სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

აგვისტო

    6 ივლისს, რუსთავის კოლონიაში ყოფნისას, პარლამენტის პენიტენციალური რეფორმებისა და მსჯავრდებულთა საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე აფხაზი ეროვნების ორ გუდაუთელ პატიმარს შეხვდა. ეშბა და გვაძბა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ყაჩაღობისთვის დააპატიმრეს. პარლამენტარის წინადადებაზე, მომხდარიყო მათი გაცვლა აფხაზეთში მყოფ ქართველ პატიმრებზე, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს იმ მიზეზით, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ მათდამი, შესაძლოა, უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს. მითუმეტეს, რომ მათივე განცხადებით, ისინი საქართველოს ციხეში საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს („კავკასიონი“, 8 აგვისტო, 1997).GK საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი: „ეკუმენიზმი, უფრო სწორედ ეკუმენური მოძრაობა, არ არის ერთიანი მოძღვრება... შამბეზის კომუნიკესადმი ჩვენი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია... ცნობა იმის შესახებ, რომ 1993 წელს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა, მიტროპოლიტმა დავითმა, მონაწილეობა მიიღო ამ ხელშეკრულების მიღებაში, არ შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იმიტომ, რომ ის 1992 წელს გარდაიცვალა... მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების ერთობლივი ზიარება ყოვლად დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია მართლმადიდებელთა და სხვა კონფესიათა წარმომადგენლების ერთობლივი შეკრება ლოცვისთვის, რომელიც ერთობლივ აღმსარებლობას გულისხმობს... სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ვერ შეურიგდება იმას, რომ საქართველოს ეკლესიის თუნდაც ერთ მოქმედ მონასტერში არ შესრულდეს წირვა-ლოცვა პატრიარქის მიერ დანიშნული სასულიერო პირის მიერ... ეკლესიაში ეპისკოპოსისადმი (მითუმეტეს პატრიარქისადმი) ბრალდების წაყენება გარკვეული წესის დაცვას მოითხოვს... ბოლო დროს პრესის საშუალებით გახშირდა ბერების ღია წერილები, შეკითხვები და მიმართვები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის მიმართ... ურთიერთობის ასეთი ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია... სადავო და სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით საქართველოს საპატრიარქოში გამოიყო სპეციალური ჯგუფი... ჯგუფის მხელმძღვანელია პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი“ („საქ.რესპ.“ 8 აგვისტო, 1997). GK

    საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება: „სადავო და სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოში გამოიყო სპეციალური ჯგუფი... ჯგუფის ხელმძღვანელია პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. თუ განდგომილ ბერებს მართლაც აინტერესებთ, ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება მათთვის საინტერესო საკითხებზე, ვიწვევთ მათ ამ სპეციალურ ჯგუფთან შეხვედრაზე საპატრიარქოში“ („საქ.რესპ.“ 9 აგვისტო, 1997). GK

    1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთში საქართველოს მხრიდან ბრძოლებში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 6700 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 3365 კაცი დაიღუპა. აფხაზური პრესის მონაცემებით, ამავე პერიოდში დაიღუპა აფხაზთა შეიარაღებულ ფორმირებაში მებრძოლი სხვადასხვა ეროვნების დაახლოებით 5000 კაცი... აფხაზეთში ომის დროს დაიღუპა, წინასწარი მონაცემებით, ქართველი ეროვნების 7000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები, ეს ქართული მხარის მონაცემებია. აფხაზი ეროვნების დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა შესახებ ცნობები არ გამოქვეყნებულა... აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა ქართული ეროვნების დაახლოებით ათასი მოქალაქე, აფხაზთა მხრიდან (აფხაზური წყაროების მონაცემებით) − დაახლოებით 120 კაცი... აფხაზეთის ომის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ცამეტი ჟურნალისტი, რომელთაგან რვა ქართველი, სამი აფხაზი და ორი რუსი იყო („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 1997).GK

    ბეთანიის მონასტერი (მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანგია, ბერები და მორჩილები): „ჩვენი სარწმუნოებრივი პოზიცია ცნობილ საკითხთან დაკავშირებით ცხადი და გარკვეულია... ვფიქრობთ, რომ დასმული საკითხები იმდენად ცხადია, რომ დიდი ხნის მსჯელობა მათ არ სჭირდება. ვგონებთ, რომ ეს მსჯელობა ერთ კვირაზე მეტს არ გასტანს. გთხოვთ, გვაცნობოთ კომისიის მუშაობის შედეგები... თუ ჩვენი სარწმუნოებრივი პოზიცია თქვენთვის მისაღებია, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა საეკლესიო კრებაში, რომლის ფუნქცია უნდა იყოს − მოიყვანოს საეკლესიო ცხოვრება მართლმადიდებლურ სწავლებასთან შესაბამისობაში. ვფიქრობთ, კრებისთვის მზადებამ დიდი დრო არ უნდა წაიღოს...
    1. ეკუმენისტურ ე.წ. „განშტოებათა თეორიას“, რომელიც მიიჩნევს, რომ ქრისტეს ეკლესია განხეთქილებაში მყოფი განშტოებების (სქიზმების) სახით არსებობს - ანათემა! ანათემა აგრეთვე მათაც, რომლებიც ქადაგებენ ამ სწავლებას, იზიარებენ, იწყნარებენ მას და ინდიფერენტულად არიან მისდამი განწყობილი...
    2. მწვალებელთა საკრებულოს − „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ − კონსტიტუციის დოგმატურ ბაზისს, რომელიც ამბობს: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ უარყოფს მთლიანად საღმრთო გარდმოცემას და ამასთან მწვალებელთა საკრებულოებს ღვთის მადიდებელ ეკლესიებად მიიჩნევს, ხოლო მათ ერეტიკულ სწავლებებს კი საღმრთო წერილზე დაფუძნებულად − ანათემა!..
    3. ეკუმენისტურ სწავლებას, რომელიც მწვალებელთა საკრებულოებს მადლმოსილად და უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობის მქონედ მიიჩნევს და რომელიც დასაშვებად თვლის მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა „ეკლესიათა ერთობას („ჟ მ პ“ 1961 № 2 გვ.69) სარწმუნოებრივი ერთობის გარეშე (ან ე. წ. „მინიმალურ დოგმატურ ბაზისებზე“ გაერთიანებით) − ანათემა!..
    4. „მართლმადიდებელთა“ და მონოფიზიტთა შორის „საღვთისმეტყველო“ დიალოგის შედეგად მიღებულ დოკუმენტებს (შამბეზი. 1990, 1993 წელი), რომელთა მიერ მონოფიზიტები მართლმადიდებლებადაა აღიარებული, ხოლო მათი მწვალებლობა − ქრისტოლოგიური ერესი − მართლმადიდებლურ დოქტრინად − ანათემა!..
    5. ე.წ. ბალამანდის უნიას (1993 წ), რომელიც პაპისტურ საკრებულოს მართლმადიდებელი ეკლესიის და-ეკლესიად აცხადებს, მიიჩნევს რა მას მადლმოსილად და უწვეტი სამოციქულო მემკვიდრეობის მქონედ, ხოლო მის „საიდუმლოებებს“ − ჭეშმარიტ საიდუმლოებებად, და კრძალავს მართლმადიდებლურ პროზელიტიზმს (ანუ პაპისტური საკრებულოდან მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლას სულის საცხონებლად) − ანათემა!..
    6. მათ, რომელთაც უკანონოდ „მოუხსნეს“ პაპისტთა საკრებულოს 1054 წლის ანათემა, პაპიზმი მწვალებლობად არ მიაჩნიათ და დასაშვებად თვლიან ლათინ-ერეტიკოსებთან ეკლესიურ ერთობას − ანათემა!..
    7. ანტიოქსიის „მართლმადიდებელი“ ეკლესია სრულ საეკლესიო ერთობაში შევიდა სირიელ მონოფიზიტებთან − იაკობიტებთან, − ანათემა! ანათემა მათაც, რომელთაც მონოფიზიტები მწვალებლებად არ მიაჩნიათ!..
    8. ანათემა ე.წ. ახალ სტილს, რომელიც შედეგია მართლმადიდებელ ეკლესიაში გრიგორიანული კალენდრისა და პასქალიის დამკვიდრებისა და წარმოადგენს დოგმატურ-ეკლესიოლოგიურ ერესს... შეუძლებელია ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთსა და იმავე დღეს ერთგან მარხვა იყოს, ხოლო მეორეგან შობა იდღესასწაულებოდეს, ან აღდგომა...
    9. ანათემა აგრეთვე მათაც, რომელნიც გულგრილად არიან განწყობილნი ეკლესიიდან განკვეთილ მეახალსტილეებისადმი და არ სურთ განეშორონ მათთან საეკლესიო ერთობას. დაე, ისმინონ მათ კონსტანტინეპოლის უწმინდესი პატრიარქის კირილე V-ის მიერ მეახალსტილეთა მიმართ წამოთქმული ანათემის სიტყვები (პატრიარქ კირილე V-ის სიგილიონი − 1756 წელი)...
    10. მწვალებლურ-მკრეხელურ ეკუმენისტურ „ლიტურგიებს“, რომლებშიც „მართლმადიდებლებიც“ მონაწილეობენ, აგრეთვე მათ, რომლებიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს აძლევენ მწვალებლებს ან მათგან ღებულობენ მტყუარ „ზიარებას“ − ანათემა!..
    11. წარმართებთან, შამანებთან, ჯადოქრებთან, ქურუმებთან და მაგებთან თანამლოცველებს − ანათემა!.. ანათემა მათ, რომლებიც აგდებულად ეპყრობიან მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-ეკლესიოლოგიურ და კანონიკურ სწავლებებს!“ („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 1997).GK

    ბეთანიის მონასტრის ძმობა (წერილი საპატრიარქოს პრესცენტრს): „თქვენ ამბობთ, რომ ურთიერთობების ჩვენს მიერ არჩეული, ხმამაღლა გაცხადებული ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია... ყოველი მართლმადიდებელი მოვალეა − „ხმითა მაღლითა აღიარებდეს საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისა“... პრესცენტრმა დაგვწამა ცილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. შეიქმნა იმგვარი სიტუაცია, რომ ჩვენ რელიგიურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ხოლო საპატრიარქოს პრესცენტრი კი რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებს ხლართავდა ჩვენს წინააღმდეგ... რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, მისი წარმართვისთვის წერილობითი მიმოწერა სავსებით დასაშვებ და მისაღებ ფორმად მიგვაჩნია... აუცილებელია, რომ პატრიარქმა და სინოდმა შეაჩვენონ მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მიერ ანათემატიზირებული სწავლებები, ყოველნი მწვალებლობანი და მწვალებლები, და ანათემას გადასცენ ეკუმენისტური მწვალებლობა მისი ყოველი ერეტიკული სწავლებითურთ, აგრეთვე, ის ერთობლივი დოკუმენტები, რომლებიც ეკუმენისტებმა მიიღეს „საღვთისმეტყველო“ დიალოგის შედეგად... „ე.მ.ს.“-ში შემავალი საკრებულოები გაერთიანებული არიან „ე.მ.ს.“-ს კონსტიტუციის დოგმატური ბაზისის საფუძველზე, რომელიც აშკარად ერეტიკული ხასიათისაა... საქართველოს ეკლესიის იერარქიები მოვალენი არიან, შეაჩვენონ ე.წ. „განშტოებათა თეორია“, ამ თეორიიდან გამომდინარე, ზემოთაღნიშნული ბაზისი და ამ ბაზისის საფუძველზე შეკოწიწებული მწვალებელთა საკრებულო - „ე.მ.ს.“... შამბეზის დოკუმენტს ხელი მოაწერა მიტროპოლიტმა დავითმა (ჭკადუამ), და იგი ამის გამო არ დასჯილა... არც ეს მწვალებლური დოკუმენტი შეუჩვენებია პატრიარქს, რომელიც მონოფიზიტებს მართლმადიდებლად აცხადებს... ბალამანდის უნიის შეთანხმება პაპისტთა საკრებულოს მადლმოსილად და მართლმადიდებელი ეკლესიის და - ეკლესიად მიიჩნევს... ბალამანდის უნიის წინა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ეპისკოპოსი ნიკოლოზი, ეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა), ეპისკოპოსი ზოსიმე და ბორის გაგუა... კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს I აშკარად ლოცულობს პაპისტებთან და სხვა მწვალებლებთან, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია... გრიგორიანული პასქალია და კალენდარი დაგმეს და შეაჩვენეს კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა კრებებმა... 1756 წელს მეახალსტილენი შეაჩვენა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კირილე V-მ... ჩვენ ვინანიებთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში თანაზიარნი ვიყავით ეკუმენისტური მწვალებლობისა და ხმას არ ვიმაღლებდით. თქვენ?.. სასწრაფოდ გთხოვთ საეკლესიო კრების მოწვევას“ („კავკასიონი“, 16 აგვისტო, 1997).GK

    სოზარ სუბელიანი: „ის ბეთანიელი ბერები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მოითხოვენ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტას, არქიმანდრიტმა ლაზარემ აღკვეცა ბერად... ბეთანიის ყოფილი წინამძღვარი ლაზარე (აბაშიძე) კიცხავს განდგომილს ბერებს და ააშკარავებს მათ ფარულ მიზნებს... ლაზარემ ახლახან გამოსცა ბროშურა - „ნუთუ ეკუმენიზმი თიშავს ეკლესიას?“ რომელშიც მკაცრად დაგმო და ამხილა განდგომილები... არქიმანდრიტი ლაზარე ამბობს: „ამ ადამიანებს ეშინიათ იმის თქმა, რომ ჩვენს ეკლესიაში უკვე აღარ არის მადლი , რადგან მაშინ ჩვენ მათ ვკითხავთ − როდიდან?..“ არქიმანდრიტი ამხელს განდგომილებს, რომ „მათი საქციელი დიდი ხნის წინ მოფიქრებული აქციაა... საქართველოს ეკლესია ცოცხალია და სული წმინდა მიუძღვის წინ... ამ ხალხმა დაკარგა შიში ეკლესიის საიდუმლოებების წინაშე... ჩვენი ბერები სწორედ იმიტომ შეცდნენ, რომ რჩევა არავის ჰკითხეს. შეცდომის მიზეზი კი სწორედ სულიერი იზოლაციაა... მათ ზუსტად ჰქონდათ გათვლილი, რომ პატრიარქი მათ დასჯიდა, სინოდი კი ემს-ში დარჩენას გადაწყვეტდა, რაც ხალხის აღშფოთებას გამოიწვევდა და განდგომილებს მრავალნი გაჰყვებოდნენ... ჩვენ ხომ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ განხეთქილება, რომელიც დღეს აქ იწყება, მარადისობაში გაგრძელდება...“ თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ სინოდი ემს-დან გამოსვლას გადაწყვეტდა, მომდევნო მოთხოვნა − სხვა ეკლესიებთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა წინასწარ იყო განზრახული.. მათ მტკიცედ და კადნიერად ჰქონდათ გამოყოფა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ ეს... მიზნის მისაღწევად ისინი მორწმუნეთა იაფ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობენ, თითქოს, მათი ბრძოლის შედეგად საქართველოში აღმოცენდება წმინდა სარწმუნოება... ისინი ვერ ამჩნევენ, რომ „გაბრწყინებული მართლმადიდებლობის“ მშენებლობისას ისინი იმავე ადგილას აპირებენ მათივე დედის − საქართველოს ეკლესიის დამარხვას“ („კავკასიონი“, 16 აგვისტო, 1997).GK

    სომხეთის მესნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ცენტრის ექსპედიციამ სამხრეთის მთებში, სევანის ტბის სანაპიროზე აღმოაჩინა საკმაოდ იშვიათი და საინტერესო სახეობის ხვლიკები. ისინი იმით გამოირჩევიან, რომ მათ შორის არ არის მამლები. მხოლოდ დედლები არიან, რომლებიც გაუნაყოფიერებელი, მაგრამ განვითარების უნარიან კვერცხებს დებენ („საქ.რესპ.“ 17 აგვისტო, 1997).GK

    თამარ ოთიაშვილი: „1997 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო − მომავალ თაობას“ საპატიო თავმჯდომარედ გიორგი გამსახურდია ჰყავს არჩეული... ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახის შეურაცხყოფა არავის ეპატიება და არც არავის აპატიებს მომავალი თაობა. ფაქტობრივმა ხელისუფლებამ უნდა აკმაროს ამდენი ტანჯვა-წამება პრეზიდენტის ოჯახს და საქართველოში მშვიდად ცხოვრების უფლება მისცეს... ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, თავის თავზე აიღებს ასეთ მისიას“ („ახალგაზრდა ივერიელი“ 18-24 აგვისტო, 1997).GK

    ედუარდ შევარდნაძე: „ძნელად ასახსნელია, ცალკეულ საეკლესიო პირთა მცდელობა, განხეთქილება შეიტანონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში... სახელმწიფო არ შეიძლება გულგრილი მეთვალყურე იყოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევის მცდელობისას. მთელი ხალხი, მორწმუნენიც და არამორწმუნენიც, რომლებსაც პატრიოტული სულისკვეთება ასაზრდოებთ და ამოძრავებთ, მხარში უნდა ამოუდგნენ საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს“ („საქ.რესპ.“ 19 აგვისტო, 1997).GK

    ალეკო ასლანიშილი: „ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტი მისი პრეზიდენტიც არის, ვინც ის აირჩია და მისიც, ვინც არ აირჩია, რადგან იგი ქვეყნის სიმბოლოა − ქვეყნისა და ერის სახელით მოლაპარაკე და მოქმედი... ჩვენ ჯერ ვერ ვისწავლეთ, ვერ შევიგნეთ ეს... ეს ჩვენი ტრაგედიაა. ამის გამო იყო, რომ გავაძევეთ პირველი პრეზიდენტი და სათავე დავუდეთ პრეზიდენტს − ერის მიერ არჩეულ პირველ კაცს შეიძლება გაუბედო და მოექცე ისე, როგორც მოგეგუნებება, როგორც შენს თანაბარს“ („საქ.რესპ.“ 19 აგვისტო, 1997).GK

    ედიშერ ჭელიძე: „საუფლო სამოსელის დამარხვის ზუსტი ადგილი ვერ მოიძია თვით წმინდა ნინომაც კი... ეკლესიამ მრავალი მგზნებარე ფსევდომართლმადიდებელი იცის, რომლებსაც ვერ უშველა შეურიგებელი ფსევდოდოგმატიკოსის ნიღაბმა და მათი თხზულებები სათანადოდ იქნება მხილებული... ვისაც საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი სიწმინდე გაუცნობიერებია, განხეთქილებისაკენ ასე ხელაღებით არ უნდა დგამდეს რადიკალურ ნაბიჯებს, პირიქით ურთიერთსმენისკენ უნდა ჰქონდეს მიპყრობილი გულისყური და აბსოლუტური უცთომელობისა და ფსევდოაღმსარებლობითი ხიბლისგან განუზღუდავდეს თავს. ასე დაძლია თავის დროზე წმინდა დიონისე დიდმა ქილიაზმის ცთომილება, ურთიერთნდობის მიღწევით თანაშეაერთა რა განყოფილი მრევლი, ასე დაძლეულა ყოველი უთანხმოება ეკლესიის ისტორიის ყოველ ეპოქაში, ასე შენარჩუნებულა მარადჟამს საქართველოს ეკლესიის ერთიანობა, ასევე შეგფერით და მემკვიდრეობით ვალად გაქვთ თქვენც, − ღირსეულნო იერარქნო, სამღვდელონო და ბერ-მონაზონნო, − მხოლოდ სიყვარულისმიერი და გულშემატკივრული ურთიერთნდობით, მშვიდი განსჯითა და თანამოღვაწეობით, ყველა ჩვენთაგანის ძმური და მამაშვილური კურნებით, რადგან უადვილესია სხვათა განქიქება, მაგრამ უძნელესია საკუთარ ცთომათა შეცნობა−აღიარება“ („საქ.რესპ.“ 19 აგვისტო, 1997).GK

    ედიშერ ჭელიძე: „ანტიეკუმენური პოზიცია საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც მრავალი მართლმადიდებლის მიერ არის არგუმენტირებული. უარყოფითი საღვთისმსახურო ( და სამოძღვროც, თუმცა ამ უკანასკნელ მხარეს ბევრი არ უსვამს ხაზს) თვისება ეკუმენიზმისა ცხადყოფილია წერილობითი დოკუმენტაციებითაც და თვალსაჩინოებითი მასალითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება თვით სახელწოდებიდანაც საცნაურია. შესაბამისად, სჯულისკანონის დარღვევის საწინააღმდეგო და მართლმადიდებლური უბიწოების დამცველი ქმედება ესაა იგივე საეკლესიო მოღვაწეობა, რაც, თუკი წრფელია, უთუოდ მადლისმიერი ნაყოფით დაგვირგვინდება. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, აღნიშნულმა მოღვაწეობამ ბოლო წლებში ჩვენთან არაწრფელი, თვითმიზნური ხასიათი მიირო, უბიწო მიზანდასახულობას შეერია უმეცრებითი ფანატიზმი ამპარტავნება და თავის გამოჩენის სურვილი, რაც, ჩვენი რწმენით (და საეკლესიო ისტორიაზე თვალისგადევნებით) უთუოდ წარხოცავს იმასაც, რაც მიღწეულია. მიზეზი ამგვარი უკუღმართობისა ერთადერთია. მიგვაჩნია, რომ დავიწყებული იქნა ყოველგვარი სასიკეთო მოქმედების საფუძველი, უფლის სიტყვები: „რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?..“ ვიდრე თვით ჩვენ არ განგვიშორებია ერესის ბიწი, სხვის მაკურნებლად ვერ გამოვჩნდებით... ყველგან ყველაფერში ილანდება ერესი მხოლოდ მაშინ, თუ საქმე საქართველოს ეკლესიის იერარქიას ეხება, მაგრამ თვით მათ გარშემო (უფრო კი თვით მათშივე) გაცილებით მძიმე ცთომას ვერ ამჩნევენ. ეს მდგომარეობა გულწრფელ ქრისტიანებს მათდამი ნდობას უკარგავს... თუ რომელიმე უკეთურების მოწინააღმდეგე თვით არ განწმენდილა უკეთურებისაგან, შეიძლება სხვას ერთი სენი განაშოროს, მაგრამ მეორე, გაცილებით მძიმე შეჰყაროს... 1995 წელს გამოიცა ჩვენი ბროშურა: „ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ“, რომელშიც განვიხილავდით ზ. და გ. აროშვილებისა და ვ. ბურკაძის კარგად ცნობილ გამოცემას „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, რაც, ცნობილია, რომ სამაგიდო წიგნია ანტიეკუმენისტებისათვის... მოველოდით, რომ ჩვენი კრიტიკის უშუალო ობიექტები და აღნიშნულ გამოცემასთან (აგრეთვე, მის გავრცელებასთან) დაკავშირებული სასულიერო პირები გულწრფელად დაგმობდნენ მხილებულ უმძიმეს ცთომილებებს, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ზემომითითებული ბროშურა გამოიცა და მას სრული დუმილით შეხვდა ყველა, ვინც მეტნაკლებად პასუხს აგებს აღნიშნულ ცთომილებებზე (გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი და ისიც ჩვენდამი მკვეთრად უარყოფითი სტატია). მეტიც, ჩვენი კრიტიკის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ადრესატები, აურაცხელი დოგმატიური ცთომილებით დასნეულებულნი, მოგვევლინნენ სწორედ დოგმატიზმისა და კანონიკის მგზნებარე დამცველებად. რამდენადაც ჩვენს მიერ წარმოჩენილი დარღვევები კრიტიკის არცერთ ობიექტს არ უღიარებია, შესაბამისად აღნიშნულ დარღვევებს ამჟამად, ერთი წლის შემდეგ, ცხადია მივიჩნევთ არა უმეცრულ, არამედ განზრახულ შეგნებულ ცთომილებებად, რაც სხვა არაფერია, თუ არა ერესი ანუ მწვალებლობა. ზემოთქმულის შემდეგ ჩვენთვის ყურადღებამისაქცევია პრესაში გამოთქმული შემდეგი განცხადება: „განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემის პირველი ტომი ჩვენთვისაც სასიკეთო წამოწყება ჩანდა, მაგრამ მეორე ტომის გაცნობის შემდეგ მომდევნო ტომებთან შეხება აღარ გვქონია“... მამა იოანეს, საქართველოს ეკლესიის იერარქთა მთავარ მბრალდებელს, პიროვნულად პატივს ვცემთ, მაგრამ როგორ შევათავსოთ მის ანტიერეტიკულ მოღვაწეობასთან ის ფაქტი, რომ სწორედ მისი მოღვაწეობით აკურთხა შიომღვიმის მონასტერმა ერეტიკული სწავლებებით ქართველი ერის დამასნეულებელი გამოცემა „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა?..“ გვინდა მკითხველის ყურადღება მივაპყროთ იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რითაც შიომღვიმისა და მასთან თანაზიარი მონასტრები ხელმძღვანელობენ ეკუმენიზმის დაგმობისას: 1. „მწვალებელი არს, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან“; 2. „არა მარტო მწვალებლებს... მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში...“ გვჯერა რა, მამა იოანეს პიროვნული პატიოსნებისა, ვთხოვთ სწორედ მას, პასუხი გასცეს იმ შეკითხვებზე, რასაც ქვემოთ წარმოვადგენთ (თუმცა თითქმის დარწმუნებული ვართ , რომ ჩვენს მიერ დასმული შეკითხვები უთუოდ გამოიწვევს დემაგოგიურ, ფსევდომართლმადიდებლური განცოფებით აღვსილ პასუხებს მავანთა და მავანთა მხრიდან): 1. თვლით თუ არა მართლმადიდებლობიდან არათუ „მცირე“, არამედ მთლიან „მიდრეკად“ ცრუ სწავლებას ყოვლადწმინდა სამების „შემადგენლობის“ შესახებ? ჩვენის მხრივ, შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია წმ. გრიგოლ ნოსელის პირით გვმოძღვრავს: „არავინ მოიგონოს შედგენილობა შეუდგენელი ბუნებისა“... 2. თვლით თუ არა პირწავადნილ არიანელობად და მართლმადიდებლობისგან სრულ „მიდრეკად“ სწავლებას ძე ღმერთის მამისაგან „აღმოცენების“ შესახებ?.. 3. თვლით თუ არა პირწავარდნილ მაკედონიანურ ერესად და მართლმადიდებლობისგან მთლიან გადახვევად სწავლებას სულიწმინდის მამისაგან „აღმოცენებულობის ანუ შექმნილობის შესახებ?... 4. თვლით თუ არა ტრითეიზმის ანუ სამღმერთიანობის უმძიმეს მწვალებლობად თქვენგან დალოცვილი გამოცემის სწავლებას იმის შესახებ, რომ ყოვლადწმინდა სამება ერთარსება კი არ არის, არამედ რომ − ძეს აქვს ცალკე არსება, რომელსაც თურმე მსჭვალავს სულიწმინდა, რომ სამების პირთ თავთავისი არსება აქვთ, რომ სულიწმინდა არის არსება?.. 5. შეგახსენებთ მართლმადიდებლობის არსს: განმტკიცებული ღმერთი, იესო ქრისტე არის ერთი პირი, რომელსაც აქვს ორი არსება ანუ ორი ბუნება... მონოფიზიტობა აღიარებს, რომ მაცხოვარს აქვს ერთი (და არა ორი) არსება ანუ ბუნება... როგორ ფიქრობთ, ექვემდებარებიან თუ არა ამ ზემონოფიზიტური სწავლების დამწერნი, დამბეჭდავნი და მაკურთხეველნი წმ. ამბროსი მედიოლანელის განჩინებას: „ვინც არ აღიარებს, რომ... ქრისტეს აქვს ორი შეურეველი არსება, პირი კი ერთი... მათ ანათემას უცხადებს ეკლესია“... 6. თვლით თუ არა პირწავარდნილ აპოლინარიზმად და მართლმადიდებლობისაგან აბსოლუტურ „მიდრეკად“ ცრუსწავლებას ქრისტეს „ერთი ორნაწილედი არსების“ შესახებ?.. 7. თვლით თუ არა უდიდესზე უდიდეს შეცდომად მამის, ძისა და სულიწმინდის შერაცხვას არა საკუთრივ ღმერთად, არამედ ღმერთის მაქებლებად და მადიდებლებად, ე.ი. ღმერთის მსახურებად, მსგავსად ანგელოზებისა?.. 8. მიგაჩნიათ თუ არა პატრიპასიანიზმის ერესად მოძღვრება ღმრთაების განკაცების შესახებ?.. 9. მიგაჩნიათ თუ არა უმძიმესზე უმძიმეს ეკლესიოლოგიურ ცთომილებად ეკლესიის არა გადატანითი, არამედ პირდაპირი და არაორაზროვანი გაიგივება მაცხოვართან, ანუ ეკლესიის წოდება (პირდაპირი მნიშვნელობით) ღმერთკაცად, ე.ი. განკაცებულ ღმერთად, რომელიც იშვა ყოვლადწმინდა მარიამისგან და რომელიც თურმე „იზრდება“?.. კვლავ გვებადება შეკითხვები, რომლებიც, ვფიქრობთ, უპასუხოდ დაგვრჩება. მივმართავთ მამა იოანეს, მთლიანად შიომღვიმის მონასტერს და მათთან თანაზიარ პირს: 1. თვლით თუ არა, რომ ზემოთაღნიშნული მწვალებლობანი ყოვლად უპირობოდ დასაგმობია?.. 2. თვლით თუ არა უმძიმეს ცთომილებად წმინდა მამის შრომაში მთარგმნელი გამომცემელთა და მაკურთხეველთა მიერ ერეტიკული სწავლებების ჩართვას და მკითხველისადმი იმავე წმინდანის სახელით მათ მიწოდებას?.. 3. თვლით თუ არა, რომ ამ მწვალებლობათა დამლოცველ-მაკურთხეველნი უმძიმესზე უმძიმეს ცოდვაში არიან?.. 4. თვლით თუ არა, რომ ვინც ამ მწვალებლობათა შემოქმედთ ფსევდომართლმადიდებლური განცოფებით და მწვალებლური ენამტკივნეულობით კბილაბამდე იცავს, წერილობით თუ სიტყვიერად, მათზე მეტად მძვინვარე ერეტიკოსია? ... 5. თვლით თუ არა, რომ ბეჭდვითი ორგანო, რომელიც თავის წიაღში რაცხს ზემორე ერესთა ავტორთ, უთუოდ ერეტიკული განცოფებითაა სნეული? თვლით თუ არა, რომ თქვენგანვე ციტირებული სიტყვების თანახმად, „გველი თავის სამფლობელოში მიითვალავს არა მარტო მწვალებლობას, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში“? თუ ამ სიტყვებისა მართლა გჯერათ, რა ხვედრს არგუნებთ საკუთარ თავს, ხართ რა ზემორე მწვალებლობათა ავტორებთან და, შესაბამისად, ზემორე მწვალებლობებთან აბსოლუტურად თანაზიარნი?“ („საქ.რესპ.“ 19 აგვისტო, 1997).GK

    „იბერია“ იტყობინება, რომ მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტმა, ეროვნებით ჩეჩენმა იუსუფ სოსლანბეკოვმა მოუწოდა საქართველოს, ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ დადოს მასთან კონფედერაციული ხელშეკრულება“ („საქ.რესპ.“ 21 აგვისტო, 1997).GK

    საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი: „საეკლესიო საკითხებში უხეშად ერევიან... ბეთანიის, ზარზმის და ქვათახევის მონასტრების წინამძღვრად დანიშნული არქიმანდრიტი იოაკიმე რამდენჯერმე ეცადა შესულიყო აღნიშნულ მონასტრებში, რათა აღესრულებინა თავისი მოვალეობა − მონასტრული ცხოვრების მოწყობა და წირვა-ლოცვის ჩატარება. მაგრამ იქ მყოფმა ბერებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა“ („საქ.რესპ.“ 21 აგვისტო, 1997).GK

    მამა როსტომი: „თავისი ფუნქციით, თავისი დანიშნულებით, პოლიტიკითა და მიზნით, ქართული ეკლესია დღეს არ არსებობს... მე ვარ კაცი რომელიც ეძებს ქრისტეს, ამ ძიების შედეგად გავხდი სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანი... ეკლესია დაშლილი რომ იყოს, ამისთვის უნდა არსებობდეს. საქართველოს ეკლესია არ არსებობს... მე ერთი ათი წელია, რაც ლოცვისას პატრიარქს არ ვიხსენიებ... საქართველოს ეკლესია იყო მკვდარი. 3 მიტროპოლიტიდან ერთი რუსი იყო, ორი ქართველი 90 წელს გადაცილებული. მოვიდა ახალი პატრიარქი, რომელსაც არა ჰყავდა გუნდი. გუნდში შევედით ჩვენ. პირველი ვიყავი მე, ვინც ანაფორა ჩაიცვა ახალი თაობიდან. ჩვენ ვიცოდით ყველა ის უმძიმესი ნაკლოვანებები, რომელიც ჰქონდა პატრიარქს, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ რადგან ახალი ეპოქა მოდის, პატრიარქი შესძლებდა მძიმე ტვირთის ზიდვას, მაშინ სხვა ვარიანტი არ იყო, უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ბედნიერი დღე (?!), როცა საქართველოს ეკლესია გრიალებდა. უნდა გითხრათ, რომ ეროვნული მოძრაობა ეკლესიაში დაიწყო, ახლა ვიღაც-ვიღაცეები იბრალებენ ამას და... მე ვიყავი პატრიარქის პირადი რეფერენტი. თამაში მიგვყავდა მე და ზურიკო ჭავჭავაძეს... 1943 წელს, როცა სტალინმა საპატრიარქოები შექმნა, მას სჭირდებოდა ფორმალური ეკლესია. დამპყრობელისა და იმპერიის ამოცანას ერისათვის უმაღლესი ზნეობრივი კრიტერიუმების ჩაკვლა შეადგენდა. ამისთვის ეკლესიის სათავეში უნდა ყოფილიყო ცოდვიანი კაცი... ზვიად გამსახურდია არის ერთი პატიოსანი ჯარისკაცი საქართველოსი... 9 აპრილს როდესაც „ბეტეერები“ წამოვიდნენ, სამღვდელოება უნდა ჩამდგარიყო შუაში... რუსს რომ სცოდნოდა, რომ პატრიარქი დაწვებოდა „ბეტეერის“ ქვეშ, არაფერი არ მოხდებოდა... კათალიკოსს ამისთვის არაფერი არ გაუკეთებია. სხვათაშორის, არც ედარდება. მთელი 20 წლის მანძილზე პატრიარქს ერთან კონტაქტის რაიმე ცდა არ ჰქონია... 1991 წლის 22 დეკემბერს, როცა რუსთაველზე სროლა ატყდა მე უზენაესი საბჭოს შენობაში ვიყავი...როგორც კი სროლა ატყდა, წამოვედი შენობიდან... მეუფე ამბროსის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ისე მასთან ნორმალური დამოკიდებულება მქონდა... კათალიკოსის გადადგომა ტრაგედია არ არის... კათალიკოსის სურათი როცა შავი ხაზებით იხაზება, ეს იმას ნიშნავს, რომ კათალიკოსმა ომი წააგო... არც შევარდნაძის მომხრეები არიან კათალიკოსის მომხრეები, მაგრამ ისინი იკავებენ თავს, რადგან ჰგონიათ, რომ შევარდნაძეს, ბატონ ედუარდს კარგი ურთიერთობა აქვს კათალიკოსთან. მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ბატონმა შევარდნაძემ არაფერი არ იცის რელიგიისა. არაფერი არ იცის არც თეოლოგიური და არაპოლიტიკური სიღრმეებისა, რაც ქართულ ეკლესიას ახლავს. მას სჭირდება პოლიტიკური ატრიბუტი, რომელსაც ათამაშებს და ჩემი თავკაცი ყაბულს არის... არ არსებობს ქართული ეკლესია და თქვენ მიჩიჩინებთ, რომ გინდა თუ არა არსებობსო. თქვენ ყველანი გადაიქცევით მდიდარ და ღარიბ გოჭებად, რადგან არ იარსებებს ზნეობა,ოცნება სამშობლოზე, არ იქნება ფრთები. წარმოგიდგენიათ რა მოხდება?.. განდგომილი ბერები არიან მართალი კაცები... ქართულმა ეკლესიამ, სინოდმა და თუ გნებავთ პატრიარქმა არ იცის მართლმადიდებლობა... პატრიარქმა არ იცის რატომ გვაცვია ანაფორა. ეს არის სიკვდილი, ეს არის კუბო. ამას ვიცვამ იმიტომ, რომ მუდმივად მახსოვდეს რა არის სიკვდილი, ანუ მუდმივად მახსოვდეს ის, რომ ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის სხვას... რად სჭირდება ყველა იმ მონაცემის მქონე კაცი შევარდნაძეს ეკლესიის სათავეში. ჩვენ ხომ ყველაფერი შთაბეჭდილების შესაქმნელად გვჭირდება? ვიძახით, რომ 1700 წლის ეკლესია გვაქვს. არაფერი თქვენ არა გაქვთ ქართველებო. ქართულ საზოგადოებას ჰგონია, რომ მხოლოდ ზემოთდასახელებული ბერები განუდგნენ პატრიარქს, სინამდვილეში ბევრი უფრო ტაქტიანად მოიქცა, მაგალითად ჩემისთანები და არ გამოხატეს თავის პოზიცია. იქნებ ერთხელ პატრიარქმაც ინებოს ომი და ჯარისკაცები დავჭირდეთ... პატრიარქს სურს იყოს მხოლოდ ერთი და რაც უფრო დაბალი დონისაა „ქვედა ფონი“, მით უფრო დიდი იქნება მისი სილუეტი ცათა ქვეშე. გარდა ამისა, ასეთი ხალხი სრული მორჩილია, იმიტომ რომ ღარიბობიდან, შიმშილობიდან მოსული კაცი, როდესაც ეპისკოპოსის ხარისხში ავა, ის ხმას არ ამოიღებს... მამა ბასილი არის მშვენიერი ქართველი კაცი... თუ ვინმე ჭკვიანად არ იქნება, იმას მიიღებს, რასაც დასთესავს“ („დრო“, აგვისტო, 1997).GK

    დიტო ჩუბინიძე (გაზეთ „დროს“ ჟურნალისტი): „ზომიერების დაცვა და მით უფრო მისი საზღვრის დადგენა, ყველაზე რთულია ალბათ, ცხოვრებაში. ძნელია გამიჯნო, სად მთავრდება ცხოველური და იწყება ადამიანური და უფრო ძნელი, სად მთავრდება ადამინური და იწყება ღვთიური... იქნებ ამიტომაც, გვკიდია მკერდზე ჯვარი − სიმბოლო ღვთიური და მიწიერი ლტოლვისა. თუმცა, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავთ, რომლებსაც ნაკლებად გვაქვს პრეტენზია სამოთხეში მოხვედრაზე (ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცოდვებით დამძიმებული ცხოვრებისეული წესით სამწუხაროდ, ნაკლებად ვიმსახურებთ ამას) საქმე გაცილებით იოლად მიგვდის... რაც მამა როსტომმა გვიამბო ყურისთვისაც კი ძნელი მოსასმენია, ჩვენ ვერ განვსჯით ტყუილ-მართალს, სასულიერო პირთა კრიტიკა არაა მაინცდამაინც ჩვენი საქმე, არც ქრისტიანულია ალბათ, თუნდაც იმიტომ, რომ „ნუ განსჯი“... „ქვა მან ესროლოს, ვისაც, ცოდვა არა აქვს“ − წერია ახალ აღთქმაში... თუმცა ისიცაა, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს... ჩვენ თავს ვიკავებთ კომენტარისგან, ხოლო აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მათ შორის მამა როსტომსაც და თუ ჩვენ ცოდვას ჩავდივართ მოგვიტევოს უფალმა... ინტერვიუში კათალიკოსის მძიმე ცოდვებზეა საუბარი, მაგრამ არ არის მინიშნებული კონკრეტულად რაზე, თუმცაღა მამა როსტომი უწმინდესს ბრალს დებს მანკიერებაში, რომლებიც არათუ უმაღლესი სასულიერო, საერო პირისთვისაც კი აბსოლუტურად მიუტევებელია. და ჩვენც ვერ გავბედეთ მათი დაბეჭდვა... დაე, მამა როსტომმა ეს სხვა დროს და სხვა გაზეთში დააკონკრეტოს“ („დრო“, აგვისტო, 1997).GK