სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

მაისი

    ბართლომე I (კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქი): „ის, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიები ოდესმე კვლავ უნდა შეერთდნენ, ეს უნდა გაისიგრძეგანოს ყოველმა ღირსეულმა და გონიერმა ადამიანმა, ეს შეერთება, ეს ერთიანობა არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, რწმენის ხელშეუხებლობის საზიანოდ. პირიქით, თეოლოგიური განსხვავებების რეგულირება და ერთიანობის აღდგენა რწმენაში, ეს არის ის ბაზისი, რაც საფუძველს ჩაუყრის ნამდვილ ერთობასაც საერთო საიდუმლოებაში... შეხვედრისა და ღვთისმსახურების ყოველი სხვა მხარე, რომელიც ზიარების საიდუმლოს არ მოიცავს, შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც თანალოცვის ფართო გაგება. არსებითად იგი უბრალო, სამშვიდობო შეხვედრაა მასში და ყოველი მხარე თავისთვის აღავლენს თავისსავე ლოცვას, ერთმანეთის პარალელურად... თანამედროვე განსხვავებული დოგმების მქონე ქრისტიანები ერესების დამფუძნებელთა ძალიან შორეული შთამომავლები არიან და ამიტომ დიდი უსამართლობა იქნება, რომ მათ მიმართ იგივე სიმკაცრე გამოვიჩინოთ... არსებობს ორი განსხვავებული მართლმადიდებლური ეკლესია რუსული დიასპორისა. ერთის მხრივ, ადრე Metropolia-დ წოდებული (დღევანდელი O.C.A), ამერიკაში, რომელიც მოსკოვმა ავტოკეფალიად გამოაცხადა (ეს ანტიკანონიკური აქტი გახლდათ და ამას არ ცნობს მსოფლიო საპატრიარქო. რუსეთის ეს ქმედება არ სცნეს და არ მიიღეს არც სხვა მართლმადიდებელმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა). და მეორე − ე.წ. რუსული ემიგრანტული ეკლესია, რომელიც ჩამოაყალიბეს 1917 წელს რუსეთიდან ლტოლვილებმა. მსოფლიო საპატრიარქოს პირველთან აქვს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არ ცნობს მის „ავტოკეფალურობას“, ხოლო მეორესთან − არა, რადგან მთელი მისი სტრუქტურა იმთავითვე პრობლემატური იყო... დედა ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტილი ძველი კალენდრის მიმდევართა ნაწილი განუწყვეტლივ ნაწევრდება ერთნამეთთან დაპირისპირებულ სულ უფრო მეტ ჯგუფებად და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იქმნება ძველი კალენდრის მიმდევართა ახალი სქიზმები“ („ლიტ.საქ.“ 25 აპრილი - 2 მაისი, 1997).GK

    ვანო პავლიაშვილი (ღია წერილი ილია მეორეს): „გამიჩნდა ძალუმი სურვილი, მუხლზე ხოხვით ვხლებოდი უწმინდესსა და უნეტარესს, ჭეშმარიტ მართლმადი-დებელთა სახელით ბოდიში მომეხადა და მკრეხელთა შეწყალება მეთხოვა... მე ჭეშმარიტად მწადდა საუბარი უსპეტაკესთან... საქართველოს სულიერი მამისკენ მიმავალი გზა მოულოდნელად გადამიკეტეს. ბიბლიური გარეგნობის ქალბატონმა, რომელმაც თავი პატრიარქის რეფერენტად გამაცნო, მოკრძალებით მითხრა, − უწმინდესი დაკავებულია, სტუმრები ჰყავსო... მოგვიანებით კი, სატელეფონო საუბრისას განმიცხადა −კათოლიკოსმა ბრძანა „ასავალ-დასავალი“ ის დონე არ არის, მასთან ვითანამშრომლოთო (!)... ამის შემდეგ კიდევ ვცადე პატრიარქთან მოხვედრა, მაგრამ... კათოლიკოსო! უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინეთ უფლისმიერი მოთმინება და ბოლომდე მომისმინეთ... იმას მოგახსენებთ, რასაც მავანნი ლაპარაკობენ და გულზე ხელდადებული ჭეშმარიტად გეუბნებით საჯარო აღსარებას მოსმენილისა თუ გაგონილის გამო... ყველა ცოდვილის, წარწყმენდილის ნაცვლად ცოდვების შენდობას მუხლმოყრით გევედრებით... ამ ქვეყნად არ არსებობს ძალა, რომელიც დამაჯერებს, რომ ილია მეორეს ქრისტიანული სიმდაბლე არ გააჩნია! პატრიარქო, ალბათ უცნობია თქვენთვის, ბრმა წინამძღოლნი უდიდეს ცოდვად, დანაშაულად გითვლიან სიონის საკათედრო ტაძრის გუმბათზე ბოროტად მოყრანტალე ყვავის გამოჩენას... სულით ავადმყოფი და ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი კათალიკოსს სატანური ბრალდება რომ წაუყენო − ილია მეორე საქართველოს ეკლესიას ერთპიროვნულად მართავს, მისი უახლოესი ნათესავები კი ყველაზე შემოსავლიან ეკლესიებს მეურვეობენო... პატრიარქის ლანძღვა-გინება, განკითხვა ჩვეულებრივ მოკვდავთ არ ეგების... პატრიარქო, ნუ მიწყენთ და ხალხს ღვთის რწმენა აქვს... ეგაა ოღონდ ეკლესიის მსახურთ ვერ იტანს (!)... ბევრი მღვდელი უგარყვნილეს ცხოვრებას ეწევა... წაიწყმიდა ერი... ერს, მავანთა უგვანო საქციელის გამო, პატრიარქიც მოუძულებია... საზოგადოებაში მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერზეც ათასი ბინძური ჭორია გავრცელებული... თანამოძმეთა ცოდვას ვაღიარებ, აღსარებას გეუბნებით და... იმ მკრეხელთათვის მიტევებას გთხოვთ... აღარც იმის თქმას თაკილობენ − 1982 წელს ბიჭებმა თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, მათი თანამოზიარე მღვდლის − თეიმურაზ ჩიხლაძის სიკვდილით დასჯა, უპირველესად ილია მეორემ მოითხოვაო... კოსმოსური სიჩქარით გაავრცელეს − სოხუმის დაცემის შემდეგ თბილისში დაბრუნებულ პრეზიდენტთან ერთად პატრიარქი ყავას მიირთმევდაო“ („ასავალ-დასავალი“, 13-19 მაისი, 1997).GK

    შალვა მამუკაშვილი: „ვეტერანების დაცინვა პირველ არხზე... 9 მაისს, საქართველო გამარჯვების დღეს აღნიშნავდა... პირველ არხზე ომის ვეტერანები მიიწვიეს... გადაცემის დასაწყისი საიმედო აღმოჩნდა − ვეტერანებს ყვავილების შესანიშნავი თაიგულები დაურიგეს, მაგრამ ფინალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მომღიმარ ვეტერანებს სამახსოვროდ − საფერფლეები დაურიგეს... წარმომიდგენია რა იმედგაცრუებულნი დარჩნენ „სპეციალურად დაპატიჟებული სტუმრები“, როცა მე, უბრალო მაყურებელს ბოღმით ამევსო გული“ („ჯ.თ.“ 14-21 მაისი, 1997).GK

    გულაბერ ანანიაშვილი (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „უკვე 53 წელია ქართველი ერის წინაშე მეტად მწვავედ დგას სამცხე-ჯავახეთიდან 1944 წლის ნოემბერში დეპორტირებულ მესხთა პრობლემა... ეს არის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი ბოლშევიკური პარტნომენკლატურის და მისი ერთგული სპეცსამსახურების მიერ ჰუმანურობის წინაშე ჩადენილ დანაშაულობათა შორის... სამცხე-ჯავახეთში იქაური ქართველი მაჰმადიანები ოციან წლებში გამოაცხადეს და ჩაწერეს თურქებად, გაუხსნეს თურქული სკოლები... ასე დაიწყო კომუნისტურმა რეჟიმმა ამ კუთხის მიზანდასახული იზოლაცია, მესხთა გაორგულება (გათათრება-გათურქება) ძველი, ჯერ კიდევ რუსეთის ტრადიციული ადმინისტრაციის მიერ აპრობირებული მეთოდებით... წლების მანძილზე ყოფილი სსრკ პარტიულმა ხელისუფლებამ და სუკ-მა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვითარება გაემძაფრებინათ... პარტნომენკლატურა და სუკ-ი ეწეოდნენ ქართული ორიენტაციის მესხთა ინტერესების მიზანდასახულ იგნორირებას, მათი ლიდერების შევიწროვებას და პანთურქისტ პროვოკატორთა წაქეზებით − დევნას, მესხთა შორის შუღლის გაღვივებას და სხვა... საბჭოთა სუკ-ი ქართული ორიენტაციის მესხებს ებრძოდა“ („ჯ.თ.“ 14-21 მაისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „1995 წლის სექტემბერში კრების მიერ დამტკიცებული დებულების შინაარსის მოკლე ნაწყვეტი მხოლოდ ახლახანს, წელიწად ნახევრის შემდეგ...როგორც იქნა გამოიცა (იხ. გაზეთი „მადლი“ 1997 წ. 26 მარტი)... დებულების (ისიც ნაწყვეტის) უსაშველოდ დაგვიანებული გამოცემა რაიმე შემთხვევითობას ან მილიონერი საპატრიარქოს უსახსრობას ვერ დაბრალდება... ახალ დებულებაში შავით თეთრზე წერია: „საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრება − საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“... როგორც ხედავთ, საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებასა და წმინდა სინოდს შორის ხაზგასმითაა დასმული ტოლობის ნიშანი... გაზეთი „მადლის“ რედაქციის მესვეურებმა იმის შიშით, რომ ვინმეს ეს „ახალი ჭეშმარიტება“ შემთხვევით არ გამორჩენოდა, საგანგებოდ იზრუნეს − გაზეთი შენიშვნის სახით გვთავაზობს ახალ, უპრეცედენტო „საღვთისმეტყველო“ განმარტებას: „საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრების მეორე ოფიციალური დასახელება“... წინასწარ ვიტყვით, რომ მსგავსი გაიგივება წარმოადგენს პრინციპულად ურთიერთგანსხვავებული ცნებების გაუგონარ ურთიერთაღრევას, რომლის ძალითაც მთელი ერის ისტორიულად კუთვნილი სარწმუნოება, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ვიწრო ჯგუფის საკუთრებად ცხადდება... „მორწმუნეთა” ეს პატარა ჯგუფი (თუნდაც იერარქების სახით წარმოდგენილი) თითოეული ჩვენგანის მართლმადიდებლური რწმენისა და მსოფლმხედველობის რევიზორებად გვევლინებიან... მართლმადიდებლური მოძღვრების უმაღლეს განმამარტებლად, არც მეტი, არც ნაკლები, ოცდაოთხი კაცისგან შემდგარი მუდმივმოქმედი სინოდი ცხადდება... ყველა ნათელღებულ მორწმუნეს, დაწყებული პატრიარქიდან და დამთავრებული ნებისმიერი საერო მორწმუნეთი, არსობრივად „ერთნაირი წილი უდევს“, ყველანი „თანაბრად ძვირფასები სარწმუნოების მიმღებნი“ ვართ... მართლაღმსარებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ეპისკოპოსთა პირად კუთვნილებად... პირველი სწორი სიტყვის თქმა ეპისკოპოსს ევალება... ხოლო უპირველესი მოვალეობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პრივილეგიად ჩაითვალოს... მთელი მორწმუნე ერის ერთიანი ნების ადგილას 24 კაცის ნება დააფუძნეს... „უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების სფეროში“ ერთი მუჭა ადამიანების მიერ უკანონოდ იქნა მიტაცებული... რა მიზნები ამოძრავებთ ჩვენს იერარქებს? − მართლმადიდებლობის სასიკეთო თუ საზიანო? ცხადია, პირველი იმთავითვე გამოირიცხება, რადგან მართლმადიდებლური მიზნების მიღწევას მთელი მორწმუნე ერის ძალისხმევა ესაჭიროება და არა რამდენიმე ეკუმენისტი მღვდელმთავრისა... შესაძლოა ერთი შეხედვით ახალ დებულებაში მწვალებლური მუხტი ვერ დავინახოთ. მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ასე არაა, ვინაიდან ანალოგიური სიტუაცია ეკლესიას ადრე უკვე ჰქონდა, როცა მას გამოეყო რომაელ პაპისტთა მწვალებლური საკრებულო... რომის „ეკლესიის“ ახალმა სტრუქტურამ ქრისტეს ადგილას პაპი იქადაგა... ახალი დებულებით, მსგავსი სურათი შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში... თუკი სიტყვა „კრებას“ დებულების შესაბამისად, მისი „სინონიმით“ შევცვლით, მაშინ დებულების ერთ-ერთი პუნქტი შემდეგნაირად წაიკითხება: „წმინდა სინოდის სხდომების პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ („ჯ.თ.“ 14-21 მაისი, 1997).GK

    მიხეილ მაჭავარიანი (მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი): „ჩვენდა სამწუხაროდ, პარლამენტში მოგვიმრავლდნენ ძალები, რომელთაც სურთ დაწყებული რეფორმატორული პროცესები − რეფორმები, რომლებიც გასატარებელია და უნდა დაჩქარდეს, პროცესები, რომლის გარანტი საქართველოს პრეზიდენტია − შეაფერხონ და აქცენტები სხვა მიმართულებით გადაიტანონ“ („დილ. გაზ.“ 17 მაისი, 1997).GK

    ბეთანიის მონასტერი და შიომღვიმის მონასტერი წყვეტენ ევქარისტულ კავშირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ეკუმენისტური მწვალებლობის გამო... დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გრიგოლი წყვეტს ევქარისტულ კავშირს ილია მეორესთან და ეკუმენისტური მწვალებლობის გამო წინამძღვრობიდან გადადგა („დილ.გაზ.“ 17 მაისი, 1997).GK

    შიომღვიმის მონასტერი, ბეთანიის მონასტერი, დავით გარეჯის ლავრა: „საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს! ჩვენი მოქმედება არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ამჟამინდელი პატრიარქის ან სხვა საერო თუ სასულიერო პირის წინააღმდეგ და მიზნად არ ისახავს მათ პიროვნულ დისკრედიტაციას... არამედ, იგი ნაკარნახევია მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მოძღვრების ისტორიული სახის დაუზიანებლად შენარჩუნების სურვილით... გამჭრიახი ხელისუფლების ვალია მომხვდური შეუკავებელი ძალის მიმართ რამდენადმე დამთმობი პოლიტიკა აწარმოოს. რათა შედარებით მდარე, წარმავლის დათმობით, უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი გადაარჩინოს... სასულიერო პირებს, მეტადრე ბერებს სარწმუნოების დათმობის, მისი ახლით შეცვლისა თუ „ახლებურად ინტერპრეტაციის“ უფლება არა აქვთ. ჩვენ სწორედ ბერული მოვალეობის გრძნობამ გადაგვაწყვეტინა ესოდენ პასუხსაგები მოქმედებისთვის მიგვემართა... ყოველმხრივ ვცდილობთ, მხოლოდ რელიგიური მოტივით ნაკარნახევი ჩვენი ქმედება ვერავინ შეძლოს რაიმე ანტისახელმწიფოებრივი თუ ანტისაზოგადოებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს... რაც შეეხება რამდენიმე ბერის მიერ პატრიარქთან ერთობლივ ლოცვაზე უარის თქმას, ცხადია იგი სახელმწიფო უშიშროებასა და საზოგადოებრივ წესრიგს რაიმე ზიანს ვერ მოუტანს... რიცხობრივი თვალსაზრისით, ვართ რა უმცირესობაში, ჩვენი ადამიანური უფლებების დაცვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული დემოკრატიის ავტორიტეტის ზრდას... ჩვენი შედარებით რიცხობრივი სიმცირე არავითარ შემთხვევაში არ გვაიგივებს, ჩვენში ესოდენ მოზღვავებულ სექტებთან... როგორც მონასტრის ბერებს, გვაქვს მართლმადიდებლური მრწამსისთვის ნიშანდობლივი საყოველთაობის ცნობიერება და ყოველგვარი განკერძოებითი იმპულსებისადმი ბუნებრივი მიუღებლობა... ჩვენი მოკრძალებული თხოვნაა − დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ მონასტრის მართლმადიდებლური სული და ამ ქვეყნად უხმაუროდ გავიაროთ ჩვენი ბერული ასპარეზი... საქართველოს ოფიციალურ საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა, მექანიკურად გულისხმობს იმპერიული იმპულსებით დამუხტულ, ისეთი საპატრიარქოების ორბიტისგან სრულ მოშორებას, როგორებიცაა თუნდაც მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის ანტიმართლმადიდებლური საპატრიარქოები... ამ ფაქტმაც უდავოდ, ქართველ მოშურნე ბერებსა და სხვა მართლაღმსარებლებს თავისუფლების სული მიჰბერა“ („დილ.გაზ.“ 17 მაისი, 1997).GK

    დეკანოზი ბასილ კობახიძე: „შიო მღვიმის, ბეთანიისა და დავით გარეჯელის მამათა მონასტრების წინამძღვრებმა და მონასტრის ზოგიერთმა წევრმა (ხელმომწერთა შორის 11 კაცია) განაცხადეს, რომ შეწყვიტეს ევქარისტიული კავშირი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II და საქართველოს ეკლესიასთან. აგრეთვე მათ შეწყვიტეს ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან, მოსკოვის საპატრიარქოსთან და თითქმის ყველა მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან მწვალებლობის უსაფუძვლო ბრალდებით, რადგან ისინი არიან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრები. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 20 მაისს გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანოს − წმინდა სინოდის კრება, რომელიც განიხილავს ამ სამწუხარო ფაქტს (ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ნიშნავს განხეთქილების ჩადენას. განხეთქილების მოქმედი განეშორება ღვთის მადლსა და ეკლესიას). საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს მწუხარებას მომხდარი ფაქტის გამო და მოუწოდებს მათ სინანულისაკენ („საქ. რესპ.“ 18 მაისი, 1997).TK

    მღვდელ-მონაზონი ანგია, ბერი ევტიქი, ბერი გაბრიელი, მორჩილი მამუკა, მორჩილი კახაბერი: „დეკლარაცია, რომელიც მოსკოვში 1948 წლის ივლისში მიიღეს ამბობს: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკუმენისტური მოძრაობა ბაბილონის გოდოლის აგების ახალი მცდელობაა... კაცობრიობის მორიგი ცთომილების ნიშანი... მისი პრინციპია „შეერთდით, შეერთდით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ნებისმიერ საფუძველზე, ოღონდ შეერთდით!“ ეს არის პრინციპი იძულებითი უნიონალიზმისა, რომელსაც გარდაუვალ შედეგად მხოლოდ საეკლესიო ტოტალიტარიზმი შეიძლება მოჰყვეს“... ზემოთქმულ დეკლარაციას ხელს აწერდნენ საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელი პატრიარქი კალისტრატე და მიტროპოლიტი ეფრემი, შემდგომში პატრიარქი... ხოლო ამავე დეკლარაციის I ვარიანტში ნათქვამია: „ეკუმენისტური მოძრაობის მიღება ეკლესიის ჭეშმარიტი ერთიანობის უარყოფას ნიშნავს სივრცესა და დროში... ეს ნიშნავს მადლის უწყვეტი ჯაჭვის გაწყვეტას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულებთან აკავშირებს უწყვეტი სამოციქულო ხელდასმის მეშვეობით...“ ეკუმენისტური მოძრაობა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობა არის შეთქმულება ზეციური მეუფის − უფალ იესო ქრისტეს და მისი ეკლესიის წინააღმდეგ“ („დილ. გაზ.“ 20 მაისი, 1997).GK

    რუსუდან ბერიძე (უშიშროების საბჭოს წევრი): „ზვიად გამსახურდია იმდენად ტრაგიკული პიროვნება იყო, მისი მოღვაწეობა ჩვენი ისტორიის უმძიმეს პერიოდთან არის დაკავშირებული... მისი სერიოზული შეცდომები საბედისწერო აღმოჩნდა როგორც მისთვის, ისე ქვეყნისთვის“ („დილ. გაზ.“ 20 მაისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „ცხადია, რომ ამდენი ტყუილის მკადრებელი ოფიციალური საპატრიარქო 20 მაისს „კრებაზე“ სუფთა სინდისითა და სიმართლის დადგენის სურვილით ვერ დაჯდება“ („დილ. გაზ.“ 20 მაისი, 1997).GK

    ლაშა ნადარეიშვილი: „როცა „ასავალ-დასავალის“ ეს ნომერი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, უფლისავე კარნახით განვმარტოვდი, რათა სამზეოზე გამომეტანა ის სატანური ცოდვა, საქართველოს დედა ეკლესიას სიბინძურის მორევში რომ მიაქანებს... მომავალში მაინც ვუკურნოთ ჩვენი ეკლესიის დამღუპველ სნეულებას, 1997 წლის 16 მაისს მთელი თავისი სიმდაბლით რომ წარმოჩინდა... სვეტიცხოვლის უწმინდეს ტაძარს შვილის მოსანათლად მივაშურე... შეგვეგება საუკუნეთა მტვირთავი ბუმბერაზი, სიკეთისათვის მოკვეთილი მარჯვენა რომ ჩაუძერწავს სხეულში... ის ის იყო მთავრდებოდა გაქრისტიანების მორიგი ცერემონია... „მაგ ბავშვში 20 ლარს რომ იხდით, განა ორი ნათლია არ იყავით? დაამატეთ 20 ლარი!“ − მოურიდებლად ორატორობდა ღვთის მსახური და როცა დარწმუნდა, რომ მეტ ხეირს ვეღარ ეწეოდა, − „სულაც არ იყო მონათვლის ღირსიო“ − მიაძახა... მყის გადავწყვიტე: საკუთარი შვილის ნათლობას ამ უწმინდურს არ შევაბილწინებდი და ის იყო უკან გამობრუნება გადავწყვიტე, რომ ანაფორის ქვეშ ჯიბემიკერილ მამაოს ერთ-ერთი ბავშვის ნათლია ეახლა და თავისი დაკარგული პირსახოცი მოჰკითხა. მამაომაც ურცხვად იცრუა − არაფერი ვიციო, სინამდვილეში კი პირსახოცი უკვე საგულდაგულოდ გადაემალა საკურთხეველში... ვიდრე სიონის გუმბათზე შემომჯდარ ყვავს საბოლოოდ უცნობებია ქვეყნის მისტიური აღსასრული, ფეხზე დადექი პატრიარქო და ძალუმად შემოჰკარი განგაშის ზარებს! ხელიდან გვეცლება საქართველოს რწმენის უკანასკნელი ბასტიონი!!!“ („ასავალ-დასავალი“, 20-26 მაისი, 1997).GK

    ედუარდ შევარდნაძე: „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართველი ხალხის ინტერესები არასოდეს ყოფილა გამოყოფილი. საქართველო, ასე ვიტყოდი, აწამეს ქრისტიანობისთვის და ქრისტიანობამ საქართველო გადაარჩინა... ჩემთვის, ახლა უკვე ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისა და ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ეკლესიის გათიშვაზე ლაპარაკიც კი მიუღებელია!“ („ასავალ-დასავალი“, 20-26 მაისი, 1997).GK

    თამარ დეკანოიძე: „წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ სასულიერო და საერო პირთა შესახებ, რომლებმაც გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი საქართველოს და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან, იმ საბაბით, რომ ისინი არიან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრნი, რითაც, სინოდის განცხადებით, „ეკლესიაში განხეთქილების შემოტანა სცადეს“. ამის თაობაზე საქართველოს წმინდა სინოდის განჩინება აშკარად შეუთავსებელია, როგორც მართლმადიდებლურ კანონიკასთან, ასევე რეალობასთან“ („დილის გაზ.“ 21 მაისი, 1997).GK

    არქიმანდრიტი ნიკოლოზი (შემოქმედის წმ. ნიკოლოზის მონასტრის წინამძღვარი); არქიმანდრიტი ანდრია (ჯავახეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი): „მართალია, მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, ეს განცხადება თითქოს დაგვიანებულია, მაგრამ თვით ხელმომწერ მღვდელ-მონაზვნების სურვილია, განცხადების გამოქვეყნებით ქრისტესმიერი თანადგომა გაუწიონ შიომღვიმის, ბეთანიის და ზარზმის მონასტრებს... უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დასერავთ ქრისტეს ეკლესიას განხეთქილებით და ღვთის სიყვარულის გამო გამოვიდეთ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი გულისტკივილით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენც ვუერთდებით აღნიშნულ ძმობათა აზრს ევქარისტული კავშირის გაწყვეტის შესახებ“ („დილის გაზ.“ 21 მაისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „შიომღვიმის, ბეთანიის, ზარზმის, შემოქმედის მონასტრის წინამძღვრებმა მოითხოვეს, „დილის გაზეთის“ მეშვეობით, მათი სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ბევრი იღვაწა, რათა ეკუმენიზმის ანტიმართლმადიდებლური მოძრაობიდან გამოსასვლელად ერთობლივი თანხმობისთვის მიეღწია. ამ უკიდურესად საჭირო გადაწყვეტილების მიღების გამო, ზემოთხსენებული ბერების თანამდგომი მრევლიც მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას... ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას სათანადო კეთილისმყოფელი ფონი ბატონი პრეზიდენტის ოფიციალურმა განცხადებამაც შეუქმნა... მართლმადიდებლობის დღევანდელი გამარჯვებისთვის მოშურნე მართლმადიდებელნი თოთხმეტ წელიწადზე მეტი მუხლჩაუხრელად იღვწოდნენ. განსაკუთრებით კი ზემოთ აღნიშნული მონასტრების ბერები, რომლებმაც ამ ერთი კვირის წინ კანონიკურად გამართლებულ უკიდურეს ზომებსაც მიმართეს... ის საუკეთესო მღვდელ-მონაზვნები, რომელნიც ყველაზე მეტი მონდომებით ითხოვდნენ ეკუმენიზმისგან განდგომას, ეკუმენიზმიდან გამოსვლის შემდეგ − დაისაჯნენ... ამ უცნაური ფაქტის კომენტარისგან თავს შევიკავებთ... ეკუმენიზმის დემონი, ფორმალურად მაინც საქართველოდან გაგდებულია“ („დილის გაზ.“ 21 მაისი, 1997).GK

    ნინო ხოშტარია: „მოძღვრები სდუმან, კითხვებზე პასუხისთვის გვაგზავნიან ეპისკოპოსებთან; ეპისკოპოსები − უწმინდესთან და უნეტარესთან... გუშინ შფოთიანი დღე იყო საპატრიარქოში, მაგრამ მთავარი შფოთიანი დღე კი არა, შიგ ეკლესიაში ატეხილი შფოთია, რომელიც ორ ჯგუფად გახლეჩილ, საპატრიარქოს ჭიშკარს მიყრდნობილ მრევლს კიდევ ერთ სატკივრად გასჩენია“ („დილის გაზ.“ 21 მაისი, 1997).GK

    მაია ედიშერაშვილი: „ქართველმა ხალხმა სააღდგომოდ კარგი საჩუქარი მიიღო, საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებამ გამოსცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი და ქადაგებანის“ პირველი წიგნი. მასში თავმოყრილია სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლენი, რომლითაც მისი უწმიდესობა თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე მიმართავდა და მოძღვრავდა ქართველ ხალხს. „ეპისტოლენი“ ღვთისმეტყველებასთან ერთად ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს ეხება და იმ საკითხებსაც მოიცავს, რომლებიც ამ წლების მანძილზე განსაკუთრებით მწვავედ იდგა და დგას ჩვენი ხალხის წინაშე... წიგნი, რომელიც გამომცემლობა „სამშობლოს“ სტამბაში დაიბეჭდა, მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩევა“ („საქ. რესპ“. 21 მაისი, 1997).TK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „1995 წლის „გაერთიანებული ადგილობრივი კრების“ მიერ დამტკიცებული „ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ ატარებს აშკარად ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს... უცხო აღმსარებლობათა მიმართ „სიყვარულის პატივით“ გატაცებულმა ჩვენმა სულიერმა „მამებმა“ საკუთარი მართლმადიდებელი მრევლი სრულად დაივიწყეს. ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს „წმინდა“ სინოდის მიერ ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცება, რომლის ძალითაც მორწმუნე ერს სარწმუნოების სფეროში, ფაქტიურად, ყოველგვარი თავისუფლება წაართვეს... მთელი ერის ისტორიულად კუთვნილი სარწმუნოება, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ვიწრო ჯგუფის საკუთრებად ცხადდება... ახალ დებულებაში შავით თეთრზე წერია: „საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისთვის“... ეს საბედისწერო ვალდებულება კი ოფიციალურ ეკლესიასთან ლიტურგიკული ერთობის აღარავითარ შანსს აღარ უტოვებს მართლმადიდებელ მორწმუნეს. ამ აზრის ნათელსაყოფად მივმართეთ ეკლესიის ისტორიას. მაგ.: კართაგენის 418 წლის კრების 110-ე კანონში პელაგიანური ერესის საწინააღმდეგოდ წერია, რომ ჩვილ ბავშვთა ნათლისღება უნდა გავიგოთ ისე, როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას... უცდომელი ეკლესია სავალდებულო კანონებს ორი სახით გვაწვდის: პირველი − უცდომელი, კრების დადგენილებასა და მეორე − მსოფლიო ეკლესიის მუდმივმოქმედი პრაქტიკის სახით... რადგან „სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისთვის“ და იგივე დებულების ძალით, სინოდი ცხადდება „უკანასკნელ ინსტანციად“, იგი ნებსით თუ უნებლიედ, არცთუ ძალზედ შეფარვით, ღვთის უცდომელ ბუნებას თავის თავს მიაწერს... პაპის მსგავსად, საკუთარ თავს უცდომელი ქრისტეს ადგილს „ადგენს“... ქრისტე ბუნებით ეპისკოპოსია... ქრისტე თავის ნებას, საერთო კრებაზე მთელი სამწყსოს წინაშე ავლენს, და არა მხოლოდ პირველეპისკოპოსის ხატის მატარებელ მორწმუნეთა ვიწრო წრეში... საერთო და სრული კრება, ეს ის ერთობაა, ის საჯაროობაა, სადაც ცრუ აზრი ძნელად ბატონდება. რადგან ყველა ღვთისმეტყველის გონების მიერ ერთად გაშუქებული სიცრუე ვეღარ მალავს თავის ნამდვილ ბუნებას. მარტოოდენ მორწმუნეთა ვიწრო წრის − ეპისკოპოსების წინაშე კი სიცრუეს შეუდარებლად ადვილად შეუძლია აღზევება (მითუმეტეს, მათ შორის, თავის დროზე „სუკ-ის“ ნებართვით ნაკურთხი ეპისკოპოსებიც თუკი აღმოჩნდებოდნენ)... პროპაპისტმა ბართლომეოს მეორემ საჯაროდ განაცხადა: უკვე დროა შეიქმნას ყველა ადგილობრივი ეკლესიის მართვის რაღაც ერთიანი ცენტრალური ორგანო... ეს, რომ წმინდა წყლის პაპისტური სტრუქტურაა, ამასთან, ქრისტეს ჯვარმცმელ მღვდელმთავართა სინედრიონსაც რომ მოგვაგონებს, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ... ეკუმენისტური მოღვაწეობა „წმინდა სინოდის“ ყოველდღიური მოღვაწეობაა... ეკუმენისტურ მწვალებლობაში სინოდის მუდმივი მონაწილეობის ამსახველი ფაქტები დაფიქსირებულია ვიდეოკასეტებზე. მაგ.: მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე; საზღვარგარეთ გამოცემულ წიგნებში, მაგ.: აწ განსვენებული მიტროპოლიტი დავით ჭკადუა; საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემულ წიგნებში, მაგ.: „ჯვარი ვაზისას“ ფურცლებზე თითქმის ყველა ძველი ეპისკოპოსი. ახლები ამ დანაკლისს ნელ-ნელა ავსებენ; განსაკუთრებით ბოლო დროს, შედარებით გახშირდა თვით კათოლიკოს-პატრიარქის სატლევიზიო გამოსვლები, სადაც ეკუმენიზმის პროპაგანდასა და მასში მონაწილეობის გამართლებას აქვს ადგილი... ეკუმენისტური თავყრილობები ჩვეულებრივი ლოცვის თანხლებით ტარდება... 26 მარტის „მადლში“ გამოქვეყნებულმა დებულებამ და ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სინოდის სხდომის დადგენილებამ, მის მიერ დადებითად შეფასებული ეკუმენიზმი, ეკლესიის ყოველი წევრისთვის სავალდებულო „ჭეშმარიტებად“ აქცია, რის შემდეგაც ყოველ მართლმორწმუნეს უფლებაც აქვს და მოწოდებულიცაა, სუფთა სინდისით დატოვოს ოფიციალური ეკლესია და იმ მოშურნე ბერებისა და მათი მრევლის ერთობას შეუერთდეს, რომლებმაც წმინდა კვირას გაითავისუფლეს თავი „სინოდის“ მწვალებლური დიქტატისაგან... მოცემული საბოლოო დასკვნა ზოგიერთ მორწმუნეში შეშფოთებასა და გაუგებრობას იწვევს. რისი მიზეზიც ისაა, რომ მათ ჰგონიათ, თითქოს „წმინდა“ სინოდის წევრების მწვალებლობის მატარებელ სულებად შერაცხვა, დღესდღეობით ეკლესიის ყველა წევრზე ვრცელდებოდეს. საბედნიეროდ, მსგავსი აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება. შიომღვიმის, ბეთანიის, ზარზმის და სხვა მონასტრები განუდგნენ მწვალებლობაში ჩავარდნილ ეპისკოპოსებსა და მათ შეგნებულ მიმდევრებს, და არავითარ შემთხვევაში ეკლესიის ყველა დარჩენილ წევრს... „სოდომ-გომორს“ დამსგავსებული ეკლესიიდან გასვლა კი არ დასრულდა, არამედ მხოლოდ ახლა დაიწყო. რომლის ინიციატორებიც საქართველოს ეკლესიის გულის-გული − ბერების დიდი უმრავლესობაა... ამ 40 წლის მანძილზე რომის ეკლესიისგან ღვთისგან სრულად არ იყო აღებული სიცოცხლე, მასში ამ დრომდე, კიდევ დარჩენილ ცხონების გულწრფელ მოსურნეთა გამო“ („ჯორჯიან თაიმსი“ 21-28 მაისი, 1997).GK

    კახა ჟამურელი: „ისრაელის მთავრობის მიერ გაკეთებულმა უკომპრომისო განცხადებებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების მშენებლობის გაგრძელების შესახებ, პალესტინელების და არაბული ქვეყნების მწვავე რეაქცია გამოიწვია. პერმანენტული შეტაკებები ებრაელ ჯარისკაცებსა და არაბებს შორის სისხლიან დაპირისპირებაში და თელ-ავივის წინააღმდეგ ტერორისტული „ჯიჰადის“ გაგრძელებაში გადაიზარდა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 21-28 მაისი, 1997).GK

    თეიმურაზ დედაბრიშვილი: „ადამიანი ღვთის სრულ მფარველობას იღებს მართლაღმსარებლად გახდომის შემთხვევაში, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის შეგნებული წევრი ხდება და მის რიტუალებში მონაწილეობის მეშვეობით იღებს ღვთაებრივ ენერგიას − მადლს... სატანისტები 1972 წლიდან ეკლესიათა მსოფლიო ეკუმენისტურ საბჭოშიც არიან გაწევრიანებულნი... მღვდელმთავართა სინოდი თავისდაუნებურად ორმაგად უწყობს ხელს ქართველ სატანისტთა აღზევებას: ერთი მხრივ, უნდათ თუ არ უნდათ, ეკუმენისტურ ფორუმებზე ერთობლივი ლოცვის მეშვეობით, სატანისტებთანაც ამყარებენ მისტიურ ერთობას; ხოლო მეორე მხრივ, მმართველობის ახალი დებულების მიღებითა და ეკუმენისტური მწვალებლობის დამკვიდრებით, საქართველოს ეკლესიას დამცველ მადლს ართმევს − უნივთო მტრული ძალისაგან თავდასაცავ ერთადერთ სულიერ ფარს. ვიმეორებ, უნდათ თუ არ უნდათ, სინოდი ძალაუნებურად სატანისტების გეგმას ახორციელებს, ვინაიდან ეკლესიას და მაშასადამე ერს, ართმევს იმ ერთადერთ მადლისმიერ იარაღს, რომლის გარეშეც ადამიანი სატანურ ენერგიის მიმართ უძლურია... ფაშისტური მოძღვრების ნამდვილი არსი შეგნებული სატანიზმია. ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს... იქნება ამ ფაქტმა მაინც გამოაფხიზლოს წარმავალ დიდებას მიდევნებული „ჩვენი“ მღვდელმთავრები და მათგან რამდენადმე „მიძინებული“ საზოგადოება“ („ჯორჯიან თაიმსი“ 21-28 მაისი, 1997).GK

    მაგდა პოპიაშვილი: „საზოგადოებას დღემდე აწუხებს კითხვა − ვინ არის ილია მეორე? ერის სულიერი მოძღვრის პიროვნებასა და მის საქმიანობაში ეჭვის შეტანა ცოდვაა. უფალი არც განკითხვის უფლებას გვაძლევს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ეკლესიაში მრევლის გაზრდის პარლელურად, ათასგვარი სექტის მიმდევარიც მომრავლდა... ბოლო ხანს ილია მეორის წინააღმდეგ ამ ბრალდებამაც წამოიწია. იგი იმ ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც კათალიკოსს აკისრია. ისტორია ჯიუტია და, ალბათ არავის დავიწყებია, როგორ ხევდნენ მის პორტრეტებს მიტინგებზე და სანაცვლოდ ჯოჰარ დუდაევის პორტრეტს ელოლიავებოდნენ. ამას სწორედ მისი სამწყსო აკეთებდა, ისინი, ვისი სულიერი დაპურებაც უწმინდესს ევალებოდა... კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, მაგრამ ცხადია, იგი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიც აფხაზეთია, კათოლიკოსის დუმილს არ ითვალისწინებს. თუმცა ბოლო ხანს იმასაც ამბობენ, რომ პატრიარქი პოლიტიკურ თამაშებში აქტიურად ჩაერთო“ („ალია“ 22-23 მაისი, 1997)..GK

    თემურ შაშიაშვილი (პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში; ქუთაისის მერი): „ჩემ მიერ რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბებულ დოკუმენტში წერია, სად არის კორუფციის სათავე. ამ დოკუმენტით არაერთ კომიტეტის თავმჯდომარეს და არაერთ დეპუტატს მივმართე. ვთხოვე, განიხილეთ მეთქი. არგუმენტებით მელაპარაკონ, ამ წერილში ყველაფერი კონკრეტულად წერია. ვინმემ გამცა პასუხი? რომ ამბობენ, შაშიაშვილი ბრალს გვდებსო, ბრალს ისინი სდებენ სხვებს... პირდაპირ წერია, თუნდაც ბატონ ჟვანიას და სხვების გამოსვლები, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კორუმპირებულია... როცა აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციაზე ლაპარაკობენ, ვითხოვ, ბოდიში მომიხადონ. იმიტომ, რომ სუფთად მოვდივარ... ბევრს ეცადნენ და ყველაფერი ამოწმეს, მაგრამ იმათ კი არა, მე მაქვს აქეთ ბრალდებები... უკვე 2 წელია ვითხოვ კანონს ბუღალტერიის შესახებ... კიდევ, ვამბობ, რომ ლიცენზირების კანონია საქართველოსთვის საჭირო... ერთხელ ბატონ ჟვანიას ვუთხარი, ძალიან კარგი კანონები გაქვთ, მაგრამ იგი კორუფციის საფუძველი ხდება, რადგან თან ნორმატიული აქტები არ ახლავს-მეთქი. ერთი წელია პარლამენტში სიტყვას ვითხოვ და არ მაძლევენ“ („ალია“ 22-23 მაისი, 1997)..GK

    ეთერ ბაქრაძე (მასწავლებელი): „არ შეიძლება შემთხვევითობას მიეწეროს ის ფაქტი, რომ ეკლესიის შიგნით არსებული ძალა, რომელიც მისი გათიშვისთვის იბრძვის, ანტისახელმწიფოებრივ ძალასაც წარმოადგენს, რაზეც პრესის ერთი ნაწილის მხურვალე მხარდაჭერაც ნათლად მეტყველებს, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში ცილისწამებებითა და შეთხზული ბრალდებებითაა გამოხატული. განსაკუთრებით თვალში საცემია მასმედიის ამ ნაწილის შეტევა კათოლიკოს-პატრიარქზე, რასაც, ალბათ, ანალოგია არც ერთ ქვეყანაში არ მოეპოვება. როგორც ჩანს, პირველობის სურვილს ვერც ამ შემთხვევაში ვთმობთ“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    საქართველოს სახალხო პარტიის წევრთა სახელით სიონის საპატრიარქო ტაძრის იპოდიაკონმა მამუკა გიორგაძემ გააკეთა განცხადება: „ამ პერიოდში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ზოგიერთ ბეჭდვით ორგანოში იყო ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც საეჭვოდ დაემთხვა ეკლესიაში მიმდინარე რელიგიურ-თეოლოგიურ კამათს, მიიღო პოლიტიკური და ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი პროპაგანდის სახე. ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია, მძიმე ათეიზმით დაღდასმული საზოგადოებისთვის ფაქიზი ეკლესიური საკითხების ამ ფორმით მიწოდება და ჩვენი ეკლესიისთვის უპრეცედენტო მოვლენის − სქიზმის საფრთხის შექმნა“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    ბორის ელცინი (ედუარდ შევარდნაძეს): „დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ყოველმხრივი განვითარებისთვის გამიზნული კურსი შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებსაც მტკიცე საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. გამოვთქვამ იმედს, რომ კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება რუსეთისა და საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებისათვის კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    რომან ჰერცოგი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი − ედუარდ შევარდნაძეს): „ თქვენ და თქვენს ქვეყანას შეგიძლიათ იამაყოთ იმ წარმატებებით, რომლებსაც უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის საფუძველზე, დემოკრატიზაციისა და თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე მიაღწიეთ. შარშან თქვენ ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავრწმუნდი, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. გარწმუნებთ, რომ გერმანია მომავალშიც ყველაფერს იღონებს თქვენი ქვეყნისთვის ამ გზის გასაკვალავად. სწორედ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით შევეცდებით დავეხმაროთ თქვენ ქვეყანას შიდა კონფლიქტების მოგვარებაში“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    ძიან ძემინი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე − ედუარდ შევარდნაძეს): „ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთისა და საქართველოს, აგრეთვე ჩვენი ხალხების ტრადიციული მეგობრობა განუხრელად მტკიცდება. ჩვენი ორივე სახელმწიფო არ იშურებს აქტიურ ძალისხმევას ყველა სფეროში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი და საქართველო მომავალშიც განავითარებენ ურთიერთობას იმისთვის, რომ იგი თვისებრივად ახალ დონეზე დააყენონ. დაე, დღითი დღე ღრმავდებოდეს ჩინეთისა და საქართველოს ტრადიციული მეგობრობა“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    საქინფორმი: „მსოფლიო ბანკი საქართველოსთან ურთიერთობის ოთხი წლის განმავლობაში მოწმე გახდა დაუჯერებელი პროგრესისა და აღფრთოვანებულია თქვენი წარმატებით − განაცხადა მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ბაზილ კოვალსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან 23 მაისს გამართულ შეხვედრაზე“ („საქ.რესპ.“ 25 მაისი, 1997).GK

    გაგრძელება