ჯაბა ონიანი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „წყლის ბიორესურსებით მდიდარ ქვეყანაში, ისეთში, როგორიც საქართველოა, წარმოუდგენელია არ მზადდებოდეს სპეციალისტი ჰიდრობიოლოგიის განხრით, რადგანაც ბოლო ათ წლეულებამდე, საქართველოში ჰიდრობიოლოგი არ მზადდებოდა, ამიტომ ქვეყნის ამ ბუნებრივ სიმდიდრეს, სხვადასხვანაირად განკარგავდა. წყალი, შეისწავლებოდა მხოლოდ სანავიგაციოდ, საირიგაციოდ და ტექნიკური თუ სასმელი თვალსაზრისით. სინამდვილეში ჰიდროსფერო – ეს მეორე სამყაროა თავისი ზოოლოგიით, ბოტანიკით, მიკრობიოლოგიით, ტოქსიკოლოგიით, ჰიდროქიმიით, ფიზიოლოგიით, გენეტიკით, ბიოქიმიით, ბიოფიზიკით, ეკოლოგიით და ა.შ... დღეისთვის მეტად მწვავედ დგას მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის სუფთა წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომლის მარაგი ყოველწლიურად მცირდება წყალსატევების დაბინძურებისა და ევტროფიკაციის შედეგად. ჰიდრობიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 წლის არსებობის განმავლობაში, მუდმივად განიხილებოდა წყალთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. შემოთავაზებული იყო და ისწავლებოდა წყლის ხარისხის ბიოლოგიური ანალიზის მეთოდები... ჰიდრობიოლოგიის და ტოქსიკოლოგიის კათედრის კურსდამთავრებული მაგისტრები, თითქმის ყველა დასაქმებულია სპეციალობით... საერთოდ, მინდა გამოვთქვა სინანული, იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიდრობიოლოგიის სპეციალობის, ან კათედრის, ხან გახსნით და ხან დახურვით, არც ერთი სპეციალისტი, მეცნიერებათა დოქტორი, გრიფით „ჰიდრობიოლოგია – 03.00.18“ არ მომზადებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კანდიდატს ჩვენს კათედრაზე გაზრდილს, ან 80-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის უნივერსიტეტში მომზადებულ რამდენიმე კანდიდატს“ („ლიტ.საქ.“ 15 დეკემბერი, 2006).GK
ზურაბ ხასია: „თვით მეფე ერეკლე ვერ განასხვავებდა ქართველსა და ქართლელს. ძლევამოსილ და სახელმოხვეჭილ მეფეს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ სახელმწიფომ შეიძლება თავისი ფუნქციები სხვა სახელმწიფოს გაუნაწილოს...
ტრადიციულად, ქართული ეკლესია საერო ხელისუფლების ნაწილი იყო და მისი სულიერი მისია არასოდეს სცდებოდა საიქიო ცხოვრებისათვის ადამიანთა კანონიკურ მომზადებას. ადამიანთა ზნეობრივ ცხოვრებას კი უფრო მწერლობა დარაჯობდა...
უნივერსიტეტს თავიდანვე ჰქონდა თავისი ანგარიშები ზვიად გამსახურდიასთან. მან სასტიკად დაგმო მისი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და სამარცხვინო ლაქას მიამგვანა ის...
კომუნისტები, თითქოს უნებლიეთაც კი, პატივს სცემდნენ განათლებას და არ ენდობოდნენ ერთადერთ შემთხვევაში – თუ განათლებული ხალხი კომუნისტურ იდეას შეჰბედავდა რასმე...
შევარდნაძე საგანგებოდ გადადგა მინისტრობიდან და საქართველოს საქმე ჩაიბარა. უნივერსიტეტის ელიტაც მას დაემონა... უნივერსიტეტის დიდ საბჭოს არაფერი აკავშირებდა თავისუფლებასთან. მან უყოყმანოდ აირჩია მონობა...
უნივერსიტეტი დამოუკიდებელ ქვეყანას სჭირდება... ასეთი იყო საბჭოთა კავშირი და მას ჰქონდა უამრავი უნივერსიტეტი, მათ შორის თესეუც. ახლა საქართველო სახელად დამოუკიდებელია, მაგრამ სახრავად სხვისია. მის ცხოვრებაში მოსკოვი ვაშინგტონმა შეცვალა. მოსკოვს სჭირდებოდა თესეუს არსებობა, ვაშინგტონს არ სჭირდება...
კალიებს ჰყოფნით ცინიზმი, რომ ილიასეულ-ჯავახიშვილისეული ტაძარი ჩამოაკოლეჯონ ილიასა და ივანეს პორტრეტების ფონზე. არადა არ იშორებენ მათ სურათებს. მათ აფარებენ თავს“ („ლიტ.საქ.“ 29 დეკემბერი, 2006).GK
ტარიელ ფუტკარაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, სრული პროფესორი): „1988 წლის 18 სექტემბერს, ბოლონიაში, ევროპის უნივერსიტეტებმა გამოაცხადეს შემდეგი ოთხი ფუნდამენტური პრინციპი („უნივერსიტეტების დიდი ქარტია“):
უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობისა და გეოგრაფიული პირობების გამო სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ საზოგადოებაში, რომელიც ქმნის, აწარმოებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით;
უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა განუყოფელი უნდა იყოს, რათა სასწავლო პროცესი არ ჩამორჩეს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს და სამეცნიერო მიღწევებს;
მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ, ერთი მხრივ, კვლევისა და სწავლების თავისუფლება, მეორე მხრივ, სტუდენტთა მიერ კულტურისა და ცოდნის შეძენის თავისუფლება;
საჭიროა უნივერსიტეტებს შორის ინფორმაციებისა და მონაცემების გაცვლა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლა (მობილობა) და სხვ;
ამჟამად, საქართველოში მიმდინარე რეფორმის მიხედვით, ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიზრდებიან მხოლოდ უცხოური კულტურის შემომტანი სპეციალისტები და არა – საზღვარგარეთ ქართული კულტურის გამტანები...
2006 წლის ივნისში უნივერსიტეტში იყო 3275 პროფესორ-მასწავლებელი; ახლა არის 800-მდე; იყო 184 კათედრა და 86 სამეცნიერო ლაბორატორია/ცენტრი; მათ ნაცვლად ამჟამად არის – 47 მიმართულება. გაუქმებული კათედრები შეიცვალა ე.წ. მიმართულებებით...
აკრედიტაციის მიზეზით ფაქტობრივად გაუქმდა დიდი ღვაწლით შექმნილი ჯავახეთის ფილიალი მაშინ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლო მისი გადარჩენა და ჯავახეთში საქართველოს სახელმწიფო ენისა და კულტურის მნიშვნელოვან კერად ქცევა...
თუ განხორციელდა განათლების სამინისტროში დაწერილი სცენარი, მაშინ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება რექტორის ფსევდოარჩევნები, რითაც დიდი ხნით დაიკარგება უნივერსიტეტის ავტონომიის პერსპექტივა; ბატონი გ. ხუბუა და მისი პარტნიორები ჩაკლავენ ივანე ჯავახიშვილის სულს, დაამცრობენ ქართულენოვან მეცნიერებასა და განათლებას, ჩამოაყალიბებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის საშიშ „კლანს“ და დისკრედიტირებას გაუწევენ „უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეს“ („ლიტ.საქ.“ 29 დეკემბერი, 2006).GK