლობლები აწვდიდნენ სასმელ წყალს, რომ დამონტაჟებული არ იყო გათბობის სისტემა და ა.შ. მეორე ინფორმაციით, პატიმართა ბუნტის მიზეზი არა მძიმე სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები იყო, არამეს ისინი მოითხოვდნენ ახალ ციხეში „კანონიერი ქურდების“ შესახლებას, რომლებიც ძველ ციხეში დატოვეს. ისე გამოდიოდა, რომ პატიმრები ახალი ციხის ადმინისტრაციას არ ენდობოდნენ და მათ სურდათ, რომ „კანონიერ ქურდებს“ შორის ყველაზე გამორჩეულ ავტორიტეტს დაეცვა მათი უფლებები... ამჟამად ციხეში პატიმრები დააშოშმინეს და პატიმართა ქცევა კონტროლს ექვემდებარება“ („საქ.რესპ.“ 4 იანვარი, 2006). GK
პატიმართა ნათესავებმა და ახლობლებმა ახალი წლის პირველივე სამუშაო დღეს თბილისის №1 საპყრობილესთან საპროტესტო აქცია განაახლეს... პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულები სასტიკად არიან ნაცემნი. გარდა ამისა, მათივე თქმით, ციხეში ბადრაგის ნაცვლად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან შეყვანილი. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები შიმშილობას აგრძელებენ („საქ.რესპ.“ 4 იანვარი, 2006). GK
პატიმრების მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც, თეატრის შენობასთან მიმდინარეობს. იქ მსჯავრდებულთა მშობლები არიან შეკრებილი. ისინი მოშიმშილე პატიმრებისთვის ყურადღების მიქცევას და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ („საქ.რესპ.“ 4 იანვარი, 2006). GK
ფრიდონ ხალვაში: „ამას წინათ, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩემმა ნათლიამ ილია მეორემ მამცნო, − თურქეთის მხარე გვეუბნება, სამ ჯამე-მედრესეს ავაშენებთ ხულო-ქედა-ქობულეთში და თქვენც, ქართველებმაც, სამაგიეროდ, ტაო-კლარჯეთში (ე.ი. თურქეთის ძველ ქართულ მიწაზე) სამი ეკლესია ააგეთო...
− უწმინდესო, ჩემო ნათლიავ − შევბედე გულაჩუყებულმა, − ვგრძნობ, ბოროტი ზრახვაა ამაში ჩაფლული. იქ, ტაო-კლარჯეთში, სამწუხაროდ, ჩვენებურთა შორის, ახლა ერთი ქრისტიანიც აღარავინაა, აქ კი, დასახლებულ რაიონებში, ისინი, ფულით, მოსყიდვით, საჩუქრებით ბევრს მიიმხრობენ, გზას აუბნევენ და დაინგრევა ეროვნული ერთად ყოფნა-მეთქი“ („საქ.რესპ.“ 5 იანვარი, 2006).GK
დურმიშხან ცინცაძე; ბაბილო ბარნაბიშვილი: „კადასტრის მნიშვნელობა ბევრად უკეთ ესმოდათ ჩვენ წინაპრებს, ვიდრე სოროსის დაფინანსებით შექმნილი „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელს, ბატონ ჯაბა ებანოიძეს და მის გვერდით „მოღვაწე“ მოხელეებს... ტელეარხ „202“-ში გამოსვლისას ბატონი ჯაბა ებანოიძე თვალის დაუხამხამებლად ამტკიცებდა სიცრუეს, რომ „კადასტრი გაკეთებულია“... აი, მისი „ბრძნული“ გამონათქვამი: „აზრი არა აქვს საზღვრების დადგენას, რადგან ყოველდღიურად იცვლება იგი. უნდა მოხდეს საზღვრების მიახლოებითი დადგენა...“
გაიხსნა ბანკები, სადაც ნებისმიერს შეუძლია დააგირაოს თავისი ადგილ-მამული. მეორდება ის, რაც იყო დიდი ილიას დროს. მადლობა ღმერთს, მაშინ რევოლუციამ გადაგვარჩინა. დღეს ვინღა გვიშველის?..
საქართველოში დღეისათვის ყოფილ და ამჟამინდელ მაღალჩინოსნებზე დაახლოებით 200 000 ჰა სავარგულია გაცემული...
ქალბატონო ნინო (იგულისხმება ნინო ბურჯანაძე)! გთხოვთ: სასწრაფოდ შეჩერდეს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ“, სასწრაფოდ ამოქმედდეს პარლამენტის 2003 წელს მიღებული კანონი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“; მიწები გაიცეს გრძელვადიანი იჯარით ქალაქიდან სოფლად დაბრუნებულ და იქ მცხოვრებ ახალგაზრდობაზე, გამოეყოთ მათ გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხები. მათთვის ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან შემოვიტანოთ მეორადი მოხმარების მანქანა-იარაღები; აიკრძალოს მიწის ქვეიჯარით გაცემა; მიწები გაიცეს გრძელვადიანი იჯარით − ერთ ფერმერზე არა უმეტეს 50 ჰა; აიკრძალოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე; შეწყდეს საქართველოდან ჰუმუსის გატანა“ („საქ.რესპ.“ 5 იანვარი, 2006).GK