სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2000 წლის ქრონიკა

    თეიმურაზ ფანჯიკიძე (პროფესორი): „იეღოველთა წინააღმდეგ გურამ შარაძემ სასამართლო პროცესი წამოიწყო, რომელიც „იეღოვას მოწმეების“ დენომინაციის რეგისტრაციის კანონიერებას აპროტესტებს საქართველოში... იეღოველებმა სასამართლო პროცესისთვის ადვოკატები დაიქირავეს და მთელ ამ ამბავს შეიძლება ძალიან ცუდი, ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი რეზონანსი მოჰყვეს... არ შეიძლება ქვეყნის ორიენტაცია დასავლური იყოს, ხოლო ეკლესია − რუსეთისკენ მიმართული... იეღოვას მოწმეების აკრძალვა მისაღებად არ მიმაჩნია... ამას უკუეფექტი შეიძლება მოჰყვეს. უნდა გვახსოვდეს, რომ აკრძალული ხილი მეტად ტკბილია და მეორეც, რწმენისათვის ტანჯულის შარავანდედი ყოველთვის მიმზიდველი იყო... ხელი უნდა გამოიღოს ქართულმა მართლმადიდებლუმა ეკლესიამაც და კიდევ უფრო გააქტიურდეს... ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შესანიშნავი ხელმძღვანელი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე უდგას სათავეში... აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ახსოვდეთ, რომ ისინი უნდა ზრუნავდნენ ხალხის ამქვეყნიურ გადარჩენაზეც... საჭიროა პირადი ზნეობრივი მაგალითი...“ („ახ. საქ.“ 13-19 იანვარი, 2000).GK

    აშშ რუსეთს აფრთხილებს. აშშ კონგრესმა განაცხადა, რომ საფრთხე ემუქრება აღმსარებლობის თავისუფლებას რუსეთში. კონგრესის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ რუსეთის ფედერაციის სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების 1997 წლის კანონს უწოდა სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან იგი აბრკოლებს ახალი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას. კომისიის მოხსენებაში რუსეთს, აგრეთვე, ბრალად სდებენ ანტიისლამური პროპაგანდის გამოყენებას ჩეჩნეთის ომში. კომისიის წევრებმა, რომლებიც ქრისტიანთა, იუდეველთა, მუსლიმანთა და ინდუისტთა წარმომადგენლები არიან, მიიღეს რეკომენდაცია, სისტემურად ადევნონ თვალი აღნიშნულ სიტუაციას რუსეთში („საქ. რესპ.“ 3 მაისი, 2000).GK

    აკაკი ბაქრაძე: „ჩვენ არ ვიცით და, ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებთ, საიდან მოდის ადამიანი და საით მიდის... ადამიანის გაჩენის ბიოლოგიური პროცესის ცოდნა ვერ იძლევა ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს. მავანი და მავანი პიროვნება არ არსებობდა, გაჩნდა, იარსება და ისევ აღარ არსებობს. რატომ? სამუდამოდ წყვეტს სიკვდილით ადამიანი არსებობას, თუ სხვა რამ, ჩვენთვის უცნობი პროცესი ხდება? რატომ დაარქვა სიკვდილს ქართველმა „გარდაცვალება“? რა შეიცვალა და რად იქცა სიკვდილის შემდეგ ადამიანი? ამ კითხვებს ვერავინ უპასუხებს. ამისი ცოდნა ჩვენ არ მოგვეპოვება. რა თქმა უნდა, შეიძლება ამა თუ იმ მოძღვრებამ ამ კითხვებზე მრავალგვარი პასუხი მოიგონოს, შეეცადოს მისი ახსნა, მაგრამ ყველა ეს პასუხი, ახსნა იქნება ვარაუდი, ჰიპოთეზა, უბრალოდ ტვინის ჭყლეტა და მეტი არაფერი... როცა ადამიანმა ცოდნით, მეცნიერულად ვერ მოახერხა პასუხის მოძებნა, მან გადაწყვიტა რწმენით ეპასუხნა. და ქრისტიანულმა რელიგიამ გამონახა პასუხი: ადამიანი არის სული... ეს სული ქრისტიანულმა რელიგიამ ღვთაებრივ მოვლენად მიიჩნია და თვლის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ისევ უკან, ღვთაების წიაღში ბრუნდება. ე.ი. უბრუნდება იმას, რისგანაც გამოვიდა. რაკი ღმერთი უკვდავი და მარადიულია, ხოლო სული მისი ნაწილია ადამიანში, სულიც უკვდავი და მარადიულია... რელიგია, ანუ რწმენა იწყება იქ, სადაც ცოდნა თავდება. რისთვის უნდა ადამიანს რწმენა, ანუ რელიგია? იმისთვის, რომ რაღაცნაირად უპასუხოს მის წინაშე წამოჭრილ იმ დილემას, რომელსაც აღარ ეძებნება მეცნიერული ახსნა. თორემ რასაც მეცნიერული ახსნა ეძებნება, ის არც არის რელიგიის საგანი... რწმენა, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანის სული ღვთაებრივი წარმოშობის არის, იგი უკვდავია და ღმერთისგან გამოსული ისევ ღმერთს უბრუნდება, ოპტიმისტური რწმენაა... რწმენა, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი მოდის არაფრისგან და მიდის არაფერში, რომ ყოფიერება არაფრისგან დაიბადა და მიზანი ისევ არაფრად ქცევაა, პესიმისტური რწმენაა... თავად მე ღრმად მწამს, რომ სამყაროს, კაცობრიობას განაგებს კოსმოსური გონი, ანუ რუასი და რაც სამყაროში ხდება, კანონზომიერი, აუცილებელი, კეთილი და სამართლიანია... რა არის კეთილი და რა არის ბოროტი?... შევეცდები ვუპასუხო ზემორე დასმულ კითხვას... რუსთაველი იმეორებს ბრძენი დივნოსის აზრს − „ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაჰბადებს“, − მაგრამ არის პოემაში ორი ადგილი, სადაც რუსთაველს, უფრო სწორად, მის პროტაგონისტებს, ეს თითქოს ეეჭვებათ. პირველად ეს მაშინ იგრძნობა, როცა თინათინი ეუბნება როსტევანს − „ბოროტიცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“... მეორეგან ეჭვის გრძნობა მაშინ უჩნდება მკითხველს, როცა ავთანდილი ფიქრობს − „თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა“. ამ სიტყვებში მკაფიოდ ჩანს, რომ ავთანდილს ჭირიც ღვთისგან მოვლენილად მიაჩნია. „ვეფხისტყაოსნის“ ეს ადგილები გაიძულებს, იფიქრო − ხომ არ არის ბოროტიც ღმერთისგან გამოვლენილი?... ღმერთმა პირველი ადამიანები ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა და ყველაფრით უზრუნველყო. მათ არაფერი აკლდათ, ოღონდ არ უნდა ეჭამათ ცნობადის ხის ნაყოფი. ამ ნაყოფის ჭამა მათ კეთილისა და ბოროტის ცნობას ასწავლიდა, გონებას შესძენდა. კეთილისა და ბოროტის შეცნობა კი შესაძლებელია უბედურების საფუძველი გამხდარიყო. მაგრამ უხსენებელმა აცდუნა ევა და მერე ევამ ადამი. მათ ჭამეს ცნობადის ხის ნაყოფი და გონების თვალი აეხილათ. ამის გამო ღმერთმა ისინი სამოთხიდან გამოაძევა... თავდაპირველად, სანამ ცნობადის ხის ნაყოფს შეჭამდა, ადამიანს არ ჰქონდა გონება (რუასი) და ისევე შეეძლო, რომ მზამზარეულზე ეცხოვრა, როგორც ცხოვრობს ცხოველი. ცხოველს არ სჭირდება არაფრის კეთება, ყველაფერი, რაც მისი არსებობისთვის არის აუცილებელი, ბუნებაში მზამზარეულად არსებობს და შეუძლია, იმით ისარგებლოს. ასევე შეეძლო ადამიანს მანამ, სანამ გონიერი არსი გახდებოდა, როცა ცნობადის ხის ნაყოფი ჭამა და გონიერი არსი გახდა, მან ყველაფერი თავად უნდა აკეთოს... ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ბოროტი არ არსია, უსუბსტანციოა. იგიც არსია, სუბსტანციაა. მაგრამ რაკი ადამიანს აქვს გონება, მან უნდა მოახერხოს არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის... თუ შენ აირჩევ კეთილს − გვეუბნება ღმერთი, − და შენს ცხოვრებას შესწირავ კეთილ სამსახურს, მაშინ შენ, ადამიანო, სიკვდილის მერე ისევ მობრუნდები ჩემს წიაღში, საიდანაც გამოხველ. მობრუნდები მარადიული ლხენისათვის. ხოლო თუ აირჩევ ბოროტს, ვერ მოახერხებ ბოროტისაგან თავის დაღწევას, მაინც მოხვალ, სიკვდილის მერე უკან ჩემს წიაღში“ („საქ. რესპ.“ 5 დეკემბერი, 2000).TK − იყო დრო, როცა ადამიანები ამ ცრუ თეოლოგიას უნივერსიტეტის გადაჭედილ აუდიტორიებში ისმენდნენ. (რედ.). GR

    რუსუდან ლორთქიფანიძე: „მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრს პრესის კანონის შექმნის დაჩქარება კატეგორიულად მოთხოვა, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო ტოტალური ინფორმაციული შეტევა და ადამიანს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს, ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ამას, რაც ასე ხელაღებით იწერება და შუქდება. პრესის თავისუფლებას მან დიდი მონაპოვარი უწოდა და მის შეზღუდვასაც რომ არავინ აპირებს, ესეც აღნიშნა, მაგრამ თავისუფლება რომ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იჯდეს, საამისოდ პრესის კანონის არსებობის აუცილებლობა გამოიკვეთა“ („საქ.რესპ.“ 21 დეკემბერი, 2000).GK

    რუსუდან ლორთქიფანიძე: „საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ მირიანაშვილმა თქვა, რომ მეფარიძეს სააკაშვილის მამისთვის გამოუყვია მიწის ნაკვეთი, რომელსაც იგი გაუყიდია... ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან თემურ მირიანაშვილმა სათქმელის დამთავრებამდე ერთგვარად მოიბოდიშა, ოჯახს არასოდეს შევხებივარ, არ მიყვარს, რადგან ასეთი საქციელი სიბინძურეაო... ბატონმა მიხეილმა კი არც აცია, არც აცხელა და მიახალა, − სიბინძურე ხართ თქვენ, რასაც აკეთებთ და რაც ხართ საერთოდო. − მე მეუბნებით? ვინ, ვინ მეუბნებით? − გაიოცა მირიანაშვილმა, − მე გეუბნებით, მე, მიხეილ სააკაშვილი, რომ თქვენ ხართ სიბინძურის განსახიერება თვითონ. თქვენ ვინც ხართ და რა თანამდებობისაც. მე არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ვინცა ხართ, ხართ პროვოკატორი. მირიანაშვილი მადლობას უხდის და ეუბნება, რომ სააკაშვილს ბევრჯერ დაუმტკიცა, ვინც არის თვითონ სააკაშვილი, მაგრამ მან პასუხი ვერ გასცა... − არანორმალური ხართ, ცნობილი ფაქტია! თქვენ ცნობილი გიჟი ხართ, ბატონო მიხეილ, − ეუბნება თემურ მირიანაშვილი“ („საქ.რესპ.“ 21 დეკემბერი, 2000).GK

    თეიმურაზ ფანჯიკიძე (ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „საქართველოში ბევრი თანაუგრძნობს ჩეჩენთა ამ გმირულ ბრძოლას, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენში თანაუგრძნობდნენ იმამ შამილის გამათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ... რას მოიტანს ეს ომი საქართველოსთვის? არტილერიის ბათქა-ბუთქი ხომ სულ ახლოს, ქედის გაღმიდან ისმის, რუსთა თვითმფრინავები კი ძალიან ხშირად არღვევენ ჩვენ საჰაერო სივრცესაც. საშიშროება ორივე მხრიდან გვემუქრება: თუ ჩვენ ამ ომში ჩაგვითრევენ, რა გველის რუსეთის მხრიდან ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს და მას დამოუკიდებლობის დაკარგვის სუნი უდის, ხოლო თუ რუსეთი წავიდა ამ რეგიონიდან, გასარკვევია, თუ რა უფრო იმძლავრებს კავკასიელ ხალხებში: კავკასიური ერთობა თუ მუსლიმური იდეა. ეს უკანასკნელი, მის უკიდურეს ვაჰაბიტურ კონტექსტში გადაწყვეტილი, კარგს არაფერს გვიქადის. რაც შეეხება ჩეჩნებისათვის აშკარად თანაგრძნობის გამოცხადებას, ესეც, ალბათ, ძალზე სახიფათოა, რადგან პანკისის ხეობა მართლა ჩეჩნეთის ფილიალად არ იქცეს“ („სრულიად არასაიდუმლოდ.“ N 2, 2000).TK

    იაგო წულაძე (იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლკოვნიკი): „თუ გავაანალიზებთ მოვლენებს, ისლამის პოლიტიკურ გააქტიურებას ხელი შეუწყო პირველ რიგში არაბეთ-ისრაელის ომმა, საბჭოთა კავშირის შეჭრამ ავღანეთში, შაჰის პროამერიკული რეჟიმის დამხობამ ირანში. ასევე ისლამის გააქტიურების ერთ-ერთ ელემენტად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში დაიწყო დასავლეთის კულტურულ ფასეულობათა შემოჭრა, ამავე დროს ნავთობის ბიზნესის ზრდამ ამ ქვეყნებში გამოიწვია მოსახლეობის პოლარიზაცია, ეროვნული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა ქვეყნის ზედა ფენის ხელში, ხოლო მშრომელი მასა მთლიანად გაღატაკდა, როგორც ეს მოხდა ირანში... სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილმა ხალხმა , რომელიც მუსლიმანური რელიგიის მესვეურთა დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თავიანთი სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში დასავლეთის ზნეობრივი ღირებულებების შემოჭრა დაადანაშაულა და მას ისლამური ლოზუნგებით დაუპირისპირდა. ამრიგად, დაიწყო ბრძოლა ისლამური სიწმინდეების აღსადგენად, ანუ დაბრუნება წინასწარმეტყველისდროინდელი ისლამისაკენ... დღეს მსოფლიოში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებში ისლამურ ფაქტორს სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, ისლამის, როგორც უძველესი რელიგიის, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მეცნიერულ-კულტურული როლი ითამაშა, გაიგივება ფუნდამენტალიზმთან, ექსტრემიზმთან და მისგან მტრის ხატის შექმნა უდიდესი შეცდომაა. საჭიროა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა, მოვლენათა შეფასების დროს სწორად დაინახონ ზღვარი ისლამს, ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს შორის. საჭიროა დაალოებით იმ ერთ მილიარდ მორწმუნეთა მრწამსს პატივი ვცეთ და განვაცალკევოთ რწმენა, პოლიტიკა და ექსტრემიზმი ერთმანეთისაგან“ („სრულიად არასაიდუმლოდ.“ N 2, 2000).TK

    საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი აძლიერებს ომალოს მიმართულებას, ასეთი გადაწყვეტილება უწყების ხელმძღვანელობამ არღუნის ხეობაში მიიღო. რუსმა მესაზღვრეებმა სამშაბათს ხუთსაათიანი ბრძოლის შედეგად რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით, არღუნის ხეობაში მდებარე სოფელ ომიჩუსთან გაანადგურეს ათზე მეტი ბოევიკი, რომლებიც საქართველოში გარღვევას ცდილობდნენ („სრულიად არასაიდუმლოდ.“ N 2, 2000).TK

    ლალი გრძელიშვილი: „XIX ს-ის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული სახელმწიფო, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა და შესაბამისად, აკრძალა ქართული ენის ხმარება სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებებში. დაიწყო ქართველთა ძალადობრივი ასიმილაცია... XX ს-ის 20-იან წლებში საქართველო გასაბჭოვდა. ქართულ ენას კონსტიტუციით მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი, მაგრამ, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, ამ ფაქტით გამოწვეული სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. თანდათან სახელმწიფოს მართვის პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში ქართულის პარალელურად რუსული ენა დამკვიდრდა, რომლის ცოდნა, სავალდებულო იყო. გაჩნდა საკავშირო დაქვემდებარების უამრავი ორგანიზაცია (ინსტიტუტები, ქარხნები და სხვ.), სადაც ქართული საერთოდ აღარ იხმარებოდა, დისერტაციები თუ კინოსცენარები რუსულად იწერებოდა და მოსკოვში მტკიცდებოდა... მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვური თამაში იყო იმ ბოროტებასთან შედარებით, რაც აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ განხორციელდა. მოსკოვი არ დასჯერდა ამ ძირძველ ქართულ კუთხეებში ავტონომიური ერთეულების შექმნას და საქართველოსაგან მათი საბოლოოდ ჩამოშორების მიზნით შეუდგა ქართული ენის შევიწროებას. სახელმწიფო ენის ადგილი რუსულმა დაიკავა, რასაც მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის − აფხაზების, ოსების და ნაწილობრივ ქართველების ჯერ გარუსება, ხოლო შემდეგ სრული გაუცხოვება. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს“ („სრულიად არასაიდუმლოდ.“ N 2, 2000).TK