სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N1(7), 2013

რეზიუმე

  • ილია თავბერიძე, ექვთიმე თაყაიშვილის სამი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
  • ვახტანგ ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი
  • გვანცა კოპლატაძე, ედუარდ-გიორგი შევარდნაძე
  • გულბაათ რცხილაძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძველი და
    ახალი პრიორიტეტები
  • ბონდო არველაძე, დედოფალ შუშანიკის ეროვნული წარმომავლობის შესახებ
  • მამუკა ცუხიშვილი, იაკობ თარაშვილი _ ერთგული რაინდი
  • ვალერიან მაჭარაძე, გეორგიევსკის ტრაქტატი, იავარქმნილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი
  • ბორის დარჩია, სად მდებარეობდა ბაილეთის ეკლესია?
  • შოთა მირიანაშვილი, მყინვარწვერი, ბეთლემის გამოქვაბული და ბეთლემის ეკლესია ნაცარქედზე
  • გრანი ქავთარია, ნერონი. რომის იმპერიის დემონები
  •  

    ილია თავბერიძე
    ექვთიმე თაყაიშვილის სამი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში

    სამხრეთ საქართველოს კვლევის საქმეში უდიდესი დამსახურება მიუძღვის დიდ ქართველ მამულიშვილს, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ექვთიმე თაყაიშვილს (ღმრთისკაცს). მეცნიერმა ისტორიული ბედუკუღმართობით განაწამებ ამ მხარეში სამი ექსპედიცია მოაწყო. 1902, 1907 და 1917 წლების ექსპედიციები ყველაზე ნაყოფიერი იყო ტაო-კლარჯეთის შესწავლის საქმეში. ამ ექსპედიციებმა შექმნეს მთელი ეპოქა სამხრეთ საქართველოს ისტორიული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეების, წარწერების, არქიტექტურის, ეპიგრაფიკის, ქვითმქანდაკებლობის და კედლის მხატვრობის ისტორიის მეცნიერულ კვლევაში. 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსის ხელშეკრულებით საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს ამ რეგიონების თურქეთის შემადგენლობაში გადაცემის გამო, შემდგომი ათწლეულობის მანძილზე, შეუძლებელი გახდა ჩვენი ისტორიისათვის ასე მნიშვნელოვანი მხარის, ტაო-კლარჯეთის კვლევა-ძიება. ქართველი მეცნიერების ნაშრომები შემდგომში ძირითადად ექვთიმე თაყაიშვილის და ნიკო მარის მემკვიდრეობას ეყრდნობოდა.
    ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციების მიზანი არ იყო მხოლოდ ტაძრების მონახულება. მეცნიერი სამხრეთ საქართველოში სხვა სპეციალისტებთან ერთად გაემგზავრა და მაქსიმალურად ზუსტად გადმოიღო წარწერები, ფრესკები, აზომა ეკლესიები და აღმოაჩინა მანამდე სრულიად უცნობი ბევრი ტაძარი და ციხე. ექსპედიციების დროს ბევრი ისეთი ძეგლი აღმოჩნდა, ჩაიხაზა, აიზომა და გადაღებულ იქნა ფოტოფირზე, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობენ. ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ბანას შესწავლის საქმეა.
    ექვთიმე თაყაიშვილის სამივე ექსპედიციის მასალები გამოცემულია: 1902 წლისა _ იმთავითვე დაიბეჭდა, 1907 წლისა _ მეცნიერმა ემიგრაციაში გამოსცა, პარიზში, ხოლო 1917 წლისა _ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიბეჭდა. წერილში მიმოხილულია სამხრეთ საქართველოში მოწყობილი სამი მნიშვნელოვანი ექსპედიციის მოწყობის მიზნები და მისი ძირითადი შედეგები.

     

    ვახტანგ ბერიძე
    ნიკო ფიროსმანაშვილი

    წიგნი მიძღვნილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (1862–1918) შემოქმედებისადმი. ფიროსმანაშვილს არ მიუღია სპეციალური სამხატვრო განათლება, მაგრამ თავისი დიდი ნიჭის წყალობით მან ხელოვნების მაღალი ნიმუშები, საკუთარი მხატვრული სამყარო შექმნა. მისი თემატიკა მრავალფეროვანი იყო: ქართული სოფლის ცხოვრება, პორტრეტი, ნატურმორტი, ანიმალისტური ჟანრი, განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის შეოქმედებაში ძველი თბილისის მკვიდრთა ასახვას, ქეიფის სცენებს, მან დაგვიტოვა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა მთელი გალერეა.

     

    გვანცა კოპლატაძე
    ედუარდ-გიორგი შევარდნაძე

    მიზეზი, რომლითაც საუკუნეთა განმავლობაში მტრებით გარემოცულმა ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნა, იმ მაღალ სულიერ კულტურაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქართველმა ერმა, მიუხედავად განუწყვეტელი თავდაცვითი ბრძოლებისა, თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა. როგორც ჩანს, კულტურის მნიშვნელობა ერის გადარჩენის საქმეში კარგად ესმოდა ედუარდ შევარდნაძეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის საქართველოს რესპუბლიკას, როგორც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მართავდა. ამაზე მეტყველებს ის საოცარი აღმავლობა, რასაც მე-20 საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების დასაწყისის საქართველოში სულიერი კულტურის თითქმის ყველა სფერო განიცდიდა და რაც სწორედ მისი უშუალო ხელშეწყობითა და მფარველობით ხორციელდებოდა, როგორც ამას თავად კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი ადასტურებენ.

     

    გულბაათ რცხილაძე
    საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძველი და ახალი პრიორიტეტები

    სტატიის ავტორი განიხილავს პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას და გამოყოფს პარლამენტარიზმისათვის ამგვარი არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს. აღნიშნულია როგორც შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის, ისე საგარეო ჩარევის ფაქტორები.
    ავტორის აზრით, მთლიანობაში "ქართულმა ოცნებამ" შეძლო დოკუმენტში საკუთარი პრინციპების გატარება და "ნაციონალების" ანტირუსული დემაგოგიისგან მათი დაცვა, მაგრამ მე-18 პუნქტში მაინც არის საქართველოსთვის მეტად არახელსაყრელი მოთხოვნა ჩადებული: ამთავითვე გამოირიცხება რუსეთთან არათუ საბაჟო, პოლიტიკური ან სამხედრო კავშირი, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაც. ეს გარემოება დააბრკოლებს როგორც ტერიტორიული, ისე სავიზო რეჟიმის პრობლემების მოგვარებას, _ აღნიშნავს ავტორი.
    სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული 2013 წ. იანვარში მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიზიტს. ავტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ განამტკიცოს პატრიარქის ვიზიტის შედეგები და უფრო აქტიურად იმუშაოს რუსეთის სახელმწიფოსთან კონტაქტების გასაღრმავებლად, ამავე დროს კი ნაკლები ყურადღება მიაქციოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პროპაგანდისტური მიზნებით ატეხილ ანტირუსულსა და ფსევდოპატრიოტულ ისტერიას.

     

    ბონდო არველაძე
    დედოფალ შუშანიკის ეროვნული წარმომავლობის შესახებ

    ქართული და სომხური ისტორიული წყაროების საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ წმიდა დედოფალი შუშანიკი (V ს.), ასული ცნობილი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანისა, ეროვნებით ქართველი იყო.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    იაკობ თარაშვილი _ ერთგული რაინდი

    1907 წლის 30 აგვისტოს (ახ. სტ. 12 სექტემბერს) წიწამურთან შეწყდა საქართველოს ისტორიის ერთი უდიდესი ეპოქის მაჯისცემა. იქ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად იაკობ თარაშვილი, რომელიც ილიას ცხოვრების ბოლო წლების განუყრელი თანამგზავრი და შვილობილი იყო. იაკობმა თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ცხოვრებით, საქართველოს სახელოვან რაინდთა შორის საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.

     

    ვალერიან მაჭარაძე
    გეორგიევსკის ტრაქტატი

    გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობაში. ეს იყო პირველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში. ამ აქტით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II "სახელითა თჳსითა, მემკჳდრეთა და მენაცულეთა თჳსთა დღესასწაულობით" აცხადებდა, რომ ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობდა, ეცნო ირანის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მეთაურის უზენაესი ხელისუფლება, გარდა რუსეთისა, ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა, დაეცვა ქართლ-კახეთი გარეშე მტრებისაგან და ეზრუნა მისთვის მტრის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისათვის, რომელიც ქართველი მეფის მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო.
    გეორგიევსკის ტრაქტატი მკვეთრი მობრუნება იყო არა მარტო რუსეთ-საქართველოს, არამედ, აგრეთვე, საქართველო-სპარსეთისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობაშიც.
    გეორგიევსკის ტრაქტატი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ახალი ეტაპის დასაწყისი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის საკითხში რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობაში, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ურთიერთობისაგან. უფრო მეტიც, ეს აქტი მოასწავებდა საერთოდ კავკასიის პრობლემის ახლებურად დაყენებას.

     

    თინა იველაშვილი
    იავარქმნილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი

    დღეს დაკარგულ ისტორიულ ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების განადგურებას მივტირით და მხედველობიდან გვრჩება საქართველოში არსებული არაერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც ჩვენს თვალწინ იქცევა და ნადგურება. მათ შორისაა ერთ–ერთი უდიდესი ისტორიული ქრისტიანული სალოცავი _ აწყურის ღმრთისმშობლის ტაძარი.
    საქართველოში აწყურის ღმრთისმშობლის ეკლესია თავისი არქიტექტურით, სივრცობრივი განზომილებითა და ეპოქალური მნიშვნელობით ერთადერთი თანადროული ძეგლია `თურქეთის საქართველოში~ არსებული ქართული ისტორიული ეკლესია–მონასტრებიბისა. მისი რესტავრაციისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კონსერვაცია კი ისეთივე გადაუდებელი საქმეა, როგორც ზემოთაღნიშნული ძეგლებისა. ვიდრე კიდევ შერჩენია გარკვეულწილად ადრეული სახე და სრულიად არ განადგურებულა, ტაძარს სასწრაფოდ უნდა მივხედოთ.

     

    ბორის დარჩია
    სად მდებარეობდა ბაილეთის ეკლესია?

    სტატიაში ნაჩვენებია, რომ ძველად, წინააღმდეგ ახლანდელი ვითარებისა, ბაილეთი გრძელდებოდა მდინარე სუფსის მარჯვენა მხარესაც, სადაც დღევანდელი ჯუმათისა და სილაურის შესაყარზე, გურიელის სასახლის წინ, მდებარეობდა ბაილეთის ეკლესია. იგი დაანგრიეს გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს.

     

    შოთა მირიანაშვილი
    მყინვარწვერი, ბეთლემის გამოქვაბული
    და ბეთლემის ეკლესია ნაცარქედზე

    წერილში დაზუსტებულია, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილში" აღწერილია კავკასიონის მთებში არა გერგეტისა და აბანოს მყინვარების გამყოფ ნაცარქედზე აგებული მონასტერი, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, არამედ კლდოვანი ბასტიონის ცენტრში, დაახლოებით 4100 მ-ის სიმაღლეზე, ნაკვეთი მღვიმე. აღსანიშნავია, რომ ილიას მიერ მოცემული აღწერილობა ზუსტად ემთხვევა რეალობას.

     

    გრანი ქავთარია
    ნერონი. რომის იმპერიის დემონები

    კალიგულას არაადამიანურ ქმედებათა ღირსეული მემკვიდრე იყო მისი დისწული ლუციუს დომიციუს აგენობარბი _ იმპერატორი ნერონი. ბიძის მსგავსად, სახელმწიფო პოლიტიკა არც მას აინტერესებდა. თუ კალიგულა თვლიდა, რომ ღმერთი იყო, ნერონს მიაჩნდა, იყო ღვთაებრივი მსახიობი და მომღერალი. მის სამოქმედო ასპარეზს ამფითეატრი წარმოადგენდა. ნერონის სისხლიან რეჟიმს მრავალი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. მის არაადამიანურ ქმედებათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველ ქრისტიანთა მიმართ გამოვლენილი მხეცური ბოროტება. რომის ისტორიაში ნერონი სისხლისმსმელი ურჩხულის სახელით დარჩა.