სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

სექტემბერი

    1994 წლის 27 აგვისტოს – ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეს, აღიმართა და იკურთხა წმინდა ნინოს ძეგლი საქართველოში (ლიტ.საქ. 2 სექტემბერი, 1994).GK

    ირაკლი გოცირიძე: „დღეს საქართველოში ზუსტად ისეთივე „სტაბილური მდგომარეობაა“, როგორიც იყო ავადსახსენებელ 1937 წელს − ხალხი ვერც მაშინ გამოხატავდა პროტესტს... ხელისუფლებამ თვით მისცა ხალხს ძალადობის მაგალითი, როცა 1991-1992 წლების ზამთარში სამხედრო გადატრიალება მოახდინა... ჩნდება კითხვა: კი მაგრამ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბატონი გია ჭანტურია და მისი მეუღლე საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი ირინა სარიშვილი ხომ ამ ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერთა რიგს მიეკუთვნებიან? მათ ხომ მხარი დაუჭირეს 1991-1992 წლებში სამხედრო გადატრიალებას და მოითხოვდნენ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების კურსის განმტკიცებას? მაშ, რა მიზნით უნდა გაეწირა ამ ხელისუფლებას ეს ადამიანები სასიკვდილოდ?.. მაშ, საბოლოოდ ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი ტერორისტული აქტი (იგულისხმება გიორგი ჭანტურიას მკვლელობა)? ობიექტური ლოგიკით მისი საფუძველი არ უნდა ვეძიოთ დიდი პოლიტიკის სფეროში, იგი ძევს იმ კრიმინალურ−დანაშაულებრივ სიტუაციაში, რომელიც ფაქტიურად მართავს ჩვენს გაუბედურებულ სამშობლოს“ („იბერია-სპექტრი“, 7-13 სექტემბერი, 1994).GK

    თენგიზ კიტოვანი (პარლამენტის წევრი): „1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვარში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება... დიახ, ეს იყო სუფთა წყლის გადატრიალება, რაშიც პირადად მე ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი... გადატრიალება მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დამხობას... პრეზიდენტმა დაუშვა ისეთი პოლიტიკური გადახვევები, რაც ჩვენ ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანდა... იგი გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და უკანასკნელიც... მე და ჩემი თანამოაზრეები არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კვლავ ვინმე გახდეს პრეზიდენტი... სწორი იქნება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი ვერაფერი მოუტანა ამ გადატრიალების შემდეგ განვლილმა სამმა წელიწადმა. ის კი, რაც მაშინ მოხდა, საქართველოსთვის აუცილებელი იყო“ („იბერია-სპექტრი“, 7-13 სექტემბერი, 1994).GK

    გოჩა პაიჭაძე (საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე): “მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში დანაშაულთა საერთო რაოდენობა შემცირდა 19,5%-ით, მათ შორის განზრახ მკვლელობა 2%-ით, ყაჩაღობა 31%-ით, ადამიანის მოტაცება 47%-ით, სახელმწიფო ქონების ქურდობა 21,4%-ით, არასრულწლოვანთა დანაშაული 25%-ით, მაინც, საერთო ოპერატიული მდგომარეობა მწვავე რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ ტარების და შენახვის გამოვლინება გაიზარდა 46,6%-ით, ნარკომანიისა – 23%-ით... გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    ჯიმი სხირტლაძე (საგზაო პოლიციის სამართველოს უფროსი): “ამ თანამდე-ბობაზე წელს აპრილში მომიწია მოსვლა. გახსოვთ, ალბათ, რა დრო იყო ეს, ყაჩაღობითა და ბანდიტიზმით შეშინებული მოსახლეობა შებინდების მერე გარეთ ვეღარ ჰყოფდა ცხვირს, თითქმის მთლიანად წყდებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობაც, ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე თბილისი ფაქტიურად მკვდარ ქალაქად იქცა. გადავწყვიტეთ წესრიგის დასამყარებლად პირველი სიტყვა ჩვენ გვეთქვა – ავტოინსპექციის მუშაკებს. პირველი რაც მოვიმოქმედეთ, ეს იყო, რომ თანამშრომლებს ჩავაცვით ფორმა... იყო პირველი შედეგები, რამაც ჩვენს მუშაკებს სტიმული მისცა, მერე დაიწყო უკვე სერიოზული ღონისძიებები, რის შედეგადაც ქუჩებში იკლო შეიარაღებული ხალხის თარეშმა” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    როსტომ ლორთქიფანიძე (დეკანოზი): “ჩვენს პოლიტიკოსებს გააზრებული არა აქვთ ქრისტიანობა, როგორც ეროვნული აზროვნების ფორმა, როგორც ერის კულტურული მონაპოვარი და მძლავრი ზნეობრივი სისტემა;
    რუსეთის იმპერიამ, რომლის მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამოძირკვა და ეროვნული აზროვნების მოსპობა იყო, საქართველოს ავტოკეფალია გააუქმა... ბოლშევიკებმა კი ეკლესია სახელმწიფოსგან გამოჰყვეს და ამით იგი თავის მაცოცხლებელ ნიადაგს მოწყვიტეს;
    ფილოსოფოსთა, ბრძენ კაცთა და მეცნიერთა ღვაწლით გამშვენებული უფლის სიტყვა საზოგადოებას მიეცემა, როგორც ცხოვრების წესი და მოღვაწეობის აუცილებელი ნორმა. ასეთ პირობებში ეკლესია ეროვნული აზროვნების ცენტრად  იქცევა და არა უპოტენციო, დეგრადირებულ ადამიანთა თავშესაფრად;
    მაგიური სიტყვა “ენა, მამული, სარწმუნოება” პროვინციალიზმისა და უგონო გახელების საბაბად იქცა;
    ადამიანი მხოლოდ მაშინ ტოვებს თავის ცხოველურ არსს, როდესაც მის სულში ღამეს გაათევს ღმერთი” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    დემოკრატიის გზაზე ახლად ფეხშედგმული ინგლისელები სიკვდილით სჯიდნენ იმ პიროვნებას, ვინც რომელიმე ეკლესიურ გაერთიანებას ეკუთვნოდა (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    ჟემალ ჯაყელი: “საბჭოთა რეჟიმის დროს აჭარის მკვიდრი ძირძველი მოსახლეობა ოცდახუთი წლის მანძილზე, 1922 წლიდან 1947 წლამდე ითვლებოდა სხვა ეროვნების წარმომადგენლად და ამას აკეთებდა ისევ ქართველი კაცი, იმისთვის, რომ სარწმუნოება და ეროვნება ერთმანეთში შეგნებულად აერია შორსგამიზნული დასკვნებისთვის;
    1972 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენს დედასაქართველოში იყო 784 ნასოფლარი, მათ შორის მესხეთში აღირიცხა 406 ნასოფლარი ანუ მთელი საქართველოს ნასოფლარების თითქმის ორმოცი პროცენტი. რაიონების მიხედვით მდგომარეობა ასეთი იყო: ადიგენში – 37 ნასოფლარი, ახალქალაქში – 47 ნასოფლარი, ასპინძაში – 83 ნასოფლარი, ახალციხეში – 139” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    არველოდი წინწავა: “როგორც ვატყობთ, არავინაა დამშლელი და წინ დამდგომი – ყაჩაღმა იყაჩაღოს, მეძავმა იმეძავოს, ხულიგანმა ქუჩა აიკლოს, გამტაცებელმა ვინც უნდა გაიტაცოს, მექრთამემ ქრთამები აიღოს, სასიკვდილოდ წაკიდებულმა ყმაწვილებმა დღისით, მზისით ერთმანეთი დაცხრილონ... ამსხვრიეთ ვიტრინები, დაწვით სახლები, ააფეთქეთ ხიდები, ელექტროანძები...  ერთი სიტყვით, ყველამ ის აკეთოს, რაც მოესურვება, ნურაფერი გერიდებათ – შემთხვევით, რომც დაგიჭირონ, სასამართლო მაინც არ გაიმართება. ჩვენთან ხომ კარგა ხანია დემოკრატია არის დამყარებული და უდანაშაულობის პრეზუმპციას თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით. სასჯელის ნუ შეგეშინდებათ!” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    გივი გამრეკელი: “პირდაპირ გასაოცარია, რომ ესოდენ ვრცელ, თანაც ქარ-თულ ენაზე, საქართველოში დაწერილ, მრავალმხრივ საყურადღებო ნაშრომში (იგულისხმება წიგნი “ებრაელი ხალხის ისტორიიდან”) არაფერია ნათქვამი ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან, ტრადიციულ მეგობრობაზე. ეს მეგობრობა ხომ ოცდაექვსი საუკუნის წინათ დაიწყო და დღემდე არაფრით შებღალულა. იმ საშინელი ანტისემიტიზმის ფონზე, რომელიც მრავალ ქვეყანაში გვხვდებოდა და დღესაც ბოლომდე არ არის დაძლეული, ამ თითქმის უნიკალური შეხმატკბილების არაღნიშვნა, გაუგებარია” (ლიტ.საქ. 9 სექტემბერი, 1994).GK

    გურამ ფანჯიკიძე: “პარლამენტშიც და სამთავრობო სტრუქტურებშიც ბლომად არიან ისეთები, მთელი მონდომებით რომ ებრძვიან მწერლობასა და ხელოვნებას” (ლიტ.საქ. 23 სექტემბერი, 1994).GK

    ომარ ჯანელიძე: “1948 წელს – ნიკო კეცხოველის, ვასილ გულისაშვილის, თეოფანე დავითაიას და სხვა დიდ ქართველთა ინიციატივით, შეიქმნა საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოება;
    ქალაქის მერიც და მაშასადამე საბინაო სამმართველოც მინისტრთა კაბინეტს სთხოვდა მუზეუმ-ლექტორიუმის (საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მიერ დაკავებული შენობა) მთელი შენობის რეკვიზირებას;
    რესპუბლიკის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დაუხანებლად ავალებს იუსტიციის მაშინდელ მინისტრს ბ-ნ კ. კემულარიას წარადგინოს წინადადება “რეკვიზიციის ჩატარების თაობაზე”. იმავე წლის (1992 წ.) 5 მარტს კი წერილით 00/12, იუსტიციის სამინისტრო პასუხობს მინისტრთა კაბინეტს, რომ “სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად გათვალისწინებულია მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გამო, ქონების ღირებულების გადახდით”. ასე ჰაიჰარად შეიქმნა ეს ბედოვლათი მარეკვიზირებელი განკარგულება #189 გ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა  გამოსცა 1993 წლის 16 მარტს. მინისტრთა კაბინეტმა ყურად არ იღო არც თბილისის მერიის გაფრთხილება (შეეტანა ცვლილება განკარგულებაში) და არც იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, რეკვიზირებულის სანაცვლოდ, “სხვა იგივე ღირებულების შენობის გადაცემის” თაობაზე;
    ხელისუფლების მხრიდან რეკვიზირების განხორციელება მოხდა უზნეო ფორმებით. კერძოდ, დედაქალაქის მაშინდელი მერის (ბ-ნ კოტე გაბაშვილის) პირადი მითითებით კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციელთა ორმოცკაციანმა რაზმმა ღამე შტურმით აიღო ჩვენი საზოგადოების მუზეუმ-ლექტორიუმის შენობა. შენობიდან ჩვენდა უკითხავად გაიტაცეს ჩვენი საზოგადოების მოწყობილობა – დანადგარები, ძვირადღირებული ტექნიკა (გამოთვლითი ტექნიკა, კონდიციონერები, მაცივრები, აუდიოვიზუალური ტექნიკა...), ინვენტარი, ავეჯი და სხვა და დაყარეს სამხედრო ისტორიის მუზეუმის შენობაში, რომელიც შემდგომ დაიკარგა... ჩვენი სასარჩელო განცხადება არ მიიღო არც მთაწმინდის რაიონის სასამართლომ, არც უზენაესმა სასამართლომ და არც არბიტრაჟმა. მოტივი – მთავრობის განკარგულებები არ არის მათი განსჯის საგანი... ნუთუ მართლა სჯერა ქართველ ფუნქციონერ მოხელეს, რომ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების ქუჩაში გაგდების, გაძარცვა-განადგურების ხარჯზე თურქეთის საელჩოსთვის შენობის გამოთავისუფლება ეროვნული საქმეა?!” (ლიტ.საქ. 23 სექტემბერი, 1994).GK

    გივი ბოსტოღანიშვილი საქართველოს რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ოთარ ფაცაციას: “საზღვრისპირა რაიონებში სულ უფრო ძლიერდება ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის მიტაცება, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური ბინათმშენებლობა; საზოგადოებრივ მეურნეობებში მეცხოველეობის განადგურების შედეგად უპატრონოდ დარჩენილ ფერმებს ეპატრონებიან აზერბაიჯანელები;
    კახეთში მწყემსების დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი აზერბაიჯანელები არიან. ჰყავთ საკუთარი ფარა და საქონელი. არ არსებობს არა თუ საზღვრები, არამედ უბრალო მიჯნებიც კი. უფრო მეტიც: არ არსებობს კანონი საზღვრების შესახებ” (ლიტ.საქ. 23 სექტემბერი, 1994).GK

    არჩილ რაზმაძე: „თითქმის ორასი წელია ქართველ კაცს წაერთვა თავისი ქვეყნის დაცვის უფლება. ამან წარმოშვა სამხედრო საქმისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყანა ამ სფეროში ძალიან ჩამორჩა... ჩამორჩა არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ, არამედ ფსიქოლოგიურადაც... ყოველ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს რომაელთა შეგონება: „თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“ („მხედრიონი“, 27 სექტემბერი, 1994).GK

    ჯაბა იოსელიანი: „უთანასწორო ომი იყო... ჩვენგან, ფაქტობრივად ორი ჰაუბიცა მუშაობდა, რადგან ხელშეკრულების თანახმად მთელი შეიარაღება გამოვიტანეთ... ჩვენ მხოლოდ აფხაზები კი არ გვებრძოდნენ, არამედ ათასი ჯურის დაქირავებულები... სახმელეთო გზა ჩვენივე მოღალატეებმა ჩაგვიკეტეს. ქალაქი ბლოკირებული იყო ზღვიდანაც და ჰაერიდანაც... სად უნდა გავმაგრებულიყავით? კოდორის იქით ზვიადისტები იყვნენ, არ გვყავდა ტექნიკა... მას შემდეგ რაც დავკარგეთ გაგრა, შევარდნაძეს ასეთი დევიზი ჰონდა: მოვიპოვოთ თუნდაც მცირე სამხედრო უპირატესობა, რათა მოლაპარაკებები უფრო მომგებიანი პოზიციიდან წარმართულიყო... ტყვარჩელი ვერ ავიღეთ ჩვენივე არაორგანიზებულობის გამო... აფხაზეთი თავშესაფრად გაიხადეს გამსახურდიას მომხრეებმა, ძარცვავდნენ ეშელონებს, აფეთქებდნენ ხიდებს, იტაცებდნენ ადამიანებს... თავიდან არძინბამ უთხრა კიტოვანს, ჩემს ნაწილებს გადმოგცემ და ერთად გავაკონტროლოთ რკინიგზაო, მაგრამ კიტოვანი არ შეხვდა არძინბას. არძინბამაც არ დარეკა და ჩვენს ჯარებს ცეცხლი გაუხსნა... ამ დროს შევარდნაძეს რეალური ხელისუფლება არ ჰქონდა... შევარდნაძე პირდაპირ კონფლიქტს ერიდებოდა... სარდლობაში უთანხმოება იყო. ძალიან ბევრნი ამბიციებით იყვნენ შეპყრობილნი. რუსებმა თხუთმეტი დანჯღრეული ტანკი მოგვცეს. სჭარბობდა მიტინგური განწყობა, ეგონათ, „საქართველო, საქართველოს“ ძახილით შეაშინებდნენ მტერს, მაგრამ პირველივე გასროლისთანავე სულ სხვანაირად მოიქცნენ. ახლა კი იძახიან შევარდნაძემ გაყიდა საქართველოო... როგორც კი გავიგე პირველი შეტაკების ამბავი, მაშინვე ჩავედი ათ კაცთან ერთად და ყოველნაირად ვცდილობდი ომის თავიდან აცილებას... მახსოვს შევარდნაძემ დამირეკა და მკითხა, სად არის კიტოვანიო. მე ვუპასუხე, ალბათ, ქუთაისშია-მეთქი. შევარდნაძეს ეგონა ვხუმრობდი, ეწყინა და ყურმილი დამიკიდა... კიტოვანი მეორე დღესაც არ გამოჩენილა. შევარდნაძემ დამირეკა, მართალი ყოფილხარ წყალტუბოში ყოფილაო... ამ დროს აფხაზეთის კონფლიქტში ჩვენ ჩავერთეთ გაგრაში... ერთი თვის მანძილზე ვიცავდით ქალაქს. ვიცოდი, გაგრის აღებით აფხაზებს გზა გაეხსნებოდათ რუსეთისკენ და იქიდან დაიწყებოდა დაქირავებულთა შემოსვლა... ჩამოვედი თბილისში და კატეგორიულად მოვითხოვე დახმარება. შევარდნაძემ მხარი დამიჭირა, მაგრამ სიგუამ თქვა, გაგრაში ცხრაასი კაცი მე თვითონ გავგზავნეო... გამიხარდა, მაგრამ რად გინდა, ცხრაასი კი არა ცხრა კაციც არ იყო გაგზავნილი... საქმისადმი ასეთმა უპასუხისმგებლობამ და ყოველ ნაბიჯზე ტყუილებმა წაგვაგებინა ომი... გამსახურდიას უდიდესი დანაშაული მიუძღვის ოსებისა და ქართველების წინაშე. ალბათ, გახსოვთ, რომ იძახდნენ − ოსები წაეთრიონ საქართველოდან, საქართველო ქართველებისთვისო. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, ამას რა მოჰყვებოდა. აკვანი დაჰქონდათ მიტინგებზე, თითქოს ოსებმა ბავშვი მოკლეს, სინამდვილეში კი მამამისს გაუვარდა თოფი. ოსებს სამსახურიდან აგდებდნენ და ბინებიდან ასახლებდნენ, რამდენი სოფლიდან აყარეს... უნდა ვაღიაროთ საკუთარი დანაშაული... აფხაზებთან ყველაფერი პირიქითაა, მათ წინაშე ჩვენ არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის“ („მხედრიონი“, 27 სექტემბერი, 1994).GK