სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

მაისი

    „დღის ქრონიკა“: „ეკლესიების გადაყენებული წინამძღვრები პატრიარქს მადლობას უხდიან... ორი წლის წინ გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარს მამა ბასილს მხარი არავინ დაუჭირა. მან ვრცელი მიმართვა გაუგზავნა პატრიარქს, სადაც ასაბუთებდა ეკუმენიზმის ერეტიკულობას და ამის გამო მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან ქართული ეკლესიის დაუყოვნებლივ გამოსვლის აუცილებლობას. ასეთი ქმედებით მამა ბასილმა ძლიერ გაანაწყენა ილია მეორე და ისინი მტრულად გადაეკიდნენ ერთმანეთს... საბოლოოდ პატრიარქმა მიიღო მამა ბასილის გათავისუფლების გადაწყვეტილება. მრევლი უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ხალხი ტიროდა, ევედრებოდა წინამძღვარს არ დაეტოვებინა გლდანის ეკლესია, მაგრამ მღვდელი იძულებული იყო დამორჩილებოდა პატრიარქის ნებას... 14 ივნისს, თამარობას, მამა ბასილმა პატრიარქის სახელი აღარ მოიხსენია წირვა-ლოცვაში. მის ნაცვლად ლოცვაში მოხსენიებულ იქნა იერუსალიმის პატრიარქი უნეტარესი დიოდოროსი. ასეთი ქმედების უფლებას მას აძლევდა რჯულის კანონი (გვ.376, მუხლი 15)... ილია მეორის დავალებით მამა ელიზბარი პოლიციის სამმართველოს შეიარაღებულ თანამშრომელთა თანხლებით შეიჭრა ეკლესიაში და ითხოვდა წირვა-ლოცვის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამგვარი ნაბიჯით პატრიარქმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა... 16 ივლისს უცნობმა პირებმა გაიტაცეს მამა ბასილი და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ იგი წასულიყო უდაბნოში, ბერად აღკვეცილიყო... წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრნენ... მამა ბასილის გატაცების ფაქტი ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. საპატრიარქო დიდ საგონებელში ჩავარდა, ვერ გადაეწყვიტათ როგორი ინტერპრეტაცია მიეცათ გლდანის ეკლესიის წინამძღვრის ბერად აღკვეცისთვის... მხსნელად ტელევიზიის პირველი არხი გამოუჩნდათ, რომელმაც მეტად დამაჯერებელ ახსნას მიაგნო: მამა ბასილს უფლის ხილვა ჰქონდა და მისი ბრძანებისამებრ აპირებს უდაბნოში წასვლასო... მამა ანგია: „მსხვერპლი არ ვარ. რისთვისაც ვიბრძოდი, ის მიღწეულია... ბოლოსდაბოლოს სინოდმა მიიღო მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გამოსვლის გადაწყვეტილება. სხვა რაღა უნდა მინდოდეს, რაღას უნდა მივტიროდე, მე ხომ ეკლესიის წინამძღვრად არ დავბადებულვარ... არ ვიცი ვინ დანიშნეს ახალ წინამძღვრად. დღეისთვის ველოდებით, უნდა ჩამოვიდეს, და ყველაფერს მას გადავაბარებ“... შიო მღვიმის მონასტრის მორჩილი: „უარს ვაცხადებთ ახალი წინამძღვრის დანიშვნაზე... ჩვენ ყველანი ჩავალთ პატრიარქთან და მოვითხოვთ ჩვენი წინამძღვრის აღდგენას“... − სინოდის განჩინებაში მითითებულია, რომ თქვენ მონანიების უფლება გეძლევათ. გაქვთ კი რაიმე მოსანანიებელი? − ამ კითხვაზე ცოტა გაურკვეველი პასუხი მოგვცეს: „თუ მონანიების საშუალებას მოგვცემენ, მოვინანიებთ, მაგრამ რას, არ ვიცით“... საუბრისას მამა გიორგი ბარიშვილი შემოგვესწრო... არქიმანდრიტი ვერ ფარავდა, რომ შინაგანად აღელვებული იყო: „რახან ეგრე სურთ, მოვინანიებ, მაგრამ როგორც ხედავთ არც მონანიებას გვაცლიან... ჩვენს მონანიებამდე ეკლესიას წინამძღვარი სჭირდება... ჩემს წინამძღვრობას არ მივტირი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ საქართველო დამღუპველ ეკუმენიზმს გადაურჩა. დანარჩენი კი რაც ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ხდება, არის ჩვენი შინაურული საქმე. ეს ეკლესიის შიდასამზარეულოა და ხალხის აქტიურ ჩარევას არ საჭიროებს“... შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი როგორც ჩანს შიშობდა, რომ მას მეამბოხეობას დავაბრალებდით, თანაც სურდა, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ჩვენი საუბარი და გვითხრა: „ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით პატრიარქს და სინოდის წევრებს, რომ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება და ზურგი აქციეს ეკუმენისტურ მოძრაობას. ამავე დროს ვინანიებთ ჩვენს ურჩობას ანუ ევქარისტული კავშირის გაწყვეტას. დანარჩენს კი, ეკლესიის ფარგლებში მოვაგვარებთ. ის მხოლოდ სასულიერო პირების საქმეა“... ასეთი პასუხის შემდეგ ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ შიო მღვიმის მონასტრის წინამძღვარი ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ის მეამბოხე არ არის, როგორც ჩანს, მათ კარგად ახსოვთ გლდანის ეკლესიის წინამძღვრის ბედი... არც მამა გიორგის და არც მამა ანგიას ერთი სიტყვა არ უთქვამთ პატრიარქის საწინააღმდეგოდ... ეკუმენიზმი არის მსოფლიო რელიგიათა სინთეზი... ეკუმენიზმი ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, ვინაიდან გაურბის საკუთარი რაიმე დოგმატიკის ფლობას... მაგრამ მას ეხმარება მოქნილი და იდუმალი ძალა, რომელიც თავადაც ჩრდილში რჩება. ეს არის მასონობა... როგორც ვხედავთ ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით ებმის ერთმანეთს. სათავეში მასონები დგანან... წინამძღვრები თანამდებობის გარეშე დარჩნენ, მაგრამ საწადელს მიაღწიეს“ („დღ. ქრონ.“ მაისი, 1997).GK

    ნატა გოგიშვილი: „22 მაისს გაეროს რეზიდენციას ჟენევაში თავს დაესხა ქურთ მუშათა პარტიის 250-მდე წევრი. ამ აქციით მათ პროტესტი გამოხატეს ჩრდილოეთ ერაყში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის გამო. აქციის მონაწილენი ცდილობდნენ შენობის მეორე სართულზე შეღწევას, მაგრამ გაეროს რეზიდენციის შეიარაღებულმა დაცვამ შეძლო მათი უკუგდება. ამის შემდეგ პროტესტანტებმა მჯდომარე აქცია მოაწყვეს. მათი მოთხოვნაა გაეროს ძალების ჩართვა ჩრდილოეთ ერაყში წარმოებული სამხედრო ოპერაციების შესაჩერებლად“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი- 2 ივნისი, 1997).GK

    ნატა გოგიშვილი: „1996 წლის ივნისში თურქეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა კეთილდღეობის პარტიის (რეფაჰი) ლიდერი ნექმეთინ ერბაქანი. თურქეთში თვლიან, რომ იგი ქართული წარმოშობისაა. მამა თათარი ჰყავს, დედა კი აფხაზი“ („ჯორ. თაიმ.“  28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    „ღმერთო, რა ცოდოა!“ ალბათ, მხოლოდ ეს ფრაზა თუ გაგივლიდათ თავში, როდესაც ბატონი ვარდიკო ნადიბიაძის (თავდაცვის მინისტრი) საზეიმო სიტყვას ისმენდით.  რამდენი წვალება, რამდენი ჯახირი. არმია მარშირებისთვის (იგულისხმება 26 მაისი - თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი) ემზადებოდა, ვარდიკო ქართულის კითხვისთვის... სამწუხაროა, რომ 26 მაისი ინტერნაციონალური ზეიმი არ არის: მაშინ ნახავდით რუსულად მჭევრმეტყველ ვარდიკოს. ახლა კი, მთელი სულითა და გულით გინდა ხალხს უდიდესი დღესასწაული მიულოცო. შენ კი, ენა არ გემორჩილება და უდიდესის მაგივრად უდღეურს კითხულობ. ნეტავ, ვინ დაწერა ეს ოხერი ტექსტი („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    ნატა გოგიშვილი: „20 მაისს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისზე სახელმწიფო მინისტრმა აბდულაჰ გიულმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში კარგა ხნის წინ დაიგეგმა, ორი კვირით გადაიდო კიდევაც. მთავრობას კი ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ეცნობა, რადგანაც არსებობდა ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    ნოდარ ხადური (უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი): „მიუხედავად სტრუქტურული რეორგანიზაციისა, ენერგოსისტემა კვლავ რჩება უმართავ ორგანიზმად, რომელიც ვერ ახერხებს ელექტროენერგიის ვერც წარმოებას და ვერც წარმოებულის რეალიზებას. სამწუხაროდ, სისტემის ხელმძღვანელები გამოსავალს როგორც ჩანს, ჯერ ვერ ხედავენ. ამიტომ ენერგოკრიზისით გაწამებულ მოსახლეობას ახალ-ახალი „გამამართლებელი“ მიზეზებით კვებავენ და ამით ცდილობენ ხალხი სიბნელეში აყურყუტონ... გასასამართლებელი ენერგეტიკოსებს აქვთ − არც მოსახლეობა და არც წარმოება-დაწესებულებები მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას არ იხდიან, მაგრამ როცა მინისტრი გამოდის და საქვეყნოდ რაიმე პროგრამაზე საუბრობს, ალბათ, ჯერ ამ პროგრამის რეალიზების გზები უნდა ჰქონდეს დასახული და თან ის ინსტრუმენტებიც გააჩნდეს, რომლებიც მიზნის მიღწევის საშუალებას მოგვცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი განცხადება (არა მარტო ენერგეტიკაში) უპასუხისმგებლო განცხადებად აღიქმება და არანაირად არ შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის კათედრის თანამშრომელი, თეოლოგიის ლექტორი): „საქართველოს რესპუბლიკაში“ პატრიარქ ილია მეორის ქადაგება დაიბეჭდა, რომელიც მან კვირას, 18 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქვა... ქადაგების საერთო ხასიათი არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ მის ავტორს სინოდის სამშაბათის სხდომამდე ორი დღით ადრე, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცალსახად გადაწყვეტილი ეკუმენისტური მოძრაობიდან პრინციპული გამიჯვნა... მოცემულ დასკვნას აძლიერებს მოშურნე ბერებისადმი საკმაოდ მტრული და უცერემონიო დამოკიდებულება... თუკი გავითვალისწინებთ, რომ პატრიარქი ილიაც ბერია (თუმცა მისი პატრიარქობის  მთელი ხნის მანძილზე მონასტერში ერთი თვეც არ უცხოვრია), მაშინ ცხადი გახდება, რომ მის სიტყვაში, მასზე უფრო ასკეტ ბერებთან მიმართებაში, ელემენტარული „კოლეგიალურობის“ გრძნობაც კი არ იგრძნობა... ჩვენ, როგორც მართლმადიდებლებს, შედარებით უფრო მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა მოგვეთხოვება და ყურიც არ უნდა ვათხოვოთ ამგვარ უხეირო ცილისწამებებს...
    იერუსალიმის ამჟამინდელმა პატრიარქმა დიოდოროსმა, თავის მოხსენებაში, რომელიც წმინდა სინოდს წარუდგინა, განაცხადა: „იერუსალიმის საპატრიარქო მოვალეა ხმა აიმაღლოს, რათა თავისი სამწყსო უცხო გავლენებისაგან დაიცვას და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იბრძოლოს... მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენისტურ დიალოგებში მავნე და სახიფათოა. საღვთისმეტყველო დიალოგებს არამართლმადიდებლები მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოდ იყენებენ“. მიუხედავად ამისა, კვირის ქადაგება ღაღადებს: „ე.მ.ს.“-ში მართლმადიდებლური ეკლესიების ყოფნამ ბევრი სიკეთე მოიტანა“, ხოლო ანტიეკუმენისტებს თურმე „ბრმა ფანატიზმი“ დაუფლებიათ“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, პირველმღვდელმთავრისა თუ სხვა ეპისკოპოსთა საჩოთირო საქციელზე გვიხდება საუბარი. მაშინ, როცა ამისთვის დაკარგული დრო და ენერგია, ჩვენი სურვილის შესაბამისად, შეგვეძლო უფრო ამაღლებულ საღვთისმეტყველო თემებისთვის მიგვეძღვნა. ამიტომაც ჩვენს მღვდელმთავრებს ვთხოვთ ღვთისგან ჩაბარებულ საქმეში მეტი გულისხმიერება და წინდახედულება გამოიჩინონ, რათა გაგვანთავისუფლონ ამ უსიამოვნო მოვალეობისაგან“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    სარწმუნოებრივი სიწმინდისთვის მებრძოლი მონასტრების განცხადება: „ეკუმენიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მონასტრების მამებმა გადაწყვიტეს, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია − საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, თუმცაღა მონასტრებისთვის დიდი დანაკლისის ფასად, − შიომღვიმის მონასტერი, ბეთანიის მონასტერი, ზარზმის მონასტერი, შემოქმედის მონასტერი, ჯიხეთის მონასტერი, დავით-გარეჯის მონასტერი...
    როგორც მოსალოდნელი იყო, ბერების წინააღმდეგ საპატრიარქომ პირველი სუსხიანი ნაბიჯების გადადგმა არ დააყოვნა... პირველი დარტყმა დედა-მონაზვნებმა მიიღეს. 22-23 მაისს სამთავისის დედათა მონასტრიდან გამოძევებულ იქნენ მარიამ ბარიშვილი და ლალი ბეროშვილი. 18 წლის მარიამ ბარიშვილის „დანაშაული“ მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იგი არის მართლაღმსრულებელი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ გიორგი ბარიშვილის ერთადერთი შვილი... არქიმანდრიტმა დედათა მონასტრის მესვეურთაგან მიიღო ცინიკური პასუხი: „არ გაგვიგდია, უბრალოდ, კელიიდან კელიაში (ოთახიდან ოთახში) გადავიყვანეთ. ამის გამო გაბრაზდა და გაიქცა“... ლალი ბეროშვილს, მღვდელმონაზვნის მამა იოანეს სულიერ შვილს, პირდაპირ წარუდგინეს ბრალდება: „მამა იოანეს დივერსანტი ხარ... ცეცხლი შემოგაქვს მონასტერში“...
    აქვე დავძენთ, რომ სამთავისის მონასტერი პირდაპირ შედის მცხეთა-თბილისის ეპარქიის შემადგენლობაში, რომელსაც უშუალოდ კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე განაგებს. ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ მართლაც ძნელია თავის შეკავება. კაცს გონებაში უნებურად უჩნდება ასეთი ფრაზა: „სირცხვილი ამგვარ გამგებელს“... შიომშღვიმის და ბეთანიის მონასტრებში, ცნობილი ეკუმენისტი მთავარეპისკოპოსის დანიელის (დათუაშვილის) უშუალო ხელმძღვანელობით ახალი წინამძღვრები მიიყვანეს. შესაბამისად − ფოკის ყოფილი წინამძღვარი, ვინმე მიქაელი და ვინმე ანდრია. ხაზგასასმელია, რომ მართლმადიდებლური მონასტრების ტიპიკონის თანახმად, მონასტრის წინამძღვარს ირჩევს არა ეპისკოპოსი, არამედ მონასტრის ერთობა...  ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, ვინმე მიქაელისა და ანდრიას მოყვანით, რომელთაც არც მონასტრების ძმობა და არც საეკლესიო ფართო საზოგადოება არ იცნობს და არც ამ მონასტრების ტიპიკონით უცხოვრიათ, ცხადია, რომ უფრო ქაოსისა და შფოთვის მომტანნი იქნებიან, ვიდრე სიმშვიდისა. მითუმეტეს, რომ ორივე მათგანს თან მოჰყვა ორ-ორი საერო პირი მონასტერში მუდმივ საცხოვრებლად, რომელთაც კაცმა არ იცის პატრიარქის მესვეურთაგან რა ფუნქცია მიეცათ... კანონიერ წინამძღვართაგან დაობლებულ მონასტრებს, უკანონოდ დანიშნული წინამძღვრები მოევლინათ... ამდენი უსამართლობის მოქმედ მღვდელმთავართ, პირველ რიგში კი პატრიარქს, სულიერი კანონზომიერების თანახმად, დავითის (წმ. დავით აღმაშენებლის) რისხვა მალე მოეწევათ“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    თბილისის, დარიალის, 22 მაცხოვრებლის განცხადება: „ოფიციალური საპატრიარქოს ჯანსაღმა ოპოზიციამ“ თავისი თავგამოდებული მოქმედებით ეკლესიის ხომალდის მიძინებული მესაჭეები გამოაფხიზლა, რითაც ხომალდი, ეკუმენიზმის წყალქვეშა რიფებზე გარდაუვალ დამსხვრევას გადაარჩინა ანუ ეკლესია მწვალებლობისა და ნამდვილი განხეთქილებისაგან იხსნა...
    ჩვენ ხელთ გვაქვს „იბერია ექსპრესში“ დაბეჭდილი ქადაგება ილია მეორისა, სადაც იგი ეკუმენისტურ მწვალებლობას აშკარად დადებითად ახასიათებს, რაც არაორაზროვნად ნიშნავს იმას, რომ იგი „მწვალებლობას აშკარად ქადაგებს“... თუკი ვინმე, „მართლმადიდებელი“ მღვდელი ან ეპისკოპოსი (ან მათი დიდი ჯგუფი) თვალში ნაცრის შეყრას დაიწყებს და დაგვიწყებს მონოტონურ ჩიჩინს იმის თაობაზე, თითქოს ეს ჩვენთვის უკვე სულიერად ახლობელი ბერები: „განხეთქილების შემომტანნი, ფანატიკოსები, ბნელები, შპიონები“ და საერთოდ ქვეყნის დამაქცევარნი არიან, − ასეთ ეპისკოპოსს თუ მღვდელს, მათივე კონსტიტუციის ძალით ცრუეპისკოპოსებად და ცრუწინამძღვრებად შევრაცხავთ... ამის შემდეგ რა გულმა უნდა გაგვიწიოს იმ ტაძრებში, სადაც ასეთი გულქვა მოძღვრები მსახურობენ და სიმართლის მოყვარე ბერები „ეშაფოტზე“ აყავთ... სირცხვილი თეთრი სამღვდელოების უდიდეს ნაწილს, ქრისტეს მაგიერ ცრუეპისკოპოსებს რომ ემსგავსებიან და მხოლოდ ჩვენი დასაცავი რომ გამხდარა სიმართლე... ისევ გაზეთების იმედიღა დაგვრჩა, იქნებ თქვენ მაინც მიაწოდოთ საზოგადოებას სიმართლე. თეთრი სამღვდელოების, მეტადრე თბილისის სამღვდელოების, სამარცხვინოდ, თქვენ აზიდეთ მათი ტვირთი, რათა მართლმადიდებლობის ზეიმი კვლავ დაგვიდგეს ქართველობას“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „სწორედ სინოდზე შეიძლება ითქვას − მისმა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მისი მარცხენა, რადგან სინოდმა „ერთი ხელით“ თუ მწვალებლური ეკუმენიზმი მოიშორა, მისი მეორე ხელი სწორედ იმ ბერებს მიწვდა, რომლებმაც ეკლესია ეკუმენიზმისგან განკურნეს... ბერების დასჯის ერთადერთ მიზეზად სინოდი განხეთქილების შემოტანის მცდელობას მიიჩნევს. რაც, მათი ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ბერების მხრიდან ევქარისტული კავშირის გაწყვეტაში (პატრიარქთან ერთობლივ ლოცვა-ზიარებაზე უარის თქმაში) გამომჟღავნდა... „დიდი რჯულის კანონში“ იმდენად მკვეთრად და გასაგებად არის მოცემული ყველაფერი, რომ სხვა საბუთის მოშველება აღარც დაგვჭირდება. ვგულისხმობთ − კონსტანტინეპოლის ორგზისი წმ. დიდი კრების მეთხუთმეტე კანონს... წმ. სინოდის 20 მაისის სხდომის დადგენილება „ე.მ.ს.“-ში ხედავს „ეკლესიოლოგიური ხასიათის“ ნიშან-თვისებას ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმების ხარჯზე „ე.მ.ს.“-ი თავის თავს აცხადებს ერთადერთ ეკლესიად, რაც ეკლესიოლოგიური ერესია... ამავეზე მიანიშნებს „ე.მ.ს.“-დან სინოდის გამოსვლის აქტი... მაგრამ, გამოსვლამდე სინოდის წევრები ითვლებოდნენ რა „ე.მ.ს.“-ის ნაწილად და სიტყვით და საქმით მონაწილეობდნენ მწვალებლურ ეკუმენისტურ მოძრაობაში, შესაბამისად სიტყვით და საქმით ქადაგებდნენ მწვალებლობას. მაშასადამე, საქართველოს პირველი მღვდელმთავარი  და სხვა ეპისკოპოსები ეკუმენიზმისგან ოფიციალურ გამიჯვნამდე, ქადაგებდნენ ეკუმენისტურ მწვალებლობას. ასეთია, „დიდი რჯულის კანონზე“ დაყრდნობით მიღებული პირველი უცილობო დასკვნა... 20 მაისის საკრებო დადგენილების შემდეგ ბერები ეახლნენ პატრიარქს, რითაც პირველ მღვდელმთავარს მორჩილება გამოუცხადეს... „ერმა და ბერმა“ არა მხოლოდ მათი დასჯის გაუქმება უნდა მოითხოვოს, არამედ მათი დაჯილდოვებისთვისაც უნდა იბრძოლოს. ბერების დაჯილდოება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ისეთი დამცავი საეკლესიო მექანიზმის შექმნა (მაგ.: ათონის მონასტერთა „კინოტის“ მსგავსი), რომელიც მათ დაიცავს საპატრიარქოს უკანონო ექსპანსიისგან... სინოდის ბრალდება − „ბერებმა განხეთქილების შემოტანა სცადესო“, მოკლებულია ყოველგვარ კანონიკურ საფუძველს და იგი აშკარა ცილისწამებად უნდა სახელვდვათ... მრავალწლიანი ცრუსაეპისკოპოსო „მოღვაწეობა“ სწორედ რომ სინოდის წევრმა ეპისკოპოსებმა საჯაროდ უნდა მოინანიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ იგივე სინოდის დადგენილების მიხედვით: „მოუნანიებლობის შემთხვევაში მათ დაედებათ საეკლესიო კანონის შესაბამისი სასჯელი“...
    მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ჩვენს ეკლესიაში მრავალი წლის მანძილზე სქიზმის მუდმივი დამკვიდრების გამო სინოდის წევრი მორწმუნეები, ე.ი. ეპისკოპოსები, თუკი ამ უმძიმეს ცოდვას საჯაროდ არ შეინანიებენ, მაშინ: „მათ დაედებათ საეკლესიო კანონის შესაბამიზი სასჯელი, ვინაიდან, სქიზმის ცოდვა ვერ განიბანება მოწამეობრივი სისხლითაც კი“... ასეთია კაცთმოძულე ფარული განზრახვის პირველი პოზიცია... ბერები ამგვარ თვალთმაქცობას ვერ დაუშვებენ... სინოდი ბერებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში განკვეთით დაემუქრა, რაც მათი ეკლესიიდან სრულ გასვლას გულისხმობს. მაგრამ, რადგანაც მათი განკვეთა უკანონო იქნება, ისინი იძულებულნი იქნებიან განკვეთის შემთხვევაში ცალკე, ჭეშმარიტი ეკლესია შექმნან... როგორც ჩანს მთელი სინოდი მწვალებლობისა და სქიზმის გარეშე ვერ სულდგმულობს“ („ჯორ. თაიმ.“ 28 მაისი-2 ივნისი, 1997).GK

    კონსტანტინე გამსახურდიას (უმცროსის) მონოგრაფიის განხილვა:
    როსტომ ჩხეიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): „კონსტანტინე გამსახურდია ამჟამად შვეიცარიაში მოღვაწეობს, ბაზელის უნივერსიტეტში... მაგრამ მაინც უშუალო მონაწილეა ჩვენი სალიტერატურო და სამეცნიერო ცხოვრებისა. ბოლო დროს ზედიზედ გამოიცა ჩვენში მის მიერ თარგმნილი ორი წიგნი რუდოლფ შტაინერისა“...
    სიმონ წერეთელი (ლიტერატორი): „მითოსის, ზოროასტრიზმის, მანიქველობის მიმართება საქართველოს კულტურულ წარსულთან და მათი ურთიერთგანაყოფიერების პროცესთა შესწავლა, აგრეთვე, პრეინდოევროპულ და ინდოარიულ  მონაცემთა ფართო თვალსაწიერით განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ნაშრომს. ვახტანგ გორგასლის ცხოვრების გზა ხელდასხმის (ინიციაციის) მხრით განიხილება. ქართლის მეფეთა ცხოვრებაში არეკლილი სამეფო ატრიბუტიკის ანალიზისას უთუოდ თვალსაჩინოა ახლებური აზროვნებისთვის ნიშანდობლივი ტენდენცია, რაც უპირველესად გამსახურდიას „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაში“ აისახა. მკითხველისთვის ცნაურდება სიტყვის, როგორც ცნებითი კონსტრუქციის, სემანტიკური ღირებულება, რომლის იდეაც სულიერი ძალის  გამომჟღავნებაა, „ვით მარადისობის ნაწილი ჟამიერებაში“. ირანული წარმოშობის „ჰვარნას“ (ზეგარდმო მომადლებული) ინდივიდუალური ხაისათი ქართლის მეფეთა თვისებების სახელდებაში აისახა“...
    კარლო კუცია (წიგნის რედაქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „გამსახურდიას ევროპული, სპარსული, სომხური, ებრაული, სირიული ენების ცოდნა დაეხმარა ზღვა მასალის შესწავლასა და ანალიზში“...
    ელენე მაჭავარიანი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): „მეტად ორიგინალური, იმდროინდელი ქართლის ყოფასთან მისადაგებული სათაურის ქვეშ არის წარმოდგენილი კონსტანტინე გამსახურდიას საკანდიდატო დისერტაციისთვის გათვალისწინებული ნაშრომი... ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს“...
    იულონ გაგოშიძე (არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „გამსახურდია ღირსეული პაპისა და მამის ღირსეული შვილია. წიგნში ჩანს ღრმა ცოდნა ირანული, ბერძნული, სემური კულტურებისა“...
    აპოლონ ცანავა (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „რაოდენ სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა მკვლევარი უზარმაზარ პრობლემას შეეჭიდა და დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია. აქ ისეთ საკითხებზეა საუბარი, რომ თვითეული საგანგებო მსჯელობას იმსახურებს სპეციალისტებისგან...
    ჯონდო ბარდაველიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „მიუხედავად არაჩვეულებრივად ნათელი სტილისა, ეს მონოგრაფია საგანგებოდ მომზადებული მკითხველისათვის ძნელად აღსაქმელია. იგრძნობა, რომ ავტორი გაცილებით მეტ ცოდნას ფლობს, ვიდრე წიგნის ფურცლებზე გვიმჟღავნებს... არ შემიძლია მადლიერების გრძნობა არ გამოვხატო ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარის ბატონი როსტომ ჩხეიძის მიმართ, რომელიც ენერგიას არ იშურებს ახალგაზრდა კოლეგების წარმოსაჩენადაც. რაც ეს საზოგადოება დაარსდა, ჩვენს მეცნიერებასა და ლიტერატურაში არ შექმნილა რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი, რომელიც ბატონ როსტომ ჩხეიძეს არ გამოეტანოს სამსჯავროდ სხდომებზე და არ მიეცეს სათანადო შეფასება. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამის ერთი დადასტურებაა“...
    შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ კვლავაც გაგრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას (უმცროსის) აქტიური მონაწილეობა ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში თარგმანებით, მეცნიერული ნაშრომებითა თუ პუბლიცისტური სტატიებით. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუკი წიგნად გამოიცემა მისეული ანალიტიკური განსჯა და შეფასება იმ უმწვავესი რეალობისა, ბოლო დროის რამდენიმე წელიწადმა ლამის ეპოქები რომ მოიცვა და სულ უფრო და უფრო აღაგზნებს გონებას, რათა გავერკვეთ, რაც მოხდა, რატომ მოხდა, რამ გამოიწვია ის ტრაგიკული მოვლენები („ლიტ.საქ.“ 30 მაისი-6 ივნისი, 1997).GK

    ბესიკ ხარანაული: „ხალხის ზნეობას მთავრობა ვერ იხსნის, ხალხის ზნეობა უნდა იხსნას ჩვენმა მოწინავე საზოგადოებამ... ადამიანის ჭეშმარიტი არსება ეკუთვნის ღმერთს და საკუთარ ხალხს. მაშ, მოდით ჩვენც ვიცხოვროთ ამ ორი უმაღლესი იდეის საამებლად და გასამარჯვებლად“ („ლიტ. საქ.“ 30 მაისი-6 ივნისი, 1997).GK

    კიტა ბუაჩიძე: „ამ ბოლო ხუთ-ექვს წელიწადში, არეულობისა და დუხჭირი ცხოვრების გამო, საქართველოდან ასი ათასობით ქალი და კაცი გაიხიზნა, მეტწილად ჯან-ღონით სავსე ახალგაზდობა, ჰოდა, განა ჩვენ მომავალი გვიწერია, მით უმეტეს, რომ ეს გახიზნულები, ერთეულების გარდა აღარასოდეს ყოფილ სამშობლოში არ დაბრუნდებიან; სადაც თავს ამოყოფენ, იქაურ ქუდს დაიხურავენ, მასპინძელ ერებში გაითქვიფებიან, და არა სომხებივით ან ებრაელებივით შეჯგუფებულად იცხოვრებენ და მამა-პაპის ტრადიციებსაც შეინარჩუნებენ. ქართველობაზე ხელის აღება, მშობლიური მიწის სურნელების მივიწყება, საერთოდ, ეროვნული გრძნობის მიძინება, ო, რარიგ გვეადვილება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მკვიდრთ: ნახევარზე მეტი დღევანდელი აფხაზებისა ყოფილი ქართველებია; თურქეთში როგორც ამბობენ, ოთხი თუ ხუთი მილიონი გამუსულმანებული ნაქართველარი ცხოვრობს, რომელთაც ქრისტიანობა არც გაეგონებათ და საქართველო თუ საით არის, არც ეს იციან, მაშინ, როცა თურქეთში დიდი ხნით ნაცხოვრებ სომხებიდან ერთიც, დიახ, ერთიც არ გათურქებულა... ჩვენ ახლა არაფერი ქრისტიანული არა გვატყვია რა, ჩვენ ახლა მხოლოდ გარეგნულად, ფორმალურად ვართ ქრისტიანები, თუმცა ეკლესიები ლამის ყოველ სოფელში შენდება, ვაშენებთ აგრეთვე მეოცე საუკუნის გამორჩეულ ძეგლს − სამების ტაძარს... ქრისტიანული დოგმატიკისთვის არ მიღალატია, თუმცა როცა გავიგე, რომ იეღოველებს აბორტის გაკეთება ეკრძალებათ და ამ ნიადაგზე ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთი სოფლის იეღოველ გლეხის ქალს ხუთი შვილი ჰყავს - ხუთი! − აზრი შემეცვალა... დიახ, ოღონდ გადავრჩეთ, გადაშენებას როგორმე თავი დავაღწიოთ და... არათუ იეღოველობას, ისლამსაც კი ჩავეკონები, მთელი გულით, მთელი სულით... დიახ, ისლამსაც, ოღონდ ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ, როგორც ერმა სამარადისოდ! კაცობრიობის მომავალი ისლამის არის, ბუდისტების არის, ინდუიზმის არის... რა გასაჭირს არ განიცდის ინდოეთი, მაგრამ იქაც შვილთა სიმრავლეა... სხვათა შორის, ისლამის მაღიარებლებია ჩეჩნებიც და... ვინ არ იცის, რომ ამ ერთი ხელის დადება ქვეყანამ, ერთმა მუჭა ხალხმა, დიდი და პატარა, თითქმის ორი წელიწადი თავგამეტებით ებრძოდა ქრისტიანულ ურჩხულს − რუსეთს და საბოლოოდ ამ უზარმაზარ ვეშაპს თითიც მოაკვნეტინა... საინტერესოა, რომ რუსული ჯარის შენაერთების ფარული მთავარსარდალი აფხაზეთის ომის შემდგომ ჩვენთან ქრისტიანულად, საზეიმოდ მოვნათლეთ, რაც, მგონი, დიდად არც გაგვემტყუნება: პოლიტიკის ცვალებადობა რას არ ჩაგადენინებს!.. ქრისტიანული რუსეთისგან ქრისტიანულ საქართველოს, ტოტლებენიდან დაწყებული აფხაზეთის ამბებამდე, უპირობა ახსოვს მხოლოდ... ჩვენ ყველა თავის დროზე, აჭარასთან ერთად, რომ გავმუსულმანებულიყავით, დღეს ოთხი ათასი მეძავი არ გვეყოლებოდა. სამასი ათასი ნარკომანი არ „დაგვამშვენებდა“, აბორტი მთელ მოსახლეობას ეპიდემიასავით არ მოედებოდა, განქორწინებათა რიცხვი ქორწინებათა რიცხვს არ გადააჭარბებდა, დასავლეთიდან ელემენტარული ზნეობის წარმყვნელი „სექსუალური რევოლუცია“ ისე ვერ შემოაღწევდა, რომ ქართველი ჭაბუკების თვალში ქალწულობა ისე არ გაპარტახდებოდა, რომ ახლა სექსოპათოლოგ მერაბ ნებიერიძის ცნობით, სკოლის მეათე კლასელი გოგონების ნახევარი, გათხოვებამდე უკვე ეწევა სქესობრივ ცხოვრებას და მათ მეცხრეკლასელებიც დიდად არ ჩამორჩებიან... ღმერთმა ვერ შექმნა სრულყოფილი ადამიანი, ამიტომაც ასე აწეწილ-დაწეწილია ქვეყნიერება... „ქართული თვითშეცნობის ასოციაციას“, თავისი დასახული მიზნებით და ამოცანებით, დიდად ენათესავება 1995 წელს შექმნილ „ქართული ფენომენის აკადემიას“, რომლის პრეზიდენტი რევაზ მიშველაძე და ვიცე-პრეზიდენტი ლევან სანიკიძე საზეიმოდ გვპირდებოდნენ, რომ „სწორ წარმოდგენას შეუქმნიან ქართველს ქართველებზე“, მაგრამ როგორც ჩანს, არ ჩქარობენ... ვინ იცის, ეგებ მოხდეს სასწაული და გადავრჩეთ!.. ამ სასწაულს ვერც ღმერთი მოგვიხდენს, ვერც პატრიარქის ქადაგებანი და ვერც პრეზიდენტის მოწოდებანი! ეს სასწაული თვითონ ჩვენ, ყოველმა ქართველმა უნდა მოახდინოს... ჩვენი მხსნელი, ჩვენი მშველელი, ჩვენი გადამრჩენი მხოლოდ და მხოლოდ პირადი მაგალითია!.. 1980 წლის ივლისში ედუარდ შევარდნაძეს გავუგზავნე „შავი წიგნი“: „უზომოდ მოხარული ვიქნები, თუკი ეს, არა მხოლოდ ჩემი საგოდებელი არ დარჩება, თქვენის წყალობით, „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...“ დიახაც, რომ ეს იქნებოდა დიდი, დიდი საშვილიშვილო, უკვდავი საქმე და როცა მომავალი თაობები ძეგლს დაუდგამენ განსაცდელის ჟამს სამშობლოს გადამრჩენელს. ედუარდ შევარდნაძეს, შთამომავალნი სათუთი სიყვარულით მოიხსენიებენ, და არა ისე, როგორც ახლა − საბურთალოზე აღმართულ ერთ მონუმენტს გულგრილად და უსიყვარულოდ რომ ჩაუვლიან ხოლმე“. მაშინ ამ ჩემს საქვეყნო სათხოვარს ბევრი არაფერი ყურადღება მიაქცია ბატონმა ედუარდმა. შეიძლება იმ დროის ბრალი იყო, ახლა სხვა დროა... საბურთალოზე საქართველოს პირველი გამაუბედურებლის სერგო ორჯონიკიძის მონუმენტი წყევლა-კრულვით მიანგრ-მოანგრიეს... ვერ შევუერთდები პრეზიდენტის ცისფერ ოპტიმიზმს“ („ლიტ.საქ.“ 30 მაისი - 6 ივნისი, 1997).GK