სამეცნიერო-საზოგადოებრივი
ჟურნალი
„სამი საუნჯე“N1(17), 2016
რეზიუმე
ზურაბ ცუცქირიძე, დიდი სახალხო ომი
გრიგოლ რუხაძე, წმინდა ილია მართლის პოლიტიკური მრწამსი
გვანცა კოპლატაძე, წმიდა ილია მართალი საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ
გულბაათ რცხილაძე, ვიზალიბერალიზაცია ანუ ევროპული საპნის ბუშტი ქართველებისთვის
თინა იველაშვილი, უხა _ გამომცხვარი პურის ერთი სახეობის სახელწოდება
ნათელა არველაძე,თეატრისა სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხისათვის
მამუკა ცუხიშვილი, ოძრხეს ციხე და ეკლესია
დეკანოზი ვლადისლავ ციპინი, მაინც ვინ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?!
აკაკი შანიძე, დაფარული საუნჯე
გრიგოლ რუხაძე
წმინდა ილია მართლის პოლიტიკური მრწამსი
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ე. წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქართული პოლიტიკის ლოზუნგად გადააქციეს მოხევის სიტყვები: «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუნდეს», წმ. ილია მართლის მოთხრობიდან `მგზავრის წერილები~, რომელიც მან 24 წლის ასაკში დაწერა და მასში არა მარტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობისკენ მიზანსწრაფვა, არამედ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კავშირის დარღვევაც იგულისხმეს.
სტატიის ავტორი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილების ანალიზის მიხედვით ასკვნის, რომ წმ. ილია მართალი სინამდვილეში რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერი იყო და საქართველოსთვის გაწეული დიდი ღვაწლის გამო რუსეთისადმი სიყვარულსა და პატივისცემას დაუფარავად გამოხატავდა.
გვანცა კოპლატაძე
წმიდა ილია მართალი საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ილია მართალს არ ჰქონდა პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობისა, რამდენადაც ცხოვრების უმთავრეს მიზნად მშობელი ერის სამსახური და მის სულიერსა და ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა ჰქონდა დასახული, ამ მიზნის მისაღწევი გზების არჩევისას საკუთარ თავს განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. ეროვნული მოღვაწის სწორედ ამგვარმა პასუხისმგებლობამ განაპირობა მისი დაინტერესება საერთაშორისო, კერძოდ, ევროპის პოლიტიკით, რომელსაც, ისევე როგორც დღეს, იმდროინდელ მსოფლიოშიც წამყვანი ადგილი ეკავა, მას კარგად ესმოდა, რომ ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთი შემადგენელი ნაწილის, აწმყოსა და მომავლის განხილვა, ცალკე, საერთო კაცობრიული ბედიდან ამოვარდნილად, შეუძლებელი იყო.
წმინდა ილია მართლის საერთაშორისო პოლიტიკის განხილვისადმი მიძღვნილ წერილებს საფუძვლად უდევს მისივე შეხედულება პოლიტიკურ სარბიელზე ორი დაპირისპირებული მოძღვრების არსებობისა; ერი პოლიტიკისათვის, თუ, პირიქით, პოლიტიკა ერისათვის. მისი აზრით, მთელი პოლიტიკური ისტორია ევროპისა ამ ორი მოძღვრების ერთმანეთთან ბრძოლას წარმოადგენს და განიხილავს რა მისი წამყვანი ქვეყნების _ ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის იმდროინდელ პოლიტიკას სამართლიანობისა და ზნეობრიობის თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ მათი ხელისუფალნი პირველი მოძღვრების _ ერი პოლიტიკისათვის _ მსახურები იყვნენ, რაც უპირველესად სწორედ თავად ამ ერების გაწირვას ნიშნავდა.
გულბაათ რცხილაძე
ვიზალიბერალიზაცია ანუ ევროპული საპნის ბუშტი ქართველებისთვის
საქართველოში ბოლო წლებში აშკარა გახდა ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ. ამ განწყობების ცვლილებას თავისი მიზეზები აქვს,ასევე უმიზეზო არ არის ის გარემოება, რომ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების,მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის უდიდეს ნაწილზე ეს ცვლილებები თითქმის არაისახა და აღნიშნული სოციალური კატეგორიების წარმომადგენლები კვლავინდებურად რელიგიური აღტაცებით საუბრობენ „დასავლეთისკენ მიმავალ ურყევ კურსზე“. მაგრამაშკარაა, რომ დღევანდელი ვითარება, საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ბევრად განსხვავდება წინა წლებისა და ათწლეულებისაგან _ დასავლეთის იმიჯი დღესდღეობით სერიოზულად შერყეულია საქართველოში.
P.შ. ამ თემას აანალიზებს ავტორი თავის სტატიაში და მიდის დასკვნამდე, რომ ბოლო წლებში წარმოშობილი დიდი სოციალური პრობლემებით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების პრობლემით დასუსტებულ ევროპას არ ძალუძს შეამსუბუქოს საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სავიზო ლიბერალიზაციის გზით. სტატიაში ასევე ახსნილია ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ პოლიტიკის პროვოკაციული არსი, ამასთან ხაზგასმით არის აღნიშნული ქართული ბიუროკრატიის დაინტერესება, საქართველო საბოლოოდ მიაბას ბრიუსელს, ვაშინგტონის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, რითაც სარგებელს ისევ ეს ბიუროკრატია პოულობს, და არა მოსახლეობის ფართო ფენები. ამით განსხვავდება ამჟამინდელი ურთიერთობები ცენტრსა (ბრიუსელი) და პერიფერიას (თბილისი) შორის, განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, როდესაც ცხოვრების დონემ საქართველოში მანამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია.
თინა იველაშვილი
„უხა“ _ გამომცხვარი პურის ერთი სახეობის სახელწოდება
საერთოდ, ქართული ლავაში დამზადებისა და ცხობის ტექნოლოგიით, თავისი რიტუალური დანიშნულებით თუ ფორმით მეზობელი ხალხების იმავე სახელწოდების პურისაგან დიამეტრულად განსხვავდება. საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც კი პურის ეს სახეობაა გავრცელებული, ლავაშს გაღვივებულ-გაფუებული, ე. წ. ლავაშს კი გაუღვივებელი//უფუარი ცომისაგან აცხობენ. აქედან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ მას თავისი ისტორიულად ნამდვილი თურქულენოვანი სახელი _ „უხა" აღუდგება.
წარსულში საქართველოში ლავაში გარკვეულ დღეებში (საახალწლოდ, სააღდგომოდ, მიცვალებულის მოსახსენებელი სუფრისათვის) ცხვებოდა როგორც სარიტუალო პური და არა როგორც ყოველდღიური საკვები. მეზობელ ხალხებში გავრცელებული პურის ეს სახეობა კი ყოველდღიური კვების მენიუში შედიოდა და რიგ შემთხვევაში დღესაც შედის.
ავტორის აზრით, ე. წ. „სომხური ლავაში“ თავისი დამზადების ტექნოლოგიით (გაუღვივებელი მაგარი ცომი, ცხობის ტექნიკა, დანიშნულება და ა. შ.) არა ლავაშად, არამედ წარსულში სამხრეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული უხის ნაირსახეობად უნდა ჩაითვალოს. მოტანილი მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ გამომცხვარი პურის ამ სახეობის, რომელზედაც მეზობელი ქვეყნების მკვლევრები ერთმანეთს ედავებიან, სახელწოდება არის არა ლავაში, არამედ თურქული უხა. მისი ცხობის თავდაპირველი ტექნოლოგია და ნამდვილი თურქულენოვანი სახელწოდებაც დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მკვიდრ ქართულ მოსახლეობაში.
ავტორის აზრით, ქართულ მოსახლეობას პურის ცხობის ეს უმარტივესი ხერხი XVII-XVIII სს-ში აქ შემოსახლებული სხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებისაგან უნდა შეეთვისებინა და გაჭირვების ჟამს თუ ექტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოეყენებინა. ამას გვაფიქრებინებს ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილი მათი სახელწოდებანი და ცხობის ტექნოლოგიებიც. ადვილი შესაძლებელია საზაფხულო საძოვრებზე წასულ ქართველ მეურნეს გამომცხვარი პურის ეს სახეობა თავისი სახელწოდებითა და დამზადების ტექნოლოგიით მეზობელი თურქულენოვანი მოსახლეობისაგან გადაეღო და თანდათანობით მისი ცხობის ტექნოლოგიაც გაეუმჯობესებინა.
სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი ქართველებისათვის ადრეული ხანიდანვე ცნობილი იყო გაღვივებული ცომისაგან განსხვავებული ტექნოლოგიით ფურნეში (ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში თონეში) გამომცხვარი პურის სახეობა ძველი სპარსული სახელწოდებით „ლავაში“.
ფაქტია, რომ სომხებმა პურის ამ სახეობის ცხობის ტერნოლიგია თურქულენოვანი მოსახლეობისაგან გადაიღეს, სახელწოდებად კი საქართველოში ფართოდ გავრცელებული და მყარად დამკვიდრებული ირანული ტერმინი აიღეს და UNESCO-ში, როგორც სომხური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მონაპოვარი, ისე წარადგინეს. გამომცხვარი პურის ეს სახეობა, რა სახელითაც არ უნდა მოვიხსენიოთ, მისი დამზადების ტექნოლოგია და სამცხე-ჯავახეთში დღემდე შემორჩენილი სახელწოდებაც გვიჩვენებს, რომ ის თურქულენოვანი ხალხების კულტურული მონაპოვარია და UNESCO-ს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში არა სომხების, არამედ აზერბაიჯანელებისა და თურქების სახელით და „უხის“ სახელწოდებით უნდა შევიდეს.
ნათელა არველაძე
თეატრისა სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხისათვის
პროფესიული თეატრი, როგორც სახელმწიფოს მონაპოვარი, საუკუნეთა მანძილზე წყვეტდა რა სპეციფიკურ საკითხებს, ვერბალურ-ვიზუალური აქტის განხორციელებით გონებრივ და გრძნობად ზემოქმედებას ახდენდა სოციუმზე. გამოხატავდა რა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან იდეებს, ზოგჯერ ემსახურებოდა ოფიციოზის პრინციპთა დანერგვას, ზოგჯერ კი ეხმიანებოდა საზოგადოებრივი ინტერესების დემონსტრაციას. თეატრი გართობით შეაგონებდა მაყურებელს და მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ხელშესახებად გამოიკვეთა კიდეც თეატრი _ სახელმწიფოსა და თეატრი _ სოციუმის პრობლემა. ავტორის მიხედვით, ამ თვალსაზრისით მეტად საგულისხმოა ანტიკური ეპოქის ბერძნული პოლიტიკური სათეატრო ცხოვრება; განსაკუთრებით _ სოფოკლეს ტრაგედია `ოიდიპოს მეფე~. სოფოკლე მითის ინტერპრეტაციით, პარაბოლური შეგონებით მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფო-სოციუმის გაწონასწორებულ ურთიერთობას ბევრწილად განაპირობებს მათს შორის უფლებრივ-მოვალეობითი დამოკიდებულება. ტრაგიკოსის დიდაქტიკა მიგვანიშნებს დემოკრატიის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში; იმასაც გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია თეატრი-სახელწიფოს ნორმალიზაციისთვის მმართველის გამორჩეულობა, მისი სიბრძნე, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის თვითშეგნება; თავის მხრივ, პიროვნული თვისებებით არჩეული მმართველის მიმართ დემოსმა უფლება მოიპოვა მის მიმართ ყოფილიყო მომთხოვნი. ამ ტრაგედიის სასცენო ადაპტაციით სოფოკლემ დამოძღვრა დემოსიცა და მმართველიც. ამით გამოკვეთა თეატრი-სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი დემოკრატიულ ათენში. ამ პრინციპით შესაძლებელია იხელმძღვანელოს თანამედროვე თეატრმაც. ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში, სოფოკლეს დიდაქტიკას არ დაუკარგავს აქტუალობა.
მამუკა ცუხიშვილი
ოძრხეს ციხე და ეკლესია
ავტორმა პირადად მოინახულა ოძრხის (აბასთუმნის) უძველესი ციხე და მასში მდებარე ეკლესია, სადაც ჯერ კიდევ წმიდა მეფენი ვახტანგ გორგასალი და თამარ მეფე ლოცულობენდნ და ავედრებდნენ უფალს საქართველოს.
ადგილის დათვალიერებითა და წერილობითი წყაროების გათვალისწინებით, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ოძრხის “თამარის ციხეში” ძველთაგანვე იდგა ეკლესია, რომელიც მოითხოვს სპეციალისტების მხრიდან ჯეროვან ყურადღებას და შესწავლას, რაც, ერთი მხრივ, საბოლოოდ ნათელს მოჰფენს ჩვენი სახელოვანი მეცნიერების მოსაზრებას აღნიშნული ციხისა და ტაძრის შესახებ, მეორე მხრივ კი, ჩვენს ახალგაზრდობას ინტერესს გაუჩენს სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კურორტის, ძველი ოძრხის მოსანახულებლად და გასაცნობად.
დეკანოზი ვლადისლავ ციპინი
მაინც ვინ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?!
ავტორი თანამედროვე ცნობილი ისტორიკოსია, რომელიც კრიტიკულად განიხილავს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბლოგერის მიერ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; იმ დროს კი რუსეთის ხელისუფალი იყო წმინდა მოწამე იმპერატორი ნიკოლოზ II, ამდენად, ეს ბრალიც სწორედ მას წაეყენება. ავტორი დოკუმენტური მასალის საფუძველზე ასკვნის, რომ 1914 წლის 19 ივლისს (ძვ. სტ.) გერმანიამ სერბეთს ომი გამოუცხადა, ხოლო იმპ. ნიკოლოზი სინდისიერად მოიქცა და ერთმორწმუნე სერბეთი დასაგლეჯად არ გაიმეტა.
აკაკი შანიძე
დაფარული საუნჯე
ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკად. აკაკი შანიძის ეს სტატია 1962 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის საფუძვლიან მოთხოვნასა და გულწრფელ სურვილს _ თანამედროვე ქართულ დამწერლობაში მთავრული ასოების გამოყენებისა _ არაერთი ლიტერატორისა და გამომცემლის მხარდაჭერა ჰქონდა, საკითხი საბოლოოდ მაინც არ გადაწყვეტილა. ამჟამად თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ანბანის სამი სახეობიდან პრაქტიკულად ერთი იხმარება _ მხედრული, ხოლო ასომთავრული, ანუ იგივე მრგვლოვანი, და ნუსხური ასოები მარტო მართლმადიდებლური ეკლესიის საღმრთისმსახურო წიგნებისთვის გამოიყენება.
|